მთავარი,სიახლეები

საია: ეკონომიკის სამინისტრო „რივიერას“ საქმეზე გადაწყვეტილებას აჭიანურებს

18.12.2020 • 1959
საია: ეკონომიკის სამინისტრო „რივიერას“ საქმეზე გადაწყვეტილებას აჭიანურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შპს „ბათუმი რივიერას“ – პროექტზე ნებართვის გაცემის კანონიერებასთან დაკავშირებული საჩივრით ნებართვის გამცემი ორგანოს ზედამხედველ სტრუქტურას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის სექტემბერში მიმართა. მიმართვიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა საიას სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჩაჰბარდა.

შპს „ბათუმი რივირას“ პროექტზე ნებართვა სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.

საიას იურისტის, გიორგი ანთაძის ინფორმაციით, სამინისტრომ 2020 წლის 20 სექტემბერს საიას აცნობა, რომ გამომდინარე საქმის სირთულიდან – „ძალიან ბევრი მასალაა საქმეში“ – სამინიტროს მის შესასწავლად ორი თვე დასჭირდებოდა. ეს ვადა 2020 წლის 18 ნოემბერს ამოიწურა, თუმცა საიას გადაწყვეტილება დღემდე [18 დეკემბერი] ისევ არ ჩაბარებია.

„როგორც მაცნობეს ამ საკითხთან დაკავშირებული სხდომა ერთხელ გადაიდო. თუმცა, საბოლოო ჯამში, 18 ნოემბრამდე ზეპირი სხდომა ჩატარდა ონლაინ. ამ სხდომაზე მოსაზრებები გამოვთქვით, როგორც საჩივრის ავტორებმა, ასევე მოპასუხემ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ და კომპანიის წარმომადგენლებმა. შესაბამისად, ველოდით, რომ საჩივრის განხილვის ვადებში, რაც მათვე ჰქონდათ დადგენილი, უნდა მიგვეღო პასუხი. სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გადმოუგზავნიათ“, – ამბობს იურისტი გიორგი ანთაძე.

საიამ ნოემბრის ბოლოს პასუხი ისევ წერილობით მოითხოვა სამინიტროსგან. პირველ დეკემბერს კი მათ აცნობეს, რომ პასუხს მიაწვდიან მაშინ, როცა ის წერილობითი მზად იქნება.

„აშკარაა, რომ სამინისტრო აჭიანურებს პასუხის გაცემას. ეს არ არის ერთჯერადი პრაქტიკა, როცა ადმინისტრაციული ორგანო თავიდან ირიდებს და აჭიანურებს პასუხის გაცემას. ამით აძლევს საშუალებას ინვესტორებს, რომ თავიანთი საქმიანობა განაგრძონ.“

საიაში უკვე განიხილავენ აღარ დაელოდონ სამინისტროს პასუხს და მიმართონ სასამართლოს: „მოვითხოვოთ, რომ ეს პასუხიც სამინისტროდან სასამართლომ გამოითხოვოს.“

მთავარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

საია „რივიერა ბათუმის“ პროექტის ნებართვას ასაჩივრებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: