ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ამბავი პინგვინ მიკიზე, რომელიც ბათუმის ქუჩებში დადიოდა

18.12.2020 • 10130
ამბავი პინგვინ მიკიზე, რომელიც ბათუმის ქუჩებში დადიოდა

„ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს – პინგვინი მიკი“ – წაიკითხავდა რიგითი საბჭოთა მოქალაქე “Красное знамя”-ს 1976 წლის 27 მარტის ნომერში.

მიკი დაახლოებით 7-8 წელი ცხოვრობდა ბათუმის დელფინარიუმში, თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ბათუმში. რადგანაც, როგორც დელფინარიუმის მენეჯერი, თენგო წეროძე იხსენებს, პინგვინი მიკი „თავისუფალი მოქალაქე“ იყო, დადიოდა მთელ ქალაქში და ყველას აყვარებდა თავს.

  • საიდან აღმოჩნდა მიკი ბათუმში?

„70-იან წლებში ჩვენი ერთ-ერთი ტრაულერი [თევზსაჭერი გემი] იყო ოკეანეში სათევზაოდ და როცა ბადე ამოჰქონდათ, შეამჩნიეს, რომ ამოსვლას ცდილობდა პინგვინი. დაეხმარნენ, ამოიყვანეს და გემზე ჰყავდათ, უვლიდნენ, აჭმევდნენ. შემდეგ წამოიყვანეს ბათუმში.

ბათუმში ჩამოსვლამდე, სამწუხაროდ, გემის კაპიტანი დაიღუპა, რამდენიმე დღეში კი მისმა მეუღლემ პინგვინი ჩვენ მოგვიყვანა, როგორც უკანასკნელი საჩუქარი კაპიტნისგან.

თავად ეს პინგვინი სამხრეთ ამერიკული ჯიშისაა, დიდად სიცივე არ უყვარს და ჩვენს პირობებთან მარტივად ადაპტირდა.

კარგად ვუვლიდით, მთელ ტერიტორიაზე მოძრაობდა, გარეთაც გადიოდა, ხანდახან გვირეკავდნენ ქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან, თქვენი პინგვინი აქ არისო“ – ჰყვება თენგო წეროძე.

წყარო: გამოცემა ТАСС / Twitter

„თავიდან დელფინები ფრთხილად იყვნენ ახალმოსულთან, საჭმელს არ უყოფდნენ, თუმცა ნელ-ნელა შეეჩვივნენ, თანაც, მოუქნელი, ამაყი პინგვინის ძლიერმა ნისკარტმაც დაიმსახურა პატივისცემა“ – წერია ასევე საბჭოურ გამოცემაში.

„მიკი ხალხს შოუების დროს ძალიან ამხიარულებდა, გამოდიოდა და შოუს დროს დელფინებისთვის განკუთვნილ თევზს იპარავდა. ზაფხულის პერიოდში უყვარდა გრილი ადგილების მოძებნა, ძირითადად მანქანების ქვეშ წვებოდა, ყველამ იცოდა ეს და ისე არ ქოქავდნენ მანქანას, ქვემოთ რომ არ შეეხედათ.

  • მიკი ზღვაზე იპარება

„ვაცურავებდით დელფინებთან ერთად წყალშიც, ამის გამო ერთხელ ზღვაშიც გაგვექცა.

იმ დროს დელფინარიუმიდან წყალი ზღვას უერთდებოდა, გაჰყვა წყალს და სანაპიროსკენ გაცურა. გაცურეს მერე ჩვენმა თანამშრომლებმაც და უკან მოიყვანეს.

განსაკუთრებით ჰყავდა ერთი მწვრთნელი გამოყოფილი, სერგეი, მის დაძახებაზე ყოველთვის შესაბამისად რეაგირებდა. ასევე ასხვავებდა ინტონაციებსაც, თუ მკაცრად დაუძახებდი – იმორცხვებდა, თუ სიყვარულით დაუძახებდი, მოდიოდა და თავს მოგაფერებინებდა“ – გვიამბობს თენგო წეროძე.

ტარიელ (თენგო) წეროძე

  • რატომ მიკი?

„აკვარიუმის თანამშრომლებმა გაიხსენეს, მათ ჰყავდათ გამგე, რომელიც სიარულის მანერით მიამსგავსეს ჩვენს მიკის. ის გვარად მიქელაძე იყო და ასე მოფერებით, შეამოკლეს გვარი, დაარქვეს პინგვინს მიკი და ეს სახელი შერჩა.

მიკი ძალიან სწრაფად ცურავდა, მოხერხებული იყო. გამრავლების პერიოდი როცა ჰქონდა, დადგებოდა დაიწყებდა თავისიანების მოხმობას, ერთგვარი ყროყინის ხმებს უშვებდა, მაგრამ არავინ არ მოდიოდა, მარტო იყო მაგ მხრივ ჩვენს ქალაქში“.

მიკი და ბათუმის დელფინარიუმის მკვიდრი დელფინი პესეი. ფოტო: ბათუმის დელფინარიუმი

  • სად წავიდა მიკი?

„მიკი ერთ დღესაც გაუჩინარდა, ასე ვთქვათ, გაქრა.

გვაქვს ერთი ვერსია – პიონერთა პარკში ჩამოდიოდნენ ხოლმე მოძრავი სამხეცეებით, ზოოკუთხების მოსაწყობად, მათ ერთი-ორჯერ შემოგვთავაზეს, მიკი მოგვყიდეთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით. მიკის გაქრობიდან მრავალი წლის შემდეგ გადმოცემით გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ასეთ ზოოკუთხეს ჰყავდა პატარა პინგვინი და ვივარაუდეთ, რომ მათ მოგვტაცეს.

ძალიან გვენატრებოდა ყველას, როცა გაუჩინარდა, განსაკუთრებით კი მის მწვრთნელს, სერგეის რომელიც ძალიან დაუახლოვდა მიკის. ერთხელ ისინი ერთად ფილმის გადაღებებზეც კი იყვნენ ყირიმში. მაშინ მიკიმ ერთი-ორჯერ ღია ზღვაში სამუდამოდ გაცურვა მოინდომა, მაგრამ სერგეიმ დაუძახა და ისიც უკან გამოჰყვა”- ამბობს თენგო წეროძე.

ზურაბ ბეჟანოვი და პინგვინი მიკი ბათუმის დელფინარიუმში. ფოტო ზურაბ ბეჟანოვის საოჯახო ალბომიდან

 


გამოგვიგზავნეთ ფოტოები და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფოტოპროექტში “ბათუმი საოჯახო ალბომიდან”

განსაკუთრებული მადლობა ზურაბ ბეჟანოვს სტატიის მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: