Batumelebi | როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან – Batumelebi
RU | GE  

როგორ უნდა დაუწერონ ნიშნები მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებიან

კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარის რეგიონში კი, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არც სექტემბერში განახლებულა. რამდენიმე დიდ ქალაქში სწავლა ასევე დისტანციურად მიმდინარეობს, იზრდება წერტილოვანი შეზღუდვებიც სხვადასხვა სკოლაში.

განათლების სამინისტროს „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ 21 სექტემბერს მიმართა ოფიციალურად და ჰკითხა, თუ რამდენ ბავშვს არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა ან სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და ვერ მონაწილეობდა სასწავლო პროცესში. სამინისტროში კითხვას პირდაპირ არ უპასუხეს და მოგვწერეს, რომ „600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ TEAMS – ში და  მათ შესაძლებლობა აქვთ, სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინინსტრუმენტებით“.

TEAMS-ის პროგრამაში პროფილის გააქტიურება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსწავლე სარგებლობს ამ პროფილით და ჩართულია სასწავლო პროცესში, რადგან ონლაინსწავლებაში ვერ ჩაერთვება მოსწავლე, თუ მას არ აქვს ინტერნეტი ან კომპიუტერი.

სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს დამუშავებული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მოსწავლე ვერ ახერხებს, ვთქვათ, კვირაში ერთხელ მაინც ონლაინგაკვეთილზე დასწრებას, დავალების შესრულებას და აქტივობების განხორციელებას.

მაგალითად, აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ აჭარაში 60 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 12 პროცენტს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ 7 200-მდე მოსწავლე ფაქტობრივად სასწავლო პროცესის მიღმაა დარჩენილი. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ სკოლები იმ მოსწავლეებს, რომლებიც სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სათანადო აქტიურობას და დავალებების შესრულებას.

ამ პრობლემის შეფასება ვთხოვეთ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის პედაგოგს თეონა შერაზადიშვილს – ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და წარდგენილი იყო 2020 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც.

თეონას თქმით, ჯერჯერობით, ოფიციალურ დონეზე სკოლაში არ არის გადაწყვეტილება მიღებული, რა ფორმით შეაფასებენ დისტანციურ სწავლებაზე მყოფ მოსწავლეებს. თუმცა მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ასეთ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების შესრულებაა. პედაგოგის თქმით, სულ ცოტა 10-15 კომპლექსური დავალება მაინც უნდა ჰქონდეს მოსწავლეს შესრულებული, რომ სემესტრული შეფასება გამოუვიდეს.

„ჩემს საგანში 3 შემაჯამებელი დავალებაა პირველ სემესტრში, მაგრამ მხოლოდ შემაჯამებლით, სხვა აქტივობების გარეშე, მოსწავლის შეფასება მოგვიწევს ალბათ უკიდურეს შემთხვევაში. ამაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება და მსჯელობა სკოლაში არ გვქონია. ვფიქრობ, რაღაც რეკომენდაციები, ვარიანტები სამინისტროსაც შეუძლია შემოგვთავაზოს და სკოლები გავაკეთებთ არჩევანს“, – ამბობს თეონა შერაზადაშვილი.

პედაგოგის თქმით, ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლები უკვე მუშაობენ კომპლექსური დავალებების შემუშავებაზე, რაც ასევე დაეხმარება სკოლებს მოსწავლის შეფასებაში. „თავისუფლად შესაძლებელია ამ დავალებებს განმსაზღვრელი დავალებებიც მოვარგოთ და გამოვიყენოთ მოსწავლეების შესაფასებლად, მაგრამ მოსწავლისთვის სწორად და გასაგებად უნდა იყოს მიწოდებული, თუ რა კრიტერიუმებით შეფასდება და შემდეგ, როგორმე უნდა მოხერხდეს შესრულებული დავალებების მასწავლებლამდე მოტანა“, – ამბობს ის.

როგორც პედაგოგი ამბობს, მისი სკოლა სექტემბრიდან საკლასო ოთახებში ატარებს გაკვეთილებს, თუმცა კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამოვლენის გამო 2 კვირით ისევ დისტანციურ სწავლებაზე მოუწევთ გადასვლა. პედაგოგის თქმით, დისტანციური სწავლების ფორმატი ყველაზე რთული დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაა. „ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი. თუ მშობელი არ დაეხმარა, ძალიან გაუჭირდებათ ბავშვებს. უფროს კლასებს რაც შეეხება, ჩემს პრაქტიკაში 4-5 მოსწავლე მაინც არის, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და მოგვიწევს იმაზე მუშაობა, რომ შეძლონ შესრულებული დავალებების რაიმე ფორმით მოტანა ჩვენამდე“, – ამბობს პედაგოგი.

PIRLS-ის 2016 წლის კვლევების მიხედვით, მაღალმთიან სოფლებში მოსწავლეების 57 პროცენტს ინტერნეტი არ აქვს, 27 პროცენტს კი – კომპიუტერი ან პლანშეტი. საშუალო ზომის ქალაქში ინტერნეტთან არ აქვს წვდომა 30 პროცენტს, კომპიუტერი კი არ აქვს 12 პროცენტს.

საქართველოში ბავშვების ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელი 2016 წელს. PIRLS კვლევა.

2018 წლის PISA-ს კვლევაში კი ეს მონაცემები ასე გამოიყურება:

2018 წლის კვლევა

სახალხო დამცველის მოადგილის ეკატერინე სხილაძის თქმით, ასევე მოსალოდნელია, რომ პანდემიის პირობებში გაიზარდოს მოსწავლეების მხრიდან სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არსებით გავლენას ახდენს განათლების უფლებაზე არამდგრად ქვეყნებში.

„ცხადია, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა და შემდეგ წელს სავარაუდოდ, იქნება უფრო მეტი ზიანი ამ მიმართულებით. მათ შორის სკოლის და სწავლის მიტოვების მაჩვენებელთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია ზრდა“, – ამბობს ეკატერინე სხილაძე.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა, აქედან 4 908 გოგოა, 7 141 კი ბიჭი.

სკოლის მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 5 117 მოსწავლე, დაფიქსირებულია მე-10 კლასებში.

რამდენით გაიზრდება ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც განათლების სამინისტროდან „ბათუმელებს“ წერენ, ამ ეტაპზე არ აქვთ მოსწავლეების მხრიდან სკოლის მიტოვების რაიმე მაჩვენებელი. თუმცა კითხვაზე – თუ როგორ შეიტყო სამინისტრომ ბავშვის მხრიდან სკოლის მიტოვების შესახებ, დაზუსტებული ინფორმაციას არ გვაწვდიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com