განათლება,მთავარი,სიახლეები

„მეშინია გარეთ გასვლის, რომ ვირუსი ბებიას არ მოვუტანო“ – მოსწავლეები პანდემიის დროს

18.12.2020 • 2543
„მეშინია გარეთ გასვლის, რომ ვირუსი ბებიას არ მოვუტანო“ – მოსწავლეები პანდემიის დროს

გიორგი გელაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-12 კლასში სწავლობს. ყველაზე მეტად, რაც პანდემიამ მის ცხოვრებაში შეცვალა, ადამიანებთან ურთიერთობაა. გიორგი ამბობს, რომ მისთვის სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობა დისკომფორტს უქმნის.

„მე ასეთი ადამიანი ვარ, ურთიერთობები მიყვარს, უნდა ვხედავდე ადამიანს, უნდა შევხვდე და ველაპარაკო, ვისეირნო მასთან ერთად, ეს ყველაფერი კი კორონავირუსის პანდემიამ მინიმუმამდე დამიყვანა. ვცდილობ შევეგუო, მაგრამ მიჭირს“, – ამბობს გიორგი.

გიორგი გელაძე

პანდემიამდე გიორგი აქტიურად ცხოვრობდა. ამბობს, რომ ონლაინში გადატანილმა გაკვეთილებმა ამ ყველაფერს თავისი დაღი დაასვა.

„სწავლის ეფექტურობაც შემცირებულია, ამიტომ 5 მასწავლებელთან დავდივარ ეროვნული გამოცდებისთვის რომ მოვემზადო. დრო ფაქტობრივად არ მაქვს. ცხრა საათის შემდეგ შემეძლო გარეთ გავსულიყავი განტვირთვისთვის და შეზღუდვების გამო, ახლა გარეთაც ვეღარ გავდივარ.

ფეხბურთელი ვარ და გაგვიჩერდა ვირჯიშიც. ვისაც სურვილი აქვს, რომ ფორმაში იყოს, მარტო ვარჯიშობს ბულვარში.

დადებითი მხარე ის აქვს ამ ყველაფერს, რომ ცუდ ამინდში გარეთ გასვლა არ გიწევს, ხარ თბილად და წყნარად სახლში და დროსაც იგებ. შეგიძლია 5 წუთით ადრე ადგე და შეხვიდე გაკვეთილზე. შეგიძლია ვიდეოთვალიც არ ჩართო“, – ამბობს გიორგი.

ის ყველაზე მეტად მაინც ადამიანური ურთიერთობების გაცივებას განიცდის.

„მარტო მეგობრებთან კი არა, ქუჩაშიც რომ გახვიდე, ამას ადვილად შეამჩნევ. ადამიანებს ეშინიათ გამარჯობის თქმა, ერთმანეთთან საუბარი. გაცივდა ურთიერთობები“, – ამბობს გიორგი.

გიორგის დაკვირვებით, პანდემიამ მასში ყველაზე მეტად ის შეცვალა, რომ ფრთხილი და მზრუნველი გახადა, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ.

„მასწავლა საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რასაც მანამდე ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას. ბულინგიც კი შემცირებულია ახალგაზრდებში, რადგან პანდემიამ ადამიანებს ერთმანეთის დაფასება და სიყვარული გვასწავლა“.

დეა დავითაძე ბათუმის პირველ სკოლაში, მე-11 კლასში სწავლობს. დეა ამბობს, რომ ამ სკოლაში წელს გადმოვიდა და ბოლომდე კლასელების გაცნობაც კი ვერ მოასწრო, თუმცა ონლაინსწავლებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ისევე ემზადება გაკვეთილებისთვის, როგორც სკოლაში სწავლის დროს.

ყველაზე მეტად, როგორც სხვა მისი თანატოლები, მეგობრების სიშორეს განიცდის.

„მეშინია გარეთ გასვლის, რომ ვირუსი არ შემხვდეს და ბებიას არ მოვუტანო. თუმცა ახლა ისეთი შიში აღარ მაქვს, როგორც გაზაფხულზე მქონდა. მაშინ ისე ვიყავი, რომ ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზეც კი არ წავედი. ზაფხულში თითქოს შემსუბუქდა ეს სტრესი, მეგობრებსაც ვნახულობდი, თუმცა ახლა 3 თვეა არავინ მინახავს. ძალიან იშვიათად, მხოლოდ 1-2 თუ შევხვდები ცოტა ხნით“, – ამბობს დეა.

პანდემიამ შეცვალა ოჯახური ურთიერთობებიც. ახლა მშობლებს უფრო მეტი დრო რჩებათ მასთან საუბრისთვის და მომავალი პროფესიების განხილვისთვისაც. „ხშირად ვსაუბრობთ, ვარჩევთ ფაკულტეტებს, როცა ტესტებს ვხსნი, მეხმარებიან კიდეც და თითქმის მთელ დროს ერთად ვატარებთ.

დეა დავითაძე

ყველაზე სტრესული მაინც მეგობრების გარეშე ყოფნაა. სკოლა მენატრება, მასწავლებლებთან უშუალო კონტაქტი, ის დრო, როცა ერთად ვიკრიბებოდით და დიდ დაბადების დღეებს ვაწყობდით. ბულინგის და ჩაგვრის მომენტებსაც თითქმის ვერ ვგრძნობთ, რადგან ონლაინში ვერ ჩაცმის გამო დაგცინებენ და ვერც თმის. საუბრის თემაც შეიცვალა – ვის დაუდასტურდა კორონა, როგორ გადაიტანა და ასე შემდეგ“, – გვეუბნება დეა.

ლუკა კეკელიძე მე-12 კლასელია. ბათუმის მე-15 სკოლაში სწავლობს. როგორც სხვა მე-12 კლასელები, ისიც განიცდის, რომ პანდემიის გამო შესაძლოა ვერც გაზაფხულზე დაბრუნდნენ  სკოლაში. „მით უმეტეს, როცა წელს ვამთავრებთ და გამოსაშვები საღამო შესაძლოა არ გვქონდეს, არც ბოლო ზარი გვექნება, ეს ძალიან რთულია“.

ოჯახურ ურთიერთობებში ლუკასთან ის შეიცვალა, რომ დედას იშვიათად ნახულობს, რადგან დედა ექიმია და ყველაზე მეტ დროს კლინიკაში ატარებს.

„ონლაინ გაკვეთილები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. გაჭირდა კერძო მეცადინეობაც, რადგან თუ ჯგუფში ვინმეს დაუდასტურდება, მასწავლებელი მეცადინეობებს წყვეტს“, – ამბობს ლუკა.

მისთვის სევდიანი ის ამბავი, რომ პანდემიის გამო ყველაფერი არაპროგნოზირებადი გახდა.

„არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება. გერმანიაში სწავლა მინდოდა, მაგრამ არც ის ვიცით, საზღვრები გაიხსნება თუ არა. თუმცა პროფესიაზეც როცა ვფიქრობ, ვხვდები, რომ კომპიუტერული მეცნიერები უფრო მეტად გახდა საჭირო. ცოდნის გაღრმავება ამ მხრივ აუცილებელია“, – ამბობს ლუკა.

ლუკა კეკელიძე

ის, რაც ქალაქსაც და სოფელსაც საერთო აქვთ ამ პანდემიაში, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობაა. თეა ამაღლობელიც იგივეს განიცდის ამ მხრივ, რასაც ქალაქში მცხოვრები თანატოლები.

თეა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში სწავლობს. დამამთავრებელ კლასშია. მასაც გული წყდება იმაზე, რომ დროს, რომელიც მეგობრებთან უნდა გაეტარებინა, სახლში ატარებს.

„ვეღარც სკოლაში დავდივართ, ვეღარც მეგობრებთან, მეზობლებშიც არ გადავდივართ, რადგან ყველას ეშინია ვირუსის. შევწყვიტე კლასელებთან, ახლობლებთან ურთიერთობები და დავრჩი სახლში მარტო“, – ამბობს თეა.

მეგობრებს იმის გამო ვეღარ ხვდება, რომ გამოცდებისთვის მოსამზადებლად სოფლიდან ქალაქში გადმოვიდა. „არ ვაპირებდი მომზადებას, მაგრამ ახლა იძულებული ვარ 4 საგანში მოვემზადო. სკოლაში რომ გვევლო, ასე არ იქნებოდა, რადგან გაკვეთილების შემდეგ დამატებით ვაპირებდით მეცადინეობას სკოლაში. ახლა კი ეს აღარ გამოდის და ვერც ონლაინ სწავლების დროს მივიღე ის ცოდნა, რაც საჭიროა გამოცდების ჩასაბარებლად“.

თეა ამბობს, რომ პანდემიამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რის გამოც ყველა აბიტურიენტს იმის საშუალებაც აღარ აქვს, რომ მოემზადოს.

„შეიძლება მე მოვახერხე, რომ წამოვედი ქალაქში და ვემზადები, მაგრამ ჩემი კლასელები სოფელში არაფრის იმედად არიან“.

ახალგაზრდების თქმით, პანდემიამ ბევრი მათი გეგმები შეცვალა, თუნდაც ის, რომ ექსკურსიაზე სადმე ერთად წასულიყვნენ. „ახლა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ გაჯეტებთან გატარებულ დროს ის დრო გვირჩევნია, როცა ქუჩაში თავისუფლად დავდიოდით და მეგობრებთან ვერთობოდით“.

თეა ამაღლობელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: