მთავარი,სიახლეები

მსოფლიო სირბილსა და მშვილდოსნობის ჩემპიონატში გამარჯვებული ქალი საქართველოდან

18.12.2020 • 1952
მსოფლიო სირბილსა და მშვილდოსნობის ჩემპიონატში გამარჯვებული ქალი საქართველოდან

„პირველი კატეგორიის შშმ პირი ვარ, ეტლით მოსარგებლე. ზურგის ტვინის, ხერხემლის, დაზიანების გამო განმივითარდა ქვედა კიდურების პარეზი. 6 წლის წინ, როცა ჩემი შვილი, ლუკა იყო 7 წლის, სკოლის ექსკურსიაზე წავედით, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში. სურათს ვიღებდით და მორყეული მოაჯირიდან გადმოვვარდი…“ – გვიყვება თეა ბოლქვაძე. თეა გადმოვარდნის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა.

  • ის, რაზეც საუბარი უძნელდებათ

თეას თქმით, რეანიმაციაში მოხვედრილი ყველა პაციენტის პრობლემა ფიზიოთერაპიის ხელმიუწვდომელობაა. როცა ერთი მხრივ მკურნალობის პროცესი მიდის და სხვა მხრივ ვითარდება სხვა დაავადება – მძიმე და ღრმა. პაციენტებს ეს – ნაწოლები და კანის დაჟეჟილობა, მერე მთელი ცხოვრება აწუხებთ.

„რეანიმაციიდან პრაქტიკულად ყველა პაციენტი ნაწოლებით გამოდის. მედდებს ამისთვის არ სცალიათ. რეანიმაციაში ფიზიოთერაპევტები არ არიან, რომ ავირიდოთ ეს პრობლემა. როცა პაციენტი 1 თვე გაუნძრევლად „ძევს“, მას ამოძრავება სჭირდება. უდიდესი რესურსია საჭირო, ამ პრობლებას რომ უმკურნალო.

ნაწოლების პრობლემა აწუხებთ ეტლში მსხდომებსაც, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ყველა ერიდება, ესირცხვილებათ…

ჩვენ არ გვყავს ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები, რომლებმაც უნდა ასწავლონ პაციენტებს, როგორ ისხდნენ ეტლში, როგორი ეტლი უნდა ჰქონდეთ, როგორი ბალიშია საჭირო, არავინ გვასწავლის ამას. ავადმყოფის მოვლა არავინ იცის. შინ არასწორი მოვლით კი, სამწუხაროდ, კანის  ნეკროზიც შეიძლება განვითარდეს.

ყველა კლინიკაში ერთი თუ არა, თბილისის თითო რაიონში, თითო მუნიციპალიტეტში, ერთი ფიზიოთერაპევტი მაინც რომ იყოს, დიდი შეღავათი იქნებოდა. ოჯახის ექიმი არ არის ასეთ საკითხებში კომპეტენტური“, – ამბობს თეა. ის უკვე მეექვსე წელია ეტლით მოსარგებლეა.

  • პანდემია შშმ პირი დედისთვის

პანდემიამ როგორც მთელ სამყაროზე, ჩვენზეც მოახდინა გავლენა. განვიცდი, რომ ფიზიკურ აქტივობას მოწყდნენ ბავშვები, ჩემი შვილი რაგბისტია, კვირაში სამჯერ დადის ვარჯიშზე, მაგრამ სახლში ძირითადად მაინც ზის ან წევს, ვინც სპორტზე არ დადის, წარმომიდგენია რა დღეშია. ადამიანურ ურთიერთობებს გადაეჩვიენ ბავშვები.

თეა ბოლქვაძე მეუღლესთან ერთად

ვფიქრობ, გადავიტანე კორონავირუსი, ყველანაირი სიმპტომი მქონდა, მაგრამ რთულ მდგომარეობაში იყო სასწრაფო, შემრცხვა გამომეძახებინა. თავად სასწრაფოს ყოფილი ექიმი ვარ, მესმის მედიცინა და ვმართავდი სიმპტომებს. ყელის სიმშრალე დღემდე დამიტოვა ვირუსმა.

სახელმწიფო ეხმარება შშმ პირს 250 ლარით, მაგრამ შშმ პირის მხოლოდ მკურნალობის ხარჯებიც კი ამ თანხას ბევრად აღემატება, განსაკუთრებით თუ თანმდევი დაავადებაც გაქვს. მე მაქვს მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ბევრი კვლევა და ანალიზი მჭირდება, იძულებული ვარ, უარი ვთქვა მკურნალობაზე,  ფუფუნებაა ჩემთვის ეს, ამის საშუალება არ არის. თავის გასატანად უამრავი რამ გჭირდება, ამიტომ მკურნალობაზე უარის თქმა გიწევს.

ყველაზე დიდი მიზეზი, რისთვისაც ვიბრძოლე და აქამდე მოვედი, ჩემი შვილია. მინდა ეტლში მჯდომმაც ვაჩვენო ლუკას, რომ მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ.

ყოველთვის ვახლდი თან, არაადაპტირებული სკოლის მეოთხე სართულზე ავყავარ ხოლმე ჩემს ქმარს და დამხმარეს ხელით: ლუკას არც ერთი კონცერტი თუ წარმოდგენა არ გამომიტოვებია, მნიშვნელოვან მომენტებში არასდროს მარტო არ დამიტოვებია, სულ გვერდით ვყავარ.

  • როცა დიდ ტრავმას იღებ, კარგავ მეგობრებს

ოჯახის წევრების პრაქტიკულ, ემოციურ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა ტკივილისა და უმოქმედობისგან დეპრესია გაქვს. გგონია, რომ უსარგებლო ხარ და ვეღარაფერს გააკეთებ.

როცა სიყვარულს, მხარდაჭერას და თანადგომას გრძნობ, ხანდახან გავიწყდება ყველაფერი და აღარ აქვს მნიშვნელობა ეტლში ხარ თუ ორ ფეხზე დგახარ. ასეთი ძალა აქვს ხანდახან ერთ იმედიან სიტყვას, ხუთწუთიან გულითად საუბარს.

ხშირად ფარ-ხმალს ყრიან ადამიანები და ფიქრობენ: მორჩა, აღარაფერი შემიძლია! მაგრამ ასე არ არის. ყველას შეუძლია რაღაც.

თეა ბოლქვაძე

სამწუხარო სინამდვილეა: როცა დიდ ტრავმას იღებ, კარგავ მეგობრებს. ისინი იცნობდნენ სხვა ადამიანს და ახლა მათთვის მე სხვა ვარ. იცით, ჩემს თავს სირაქლემას სინდრომი გამოვუგონე, ასე უფრო მიმარტივდება: არ ვხედავ, არ მესმის და არ ვლაპარაკობ ამაზე.

ჩემს შემთხვევაში ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემი ექთანია: არ ევალებოდა, მაგრამ ყველგან დამყვებოდა, ჩვეულებრივად მივლიდა, როგორც დედა ან და. ეს უანგარო თანადგომა იმედით და დადებითი ემოციებით გავსებს, რითაც უამრავი რამის დაძლევაა შესაძლებელი…

  • მედალოსანი პარამშვილდოსანი, რომელმაც 15, 16 და 19-კილომეტრიან დისტანციაზე ირბინა

როცა რაღაც უნარი გეზღუდება, სხვა კარი იხსნება.  ტრავმის შემდეგ მალე გავხდი 39 წლის და 40 წლის ჩავები პროფესიონალურ სპორტში. იქამდე მხოლოდ ფიტნესით ვიყავი დაკავებული, ისიც ხანდახან. პარამშვილდოსანი გავხდი. მაქვს ზამთრის ჩემპიონატის ინტეგრირებულ შეჯიბრში ვერცხლის ორი მედალი. ინტეგრირებული შეჯიბრი იცით რას ნიშნავს? ჩვეულებრივ სპორტსმენებს ეჯიბრები.

ვარ ასევე საქართველოს ზამთრის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ინტეგრირებულ ჩემპიონატში.

თეა ბოლქვაძე

მაისი ჩემთვის უცნაური თვეა. ამ თვეში მივიღე ტრავმა, მაგრამ მას შემდეგ თითქოს სამყარო აბალანსებს ყველაფერს და მაისის თვეში სულ გამარჯვებებს მიგზავნის. მაქვს ეტლით მსოფლიო რბენის 3 ჯილდო: 15, 16 და 19-კილომეტრიან დისტანციაზე.

7 კილომეტრი ვირბინე ეტლით ჩემს რეაბიტოლოგთან ერთად. ეტლით რბენის ჩემპიონატი არსებობს ზურგის ტვინის დაზიანებულთათვის.

მინდა რაღაც გთხოვოთ. იცით როგორი ფოტო დადეთ ჩემი? ემოცია რომ ჩანდეს. სხვებს რომ მუხტი გადავცეთ უკეთესი ცხოვრებისთვის საბრძოლველად, კარგი?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: