გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსისგან რეგიონში გამოჯანმრთელდა – 420 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 28 345-ია.
კლინიკებში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 38 პაციენტი. უცნობია რეგიონში გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია, რადგან რამდენიმე კვირაა საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ საერთო რიცხვს ასახელებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით გარდაიცვალა 39 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში სულ კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა, აქედან 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 208 638-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 180 441-მდე.
რაც შეეხება გარდაცვალებას, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში არ არის განმარტებული რომელ რეგიონში და რომელ კლინიკებში გარდაიცვალნენ კორონავირუსით ადამიანები. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 19 დეკემებრს საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. 20 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ვირუსით 2 094 ადამიანია გარდაცვლილი.
20 დეკემბრის მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 775 პირი, აჭარაში – 5 993, იმერეთში – 6 330.
დღეს, 20 დეკემბერს ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი დაეჯახა.
ავარიის შედეგად ორივე ავტომობილის მგზავრებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს. კლინიკაში გადაყვანა არავის დასჭირვებია. ადგილზე მობლიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე კერძო სახლი დაიწვა. ბარაკული ტიპის სახლს ცეცხლი საღამოს საათებში გაუჩნდა. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
„არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია და ასე გაგრძელდება კიდევ ბებია“ – ასე დაიწყო თავისი ამბის მოყოლა გულნაზ დევაძემ, რომელიც ბათუმში გამსახურდიას ქუჩის ბოლოს სიგარეტით ვაჭრობს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზამთარში პანდემიის დროს პურის ფულის შოვნას ქუჩაში ცდილობს:
„ვცხოვრობ გამოკეტილ ბინაში, 74 წლის ქალი ვარ 185 ლარი მაქვს პენსია, ვარ წამლებზე დამოკიდებული. წელს პანდემია რომ დაიწყო, ძალიან გამიჭირდა, რამდენიმე დღე პურიც ვერ ვიყიდე. შვილი სამუშაოდ წავიდა რუსეთში და პანდემია რომ დაიწყო იქ დარჩა, ვეღარ ჩამოვიდა. მარტო ვარ. ლაშა კომახიძეს [ბათუმის გადამდგარი მერი] მივმართე რამდენჯერმე, წერილობითაც, ტელეფონითაც. მაგრამ ერთი კილო ფქვილი და ერთი მაკარონიც ვერ გაიმეტა მოხუცი ადამიანისთვის. პასუხი არ გამცა. ყველანაირად მივმართე და არ დამეხმარა, მეტი რა უნდა მექნა ლაშა კომახიძეს სახლში ხომ არ მივაკითხავდი? – აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ბებია და ასე გაგრძელდება კიდევ.“
გულნაზ დევაძე – 74 წლის
„წვიმაში, სიცივეში, ყინვაში, დილიდან გამოვდივართ გარეთ. ვიკეთებ პირბადეს და ხელთათმანებს, ვცდილობ, რომ ერთმეტრიანი დისტანცია დავიცვათ. თავი თუ არ გადავირჩინეთ, აბა ვინ გადაგვარჩენს, არავინ ფიქრობს ჩვენზე. თვითდასაქმებულებმა საბუთები წარმოადგინეთო, ქუჩაში ვმუშაობ რა უნდა წარვადგინო, ეს ვინ მოიფიქრა? რა მთავრობაც გვყავს, იგივე აქვს აზრებიც“, – გვიყვება ლია ბერიძე.
დიდი ხანია ის ქუჩაში მუშაობს. ამბობს, რომ პანდემიის დროს უფრო გაუჭირდა, რადგან მომხმარებელმა იკლო და პრობლემებმა იმატა. ლიას შვილი საპატიმრო დაწესებულებაშია. რისთვის დააკავეს, ამაზე არ საუბრობს. „რასაც მე ვმუშაობ, მასთან მიდის“, – გვიყვება ლია.
მისვე თქმით, სხვა არანაირი შემოსავალი და დახმარება არ აქვს, არც პანდემიის დროს მიუღია რაიმე: „დახმარება მქონდა და მომიხსნეს, როცა ჩემი ბიჭი დაიჭირეს. ალბათ გავმდიდრდი.“
ახლა ხამსას ყიდის. ამბობს, რომ როცა სეზონი არ არის ხილ-ბოსტნეულზე გადადის:
„გასულ წელს ბაზარში ვიმუშავე, შენობაში. 1,20 მეტრი სიგრძის მაგიდა ვიქირავე. წყალთან ერთად ქირაში 300 ლარს ვიხდიდი და სახლში ცარიელი მივდიოდი. არც სახლი გვაქვს, ნაქირავებში ვარ და ქირას ვიხდი, ბარაკული ოთახი მაქვს ნაქირავები. ერთადერთი კომუნალურების შეღავათები მომიწია, სახლში არ ვარ და ბევრს არ ვხარჯავ.“
ლია ბერიძე
მერი კოჩალიძე კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ პანდემიის დროს ყველაფერი გაძვირდა, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე ქუჩაში უწევს შრომა:
„არაფერი შეღავათი ჩვენ არ გვაქვს, კომუნალურების შეღავათი გექნებათო, მაგრამ ბევრს ვხარჯავთ, რადგან სახლში პატარა ბავშვები გვყავს. გათბობა უნდათ, საჭმელი, ცხელი წყალი. ერთადერთი მე ვმუშაობ ოჯახიდან და ამ შემოსავალს ვანაწილებ ოჯახში, შვილებმა მანდარინი მოკრიფეს და ამით დამეხმარნენ. ოჯახში შვიდი წევრი ვართ.“
მერიმ ფოტო არ გადაგვაღებინა, ფოტოსთვის სათანადოდ არ ვარ მოწესრიგებულიო.
ლიანა ცინცაძე ქოთნის ყვავილებს ყიდის. ამბობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ქულების მიხედვით ეხმარება ადამიანებს. ის ყოველ დღე ქუჩაში ცდილობს პურის ფულზე ცოტა მეტი გამოიმუშავოს, რომ სახლში მცირეწლოვან შვილიშვილებსაც მიუტანოს რამე.
ლიანა ცინცაძე
„სხვა გზა არ არის, ჩვენ ასეთი ბრძოლა ვიცით და ასე ვიბრძვით,“ – თითქმის იდენტურია ყველა ადამიანის სათქმელი, რომელიც ზამთარში, პანდემიის დროს პურის ფულის შოვნას ღია ცის ქვეშ, ქუჩაში ცდილობს. მათგან უმეტესობას საუბარი არ სურს. ამბობენ, რომ „ლაპარაკს აზრი არ აქვს“, რომ „მაინც არაფერი შეიცვლება“.
დღეს, 19 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ პოლიციელების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც, მათი თქმით, მოძალადე პოლიციელების რიგებს მიეკუთვნებიან.
„ამ ადამინების შესახებ ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც გამოირჩევიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული ქმედებით. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პოლიციელი რეზო ხარაზი, რომელიც 22 დაკავებულიდან 15 საქმეში ფიგურირებს. ამ აქციების დროს სულ 22 ადამიანი დააკავეს და აქედან 15 პირის საქმეზე რეზო ხარაზია ოქმის შემდგენი და წარმომადგენელი სასამართლოში.
ამჟამად მიმდინარეობს 15-მდე პოლიციელის იდენტიფიკაცია, რომლებიც აქციების დროს განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენენ,” – უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბონდო თედორაძემ.
მისი თქმით, ორშაბათს ის პროკურატურაში შეიტანს განცხადებას და პოლიციელების საქმიანობის გამოძიების დაწყებას სთხოვს.
დღევანდელი საპროტესტო აქცია ოპოზიციური ერთობის ფარგლებში შექმნილი ე.წ. “სახალხო გენინსპექციის” მიერ იყო ორგანიზებული.
საპროტესტო აქციები აჭარაში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ქარტიის პრიზი 2020-ის” გამარჯვებულები გამოავლინა. 2020 წელს ქარტიის პრიზი რვა ნომინაციაში გაიცა. საუკეთესო სტატია ან ნარკვევის ნომინაციაში პრიზი მიიღო “ინდიგომ”, ჟურნალისტებმა თამარ ბაბუაძემ და სალომე მელუამ ნაშრომისთვის აკრძალული ჰაერი.
ვიდეორეპორტაჟი პრიზი მიიღო სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა თამარ გელაშვილმა ნაშრომისთვის უშგულის ზარი.
პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.
აჭარაში 19 დეკემბერს კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი.
19 დეკემბერს გამოვლენილი 2 904 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარაში – 197, იმერეთში – 495, ქვემო ქართლში – 236, შიდა ქართლში – 158, გურიში – 51, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 217, კახეთში – 152, მცხეთა-მთიანეთში – 80, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 23.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 ადამიანი.
დღეს, 18 დეკემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, რუსთაველისა და მელიქიშვლის ქუჩების გზაჯვარედინთან. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა თითქმის ცარიელ ქუჩაზე ბორდიურს შეეჯახა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ორი პირი იყო. თუმცა, შეჯახების მიუხედავად, სამედიცინო დახმარება არც ერთ მათგანს არ დასჭირვებია.
გიორგი გელაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-12 კლასში სწავლობს. ყველაზე მეტად, რაც პანდემიამ მის ცხოვრებაში შეცვალა, ადამიანებთან ურთიერთობაა. გიორგი ამბობს, რომ მისთვის სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობა დისკომფორტს უქმნის.
„მე ასეთი ადამიანი ვარ, ურთიერთობები მიყვარს, უნდა ვხედავდე ადამიანს, უნდა შევხვდე და ველაპარაკო, ვისეირნო მასთან ერთად, ეს ყველაფერი კი კორონავირუსის პანდემიამ მინიმუმამდე დამიყვანა. ვცდილობ შევეგუო, მაგრამ მიჭირს“, – ამბობს გიორგი.
გიორგი გელაძე
პანდემიამდე გიორგი აქტიურად ცხოვრობდა. ამბობს, რომ ონლაინში გადატანილმა გაკვეთილებმა ამ ყველაფერს თავისი დაღი დაასვა.
„სწავლის ეფექტურობაც შემცირებულია, ამიტომ 5 მასწავლებელთან დავდივარ ეროვნული გამოცდებისთვის რომ მოვემზადო. დრო ფაქტობრივად არ მაქვს. ცხრა საათის შემდეგ შემეძლო გარეთ გავსულიყავი განტვირთვისთვის და შეზღუდვების გამო, ახლა გარეთაც ვეღარ გავდივარ.
ფეხბურთელი ვარ და გაგვიჩერდა ვირჯიშიც. ვისაც სურვილი აქვს, რომ ფორმაში იყოს, მარტო ვარჯიშობს ბულვარში.
დადებითი მხარე ის აქვს ამ ყველაფერს, რომ ცუდ ამინდში გარეთ გასვლა არ გიწევს, ხარ თბილად და წყნარად სახლში და დროსაც იგებ. შეგიძლია 5 წუთით ადრე ადგე და შეხვიდე გაკვეთილზე. შეგიძლია ვიდეოთვალიც არ ჩართო“, – ამბობს გიორგი.
ის ყველაზე მეტად მაინც ადამიანური ურთიერთობების გაცივებას განიცდის.
„მარტო მეგობრებთან კი არა, ქუჩაშიც რომ გახვიდე, ამას ადვილად შეამჩნევ. ადამიანებს ეშინიათ გამარჯობის თქმა, ერთმანეთთან საუბარი. გაცივდა ურთიერთობები“, – ამბობს გიორგი.
გიორგის დაკვირვებით, პანდემიამ მასში ყველაზე მეტად ის შეცვალა, რომ ფრთხილი და მზრუნველი გახადა, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ.
„მასწავლა საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რასაც მანამდე ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას. ბულინგიც კი შემცირებულია ახალგაზრდებში, რადგან პანდემიამ ადამიანებს ერთმანეთის დაფასება და სიყვარული გვასწავლა“.
დეა დავითაძე ბათუმის პირველ სკოლაში, მე-11 კლასში სწავლობს. დეა ამბობს, რომ ამ სკოლაში წელს გადმოვიდა და ბოლომდე კლასელების გაცნობაც კი ვერ მოასწრო, თუმცა ონლაინსწავლებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ისევე ემზადება გაკვეთილებისთვის, როგორც სკოლაში სწავლის დროს.
ყველაზე მეტად, როგორც სხვა მისი თანატოლები, მეგობრების სიშორეს განიცდის.
„მეშინია გარეთ გასვლის, რომ ვირუსი არ შემხვდეს და ბებიას არ მოვუტანო. თუმცა ახლა ისეთი შიში აღარ მაქვს, როგორც გაზაფხულზე მქონდა. მაშინ ისე ვიყავი, რომ ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზეც კი არ წავედი. ზაფხულში თითქოს შემსუბუქდა ეს სტრესი, მეგობრებსაც ვნახულობდი, თუმცა ახლა 3 თვეა არავინ მინახავს. ძალიან იშვიათად, მხოლოდ 1-2 თუ შევხვდები ცოტა ხნით“, – ამბობს დეა.
პანდემიამ შეცვალა ოჯახური ურთიერთობებიც. ახლა მშობლებს უფრო მეტი დრო რჩებათ მასთან საუბრისთვის და მომავალი პროფესიების განხილვისთვისაც. „ხშირად ვსაუბრობთ, ვარჩევთ ფაკულტეტებს, როცა ტესტებს ვხსნი, მეხმარებიან კიდეც და თითქმის მთელ დროს ერთად ვატარებთ.
დეა დავითაძე
ყველაზე სტრესული მაინც მეგობრების გარეშე ყოფნაა. სკოლა მენატრება, მასწავლებლებთან უშუალო კონტაქტი, ის დრო, როცა ერთად ვიკრიბებოდით და დიდ დაბადების დღეებს ვაწყობდით. ბულინგის და ჩაგვრის მომენტებსაც თითქმის ვერ ვგრძნობთ, რადგან ონლაინში ვერ ჩაცმის გამო დაგცინებენ და ვერც თმის. საუბრის თემაც შეიცვალა – ვის დაუდასტურდა კორონა, როგორ გადაიტანა და ასე შემდეგ“, – გვეუბნება დეა.
ლუკა კეკელიძე მე-12 კლასელია. ბათუმის მე-15 სკოლაში სწავლობს. როგორც სხვა მე-12 კლასელები, ისიც განიცდის, რომ პანდემიის გამო შესაძლოა ვერც გაზაფხულზე დაბრუნდნენ სკოლაში. „მით უმეტეს, როცა წელს ვამთავრებთ და გამოსაშვები საღამო შესაძლოა არ გვქონდეს, არც ბოლო ზარი გვექნება, ეს ძალიან რთულია“.
ოჯახურ ურთიერთობებში ლუკასთან ის შეიცვალა, რომ დედას იშვიათად ნახულობს, რადგან დედა ექიმია და ყველაზე მეტ დროს კლინიკაში ატარებს.
„ონლაინ გაკვეთილები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. გაჭირდა კერძო მეცადინეობაც, რადგან თუ ჯგუფში ვინმეს დაუდასტურდება, მასწავლებელი მეცადინეობებს წყვეტს“, – ამბობს ლუკა.
მისთვის სევდიანი ის ამბავი, რომ პანდემიის გამო ყველაფერი არაპროგნოზირებადი გახდა.
„არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება. გერმანიაში სწავლა მინდოდა, მაგრამ არც ის ვიცით, საზღვრები გაიხსნება თუ არა. თუმცა პროფესიაზეც როცა ვფიქრობ, ვხვდები, რომ კომპიუტერული მეცნიერები უფრო მეტად გახდა საჭირო. ცოდნის გაღრმავება ამ მხრივ აუცილებელია“, – ამბობს ლუკა.
ლუკა კეკელიძე
ის, რაც ქალაქსაც და სოფელსაც საერთო აქვთ ამ პანდემიაში, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობაა. თეა ამაღლობელიც იგივეს განიცდის ამ მხრივ, რასაც ქალაქში მცხოვრები თანატოლები.
თეა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში სწავლობს. დამამთავრებელ კლასშია. მასაც გული წყდება იმაზე, რომ დროს, რომელიც მეგობრებთან უნდა გაეტარებინა, სახლში ატარებს.
„ვეღარც სკოლაში დავდივართ, ვეღარც მეგობრებთან, მეზობლებშიც არ გადავდივართ, რადგან ყველას ეშინია ვირუსის. შევწყვიტე კლასელებთან, ახლობლებთან ურთიერთობები და დავრჩი სახლში მარტო“, – ამბობს თეა.
მეგობრებს იმის გამო ვეღარ ხვდება, რომ გამოცდებისთვის მოსამზადებლად სოფლიდან ქალაქში გადმოვიდა. „არ ვაპირებდი მომზადებას, მაგრამ ახლა იძულებული ვარ 4 საგანში მოვემზადო. სკოლაში რომ გვევლო, ასე არ იქნებოდა, რადგან გაკვეთილების შემდეგ დამატებით ვაპირებდით მეცადინეობას სკოლაში. ახლა კი ეს აღარ გამოდის და ვერც ონლაინ სწავლების დროს მივიღე ის ცოდნა, რაც საჭიროა გამოცდების ჩასაბარებლად“.
თეა ამბობს, რომ პანდემიამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რის გამოც ყველა აბიტურიენტს იმის საშუალებაც აღარ აქვს, რომ მოემზადოს.
„შეიძლება მე მოვახერხე, რომ წამოვედი ქალაქში და ვემზადები, მაგრამ ჩემი კლასელები სოფელში არაფრის იმედად არიან“.
ახალგაზრდების თქმით, პანდემიამ ბევრი მათი გეგმები შეცვალა, თუნდაც ის, რომ ექსკურსიაზე სადმე ერთად წასულიყვნენ. „ახლა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ გაჯეტებთან გატარებულ დროს ის დრო გვირჩევნია, როცა ქუჩაში თავისუფლად დავდიოდით და მეგობრებთან ვერთობოდით“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შპს „ბათუმი რივიერას“ – პროექტზე ნებართვის გაცემის კანონიერებასთან დაკავშირებული საჩივრით ნებართვის გამცემი ორგანოს ზედამხედველ სტრუქტურას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის სექტემბერში მიმართა. მიმართვიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა საიას სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჩაჰბარდა.
შპს „ბათუმი რივირას“ პროექტზე ნებართვა სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
საიას იურისტის, გიორგი ანთაძის ინფორმაციით, სამინისტრომ 2020 წლის 20 სექტემბერს საიას აცნობა, რომ გამომდინარე საქმის სირთულიდან – „ძალიან ბევრი მასალაა საქმეში“ – სამინიტროს მის შესასწავლად ორი თვე დასჭირდებოდა. ეს ვადა 2020 წლის 18 ნოემბერს ამოიწურა, თუმცა საიას გადაწყვეტილება დღემდე [18 დეკემბერი] ისევ არ ჩაბარებია.
„როგორც მაცნობეს ამ საკითხთან დაკავშირებული სხდომა ერთხელ გადაიდო. თუმცა, საბოლოო ჯამში, 18 ნოემბრამდე ზეპირი სხდომა ჩატარდა ონლაინ. ამ სხდომაზე მოსაზრებები გამოვთქვით, როგორც საჩივრის ავტორებმა, ასევე მოპასუხემ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ და კომპანიის წარმომადგენლებმა. შესაბამისად, ველოდით, რომ საჩივრის განხილვის ვადებში, რაც მათვე ჰქონდათ დადგენილი, უნდა მიგვეღო პასუხი. სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გადმოუგზავნიათ“, – ამბობს იურისტი გიორგი ანთაძე.
საიამ ნოემბრის ბოლოს პასუხი ისევ წერილობით მოითხოვა სამინიტროსგან. პირველ დეკემბერს კი მათ აცნობეს, რომ პასუხს მიაწვდიან მაშინ, როცა ის წერილობითი მზად იქნება.
„აშკარაა, რომ სამინისტრო აჭიანურებს პასუხის გაცემას. ეს არ არის ერთჯერადი პრაქტიკა, როცა ადმინისტრაციული ორგანო თავიდან ირიდებს და აჭიანურებს პასუხის გაცემას. ამით აძლევს საშუალებას ინვესტორებს, რომ თავიანთი საქმიანობა განაგრძონ.“
საიაში უკვე განიხილავენ აღარ დაელოდონ სამინისტროს პასუხს და მიმართონ სასამართლოს: „მოვითხოვოთ, რომ ეს პასუხიც სამინისტროდან სასამართლომ გამოითხოვოს.“
„ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს – პინგვინი მიკი“ – წაიკითხავდა რიგითი საბჭოთა მოქალაქე “Красное знамя”-ს 1976 წლის 27 მარტის ნომერში.
მიკი დაახლოებით 7-8 წელი ცხოვრობდა ბათუმის დელფინარიუმში, თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ბათუმში. რადგანაც, როგორც დელფინარიუმის მენეჯერი, თენგო წეროძე იხსენებს, პინგვინი მიკი „თავისუფალი მოქალაქე“ იყო, დადიოდა მთელ ქალაქში და ყველას აყვარებდა თავს.
საიდან აღმოჩნდა მიკი ბათუმში?
„70-იან წლებში ჩვენი ერთ-ერთი ტრაულერი [თევზსაჭერი გემი] იყო ოკეანეში სათევზაოდ და როცა ბადე ამოჰქონდათ, შეამჩნიეს, რომ ამოსვლას ცდილობდა პინგვინი. დაეხმარნენ, ამოიყვანეს და გემზე ჰყავდათ, უვლიდნენ, აჭმევდნენ. შემდეგ წამოიყვანეს ბათუმში.
ბათუმში ჩამოსვლამდე, სამწუხაროდ, გემის კაპიტანი დაიღუპა, რამდენიმე დღეში კი მისმა მეუღლემ პინგვინი ჩვენ მოგვიყვანა, როგორც უკანასკნელი საჩუქარი კაპიტნისგან.
თავად ეს პინგვინი სამხრეთ ამერიკული ჯიშისაა, დიდად სიცივე არ უყვარს და ჩვენს პირობებთან მარტივად ადაპტირდა.
კარგად ვუვლიდით, მთელ ტერიტორიაზე მოძრაობდა, გარეთაც გადიოდა, ხანდახან გვირეკავდნენ ქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან, თქვენი პინგვინი აქ არისო“ – ჰყვება თენგო წეროძე.
წყარო: გამოცემა ТАСС / Twitter
„თავიდან დელფინები ფრთხილად იყვნენ ახალმოსულთან, საჭმელს არ უყოფდნენ, თუმცა ნელ-ნელა შეეჩვივნენ, თანაც, მოუქნელი, ამაყი პინგვინის ძლიერმა ნისკარტმაც დაიმსახურა პატივისცემა“ – წერია ასევე საბჭოურ გამოცემაში.
„მიკი ხალხს შოუების დროს ძალიან ამხიარულებდა, გამოდიოდა და შოუს დროს დელფინებისთვის განკუთვნილ თევზს იპარავდა. ზაფხულის პერიოდში უყვარდა გრილი ადგილების მოძებნა, ძირითადად მანქანების ქვეშ წვებოდა, ყველამ იცოდა ეს და ისე არ ქოქავდნენ მანქანას, ქვემოთ რომ არ შეეხედათ.
მიკი ზღვაზე იპარება
„ვაცურავებდით დელფინებთან ერთად წყალშიც, ამის გამო ერთხელ ზღვაშიც გაგვექცა.
იმ დროს დელფინარიუმიდან წყალი ზღვას უერთდებოდა, გაჰყვა წყალს და სანაპიროსკენ გაცურა. გაცურეს მერე ჩვენმა თანამშრომლებმაც და უკან მოიყვანეს.
განსაკუთრებით ჰყავდა ერთი მწვრთნელი გამოყოფილი, სერგეი, მის დაძახებაზე ყოველთვის შესაბამისად რეაგირებდა. ასევე ასხვავებდა ინტონაციებსაც, თუ მკაცრად დაუძახებდი – იმორცხვებდა, თუ სიყვარულით დაუძახებდი, მოდიოდა და თავს მოგაფერებინებდა“ – გვიამბობს თენგო წეროძე.
ტარიელ (თენგო) წეროძე
რატომ მიკი?
„აკვარიუმის თანამშრომლებმა გაიხსენეს, მათ ჰყავდათ გამგე, რომელიც სიარულის მანერით მიამსგავსეს ჩვენს მიკის. ის გვარად მიქელაძე იყო და ასე მოფერებით, შეამოკლეს გვარი, დაარქვეს პინგვინს მიკი და ეს სახელი შერჩა.
მიკი ძალიან სწრაფად ცურავდა, მოხერხებული იყო. გამრავლების პერიოდი როცა ჰქონდა, დადგებოდა დაიწყებდა თავისიანების მოხმობას, ერთგვარი ყროყინის ხმებს უშვებდა, მაგრამ არავინ არ მოდიოდა, მარტო იყო მაგ მხრივ ჩვენს ქალაქში“.
მიკი და ბათუმის დელფინარიუმის მკვიდრი დელფინი პესეი. ფოტო: ბათუმის დელფინარიუმი
სად წავიდა მიკი?
„მიკი ერთ დღესაც გაუჩინარდა, ასე ვთქვათ, გაქრა.
გვაქვს ერთი ვერსია – პიონერთა პარკში ჩამოდიოდნენ ხოლმე მოძრავი სამხეცეებით, ზოოკუთხების მოსაწყობად, მათ ერთი-ორჯერ შემოგვთავაზეს, მიკი მოგვყიდეთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით. მიკის გაქრობიდან მრავალი წლის შემდეგ გადმოცემით გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ასეთ ზოოკუთხეს ჰყავდა პატარა პინგვინი და ვივარაუდეთ, რომ მათ მოგვტაცეს.
ძალიან გვენატრებოდა ყველას, როცა გაუჩინარდა, განსაკუთრებით კი მის მწვრთნელს, სერგეის რომელიც ძალიან დაუახლოვდა მიკის. ერთხელ ისინი ერთად ფილმის გადაღებებზეც კი იყვნენ ყირიმში. მაშინ მიკიმ ერთი-ორჯერ ღია ზღვაში სამუდამოდ გაცურვა მოინდომა, მაგრამ სერგეიმ დაუძახა და ისიც უკან გამოჰყვა”- ამბობს თენგო წეროძე.
ზურაბ ბეჟანოვი და პინგვინი მიკი ბათუმის დელფინარიუმში. ფოტო ზურაბ ბეჟანოვის საოჯახო ალბომიდან
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედნარ მსხალაძეს, მას განზრახ მკველობას ედავება გამოძიება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 18 დეკემბერს, გაიმართა.
საუბარია ქობულეთში 15 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – რკინიგზის სადგურთან ახლოს ვალერი ვერულიძე სანადირო თოფით მოკლეს. ბრალდებული ბიძაშვილის სახლში, სოფელ ბობოყვათში გუშინ, 17 დეკემბერს დააკავეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ედნარ მსხალაძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებში ვერ იპოვით ქალს, რომელიც საშინაო შრომაში არ იყოს ჩართული. თუმცა განსხვავებულია როგორც შრომის სიმძიმე, ისე ქალების მიერ ამ შრომის აღქმა. თუ ერთი ქალი გეტყვის, რომ მისი შრომა მძიმეა, მეორე გეტყვის, რომ მიჩვეულია, მესამე გეტყვის, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს. ამ დროს ეს „არაფერი განსაკუთრებული“ შეიძლება ნიშნავდეს დილის ექვს საათზე გაღვიძებას, 5 ან მეტი ძროხის მოწველას, რძის პროდუქტების დამუშავებას, ოჯახისთვის სადილ-ვახშმის მომზადებას, ყანაში, ბაღჩაში მუშაობას და სხვა მილიონი წვრილმანი საოჯახო საქმის კეთებას.
თუ კითხვას პირდაპირ დასვამ – არის თუ არა ქალი თავისუფალი, 100%-იანი პასუხი ქალებისგანაც და კაცებისგანაც იქნება – კი. მაგრამ თუ ამ კითხვას არ დასვამ და ქალების ყოველდღიურობის შესახებ მცირე კვლევას ჩაატარებ, აღმოაჩენ, რომ ეს თავისუფლება პირობითია და იქ მთავრდება, სანამ სცენაზე კაცი შემოვა.
„ცოლ-ქმარი როცა არიან, კაცს რაც გაუხარდება, ის უნდა გააკეთოს ქალმა,“ – მითხრა 50 წლის ციალა დავითაძემ, სამი შვილის დედამ. ის ხულოში, სოფელ რაქვთაში ცხოვრობს და სანამ ამ ფრაზას მეტყოდა, მანამ თითქმის ორი საათი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოიპოვა პირადი თავისუფლება და შემდეგ როგორ მოუპოვა იგივე თავისუფლება თავის რძლებსაც.
16 წლის იყო, როცა დაქორწინდა, გარიგებით. „შევეგუეთ ერთმანეთს და კარგი ცხოვრება ავიწყვეთო,“ – ამბობს. აქვს საშუალო განათლება და ჰყავს სამი შვილი. მთელი ცხოვრება თავის სოფელში გაატარა. „ძალიან ბევრი ოპერაციები გავიკეთეო,“ – ამბობს თავის ჯანმრთელობაზე საუბრისას.
ციალა დავითაძე
ოცნებობდა ექთანი გამოსულიყო. მაგრამ ვერ მოახერხა. როგორც თვითონ ამბობს, უფულობის და უნდობლობის გამო.
„ვითომ გოგოებს სწავლას არ ენდობოდა ძველი ხალხი. ეშინოდათ“, – ამბობს ის და ამატებს, რომ თვითონ ენდო და თავისი გოგო სასწავლებლად გაუშვა. სულ შრომობს. არასდროს ჩერდება.
„ქალის ცხოვრება სოფელში არის მძიმე. მე რომ გავთხოვდი, ჩემს დედამთილს 100 სული საქონელი ჰყავდა. დილას ადრე ბოსელში რომ შევიდოდი, 12 საათამდე ვერ გამოვდიოდი. არადა 16 წლის ვიყავი. სულ ძილი მენატრებოდა. მაგრამ დილას რომ არ ავმდგარიყავი, მკითხავდნენ, რატომ არ დგებიო. მე რომ გამოვიარე ისე არასდროს ვაწვალებ ჩემს რძლებს. არაფერს არ ვუშლი. სულ თავისუფლად მყავს ყველა,” – მიყვება ციალა.
ნონა შაინიძე
ნონა შაინიძე 25 წლისაა. პროფესიით დაწყებითი კლასის მასწავლებელია. განათლება უნივერსიტეტში მიიღო და ამისთვის მადლობას მშობლებს უხდის. ნონა ციალას შვილია. ხულოში დაიბადა და 19 წლამდე სოფელში ცხოვრობდა. ინტერვიუს დროს ხშირად იყენებს სიტყვებს – „მაშინ“, „ადრე“, „ძველად“.
„დაბადებიდან სკოლის დამთავრებამდე სოფელში ვცხოვრობდი. ჩემს დროს იყო ტენდენცია, რომ გოგოს არ უნდა ესწავლა. ჩემს სოფელში მხოლოდ კაცები იყვნენ ნასწავლები. კაცებს ჰქონდათ უფლება დაეტოვებინათ სოფელი, წასულიყვნენ ქალაქში, მიეღოთ განათლება. ქალებზე ეს ყველაფერი არ ვრცელდებოდა.
ჩემი ორივე მშობელი დაიჩაგრა ამ მხრივ. მამაჩემსაც უნდოდა სწავლა და დედაჩემსაც. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ მოახერხეს. როცა დაქორწინდნენ, შეთანხმდნენ, რომ განათლებას აუცილებლად მისცემდნენ თავიანთ შვილებს, სქესის განურჩევლად.
სკოლა 2012 წელს დავამთავრე. მაშინაც იყო გადმონაშთები წარსულიდან. გოგოს გაშვება მაინც რაღაც რისკებთან ასოცირდებოდა. რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე სკოლა დავამთავრე და სასწავლებლად გამიშვეს. ახლა უკეთესობისკენ შეიცვალა ეს დამოკიდებულება. დღეს მაგალითად ჩემს სოფელში, ძალიან ბევრმა გოგომ მიიღო უმაღლესი განათლება, ბევრი არის დასაქმებული. სხვათა შორის, ძველმა თაობამაც დაიწყო ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის. ეს ბრძოლა გამოიხატება იმაში, რომ ჩემს თაობას, ჩემს შემდეგ თაობას, ჩემზე ოდნავ წინა თაობას აღარ ზღუდავენ არაფერში“.
ნონა ამბობს, რომ დღეს ქალები სოფელში ნაწილობრივ თავისუფლები არიან. შიდა იერარქია ძლიერია და ბოლომდე თანასწორობა მიღწეული არაა, მაგრამ ისე აღარაა, როგორც ადრე.
ხულოში, ისე როგორც მთელს საქართველოში, ოჯახებში თაობები დღემდე ერთად ცხოვრობენ. ზოგ ოჯახში ოთხი თაობაც შეიძლება იყოს.
„ძველ დროში, 20-30 წლის წინ, ქალებშიც იყო რაღაცა უპირატესობები. აი, მაგალითად, როდესაც რძალი შედიოდა ოჯახში, იქ უპირატესობა ენიჭებოდა დედამთილს, შემდეგ მულს და არანაირი ფასი არ ჰქონდა რძალს. დედამთილი იყო ოჯახში თავი და თავი, რა თქმა უნდა, მამაკაცის მერე. რძალი იყო ყველაზე დაჩაგრული იმ ოჯახში. მაგალითად, მეზობელთან გადასვლა არ შეეძლო. გადალაპარაკება არ შეეძლო. სრული დისბალანსი იყო ქალებს შორისაც. დედამთილები მონარქებივითი იყვნენ, ანუ ისინი ბრძანებებს გასცემდნენ და რძლები ასრულებდნენ ამ ყველაფერს, შეუპასუხებლად. დღეს მდგომარეობა შეცვლილია. დღეს დედაშვილური ურთიერთობა უფრო არის ჩამოყალიბებული,“ – გვიხსნის ნონა.
ნონა ფიქრობს, რომ ქალების გათავისუფლებაში წვლილი თავად ქალებმა შეიტანეს. ახალი თაობის ქალებმა, მოახერხეს და შვილებს განათლება მისცეს, ამან კი ქალების ყოფა შეამსუბუქა. თავიანთ უფლებებშიც უფრო გათვითცნობიერდნენ.
„განათლებამ მოიტანა ის, რომ უფლებები, რომელიც სულ არსებობდა, აღმოაჩინეს ქალებმა,“ – ამბობს ნონა.
ეთერ აბაშიძე ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს. ორი შვილი ჰყავს, ორივე დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს. ეთერის ქმარი ხულოს სამუფთოს ხელმძღვანელობს. თავად ეთერი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ქართველ მუსლიმ ქალთა კავშირის“ ხელმძღვანელია. მისი ორგანიზაცია ადამიანებს ეხმარება ხულოს მუნიციპალიტეტში. ძირითადი აქცენტი ქალებზე აქვთ.
ეთერი მორწმუნე მუსლიმია და სახლის გარეთ ყოველთვის ჰიჯაბს ატარებს.
„ეს ჩემი ვალდებულებაა – მუსლიმი ვარ, უნდა მეფაროს. თმა არ უნდა მიჩანდეს. ამას ყურანი მასწავლის. თუ ყურანის მიმდევარი ვარ, თუ ის არის ჩემი კონსტიტუცია, მე უნდა ვიყო მისი შემსრულებელი. მომწონს როცა ასე შემოსილი გავდივარ ხალხში,“ – ამბობს ეთერი.
ეთერი ამბობს, რომ ერთი შემთხვევის გარდა, რომელიც ხულოს ცენტრში მოხდა, არ ახსოვს ვინმეს ხაზი გაესვას მის ჩაცმულობაზე. იხსენებს, რომ „საზოგადიებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა ბიჭმა ადგილი დაუთმო და მიმართა – „დაბრძანდით დედაოო“. მას შემდეგ, რაც ეთერმა აუხსნა, რომ ის არა მონაზონი, არამედ მუსლიმი ქალია, ბიჭმა ადგილის დათმობა გადაიფიქრა.
„სხვა შემთხვევა არ მახსენდება. რომ ვაკვირდები, ჩვენთან რომ მოინათლნენ [მუსლიმები] და მიიღეს ქრისტიანობა, ისევ ის ხალხი თუ გაგკიცხავს, თორემ თბილისში დავდიოდი და არავის უთქვამს, ეს რა გაცვიაო,“ – ამბობს ეთერი.
ხულოს მუფთი ასლან აბაშიძე და მისი მეუღლე ეთერ აბაშიძე
ეთერი მიხსნის, რომ როცა ჰიჯაბი აცვია, შინაგან სიმშვიდეს და დაცულობას გრძნობს.
ეთერის სახლის კარი ყველასთვის ღიაა. მისი ქმარი, ხულოს მუფთი ასლან აბაშიძეა. მიუხედავად სასულიერო მოღვაწეობისა, მათი ყოველდღიურობაც სავსეა საოჯახო საქმეებით და მუფთი, მისი სტატუსის მიუხედავად, სრულად არის ამ საქმეებში ჩართული. ეთერი ამბობს, რომ ცოლ-ქმარი გადაწყვეტილებებს ერთმანეთს უთანხმებს. მუფთის თქმით, მათი ოჯახი ჰარმონიულია – შრომასაც და ამ შრომის შედეგსაც თანაბრად ინაწილებენ.
„რელიგია, ისლამი არ აქცევს ადამიანს უსულო საგნად. ხშირად მესმის, რომ ქალის უფლებები ირღვევა. უფლებები თუ ირღვევა და არღვევს ადამიანი, ამას ჩადის ინდივიდუალურად. ეს არ ნიშნავს, რომ უფლებების დარღვევა განპირობებულია რელიგიით,“ – ამბობს ასლან აბაშიძე.
ეთერი ოცნებობს, რომ ოდესმე მის ქვეყანაში მის მშობლიურ ენაზე სასულიერო განათლების მიღება იყოს შესაძლებელი.
„დიდი ინტერესი მქონდა რელიგიური განათლება მიმეღო. ჩემმა გოგომაც და ბიჭმაც სტამბოლში ისწავლა. ვჭამდი, საქმეს ვაკეთებდი, მეძინა თუ ვლოცულობდი, ჩემი საფიქრალი ჩემი შვილები იყვნენ. ნეტავ მათ თუ ჭამეს საჭმელი? სად არიან? როგორ არიან?
ჩემს ქვეყანაში, ჩემს ენაზე მისახვედრად მინდა იყოს რელიგიური განათლების მიღება შესაძლებელი. რატომ უნდა გავგზავნო თურქეთში შვილი?” – კითხულობს ის.
როცა ქალებზე და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ოჯახების და სოფლების მიხედვით ქალთა მდგომარეობა განსხვავდება. არათუ მეზობელ სოფლებში, არამედ ერთ სოფელში, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე სახლებშიც კი შეიძლება განსხვავებულად უყურებდნენ ქალები რიგ საკითხებს. საუბარია ფუნდამენტურ ამბებზე – მაგალითად იმაზე, შეუძლია თუ არა ქალს საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმა.
ქალები ზორტიყელიდან
2020 წლის აგვისტოს მიწურული. საზაფხულო იაილა ზორტიყელი. ამ საზაფხულო იაილაზე ხულოდან, სოფელ ღორჯომიდან ამოდის მოსახლეობა ზაფხულობით. ხის სახლის წინ, ქალები არიან შეკრებილი. ზოგი კიბეზე ზის, ზოგი გზაზე დგას. რესპონდენტს ვეძებ, რომელსაც ვკითხავ რა შრომის გაწევა უწევთ ოჯახში ქალებს. მისალმების და ჩემი მისვლის მიზნის გაცნობის შემდეგ ქალები ჩუმდებიან. ზოგი დგება და ჩუმად მიდის.
„ხომ არ იწერ?“- მეკითხება ერთი ქალი და ჩემს კამერას უყურებს, რომელიც ხელში მიჭირავს. ვეუბნები რომ არა. „ჰო, გთხოვ არ ჩაიწერო, რადგან ჩვენთან ეგ ნამეჰრამია. ნამეჰრამი არ იცი რას ნიშნავს? – ცოდვაა“. დასაზუსტებლად ვეკითხები, კონკრეტულად რას უკრძალავს მას ისლამი. ქალი ამბობს, რომ არ არის მიზანშეწონილი ტელევიზორში გამოჩნდეს – „ჩვენთან ეგ ცოდვაა“. ზაფხულის მიწურულია. სქელი კოლგოტკი და მუხლს ქვემოთ კაბა აცვია. თავზე გრძელი, შავი საბურველი აქვს მოხვეული.
„მერიკო, ილაპარაკე რა იქნა,“ – კაცმა, რომელიც უყურებდა, როგორ უშედეგოდ ვცდილობდი რომელიმე ქალის ინტერვიუზე დათანხმებას, ჩემს დასახმარებლად ჩარევა გადაწყვიტა.
ამ კაცს ოთარ შავაძე ერქვა. რატომ არ საუბრობენ ქალები? – ახლა უკვე ოთარს ვკითხე. „რატომ არ ლაპარაკობენ და სარწმუნოებაში არაა ქალის ლაპარაკი ბევრი საჭირო. კაცები ვუშლით? არა, არ ვუშლით, ჩვენთან თავისუფლებაა,“ – მპასუხობს ის.
ეს ამბავი კონკრეტულ ქალებზეა, რომელთაც თავიანთი შეხედულება აქვთ რიგ საკითხებზე. ქალის შინ შრომა ხომ უხილავია, მაგრამ ამ ქალთა შრომა კიდევ უფრო უხილავია, რადგან სხვებისგან განსხვავებით ამაზე არ ლაპარაკობენ.
თუმცა ლაპარაკობენ სხვები იმავე დასახლებიდან. თავიანთ ისტორიებს მიყვებიან. მაგალითად, ერთი ქალი ამბობს, რომ ყოველდღე 20 ძროხას წველის. მეორე ქალს ყურუთის დამზადების გადასაღებად მივყავარ სახლში. ყურუთს რძეში გადაზელილი ნადუღისგან ამზადებენ, რომელსაც მერე წაგრძელებულ ფორმას აძლევენ და მზეზე კვირაობით აშრობენ. მესამე თავისი დედამთილის ნაქარგებს მაჩვენებს. ყველა ამბავი ქალის შრომაზეა.
ყურუთის დამზადებააჭარული ნაქარგები
ინგა ჩოგაძე 40 წლისაა. 15 წლის იყო, როცა გათხოვდა. ადრეულ ასაკში გაათხოვეს, მაგრამ განათლების მიღება მაინც შეძლო. საექთნო დაამთავრა. თუმცა მისი პროფესიით არასდროს უმუშავია, რადგან მიხვდა, რომ რეალურად სულ სხვა რამ აინტერესებდა.
34 წლის იყო, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა და სოფელში პირველი ქალი გამგებელი გახდა. ახლა სოფელ დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელია.
„ოჯახში ვიყავი, დიასახლისი. ვზრდიდი შვილებს. ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი კარგი წლები, შვილების გაზრდას მოვანდომე. ჩემი ამ ნაბიჯით, გავმხდარიყავი სოფლის გამგებელი, ყველა ის წესი დავარღვიე, რომელი წესის დაცვასაც ჩვენი საზოგადოება სთხოვს სოფელში მცხოვრებ ქალს. უფრო კაცებთან მიწევს ურთიერთობა. თავიდან ცოტა უჩვეულო იყო ქალი ყოფილიყო ოჯახს გადაღმა გადასული და ემსახურებოდეს ისეთ საქმეს, როგორიც ჩემია.
ინგა ჩოგაძე
ქალის უფლებრივი მდგომარეობა აჭარაში ახლა ისეთი აღარაა, როგორც თუნდაც 15-20 წლის წინ იყო. როცა მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ყველაფერს ყურადღება ექცეოდა. ჩაცმას, სტილს, მანერას. დღეს ასე აღარაა. დღეს ქალები უფრო გამოვიდნენ წინა პლანზე. ჩადრდაფარებული არავინ აღარ დადის, ის რომ აუცილებლად გრძელი კაბა უნდა სცმოდა ქალს, ამის მოთხოვნა აღარაა. ვფიქრობ კარგია, რომ რაღაც შეზღუდვები აღარ აქვთ ქალებს და მარტო „კუხნაში“ არ არის ქალის ადგილი განსაზღვრული. ბევრი ქალია რაიონში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს მიღწევაა.
თუმცა მასიური არაა ქალების სახლიდან გარეთ გამოსვლა და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღება. ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ოჯახში უფროსი კაცია და კაცმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. 70% ასე ფიქრობს კიდევ. ვფიქრობ, ის ცხოვრება, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, თუნდაც ის, რომ ინტერნეტით ბევრ ინფორმაციას იღებს მოსახლეობა, ძალიან მალე მოიტანს ისეთ ცვლილებებს, რომ ქალები განთავისუფლდებიან,“ – ამბობს ინგა.
„პირველი კატეგორიის შშმ პირი ვარ, ეტლით მოსარგებლე. ზურგის ტვინის, ხერხემლის, დაზიანების გამო განმივითარდა ქვედა კიდურების პარეზი. 6 წლის წინ, როცა ჩემი შვილი, ლუკა იყო 7 წლის, სკოლის ექსკურსიაზე წავედით, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში. სურათს ვიღებდით და მორყეული მოაჯირიდან გადმოვვარდი…“ – გვიყვება თეა ბოლქვაძე. თეა გადმოვარდნის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა.
ის, რაზეც საუბარი უძნელდებათ
თეას თქმით, რეანიმაციაში მოხვედრილი ყველა პაციენტის პრობლემა ფიზიოთერაპიის ხელმიუწვდომელობაა. როცა ერთი მხრივ მკურნალობის პროცესი მიდის და სხვა მხრივ ვითარდება სხვა დაავადება – მძიმე და ღრმა. პაციენტებს ეს – ნაწოლები და კანის დაჟეჟილობა, მერე მთელი ცხოვრება აწუხებთ.
„რეანიმაციიდან პრაქტიკულად ყველა პაციენტი ნაწოლებით გამოდის. მედდებს ამისთვის არ სცალიათ. რეანიმაციაში ფიზიოთერაპევტები არ არიან, რომ ავირიდოთ ეს პრობლემა. როცა პაციენტი 1 თვე გაუნძრევლად „ძევს“, მას ამოძრავება სჭირდება. უდიდესი რესურსია საჭირო, ამ პრობლებას რომ უმკურნალო.
ნაწოლების პრობლემა აწუხებთ ეტლში მსხდომებსაც, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ყველა ერიდება, ესირცხვილებათ…
ჩვენ არ გვყავს ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები, რომლებმაც უნდა ასწავლონ პაციენტებს, როგორ ისხდნენ ეტლში, როგორი ეტლი უნდა ჰქონდეთ, როგორი ბალიშია საჭირო, არავინ გვასწავლის ამას. ავადმყოფის მოვლა არავინ იცის. შინ არასწორი მოვლით კი, სამწუხაროდ, კანის ნეკროზიც შეიძლება განვითარდეს.
ყველა კლინიკაში ერთი თუ არა, თბილისის თითო რაიონში, თითო მუნიციპალიტეტში, ერთი ფიზიოთერაპევტი მაინც რომ იყოს, დიდი შეღავათი იქნებოდა. ოჯახის ექიმი არ არის ასეთ საკითხებში კომპეტენტური“, – ამბობს თეა. ის უკვე მეექვსე წელია ეტლით მოსარგებლეა.
პანდემია შშმ პირი დედისთვის
პანდემიამ როგორც მთელ სამყაროზე, ჩვენზეც მოახდინა გავლენა. განვიცდი, რომ ფიზიკურ აქტივობას მოწყდნენ ბავშვები, ჩემი შვილი რაგბისტია, კვირაში სამჯერ დადის ვარჯიშზე, მაგრამ სახლში ძირითადად მაინც ზის ან წევს, ვინც სპორტზე არ დადის, წარმომიდგენია რა დღეშია. ადამიანურ ურთიერთობებს გადაეჩვიენ ბავშვები.
თეა ბოლქვაძე მეუღლესთან ერთად
ვფიქრობ, გადავიტანე კორონავირუსი, ყველანაირი სიმპტომი მქონდა, მაგრამ რთულ მდგომარეობაში იყო სასწრაფო, შემრცხვა გამომეძახებინა. თავად სასწრაფოს ყოფილი ექიმი ვარ, მესმის მედიცინა და ვმართავდი სიმპტომებს. ყელის სიმშრალე დღემდე დამიტოვა ვირუსმა.
სახელმწიფო ეხმარება შშმ პირს 250 ლარით, მაგრამ შშმ პირის მხოლოდ მკურნალობის ხარჯებიც კი ამ თანხას ბევრად აღემატება, განსაკუთრებით თუ თანმდევი დაავადებაც გაქვს. მე მაქვს მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ბევრი კვლევა და ანალიზი მჭირდება, იძულებული ვარ, უარი ვთქვა მკურნალობაზე, ფუფუნებაა ჩემთვის ეს, ამის საშუალება არ არის. თავის გასატანად უამრავი რამ გჭირდება, ამიტომ მკურნალობაზე უარის თქმა გიწევს.
ყველაზე დიდი მიზეზი, რისთვისაც ვიბრძოლე და აქამდე მოვედი, ჩემი შვილია. მინდა ეტლში მჯდომმაც ვაჩვენო ლუკას, რომ მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ.
ყოველთვის ვახლდი თან, არაადაპტირებული სკოლის მეოთხე სართულზე ავყავარ ხოლმე ჩემს ქმარს და დამხმარეს ხელით: ლუკას არც ერთი კონცერტი თუ წარმოდგენა არ გამომიტოვებია, მნიშვნელოვან მომენტებში არასდროს მარტო არ დამიტოვებია, სულ გვერდით ვყავარ.
როცა დიდ ტრავმას იღებ, კარგავ მეგობრებს
ოჯახის წევრების პრაქტიკულ, ემოციურ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა ტკივილისა და უმოქმედობისგან დეპრესია გაქვს. გგონია, რომ უსარგებლო ხარ და ვეღარაფერს გააკეთებ.
როცა სიყვარულს, მხარდაჭერას და თანადგომას გრძნობ, ხანდახან გავიწყდება ყველაფერი და აღარ აქვს მნიშვნელობა ეტლში ხარ თუ ორ ფეხზე დგახარ. ასეთი ძალა აქვს ხანდახან ერთ იმედიან სიტყვას, ხუთწუთიან გულითად საუბარს.
ხშირად ფარ-ხმალს ყრიან ადამიანები და ფიქრობენ: მორჩა, აღარაფერი შემიძლია! მაგრამ ასე არ არის. ყველას შეუძლია რაღაც.
თეა ბოლქვაძე
სამწუხარო სინამდვილეა: როცა დიდ ტრავმას იღებ, კარგავ მეგობრებს. ისინი იცნობდნენ სხვა ადამიანს და ახლა მათთვის მე სხვა ვარ. იცით, ჩემს თავს სირაქლემას სინდრომი გამოვუგონე, ასე უფრო მიმარტივდება: არ ვხედავ, არ მესმის და არ ვლაპარაკობ ამაზე.
ჩემს შემთხვევაში ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემი ექთანია: არ ევალებოდა, მაგრამ ყველგან დამყვებოდა, ჩვეულებრივად მივლიდა, როგორც დედა ან და. ეს უანგარო თანადგომა იმედით და დადებითი ემოციებით გავსებს, რითაც უამრავი რამის დაძლევაა შესაძლებელი…
მედალოსანი პარამშვილდოსანი, რომელმაც 15, 16 და 19-კილომეტრიან დისტანციაზე ირბინა
როცა რაღაც უნარი გეზღუდება, სხვა კარი იხსნება. ტრავმის შემდეგ მალე გავხდი 39 წლის და 40 წლის ჩავები პროფესიონალურ სპორტში. იქამდე მხოლოდ ფიტნესით ვიყავი დაკავებული, ისიც ხანდახან. პარამშვილდოსანი გავხდი. მაქვს ზამთრის ჩემპიონატის ინტეგრირებულ შეჯიბრში ვერცხლის ორი მედალი. ინტეგრირებული შეჯიბრი იცით რას ნიშნავს? ჩვეულებრივ სპორტსმენებს ეჯიბრები.
ვარ ასევე საქართველოს ზამთრის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ინტეგრირებულ ჩემპიონატში.
თეა ბოლქვაძე
მაისი ჩემთვის უცნაური თვეა. ამ თვეში მივიღე ტრავმა, მაგრამ მას შემდეგ თითქოს სამყარო აბალანსებს ყველაფერს და მაისის თვეში სულ გამარჯვებებს მიგზავნის. მაქვს ეტლით მსოფლიო რბენის 3 ჯილდო: 15, 16 და 19-კილომეტრიან დისტანციაზე.
7 კილომეტრი ვირბინე ეტლით ჩემს რეაბიტოლოგთან ერთად. ეტლით რბენის ჩემპიონატი არსებობს ზურგის ტვინის დაზიანებულთათვის.
მინდა რაღაც გთხოვოთ. იცით როგორი ფოტო დადეთ ჩემი? ემოცია რომ ჩანდეს. სხვებს რომ მუხტი გადავცეთ უკეთესი ცხოვრებისთვის საბრძოლველად, კარგი?
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა.
კანდიდატების სია, ფაქტობრივად, უცვლელია. სიახლე მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს შეეხო, სადაც ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ნაცვლად მისი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი მინისტრობის კანდიდატად.
მინისტრობის კანდიდატები არიან:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, ხოლო პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნება“ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სისრულეში მოიყვანს – პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებს? – სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.
ბატონო იაგო, რა პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნება პარლამენტს შიგნით და მის გარეთ, თუკი ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტენ?
პარტიული მოღვაწეობა უნდა განვიხილოთ, როგორც პროფესია. ცხადია, ნებისმიერ პროფესიაში მყოფ ადამიანს სჭირდება შესაბამისი ანაზღაურება. ადამიანები ახორციელებენ განსაზღვრულ ქმედებებს, ხარჯავენ ენერგიას, დროს და იღებენ გარკვეულ ფულად სარგებელს, ამის საფუძველზე განაგრძობენ ისინი თავიანთ საქმიანობას. პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა ნიშნავს, რომ ამ პროფესიას მიადგება ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი. გამოდის, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ, იპოვონ სხვა საქმე, რომ ელემენტარული სარჩო იპოვონ და პოლიტიკოსობა შეითავსონ, როგორც სამოყვარულო საქმიანობა. ეს არის სფერო, რომელსაც უნდა აკეთებდნენ პროფესიონალები. თუ ეს პროფესია იმიტომ გამოეკიდება ჰაერში, რომ მას შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ ექნება, ეს ძალიან ცუდია.
„ქართულ ოცნებას“ ასევე აქვს ინიციატივა, რომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმოს პარტიას, რომლის ლიდერიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ეს უკვე ავტორიტარული ნაბიჯია, როცა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჩერებ რეგისტრაციას. თუკი პარტია არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ეს ნიშნავს პარტიის გაუქმებას. თანაც, საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც რაც არ უნდა არ მოსწონდეს ვინმეს, აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ფაქტია, რომ ბოლო არჩევნებზე ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ამ პარტიას დაუჭირა მხარი. პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილის ნების წინააღმდეგ წასვლას, ეს ნიშნავს ამომრჩეველთა ამ ნაწილის ჩამოწერას, რომელიც ამ პარტიის ამომრჩეველია, მათ იგნორირებას, მათი უფლებების შელახვას.
ის, თუ რომელი პარტია ავირჩიოთ და მივანდოთ მას ხელისუფლების სადავეები, არის ხალხის გადასაწყვეტი. თუ პარტიას აუქმებ, გამოდის, რომ ხალხს, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყაროს, აუქმებ. თუ ხალხს აუქმებ, როგორც ლეგიტიმაციის წყაროს, ეს არის ფორმულა ავტორიტარიზმის.
ფიქრობთ, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოდ ვყალიბდებით?
ფორმალურად ვყალიბდებით ავტორიტარულ სახელმწიფოდ, მაგრამ შინაარსობრივად ასე არ იქნება. ეს ოპოზიციური პარტიები არსად არ მიდიან, რჩებიან ქვეყანაში და განაგრძობენ საქმიანობას. რასაკვირველია, ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია გაცილებით ნაკლებ ინსტიტუციურ ბერკეტს ფლობს იმისთვის, რომ მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ხალხი რჩება და ფიქრობენ, რომ გააძლიერებენ საპროტესტო მოძრაობას.
ოპოზიციის იმედი ალბათ არის ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი იმდენ წინააღმდეგობას შეხვდება გადაწყვეტილებების მიღების გზაზე, მათ შორის, საერთაშორისო სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, რომ თავად დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს. სხვათა შორის, ერთი საინტერესო სიგნალი იყო – ევროპარლამენტის რამდენიმე წარმომადგენელმა ასეთი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა საქართველოს, რომ გამოიყენონ სერბიის მოდელი და 2 წელიწადში, ანუ 2022 წელს ჩაატარონ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს სიგნალი წამოვიდა უკვე დასავლეთიდან. თუ ეს სიგნალი გაძლიერდა და ამას მხარი აუბეს სხვა ქვეყნებმაც, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, რომელიც ჯერ არ შედგომია თავის საქმიანობას, შესაძლოა, ეს მივიღოთ, როგორც მუშა ვარიანტი.
მანამდე ხომ არ ეცდება „ქართული ოცნება“ სხვადსხვა ფრაქციად გაიშალოს და ხელოვნურად შექმნას პარლამენტს შიგნით ოპოზიცია?
მე ნაკლებად ველოდები ამას, ამის გარისკვას ვერავინ გაბედავს… იმდენად ვერტიკალურია „ქართული ოცნება“, რომ ეს ნებისმიერ ადამიანს შეუქმნის დისკომფორტს, თუკი ეტყვიან, რომ ხელოვნურად უნდა დაუპირისპირდეს „ოცნებას“. ვფიქრობ, არც ერთი დეპუტატი არ წავა ამაზე.
ახლაც ხომ დისკომფორტი აქვს „ქართულ ოცნებას“, როცა პარლამენტი ერთპარტიულია?
ეს არის დისკომფორტი ქვეყნისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ – არა. რამდენადაც ჩანს მათი განცხადებებიდან და დამოკიდებულებიდან, მათ არავითარი დისკომფორტი არ აქვთ, პირიქით, უნდათ, რომ ენმ და „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შევიდეს. ამოისუნთქეს კიდეც მათი არშესვლით.
საერთაშორისო პლატფორმებზეც არ ექნებათ დისკომფორტი?
რასაკვირველია შეექმნებათ, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული ობიექტური საფუძველი თქვან, რომ არაერთი მოლაპარაკებით, ფორმალურად და არაფორმალურად ეცადნენ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მათ ასევე აქვთ არგუმენტი, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს კონკურენტულად – თქვეს, რომ არავითარი სერიოზული დარღვევა არ ყოფილა და ადამიანებს მიეცათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ეს ერთპარტიული პარლამენტი ჩვენი კი არა, ოპოზიციის არჩევანია და მუდმივად იქნება ამაზე აპელირება.
ფეისბუქში წერდით, რომ სიღარიბის მასშტაბი იზრდება და სოციალურად შეუმდგარი სახელმწიფო ვართ. თქვენი დაკვირვებით, რა როლს ითამაშებს სიღარიბე ამ პოლიტიკურ რეალობაში?
სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ღრმავდება… ხელისუფლება, ბუნებრივია, ეცდება იმის ახსნას, რომ პანდემია შეეხო მთელ მსოფლიოს, მაგრამ მშიერ ადამიანს არ შველის მსოფლიოზე მითითება. ჩანს, რომ პანდემიის მართვა არ იქნება ხელისუფლების დეკონსტრუქციის ძირითადი ინსტრუმენტი, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება იყოს, რადგან სოციალური ფონი კიდევ უფრო უარესდება.
ხელისუფლებას აღარ ჰყავს ვინმე პარლამენტში, ვისკენაც თითს გაიშვერს და პასუხისმგებლობას გადაუნაწილებს. სიღარიბე და უმუშევრობა ნამდვილად იქნება ხოხბის ძვალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი. კომპენსაცია, რასაც სთავაზობს ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილებს, არის სასაცილო.
თქვენი აზრით, აშინებს დღეს ხელისუფლებას სიღარიბე და მშიერი ადამიანი?
რასაკვირველია, ეს არის საშიში. ამ ენერგიას უნდა მობილიზება და აქ უნდა ივარგოს ოპოზიციამ, ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შეხვდნენ უფრო მეტად მოსახლეობას. უნდა იგრძნოს ხალხმა, რომ პარლამენტს მიღმა დარჩენის მიუხედავად, ოპოზიცია მათზე ზრუნავს. ეს სიტუაცია უნდა გამოიყენოს სწორად ოპოზიციამ მასსა და ხალხს შორის დაახლოების შესაძლებლობად.
რა არის ახალი? სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი გიგაბიტ LTE უკვე მთელი საქართველოშია, გაორმაგებული ინტერნეტ პაკეტებით!
გიგაბიტ LTE დაფარვის არეალი მუდმივად იზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ მილიონობით მომხმარებელს, უკვე შეუძლია ისარგებლოს ქვეყნის უსწრაფესი მობილური ინტერნეტით. გიგაბით LTE საშუალებით ერთდროულად მრავალ აბონენტს შეუძლია უწყვეტი და შეუფერხებელი ინტერნეტით სარგებლობა. მიჩვეულზე 7 ჯერ სწრაფი გიგაბიტ LTE სილქნეტისგან, ახლა უკვე საგრძნობლად გაზრდილი დაფარვით მთელ საქართველოში.
საახალწლო საჩუქარად კი 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტის მომხმარებლები არსებული ინტერნეტ პაკეტებს გაორმაგებული მოცულობით გაიაქტიურებენ – აქტივაციის კოდით *007#
გაორმაგებული ინტერნეტ პაკეტები – *007#
[checklist]
1500 MB – 4 ₾
3 GB – 6 ₾
6 GB – 9 ₾
10 GB – 12 ₾
16 GB – 15 ₾
40 GB – 30 ₾
[/checklist]
სადაც არ უნდა იყო, სილქნეტის 7ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტი გიგაბიტ LTE უკვე მთელს საქართველოშია! იხილეთ ვრცლად.
თურქეთში, ნევშეჰირში მომხდარმა უცნაურმა ამბავმა თურქული და მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია.
14 დეკემბერს ნევშეჰირში ცხვარი, თხა და სამი ბატკანი კომენდანტის საათის დროს ადგილობრივი ფერმიდან გაიქცნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ.
ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როგორ იქცეოდნენ ცხოველები მერიის შენობასთან, მათ არაერთი ადამიანი შეაშინეს.
ცხოველები მალე დააბრუნეს ფერმაში, მეორე დღეს კი ნევშეჰირის მერი რასიმ არი ფერმას ეწვია და ცხოველებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
აჭარის მთავრობა გონიოში, ზღვის პირველ ზოლში, 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ქონების საწყისი ფასი 900 000 ლარია, ბიჯი – 25 000 ლარი. ქონების საფასური მყიდველმა აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
გასაყიდ მიწის ნაკვეთზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მე-III ჩიხი N12ა- ში რამდენიმე ამორტიზებული შენობაა. სამინისტროს ინფორმაციით, შენობა თვითნებურად არის დაკავებული. აუქციონი 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
მიტოვებული შენობა გასაყიდ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით თვითნებურად არის დაკავებული
მთავრობა პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით ყიდის ყოფილი შემფუთავი ქარხნის რამდენიმე შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში. [ 1529 კვ. მ შენობა და მასთან ერთად 7574 კვ.მ მიწის ნაკვეთი].
აუქციონის პირობის მიხედვით შემძენმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდათექვსმეტი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება და საწარმოს ამოქმედება უნდა შეძლოს.
ქონების გამყიდველის, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შემძენმა აქ უნდა განავითაროს მხოლოდ წარმოების ხაზი, გარდა ინერტული მასალების წარმოებისა.
ამ ქონების საწყისი ფასი 230 000 ლარია, ხოლო ბიჯი 5 500 ლარი. აუქციონი 23 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
მთავრობა 2035 წლამდე ვადით აუქციონის წესით ასხვისებს ასევე 36 943 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს დაბა ოჩხამურში. აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველმა სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არაუმეტეს 36 თვის ვადაში 300 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აუქციონის პირობის მიხედვით საიჯარო პერიოდში დასაშვებია მიწის ნაკვეთის მხოლოდ აგრარული დანიშნულებით გამოყენება. ამ ქონების საწყისი ფასი 7 500 ლარია, ბიჯი – 200 ლარი.
მიწის ნაკვეთი შემძენმა აგრარული დანიშნულებით უნდა გამოიყენოს
ინგა კახაძე ინგლისური ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში. 45 წლის ახლა უკვე მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს ინგლისური ენა სკოლაში არ უსწავლია. ინგა 17 წლის, ნაადრევად დაქორწინდა და 2 შვილი გაუჩნდა. 25 წლისამ ინგლისური ენის სწავლა მოინდომა, რეპეტიტორებთან იარა, ენა ისწავლა და ბათუმის უნივერსიტეტში ჩააბარა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
ორშვილიანი ქალის სტუდენტობა ხულოდან ბათუმში, ინგას თქმით, საკმაოდ რთული, თითქმის შეუძლებელიც კი იქნებოდა, რომ არა მისი ოჯახის წევრების დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ მათ ოჯახის წევრს განათლება მიეღო, პროფესიაზე ეფიქრა და დროც ჰქონოდა ამისთვის.
ინგა კახაძე
ინგა კახაძე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისიდან:
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოჯახი მყავდა, ინგლისური ენის და კომპიუტერთან მუშაობის შესწავლა მოვინდომე. ეს 2001-2005 წლები იყო. რეპეტიტორთან დავდიოდი, ენა რომ მესწავლა. ჩემი ოჯახი დამეხმარა: დედამთილი და მამამთილი, რომლებიც თავადაც სკოლის მასწავლებლები იყვნენ და კარგად იცოდნენ რა მნიშვნელობა აქვს ქალისთვის განათლებას, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. მათ მიბიძგეს სურვილები რეალობად მექცია. ჩემს შვილებს იტოვებდნენ, თან სკოლაშიც მუშაობდნენ, პირუტყვს უვლიდნენ და თავისუფალი დრო მრჩებოდა სწავლისთვის. ყველა ჩემი პასუხისმგებლობა ოჯახში იმ დროს ჩემმა დედამთილმა იტვირთა.
„სტიპენდიას შვილებისთვის ვინახავდი, ერთადერთი ქალი ვიყავი კურსზე, ვისაც ოჯახი და შვილები ჰყავდა“
მე ბათუმში წავედი, სტუდენტი გავხდი და ნათესავთან ვცხოვრობდი. არ იყო საშუალება სწავლის საფასურთან ერთად ბინაც დამექირავებინა. ბავშვებს, ოჯახს ბევრი რამ სჭირდებოდა და ჩემი მეუღლე იმ დროს რუსეთში მუშაობდა, სწავლის გადასახადს მიხდიდა.
ბათუმიდან ხულოში გავრბოდი ყოველ კვირას ბავშვების სანახავად, წასვლა-მოსვლის საშუალებაც დიდად არ იყო. ერთადერთი ქალი ვიყავი ჩემს კურსზე ვისაც შვილები და ოჯახი ჰყავდა. როცა კურსელები სადმე მიდიოდნენ, მე ვერ ვიმეტებდი კაპიკებსაც, შვილებისთვის ვინახავდი სტიპენდიას.
„მხოლოდ შინ ყოფნა ქალის პიროვნულობის ჩაკვლაა“
ადრე სხვანაირად იყო. სკოლას რომ ამთავრებდი, მაშინვე ოჯახი უნდა შეგექმნა და მეც ასე მოვიქეცი. ისე, დედა სულ გვეუბნებოდა მე და ჩემს დებს, ქალი მეუღლის ხელფასზე დამოკიდებული არ უნდა იყოსო, სულ ამას ჩაგვჩიჩინებდა.
ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, სადაც ფიქრობენ, რომ შემომტანი უნდა იყოს მამაკაცი, ქალი კი მხოლოდ სამზარეულოში უნდა ტრიალებდეს. მე გამიმართლა, თუმცა რომ არა დედის და დედამთილის მხარდაჭერა, ახლა გამოუცდელი, გაუბედავი, შინიდან ფეხგაუდგმელი ქალი ვიქნებოდი.
როცა ქალი მხოლოდ ოჯახს ეკუთვნის, შინ შრომობს და შვილებს ზრდის, ვფიქრობ, რომ იჩაგრება. ბევრი ქალია, ვისაც განათლება არ მიუღია, მაგრამ აქვს ჩემზე უკეთესი სახლი, უკეთესი ნივთები და სხვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მხოლოდ შინ ყოფნა ქალის პიროვნულობის ჩაკვლაა.
„უნდა ვიცოდეთ, რას ისურვებდნენ ქალები თავიანთ სოფელში, უბანში, თემში“
ქალები, რომლებსაც სამსახური გვაქვს სოფელში, ოჯახს არაფერს ვაკლებთ. ორმაგადაც კი ვართ დატვირთულები: შინ სოფლის საქმეებსაც ვაკეთებთ და სამსახურშიც ვართ, საღამოობით რვეულებს ვასწორებთ, მეორე დღის გაკვეთილს ვგეგმავთ, ვამზადებთ მოსწავლეებს, მიწაზეც ვშრომობთ…. სოფელში დასაქმებული ქალი ორმაგად შრომობს.
ჩემს ირგვლივაც არიან ქალები, რომლებსაც მობეზრდათ შინ ყოფნა და თუნდაც თავშესაქცევს ეძებენ, გრძნობენ შინიდან გასვლის საჭიროებას.
თანამედროვე სამკითხველო ან ქალთა ოთახი მაინც რომ იყოს სოფელში, სადაც შეიკრიბებოდნენ, ხელსაქმეს მიუსხდებოდნენ ერთად, ისაუბრებდნენ, იკითხავდნენ, რაღაც სივრცე უნდა არსებობდეს სხვადასხვაგვარი უნარის გამოსავლენად.
ქალთა ოთახი არის ხულოს ცენტრში, მაგრამ იქ ახლომახლო მცხოვრები ქალები იკრიბებიან, ხულოს განაპირა სოფლების ქალები კი უყურადღებოდ რჩებიან, მათაც სჭირდებათ მსგავსი სივრცეები.
საჭიროა კვლევა, რომელი თემის ქალებს რა ტიპის სივრცე სჭირდება. უნდა ვიცოდეთ რას ისურვებდნენ ქალები თავიანთ სოფელში, უბანში, თემში.
მეტ პროგრამას უნდა ახორციელებდნენ მაღალმთიან რეგიონებში ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. მეტად უნდა იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალები სოფლიდან, შესაძლებლობების და კომპეტენციების მიხედვით.
ადრე უცხო ენა სოფლებში დიდად პოპულარული არ იყო. ახლა სამ სავალდებულო საგანს შორისაა ეროვნულ გამოცდებზე. ვცდილობ ჩემი გაკვეთილები ყოველთვის სიახლისშემცველი იყოს. მართალია ზუმმა თითქოს გაართულა სკოლის ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ეს პროგრამა იძლევა უამრავი ვიზუალური და საკომუნიკაციო სავარჯიშოების გამოყენების საშუალებას.
საკმაოდ კარგად სწავლობენ უცხო ენას სკოლაში ბავშვები. განსაკუთრებით ისინი, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ და უცხო ენა სჭირდებათ. წელს ჩემი 5 მოსწავლიდან 3 უფასო ფაკულტეტზე მოხვდა თსუ-ში.
ჩემთვის, როგორც ენის მასწავლებლისთვის დიდი გამოცდილება იყო ჰესის მშენებელიკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ორწლიანი პროექტი, რომლის ერთ-ერთი მასწავლებელიც მე ვიყავი.
ამ პროექტის ფარგლებში გადავამზადეთ 60-მდე მე-12 კლასელი, აბიტურიენტები. კურსები სრულიად უფასო იყო მათთვის, 2 წელი მე ჩვეულებრივად მიხდიდნენ ხელფასს ამ პროექტში. სახელმძღვანელოები, დისკები, ტექნიკური აღჭურვილობა – ყოველმხრივ გვამარაგებდნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა და შედეგი აქვს ასეთ პროექტებს მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც ბავშვებს ისე არ მიუწვდებათ ხელი რეპეტიტორებზე, როგორც ქალაქში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 18-19 დეკემბერს, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 4 – 9 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 20-21 დეკემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი შემოვიდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშებში, აღმოჩენილი იქნა საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი გადამტანი მწერები.
შემოსავლების სამსახურის ცნობით საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
18 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 2635 ადამიანს, გამოჯანმრთელდა – 2244, გარდაიცვალა – 49 პირი.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარაში – 230, იმერეთში – 338, ქვემო ქართლში – 216, შიდა ქართლში – 169, გურიაში – 66, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 199, კახეთში – 186, მცხეთა-მთიანეთში – 46, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.
9 წელია დაბა ხელვაჩაურის დიდი ნაწილი ბათუმს შემოუერთდა, მაგრამ აქაურობა ბათუმი მხოლოდ ქალაქის რუკაზეა.
ხელვაჩაურელების ნაწილი ბათუმელები გახდნენ, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ, მათთვის არაფერი შეცვლილა. მათ „ბათუმში“ ადამიანებს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ, არც ტროტუარებია, არც წრიული და ზებრა გადასასვლელები დახაზულა, აქვე არსებული სამრეწველო ზონისა და უწყვეტად მოძრავი ტრაილერების მტვერი კი ეზოებში მოთამაშე ბავშვების სუნთქვას დღითიდღე ამძიმებს.
მტვერი და წყალი გრაფიკით
„ეს ტერიტორია სამრეწველო ზონას ეკუთვნის, მაგრამ აქ საკმაოდ ბევრი კორპუსია, ბავშვიც ბევრია. ახლა აქ 30 „დრაბილკაა“ მინიმუმ, ქვის და ღორღის საფქვავი… არც ერთს არ აქვს ფილტრები, რომ გაწმინდოს დაბინძურებული ჰაერი. აქ არც სანიაღვრე არხები არ გვაქვს და წვიმის დროს მთელი ეზო იტბორება“ – გვათვალიერებინებს ფრიდონ ხალვაშის 312 ნომერში კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას გოგიტა მამულაძე, რომელიც ამ ეზოში ცხოვრობს.
გოგიტა გვაჩვენებს კორპუსისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურს და ცემენტის ქარხნის შენობას. იგი ამბობს, რომ სახლის ფანჯრებს ამ მხარეს ვეღარ აღებენ, რადგან მტვრის ნისლი და გამონაბოლქვი შემოდის.
„რომელი ევროპული სტანდარტებით შეიძლება ეს ასე რომ იყოს, არ ვიცი“ – ამბობს გოგიტა.
ნომერ პირველი პრობლემა აქ წყალია.
ფრიდონ ხალვაშის #312 კორპუსიდან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა სამშენებლო მასალების მაღაზია-საწყობი, რომლის ეზოშიც დალაგებულია აგურის ბლოკები, იყიდება ცემენტი, ბეტეკი, შპაკლი და ქვიშა.
გზის პირას, რამდენიმე მეტრის დაშორებით, საბავშვო მოედანია, სადაც ქუჩის ლამპიონები მხოლოდ ბუტაფორიაა – მოედანი არ ნათდება, რკინის ბოძებს უკვე ჟანგი მოედო.
დაჟანგული ლამპიონი სკვერში
„დავალაგებთ დილას სახლს, შუადღეზე უკვე სავსეა მტვრით, მეტალოპლასტმასის ფანჯრებშიც კი შემოდის. ასეთ სიბინძურეში ვცხოვრობთ, ვყლაპავთ ცემენტის და მანქანების მტვერს“ – გვიყვებიან ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.
ამ ადგილების გამწვანებაზე მხოლოდ აქ მცხოვრებნი ზრუნავენ, თუმცა ბოლო წლებში გამწვანების ყველა მცდელობა კრახით სრულდება. გელა ბერიძე გვეუბნება, რომ ყველაზე იოლად გასახარებელ მცენარეს, ალვის ხესაც კი ვერ ახარებენ – მტვრისა და გამონაბოლქვის გამო.
„ხეები მაინც რომ დაერგოთ, გამწვანება მოეხერხებინათ…. ჩვენ დავეხმარებით, ჩვენ დავრგავთ, ოღონდ მოიტანონ“ – გვეუბნება გელა.
სახიფათო გზაჯვარედინი
ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია, შესაბამისად აქ ყოველთვის ინტენსიური მოძრაობაა. ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან, ხშირად უწევთ ამ გზაზე სიარული და მისი გადაკვეთა, თუმცა აქ არ არის დახაზული ზებრა გადასასვლელები, ან თუ არის – ძალიან მკრთალად ჩანს, ფაქტობრივად გამქრალია.
ფრიდონ ხალვაშის სწორედ 213 ნომერთან არის ის გზაჯვარედინი, რომლის ერთი გზაც სამრეწველო ზონაში უხვევს, მეორე კი სოფლის ასახვევია. ამ მონაკვეთში ინტენსიურად გადაადგილდებიან სამშენებლო მასალებით დატვირთული ტრაილერები, სოფლისკენ მიმავალი მანქანები და ბათუმი-ახალციხის გზაზე მიმავალი მძღოლები.
გზაჯვარედინზე არც წრიულია დახაზული და არც შუქნიშანი არეგულირებს მოძრაობას. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ბევრჯერ მიმართეს მთავრობას, თუმცა უშედეგოდ, მათი მიმართვები ინსტანციიდან ინსტანციებში გადამისამართებაში ჩაიკარგა.
ფრიდონ ხალვაშის გამზირის უმეტეს ნაწილზე არც ტროტუარია, რის გამოც, განსაკუთრებით წვიმაში, ჭირს ტროტუარისა და ტრასის გარჩევა, ყველაფერი წყლით ივსება და ტალახდება, შესაბამისად, იზრდება ავარიების საშიშროება.
ალექსანდრე ქამაშიძე, რომელიც გზასთან ახლოს ცხოვრობს, ამბობს, რომ გამგეობას 4-ჯერ მიმართა საფეხმავლო ბილიკის მოწყობის თხოვნით.
მოგვარდება წელს პრობლემები?
მომავალ წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 69 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, აქედან 37 მილიონ 805 000 ლარი გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. მათ შორის იგეგმება ბათუმის გარეუბნებისა და შემოერთებული ტერიტორიების, რამდენიმე ქუჩის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება.
ბიუჯეტის მიხედვით კეთილმოწყობითი სამუშოები მომავალი წლისთვის ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ორ ჩიხსა და ერთ შესახვევშიც (III, VII ჩიხი და მე-9 შესახვევი) იგეგმება, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ცენტრალურ ნაწილზე ტროტუარებისა და ზებრა გადასასვლელების საკითხი კი მერიის მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული არ არის.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ გზაზე ზებრა გადასასვლელების დახაზვა მათი მოვალეობაა. აქ ირწმუნებიან, რომ ეს სამუშოები თითქმის ყოველთვიურად ხორციელდება, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე არ არსებობს სანიაღვრე არხები, წვიმის შემდეგ წყალი დგება და დახაზული ზებრა გადასასვლელები მალევე იშლება.
„განვაახლებთ, როგორც კი ამინდი გამოვა, სამდღიანი გამოდარება მაინც სჭირდება, რომ ჩავატაროთ ეს სამუშაოები,“ – გვითხრეს აქ.
სანიაღვრე არხების მოწყობის საკითხიც ამავე სამსახურს ეხება.
„ეს ცოტა გლობალური პრობლემაა. ამ ტერიტორიაზე განაშენიანება ძალიან სწრაფად და თვითნებურად მოხდა, ამისთვის ჯერ უნდა მომზადდეს პროექტი და შემდეგ მოგვარდება“ – ამბობს ირაკლი მაჩალაძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტი ჯერ არ არის დადგენილი, ამიტომ უცნობია, აისახება თუ არა მასში ამ დასახლების პრობლემები.
რაც შეეხება წყლის 24-საათიან რეჟიმში მომარაგების საკითხს, შპს “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე ჩატარებულია. დასახლებაში შეყვანილია ახალი ქსელი, ხდება გამრიცხველიანება, რის შემდეგაც რჩება საბოლოო ეტაპი – წყლის დატესტვა, რის შემდეგაც ჯამში 80 000-მდე აბონენტი წყლის ახალი ქსელით მომარაგდება. “ახალი ქსელის შეყვანის შემდეგი ეტაპია გამრიცხველიანებაა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ამის მერე ხდება წყლის დატესტვა, ანუ ლაბორატორიულად გაშება სათავე ნაგებობებიდან და რეზერვუარებიან მოდის წყალი, გამოირეცხება ქსელი, პროცესი დასასრულისკენ არის უკვე” – გვითხრეს კომპანიაში.
ის, რომ ამ ტერიტორიას ბათუმს შემოერთებულს უწოდებენ, შემთხვევითი არ არის – ამბობს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი აზრით, ამ ტერიტორიების ბათუმის საზღვრებში მოქცევა თავიდანვე დაუგეგმავი ნაბიჯი იყო, რომლის შედეგებსაც ახლა აქ მცხოვრები მოსახლეობა იმკის.
ნათია აფხაზავა
„თითქოს საინვესტიციო პაკეტისთვის სჭირდებოდათ, რომ დიდი ტერიტორია უნდა ჰქონოდა მუნიციპალიტეტს სხვადასხვა პროექტში ჩასართავად, მაგრამ თავიდანვე არ არსებობდა გეგმა, როგორ აპირებდნენ ამ ტერიტორიების გაერთიანებას ბათუმთან და ამიტომაც დღემდე რჩება ტერმინი – „შემოერთებული ტერიტორია“.
მოსახლეობას დღემდე არ აქვს განცდა, რომ ბათუმში ცხოვრობენ, მათი მისამართი მხოლოდ პირადობის მოწმობაში შეიცვალა, საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებულა“ – ამბობს ნათია აფხაზავა.
ის მიიჩნევს, რომ 2020 წელს ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც ყოფილი ხელვაჩაურის, ამჟამად ბათუმის ტერიტორიაზე 23 ჰექტარ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუცვალეს და სამრეწველო ზონად აქციეს, კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი პრობლემა:
„ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს გეგმა, იქ მოხდეს ქალაქის ტიპის განაშენიანება. ეს ტერიტორია აქციეს ქალაქის დამხმარე უბნად, ასე ჩანს.
ფაქტობრივად, მთელი დასახლება ისე აქციეს ქარხნებისა და საამქროების ადგილად, რომ მოქალაქეების ჩართულობა არ ყოფილა. არავის უზრუნია მათი აზრის გასაგებად. თუ ამ მიმართულებით წავალთ, მაშინ განსახლების გეგმააა საჭირო, რადგან აქ ადამიანები ცხოვრობენ“.
ნათია აფხაზავა მიიჩნევს, რომ ასეთი უბნებისთვის განვითარების ცალკე გეგმა საჭირო და აუცილებელია აქ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები თანდათან გაუმჯობესდეს.
„სხვა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი. ახლა ეს ტერიტორია არ ხელვაჩაურია, არც ბათუმი და ფაქტობრივად უმისამართო თემი, დავიწყებული დასახლება ყალიბდება“ – ამბობს ნათია აფხაზავა.
აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. ამ დასახლებებისთვის შესაბამისი პროექტები უკვე მზადაა და მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, არსებული გეგმით, 2021 წლის აგვისტოში ტენდერი დასრულებული უნდა იყოს და ამავე წლის შემოდგომაზე მშენებლობაც უნდა დაიწყოს.
წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ამავე გეგმით მაქსიმუმ 2024 წელში უნდა დასრულდეს.
დაბები და სოფლები სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემა უნდა მოეწყოს
ხულოს მუნიციპალიტეტში [1 571 ოჯახი]:
დაბა ხულო
ქვემო ვაშლოვანი
ოქრუაშვილები
დუაძეები
განახლება
დეკანაშვილები
ზემო დეკანაშვილები
თხილაძირი
ძირკვაძეები
დიოკნისი
გურძაული
ძმაგულა
შუახევის მუნიციპალიტეტში [1 328 ოჯახი]:
დაბა შუახევი
გომარდული
ღორექეთი
წანკალაური
სხეფი
სხეფელა
თერნალი
ბარათაული
ბრილი
ზემო ხევი
ჭალა
წყაროთა
ვარჯანაული
ჟანივრი
კრიახიძეები
გოგაძეები
ტბეთი
ქედის მუნიციპალიტეტში [852 ოჯახი]:
დაბა ქედა
ტიბეთა
ვაიო
ზედა აქუცა
ქვედა აქუცა
მილისი
უჩხითი
ქოსოფელი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში [1 123 ოჯახი]:
ზედა ერგე
ქვედა ერგე
ზედა ჯოჭო
ქვედა ჯოჭო
კირნათი
კობალეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში [955 ოჯახი]:
ცეცხლაური
ოჩხამური
ჯიხანჯური
მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება
ქვედა კვირიკე
აღნიშნულ დასახლებებში წყლისა და კანალიზაციის [გამწმენდი ნაგებობებისა თუ სეპტიკური ორმოების ჩათვლით] აშენებაში 37 842 332 ევრო უნდა დაიხარჯოს. სამუშაოები 5 ლოტადაა დაყოფილი და 2 ტენდერი გამოცხადდება.
ამ თანხაში არ შედის თანმხლები ღონისძიებების [ოფისები, ლაბორატორია, აღჭურვილობა], მასალებისა და უცხოელი კონსულტანტების მომსახურება; ასევე ის თანხა, რომელიც პარალელურად საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთია დაფინანსებული. აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო – ევროკავშირის გრანტი. დამატებით 9 მილიონი ევრო დაიფარება საქართველოს ბიუჯეტიდან დღგ-სა თუ სხვა გადასახდელების დასაფარად.
„ყველაფერი კეთდება და გაკეთდება ევროსტანდარტების დონეზე. მიზანი არის ის, რომ წყალარინების სისტემებიდან საბოლოოდ გაწმენდილი წყლის ჩაშვება მოხდეს. ეს არის პროექტის პირველი ფაზა. რაც შეეხება აჭარის დანარჩენ სოფლებს, ეს შეგვიძლია განვიხილოთ მეორე ფაზაში, თუ, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი დაფინანსება. დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა კი ჩვენს ძალებს აღემატება. ეს სახელმწიფოს საქმეა“, – გვითხრეს „აჭარის წყლის ალიანსში“.
ალიანსის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისგან დამოუკიდებლად მოეწყობა წყლისა და კანალიზაციის სისტემა კურორტ გოდერძიზე. ეს პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარით დაფინანსდება და 2021-22 წლებში დასრულდება.
ხულოს სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმებოდა, თუმცა თანხა [800 ათასი ევრო /ექვივალენტი ლარში] ვერ გამოინახა. შესაბამისად, ეს სამი სოფელიც, ზემოთ აღნიშნულ პროექტში ჩართეს.
რაც შეეხება დაბა ხელვაჩაურსა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას, ამისთვის 60 მილიონი ევრო სესხი უნდა დახარჯულიყო, რაზედაც ხელშეკრულებაც გაფორმებული იყო. თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან [KfW] დადებული სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა.
აღნიშნული თანხა, როგორც მთავრობა აცხადებს, პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება.
„კეთილი იმიჯი სჭირდება ახლა ხელისუფლებას, რომელსაც რეპუტაცია აქვს შელახული. ჰუმანური იმიჯი გჭირდება, როცა გაყალბებული არჩევნების შემდეგ მესამე ვადით გინდა ლეგიტიმაცია მიიღო. ამნისტია ჰუმანური აქტია,“ – მიიჩნევს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამნისტიაზე. ამნისტია სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება და დაახლოებით 850 მსჯავრდებულს.
ეკა ბესელია ამბობს, რომ როგორც უფლებადამცველი, ნებისმიერი ფორმის ამნისტიის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე კრიტიკული. თუმცა ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამნისტია არაა შეწყალება – პრეზიდენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტი. „ამნისტიას მეტი დასაბუთება სჭირდება,“ – დასძენს ეკა ბესელია.
„ამნისტიას როდესაც აცხადებს ხელისუფლება, ეს ყოველთვის რაღაცით არის განპირობებული. მაგალითად, როდესაც 2012 წლის ამნისტია გამოვაცხადეთ, კონტექსტი იყო რეპრესიული და უსამართლო რეჟიმი, არ არსებობდა მართლმსაჯულება და ამ დროს ამნისტიით, ერთჯერადი აქტით ანაცვლებ რაღაცით გამოწვეულ მძიმე შედეგებს, რომელსაც აქვს სწრაფი ქირურგიული ჩარევის ეფექტი.
ამ ამნისტიაში არ ჩანს სამიზნე, ვისთვის არის ეს გამიზნული და სრულად ვერ გვარდება ვერც ერთი პრობლემა: მართლმსაჯულების პოლიტიზება და მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობა დღეს არის ასევე ძალიან მაღალი, მაგრამ ამნისტია არ ეხება არცერთ იმ საქმეს, რომლის მიმართ არსებობს ნეგატიური განწყობა და კითხვები,“ – აღნიშნავს ეკა ბესელია.
პარლამენტის ყოფილი წევრი თვლის, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ეცდებოდა ხელისუფლება იმ შემთხვევაშიც, თუკი ამნისტია შეეხებოდა ე.წ. პოლიტიკურ საქმეებს და პოლიტიკური თანხმობა იქნებოდა ამნისტიის სამიზნე.
ეკა ბესელია აქცენტს აკეთებს ნარკოპოლიტიკაზეც, რომლის რეფორმაც წინა მოწვევის პარლამენტმა ჩააგდო. ამნისტია არ შეეხება ნარკორეალიზატორებს, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზატორებს და მომხმარებელს. ეკა ბესელია თვლის, რომ ამნისტია მინიმუმ შეიძლება შეხებოდა იმ საკანონმდებლო ვაკუუმს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ გაჩნდა.
„მაგალითად, მარიხუანას კულტივაციის კუთხით საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ შეუსაბამო სასჯელები და შეცვალეთო, რამდენიმე პატიმარია, რომელიც დღემდე იხდის სასჯელს და პარლამენტმა არ შეავსო საკანონმდებლო ვაკუუმი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ შეიქმნა… მე მქონდა კანონროექტი ამ კუთხით, მაგრამ არ განიხილეს ცოცხალი თავით,“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ამნისტია არ შეეხება არც პანდემიის პირობებში სისხლის სამართლის წესით დაჯარიმებულ პირებს.
„რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო, მაგრამ ესეც არ გაითვალისწინეს… ამნისტიის შესახებ კანონში ჩვენ გვქონდა ქალი პატიმრების, ასევე არასრულწლოვნების მიმართ სპეციალური ჩანაწერი, არც ეს არ არის, სამაგიეროდ ისეთი მუხლებია, რომელზეც არ მახსენდება პრაქტიკაში, ვინმე თუ იხდის სასჯელს, ერთი-ორი ადამიანი შეიძლება იყოს მსჯავრდებული. ეს მუხლებია, მაგალითად, უკანონო თევზჭერა, საამქროს უკანონო მოწყობა, სამხედრო ქონების განადგურება, საბულღატრო ჩანაწერების წესების დარღვევა და ასე შემდეგ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უფრო პიარული სვლა იყო და რაოდენობის გამო გაზარდეს,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღკვეთი ღონისძიების სახით 1000 ლარი გირაოს გადახდა დააკისრა ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტს და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელს ხათუნა ბერიძეს. სასამართლომ ამავე ოდენობით გირაო შეუფარდა გოგიტა სოლომონიძესაც. ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. მათ ძალადობის ჩადენას ედავება გამოძიება.
საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ის სიტყვიერად შეურაცხყო ადამიანმა, ვისაც ხელი დაარტყა.
პროკურორმა ხათუნა ბერიძისთვის გირაოდ 3 ათასი ლარის შეფარდება ითხოვა, გოგიტა სოლომონიძის შემთხვევაში კი – 2 ათასი ლარის. ადვოკატი თენგიზ კახიძე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ან მაქსიმუმ 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.
„…შუახევის მერის მოადგილემ როცა მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ის არც კი გამოუკითხავთ… ეს არის შერჩევითი მიდგომა და დისკრიმინაცია. მე გირაოს ვერ გადავიხდი, პირობის დარღვევა მომიწევს. ჯობია, დამაპატიმროთ,“ – მიმართა მოსამართლეს ხათუნა ბერიძემ.
დაცვის მხარემ წარმოადგინა ასევე დაზარალებულის პოზიცია. ადვოკატის თქმით, დაზარალებული წერილობით ადასტურებს, რომ ბრალდებულებთან სამართლებრივი პრეტენზია არ აქვს.
„როგორმე იყავით ისე, რომ თქვენი სიტყვა დააფიქსიროთ წესრიგის დაცვით… ქაოსში მარტივია ერთი ხელი მეორეს მოხვდეს,“ – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულებს, ვიდრე ის საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.
„ადვილი შესაძლებელია, საზოგადოებრვი წესრიგის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდოს“, – დასძინა მოსამართლემ.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს საქმე საკმაოდ მოცულობითია, ბევრი მოწმე დაუკითხავს პროკურატურას და იშვიათია, როცა „ბრალდების მხარე დაპატიმრების ნაცვლად გირაოს ითხოვს.“
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განსაკუთრებულად ხანგრძლივი დრო – 80 დღე დაუწესა ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად.
———————————————————
ხათუნა ბერიძე 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უკვე ორჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით – 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიის წინ ხათუნა ბერიძე ხულიგნობისთვის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ის კომისიის წევრებს მიმართავდა სიტყვებით: „მონებო,“ „სირცხვილია“… ეს შემთხვევა სამართალდარღვევად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ხათუნა ბერიძე 500 ლარით დაჯარიმდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სახიფათოდ შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.
ხათუნა ბერიძე დააკავეს 15 დეკემბერსაც, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გააპროტესტეს. ხათუნა ბერიძე აქციის მიმდინარეობის დროს უმაღლესი საბჭოს ღობეზე შემოდგა და იქედან სცადა სტიკერების გაკვრა. პოლიციელებმა მას ღობიდან ჩამოსვლა მოსთხოვეს. ხათუნა ბერიძე პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ღობიდან ჩამოვიდოდა, მაგრამ მას ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.
სკოლებში 2020-ის სასწავლო წელი 30 დეკემბერს დასრულდება. მოსწავლეების სემესტრული შეფასებისთვის კი სკოლები ძირითადად იმ მეთოდს მიმართავენ, რაც პანდემიის პერიოდში სამინისტროსგან ოფიციალურად იყო გაჟღერებული. ეს არის მაგალითად, შემაჯამებელი კომპლექსური დავალებები, რომელიც შესაძლოა როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმითაც ჩატარდეს.
ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ თითქმის ყველა საგანში ზეპირი შემაჯამებლებით შეაფასეს მის სკოლაში მოსწავლეები და ეს ბევრმა გააპროტესტა. კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი კი გვეუბნება, რომ საკითხები დალაგებული იყო არა კონკრეტული თემის მიხედვით, არამედ მასწავლებელი კითხვებს მთლიანი პროგრამიდან სვამდა, რაც ბავშვებისთვის დამღლელი და ქაოტურიც იყო.
სკოლის დირექტორი დათო ეცადეიშვილი კი ამბობს, რომ „ჩვეულებრივი შემაჯამებლები ჩატარდა“ და ზოგიერთმა მასწავლებელმა შესაძლოა ზეპირი ფორმაც გამოიყენა.
„მასწავლებლის გადაწყვეტილებით ჩატარდა ჩვეულებრივი შემაჯამებელი, განსაკუთრებული არაფერი. გასასაჩივრებელი რა არის ამაში, რა პრობლემაა?“ – ამბობს დირექტორი.
დირექტორის თქმით, ყველა სკოლაში მოქმედებს ელექტრონული ჟურნალი და საბოლოოდ, მოსწავლე ჟურნალში დაჯამებული ქულების მიხედვით შეფასდება.
„ელექტრონულ ჟურნალში ყოველდღიურად მიმდინარეობს აღრიცხვა, იწერება ქულები და ჩვეულებრივად გამოვა სემესტრული ქულაც“, – ამბობს ის.
კითხვაზე, რა შემთხვევაში იყენებს მასწავლებელი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას, დირექტორი ამბობს, რომ ყველა საგანს თავისი სპეციფიკა აქვს.
„შესაძლოა, სადღაც ზეპირად შეეკითხა მასწავლებელი, სადღაც წერილობით“, – ამბობს ის. ძირითადად, ზეპირ შეფასებას მაინც იმ შემთხვევაში იყენებენ მასწავლებლები, როცა მოსწავლეს ონლაინგაკვეთილებზე წვდომა არ აქვს და „თიმსში“ ვერ შედის.
„ასეთი 12 მოსწავლე მყავს სკოლაში, ზოგი მათგანი სპეციალური საჭიროების მქონეა, ამიტომ აქაც ინდივიდუალურად ხდება მათი შეფასება“, – გვეუბნება დათო ეცადეიშვილი.
სემესტრული შეფასების ნაწილზე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ახალი სკოლის მოდელის ტრენერს თამთა კვარაცხელიასაც ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ სემესტრული შეფასებისას შემაჯამებელი სამუშაოების კომპონენტი აუცილებელია და ასევე სასურველია იყოს კომპლექსური დავალებები.
„მარტო წერაში ან მეტყველებაში კი არ უნდა იყოს შეფასება, არამედ ბევრ კომპონენტს უნდა მოიცავდეს“, – ამბობს ის.
ზეპირი შემაჯამებელი დავალებების კომპონენტს თამთა უფრო ხშირად იყენებს იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ონლაინში არ არიან. „მყავს ასეთი რამდენიმე მოსწავლე, მათ ვუკავშირდები, ტელეფონით ვუხსნი და ვიბარებ დავალებას. მე, პირადად, ასე უნდა შევაფასო რამდენიმე მოსწავლე სემესტრულადაც“, – ამბობს თამთა.
მისი თქმით, ზეპირი შემაჯამებელი მასწავლებელს „თიმსშიც“ შეუძლია გამოიყენოს, თუ ასწავლის უცხო ენას ან თუნდაც ქართულ ენას.
„გააჩნია საგნის სპეციფიკას. „თიმსში“ ძალიან კარგად შეიძლება გააკეთო შემაჯამებელი ზეპირი სახითაც და მოსწავლეს მისცე კომპლექსური დავალებებიც. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი აქტივობა, მით უფრო ისეთ პირობებში, როგორშიც ახლა გვიწევს მუშაობა. გააჩნია რა მიზანი აქვს მასწავლებელს დასახული“, – ამბობს თამთა.
მისი თქმით, მთავარია მოსწავლემ რაღაც ისწავლოს და განვითარდეს.
„საბოლოო შეჯამებას ელექტრონული ჟურნალი აკეთებს, არის საკლასო სამუშაოები, დამოუკიდებელი სამუშაო, არის შემაჯამებელი სამუშაო. მასწავლებელი როგორც საჭიროდ ჩათვლის, იმ კომპონენტით შეაფასებს ბავშვს, მაგრამ შემაჯამებელი სამუშაოების კომპონენტი არის აუცილებელი.
მე, პირადად, მოსწავლის შეფასებისას დიდწილად დავეყრდნობი ელექტრონულ ჟურნალს, მაგრამ რომელ მოსწავლესაც არ აქვს წვდომა ელექტრონულ ჟურნალზე, იმათაც შევაფასებ და მათ საბოლოო ქულას ელექტრონულ ჟურნალში მაინც ავსახავ“, – გვეუბნება ის.
განათლების სამინისტროს პოზიციაა, რომ სკოლებმა პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების დროს, მოსწავლეთა აკადემიური შეფასებისას განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენონ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გვერდი ფეისბუქზე ავრცელებს ფოტომასალას, რომელიც ასახავს, თუ როგორ მივიდა სოფელ ღვანკითში სპორტული მოედნის გასახდელის დასათვალიერებლად თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
ფოტოებზე ჩანს, რომ „გასახდელი“ თუნუქის ფურცლებით შემოსაზღვრული პატარა ადგილია.
„სოფელში ძალიან კარგი ბავშვთა გუნდია, მათ თამაშს სოფლის პირველობის დროს დავესწარით და გუნდს ბურთები გადავეცით. სოფლის ინიციატივით, სტადიონი „სოფლის პროგრამით“ შემოიღობა. წინასაარჩევნო შეხვედრების დროს კი ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გასახდელის მოწყობა დაასახელეს. შესაბამისად, მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და მასალა გადავეცით.
სოფლის მკვიდრებმა მერიისაგან მიღებული მასალით კონსტრუქცია თავადვე გააკეთეს და დღეიდან უკვე გუნდს ახალი გასახდელი აქვს მოწყობილი. მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა ასეთი მოტივირებულია. მჯერა, რომ თითოეული მათგანი მაქსიმუმს გააკეთებს და სპორტული ცხოვრების განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს,” – მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდი თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის ამ ციტატას ავრცელებს.
აქვე აღნიშნულია, რომ „ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში“.
ფოტო: თერჯოლის მუნიციპალიტეტი. ლაშა გოგიაშვილი „გასახდელში“
ფოტო: თერჯოლის მუნიციპალიტეტიფოტო: თერჯოლის მუნიციპალიტეტი
დღეს, 17 დეკემბერს, აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, მომავალი წლის განათლების ბიუჯეტი 58 მილიონ 774 ათასი ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტში, როგორც მინისტრი ამბობს, დაახლოებით ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი დაიხარჯება.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდმა აჩვენა, რომ კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა გაცილებით მეტ – 7 ათასზე მეტ ბავშვს არ აქვს, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღები 49 478 პირია. სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 19 284.
მინისტრს არც იმაზე უსაუბრია, მთლიანად აჭარაში რამდენი სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს და ყველა მიიღებს თუ არა პლანშეტს ან ექნებათ თუ არა წვდომა ინტერნეტთან იმ ბავშვებს, ვისთვისაც პლანშეტებს შეიძენენ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ჰკითხა, თუ რატომ გადაწყვიტეს მხოლოდ 1000 პლანშეტის შეძენა, როცა რეგიონში გაცილებით მეტ ბავშვს სჭირდება კომპიუტერული ტექნიკა. სამინისტროში გვიპასუხეს, რომ მათ ეს მონაცემები განათლების სამინისტროსგან მიიღეს.
აჭარის განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ პლანშეტები იმ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს გადაეცემათ, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 000 ან უფრო ნაკლებია და ოჯახში 3 ან მეტი ბავშვია, რომელთაც ერთდროულად უწევთ ონლაინსაგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
კითხვაზე – სამინისტროს ასეთი მიდგომა ხომ არ აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას იმ ბავშვებთან მიმართებაში, ვისაც შესაძლოა უფრო მაღალი ქულა აქვს, მაგრამ ასევე არ მიუწვდება ხელი ტექნოლოგიებზე, სამინისტროში ამბობენ, რომ მათ „ყველაზე დაუცველი ფენა შეარჩიეს“.
„საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო და ჩვენც დავიწყეთ“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ბერლინში უფასო საკვების დარიგების კამპანიაში მიიღო მონაწილეობა – წერს „დოიჩე ველე“.
„კარიტასის“ უფასო საკვების ფურგონი ბერლინში ათ სხვადასხვა ადგილას ჩერდება და დღეში 200-მდე ადამიანს აწვდის უფასო, ცხელ საკვებს.
შობის წინ ღარიბი ადამიანებისთვის უფასო სადილის დარიგების ტრადიციას გერმანიაში გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როცა გერმანელი მომღერალი ფრანკ ცანდლერი უფასო საკვებით გაუმასპინძლდა 300 ადამიანს. მას შემდეგ მუსიკოსი სხვადასხვა კომპანიებისა და ჩართულობით მართავდა უფასო სადილს, თუმცა ბოლო წლებში იგი შეუერთდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ კამპანიას.
გერმანული მედია წერს, რომ სწორედ ფრანკ ცანდლერმა შესთავაზა პრეზიდენტს კამპანიაში მონაწილეობა და პრეზიდენტიც სპონტანურად დათანხმდა შეთავაზებას, რათა ღარიბ ადამიანებს აჩვენოს, რომ მთავრობა მათ ამ დროსაც არ ივიწყებს.