მთავარი,სიახლეები

„ჩვენ მოგვისაჯეს საშიშ ზონაში ცხოვრება“ – ადამიანები ქვედა ჯოჭოდან

02.10.2020 • 2186
„ჩვენ მოგვისაჯეს საშიშ ზონაში ცხოვრება“ – ადამიანები ქვედა ჯოჭოდან

„ლევან თედორაძეც ითხოვდა დახმარებას, სახლი დაბზარული იყო და მესერიდან წყალი გამოდიოდა…“ – გეტყვიან ქვედა ჯოჭოში. ამ სოფლის და ლევან თედორაძის შესახებ ბოლო ორი დღეა ყველამ გაიგო – ქვედა ჯოჭოში მეწყერმა ლევან თედორაძის დ მაია ბერიძის სახლი მიწაში დამარხა. სახლში ლევან ცოლთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იყო. მეწყერმა ავტომანქანაც წაიღო, რომელშიც ორი კაცი იჯდა და ლევან თედორაძის სამეზობლოდან სავარაუდოდ სოფლის ცენტრისკენ მიდიოდნენ. ცხედრები მაშველებმა დღეს, 2 ოქტომბერს იპოვეს. 14 ბიჭის ცხედარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

მეწყერი ისე ჩამოწვა, რომ სახლის კედლებიც კი ვეღარ იპოვეს მაშველებმა. მეზობლები ყვებიან, რომ თავდაპირველად ძლიერმა წვიმამ ყველა შეაშინა, რადგან პატარ-პატარა მეწყერი სოფელს აქამდეც, დროდადრო ახსენებდა თავს.

„შემდეგ იყო ძლიერი ხმა. რომ გამოვიხედე, ლევანის და მაიას სახლი აღარ იდგა, შუქიც ყველგან  ჩაქრა, ისევ გადაუღებლად წვიმდა…“ – გვიყვება დაღუპული ოჯახის მეზობელი ლელა თედორაძე.

მეწყერი ქვედა ჯოჭოში

მეწყერმა გზაც წაიღო, რომელიც ლევან თედორაძის ოჯახს მეზობლებთან აკავშირებდა. ამ გზასთან მისვლამდე შემხვედრი ადამიანები ახლა განსაკუთრებული ემოციით და უფრო ბრაზით მოგიყვებიან, როგორ წერენ წერილს წერილზე და ითხოვენ მხოლოდ ერთს – უსაფრთხო ადგილას ცხოვრებას, ან იმ ადგილის გამაგრებას, სადაც ცხოვრობენ. ქვედა ჯოჭოელების თქმით, არაერთხელ  და წლების განმავლობაში მიმართეს ხელვაჩაურის მერიას, თუმცა არც ფერდსამაგრები მოუწყვიათ და არც უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი შეუთავაზებიათ ვინმესთვის.

ლელა თედორაძე: წადი მაშინ და წალკაში იცხოვრეთო 

„აქამდე არაფერს ვამბობდი, „ოცნებაო“, „ნაციონალებიო“, მაგრამ აღარ მინდა უკვე ამ ყველაფრის მოთმენა… გუშინაც წვიმა როცა დაიწყო, ვიფიქრე, რომ ამ ღამესაც ვერ დავიძინებ-მეთქი,“ – გვიყვება ქვედა ჯოჭოში მცხოვრები ლელა თედორაძე და თავისი სახლის ჭიშკრებიდან მესრისკენ მიგვითითებს.

„აქედან მეწყერი 6 წლის წინ ჩამოწვა, იმდენი მიწა იყო, ძლივს ავწიეთ… მერე გეოლოგებმა შეისწავლეს და გვითხრეს, აქ ცხოვრება საშიშიაო, მაგრამ არაფერი, მოგვისაჯეს ასე, საშიშ ზონაში ცხოვრება. გამგეობაში მითხრეს, მაშინ წადით და წალკაში იცხოვრეთო. წალკაში როგორ წავიდე, აქ ვარ, ბათუმთან ახლოს?

გაწვიმება გვაშინებს. მე საერთოდ ვერ ვიძინებ. ამ სოფელში თითქმის ყველა მეორე ოჯახს განცხადება აქვს დაწერილი – ზოგი გასახლებას ითხოვს, შესწავლას, ან ფერდსამაგრს, მაგრამ არაფერი, არაფერი არ იცვლება აქ,“ – გვითხრა ლალი თედორაძემ.

ლალი თედორაძის სახლთან გზა გადის, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ მოაწყვეს ბეტონის საფარით, თუმცა ამ გზას სანიაღვრე არხი არ აქვს. ამ გზაზე გავლა წვიმაში, ან ნაწვიმარში შეუძლებელი – გზაზე ნიაღვარი მიედინება. ეს გზა ლევან თედორაძის სახლისკენ მიდის, რომელიც გუშინ მეწყერმა წაიღო.

ლელა თედორაძე

დავით ცინცაძე: გუშინ ჩემს ბაღშიც ჩამოწვა მეწყერი, გზა სანიაღვრე არხების გარეშე გააკეთეს და ამიტომ 

დავით ცინცაძის სამოსახლოც ლევან თედორაძის მეზობლადაა. დავით ცინცაძემ დამეწყრილი ბაღი გვაჩვენა, რომელიც გზის გასწვრივაა და გზაც, რომელსაც სანიაღვრე არხი მართლაც არ აქვს.

„ნახეთ, როგორ მოაწყვეს ეს გზა, დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა, არსად არის სანიაღვრე არხი, ნიაღვარი პირდაპირ გზაზე მოდის… აქაც, სადაც მილია ჩასმული მოსახვევში და აქ უნდა გავიდეს წყალი, იმდენად ვიწროა მილი, რომ ჩაიხერგა და წყალი აქაც ზემოდან გადმოდის, მილია ცარიელია.

ხელვაჩაურის მერიას ორი კვირის წინ მივმართე, მაშინაც ჩამოწვა მეწყერი და ყურადღება ვითხოვე. მითხრეს, ჯერ გეოლოგებმა უნდა შეისწავლონო, მაგრამ არავინ მოსულა. ვისთან მივიდნენ, ჩემთან რომ გააკეთონ?“ – კითხულობს დავით ცინცაძე.

საავტომობილო გზა სანიაღვრე არხის გარეშე. სოფელი ქვედა ჯოჭო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ქვედა ჯოჭოში ადამიანებმა ასევე გვითხრეს, რომ ხელვაჩაურის მერს – ჯუმბერ ვარდმანიძეს წუხელ  ღამით ამის გამო წაეჩხუბნენ. მას შემდეგ მერი სოფელში აღარც გამოჩენილაო.

„დღეს მერი საერთოდ აღარ გამოჩნდა… სამი საათი დააგვიანდა დაახლოებით სამაშველოს, ჟურნალისტებმა მოასწრეს სამაშველოს, ასე იყო,“ – ამბობს ლელა თედორაძე.

ხელვაჩაურის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად დღეს ჟურნალისტების კითხვებს შემთხვევის ადგილას არჩილ ბარამიძემ უპასუხა. იგი ხელვაჩაურის მერის მოადგილეა.

დავით ცინცაძე

ხელვაჩაურის მერის მოადგილე: 3 ათასამდე განაცხადია ფერდსამაგრზე, ეტაპობრივად ვაკეთებთ 

„…დაახლოებით 3 ათასამდე განაცხადია ფერდსამაგარზე ხელვაჩაურში, ეტაპობრივად ვაკეთებთ, გეოლოგიური დასკვნებიდან გამომდინარე ეტაპებად იყოფა და განისაზღვრება საჭიროებები,“ – ამბობს არჩილ ბარამიძე. მას ვკითხეთ რეაგირების შესახებ, როცა, მაგალითად, ქვედა ჯოჭოში მცხოვრები ადამიანები უსაფრთხო გარემოს ითხოვენ. ხელვაჩაურის მერის მოადგილის თქმით, ჯამში, ქვედა ჯოჭოში 120-მდე ფერდსამაგრი სამუშაოა ჩატარებული, ხოლო უკიდურესი აუცილებლობის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად ასახლებენ ეკომიგრანტებისთვის აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.

რატომ მოაწყო ხელვაჩაურის მერიამ სასოფლო გზა მეწყერსაშიშ სოფელში სანიაღვრე არხის გარეშე?

„ძალიან რთულია სანიაღვრე არხების მოწყობა… ვიწროა სოფლის გზა, შესაბამისად, სანიაღვრეს ადგილი არ რჩება… მოსახლეობას არ უნდა, რომ მისთვის კუთვნილი გზა დათმოს. სახელმწიფო ამის გამოსყიდვას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ეს ვერ ხერხდება. სულ ასე იყო ეს გზა…“ – გვიპასუხა არჩილ ბარამიძემ.

არჩილ ბარამიძე

ცხოვრობდა თუ არა მეწყერსაშიშ ზონაში ლევან თედორაძე?

ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე მთავრობას არ გაუცია. მოსახლეობა და ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ლევან თედორაძე მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა და ოჯახმა დახმარების მოთხოვნით, მათ შორის, ფერდსამაგრის მოწყობის თხოვნით არაერთხელ მიმართა ხელვაჩაურის მერიას.

ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში გამორიცხეს ლევან თედორაძის მიმართვა, თუმცა იგივე კითხვას სხვაგვარად უპასუხა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ:

„ვეძებთ, ზუსტად არ ვიცით, ვეძებთ კანცელარიაში, არქივში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ,“ – გვიპასუხა არჩილ ბარამიძემ.

ლევან თედორაძის მხრიდან მიმართვა გამორიცხეს გეოლოგიის სამსახურშიც. აჭარის მთავრობაში კი ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„დაახლოებით 200-მდე ახალი მეწყრული კერა გვაქვს ახლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ხელვაჩაურის მერის მოადგილემ.

ამ ადგილას ჯერ კიდევ გუშინ საავტომობილო გზა იყო

მეწყერი სოფელ ქვედა ჯოჭოში

____

ამავე თემაზე:

https://www.facebook.com/batumelebi/videos/256538562319123/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: