მთავარი,სიახლეები

ეკა ბესელია ამნისტიაზე: „ეს არც პანდემიის დროს დაჯარიმებულ ადამიანებს შეეხება“

17.12.2020 • 1921
ეკა ბესელია ამნისტიაზე: „ეს არც პანდემიის დროს დაჯარიმებულ ადამიანებს შეეხება“

„კეთილი იმიჯი სჭირდება ახლა ხელისუფლებას, რომელსაც რეპუტაცია აქვს შელახული. ჰუმანური იმიჯი გჭირდება, როცა გაყალბებული არჩევნების შემდეგ მესამე ვადით გინდა ლეგიტიმაცია მიიღო. ამნისტია ჰუმანური აქტია,“ – მიიჩნევს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამნისტიაზე. ამნისტია სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება და დაახლოებით 850 მსჯავრდებულს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ როგორც უფლებადამცველი, ნებისმიერი ფორმის ამნისტიის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე კრიტიკული. თუმცა ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამნისტია არაა შეწყალება – პრეზიდენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტი. „ამნისტიას მეტი დასაბუთება სჭირდება,“ – დასძენს ეკა ბესელია.

„ამნისტიას როდესაც აცხადებს ხელისუფლება, ეს ყოველთვის რაღაცით არის განპირობებული. მაგალითად, როდესაც 2012 წლის ამნისტია გამოვაცხადეთ, კონტექსტი იყო რეპრესიული და უსამართლო რეჟიმი, არ არსებობდა მართლმსაჯულება და ამ დროს ამნისტიით, ერთჯერადი აქტით ანაცვლებ რაღაცით გამოწვეულ მძიმე შედეგებს, რომელსაც აქვს სწრაფი ქირურგიული ჩარევის ეფექტი.

ამ ამნისტიაში არ ჩანს სამიზნე, ვისთვის არის ეს გამიზნული და სრულად ვერ გვარდება ვერც ერთი პრობლემა: მართლმსაჯულების პოლიტიზება და მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობა დღეს არის ასევე ძალიან მაღალი, მაგრამ ამნისტია არ ეხება არცერთ იმ საქმეს, რომლის მიმართ არსებობს ნეგატიური განწყობა და კითხვები,“ – აღნიშნავს ეკა ბესელია.

პარლამენტის ყოფილი წევრი თვლის, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ეცდებოდა ხელისუფლება იმ შემთხვევაშიც, თუკი ამნისტია შეეხებოდა ე.წ. პოლიტიკურ საქმეებს და პოლიტიკური თანხმობა იქნებოდა ამნისტიის სამიზნე.

ეკა ბესელია აქცენტს აკეთებს ნარკოპოლიტიკაზეც, რომლის რეფორმაც წინა მოწვევის პარლამენტმა ჩააგდო. ამნისტია არ შეეხება ნარკორეალიზატორებს, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზატორებს და მომხმარებელს. ეკა ბესელია თვლის, რომ ამნისტია მინიმუმ შეიძლება შეხებოდა იმ საკანონმდებლო ვაკუუმს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ გაჩნდა.

„მაგალითად, მარიხუანას კულტივაციის კუთხით საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ შეუსაბამო სასჯელები და შეცვალეთო, რამდენიმე პატიმარია, რომელიც დღემდე იხდის სასჯელს და პარლამენტმა არ შეავსო საკანონმდებლო ვაკუუმი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ შეიქმნა… მე მქონდა კანონროექტი ამ კუთხით, მაგრამ არ განიხილეს ცოცხალი თავით,“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ამნისტია არ შეეხება არც პანდემიის პირობებში სისხლის სამართლის წესით დაჯარიმებულ პირებს.

„რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო, მაგრამ ესეც არ გაითვალისწინეს… ამნისტიის შესახებ კანონში ჩვენ გვქონდა ქალი პატიმრების, ასევე არასრულწლოვნების მიმართ სპეციალური ჩანაწერი, არც ეს არ არის, სამაგიეროდ ისეთი მუხლებია, რომელზეც არ მახსენდება პრაქტიკაში, ვინმე თუ იხდის სასჯელს, ერთი-ორი ადამიანი შეიძლება იყოს მსჯავრდებული. ეს მუხლებია, მაგალითად, უკანონო თევზჭერა, საამქროს უკანონო მოწყობა, სამხედრო ქონების განადგურება, საბულღატრო ჩანაწერების წესების დარღვევა და ასე შემდეგ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უფრო პიარული სვლა იყო და რაოდენობის გამო გაზარდეს,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/506489/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: