განათლება,მთავარი,სიახლეები

ვის აძლევს აჭარის მთავრობა 1000 პლანშეტს, როცა 7000 ბავშვს არ აქვს კომპიუტერი

17.12.2020
ვის აძლევს აჭარის მთავრობა 1000 პლანშეტს, როცა 7000 ბავშვს არ აქვს კომპიუტერი

დღეს, 17 დეკემბერს, აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, მომავალი წლის განათლების ბიუჯეტი 58 მილიონ 774 ათასი ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტში, როგორც მინისტრი ამბობს, დაახლოებით ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი დაიხარჯება.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდმა აჩვენა, რომ კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა გაცილებით მეტ – 7 ათასზე მეტ ბავშვს არ აქვს, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღები 49 478 პირია. სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 19 284.

მინისტრს არც იმაზე უსაუბრია, მთლიანად აჭარაში რამდენი სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს და ყველა მიიღებს თუ არა პლანშეტს ან ექნებათ თუ არა წვდომა ინტერნეტთან იმ ბავშვებს, ვისთვისაც პლანშეტებს შეიძენენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ჰკითხა, თუ რატომ გადაწყვიტეს მხოლოდ 1000 პლანშეტის შეძენა, როცა რეგიონში გაცილებით მეტ ბავშვს  სჭირდება კომპიუტერული ტექნიკა. სამინისტროში გვიპასუხეს, რომ მათ ეს მონაცემები განათლების სამინისტროსგან მიიღეს.

აჭარის განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ პლანშეტები იმ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს გადაეცემათ, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 000 ან უფრო ნაკლებია და ოჯახში 3 ან მეტი ბავშვია, რომელთაც ერთდროულად უწევთ ონლაინსაგაკვეთილო პროცესში ჩართვა.

კითხვაზე – სამინისტროს ასეთი მიდგომა ხომ არ აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას იმ ბავშვებთან მიმართებაში, ვისაც შესაძლოა უფრო მაღალი ქულა აქვს, მაგრამ ასევე არ მიუწვდება ხელი ტექნოლოგიებზე, სამინისტროში ამბობენ, რომ მათ „ყველაზე დაუცველი ფენა შეარჩიეს“.

„საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო და ჩვენც დავიწყეთ“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: