მთავარი,სიახლეები

მუფთის ცოლი და სხვა მუსლიმი ქალები აჭარიდან

18.12.2020 • 5098
მუფთის ცოლი და სხვა მუსლიმი ქალები აჭარიდან

აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებში ვერ იპოვით ქალს, რომელიც საშინაო შრომაში არ იყოს  ჩართული. თუმცა განსხვავებულია როგორც შრომის სიმძიმე, ისე ქალების მიერ ამ შრომის აღქმა. თუ ერთი ქალი გეტყვის, რომ მისი შრომა მძიმეა, მეორე გეტყვის, რომ მიჩვეულია, მესამე გეტყვის, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს. ამ დროს ეს „არაფერი განსაკუთრებული“ შეიძლება ნიშნავდეს დილის ექვს საათზე გაღვიძებას, 5 ან მეტი ძროხის მოწველას, რძის პროდუქტების დამუშავებას, ოჯახისთვის სადილ-ვახშმის მომზადებას, ყანაში, ბაღჩაში მუშაობას და სხვა მილიონი წვრილმანი საოჯახო საქმის კეთებას.

თუ კითხვას პირდაპირ დასვამ – არის თუ არა ქალი თავისუფალი, 100%-იანი პასუხი ქალებისგანაც და კაცებისგანაც იქნება – კი. მაგრამ თუ ამ კითხვას არ დასვამ და ქალების ყოველდღიურობის შესახებ მცირე კვლევას ჩაატარებ, აღმოაჩენ, რომ ეს თავისუფლება პირობითია და იქ მთავრდება, სანამ სცენაზე კაცი შემოვა.

„ცოლ-ქმარი როცა არიან, კაცს რაც გაუხარდება, ის უნდა გააკეთოს ქალმა,“ – მითხრა 50 წლის ციალა დავითაძემ, სამი შვილის დედამ. ის ხულოში, სოფელ რაქვთაში ცხოვრობს და სანამ ამ ფრაზას მეტყოდა, მანამ თითქმის ორი საათი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოიპოვა პირადი თავისუფლება და შემდეგ როგორ მოუპოვა იგივე  თავისუფლება თავის რძლებსაც.

16 წლის იყო, როცა დაქორწინდა, გარიგებით. „შევეგუეთ ერთმანეთს და კარგი ცხოვრება ავიწყვეთო,“ – ამბობს. აქვს საშუალო განათლება და ჰყავს სამი შვილი. მთელი ცხოვრება თავის სოფელში გაატარა.  „ძალიან ბევრი ოპერაციები გავიკეთეო,“ – ამბობს თავის ჯანმრთელობაზე საუბრისას.

ციალა დავითაძე

ოცნებობდა ექთანი გამოსულიყო. მაგრამ ვერ მოახერხა. როგორც თვითონ ამბობს, უფულობის და უნდობლობის გამო.

„ვითომ გოგოებს სწავლას არ ენდობოდა ძველი ხალხი. ეშინოდათ“, –  ამბობს ის და ამატებს, რომ თვითონ ენდო და თავისი გოგო სასწავლებლად გაუშვა. სულ შრომობს. არასდროს ჩერდება.

„ქალის ცხოვრება სოფელში არის მძიმე. მე რომ გავთხოვდი, ჩემს დედამთილს 100 სული საქონელი ჰყავდა. დილას ადრე ბოსელში რომ შევიდოდი, 12 საათამდე ვერ გამოვდიოდი. არადა 16 წლის ვიყავი. სულ ძილი მენატრებოდა. მაგრამ დილას რომ არ ავმდგარიყავი, მკითხავდნენ, რატომ არ დგებიო. მე რომ გამოვიარე ისე არასდროს ვაწვალებ ჩემს რძლებს. არაფერს არ ვუშლი. სულ თავისუფლად მყავს ყველა,” – მიყვება ციალა.

ნონა შაინიძე

ნონა შაინიძე 25 წლისაა. პროფესიით დაწყებითი კლასის მასწავლებელია. განათლება უნივერსიტეტში მიიღო და ამისთვის მადლობას მშობლებს უხდის. ნონა ციალას შვილია. ხულოში დაიბადა და 19 წლამდე სოფელში ცხოვრობდა. ინტერვიუს დროს ხშირად იყენებს სიტყვებს – „მაშინ“, „ადრე“, „ძველად“.

„დაბადებიდან სკოლის დამთავრებამდე სოფელში ვცხოვრობდი. ჩემს დროს იყო ტენდენცია, რომ გოგოს არ უნდა ესწავლა. ჩემს სოფელში მხოლოდ კაცები იყვნენ ნასწავლები. კაცებს ჰქონდათ უფლება დაეტოვებინათ სოფელი, წასულიყვნენ ქალაქში, მიეღოთ განათლება. ქალებზე ეს ყველაფერი არ ვრცელდებოდა.

ჩემი ორივე მშობელი დაიჩაგრა ამ მხრივ. მამაჩემსაც უნდოდა სწავლა და დედაჩემსაც. სამწუხაროდ,  უსახსრობის გამო ვერ მოახერხეს. როცა დაქორწინდნენ, შეთანხმდნენ, რომ განათლებას აუცილებლად მისცემდნენ თავიანთ შვილებს, სქესის განურჩევლად.

სკოლა 2012 წელს  დავამთავრე. მაშინაც იყო გადმონაშთები წარსულიდან. გოგოს გაშვება მაინც რაღაც რისკებთან ასოცირდებოდა. რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე სკოლა დავამთავრე და სასწავლებლად გამიშვეს. ახლა უკეთესობისკენ შეიცვალა ეს დამოკიდებულება. დღეს მაგალითად ჩემს სოფელში, ძალიან ბევრმა გოგომ მიიღო უმაღლესი განათლება, ბევრი არის დასაქმებული. სხვათა შორის, ძველმა თაობამაც დაიწყო ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის. ეს ბრძოლა გამოიხატება იმაში, რომ ჩემს თაობას, ჩემს შემდეგ თაობას, ჩემზე ოდნავ წინა თაობას აღარ ზღუდავენ არაფერში“.

ნონა ამბობს, რომ დღეს ქალები სოფელში ნაწილობრივ თავისუფლები არიან. შიდა იერარქია ძლიერია და ბოლომდე თანასწორობა მიღწეული არაა, მაგრამ ისე აღარაა, როგორც ადრე.

ხულოში, ისე როგორც მთელს საქართველოში, ოჯახებში თაობები დღემდე ერთად ცხოვრობენ. ზოგ ოჯახში ოთხი თაობაც შეიძლება იყოს.

„ძველ დროში, 20-30 წლის წინ, ქალებშიც იყო რაღაცა უპირატესობები. აი, მაგალითად, როდესაც რძალი შედიოდა ოჯახში, იქ უპირატესობა ენიჭებოდა დედამთილს, შემდეგ მულს და არანაირი ფასი არ ჰქონდა რძალს. დედამთილი იყო ოჯახში თავი და თავი, რა თქმა უნდა, მამაკაცის მერე. რძალი იყო ყველაზე დაჩაგრული იმ ოჯახში. მაგალითად, მეზობელთან გადასვლა არ შეეძლო. გადალაპარაკება არ შეეძლო. სრული დისბალანსი იყო ქალებს შორისაც. დედამთილები მონარქებივითი იყვნენ, ანუ ისინი ბრძანებებს გასცემდნენ და რძლები ასრულებდნენ ამ ყველაფერს, შეუპასუხებლად. დღეს მდგომარეობა შეცვლილია. დღეს დედაშვილური ურთიერთობა უფრო არის ჩამოყალიბებული,“ – გვიხსნის ნონა.

ნონა ფიქრობს, რომ ქალების გათავისუფლებაში წვლილი თავად ქალებმა შეიტანეს. ახალი თაობის ქალებმა, მოახერხეს და შვილებს განათლება მისცეს, ამან კი ქალების ყოფა შეამსუბუქა. თავიანთ უფლებებშიც უფრო გათვითცნობიერდნენ.

„განათლებამ მოიტანა ის, რომ უფლებები, რომელიც სულ არსებობდა, აღმოაჩინეს ქალებმა,“ – ამბობს ნონა.

ეთერ აბაშიძე ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს. ორი შვილი ჰყავს, ორივე დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს. ეთერის ქმარი ხულოს სამუფთოს ხელმძღვანელობს. თავად ეთერი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ქართველ მუსლიმ ქალთა კავშირის“ ხელმძღვანელია. მისი ორგანიზაცია ადამიანებს ეხმარება ხულოს მუნიციპალიტეტში. ძირითადი აქცენტი ქალებზე აქვთ.

ეთერი მორწმუნე მუსლიმია და სახლის გარეთ ყოველთვის ჰიჯაბს ატარებს.

„ეს ჩემი ვალდებულებაა – მუსლიმი ვარ, უნდა მეფაროს. თმა არ უნდა მიჩანდეს. ამას ყურანი მასწავლის. თუ ყურანის მიმდევარი ვარ, თუ ის არის ჩემი კონსტიტუცია, მე უნდა ვიყო მისი შემსრულებელი. მომწონს როცა ასე შემოსილი გავდივარ ხალხში,“ – ამბობს ეთერი.

ეთერი ამბობს, რომ ერთი შემთხვევის გარდა, რომელიც ხულოს ცენტრში მოხდა, არ ახსოვს ვინმეს ხაზი გაესვას მის ჩაცმულობაზე. იხსენებს, რომ „საზოგადიებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა ბიჭმა ადგილი დაუთმო და მიმართა – „დაბრძანდით დედაოო“. მას შემდეგ, რაც ეთერმა აუხსნა, რომ ის არა მონაზონი, არამედ მუსლიმი ქალია, ბიჭმა ადგილის დათმობა გადაიფიქრა.

„სხვა შემთხვევა არ მახსენდება. რომ ვაკვირდები, ჩვენთან რომ მოინათლნენ [მუსლიმები] და მიიღეს ქრისტიანობა, ისევ ის ხალხი თუ გაგკიცხავს, თორემ თბილისში დავდიოდი და არავის უთქვამს, ეს რა გაცვიაო,“ – ამბობს ეთერი.

ხულოს მუფთი ასლან აბაშიძე და მისი მეუღლე ეთერ აბაშიძე

ეთერი მიხსნის, რომ როცა ჰიჯაბი აცვია, შინაგან სიმშვიდეს და დაცულობას გრძნობს.

ეთერის სახლის კარი ყველასთვის ღიაა. მისი ქმარი, ხულოს მუფთი ასლან აბაშიძეა. მიუხედავად სასულიერო მოღვაწეობისა, მათი ყოველდღიურობაც სავსეა საოჯახო საქმეებით და მუფთი, მისი სტატუსის მიუხედავად, სრულად არის ამ საქმეებში ჩართული. ეთერი ამბობს, რომ ცოლ-ქმარი გადაწყვეტილებებს ერთმანეთს უთანხმებს. მუფთის თქმით, მათი ოჯახი ჰარმონიულია – შრომასაც და ამ შრომის შედეგსაც თანაბრად ინაწილებენ.

„რელიგია, ისლამი არ აქცევს ადამიანს უსულო საგნად. ხშირად მესმის, რომ ქალის უფლებები ირღვევა. უფლებები თუ ირღვევა და არღვევს ადამიანი, ამას ჩადის ინდივიდუალურად. ეს არ ნიშნავს, რომ უფლებების დარღვევა განპირობებულია რელიგიით,“ – ამბობს ასლან აბაშიძე.

ეთერი ოცნებობს, რომ ოდესმე მის ქვეყანაში მის მშობლიურ ენაზე სასულიერო განათლების მიღება იყოს შესაძლებელი.

„დიდი ინტერესი მქონდა რელიგიური განათლება მიმეღო. ჩემმა გოგომაც და ბიჭმაც სტამბოლში ისწავლა. ვჭამდი, საქმეს ვაკეთებდი, მეძინა თუ ვლოცულობდი, ჩემი საფიქრალი ჩემი შვილები იყვნენ. ნეტავ მათ თუ ჭამეს საჭმელი? სად არიან? როგორ არიან?

ჩემს ქვეყანაში, ჩემს ენაზე მისახვედრად მინდა იყოს რელიგიური განათლების მიღება შესაძლებელი. რატომ უნდა გავგზავნო თურქეთში შვილი?” – კითხულობს ის.

როცა ქალებზე და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ოჯახების და სოფლების მიხედვით ქალთა მდგომარეობა განსხვავდება. არათუ მეზობელ სოფლებში, არამედ ერთ სოფელში, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე სახლებშიც კი შეიძლება განსხვავებულად უყურებდნენ ქალები რიგ საკითხებს. საუბარია ფუნდამენტურ ამბებზე – მაგალითად იმაზე, შეუძლია თუ არა ქალს საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმა.

ქალები ზორტიყელიდან

2020 წლის აგვისტოს მიწურული. საზაფხულო იაილა ზორტიყელი. ამ საზაფხულო იაილაზე ხულოდან, სოფელ ღორჯომიდან ამოდის მოსახლეობა ზაფხულობით. ხის სახლის წინ, ქალები არიან შეკრებილი. ზოგი კიბეზე ზის, ზოგი გზაზე დგას. რესპონდენტს ვეძებ, რომელსაც ვკითხავ რა შრომის გაწევა უწევთ ოჯახში ქალებს. მისალმების და ჩემი მისვლის მიზნის გაცნობის შემდეგ ქალები ჩუმდებიან. ზოგი დგება და ჩუმად მიდის.

„ხომ არ იწერ?“- მეკითხება ერთი ქალი და ჩემს კამერას უყურებს, რომელიც ხელში მიჭირავს. ვეუბნები რომ არა. „ჰო, გთხოვ არ ჩაიწერო, რადგან ჩვენთან ეგ ნამეჰრამია. ნამეჰრამი არ იცი რას ნიშნავს? – ცოდვაა“. დასაზუსტებლად ვეკითხები, კონკრეტულად რას უკრძალავს მას ისლამი. ქალი ამბობს, რომ არ არის მიზანშეწონილი ტელევიზორში გამოჩნდეს – „ჩვენთან ეგ ცოდვაა“. ზაფხულის მიწურულია. სქელი კოლგოტკი და მუხლს ქვემოთ კაბა აცვია. თავზე გრძელი, შავი საბურველი აქვს მოხვეული.

„მერიკო, ილაპარაკე რა იქნა,“ – კაცმა, რომელიც უყურებდა, როგორ უშედეგოდ ვცდილობდი  რომელიმე ქალის ინტერვიუზე დათანხმებას, ჩემს დასახმარებლად  ჩარევა გადაწყვიტა.

ამ კაცს ოთარ შავაძე ერქვა.  რატომ არ საუბრობენ ქალები? – ახლა უკვე ოთარს ვკითხე. „რატომ არ ლაპარაკობენ და სარწმუნოებაში არაა ქალის ლაპარაკი ბევრი საჭირო. კაცები ვუშლით? არა, არ ვუშლით, ჩვენთან თავისუფლებაა,“ – მპასუხობს ის.

ეს ამბავი კონკრეტულ ქალებზეა, რომელთაც თავიანთი შეხედულება აქვთ რიგ საკითხებზე. ქალის შინ შრომა ხომ უხილავია, მაგრამ ამ ქალთა შრომა კიდევ უფრო უხილავია, რადგან სხვებისგან განსხვავებით ამაზე არ ლაპარაკობენ.

თუმცა ლაპარაკობენ სხვები იმავე დასახლებიდან. თავიანთ ისტორიებს მიყვებიან. მაგალითად, ერთი ქალი ამბობს, რომ ყოველდღე 20 ძროხას წველის. მეორე ქალს ყურუთის დამზადების გადასაღებად მივყავარ სახლში. ყურუთს რძეში გადაზელილი ნადუღისგან ამზადებენ, რომელსაც მერე წაგრძელებულ ფორმას აძლევენ და მზეზე კვირაობით აშრობენ. მესამე თავისი დედამთილის ნაქარგებს მაჩვენებს. ყველა ამბავი ქალის შრომაზეა.

ყურუთის დამზადება

აჭარული ნაქარგები

ინგა ჩოგაძე 40 წლისაა. 15 წლის იყო, როცა გათხოვდა. ადრეულ ასაკში გაათხოვეს, მაგრამ განათლების მიღება მაინც შეძლო. საექთნო დაამთავრა. თუმცა მისი პროფესიით არასდროს უმუშავია, რადგან მიხვდა, რომ რეალურად სულ სხვა რამ აინტერესებდა.

34 წლის იყო, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა და სოფელში პირველი ქალი გამგებელი გახდა. ახლა სოფელ  დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელია.

„ოჯახში ვიყავი, დიასახლისი. ვზრდიდი შვილებს. ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი კარგი წლები, შვილების გაზრდას მოვანდომე. ჩემი ამ ნაბიჯით, გავმხდარიყავი სოფლის გამგებელი, ყველა ის წესი დავარღვიე, რომელი წესის დაცვასაც ჩვენი საზოგადოება სთხოვს სოფელში მცხოვრებ ქალს. უფრო კაცებთან მიწევს ურთიერთობა. თავიდან ცოტა უჩვეულო იყო ქალი ყოფილიყო ოჯახს გადაღმა გადასული და ემსახურებოდეს ისეთ საქმეს, როგორიც ჩემია.

ინგა ჩოგაძე

ქალის უფლებრივი მდგომარეობა აჭარაში ახლა ისეთი აღარაა, როგორც თუნდაც 15-20 წლის  წინ იყო. როცა მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ყველაფერს ყურადღება ექცეოდა. ჩაცმას, სტილს, მანერას. დღეს ასე აღარაა. დღეს ქალები უფრო გამოვიდნენ წინა პლანზე. ჩადრდაფარებული არავინ აღარ დადის, ის რომ აუცილებლად გრძელი კაბა უნდა სცმოდა ქალს, ამის მოთხოვნა აღარაა. ვფიქრობ კარგია, რომ რაღაც შეზღუდვები აღარ აქვთ ქალებს და მარტო „კუხნაში“ არ არის ქალის ადგილი განსაზღვრული. ბევრი ქალია რაიონში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს მიღწევაა.

თუმცა მასიური არაა ქალების სახლიდან გარეთ გამოსვლა და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღება. ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ოჯახში უფროსი კაცია და კაცმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. 70% ასე ფიქრობს კიდევ. ვფიქრობ, ის ცხოვრება, რომელიც ახლა  ჩვენ გვაქვს, თუნდაც ის, რომ ინტერნეტით ბევრ ინფორმაციას იღებს მოსახლეობა, ძალიან მალე მოიტანს ისეთ ცვლილებებს, რომ ქალები განთავისუფლდებიან,“ – ამბობს ინგა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: