განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში იყენებს პედაგოგი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას

17.12.2020 • 3388
რა შემთხვევაში იყენებს პედაგოგი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას

სკოლებში 2020-ის სასწავლო წელი 30 დეკემბერს დასრულდება. მოსწავლეების სემესტრული შეფასებისთვის კი სკოლები ძირითადად იმ მეთოდს მიმართავენ, რაც პანდემიის პერიოდში სამინისტროსგან ოფიციალურად იყო გაჟღერებული. ეს არის მაგალითად, შემაჯამებელი კომპლექსური დავალებები, რომელიც შესაძლოა როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმითაც ჩატარდეს.

ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ თითქმის ყველა საგანში ზეპირი შემაჯამებლებით შეაფასეს მის სკოლაში მოსწავლეები და ეს ბევრმა გააპროტესტა. კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი კი გვეუბნება, რომ საკითხები დალაგებული იყო არა კონკრეტული თემის მიხედვით, არამედ მასწავლებელი კითხვებს მთლიანი პროგრამიდან სვამდა, რაც ბავშვებისთვის დამღლელი და ქაოტურიც იყო.

სკოლის დირექტორი დათო ეცადეიშვილი კი ამბობს, რომ „ჩვეულებრივი შემაჯამებლები ჩატარდა“ და ზოგიერთმა მასწავლებელმა შესაძლოა ზეპირი ფორმაც გამოიყენა.

„მასწავლებლის გადაწყვეტილებით ჩატარდა ჩვეულებრივი შემაჯამებელი, განსაკუთრებული არაფერი. გასასაჩივრებელი რა არის ამაში, რა პრობლემაა?“ – ამბობს დირექტორი.

დირექტორის თქმით, ყველა სკოლაში მოქმედებს ელექტრონული ჟურნალი და საბოლოოდ, მოსწავლე ჟურნალში დაჯამებული ქულების მიხედვით შეფასდება.

„ელექტრონულ ჟურნალში ყოველდღიურად მიმდინარეობს აღრიცხვა, იწერება ქულები და ჩვეულებრივად გამოვა სემესტრული ქულაც“, – ამბობს ის.

კითხვაზე, რა შემთხვევაში იყენებს მასწავლებელი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას, დირექტორი ამბობს, რომ ყველა საგანს თავისი სპეციფიკა აქვს.

„შესაძლოა, სადღაც ზეპირად შეეკითხა მასწავლებელი, სადღაც წერილობით“, – ამბობს ის. ძირითადად, ზეპირ შეფასებას მაინც იმ შემთხვევაში იყენებენ მასწავლებლები, როცა მოსწავლეს ონლაინგაკვეთილებზე წვდომა არ აქვს და „თიმსში“ ვერ შედის.

„ასეთი 12 მოსწავლე მყავს სკოლაში, ზოგი მათგანი სპეციალური საჭიროების მქონეა, ამიტომ აქაც ინდივიდუალურად ხდება მათი შეფასება“, – გვეუბნება დათო ეცადეიშვილი.

სემესტრული შეფასების ნაწილზე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ახალი სკოლის მოდელის ტრენერს თამთა კვარაცხელიასაც ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ სემესტრული შეფასებისას შემაჯამებელი სამუშაოების კომპონენტი აუცილებელია და ასევე სასურველია იყოს კომპლექსური დავალებები.

„მარტო წერაში ან მეტყველებაში კი არ უნდა იყოს შეფასება, არამედ ბევრ კომპონენტს უნდა მოიცავდეს“, – ამბობს ის.

ზეპირი შემაჯამებელი დავალებების კომპონენტს თამთა უფრო ხშირად იყენებს იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ონლაინში არ არიან. „მყავს ასეთი რამდენიმე მოსწავლე, მათ ვუკავშირდები, ტელეფონით ვუხსნი და ვიბარებ დავალებას. მე, პირადად, ასე უნდა შევაფასო რამდენიმე მოსწავლე სემესტრულადაც“, – ამბობს თამთა.

მისი თქმით, ზეპირი შემაჯამებელი მასწავლებელს „თიმსშიც“ შეუძლია გამოიყენოს, თუ ასწავლის უცხო ენას ან თუნდაც ქართულ ენას.

„გააჩნია საგნის სპეციფიკას. „თიმსში“ ძალიან კარგად შეიძლება გააკეთო შემაჯამებელი ზეპირი სახითაც და მოსწავლეს მისცე კომპლექსური დავალებებიც. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი აქტივობა, მით უფრო ისეთ პირობებში, როგორშიც ახლა გვიწევს მუშაობა. გააჩნია რა მიზანი აქვს მასწავლებელს დასახული“, – ამბობს თამთა.

მისი თქმით, მთავარია მოსწავლემ რაღაც ისწავლოს და განვითარდეს.

„საბოლოო შეჯამებას ელექტრონული ჟურნალი აკეთებს, არის საკლასო სამუშაოები, დამოუკიდებელი სამუშაო, არის შემაჯამებელი სამუშაო. მასწავლებელი როგორც საჭიროდ ჩათვლის, იმ კომპონენტით შეაფასებს ბავშვს, მაგრამ შემაჯამებელი სამუშაოების კომპონენტი არის აუცილებელი.

მე, პირადად, მოსწავლის შეფასებისას დიდწილად დავეყრდნობი ელექტრონულ ჟურნალს, მაგრამ რომელ მოსწავლესაც არ აქვს წვდომა ელექტრონულ ჟურნალზე, იმათაც შევაფასებ და მათ საბოლოო ქულას ელექტრონულ ჟურნალში მაინც ავსახავ“, – გვეუბნება ის.

განათლების სამინისტროს პოზიციაა, რომ სკოლებმა პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების დროს, მოსწავლეთა აკადემიური შეფასებისას განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენონ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

_____________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: