მთავარი,სიახლეები

„სიღარიბე იქნება ხოხბის ძვალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი“ – ინტერვიუ სოციოლოგთან

18.12.2020 • 2137
„სიღარიბე იქნება ხოხბის ძვალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი“ – ინტერვიუ სოციოლოგთან

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, ხოლო პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნება“ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სისრულეში მოიყვანს – პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებს? – სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • ბატონო იაგო, რა პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნება პარლამენტს შიგნით და მის გარეთ, თუკი ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტენ? 

პარტიული მოღვაწეობა უნდა განვიხილოთ, როგორც პროფესია. ცხადია, ნებისმიერ პროფესიაში მყოფ ადამიანს სჭირდება შესაბამისი ანაზღაურება. ადამიანები ახორციელებენ განსაზღვრულ ქმედებებს, ხარჯავენ ენერგიას, დროს და იღებენ გარკვეულ ფულად სარგებელს, ამის საფუძველზე განაგრძობენ ისინი თავიანთ საქმიანობას. პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა ნიშნავს, რომ ამ პროფესიას მიადგება ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი. გამოდის, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ, იპოვონ სხვა საქმე, რომ ელემენტარული სარჩო იპოვონ და პოლიტიკოსობა შეითავსონ, როგორც სამოყვარულო საქმიანობა. ეს არის სფერო, რომელსაც უნდა აკეთებდნენ პროფესიონალები. თუ ეს პროფესია იმიტომ გამოეკიდება ჰაერში, რომ მას შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ ექნება, ეს ძალიან ცუდია.

  • „ქართულ ოცნებას“ ასევე აქვს ინიციატივა, რომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმოს პარტიას, რომლის ლიდერიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

ეს უკვე ავტორიტარული ნაბიჯია, როცა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჩერებ რეგისტრაციას. თუკი პარტია არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ეს ნიშნავს პარტიის გაუქმებას. თანაც, საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც რაც არ უნდა არ მოსწონდეს ვინმეს, აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ფაქტია, რომ ბოლო არჩევნებზე ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ამ პარტიას დაუჭირა მხარი. პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილის ნების წინააღმდეგ წასვლას, ეს ნიშნავს ამომრჩეველთა ამ ნაწილის ჩამოწერას, რომელიც ამ პარტიის ამომრჩეველია, მათ იგნორირებას, მათი უფლებების შელახვას.

ის, თუ რომელი პარტია ავირჩიოთ და მივანდოთ მას ხელისუფლების სადავეები, არის ხალხის გადასაწყვეტი. თუ პარტიას აუქმებ, გამოდის, რომ ხალხს, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყაროს, აუქმებ. თუ ხალხს აუქმებ, როგორც ლეგიტიმაციის წყაროს, ეს არის ფორმულა ავტორიტარიზმის.

  • ფიქრობთ, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოდ ვყალიბდებით? 

ფორმალურად ვყალიბდებით ავტორიტარულ სახელმწიფოდ, მაგრამ შინაარსობრივად ასე არ იქნება. ეს ოპოზიციური პარტიები არსად არ მიდიან, რჩებიან ქვეყანაში და განაგრძობენ საქმიანობას. რასაკვირველია, ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია გაცილებით ნაკლებ ინსტიტუციურ ბერკეტს ფლობს იმისთვის, რომ მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ხალხი რჩება და ფიქრობენ, რომ გააძლიერებენ საპროტესტო მოძრაობას.

ოპოზიციის იმედი ალბათ არის ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი იმდენ წინააღმდეგობას შეხვდება გადაწყვეტილებების მიღების გზაზე, მათ შორის, საერთაშორისო სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, რომ თავად დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს. სხვათა შორის, ერთი საინტერესო სიგნალი იყო – ევროპარლამენტის რამდენიმე წარმომადგენელმა ასეთი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა საქართველოს, რომ გამოიყენონ სერბიის მოდელი და 2 წელიწადში, ანუ 2022 წელს ჩაატარონ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს სიგნალი წამოვიდა უკვე დასავლეთიდან. თუ ეს სიგნალი გაძლიერდა და ამას მხარი აუბეს სხვა ქვეყნებმაც, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, რომელიც ჯერ არ შედგომია თავის საქმიანობას, შესაძლოა, ეს მივიღოთ, როგორც მუშა ვარიანტი.

მანამდე ხომ არ ეცდება „ქართული ოცნება“ სხვადსხვა ფრაქციად გაიშალოს და ხელოვნურად შექმნას პარლამენტს შიგნით ოპოზიცია? 

მე ნაკლებად ველოდები ამას, ამის გარისკვას ვერავინ გაბედავს… იმდენად ვერტიკალურია „ქართული ოცნება“, რომ ეს ნებისმიერ ადამიანს შეუქმნის დისკომფორტს, თუკი ეტყვიან, რომ ხელოვნურად უნდა დაუპირისპირდეს „ოცნებას“. ვფიქრობ, არც ერთი დეპუტატი არ წავა ამაზე.

  • ახლაც ხომ დისკომფორტი აქვს „ქართულ ოცნებას“, როცა პარლამენტი ერთპარტიულია? 

ეს არის დისკომფორტი ქვეყნისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ – არა. რამდენადაც ჩანს მათი განცხადებებიდან და დამოკიდებულებიდან, მათ არავითარი დისკომფორტი არ აქვთ, პირიქით, უნდათ, რომ ენმ და „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შევიდეს. ამოისუნთქეს კიდეც მათი არშესვლით.

  • საერთაშორისო პლატფორმებზეც არ ექნებათ დისკომფორტი? 

რასაკვირველია შეექმნებათ, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული ობიექტური საფუძველი თქვან, რომ არაერთი მოლაპარაკებით, ფორმალურად და არაფორმალურად ეცადნენ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მათ ასევე აქვთ არგუმენტი, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს კონკურენტულად – თქვეს, რომ არავითარი სერიოზული დარღვევა არ ყოფილა და ადამიანებს მიეცათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ეს ერთპარტიული პარლამენტი ჩვენი კი არა, ოპოზიციის არჩევანია და მუდმივად იქნება ამაზე აპელირება.

  • ფეისბუქში წერდით, რომ სიღარიბის მასშტაბი იზრდება და სოციალურად შეუმდგარი სახელმწიფო ვართ. თქვენი დაკვირვებით, რა როლს ითამაშებს სიღარიბე ამ პოლიტიკურ რეალობაში? 

სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ღრმავდება… ხელისუფლება, ბუნებრივია, ეცდება იმის ახსნას, რომ პანდემია შეეხო მთელ მსოფლიოს, მაგრამ მშიერ ადამიანს არ შველის მსოფლიოზე მითითება. ჩანს, რომ პანდემიის მართვა არ იქნება ხელისუფლების დეკონსტრუქციის ძირითადი ინსტრუმენტი, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება იყოს, რადგან სოციალური ფონი კიდევ უფრო უარესდება.

ხელისუფლებას აღარ ჰყავს ვინმე პარლამენტში, ვისკენაც თითს გაიშვერს და პასუხისმგებლობას გადაუნაწილებს. სიღარიბე და უმუშევრობა ნამდვილად იქნება ხოხბის ძვალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი. კომპენსაცია, რასაც სთავაზობს ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილებს, არის სასაცილო.

  • თქვენი აზრით, აშინებს დღეს ხელისუფლებას სიღარიბე და მშიერი ადამიანი? 

რასაკვირველია, ეს არის საშიში. ამ ენერგიას უნდა მობილიზება და აქ უნდა ივარგოს ოპოზიციამ, ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შეხვდნენ უფრო მეტად მოსახლეობას. უნდა იგრძნოს ხალხმა, რომ პარლამენტს მიღმა დარჩენის მიუხედავად, ოპოზიცია მათზე ზრუნავს. ეს სიტუაცია უნდა გამოიყენოს სწორად ოპოზიციამ მასსა და ხალხს შორის დაახლოების შესაძლებლობად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: