მთავარი,სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძის ლაივის შემდეგ ფიტნესკლუბი გამოძიების დაწყებაზე გააფრთხილეს

29.11.2020
ზურაბ ჯაფარიძის ლაივის შემდეგ ფიტნესკლუბი გამოძიების დაწყებაზე გააფრთხილეს

„შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები როცა მოვიდნენ დღეს, ზურაბ ჯაფარიძეს ფეისბუქლაივი უკვე დასრულებული ჰქონდა და დარბაზში ვარჯიშობდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „Reformerfitness-ის ხელმძღვანელი. მას ინსპექციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, რადგან ფიტნესკლუბი ისევ ფუნქციონირებს.

„ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა დღეს, 29 ნოემბერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ბათუმში ფიტნესკლუბ „Reformerfitness“ – ში, რომელიც გუშინ შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტმა დააჯარიმა. პანდემიის გამო ამოქმედებული სპეციალური შეზღუდვების შედეგად ფიტნესკლუბები დახურულია. ამ კლუბში კი მუშაობას აგრძელებენ და არც ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

„Reformerfitness“ – ი გუშინ, 28 ნოემბერს, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. აკრძალული საქმიანობის განმეორების შემთხვევაში კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

„გირჩის“ ლიდერმა ჩათვალა, რომ ფიტნესკლუბის დახურვის მოთხოვნა არალეგიტიმურია, რადგან „აქ ადამიანები ვარჯიშობენ, რომ გაიჯანსაღონ სხეული… შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და ივარჯიშოთ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქლაივის დროს, რომელიც მან ფიტნესკლუბში ჩართო.

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ კლუბში სალარო აპარატი აღარ იქნება და ამის გადამოწმება შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტს შეუძლია.

„ბათუმში მექნება სახლი, სადაც მექნება სავარჯიშო ინვენტარი… ვინც ბათუმში არის, ან ჩამოდის, შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ და ივარჯიშოთ,“ – დასძინა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება ამ შემთხვევაზე შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტს. უწყებაში დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: