მთავარი,სიახლეები

პენსიონერების შრომა ქუჩაში პურის ფულისთვის პანდემიის დროს

19.12.2020 • 1447
პენსიონერების შრომა ქუჩაში პურის ფულისთვის პანდემიის დროს

„არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია და ასე გაგრძელდება კიდევ ბებია“ – ასე დაიწყო თავისი ამბის მოყოლა გულნაზ დევაძემ, რომელიც ბათუმში გამსახურდიას ქუჩის ბოლოს სიგარეტით ვაჭრობს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზამთარში პანდემიის დროს პურის ფულის შოვნას ქუჩაში ცდილობს:

„ვცხოვრობ გამოკეტილ ბინაში, 74 წლის ქალი ვარ 185 ლარი მაქვს პენსია, ვარ წამლებზე დამოკიდებული. წელს პანდემია რომ დაიწყო, ძალიან გამიჭირდა, რამდენიმე დღე პურიც ვერ ვიყიდე. შვილი სამუშაოდ წავიდა რუსეთში და პანდემია რომ დაიწყო იქ დარჩა, ვეღარ ჩამოვიდა. მარტო ვარ. ლაშა კომახიძეს [ბათუმის გადამდგარი მერი] მივმართე რამდენჯერმე, წერილობითაც, ტელეფონითაც. მაგრამ ერთი კილო ფქვილი და ერთი მაკარონიც ვერ გაიმეტა მოხუცი ადამიანისთვის. პასუხი არ გამცა. ყველანაირად მივმართე და არ დამეხმარა, მეტი რა უნდა მექნა ლაშა კომახიძეს სახლში ხომ არ მივაკითხავდი? – აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ბებია და ასე გაგრძელდება კიდევ.“

გულნაზ დევაძე – 74 წლის

„წვიმაში, სიცივეში, ყინვაში, დილიდან გამოვდივართ გარეთ. ვიკეთებ პირბადეს და ხელთათმანებს, ვცდილობ, რომ ერთმეტრიანი დისტანცია დავიცვათ. თავი თუ არ გადავირჩინეთ, აბა ვინ გადაგვარჩენს, არავინ ფიქრობს ჩვენზე. თვითდასაქმებულებმა საბუთები წარმოადგინეთო, ქუჩაში ვმუშაობ რა უნდა წარვადგინო, ეს ვინ მოიფიქრა? რა მთავრობაც გვყავს, იგივე აქვს აზრებიც“, – გვიყვება ლია ბერიძე.

დიდი ხანია ის ქუჩაში მუშაობს. ამბობს, რომ პანდემიის დროს უფრო გაუჭირდა, რადგან მომხმარებელმა იკლო და პრობლემებმა იმატა. ლიას შვილი საპატიმრო დაწესებულებაშია. რისთვის დააკავეს, ამაზე არ საუბრობს. „რასაც მე ვმუშაობ, მასთან მიდის“, – გვიყვება ლია.

მისვე თქმით, სხვა არანაირი შემოსავალი და დახმარება არ აქვს, არც პანდემიის დროს მიუღია რაიმე: „დახმარება  მქონდა და მომიხსნეს, როცა ჩემი ბიჭი დაიჭირეს. ალბათ გავმდიდრდი.“

ახლა ხამსას ყიდის. ამბობს, რომ როცა სეზონი არ არის ხილ-ბოსტნეულზე გადადის:

„გასულ წელს ბაზარში ვიმუშავე, შენობაში. 1,20 მეტრი სიგრძის მაგიდა ვიქირავე. წყალთან ერთად ქირაში 300 ლარს ვიხდიდი და სახლში ცარიელი მივდიოდი. არც სახლი გვაქვს, ნაქირავებში ვარ და ქირას ვიხდი, ბარაკული ოთახი მაქვს ნაქირავები. ერთადერთი კომუნალურების შეღავათები მომიწია, სახლში არ ვარ და ბევრს არ ვხარჯავ.“

ლია ბერიძე

მერი კოჩალიძე კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ პანდემიის დროს ყველაფერი გაძვირდა, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე ქუჩაში უწევს შრომა:

„არაფერი შეღავათი ჩვენ არ გვაქვს, კომუნალურების შეღავათი გექნებათო, მაგრამ ბევრს ვხარჯავთ, რადგან სახლში პატარა ბავშვები გვყავს. გათბობა უნდათ, საჭმელი, ცხელი წყალი. ერთადერთი მე ვმუშაობ ოჯახიდან და ამ შემოსავალს ვანაწილებ ოჯახში, შვილებმა მანდარინი მოკრიფეს და ამით დამეხმარნენ. ოჯახში შვიდი წევრი ვართ.“

მერიმ ფოტო არ გადაგვაღებინა, ფოტოსთვის სათანადოდ არ ვარ მოწესრიგებულიო.

ლიანა ცინცაძე ქოთნის ყვავილებს ყიდის. ამბობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ქულების მიხედვით ეხმარება ადამიანებს. ის ყოველ დღე ქუჩაში ცდილობს პურის ფულზე ცოტა მეტი გამოიმუშავოს, რომ სახლში მცირეწლოვან შვილიშვილებსაც მიუტანოს რამე.

ლიანა ცინცაძე

„სხვა გზა არ არის, ჩვენ ასეთი ბრძოლა ვიცით და ასე ვიბრძვით,“ – თითქმის იდენტურია ყველა ადამიანის სათქმელი, რომელიც ზამთარში, პანდემიის დროს პურის ფულის შოვნას ღია ცის ქვეშ, ქუჩაში ცდილობს. მათგან უმეტესობას საუბარი არ სურს. ამბობენ, რომ „ლაპარაკს აზრი არ აქვს“, რომ „მაინც არაფერი შეიცვლება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: