დღეს, 20 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროგრამისთვის საკონსულტაციო მომსახურებას.
„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. პირველ ეტაპზე, როგორც ადრე ალიანსში აცხადებდნენ, შესრულდება ის სამუშაოები, რასაც ეს თანხა გაწვდება და სრულად შეეხება შემდეგ დაბებსა და სოფლებს: ხელვაჩაურს, ქედას, შუახევს, ხულოს, ცეცხლაურს, ჯიხანჯურს, მახუნცეთსა და ამ დაბების შემოგარენში სოფლებს [პროექტი არ შეეხება ქალაქებს: ბათუმსა და ქობულეთს].
პროექტისთვის ორი საკონსულტაციო ჯგუფის – განმახორციელებელი კონსულტანტის (ლოტი1) და განმახორციელებელი კონსულტანტის და თანმხლები ზომების კონსულტანტის (ლოტი2) შერჩევისთვის, ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა.
განმახორციელებელი კონსულტანტის პასუხისმგებლობაა მუნიციპალიტეტებისთვის მოამზადოს საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაცია და შემდგომში უზრუნველყოს აღსრულება. აღნიშნული მიმართულებით ტენდერში გაიმარჯვა კომპანია Fichtner-მა.
განმახორციელებელი კონსულტანტისა და თანმხმლები ზომების კონსულტანტის მოვალეობაა უზრუნველყოს „აჭარის წყლის ალიანსის“ და მუნიციპალიტეტების ტექნიკური დახმარება და ინსტიტიცური მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით ტენდერში გაიმარჯვა კომპანია MACS-მა.
დოკუმენტს ხელს მოაწერს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბიდანაძე, MACS-ის მმართველი დირექტორი მატიას ჰიტცელი და Fichtner-ის დირექტორის აღმასრულებელი ასისტენტი ტიმო ბასტეკი.
კონსულტანტ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება აჭარის მუნიციპალიტეტებში წყლისა და კანალიზაციის [გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით] სისტემების პროექტირება, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ კი გამოცხადდება ტენდერი ამ სისტემების მშენებლობაზე.
„აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით იწყება. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ევროა და მიზნად ისახავს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნას,“ – აცხადებს „აჭარის წყლის ალიანსი“.
– – – –
„აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამაზე“ მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სესხის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში გაფორმდა. სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი თბილისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო – ევროკავშირის გრანტი.
ამ თემაზე:
აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა 2020 წლამდე არ დაიწყება