პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანი ჰესის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ღარიბაშვილის თქმით, კითხვებს, რომლებიც მოსახლეობას აქვს, უშუალოდ მინისტრებმა უნდა გასცენ პასუხი.
„მინდა გამოვეხმაურო ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით შექმნილ წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ კითხვებს უნდა გაეცეს დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდან გაეცეს პასუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე, ხვალ მაგალითად, დაიწყეთ თქვენ ადგილზე უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. პარლამენტშიც შეიძლება ამ საკითხის ირგვლივ მოიწვიოთ დაინტერესებულები და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ღარიბაშვილის განცხადებას წინ უძღოდა 28 თებერვალს ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია, რა დროსაც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს.
“მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვით ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა არც ერთი კითხვა საზოგადოებაში არ დარჩეს პასუხგაუცემელი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით 200-ლარიანი დახმარების თებერვლის თვის ჩარიცხვა დაწყებულია და ის 33 268 ადამიანით მეტს ჩაერიცხება, ვიდრე იანვარში. კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება, ჯამში 27 869 600 ლარი.
რაც შეეხება იანვრის თვეს, სააგენტოს მონაცემებით, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 080 პირს, ჯამში 21 216 000 ლარი.
კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური/შვებულებაშია და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში. წინა თვის მონაცემების წარდგენა დამსაქმებელს ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით შეუძლია [6 თვის განმავლობაში].
200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან,
ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.
ვის ეკუთვნის კომპენსაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:
4 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარდა 10 678 კვლევა კორონავირუსზე, გამოვლინდა ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.25 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.25%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე საქართველოში 2 212 ადამიანია ინფიცირებული კოვიდით, აქედან 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი.
636 ინფიცირებული საკუთარ სახლში მკურნალობს.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი.
– დე, ჩემში რას შეცვლიდი, რა მოგწონს ჩემს ხასიათში, როგორი გინდა ვიყო?
– არაფერს არ შევცვლიდი დე, შენ ყველაზე საყვარელი გოგო ხარ. ტკბილი, მშვიდი ხასიათი მომწონს შენი, თვალები, ყველაფერი… ჯანმრთელი მინდა იყო, სკოლაში რომ კარგად ისწავლო…
______________
ეს ლალი მოცრაძის და მისი 5 წლის შვილის დიალოგია. 33 წლის ლალის სამი შვილი ჰყავს – 6, 5, და 14 წლის გოგოები. ლალი ემიგრანტია. ორი წელია, რაც იტალიის პროვინცია ლეჩეში ცხოვრობს. მის პატარა ქალაქში ქართველები არ არიან. მეგობრობს იტალიურ ოჯახებთან, ვისთანაც ამ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ლალი მოცრაძე, 33 წლის, ემიგრანტი, სამი შვილის დედა:
საშინელი სამუშაო პირობები მაქვს. ვმუშაობ მინიმალურ ხელფასზე, აქ ცხოვრება ჯოჯოხეთია. ცხოვრება ყველაფრის გარეშე. მე ვარ ადამიანი, ვისაც აქვს ყველაფერი, მაგრამ თან არაფერი: მყავს საუკეთესო ოჯახი, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო შვილები, მაგრამ არ მაქვს არაფერი, ყველა შორსაა.
18 ოქტომბერს ორი წელი გახდა, რაც წამოვედი. მახსოვს, როგორ ველოდებოდი ფრენას. ვუყურებდი ქუთაისს და ვგრძნობდი, რომ ვტოვებდი ჩემს გულს, სულს, ყველაფერს.
მე აქ მხოლოდ სხეული ვარ, რობოტად ქცეული. არაფერი მახარებს, არაფერი მიხალისებს ცხოვრებას.
ქართველები ამაყები ვართ, დავდივართ თავაწეულები, ამ დროს იმდენი დამცირების ატანა მიწევს… მაგრამ რას ვიზამთ, არ მაძლევს საქართველო ჩემს შვილებთან ყოფნის საშუალებას.
ხშირად ამბობენ ხოლმე – „შვილებს გადაჩვეული დედები“. გულზე მხვდება. რამდენჯერ გამღვიძებია და ბალიში გალუმპული დამხვედრია. ჩემი შვილი მესიზმრება ყოველ ღამე, 3 წლისაც არ იყო, რომ დავტოვე. ვერც ვიგებ როგორ და როდის ვტირი ღამით, სიზმარში.
ნუთუ სჯობდა, რომ ჩემი შვილები აღმოჩენილიყვნენ ფეისბუქპოსტებზე, როცა ღარიბი პატარებისთვის აგროვებენ სამოსს, საკვებს. ამისთვის ვარ წამოსული. მინდა ასეთი ბედი ავარიდო ბავშვებს.
დღეს ემიგრანტებით სულდგმულობს საქართველო. საქართველოში დარჩენილ ოჯახებს აქ დარჩენილი შვილები, დედები, ცოლები არჩენენ.
იტალიაში წამოსვლის უმთავრესი მიზეზი ჩემი სუსტი ჯანმრთელობის შვილი იყო. უკიდურეს გაჭირვებაში ვიყავით, მეუღლე ვერ მუშაობდა. ბავშვის წამლის ფული გამოგვქონდა ბანკიდან. ერთ ბანკს როცა ვერ ვიხდიდი, მეორედან გამომქონდა, მერე მესამეში გადავდიოდი და ასე… ერთის პროცენტს მეორე ბანკით ვფარავდი, ვეფლობოდი ვალების ჭაობში.
არ იყო არანაირი გამოსავალი. სამი შვილი მყავს. ორი დედამთილთან და ქმართანაა, მესამე – დედაჩემთან. გადავანაწილეთ ბავშვები. სამდურავი არაფერი მაქვს, ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, ბავშვებს უვლიან ძალიან კარგად ჩემი დედამთილი და დედა, მეუღლეც.
ბედუკუღმართობაა, რომ არ ვარ ჩემს შვილებთან, მინდა უმცროსს დავეხმარო დილას ჩაცმაში, ბაღში წასვლაში…
33 წლის ვარ. 31-ის აქ გავხდი. შევეგუე ბედს, რომ ჩემი შვილების მომავლისთვის ასე სჯობს. უმჯობესი იქნებოდა არ დამეტოვებინა, მაგრამ არ იყო სხვა გამოსავალი.
ქვეყანაში, სადაც 25 ლარი ღირს 5 ლიტრი ზეთი და ჩემი ქმარი თვეში გამოიმუშავებს 500 ლარს… ბანკი გადავიხადო, შვილები გამოვკვებო, ვასწავლო მათ ამ 500 ლარით თუ რა გავაკეთო? არ მინდოდა ჩემი მეუღლე იძულებული გამხდარიყო გაჭირვებისგან ცუდ გზას დადგომოდა. ათასი ფიქრი და შიშია.
იტალიაში მუშაობა ჩვენთვის ციხეში ცხოვრებაა. ციხეში უბორკილოდ ცხოვრება, რასაც დასასრული არ აქვს.
რაც აქ ვარ, ღამე შემიყვარდა, უფრო მალე გადის, დღე კი არასდროს სრულდება. ყველაფრის ინტერესის გარეშე ვცხოვრობ.
მალე საბუთს ვაკეთებ და რა თქმა უნდა, ჩამოვალ საქართველოში. მინდა ყველასთვის სიურპრიზად დავბრუნდე სახლში, მინდა ჩემი შვილების თვალებში მოულოდნელი სიხარული დავინახო.
ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა საქართველოს ჰაერს ჩავისუნთქავ. ხმა მენატრება ქართული. ნეტა მე ვიყო ბოლო ემიგრანტი, ვინც საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წამოვა, მაგრამ იმდენი ქალი მოდის აქ… მალე ალბათ საქართველო იქცევა ქვეყნად, სადაც ქალი აღარ დარჩება, დედა აღარ იარსებებს.
იქნებ ჩვენი ემიგრაციით შვილები მაინც დავიცვათ ემიგრაციისგან და სჯობს ვიყოთ მებრძოლი დედები, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
სტუდენტებს უნივერსიტეტებში, ყველას ჰყავს ვინმე ემიგრანტი, ვინც ეხმარება.
დიდი პატივისცემით მეპყრობიან იტალიელები. ყველასთან ვმეგობრობ, მაგრამ მოვალეობა უნდა შეასრულო. თუ თავს დაიცავ და მყარად დგახარ, პატივს გცემენ, გერიდებიან. ვიცავ ჩემს უფლებებს როგორც შემიძლია, მაგრამ აქ მარტო ხარ. სულ მარტო. ვერავის ენდობი. ქართველსაც კი.
შვილების საგაკვეთილო პროცესში აქედან ვერთვები. არასდროს ვსარგებლობ იმით, რომ ემიგრანტი დედა ვარ, თითქოს იქ ვიყო, საქართველოში. პედაგოგი სულ მეუბნება ყოჩაღ, ამას როგორ ახერხებო და მიხარია. ერთ-ერთი მოწინავე მშობელი ვარ, მეც ჩემი შვილების აღზრდა-განათლებაში ვარ ჩართული.
კი, ემიგრანტი დედა ვარ, მაგრამ პასუხს ვაგებ ჩემი შვილების ზრდილობაზე, სწავლა-განათლებაზე, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათთან ახლოს ვიყო. ფიზიკურად ვერა, მაგრამ სულიერად სულ მათთან ვარ.
ვმუშაობ ადამიანთან, რომელსაც აღარაფერი ახსოვს. დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლა მიწევს საკუთარ თავთან. საკუთარ თავს ვნებს ჩემი მოსავლელი მოხუცი, ვდარაჯობ, რომ არაფერი დაიზიანოს. საკუთარი ოთახი კი არა, საწოლიც კი არ მაქვს. ისე კი იდეალურ დალაგებას არავინ მთხოვს, რადგან რთულად მოსავლელი მოხუცი მყავს, ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს, ვერც თავისით ჭამს.
მაქვს 12-საათიანი სამუშაო დღე, მაგრამ 24-საათიანი მუშაობა გამომდის. მისი დატოვება ღამითაც არ შემიძლია.
რა ვქნა. ასეთი პირობები შეგვიქმნა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ ვართ საქართველოს განწირული შვილები. ვიცით, რომ პრობლემები არასდროს დაილევა. ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა. ჩამოვალთ, მაგრამ როგორც სტუმრები საკუთარ სახლებში. ქართველ ქალებს არ უნდათ ჩამოსვლა, რადგან გვაქვს სტაბილური სამსახური, უზრუნველყოფილი გვყავს შვილები. ჩვენ დაბრუნება არ გვიწერია.
რას ფიქრობთ კაცზე, რომელიც ქალს სცემს და ფსიქოლოგიურად ძალადობს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის ქუჩებში 11 კაცს ესაუბრა. ამჯერად თავად კაცებს ვკითხეთ, როგორ ესმით, მაგალითად, ფსიქოლოგიური ძალადობა? ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა დასახმარებლად, ან როგორი კაცია მოძალადე? პასუხების მოსმენის შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ: თაობებს შორის შეხედულებები იცვლება. იცვლება ლექსიკაც, რომლითაც თაობები ძალადობის შესახებ საუბრობენ.
მაგალითად, ხანში შესული კაცები ქალის მიმართ ხშირად ახსენებენ ფრაზებს: „მანდილოსანია და მოფერება სჭირდება“, „პოლიცია არაა საჭირო, მოითმინოს“, ან „თუ დამნაშავე არაა, რატომ სცემეს?“ შუა ასაკის კაცები ამ ტერმინებს ნაკლებად იყენებენ, ძალადობას ემიჯნებიან, თუმცა უჭირთ იმის აღწერა, თუ რა არის, მაგალითად, ფსიქოლოგიური ძალადობა.
სიტყვა „ფსიქოლოგს“ კი ახალგაზრდა კაცები ყველაზე ხშირად ახსენებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოძალადეს და მსხვერპლ ქალსაც, პირველ რიგში, ფსიქოლოგი სჭირდება. ახალგაზრდების ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა „დაზარალებულიც“. ახალგაზრდები ამ თემაზე საუბარს უფრო იმაზე აქცენტირებით იწყებენ, რომ სურთ, დაზარალებულის მხარეს დადგნენ.
კიდევ ერთი ტენდენცია – ნებისმიერი თაობის კაცებს საერთო ჯამში ერთი რამ აერთიანებთ: ძალადობის თემაზე აღარავინ „ღლიცინებს“. ამ საკითხზე უფიქრიათ და არავინ გეტყვით ფრაზას, რასაც წლების წინ ხშირად მოისმენდით, როცა ანალოგიურად კითხვას დასვამდით: „პრობლემები დაილია?“
ხანში შესულები: „ქალს უნდა მოეფერო“
„ქალს უნდა მოფერება“, – გვითხრა ბათუმელმა ჯუმბერ რომანაძემ, რომელსაც ცენტრალურ პარკში ვესაუბრეთ ქალებზე ძალადობის შესახებ. მას მიაჩნია, რომ კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, არაკაცია, თუმცა იმავდროულად მისთვის გასაგებია მიზეზი, რის გამოც ოჯახში კონფლიქტი შესაძლოა ხდებოდეს. ჯუმბერ რომანაძე დაუშვებლად მიიჩნევს, ძალადობის გამო ქალმა პოლიციას მიმართოს.
„თუ არ ჰყავს პატრონი ახლა და უპატრონოა, ძმა არ ჰყავს, მამა, მაშინ უნდა მიმართოს პოლიციას, აბა, რა უნდა ქნას, თუ ძმა ჰყავს, მიხედავს უპოლიციოდაც… ოჯახი ო-ჯახია, პრობლემები ყველგან არის, ხანდახან ხდება, მაგრამ სულ არაა საჭირო ჩხუბი. პოლიცია შორს. ქალები რომ ძალადობენ მამაკაცებზე, მაგას რატომ არ ამბობთ? ყველაფრის უფლება რომ მისცეს ქალებს?“ – კითხულობს ჯუმბერ რომანაძე.
რა შემთხვევაში არის ქალი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი? – კითხვის პასუხად რესპონდენტმა ასეთი შემთხვევა მოიყვანა: „მაგალითად, ქალს ფული არ მიაქვს ოჯახში, ბავშვებს ხო ჭამა უნდათ?“
თუკი ახალგაზრდები გეტყვიან, რომ ქალები თავად გააქტიურდნენ და მედიაც ხშირად აშუქებს ძალადობის შემთხვევებს, ხანში შესულებს მიაჩნიათ, რომ ოჯახში ძალადობის გაზრდილი სტატისტიკა ძირითადად სიღარიბეს უკავშირდება.
„გაჭირვებამ და უმუშევრობამ, უფულობამ მოიტანა ეს, როცა ადამიანი გამოუვალ სიტუაციაშია და აღარ იცის, რა ქნას… უკიდურეს სიტუაციაში უნდა მიმართოს ქალმა პოლიციას, ეს უნდა იყოს უკიდურესი გამოსავალი. აჯობებს ერთმანეთში გამონახონ საერთო აზრი, ვიდრე პოლიციას უთხრან,“ – გვიპასუხა ემზარ გოგიტიძემ. ქალებზე საუბრის დროს მანაც ახსენა, რომ საჭიროა „მოფერება და დარიგება“.
ემზარ გოგიტიძე
„ფსიქოლოგიური ძალადობა მოდის უფულობისგან, გაჭირვებიდან, კაცი ყველაფერზე ნერვიულობს… როცა კაცი კმაყოფილია ფულით, ცხოვრებით, იმას ძალადობა არ სჭირდება,“ – მიიჩნევს კაკო თურმანიძე. ისიც მიიჩნევს, რომ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა არ მიიჩნევს, მაგალითად, რომ ძალადობაა, როცა ქალს, ან თუნდაც საკუთარ ცოლს სამოქმედო სივრცედ მხოლოდ ოჯახი და სამზარეულო განუსაზღვრა.
„მე ვარ მამაკაცი და ოჯახს ვმართავ მე, ქალი უნდა იყოს სახლში, „კუხნაში“, კაცი წავიდეს, მოიტანოს, ქალმა მისი საქმე გააკეთოს, ქალის ბიზნესის და პოლიტიკის არ მჯერა მე… როგორც თანამედროვე კაცი, ასე მივიჩნევ,“ – კატეგორიულია კაკო თურმანიძე და დამატებითი კითხვების მოსმენა ამ საკითხზე აღარ სურს.
კაკო თურმანიძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ, მაგალითად, მის ცოლს არასდროს გასჩენია ან არ უნდა გაუჩნდეს პროტესტი მისი ამგვარი დამოკიდებულების გამო. კაკო თურმანიძეს ჩვენ ასევე ვკითხეთ, რატომ შეიძლება არ სურდეს ქალს აკეთოს ბიზნესი ან პოლიტიკა.
„ვარიანტი არაა, ჩემი ცოლი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, მაგას მან არ იტყვის, არც მისი შვილები და შვილიშვილები. ჩემს სიცოცხლეში მასეთი რამე არ მოხდება… თუ აქვს მაგის სურვილი, რომ მისმა ტვინმა მაი გაქაჩოს [ბიზნესი]… მე ჩემს ქალს – იამზე კახიძეს ვთხოვ, რომ ქუხნაში ცხელი საჭმელი დამახვედროს, სახლი სუფთად დამხვდეს,“ – გაცხარდა კაკო თურმანიძე.
კაკო თურმანიძე
განსხვავებულად ფიქრობს რეზო მიქელაძე, რომელსაც ბულვარში შევხდით. მასაც მიაჩნია, რომ სიღარიბეა ძალადობის მთავარი მიზეზი, თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად ქალებს სთხოვენ ოჯახის რჩენას.
„უმეტესად კაცის ბრალია ძალადობა… არაფერი არ შემოაქვს კაცს ოჯახში და ავალებენ ქალს, ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში,“ – ამბობს რეზო მიქელაძე.
რეზო მიქელაძე
„თუ დამნაშავე არაა, რატომ სცემს და ძალადობს? ესე იგი, რაღაცას აშავებს ქალი, რომ მამაკაცი უჯავრდება… გამოდის, რომ ან „იგულავა“ ქალმა სხვასთან, ან რამე არასწორი გააკეთა ისეთი, რაც ქმარს არ გაუხარდა,“ – გვიპასუხა რომან ნაკაშიძემ.
მისი აზრით, ძალადობა დაუშვებელია, თუმცა „პოლიციამდე არ უნდა მივიდეს საქმე“ და თუ კაცი არ გამოსწორდება, დაშორება ჯობია. რომან ნაკაშიძეს მტკიცედ სჯერა, რომ ძალადობას თავისი მიზეზი ანუ გამართლება აქვს.
შუა ასაკი: „ქალმა უნდა დათმოს ცოტა
მოძალადის გამართლებისკენ საუბრის წაყვანას რომ ცდილობენ, ასეთი კაცის პოვნა საშუალო ასაკის ადამიანებშიც არაა რთული.
„გააჩნია სიტუაციას, რა მხრივ ცემს, რა მიზნით ეჩხუბება… ყველა სიტუაციას გააჩნია თავისი მუხლი, მიზეზი, პუნქტი, არის სიტუაციები, როცა მამაკაცი მართალია, არის სიტუაციები, როცა მანდილოსანია მართალი,“ – გვიპასუხა რუსლან მამულაძემ. ის ჭავჭავაძის ქუჩაზე სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს.
რუსლან მამულაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია ქალზე ძალადობის საიდუმლოდ შენახვის ტრადიცია.
„არ გვსურს ქართველებს გახმაურება, იხარშავს ბევრი თავისთვის გულში, რომ სხვამ არ გაიგოს, არ გაიგონოს, ცუდად არ იფიქროს, ვინ რას იფიქრებს, ეს ძალიან ცუდია… თუ ადამიანს ვერ გააგებინებ, ჯობია, ჩხუბს და ძალადობას, გაშორდე,“ – დაასრულა რუსლან მამულაძემ.
რუსლან მამულაძე
ფსიქოლოგიურ ძალადობად, მაგალითად, ჯაბა შაინიძეს კაცის მხრიდან „ცოტა ხმის წამოწევა“ მიაჩნია. მისი აზრით ეს ტრადიციის ნაწილია, რადგან „ოჯახის უფროსი კაცია და მთავარი სიტყვა კაცმა უნდა თქვას“.
„უნდა არსებობდეს შეთანხმება, მაგრამ თუ ვერ ეთანხმება წყვილი ერთმანეთს, პოლიციაში მიმართვამდე, ჯერ ერთმანეთში უნდა მოიძებნოს პრობლემა. ოჯახში მეტი პასუხისმგებლობა მამაკაცზეა… რაღაც მომენტში ქალმა უნდა დათმოს ცოტა,“ – ასრულებს ჯაბა შაინიძე.
ახალგაზრდები: შესაძლოა, არ მივმართო პოლიციას, მაგრამ ეს ცუდია
„ძალადობა არ ნიშნავს მაინცადამინც იმას, რომ ფიზიკურად იძალადო. ძალადობაა, როცა მორალურ ზემოქმედებას ახდენ ქალზე და ბრძანებებს იძლევი, რადგან ფიქრობ, რომ მამაკაცი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ქალი,“ – მიიჩნევს ომარ ტუნაძე. ის სტუდენტია.
როგორი კაცია მოძალადე?
„ვფიქრობ, რომ უფრო გაუცნობიერებელია ის ადამიანი, ძირითადად კულტურამ განსაზღვრა მისი ცნობიერება… კაცს ჰგონია, რომ ის არის ყველაფრის მცოდნე, რაც, ბუნებრივია, არაა სწორი. ეს მხოლოდ მითოლოგიაა, რომ კაცი ყოველთვის ქალზე უფრო ჭკვიანია,“ – გვიპასუხა ომარ ტუნაძემ.
ის არ გვიმალავს, რომ მის გარშემოც ყოფილა ძალადობის შემთხვევა და კონფლიქტის მიჩუმების შემდეგ განცდა დარჩა, რომ რეალურად მოძალადე არ შეცვლილა. ომარი მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ქალს და მოძალადესაც, პირველ რიგში, ფსიქოლოგი სჭირდება და შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევებში, მოძალადის შეცვლა ფსიქოლოგმა შეძლოს.
„ქალი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა გაძლიერდეს… მოძალადის შემთხვევაში კი, მთავარი პრობლემა გაუნათლებლობაა,“ – დასძინა ომარ ტუნაძემ და მერე დანანებით იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ხშირად თავად ქალები არ აქტიურობენ, როცა მიაჩნიათ, რომ კაცი და მისი სურვილებია მთავარი.
ომარ ტუნაძე
ფსიქოლოგიაზე აკეთებს აქცენტს რომა ახალაძეც.
„ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია ასეთი კაცი, ვინც ძალადობს. ალბათ, უნდა მიმართონ სპეციალურ დაწესებულებებს, სადაც მსგავს საკითხებს განიხილავენ. იმედია, არის მსგავსი დაწესებულებები,“ – მიიჩნევს რომა ახალაძე.
უფროსი თაობისგან განსხვავებით, რომა ასევე იყენებს ფრაზას „დაზარალებული ქალი“.
„თუ არის საჭირო, ჩავერევი და აუცილებლად დავეხმარები დაზარალებულ ქალს, მორალურად დავუდგები გვერდით,“ – აღნიშნა მან.
რომა ახალაძე
„მოძალადეებს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, ციხე. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემა… ვხედავ, რომ იმატებს ეს შემთხვევები. უფრო სწორად, ხშირად აშუქებს მედია და პოლიციისთვის მიმართვამაც იმატა. უნდა გადალახონ ქალებმა ეს პრობლემა, ჩვენ ბევრი რამ უნდა გადავლახოთ ერთად, ეს არაა სირცხვილი…“ – გვითხრა გურამ გოგოტიშვილმა.
გურამ გოგოტიშვილი
როგორ იმოქმედებთ, თუკი გაიგებთ, რომ რომელიმე თქვენი ახლობელი მოძალადეა?
„გულზე ხელი რომ დავიდო და სიმართლე გითხრათ, მეც რომ გავიგო, შესაძლოა, არ მივმართო პოლიციას, მაგრამ ეს ჩამორჩენილი მენტალიტეტია, ცუდია… მეც რაღაც მაკავებს, ეს უნდა გადავლახოთ. ცუდია შეხედულება, რომ ეს თითქოს სხვისი საქმეა,“ – გვიპასუხა გურამ გოგოტიშვილმა.
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დღესასწაული უქმე დღედაა გამოცხადებული. დედის დღის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უმაღლესმა საბჭომ 1991 წელს მიიღო და დააკანონა.
ბათუმის ქუჩებში დღეს ბევრგან იყიდებოდა მინდვრის ყვავილები. ბავშვები და მოზრდილები შინ თაიგულებით მიიჩქაროდნენ, ყვავილებს კი ძირითადად მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ადამიანები ყიდდნენ.
სევერიან კახიძე, ყვავილების გამყიდველი
„დედა სიკვდილის წინ ჩემს სახელს იმეორებდა. ავად რომ გახდებოდა, ღმერთს ვთხოვდი, ოღონდ გამოაჯანმრთელე, ვიმარხულებ-მეთქი. სოფელ კაპნისთავში ვცხოვრობ. გაზაფხულობით ჩამოვდივარ, აქ ვჯდები და ვუცდი მყიდველს. ამ ყვავილებს? ჩემი ბადიშები კრეფენ ტყეში, მე წყალში ვაწყობ, ზედმეტ ფოთლებს ვაცლი, შევკრავ ლამაზად და მომაქვს.
ამ სასტუმროსთან ვზივარ ხშირად. სახლივით მაქვს. პატრონმა მითხრა, შემოდი ხოლმე, დაისვენე და გათბიო. შევდივარ, მოვისვენებ ცოტას, გამოვდივარ და ვყიდი ყვავილებს”.
სევერიანი
ნინო რუხაძე
„ძალიან კარგი ქალი იყო დედაჩემი. იცით, როგორ მეხმარება იქედანაც? დედის ენერგია არსად ქრება. როცა ძალიან მიჭირს, მას ვთხოვ დახმარებას და ყოველთვის ჩემთანაა”.
ნინო
ჟუჟუნა კახიძე
„დღესასწაულებზე ყვავილები მომაქვს ქედიდან ბათუმში, ხან მე მოვდივარ, ხან ჩემი მეუღლე მოდის, ყველაფერს რომ გავყიდი, წავალ სადგურში და ვბრუნდები სახლში. წვიმდება, მაგრამ რა ვქნა, ეს კონები დამრჩა გასაყიდი”.
ჟუჟუნა
ელისაბედ ტაკიძე, 15 წლის
„დედაჩემი პედაგოგია, სულ სამსახურშია. ბევრს მუშაობს ჩვენთვის, ხელფასს სულ ჩვენთვის ხარჯავს. დღისით რომ ვერ გვხედავს, საღამოობით გვესიყვარულება, ცდილობს თავისუფალი დრო სულ ჩვენთან გაატაროს. სხვათა შორის, პანდემიაში ბევრი დრო გავატარეთ ერთად!”
ელისაბედი
დათო, ყვავილების გამყიდველი
„ქედის ტყეებში ვკრეფ ყვავილებს, ისეთი სიცივე იყო წელს… თან შორს უნდა წახვიდე, ტყისპირებზე არაა ყვავილი. 3 და 8 მარტს ჩამომაქვს ქედიდან ყვავილები გასაყიდად, ხშირად არ დავდივარ”.
დათო
მზეო ნოღაიდელი, ყვავილების გამყიდველი
„დილის შვიდზე ავდექი, დავკრიფე ქედის ტყეში და ახლა აქ ვყიდი, ცოტა დამრჩა, წავალ მალე სახლში”.
მზეო
ბათუმი, 3 მარტი, დედის დღე, 2021 წელი.ბათუმი, 3 მარტი, დედის დღე, 2021 წელი.
რას შეცვლის მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლაში, ლიტერატურის სწავლებაში და რა არის ის დიდი გამოწვევა, რის წინაშეც დგას როგორც მასწავლებელი, ასევე ბავშვი? ითვალისწინებენ თუ არა პედაგოგების აზრს მესამე თაობის სასწავლო გეგმის შემუშავების დროს? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ფინალისტს, ბათუმის №3 საჯარო და კერძო სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მაია მენაბდეს ესაუბრა.
ქალბატონო მაია, თქვენი აზრით რას შეცვლის ლიტერატურის სწავლების კუთხით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რაში დაეხმარება მოსწავლეს, მასწავლებელს?
სკოლამ თვითონ უნდა შეიმუშაოს თავისი სამუშაო კურიკულუმი ამ სტანდარტზე დაყრდნობით და ეს კურიკულუმი მთლიანად ეყრდნობა კომპლექსურ დავალებებს, რომლებიც გულისხმობს ისეთი დავალებების შესრულებას, როდესაც ბავშვი შექმნის შემოქმედებით ან შემეცნებით პროდუქტს. ეს მიდგომა მე ძალიან მომწონს.
აქამდე მასწავლებელი შემოქმედებით მიდგომას არ ასწავლიდა მოსწავლეს?
აქამდე ეს იყო ცალკეული მასწავლებლის ინიციატივაზე დამოკიდებული, ახლა უკვე სისტემურად ინერგება. ყველა მასწავლებელი, ვინც ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, მუშაობს კომპლექსური დავალებებით. რადგან ეს სისტემურია, შესაბამისად, შედეგიც უკეთესი უნდა გვქონდეს. ასეთი მუშაობა ბავშვის ინტერესებზეა მორგებული, მის ყოველდღიურ ცხოვრებას, ნაცნობ გარემოს ითვალისწინებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სქელტანიანი ნაწარმოებები სკოლაში რთულად ისწავლება, რადგან მასწავლებელიც და მოსწავლეც დროშია შეზღუდული. ახალი სასწავლო გეგმით ეს პრობლემა დაიძლევა? შეძლებს მასწავლებელი სიღრმისეულად გაიაროს მნიშვნელოვანი ტექსტები?
საშუალო საფეხურის ახალი სტანდარტი ჯერ არ დადებულა. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ სავალდებულო ნაწარმოებთა სია შეიცვლება, იმიტომ, რომ მართლა რთული პროგრამაა ბავშვებისთვის. ჯერ ერთი დიდტანიანია, ამას ემატება ისიც, რომ, ყველა ნაწარმოები ქრონოლოგიურად არის დალაგებული სახელმძღვანელოებში, რის გამოც ყველა რთული თხზულება ერთად იყრის თავს, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის.
ჩემი აზრით, კლასიკური ლიტერატურა ნამდვილად უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, როგორც კომპეტენტურმა ადამიანმა, რადგან ბავშვისთვის ეს სრულიად უცნობი, განსხვავებული ესთეტიკაა. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწოდებს მას უფროსი. მაგრამ ეს ტექსტები უნდა ისწავლებოდეს დოზირებულად, მოზომილად, კონკრეტულ თემატურ კონტექსტში თანამედროვე ლიტერატურასთან და არა ქრონოლოგიურად.
აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ის პრობლემატიკა, რომელიც თანამედროვე ბავშვს აინტერესებს და შესაბამისად, უნდა იყოს ძველისა და ახლის შერწყმა.
„შუშანიკის წამების“ შემოტანა რომელ თემატურ კონტექსტში სჯობს?
„შუშანიკის წამებაში“ უმთავრესი კონტექსტი არის რელიგია, რწმენის არჩევანი, ეს არ უნდა ჩამოვაშოროთ, მაგრამ პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, პიროვნების თავისუფლება, მისი გზა, რომელსაც სხვები პატივს უნდა სცემდნენ და ამ კონტექსტში ვასწავლი „შუშანიკსაც“ და „აბოსაც“, ასე უკეთესად უახლოვდებიან ბავშვები ტექსტს და ხვდებიან რა არის პრობლემა.
ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის შემოტანაც, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. კონტექსტი თავისთავად მოდის, როდესაც ტექსტზე ვმუშაობთ, რადგან ბავშვებში თავისთავად ჩნდება პროტესტი, სხვა თვალით უყურებენ. ბავშვმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს მეხუთე საუკუნის ძეგლია და ის რეალობა უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ ის 21-ე საუკუნის მკითხველია და ძალადობის მიმართ ეს პროტესტი ბუნებრივად უჩნდება.
შესაბამისად, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ პრობლემებზე, დააფიქროს ბავშვები, რომ სიღრმისეულად გაიაზრონ ტექსტი, გააცოცხლონ და დაუკავშირონ დღევანდელ რეალობას.
როდესაც ნაწარმოები თემების სახით ანუ კონტექსტურად შემოვა, მთლიანი ტექსტის წაკითხვა ხომ მაინც მოუწევთ ბავშვებს.
ამიტომ ვამბობ, რომ თუ სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალი არ შეიცვალა და არ შემცირდა, ისევ დარჩება ეს პრობლემა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ახალ სტანდარტში ეს საკითხი.
დღეს სასწავლო გეგმაში შეტანილი რომელიტექსტების სიღრმისეული სწავლება ვერ ხერხდება მათი მოცულობის გამო?
მიმაჩნია, რომ დიდტანიანი ნაწარმოებები სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან თანამედროვე ბავშვები ძალიან დინამიკურები არიან, უყვართ ცვლილებები, სიახლეები, ურჩევნიათ ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა ტექსტი წაიკითხონ, სხვადასხვა კუთხით დაფიქრდნენ, ვიდრე ერთი ნაწარმოები იკითხონ, რომელიც გაიწელება დროში.
მაგალითად, „დიდოსტატის მარჯვენა“ ძალიან რთულია და გვინდა თუ არა, მაინც ვართ ნაწარმოების მოსწრებაზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ ბავშვმა პრობლემები გაიაზროს, სიღრმისეულად, კრიტიკულად შეხედოს, თავისი სათქმელი თქვას ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით.
რითი ჩაანაცვლებდით ამ ნაწარმოებს?
გამსახურდიას რომელიმე ნოველით ჩავანაცვლებდი თუნდაც, ძალიან დიდი არჩევანია.
ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ რომ ავიღოთ, არაჩვეულებრივი ნაწარმოებია, მრავალმხრივი და საინტერესო, მაგრამ დროში ესეც იწელება. მასწავლებელი ვერაფერს გახდება, თუ ტექსტი არ წაიკითხა ბავშვმა. „ჯაყოს ხიზნებიდან“ შეიძლება გარკვეული მონაკვეთების ამოღება ისე, რომ ბავშვს მისი მთლიანად წაკითხვის ინტერესი გაუჩნდეს.
ვიღაცისთვის ის ერთი ეპიზოდი იქნება ბევრის მთქმელი და ამით დაკმაყოფილდება, ვიღაცას გაუჩენს სურვილს, რომ მთლიანი ნაწარმოები წაიკითხოს.
„ვეფხისტყაოსანი“ როგორ უნდა დარჩეს სასწავლო პროგრამაში, რომ იგივე დამოკიდებულება არ იყოს ამ ნაწარმოების მიმართ და მოსწავლეებმაც შეძლონ მისი კარგად გააზრება?
ბავშვების ძალიან დიდი პროცენტი სკოლის დამთავრების მერე აღარ შლის „ვეფხისტყაოსანს“. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ მათი უმეტესობა მაინც ითრგუნება დიდი მოცულობის, რთული ტექსტით.
მეათე კლასის განმავლობაში სწავლობენ ჰაგიოგრაფიას, გურამიშვილს, სულხან-საბას და „ვეფხისტყაოსანს“ – ურთულესი რამეა. წარმოუდგენელ რამეს ვთხოვთ ბავშვს! ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ. არადა ,„ვეფხისტყაოსანი“ ისეთი ცოცხალი ტექსტია, იმდენი კუთხით შეიძლება დავანახვოთ ბავშვებს და დავაფიქროთ…
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ყველაფერი მაინც მასწავლებლის ოსტატობასა და მის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. ასეა?
მარტო მასწავლებელი ძალიან ცოდოა ამ პრობლემების წინაშე. ძალიან ბევრს ვცდილობ, უამრავ რამეს ვიგონებ მეათე კლასი როცა მყავს და მაინც მგონია, რომ უმწეო ვარ, რადგან რთულია ამ ტექსტებით დააინტერესო თანამედროვე ბავშვი მაშინ, როცა თან „მოსასწრები გაქვს“.
ბოლო კლასებში რომ გადანაწილდეს სქელტანიანი ტექსტები, მაინც იგივე პრობლემა იქნება?
გადანაწილებულია, მაგრამ მაინც პრობლემაა, რადგან დიდია მათი რაოდენობა.
თქვენ თქვით, რომ პრობლემაა ამ ტექსტების ქრონოლოგიურად დალაგება. თუ თემატიკის მიხედვით დალაგდება, ეს შეამსუბუქებს საქმეს?
ქრონოლოგიურად დალაგება იმიტომ არის პრობლემა, რომ მთელი ძველი ქართული ერთ კლასშია თავმოყრილი. შემდეგ მთელი მე-19 საუკუნე მოდის და შემდეგ – მეოცე. ჩვენ არ ვასწავლით ისტორიას, ჩვენ ვასწავლით და ვაყვარებთ ლიტერატურას, მთავარია, თემატურად იყოს ნაწარმოებები დაჯგუფებული.
ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მწერლების შემოტანაც, რადგან როცა ცოცხალ მწერალს აცნობ ბავშვს, ამით აძლევ შესაძლებლობას, რომ მასთან შეხვედრა მოუნდეს, მისი ახალი ნაწარმოებები წაიკითხოს. ვფიქრობ, ეს ძალიან აკლია ჩვენს სკოლას.
თუ მიდის დისკუსია ამ საკითხებზე იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს მესამე თაობის ეროვნულ გეგმაზე და თუ იცნობენ პედაგოგების აზრს ამ ყველაფერზე? რამდენად ხართ ჩართული გეგმის შემუშავების პროცესში პედაგოგები?
აუცილებლად უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის სათავეში ისეთი ადამიანი უნდა იდგეს, რომელსაც უშუალო შეხება აქვს სკოლასთან. ვისაც მის მაჯისცემაზე უდევს ხელი. ამ კუთხით სასიკეთო ძვრები არის, მაგრამ არა იდეალური.
მე თვითონ ვარ „ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი ექსპერტი, მეგზური, მაგრამ ახალი სასწავლო გეგმის შემუშავებაში რეფორმის ავტორები არიან ჩართული. ვიცი, რომ მათ შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის დროს უშუალოდ შედიან სკოლაში და ატარებენ გაკვეთილებს.
თუმცა განათლების სისტემაში არის კომპლექსური პრობლემები და მხოლოდ კომპლექსური დავალებების შესრულებით ეს არ გადაიჭრება. მაგალითად, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე – ქართულში ტექსტების რაოდენობა, სახელმძღვანელოები, მრავალრიცხოვანი კლასები… ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სფეროში ახალი ძალა მოდიოდეს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ აინტერესებს ახალგაზრდებს სკოლით და ესეც პრობლემაა. გამოცდილებას თავისი წონა და ფასი აქვს, მაგრამ ახალი ძალის შემოსვლა განათლების სისტემაში, ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
რა გავლენა აქვს ბიზნესმენს, რომელმაც ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის ასაშენებლად ნებართვის მიღება მოახერხა, მაშინ როცა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცალსახად არ უშვებს მსგავსი მასშტაბის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობისძეგლის ტერიტორიაზე?
როგორ მოხდა, რომ ყველა სამთავრობო სტრუქტურა, რომლებსაც ამბასადორის „დაჟინებულ მოთხოვნებთან“ შეხება ჰქონდა, მობილიზებული იყო მის დასახმარებლად?
„ამბასადორმა“ მიზანმიმართული უკანონო ქმედებების შემდეგ ჯერ ბულვარში გაფართოება, შემდეგ კი მიმდინარე მშენებლობის მასშტაბის გაზრდაზე ნებართვის მიღება მოახერხა. დიდი ალბათობით, სამომავლოდ ბულვარში გაფართოების სურვილს კომპანია ისევ გაახმოვანებს, რადგან სააგენტომ კომპანიას დაუმტკიცა 16-სართულიანი პროექტი [დამატებით – სამი მიწისქვეშა სართულით] პარკინგის ადგილის გარეშე. პარკინგის მოსაწყობად კი ბულვარში კომპანიას თანხმობის მიღების მზაობაბათუმის ყოფილი მერისგან ჰქონდა.
„ამბასადორის“ მშენებლობას ბათუმში აქციებით აპროტესტებენ. მომზადდა პეტიცია, რომელსაც ხუთი ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს, ბულვარში „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მიმართეს აჭარის განათლების მინისტრს, შეაჩეროს მშენებლობა, ვიდრე მისი ქვემდგომი სააგენტოს გადაწყვეტილებისკანონიერებას არ შეისწავლის.
ბათუმში მშენებლობებზე ნებართვის გამცემი პირები ხშირად ფარად იყენებენ კანონს კრიტიკის საპასუხოდ, როცა საქმე ეხება კონკრეტულ მშენებლობებს, რომლებიც ბათუმში არ მოსწონთ და მიუღებლად მიაჩნიათ.
ასე იქცევიან მერები, მერის მოვალეობის შემსრულებლები, მთავარი არქიტექტორები, სააგენტოს დირექტორები… „ეს გემოვნების საკითხი არ არის,“ – ამბობენ ისინი და განმარტავენ, რომ უარის თქმის შესაძლებლობას კანონი არ აძლევთ.
თუმცა კანონი არ აღმოჩნდა საკმარისი მშენებლობის ნებართვის გამცემთათვის ბათუმის ბულვარის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად.
ბოლო პერიოდში ბულვარის დამცველებმა მშვიდობიანი პროტესტის რადიკალური ქმედებებით შეცვლის აუცილებლობა დაინახეს: „სხვანაირად ხელისუფლებას ჩვენი ხმა არ ესმის, როცა კომპანია დიდი ფულით და დიდი გავლენით მოდის.“
კომპანია, რომელიც ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს
„ამბასადორის“ პროექტი ბათუმის ბულვარში ეტაპობრივად ზრდადია, ისევე როგორც ყველგან, სადაც კომპანია ჩავიდა და საქმიანობა წამოიწყო. ჯერ არ ვიცით, არის თუ არა 16 სართული ბათუმის ბულვარში პროექტის სიმაღლის ბოლო ნიშნული, თუმცა დადასტურებულად ვიცით, რომ პროექტი არ მოიაზრებს პარკინგის ადგილს და კომპანიას ამ პრობლემის მოსაგვარებლად ისევ ბულვარის ტერიტორიაზე უჭირავს თვალი.
შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 40-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს – ამის შესახებ კომპანია თავისსავე გავრცელებულ სარეკლამო მასალებში წერს. მიუხედავად იმისა, რომ „ამბასადორმა“ ოფიციალურად მოითხოვა ბათუმში მშენებარე კომპლექსისთვის სასტუმროს ფუნქციის დამატება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ჯერ არ აჟღერებს და მშენებარე პროექტს ისევ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს უწოდებს.
კომპანია „ამბასადორი“ ფლობს ასევე შპს „ელიტ სქიი რესორტის“ 100%-იან წილს, რომელმაც გოდერძის უღელტეხილზე სასტუმროს მშენებლობა უკვე დაასრულა. ამ კომპანიის დირექტორიც „ამბასადორი ბათუმის“ დირექტორი ელგუჯა ქებურიაა.
ამბასადორი გოდერძი
კომპანიის ყველაზე მსხვილი პროექტი სასტუმრო-დასასვენებელი კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთია“, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული და როგორც სასტუმროს, ასევე ღია დასასვენებელ სივრცეებს, რესტორნებს, სამორინეს, აუზებს, გოლფის მოედანს და საცხენოსნო კლუბს აერთიანებს. ტერიტორიას აქვს ასევე ხელოვნური ტბა, სადაც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში 15 779 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ეკა კოპალეიშვილმა სახელმწიფოსგან 2016 წელს პირდაპირი წესით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 100 000 ლარად მიიღო, ანუ 1 კვადრატულ მეტრში 6 ლარი გადაიხადა. ამავე განკარგულებით ეკა კოპალეიშვილმა ამ ნაკვეთზე 750 000 ლარი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.
ქებურიები ამ ნაკვეთის გაგრძელებაზე ფლობენ ასევე შპს „მეღვინეობა ქებურიას“, სადაც თავად ელგუჯა ქებურია 50 პროცენტის მფლობელია. ამ კომპანიაში წილებს ფლობენ ასევე ბიზნესმენის შვილები, თორნიკე და ლია ქებურიები [25-25%].
ამბასადორი კაჭრეთი
ეკატერინე კოპალეიშვილი ფიქსირდება ასევე 2014 წელს დაფუძნებული შპს „კოსმოსის“ 50 პროცენტის მესაკუთრედ. ამ კომპანიაში წილებს ფლობენ რუსეთის მოქალაქეები – ვადიმ ბერესლავსკი [16.65 %] და მარკ ლიტინსკი [16.65%], ამავე კომპანიაში 16.70 % – ის მფლობელია ასევე რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ფრიდი, მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში ქებურიებმა სწორედ მისგან იყიდეს.
„ამბასადორი“ კაჭრეთში ასევე ფლობს კომპლექსს „ვილა ამბასადორს“, რომელსაც შპს „ანაგი “აშენებს. ვილების კომპლექსი 26 შენობას და 45 ბინას მოიცავს. „ანაგი“ აშენებს ბათუმის ბულვარში 16-სართულიან შენობასაც.
ვილა ამბასადორი
მიწის ნაკვეთი კაჭრეთში პირველი ნაკვეთი არ არის, რომელიც ეკა კოპალეიშვილმა პირდაპირი წესით შეისყიდა. 2012 წლის იანვარში მას თბილისის საკრებულომ ნაკვეთი შავთელის ქუჩაზე პირდაპირი წესით და ვალდებულებით გადასცა, 2017 წელს კი ეკა კოპალეიშვილი ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლეს.
შავთელის #17 ში სასტუმრო კომპლექსი „თბილისი ამბასადორი“ ფუნქციონირებს.
თბილისი ამბასადორი
კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის ორ მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენს ელგუჯა ქებურიას [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს] და ვართან ვართანოვს ეკუთვნის. პარალელურად ელგუჯა ქებურია კომპანიის დირექტორია. შპს „ამბასადორი ბათუმის“ კიდევ ერთი დირექტორი გოჩა კამკიაა. სწორედ ის წარმართავს მოლაპარაკებებს სახელმწიფო უწყებებთან სამშენებლო ნებართვების თაობაზე.
ელგუჯა [ბუბა] ქებურიაელგუჯა ქებურიაა ასევე შპს „ამბასადორის“ დირექტორი, ამ კომპანიის 75 პროცენტს ეკა კოპალეიშვილი ფლობს [მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს], დარჩენილი 25 პროცენტის მფლობელი კი საბერძნეთის მოქალაქე ბექა ქებურიაა – ის ელგუჯა ქებურიას შვილია.
თორნიკე ქებურია ყვითელ პრესაში ხშირად ხვდება. წერენ მილიონერის ვაჟის ძვირადღირებული ავტომანქანებით გატაცებაზე და 460 000-ევროიან „ლამბორჯინზე“ საქართველოს ნომრებით, რომელიც საზღვარგარეთ პარკირების წესებს არღვევდა.
მედიაში ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე, ველოსიპედის სავალ ნაწილსა და პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე, დარღვევით გაჩერებული „ლამბორჯინის“ ფოტოებიც გავრცელებულა, ამ დარღვევებისთვის თორნიკე [თოშა] ქებურიას ჯარიმის სახით დიდი თანხა გადაუხდია.
ელგუჯა ქებურიას საკმაოდ დიდი ქონება აქვს. მათ შორის რესტორნები: „ტიფლისი“, „თავადი ბაგრატიონი“, „ტიფლისკი დვორი“, ბიზნესცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ქებურ პალასი“. მასვე ეკუთვნის პარიზში რესტორანი „ქართული სახლი“.
ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესმა და მასთან დაკავშირებულმა ამბებმა, რაც ამ სამშენებლო ნებართვის ეტაპობრივად მიღებასაც გულისხმობს, აჩვენა, რომ ხელისუფლება კანონით არ ხელმძღვანელობს მათთან, ვინც დიდი ფულითა და გავლენით მოდის.
კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცალსახად ამბობს, რომ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 16 სართულის მშენებლობა დაუშვებელია.
სპეციალისტების განმარტებით, კანონი ავტომატურად კრძალავს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 16-სართულიან მშენებლობას. მსგავსი მასშტაბის მშენებლობა არც ძეგლის საზღვრიდან მინიმუმ 50 მეტრის რადიუსშია შესაძლებელი.
კანონი აწესებს ასევე ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალს, ძეგლის საზღვრიდან მინიმუმ 500 მეტრის რადიუსში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეცვლილი პოზიცია და ამბის თანმიმდევრულობა
„ჩვენ ჩვენს პოლიტიკაში ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები. თუ გადახედავთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეს თანმიმდევრულობა იგრძნობა ყველაფერში ცალსახად. რაც შეეხება ბულვარის განაშენიანების გეგმას, ეს არის მიმდინარე დოკუმენტი, რომელზეც ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე პარტნიორები მუშაობენ. როცა დასრულდება, ეს ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ბულვარში რაიმე სახის ხელოვნურ ჩარევას ან ხელოვნურ განაშენიანებას. რა თქმა უნდა, ამაშიც ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანმიმდევრულები,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ერთი წლის წინ, როცა მას ვკითხეთ, „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის გაზრდის შემთხვევაში ეჭვქვეშ ხომ არ დადგებოდა გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით.
თორნიკე რიჟვაძე
მართლაც გადავხედოთ თანმიმდევრულობას, როგორც ამას მთავრობის თავმჯდომარე გვთავაზობს:
2020 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც „ამბასადორმა“ სამსართულიანი პროექტის 15-სართულიანით შეცვლა მოითხოვა, თორნიკე რიჟვაძე ამბობდა, რომ მისი აზრით უნდა აშენდეს მხოლოდ იმ მასშტაბის შენობა, რაზეც ნებართვა გაცემული იყო – „არც მეტი და არც ნაკლები, ერთმნიშვნელოვნად“.
ამ კომენტარიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის იანვარში, როცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობის ნებართვა გასცა, მთავრობის თავმჯდომარემ პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ „შენება კარგია“.
მოგვიანებით, ამ საკითხთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ „ამბასადორის“ ნაკვეთი ბათუმის ბულვარში 2010 წელს წინა ხელისუფლებამ გაყიდა. კითხვაზე, თუ რამ შეაცვლევინა პოზიცია, თავის არიდება მან „ამბასადორის“ მიერ უკანონო სართულის დაშენებისგახსენებით სცადა.
„ერთი წლის წინ საუბარი ეხებოდა იმას, რომ ობიექტი შენდებოდა ნებართვის მიღმა და ამ შემთხვევაში იყო სანქცია დაწესებული და [კომპანია] დაჯარიმდა, ვინაიდან მე განვაცხადე, რომ ეს მშენებლობაც და სხვა მშენებლობის შემთხვევაშიც ნებართვის მიღმა არც ერთი სართული არ დაემატება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ობიექტს, აქ არის გაცემული პროექტი, რომელზეც იმსჯელა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ. მე, ჩემი გადასახედიდან გამოვხატე პოზიცია. საბჭომ რაზეც იმსჯელა, ეს მათი გადაწყვეტილებაა და რა თქმა უნდა, ის დროც წარსულს ჩაბარდა, როცა თუნდაც მთავრობის თავმჯდომარე ან რომელიმე ცალკე აღებული პიროვნება განსაზღვრავს კონკრეტული საინვესტიციო პროექტის ბედს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რაც შეეხება ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს, ამჯერად თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ მისთვის თითოეული მოქალაქის გულისტკივილი გასათვალისწინებელია:
„ერთი ადამიანის, თითოეული ბათუმელის გულისტკივილი არის ჩემთვის გასათვალისწინებელი, მათ შორის ის პეტიციაც, რომელიც ჩვენთანაც არის შემოტანილი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დეტალებშიც ღრმად შევალთ, მაგრამ მე აგიხსენით ის პრეისტორიაც, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს და ამ პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა.“
„დეტალებში ღრმად ჩასვლის“ შესაძლებლობა თორნიკე რიჟვაძეს ლეგიტიმურად ექნება, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ბათომმა“ და EMC- იმ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზემდგომს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს და ნებართვის კანონიერების დადგენამდე მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი კი, ვინც ეს საჩივარი უნდა განიხილოს, თორნიკე რიჟვაძის დანიშნული და მისი პოლიტიკის გამტარებელია.
მშენებლობის კანონიერება – ცვლილება პროექტში, თუ ახალი ნებართვა
2016 წლიდან დღემდე „ამბასადორი ბათუმი“ დაჟინებით ცდილობდა ბათუმის ბულვარში დაუშვებელი მასშტაბის მშენებლობაზე ნებართვის მიღებას და ამისთვის წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა. გამოჩნდა ისიც, რომ კომპანიას მხარდამჭერი და დამხმარეც ბევრი ჰყავდა.
16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობის პროექტს სააგენტომ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი დაარქვა. კანონის თანახმად, თავისი მასშტაბების მიხედვით, ეს პროექტი ვერ ჩაითვლება რეაბილიტაციის პროექტად.
თუ შევადარებთ ორ პროექტს რენდერის მიხედვით, როგორი უნდა ყოფილიყო „ამბასადორი“ და რა შენდება ახლა, მარტივად მისახვედრია, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ცვლილებას კი არ დაუჭირეს მხარი, არამედ სრულიად სხვა, ახალი შენობის მშენებლობის ნებართვა გასცეს. ამას სპეციალისტებიც ადასტურებენ, მათივე განმარტებით სააგენტომ 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას რეაბილიტაციის პროექტი სწორედ იმიტომ დააქვა, რომ სხვაგვარად ძეგლის ტერიტორიაზე მსგავს ნებართვას ვერ გასცემდა.
„ამბასადორი ბათუმის“ შენობა ბულვარში პირველი ნებართვის თანახმად – ოთხი სართული, მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა შუშის კედლებით.„ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიანი შენობის რენდერი.
„საპროექტო დოკუმენტაციას ჰქვია კორექტირებული პროექტი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სამსართულიანი [ერთი მანსარდული სართულით] შენობის ადგილას 16-სართულიანი შენობის აგება ახალი პროექტია, რაც ძეგლის ტერიტორიაზე აკრძალულია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით“, – ნათქვამია „იკომოს-საქართველოს“ დასკვნაში.
16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობას ბათუმის ბულვარში დაუშვებლად მიიჩნევს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრიც. დასკვნაში ვკითხულობთ:
„ბოლო ათწლეულში ბულვარის მიმდებარე მონაკვეთში განხორციელებული აგრესიული ინტერვენციის შედეგად აშენებულმა მაღლივმა შენობებმა კანონით დადგენილი რეგულაციების დაცვის საჭიროება კი არ შეარბილა, პირიქით, მისი დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. ცხადი გახადა, რომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში განხორციელებული მსგავსი უხეში ჩარევებით ქალაქის თვითმყოფადობას სრული გაქრობის საფრთხე შეექმნა. დაირღვა იქ არსებული და ჩამოყალიბებული მხატვრულ-არქიტექტურული, ლანდშაფტური და სივრცითი კონტექსტის ერთიანობა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში აღმოცენებულმა მსგავსმა მოცულობებმა უხეშად შელახა ჰომოგენური ურბანული ქსოვილი და ვერ ჩაეწერა არსებულ სტრუქტურაში. ეს მოცულობები სპეციალისტების მხრიდან შეუსაბამო ნაგებობებად შეფასდა, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის – დღემდე მიუღებელ უცხო სხეულებად რჩება. ამდენად, აღნიშნულ ახალ მაღლივ შენობებთან სწორების გზა გაუმართლებელია“.
EMC- ის აღმასრულებელი დირექტორის, იურისტ ლინა ღვინიანიძის განმარტებით, ბულვარში 16-სართულიანი შენობის აგებით სრულად ირღვევა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მისი ყველა პუნქტი და ეს არის სრულიად შეუთავსებელი გადაწყვეტილება კანონთან მიმართებაში.
ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების პროცესში, რაც შესაძლებელია მომავალში სასამართლოში დავის წინაპირობაც გახდეს, EMC- ის იურისტებმა სრულად შეისწავლეს სანებართვო დოკუმენტები. ანალიზის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელი აქცენტს აკეთებს გავლენებზე და მისთვის ნაკლებად სავარაუდოა, საქმე კომპეტენციის ნაკლებობასთან გვქონდეს:
„ცხადია, ამ ტიპის უკანონობას შემთხვევით ვერ ჩაიდენს ვერცერთი საჯარო მოხელე. ჩვენ ვხედავთ იმდენად ცხად და აშკარა დარღვევებს, რომ შეუძლებელია ეს კომპეტენციის ნაკლებობას დავაბრალოთ.
მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თავად კომპანიის, როგორც მესაკუთრის დაჟინება, რომლის მიზანიც წლების განმავლობაში ცხადად ჩანდა. ის ფორმები, ის კანონდარღვევები, როგორც იქნა ნებართვა გაცემული, აჩვენებს იმას, რომ აქ კომპეტენტურობის პრობლემასთან ვერ გვექნება საქმე, ეს არის ცხადი შეთანხმება, უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მიღმაც უნდა დავინახოთ – საბჭო და საბჭოს წევრები აცნობიერებენ იმ გადაწყვეტილებას, რას მისცეს ხმა. შეუძლებელია ეს მათ არ ესმოდეთ“.
____________________
მთავარ ფოტოზე: აქციააჭარის განათლების სამინისტროსთან ბულვარში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.
Covax პლატფორმაზე ვაქცინების განაწილების პირველი რაუნდის დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების და მათთვის განკუთვნილი ვაქცინების დოზებია გაწერილი. ვაქცინების დოზები 139 ქვეყანას 2021 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში უდნა მიეწოდოს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა განკუთვნილი.
დოკუმენტშივე მითითებულია, რომ ცხრილი განახლდება ამ კვირის ბოლოს, სადაც მითითებული იქნება 2021 წლის თებერვალი-მარტისა და აპრილი-მაისისთვის გამოყოფილი დოზების მიწოდების მოსალოდენელი ვადების შესახებ დამატებითი ინფორმაცია.
ეს ვადები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის არის ეროვნული მარეგულირებელი მოთხოვნები, მიწოდების ხელმისაწვდომობა, ასევე სხვა კრიტერიუმების შესრულება, როგორიცაა ვაქცინაციის დამტკიცებული ეროვნული გეგმა, ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებები, ასევე ექსპორტისა და იმპორტის ნებართვები და სხვ.
დოკუმენტში მითითებულია, რომ ფაიზერის ვაქცინების დისტრიბუცია წევრი ქვეყნებისთვის 2021 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. “ეს დოზები ასახულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, რათა გამოჩნდეს დღეისთვის გადანაწილების გლობალური მიმოხილვა, მაგრამ არ არის განაწილების ამ რაუნდის ნაწილი”.
აჭარის ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეხილის ნერგების შესაძენად, ასევე სათბურების მოსაწყობად თანადაფინანსება წელსაც შესაძლებელია, თუ მსურველი შესაბამის პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგენს. გამარჯვებულ პროექტებს კი, სპეციალური კომისია გამოავლენს.
განაცხადების [პროექტების] წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 10 მარტია, თუმცა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ვადა, დიდი ალბათობით, მარტის ბოლომდე გადაიწევს.
ნერგების შემთხვევაში მსურველს შეუძლია პროექტი წარადგინოს როგორც ახალი ბაღის გაშენებაზე, ასევე არსებული ბაღის აღდგენა-განახლებაზე.
ერთი პროექტის ფარგლებში დაფინანსდება [სუბსიდირდება] – 0.1 ჰა-დან 1 ჰა-ს ჩათვლით [ანუ, 1000 კვ.მ-დან 10 000 კვ.მ-მდე] სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ბაღის მოწყობა/განახლება.
პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარმა სანერგე მეურნეობები [ანუ ნერგის მიმწოდებლები] უნდა შეარჩიოს მხოლოდ იმ მიმწოდებლებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ პროგრამაში – „დანერგე მომავალი“. აუცილებელია შესაბამისი ინვოისების [შესაძენი პროდუქციის წინასწარი ანგარიშის] წარდგენაც.
ერთი პროექტის შემთხვევაში თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 40 000 ლარს.
პროგრამით განსაზღვრულია ასევე კონკრეტული კულტურები და მათი სუბსიდირების ოდენობა.
მაგალითად, 1 ჰექტარზე შესაძლებელია 500 ძირი თხილის სუბსიდირება, იმავე ფართობზე 155 კაკლის ნერგის სუბსიდირება და ა.შ. ამასთან, თხილის ერთი ნერგი პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მხრიდან დაფინანსდება მაქსიმუმ 2 ლარით, ხოლო კაკლის ნერგი – 12 ლარით. დანარჩენ თანხას კი თავად ბენეფიციარი გადაიხდის.
ნერგების ჩამონათვალი და თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა:
ქვეპროგრამაში ჩართვის აუცილებელი პირობაა ბენეფიციარ ფიზიკურ და იურიდიულ პირ(ებ)ს აჭარის ტერიტორიაზე საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების [საჯარო რეესტრში რეგისტრირებული] მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტისგან / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან [იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში].
ქვეპროგრამის მიხედვით შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება:
ნერგების შესყიდვა-გაადგილება [ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს “დანერგე მომავლის” პროგრამის ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობ(ებ)ისგან];
აგროქსოვილის [მულჩიფირის] შესყიდვა-მოწყობა;
სარწყავი სისტემების შესყიდვა-მოწყობა;
საყრდენი სისტემების [მავთული, ბოძები და ა.შ.] შესყიდვა-მოწყობა;
სიცხისა და სეტყვისგან დამცავი საშუალებების შესყიდვა-მოწყობა;
პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო შესაბამისი მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა-მოწყობა;
პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესაბამისი მოცულობის სამაცივრე დანადგარებისა და სამაცივრე მეურნეობების შესყიდვა-მოწყობა.
რაც შეეხება სასათბურემეურნეობისმოწყობას, განახლებას, აღჭურვას – პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:
სასათბურე კონსტრუქციის შესყიდვა-მონტაჟი;
სასათბურე ფირის შესყიდვა-მონტაჟი;
ჩითილებისა და ნერგების შესყიდვა;
სარწყავი სისტემების შესყიდვა-მოწყობა;
კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების შესყიდვა-მოწყობა [ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვა: ბიოგაზი, მზის პანელები];
პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო შესაბამისი მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა-მოწყობა;
პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესაბამისი მოცულობის სამაცივრე დანადგარებისა და სამაცივრე მეურნეობების შესყიდვა-მოწყობა.
ამ შემთხვევაში სუბსიდირება ითვალისწინებს პროექტის მთლიანი ღირებულების 80%-ის დაფინანსებას სამინისტროს მიერ, ხოლო დანარჩენ 20%-ს იხდის თავად ბენეფიციარი.
ამავე პროგრამით შესაძლებელია ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსებაც. პროგრამისთვის კი, ჯამში 982 ათას 342 ლარია გათვალისწინებული აჭარის ბიუჯეტში. აქედან უშუალოდ ბენეფიციართა პროექტების დასაფინანსებლად – 907 ათას 342 ლარი.
სამინისტროში განმარტავენ, რომ წარდგენილი ყველა პროექტი [ეს იქნება ტექნიკის შეძენა, სათბურის თუ ნერგების შესყიდვა] ერთად იყრის თავს კომისიაში, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს.
„ყველა პროექტი მოდის კონკურენციაში ერთმანეთთან… გააჩნია პროექტის კვალიფიციურობას, თუ როგორ არის წარმოდგენილი პროექტი და როგორ არის დასაბუთებული მისი მდგრადობა. ძირითადად, ამის მიხედვით და პროგრამით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს კომისია პროექტებს“, – ამბობენ სამინისტროში.
დაფინანსების მისაღებად დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ნახეთ აქ
როგორ შევავსოთ განაცხადი – ამ საკითხზე სამინისტროს განმარტება კი იხილეთ ამ ბმულზე:
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა აჭარაში, თემურ ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ქარცივაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიდა სამუშაოდ, სააგენტოს უფროსის მოვალეობას კი უფროსის მოადგილე, შაქრო ჯაფარიძე ასრულებს.
როგორც შაქრო ჯაფარიძემ გვითხრა, სააგენტოს უფროსის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოცხადდეს. „მე არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს შაქრო ჯაფარიძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო დროს უფლებები შეეზღუდა, რადგან ცალკე გამოიყო ბავშვზე ზრუნვისა და დასაქმების სააგენტო. ამჟამად მის ფუნქციებში მხოლოდ სოციალური ქულების მინიჭება და საპენსიო საკითხები შედის.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 271 739-ს.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 %, ბოლო 14 დღის – 1.7 %, ხოლო 7 დღის – 1.3%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 805-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 541 პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში – 14, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 9, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 11, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 25, კახეთში – 8, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, მათგან 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 , მათ შორის, თბილისში – 96, აჭარაში – 30, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში- 4, იმერეთში – 11.
151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 34 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 107, ხოლო აჭარაში – 24.
3 მარტის დილის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 2 871 პირი, აჭარაში – 407, იმერეთში – 688.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა და ზვავსაშიშროება.
4 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო.
მთაში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი: სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით და დილით წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან – უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე: ღამით და დილით 15-20 დმ (4 ბალი), დღის მეორე ნახევრიდან 7-12 დმ.(2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.
5 და 6 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს.
ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ, ნამახვანი ჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას, კომპანიას აქვს შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს, შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ფორსმაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა, – ესაა ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც EMC-იმ გააკეთა ხელშეკრულების ანალიზის შედეგად.
EMC-ი ხელშეკრულებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნამახვანი ჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას.
ამ ნაწილში EMC-ის მიგნებები შემდეგია:
ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.
ასევე ხელშეკრულების მიხედვით, გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი – აპრილის პერიოდი) 15 წლის მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის 1-ელ იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს.
15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანი ჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, გადამცემი ხაზების გაძლიერება საქართველოს ფინანსური ვალდებულებაა, ხოლო თუ სახელმწიფომ დროულად არ შეასრულა ეს ვალდებულება, კომპანიას კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ქვეყნის ბიუჯეტიდან.
კომპანია აქვს შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, კერძოდ მიწის და წყლის რესურსზე.
EMC-ის მიგნებები ამ ნაწილში ასეთია:
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი. ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცხენისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა.
კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით.
ასევე ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. ასევე, მთავრობა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში.
კომპანიას უფლება ექნება, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე მოჭრას ხე-ტყე.
EMC-ის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“, შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.
„ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს, სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.
ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი. იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით. შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ ხელშეკრულების ანალიზში.
ნამახვანი ჰესზე დადებული ხელშეკრულება 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტის ნაწილი მოიპოვა და გამოაქვეყნა. EMC-იმ სწორედ ეს დოკუმენტი შეისწავლა.
EMC-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტის ანალიზის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
დღეს, 3 მარტს, აჭარაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად ანუ მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი, კლინიკაში კი სულ 118 პაციენტი მკურნალობს.
გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი. კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.
დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. საქართველოს პარლამენტმა თავის ოფიციალურ გვერდზე დედის დღესთან დაკავშირებით შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა.
„დედა ყველაზე მეტად მიყვარს, დედა ყველაზე საყვარელია, ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის როცა მჭირდება. მიყვარს მასთან ერთად სეირნობა როცა თავისუფალია. მაგრამ მაინც სუუულ დაკავებულია.
ჩემი ოცნება არის პანდემია დამთავრდეს და სადმე წავიდეთ ერთად სამოგზაუროთ“, – ეს არის ტექსტი, რომლითაც ულოცავს პარლამენტი დედებს დედის დღეს.
საქართველოს პარლამენტმა დედის დღე დედებს ასე მიულოცა
დედის დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ, საქართველოში კი დედის დღე 1991 წელს დაწესდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით. მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა შეეცვალა.
ბათუმის ცენტრში, ძველი ბულვარიდან ზუსტად ერთ კვარტალში, ერთსართულიანი ბელეტაჟი დგას. სახლი ეკუთვნით დებს – ეთერ და ნათელა მანელიშვილებს. ახლახან ბელეტაჟის კრამიტის სახურავი დააზიანეს. დები დარწმუნებულნი არიან, რომ სახლის სახურავი განზრახ დაუზიანეს – აქ არაერთ ინვესტორს სურდა მაღლივი კორპუსის აშენება.
ათ დღეზე მეტია წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის.
“ბომბი რომ აფეთქდება, ისეთი ხმა გაისმა შუაღამისას. მე და ჩემს დას გვეძინა და ამ ხმაურმა გაგვაღვიძა. წამოვხტით ფეხზე. უცებ ვერ გავიაზრეთ რა მოხდა. მერე წყალი წამოვიდა ნიაღვარივით და მივხვდით, რომ სახურავს ქვები დაუშინეს და ჩამოგვიტეხეს. გარეთ ისე არ წვიმდა, როგორც ჩემს სახლში. მერე გათოვდა. გავიყინეთ მე და ჩემი და.
მეორე დღეს ვნახეთ, რომ სახურავზე ორი დიდი ხვრელია. უზარმაზარი დიდი ქვები ჩამოვიტანეთ ჭერიდან. ამ ქვებით დაგვიზიანეს სახურავი. მარსელის კრამიტია, ადვილი არაა ამის გატეხვა და ხელოსანმა გვითხრა, რომ ჩამომტვრეულია ჭერი.
რატომ გვექცევიან ასე?
თუ რამე საშუალება მქონდა, ვუვლიდი ამ სახლს. გავარემონტე, სახურავიც გავამაგრე რამდენჯერმე. ახლა ისევ დაგვინგრიეს. ამ წუთას არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ეს სახურავი შევაკეთო,“ – უყვება „ბათუმელებს“ ეთერ მანელიშვილი.
ჩატეხილი სახურავი
ბელეტაჟის ტიპის სახლი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მანელიშვილების მამის აშენებულია. საგვარეულო სახლი მისი მესაკუთრეებისთვის იმდენად ძვირფასია, რომ სხვადასხვა ინვესტორის მიერ შეთავაზებულ არაერთ წინადადებაზე თქვეს უარი.
მანელიშვილები ამბობენ, რომ ბათუმური ბელეტაჟი არ იყიდება და არც არასდროს გაიყიდება.
„ჩვენი სახლი არ იყიდება. უბრალოდ, გვინდა ამ სახლში ვიცხოვროთ მშვიდად. აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და ძალიან გვიყვარს ეს სახლი. ვუფრთხილდებით ამ სახლს.
იცით, რატომ მენანება? მამა მეუბნებოდა არასდროს გაყიდო ეს სახლიო. შვიდი წელი მე და დედაშენი უპალტოოდ დავდიოდით და რასაც ვნახულობდით, ამ სახლის აშენებას შევალიეთო.
მამას ცხრა მარტის ქუჩაზე სახლი ჰქონდა, დედაჩემმა კიროვის ქუჩაზე ჩააბარა მისი ბინა… წვალებით და სიყვარულით ააშენეს. ბედნიერად ვცხოვრობდით აქ.
მე და ჩემი დაც მთელი ცხოვრება ვშრომობთ. ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რომ დაგვანებონ თავი. ხომ შეიძლება, რომ დაგვანებონ თავი?
ბევრჯერ შემოგვითვალეს, ბევრჯერ მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ – სახლი არ იყიდება.
შოთა გუჯაბიძემ ჩემი სახლი ერთსართულიანი ბათუმის კატალოგში შეიტანა. მაშინ კიდევ მკითხეს, თუ დაშლით სახლსო და მე ვუთხარი – სანამ ცოცხალი ვარ, არა. ძმა მყავს საზღვარგარეთ და იმანაც თქვა, რომ არა.
ჩვენ ვერ დავშლით ამ სახლს და არ ავაშენებთ აქ რამე უსახურ შენობას.
მთავაზობენ ბინებს – ვუთხარი, მე მაკლერი არ ვარ, რომ ბინები ვაქირაო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ეთერ მანელიშვილი.
მანელიშვილების სახლი
ეთერ და ნათელა მანელიშვილებს წლებია ავიწროებენ. როგორც ეთერ მანელიშვილი ჰყვება, არაერთხელ დაუზიანეს სახლი გვერდით მიმდინარე მშენებლობებიდან გადმოყრილი სამშენებლო ნარჩენებით. ამას გარდა, წაართვეს ეზოს მნიშვნელოვანი ნაწილი.
„ეტყობა ქართული მენტალიტეტია, რადგან ქალები არიან მარტო, ამათთან ყველაფერი შეიძლება გაგივიდეს და ხმას ვერ ამოიღებენო – ფიქრობენ.
ადამიანი იბადები იმიტომ, რომ სიკეთე მოიტანო დედამიწაზე და არა იმიტომ, რომ სიბოროტე გააკეთო. მე ვფიქრობ უწიგნურებია ეს ვიღაც ბიზნესმენები, გაუნათლებელი ხალხია. ფულის იქეთ ვერაფერს ვერ ხედავენ. მოგება-წაგება და აი, ასე ცხოვრობენ. არ აზროვნებენ. იმ ფულის მიღმა არის კიდევ რაღაც – სინდისი, ნამუსი, ადამიანობა. როგორ შეგერგება? როგორ მიიტან იმ ფულს, თუ ადამიანი აწამე, აწვალე, წაართვი. ეს არავის არ შერჩენია და არც შერჩება.
ბედავენ ჩვენს შევიწროებას იმიტომ, რომ ქალები ვართ. არ შეგეშალოთ, რომ ჩვენ ქალები ვართ. მე ჩემი თავის დაცვა შემიძლია. სულ თავდაცვის ყოფაში ვარ. კანონი რომ კანონობდეს, სასამართლოსაც მივმართავდი,“ – ამბობს ეთერ მანელიშვილი.
საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 2021 წელს, მწერალთა სახლში ქართველ რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება.
1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლი, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ: „ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს, გასაბჭოების პირველ დღეებში“.
„მწერალთა კავშირის დელეგაციის მიმართვის თანახმად სარევოლუციო კომიტეტმა განსაკუთრებული დეკრეტით ყოფილი სარაჯიშვილების სახლი, შემდეგ აკაკი ხოშტარიასი, გამოაცხადა ხელოვნების სასახლედ.
მიუხედავად იმისა, რომ შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს რევკომმა გადასცა, მოგვიანებით იმავე რეჟიმს ამ კედლებშივე გამოჰქონდა განაჩენი მწერლებისა და პოეტებისთვის. ამიტომაც ნიშანდობლივია, რომ რეპრესირებული მწერლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი სწორედ ამ სივრცეში განთავსდება.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებასა და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს; მოგვითხრობს პერიოდზე, კონტექსტსა და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა მწერლობის მოსათვინიერებლად,” – წერია მწერალთა სახლის განცხადებაში.
რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მხარდამჭერია „თბილისი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“.
სამორინესა და აზარტული კლუბის მფლობელები 2021 წლის პირველი მარტიდან ვალდებულები არიან სულ მცირე 36 საათში ერთხელ დათვალონ სალარო, შეავსონ სააღრიცხვო ფორმა და ის შევსებიდან 24 საათში ელექტრონულად წარუდგინონ შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26 თებერვლის შესაბამისი ბრძანება პირველი მარტიდან შევიდა ძალაში.
ბრძანების მიხედვით, კაზინოსა თუ აზარტული კლუბის მფლობელმა ყოველდღიურად „ჩაის აღრიცხვის ფორმაც“ უნდა შეავსოს.
ჩაი კი, ბრძანებაში შემდეგნაირადაა განმარტებული: „ფული ან/და ჟეტონი, რომელსაც დილერს ან სხვა თანამშრომელს აძლევს მოთამაშე [კლიენტი] დამატებით საჩუქრად ან/და გაწეული მომსახურების სანაცვლოდ“.
წყარო: მინისტრის ბრძანება
მინისტრის ახალი ბრძანებით დამტკიცდა:
სალაროს გახსნის/დახურვის აღრიცხვის ფორმა
სალაროში სეიფიდან ან სალაროდან სეიფში თანხის/ჟეტონის დამატების/დაბრუნების აღრიცხვის ფორმა
მაგიდის გახსნის/დახურვის აღრიცხვის ფორმა
სალაროს დათვლის აღრიცხვის ფორმა
ჩაის აღრიცხვის ფორმა
კაზინომ თითოეული სააღრიცხვო ფორმა უნდა აწარმოოს [ელექტრონულად, თანმიმდევრული ნუმერაციით] ყოველდღიურად, მის მიერვე დადგენილი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.
წესების დარღვევა ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად, რაც ითვალისწინებს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
„ჩაიც ჩვეულებრივი შემოსავალია და ის იბეგრება. ასე ხდება ბევრ სხვა ქვეყანაში მოქმედ კაზინოებშიც. ამ ფორმების დამტკიცებით რაიმე ახალი ჩვენთან არ ინერგება, უბრალოდ იქნება, ერთიანი სისტემა, წესი, რომლითაც ყველა კაზინო ინფორმაციას ერთნაირად, სტანდარტულად მიაწვდის საგადასახადოს. ასეთ ინფორმაციას საგადასახადოს ისედაც აწვდიდნენ კაზინოები, მათ შორის ჩაის შესახებაც, ოღონდ სხვადასხვა ფორმით“, – გვითხრა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა. მისივე თქმით, ის შენიშვნები თუ მოთხოვნები, რაც კაზინოებს ჰქონდათ, უკვე დამტკიცებულ წესში 90%-ით არის გათვალისწინებული.
ახალი წესით, ნებართვის მფლობელი ასევე ვალდებულია:
„ჟეტონების ფულზე გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ სალაროს მეშვეობით;
უზრუნველყოს სააღრიცხვო ფორმების ელექტრონულად აღრიცხვა ისეთი ფორმით, რომელიც მისი საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოებს;
დაამტკიცოს იმ პირთა შეზღუდული წრე, ვინც უფლებამოსილია ჰქონდეს წვდომა ელექტრონულად წარმოებულ სააღრიცხვო ფორმებზე;
სალაროს დათვლა განახორციელოს მის მიერ განსაზღვრულ დროს, სულ მცირე 36 საათში ერთხელ, ხოლო შევსებული ფორმა, მისი შევსებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ელექტრონულად წარუდგინოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ინფორმაცია დააზუსტოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით;
სალაროს დათვლის დრო წინასწარ აცნობოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს;
შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ჟეტონების რაოდენობის და მათი ნომინალური ღირებულების შესახებ და მათი რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში დამატებით აცნობოს ამის შესახებ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
სააღრიცხვო ფორმებში ჟეტონის ნომინალის გრაფაში მიუთითოს ჟეტონზე დატანილი რიცხვი, ხოლო თანხის გრაფაში – ლარის ოდენობა ან მისი ეკვივალენტის ოდენობა იმ დღის არსებული შიდა კურსით ეროვნულ ვალუტაში;
სალაროში და მაგიდაზე რეალიზებული ჟეტონებისა და გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია ასახოს სალაროს სისტემაში“.
ამ დროისთვის საქართველოში არც ერთი კაზინო არ მუშაობს. პანდემიის გამო მათი მუშაობა მთავრობამ 2020 წლის მარტში შეაჩერა.
აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში ჯერჯერობით მხოლოდ 2 სლოტკლუბი გაიხსნა.
2 მარტს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი გამოფენა გაიხსნა. სახელი და კონცეფციაც სიმბოლურად პანდემიასთანაა კავშირში -“Art-covid – მხატვრები პანდემიის პირისპირ”.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ბათუმელი მხატვრების მიერ იზოლაციის პირობებშია შესრულებული.
ნინო ნიჟარაძე, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი
„პანდემიის პერიოდში მხატვრები ძირითადად სახლში ისხდნენ და ბევრი დრო ჰქონდათ მუშაობისა და ახალი აღმოჩენებისთვის. განაცხადის მიხედვით გასული თვის 12 რიცხვში მხატვრებს უნდა მოეტანათ თავიანთი ნამუშევრები და ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა, როცა უმეტესობამ მოიტანა 2-3 და უფრო მეტი ნამუშევარი. ჯამში 23 მხატვარია წარმოდგენილი, ნამუშევრებს შორისაა სკულპტურა და კერამიკაც” – აღნიშნა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, ნინო ნიჟარაძემ.
გამოფენაზე ნინო ნიჟარაძის პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრის ნახვაც შეგიძლიათ.
მხატვრების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ეს პერიოდი, ერთი მხრივ რთული იყო, თუმცა მათ ასევე მიეცათ დრო წარსულის გაანალიზებისა და ახალი აღმოჩენებისთვის. მათ შორისაა ელგუჯა ხაზარაძეც, რომელიც გეგმავს პერსონალური გამოფენის მოწყობასაც.
ელგუჯა ხაზარაძე
„პანდემიის პერიოდში დავიწყე გრაფიკული პორტრეტების ხატვა. მთელი ეს წლები პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი და უშუალოდ შემოქმედება თითქოს წარსულში იყო დარჩენილი. ახლა კი ვაპირებ ამ მხრივ უფრო აქტიურად ვიმუშაო”- ამბობს მხატვარი ელგუჯა ხაზარაძე.
მხატვარმა ეკა ცინცაძემ გამოფენაზე ორი ნამუშევარი წარმოადგინა შავი ზღვის თემაზე. მისი თქმით, ეს ნამუშევრები გასული წლის სექტემბერში შექმნა, ფოთში ყოფნის დროს, სადაც ბათუმელი, თბილისელი და სოხუმელი მხატვრების ერთობლივი პლენერი იმართებოდა.
ეკა ცინცაძე
ლაშა მახარაძე პანდემიის გამო ესპანეთიდან ბათუმში დაბრუნდა, მისი სამი ნამუშევარი შეგიძლიათ ნახოთ გამოფენაზე, რომელიც ერთიანდება სახელის – Tendidos ქვეშ. ნამუშევრების სერია შერეული ტექნიკითაა შესრულებული.
ლაშა მახარაძე
ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოფენის Art-Covid ნახვა დამთვალიერებელს თვის ბოლომდე შეუძლია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სტამბოლისა და მინსკის მიმართულებით ავიარეისებს აახლებს.
ბათუმიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენა 3 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით შესრულდება ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს. ფრენებს კომპანია Turkish Airlines-ი შეასრულებს.
მინსკის მიმართულებით ფრენები 28 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ფრენებს კომპანია Belavia შეასრულებს.
მოქალაქეები პეტიციით ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პეტიცია 22 თებერვალს მოამზადეს და მას უკვე მოაწერა ხელი 800-ზე მეტმა ადამიანმა.
„ნოვრუზი არ არის რელიგიური დღესასწაული. ეს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულია, როცა 21 მარტიდან დედამიწის გაცოცხლებას ზეიმობს ყველა ერთად. სიტყვა სპარსულიდან მომდინარეობს და ,,ახალ დღეს“ ნიშნავს.
დიდი ხანია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სურვილია ნოვრუზბაირამი იყოს ეროვნული დღესასწაული და უქმე დღედ გამოცხადდეს. საინტერესო იქნება ჩვენს ქვეყანაში ნოვრუზის აღნიშვნა ტურისტული თვალსაზრისითაც. ნოვრუზს მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს, ნახსენებია ვეფხისტყაოსანშიც და ვფიქრობ, საქართველოში, ჩვენს საერთო ოჯახში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს ეს დღესასწაული კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. ჩემთვის ძვირფასია ის ამბავი, რომ პეტიციაზე ხელმომწერები არიან არამხოლოდ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები, არამედ ქართველებიც და სომხებიც”, – ამბობს ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა.
ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა
მარნეულის სოფელ ალგეთში მცხოვრებმა სამირამ პეტიცია, რითაც ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ, აზერბაიჯანული თემის სხვა აქტივისტებთან ერთად შეადგინა.
„საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან, მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია.
მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურული წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი”.
საერთაშორისო გამოცემამ – Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.
Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, 2020 წლის განმავლობაში როგორც დაგეგმილი, ასევე დასრულებული გარიგეგები განიხილეს და გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, ინოვაციური მიდგომა, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.
„მსოფლიო მასშტაბით, მსხვილ სექტორებში კონსოლიდაციის მოლოდინი დიდია. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო ბანკები წამყვან როლს შეასრულებენ პოსტპანდემიური ეკონომიკის ფორმირების პროცესში. კომპანიებს, ისე როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ საინვესტიციო ბანკების სპეცილისტები და მათი უნარები, რაც არსებული ვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ქმნის. Global Finance-ის ჯილდო ღირებული გზამკვლევია ახალ რეალობაში“, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
„თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. შედეგად, გასული წლის განმავლობაში, 1 მილიარდ ლარამდე მოცულობის ობლიგაციები გამოვუშვით. აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი კაპიტალი კრიზისულ პერიოდში აქტიურად აქვეყნებდა კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებდა“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე
2020 წელს, თიბისი კაპიტალის დახმარებით, თიბისი ლიზინგმა საფონდო ბირჟაზე – 58,4 მილიონი ლარის ობლიგაციები, საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის ჰოლდინგურმა კომპანიამ – Georgia Global Utilities კი (რომელიც წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს მართავს), ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ევროობლიგაციები განათავსა. ასევე, თიბისი კაპიტალმა წარმატებით დახურა ორი კერძო განთავსება – ჯამში 25 მილიონი დოლარის ოდენობით.
აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პანდემიის პირველივე დღეებში უპასუხა. პირველი ვებინარი ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად, აპრილში ჩატარდა. წლის განმავლობაში თიბისი კაპიტალმა ონლიან კონფერენციას სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებული მოლოდინებისა და სავარაუდო სცენარების შესახებ, 6-ჯერ უმასპინძლა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი ახლაც განაგრძობს ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებას, რომლებიც კომპანიებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და საქმიანობის უკეთ დასაგეგმად.
ბათუმიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით ფასები დღეის, 2 მარტის, მდგომარეობით ასეთია:
ბათუმი – თბილისი 25 ლ.
ბათუმი – ქუთაისი 15 ლ.
ბათუმი – ხულო 8 ლ.
ბათუმი – შუახევი 4 ლ [არ შეცვლილა]
ბათუმი – ქედა 2.50 ლ.
ბათუმი – ფოთი 8 ლ.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აღნიშნავენ, რომ მგზავრობის ფასის ზრდა საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. გარდა ამისა, მათივე თქმით, მგზავრთა რაოდენობა 70%-ით შემცირებულია.
სამარშრუტო ტაქსით ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობა პანდემიამდე 20 ლარი ღირდა, მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა. სხვა მიმართულებებს მხოლოდ 1 ან 2 ლარი დაემატა.
„თუ აქამდე 150 ლარის საწვავი გვყოფნიდა, ახლა 250 ლარი სჭირდება იმდენივე საწვავს. მარტო საწვავზე კი არა, მანქანის ნაწილებზეც საგრძნობლად მომატებულია ფასი, რა ვქნათ მძღოლებმა? 3 კაცი მიმყავს დღეს თბილისში, მეტი არა. ყველაფერი გაძვირდა, საწვავის ფული მაინც ხომ უნდა დავფაროთ მგზავრისგან გადახდილი ბილეთის საფასურით? ესეც არ გამოგვდის ხანდახან“, – ამბობს ბათუმი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ბორის ასანიძე, რომელსაც ბოლო 30 წელია ბათუმიდან მგზავრები გადაჰყავს თბილისში.
ბათუმიდან თბილისის მიმართულებით ბოლო სამარშრუტო ტაქსი ბათუმის [ძველი] სადგურიდან 14 საათზე გადის. გვიანი მარშრუტები თბილისის მიმართულებით გაუქმდა, რადგან მგზავრობას 6 საათი სჭირდება და მძღოლები კომენდანტის საათის დაწყებამდე ჩასვლას თბილისში ვეღარ ასწრებენ.
რაც შეეხება ახალ ავტოსადგურს, კომპანია „მეტროს“ ჯერ მგზავრების გადაყვანა არ განუახლებია.
ზრუნვის შრომა საქართველოს არაფორმალური ეკონომიკის ნაწილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების საქმიანობა სახელმწიფო რეგულაციებსა და მისი დაცვის მიღმა რჩება. ძიძები ოჯახებში ძირითადად მუშაობენ ზეპირი შეთანხმებით და არა ხელშეკრულების საფუძველზე. ამის გამო ისინი მუშაობენ არანორმირებული გრაფიკით ანუ კვირაში 40 საათზე მეტს, მათი მოვალეობები კი ხშირად სცდება “მხოლოდ ბავშვზე ზრუნვას”.
36 წლის მედეა მიქელაძე ჰყვება, რომ მას ძიძადაც უმუშავია და მომვლელადაც, ორივეგან კვირაში ექვსი დღე, დილიდან საღამომდე უწევდა შრომა. “ძალიან ხშირია, როცა შეთანხმების მიღმა, ზედმეტ საქმეებს გავალებენ, რაც ანაზღაურებაზე არ აისახება. როცა დიაბეტიან პაციენტს ვუვლიდი, მათ შორის ნემსსაც ვუკეთებდი და ა.შ. შეთანხმება იყო, რომ მომევლო ბებოსთვის, მაგრამ შემდეგ დამავალეს კარადის გაწმენდა, სახლის დალაგება… ზოგჯერ ისე გამოდიოდა, რომ ჩემითაც, უთქმელადაც ვაკეთებდი საქმეებს, რომლებიც არ მევალებოდა, მაგრამ არავის დაუნახავს, არ დაუფასებია. ხელფასი მხოლოდ 300 ლარი იყო”, – ჰყვება მედეა.
ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს საოჯახო მშრომელად, უცნობია. ამ საკითხით დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფის – “ალტერნატივა სოციალური განვითარებისთვის” ხელმძღვანელის, სოფო შუბითიძის თქმით, საქართველოში ამ სფეროში დაახლოებით 20 000 ადამიანი მუშაობს.
ქალების დაუფასებელი შრომა
საქართველოში ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სფეროებში უმეტესად ქალები არიან დასაქმებული, შესაბამისად საოჯახო მშრომელთა ანუ ძიძების, მომვლელების, დამლაგებლების… სრული უმრავლესობა ქალია.
იმის გამო, რომ პატრიარქალურ კულტურაში საშინაო შრომა ქალსა და კაცზე თანაბრად არ ნაწილდება, ძიძებად და მომვლელებად მომუშავე ქალების შრომა სამსახურის შემდეგ უკვე მათსავე ოჯახებში ანაზღაურების გარეშე გრძელდება. ეს მათ, ფაქტობრივად, არ უტოვებს დროს დასვენებისა და, მით უმეტეს, თვითგანვითარებისთვის, ან სხვა ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც სრულდება არა საჭიროებიდან, არამედ მათი სურვილებიდან გამომდინარე.
“6 წლის ბავშვთან ძიძად ერთი თვე ვიმუშავე და წამოვედი. დილის 08:30-დან საღამოს რვა საათამდე ვმუშაობდი, 300 ლარად. გადაითვალეთ, 11 საათი გამოდის? სულ ფეხზე უნდა იდგე, სრულად მობილიზებული, რომ ბავშვი არ წაიქცეს, ფანჯარასთან არ მივიდეს… როგორც საკუთარ შვილს ზრდი, სხვისი ბავშვიც ისე უნდა გაზარდო. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
ძალიან გადატვირთული ვიყავი, რვა საათზე სახლში რომ ვბრუნდებოდი, არაფრის თავი არ მქონდა, იმდენად დაღლილი ვიყავი და ვცდილობდი ჩემი ბავშვებისთვის საკვები მომემზადებინა. საჭმლის კეთება და დალაგება ღამის ორ საათამდე მიგრძელდებოდა, მერე დილას, რომ ვდგებოდი და მივდიოდი სამსახურში, უკვე დაქანცული ვიყავი. ასეთ შრომაში 300 ლარი არაფერი არ არის”, – ამბობს მადონა მიქელაძე.
სახელმწიფოსთვის უხილავი მშრომელები
ზრუნვის სფეროში დასაქმებული ქალების ანაზღაურება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს არაპროპორციულია. საშინაო მშრომელთა საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით 4-5 ლარია. სოფო შუბითიძე ამბობს, რომ ძიძების საშუალო თვიური ანაზღაურება დედაქალაქში 650 ლარია, “500-დან იწყება და 800-მდე ადის საშუალოდ, თუმცა გააჩნია დასვენების დღეების რაოდენობას”. ძიძების ანაზღაურება შედარებით უფრო დაბალია რეგიონებში, საშუალოდ 400-500 ლარი.
ბათუმში საძიებო განცხადებებსაც რომ გადახედოთ, ისეთ ანაზღაურებას გთავაზობენ, თითქოს არ აქვთ გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობაა ძიძობა და უბრალოდ ბავშვის დამტოვებელს ეძებენ.
“მაგალითად, ტყუპი ჩვილის ძიძობაში, დილიდან საღამომდე განრიგით, 500 ლარს მთავაზობდნენ დასვენების გარეშე. ასევე, ოთხი წლის ანუ ფეხადგმულ ბავშვთან, რომელთანაც უამრავი საფრთხეა, 11 საათიდან რვამდე განრიგით ანაზღაურება მითხრეს 400 ლარი, საიდანაც ტაქსიში დამეხარჯებოდა თვეში 180 ლარი. თანაც მითხრეს, რომ სამომავლოდ შაბათ-კვირასაც მომიწევდა მუშაობა”, – ჰყვება 22 წლის მედეა კორძაია, რომელსაც ძიძად მუშაობის ორწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის აუტისტური სპექტრის ბავშვთანაც.
“300 ლარი დღეს ისეთი თანხაა, თვიდან თვემდე ვერ გაიტან თავს, არ არის ეს ანაზღაურება შრომის ადეკვატური, თან როცა მოვალეობები ემატება. მაშინ საათები უნდა დააკლონ, ან დღეები, ან საქმე …” – ამბობს მადონა მიქელაძე.
იმის გამო, რომ საშინაო შრომა არაფორმალური ეკონომიკის ნაწილია და რომ დამსაქმებელი უმეტესად კერძო პირია, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, საოჯახო მშრომელები ვერ სარგებლობენ შრომის ან რაიმე სახის სოციალური დაცვის გარანტიებით. საუბარია კუთვნილ (როგორც ანაზღაურებად, ისე ე.წ. უხელფასო) შვებულებაზე და თუნდაც მინიმალური ხელფასის ზღვარზე. თუმცა ამ უკანასკნელთან მიმართებაში სახელმწიფოს ფორმალურად დასაქმებულებისთვისაც ბევრი ვერაფერი აქვს შესათავაზებელი, რადგან საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაწესებული მინიმალური ხელფასი 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იგი დღემდე თვეში 20 ლარია.
სწორედ ამიტომ, პანდემიის პერიოდში, ამ ქალების უმრავლესობა სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების მიღმა დარჩა:
“პანდემიის პირველი ტალღის დროს ყველაზე მეტად გაუჭირდათ თვითდასაქმებულებს, მათ ვერ მოახერხეს სახელმწიფოსთვის იმის დამტკიცება, რომ რეალურად სადმე მუშაობდნენ, რადგან არსად იყვნენ დარეგისტრირებულნი. ეს ადამიანები რახან კონტრაქტით არ მუშაობენ, საშემოსავლოს არ იხდიან და არ ჩანან სახელმწიფოსთან, დარჩნენ ყურადღების მიღმა.
ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ ადამიანებთან იმ დროს, როცა ტრანსპორტიც შეიზღუდა, მათგან ძალიან ცოტა იყო, ვინც დარჩა სამუშაოზე: სამსახურის დატოვება მოუწიათ, ქალაქებიდან რეგიონებში დაბრუნება, ზოგი დღემდე იქ დარჩა.
მეორე ტალღის დროს ზოგმა გვითხრა, რომ დარეგისტრირდა დახმარებაზე, ზოგმა კი რეგისტრაციაც ვერ მოახერხა. ძირითადად დახმარება იმ ადამიანებმა მიიღეს, რომელთა დამსაქმებლებიც ერკვეოდნენ ამ საკითხებში“, – ამბობს სოფო შუბითიძე.
საქართველოს მასშტაბით ძიძების რამდენიმე სააგენტო მუშაობს, მათგან კიდევ უფრო ცოტა უზრუნველყოფს დამსაქმებელსა და მშრომელს შორის ხელშეკრულების გაფორმებას. ამის სანაცვლოდ ისევ ძიძის პირველი ხელფასის დაახლოებით 50% მიაქვს.
ევროპის ქვეყნებში ძიძათა გაერთიანებები წევრებს ფასიან და უფასო სერვისებს სთავაზობენ, მათ შორის, კუნსულტაციებსა და იურიდიულ მხარდაჭერას სამსახურებრივ საკითხებში; წვდომას ონლაინრესურსებზე, ასევე თემატურ სემინარებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას. საქართველოში საშინაო მშრომელების გაერთიანება არ არსებობს, არ არსებობს არც საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც ამ დარგის მშრომელები ონლაინსივრცეში მაინც შეძლებდნენ გაერთიანებასა და გამოცდილების გაზიარებას.
აჭარაში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირველი კურსის სტუდენტებს.
სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ აღნიშნული დაფინანსების მოპოვება, განაცხადი 2021 წლის 5 მარტამდე უნდა გააკეთონ.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს:
რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე და მათი „ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71%-სა და განეკუთვნებიან ერთ-ერთ კატეგორიას“;
არიან მაღალმთიანი აჭარიდან;
სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე;
სტუდენტები, რომლებსაც ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.
„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე [ჯამში 121 კვ.მ] გისოსების მოწყობაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 6 500 ლარი დაიხარჯება. გისოსები სახლის ფანჯრებზე დამონტაჟდება.
საცხოვრებელი სახლების „პირველი სართულის ღიობების რკინის გისოსებით შეფუთვის სამუშაოების შესრულება უმოკლეს ვადაში“, მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დაავალა.
საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები შეიჭრნენ, თუმცა ისინი პოლიციამ იმავე დღეს გამოიყვანა.
„მოქალაქეების მხრიდან მოხდა თვითნებურად შეჭრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელ სახლში. პოლიციის ძალის გამოყენებით გამოსახლებული იქნა აღნიშნული პირები. ყოველდღიურად არსებობს საშიშროება აღნიშნულ ობიექტებში განმეორებით შეჭრისა და ქონების დაზიანების. სწორედ ამიტომ მოგვმართა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შესახებ“, – აღნიშნულია მუნიციპალური სერვისების სააგენტოს განაცხადში.
ამ განაცხადით მერიის სამსახურმა შესყიდვების სააგენტოს მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობისთვის მიმართა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გისოსების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის საშუალებით. კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლას, ხელშეკრულების გაფორმებას და სამუშაოების შემდგომ შესრულებას დასჭირდება მინიმუმ 30 კალენდარული დღე. აღნიშნულ პერიოდში კი შესაძლებელია განმეორებით მოხდეს შეჭრისა და დაზიანების ფაქტები“, – აღნიშნულია მერიის სააგენტოს განაცხადში.
საინტერესოა ასევე შესყიდვების პორტალის კითხვებზე მერიის სააგენტოს პასუხები:
„რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?
– აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულს და მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია
რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?
– აღნიშნული მოვლენით შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის მოვლა-პატრონობა შემსყიდველი ორგანიზაციის ზოგად ვალდებულებას წარმოადგენს
ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?
– შექმნილი ვითარებით ზიანი ადგება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენებული ბინები შემდგომ გადაეცემა მოქალაქეებს. შესაბამისად, მისი დაზიანების შედეგად ზიანი ადგება არამარტო მუნიციპალიტეტს, არამედ მათ პოტენციურ მესაკუთრეებსაც. აღნიშნული პირები კი არიან სოციალურად დაუცველი ან ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ საცხოვრისს.“
იაფ სახლში ბინების მიღებაზე ბათუმის მერიაში 245 განაცხადია შესული, ბინები კი წელს 80 ოჯახს უნდა გადასცენ.
აჭარის განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ ყიდულობს. ამის შესახებ დღეს, 2 მარტს, უთხრეს სამინისტროში „ბათუმელებს“.
კითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა სამინისტრომ კომპიუტერების ყიდვა, სამინისტროში ამბობენ, რომ „რადგან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, ეს პროექტი გაჩერდა“.
სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი უნდა გამოეყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც პანდემიის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სასწავლო პროცესში ჩართვას ინტერნეტისა და კომპიუტერის უქონლობის გამო. ასეთი ბავშვი, კვლევის მიხედვით, აჭარაში 7 ათასზე მეტია. სამინისტრო კი პირველ ჯერზე 1086 ბავშვისთვის აპირებდა ტექნიკის ყიდვას.
სამინისტროში ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ამბობდნენ, რომ ეს თანხა 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო და იანვარში ტექნიკის შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებდნენ. ახლა ირკვევა, რომ სამინისტრომ ტენდერი არ გამოაცხადა. შესაბამისად, 1700-ზე მეტი ბავშვი ისევ კომპიუტერული ტექნიკის გარეშეა.
აჭარის განათლების სამინისტროს არც მეორე ინიციატივა გამოუვიდა. დეკემბრის ბოლოს „ბათუმელებს“ უწყებაში უთხრეს, რომ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, სპეციალურ ფასად შეისყიდიან ინტერნეტპაკეტს. თუმცა დღეს სამინისტროში გვითხრეს, რომ არც ეს პროექტი განხორციელდება – „პროვაიდერებთან მოლაპარაკებები არ შედგა“.
აჭარის განათლების სამინისტროში თავს იმითაც იმართლებენ, რომ ინტერნეტი ბავშვებისთვის საქართველოს განათლების სამინისტრომ შეისყიდა და ეს პროექტი, როგორც გვითხრეს, ისევ გრძელდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში საარსებო შემწეობას 49 478 პირი იღებს, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 19 284-ია.
პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ანექსიამდე ზუსტად 4 დღით ადრე საქართველოს ლეგიტიმურმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართალს, როგორც მეცნიერებას, დიდი ისტორია აქვს, შედარებით ახალგაზრდა დარგია კონსტიტუციონალიზმი. სწორედ ამ საქმის აღორძინებას და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესების გააქტიურებას უდგას სათავეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სამეცნიერო ბაზაზეც უკვე წლებია, აქტიური სამეცნიერო-კვლევითი პროცესები მიმდინარეობს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევრების ჩართულობით.
უნივერსიტეტმა 2019-2020 წლებში კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით ორი ტომი გამოსცა, მზადაა დასაბეჭდათ ტრილოგიის მესამე ტომიც.
აღნიშნულ გამოცემებზე ვესაუბრეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, სამართლის დოქტორ ბექა ქანთარიას.
[checklist]
ბატონო ბექა, როგორ გაჩნდა კონსტიტუციონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით ტრილოგიის გამოცემის იდეა?
[/checklist]
იდეას რაც შეეხება, კონსტიტუციონალიზმის საკითხების შესახებ კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით, 2009 წელს ჩაისახა. გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი კრებული, რომელშიც გამოქვეყნდებოდა როგორც ქართველი, ისე – უცხოელი მეცნიერების, კონსტიტუციონალისტების შრომები საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. ამ გამოცემებს „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“ ბატონმა მინდია უგრეხელიძემ უწოდა. კრებულებს ამშვენებს ბატონი მინდიას ძალიან საინტერესო წინასიტყვაობები. საერთოდაც, მისი ხელმძღვანლეობითა და კონცეპტუალური გააზრებით ხორციელდება ეს პროექტები.
ამ დარგის ირგვლივ დაგროვილია ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღემდე შეუსწავლელია. საბჭოთა 70-წლიანმა რეჟიმმა განაპირობა ის, რომ ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობდა კონსტიტუციონალიზმი, თანამედროვე სახელმწიფო სისტემისთვის დამახასიათებელი მმართველობის რეჟიმები, შესაბამისად, ამ საკითხებზე კვლევა-ძიებას აზრი არ ჰქონდა ამ პერიოდში. 90-იანი წლებიდან უკვე დაიწყო ასე თუ ისე კონსტიტუციონალიზმის იდეის კვლავ აღორძიება საქართველოში და დღემდე რამდენიმე ნაშრომი არის გამოცემული მონოგრაფიის ან სახელმძღვანელოს სახით, თუმცა ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ კონსტიტუციონალიზმი, როგორც დარგი, როგორც მეცნიერება და კულტურული მოვლენა განვითარდეს.
[checklist]
მოგვიყევით უფრო დეტალურად სამტომეულის პირველ ნაწილზე.
[/checklist]
2019 წელს გამოცემულ პირველ ტომში, „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“, თავიდანვე განვიზრახეთ, რომ მას უნდა მოეცვა კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური საკითხები. ამ კრებულში იქნებოდა წარმოდგენილი უცხოელი ავტორები. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისგან, შეფასდა რა ნაშრომი როგორც სოლიდურ გამოცემად, რომელიც ყველა ქვეყნის ბიბლიოთეკას უნდა ამშვენებდეს.
კრებულში, გარდა ქართველი ავტორებისა, შესულია 15 უცხოელი კონსტიტუციონალისტის, სამართლის მეცნიერისა თუ პოლიტოლოგის შრომები ამ საკითხებთან დაკავშირებით.
მინდა გამოვყო და ხაზი გავუსვა ერთ-ერთი ავტორის სტატიას, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველ კონსტიტუციას. იგი ეკუთვნის ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორს რეგინა კინერს, რომელიც ბოლო დროს მონაწილეობს ჩვენს საკონსტიტუციო რეფორმებშიც და არის მოწვეული უცხოელი კონსულტანტი.
როდესაც შევთავაზეთ მას ამ კრებულისთვის სტატიის დაწერა, მან თავისი სურვილით ის 1921 წლის კონსტიტუციას მიუძღვნა. ეს ნაშრომი ფაქტობრივად პირველი კვლევაა, რომელიც უცხოელი პროფესორის მიერ მომზადდა პირველ ქართულ კონსტიტუციაზე.
რეგინა კინერი ქართულ კონსტიტუციას დადებითად მიმოიხილავს და, რა თქმა უნდა, გარკვეულ კრიტიკულ მოსაზრებებსაც გამოთქვამს. აგრეთვე შედარებით ანალიზსაც აწარმოებს შვეიცარიის 1874 წლის კონსტიტუციასთან, რომელიც უდევს საფუძვლად ჩვენს კონსტიტუციას. ამ მხრივაც ეს ნაშრომი არის გამორჩეული.
ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტმა გააკეთა, იყო ის, რომ ქართველი ავტორები გაეცნენ უცხოელი კონსტიტუციონალისტების შრომებს და პირიქით. ეს აუცილებელია ჩვენი მკვლევარების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით და ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისათვისაც. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა რთულ მოთხოვნას უყენებს უნივერსიტეტებს და ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ მოხდეს აკადემიური პერსონალის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
[checklist]
რაც შეეხება მეორე კრებული?
[/checklist]
რიგით მეორე ტომი უკვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებს შეეხება. ეს ათასგვერდიანი ნაშრომი 1990-1995 წლებში გამოქვეყნებულ თითქმის ყველა სტატიას, ინტერვიუს თუ ნაშრომს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში უდიდესი შრომა გასწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დიმიტრი ცანავას ხელმძღვანელობით. საუბარია დახლოებით 500-მდე სტატიაზე. ეს არის კრებული, რომელიც უზარმაზარ სამსახურს გაუწევს ყველა იმ მკვლევარს, რომელიც დაინტერესებულია ამ პერიოდის საკონსტიტუციო საკითხებით. – როგორც ბატონი მინდია უწოდებს, კრებული წარმოადგენს 1995 წლის კონსტიტუციის წინმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში. დღესდღეობით ამ მასალების უმრავლესობა დაზიანებული ან გამქრალია, შესაბამისად, უდიდესი შრომა იქნა გაწეული ყველაფრის თავმოსაყრელად და ერთიანად გამოსაცემად.
[checklist]
უცხოელი კონსტიტუციონალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ პირველ ქართულ კონსტიტუციას. რა პროგრესულ იდეებზეა საუბარი?
[/checklist]
საქართელოს 1921 წლის კონსტიტუცია ძალიან რთულ პერიოდში დაიწერა. იმ დროს არ იყო არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ მშვიდობიანი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ სამრთლებრივი გარემო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მამა და დედა დამფუძნებლებმა მოახერხეს და შექმნეს ერთერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია მთელი ევროპის კონტინენტზე.
თუკი პირველ რიგში სტრუქტურას დავუკვირდებით, იგი ძალიან კარგადაა ჩამოყალიბებული; 17 თავისაგან შემდგარი კონსტიტუცია ლოგიკურადაა დალაგებული.
რაც ყველაზე მეტად თვალში საცემია და ამას ყველა ამჩნევს და აფასებს, არის ის, რომ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. 4 თავი სწორედ ამ თემაზე საუბრობს. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ადამიანის უფლებები პრიორიტეტული იყო. მაგალითად, კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუცია უზენაესია და ყველა სხვა კანონი, დეკრეტი თუ განკარგულება უნდა შეესაბამებოდეს მას. ესეც თავისთავად არის სიახლე იმ დროისათვის.
ასევე უნდა აღვნიშნო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი, რომელსაც ხაზს უსვამს კონსტიტუცია და ის ემორჩილება მხოლოდ კანონს. სეკულარიზმის იდეებია ასევე წინ წამოწეული; ქალთა, ეროვნულ უმცირესობათა, სახელმწიფო მოხელეთა უფლებები – ეს ყველაფერი ასახულია პირველი რესპუბლიკის უზენაეს კანონში.
ასევე კონსტიტუცია ამბობს, რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ამ ხელისუფლებას ხალხის სახელით ახორციელებს პარლამენტი. ასევე იქ არის საუბარი მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის, მთავრობის კოლეგიალური საქმიანობის პრინციპებზე, განმტკიცებულია დებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.
[checklist]
როგორი იყო მაშინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია და როგორ აისახა ის პირველი ქართული კონსტიტუციის შედგენის დროს?
[/checklist]
როგორც აღვნიშნეთ, მაშინდელი კონსტიტუცია არის სინთეზი ევროპული კონსტიტუციებისა. შვეიცარიის მოდელი შედარებით რბილია, რადგან მთავრობის წარმომადგენლები 7 წლის ვადით ინიშნებიან და პოლიტიკურად პასუხისმგებლები არ არიან პარლამენტის წინაშე. ეს მოდელი ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო არ გამოგვადგებოდა. შესაბამისად, დადგინდა, რომ მთავრობა და მთავრობის თავმჯდომარე ემორჩილება პარლამენტს.
თუმცა მეორე მხრივ, არც მთავრობის დათხოვნა იყო ძალიან მარტივი საქმე და რთულ პროცედურებს უკავშირდებოდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის თანამდებობას, იგი უარყოფილი იქნა თავიდანვე, რადგან სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტს მონარქად განიხილავდნენ და საფრთხეს ხედავდნენ მასში, რომ მას უარი არ ეთქვა არჩეულ ხელისუფლებაზე.
მის ნაცვლად, პრეზიდენტის კომპეტენციების ნაწილი გადავიდა მთავრობის თავმჯდომარეზე, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი უფლება-მოვალეობები დაეკისრა.
რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას ზოგადად, იმ პერიოდში, საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში იმყოფებოდა. მთავრობის პასუხისმგებლობა იყო ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ძლიერი, რომ მრავალი გამოწვევისთვის ეპასუხა.
[checklist]
და ბოლოს, რაც შეეხება მესამე წიგნს – ტრილოგიის დასკვნით ნაწილს?
[/checklist]
მესამე ტომი მიეძღვნება კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს, რომელიც 2021 წლის მაისში გამოვა. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუციის იუბილის ამგვარი აღნიშვნა ხდება ხოლმე. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ჩვენ ამისთვის მზადება 2020 წლის 21 თებერვლას დავიწყეთ, როცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავატარეთ შეხვედრა ბატონ მინდია უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, სადაც გაცხადდა, რომ ერთი წლის თავზე მოვამზადებდით კიდევ ერთ კრებულს.
კრებულში 11 სახელმწიფოს 30-მდე უცხოელი პროფესორი და მკვლევარი საზეიმოდ ულოცავს ქართველ ხალხს კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს. თუმცა აქ მხოლოდ მილოცვას არ შეხვდებით, მათი უმეტესობა აფასებს იმდროინდელ კონსტიტუციას და მიაჩნიათ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა მთელი ევროპის კონტინენტზე, რომელიც გაჯერებულია ადამიანის უფლებათა შესახებ პროგრესული იდეებით.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კონსტიტუციონალიზმის, როგორც მეცნიერების განვითარებას საქართველოში და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
კონსტიტუციონალიზმის საკითხების კვლევა ტრილოგიით არ დასრულდება. მიზნად გვაქვს დასახული სამართლის ამ დარგში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანადგომით განვახორციელოთ არაერთი საინტერესო პროექტი.
ბათუმელმა ნინო ბასილაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლე დავით წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაადგინა, რომ პროკურატურა უკანონოდ მოიქცა.
ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის პროკურატურაში. მან ეს სამსახური 2019 წელს საკუთარი სურვილით დატოვა მას შემდეგ, როცა ჯერ უფასო დეკრეტული შვებულებით, შემდეგ კი, შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცა. ნინო ბასილაძემ უკანონოდ მიიჩნია მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასება [2018 წლიდან საჯარო მოხელეები წელიწადში ერთხელ ფასდებიან პროფესიული ნიშნით]. ნინო ბასილაძეს პროკურორებმა დაბალი, თუმცა დამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერეს.
„სასამართლომ თქვა, რომ ნინო ბასილაძის შეფასება იყო არასწორი და დაავალა საქართველოს პროკურატურას მისი შეფასება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“. იგი სასამართლოში ნინო ბასილაძის ინტერესებს იცავდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, თუმცა მათ მოსამართლის შეფასება სასამართლო დარბაზში უკვე მოისმინეს.
„სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგან საჯარო მოხელის შეფასების დროს დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, შეფასება არ იყო გამჭვირვალე და ობიექტური. პროკურატურის გადაწყვეტილება იყო იმდენად დაუსაბუთებელი, რომ სასამართლომ ის გააუქმა,“ – გვიყვება იურისტი ანა ბერძენიშვილი.
სასამართლო პროცესზე პროკურატურის არგუმენტი იყო ის, რომ კანონის მოთხოვნების დაცვით შეაფასეს ნინო ბასილაძე და ახლა მის შეფასებას აქტუალობა დაკარგული აქვს, რადგან ბასილაძემ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური.
„ამ ნაწილში ნინო ბასილაძემ აღნიშნა, რომ საჯარო მოხელის შეფასების შესახებ მონაცემები საჯარო სამსახურის ბიუროში ინახება და ეს მნიშვნელოვანია,“ – დასძინა ანა ბერძენიშვილმა. იურისტი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში სამართლიანი და ობიექტური შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა სხვა საჯარო სამსახურმა კონკრეტული პირის დასაქმებაზე უარი მარტივად თქვას – წინა სამსახურში დაბალი შეფასების მოტივით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის – თუკი ვინმე მათ უკანონოდ ჩამოშორებას გადაწყვეტს, სასამართლოში დავას აზრი აქვს.
„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პროკურატურა, რომელიც არის მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო, რომელიც უნდა იძიებდეს დანაშაულს და იცავდეს ადამიანის უფლებებს, თვითონ არღვევს უხეშად მასთან დასაქმებული ქალის უფლებას, რომელიც ითხოვს დეკრეტულ შვებულებას. მისი ეს მოთხოვნა გახდა შემდეგ მისი დისკრედიტაციის და დევნის საფუძველი. ის, რომ ნინო ბასილაძემ თავისი ნებით დატოვა სამსახური, არაფერს ცვლის – გამოდის, რომ მას აიძულეს ამ სამსახურიდან წასვლა,“ – აღნიშნავს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.
ნინო ბასილაძე პროკურატურაში დაბრუნებას არ აპირებს. 2019 წელს, როცა მან სასამართლოს სარჩელით მიმართა, „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მისთვის მთავარი სიმართლის დადგენაა.
2019 წელს ნინო ბასილაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძემ არ განიხილა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სარჩელი განსჯადობის მიხედვით თბილისს უნდა განეხილა, რადგან სასამართლოში წასვლამდე, პროკურატურის თანამშრომელმა გენპროკურორ შალვა თადუმაძესაც მიმართა.
„მთავარ პროკურატურას ერთი წინადადებითაც არ უმსჯელია, რატომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ნინო ბასილაძის ადმინისტრაციული საჩივარი,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.
ბათუმში მოსამართლე კობა გოცირიძემ ასევე უარი თქვა მტკიცებულების სახით მიეღო ნინო ბასილაძის პროკურორებთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი. მოსამართლემ აღნიშნს, რომ საუბრის ჩაწერას ნებართვა სჭირდებოდა. იგივე ჩანაწერი თბილისის საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა. მოსამართლე დავით წერეთელს მიიჩნია, რომ საჯარო სხდომაზე ჩანაწერის გაკეთებას ნებართვა არ სჭირდება.
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ანექსიამდე ზუსტად 4 დღით ადრე საქართველოს ლეგიტიმურმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.
კონსტიტუციის ტექსტი, რომელსაც საფუძვლად ევროპული კონსტიტუციები უდევს, 3 წლის განმავლობაში მუშავდებოდა საკონსტიტუციო კომისიის მიერ. მაშინ ნოე ჟორდანია აღნიშნავდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რესპუბლიკური მმართველობის შემოღებითა და კონსტიტუციის მიღებით „ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ხალხი ევროპიული და დემოკრატიული“.
კონსტიტუციონალიზმი – ქართული სამართლის ახალგაზრდა დარგი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართალს, როგორც მეცნიერებას, დიდი ისტორია აქვს, შედარებით ახალგაზრდა დარგია კონსტიტუციონალიზმი. სწორედ ამ საქმის აღორძინებას და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესების გააქტიურებას უდგას სათავეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სამეცნიერო ბაზაზეც უკვე წლებია, რაც აქტიური სამეცნიერო-კვლევითი პროცესები მიმდინარეობს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევრების ჩართულობით.
საბჭოთა კავშირის 70-წლიანმა დიქტატურამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქართული კონსტიტუციის ისტორია და კვლევითი პროცესები. შესაბამისად, ამ დარგის ირგვლივ დაგროვდა პრობლემები, რომლებიც ფაქტობრივად შეუსწავლელია.
ბექა ქანთარია
„მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე არაერთი მონოგრაფია თუ სამეცნიერო სტატიაა გამოქვეყნებული, ჩვენ არ გვაქვს ერთიანი ბაზა, საფუძველი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის; არსებული მასალები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დარგში დაგროვილი ფუნდამენტური პრობლემები სიღრმისეულად შეგვესწავლა, რომელსაც მოიცავს კონსტიტუციონალიზმი, როგორც მეცნიერება, ფილოსოფია და როგორც კულტურული მოვლენა“, აღნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ბექა ქანთარია.
სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პროფესორ მინდია უგრეხელიძისა და ასოცირებული პროფესორის ბექა ქანთარიას ინიციატივით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიგეგმა და განხორციელდა მასშტაბური პროექტები.
გამოცემული არის ორი კრებული კონსტიტუციონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით. 2019 წელს გამოიცა ტრილოგიის პირველი ტომი, „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“. კრებული იმითაა გამორჩეული და საინტერესო, რომ პირველად ქართული სამართლის მეცნიერებაში აქ წარმოდგენილია 15 უცხოელი პროფესორის შრომები საკონსტიტუციო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ქართველ ავტორებს საშუალება ეძლევათ წარმატებული ინტეგრაცია მოახდინონ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, რეგინა კინერი სიღრმისეულად მიმოიხილავს 100 წლის წინანდელ პირველ კონსტიტუციას და აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუციაა იმდროინდელ ევროპაში.
პროფესორი მინდია უგრეხელიძე პროექტს აფასებს როგორც გლობალურ, ისე ლოკალური მნიშვნელობის მქონე მოვლენად. ერთი მხრივ, პრობლემატიკისა თუ თემატიკის მოცულობა და განზომილება, აგრეთვე ავტორთა ფართო შემადგენლობა, მეორე მხრივ, კი საქართველოში კონსტიტუციონალიზმისადმი მზარდი ინტერესი განაპირობებს პროექტის უაღრესად ფასდაუდებელ მნიშვნელობას ქართული კონსტიტუციონალიზმისათვის.
მინდია უგრეხელიძე
„დიდად მისასალმებელია, რომ ქართული მეცნიერების ამ მიღწევაში წვლილი აქვთ შეტანილი როგორც ძველი, ისე საშუალო, და რაც მთავარია, სრულიად ახალი თაობის სამართლისმცოდნეებს – როგორც თეორეტიკოსებს, ისე პრაქტიკოსებს; ასევე, როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს“, აღნიშნავს ბატონი მინდია უგრეხელიძე პირველი ტომის წინასიტყვაობაში.
მასშტაბურ კვლევით პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არამხოლოდ აკადემიური პერსონალი, არამედ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულები. როგორც ბექა ქანთარია აღნიშნავს, მათი შრომა განსაკუთრებით მეორე ტომზე მუშაობის დროს გამოიკვეთა.
კონსტიტუციის წინმსწრები ანარეკლი
„საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში – ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისთვის 1990-1995 წლები“ – ასე ჰქვია ათასგვერდიან კრებულს, რომელიც ეხება კონსტიტუციონალიზმის საკითხებს, სადაც მთლიანად ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებზეა საუბარი.
კრებულში თავი მოიყარა ყველა იმ პუბლიცისტურმა წერილმა, ინტერვიუმ თუ სტატიამ, რომლებიც იმდროინდელ საკონსტიტუციო რეფორმას ასახავს.
„ზოგიერთი იმდროინდელი გამოცემა დაკარგულია, ზოგი – დაზიანებულია. ვფიქრობ, ამით ძალიან დიდ დახმარებას გავუწევთ მომავალი თაობის მკვლევარებს და კონსტიტუციონალისტებს, რომლებისთვისაც ამ კრებულში, ფაქტობრივად, ყველა მასალა ერთიანად იქნება წარმოდგენილი“, აღნიშნავს ბექა ქანთარია.
როგორც ბატონი მინდია უგრეხელიძე აღნიშნავს, მეორე ტომი წარმოადგენს „1995 წლის კონსტიტუციის წინსმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში და არის საკონსტიტუციო საკითხების მემატიანე, რომელიც იმდროინდელი ქართველი ჟურნალისტების, კონსტიტუციონალისტების, ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, საზოგადო მოღვაწეებისა და საკონსტიტუციო საკითხებით დაინტერესებული ჩვეულებრივი მოხალისეების, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ დაიწერა“. კრებულში ფართოდაა ასახული ასევე საკონსტიტუციო პროცესები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიასა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მიმდინარეობდა.
როგორ აფასებდნენ პირველ ქართულ კონსტიტუციას საერთაშორისო მკვლევრები
საქართველოს პირველი კონსტიტუცია რთულ პერიოდში დაიწერა. იმდროინდელი სახელმწიფო მოღვაწეები აქტიურად ეცნობოდნენ სხვადასხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციებს; აქტიურად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი პროცესიც.
საბოლოო ჯამში კი, როგორც ბექა ქანთარია აღნიშნავს, ქართველმა ერმა თავად დაწერა კონსტიტუცია, რომელსაც წარმატებული ქვეყნების საკონსტიტუციო მარგალიტები დაედო საფუძვლად, ეროვნული სულისკვეთების გათვალისწინებით.
თანამედროვე მკვლევრები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესული იდეების თაობაზე, რომლითაც გამსჭვალული იყო პირველი ქართული კონსტიტუცია
„მაგალითად, პირველ ქართულ კონსტიტუციაში მთელი ოთხი თავი ეთმობა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც უჩვეულოა მაშინდელი ევროპული კონსტიტუციებისთვის“, განმარტავს ბექა ქანთარია.
მაშინდელ საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ამ ხელისუფლებას ის პარლამენტის საშუალებით ახორციელებს, პარლამენტის წინაშე კი მთავრობაა პასუხისმგებელი.
სწორედ პოლიტიკურად პასუხისმგებელი მთავრობა იყო ძლიერი ხელისუფლების გარანტია იმ დროინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი
მესამე ტომი, რომლის გამოცემაც კავკასიის საერეთაშორისო უნივერსიტეტში მაისშია დაგეგმილი, კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. ტომში წარმოდგენილია 11 სახელმწიფოს 30-მდე უცხოელი პროფესორის საზეიმო წერილი, სადაც არამხოლოდ ულოცავენ უცხოელები ქართველ ერს კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს, არამედ აფასებენ მას და ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველი ქართული კონსტიტუცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი იმდროინდელ ევროპაში. გარდა ამისა, კრებულში მკითხველი გაეცნობა უცხოელი და ქართველი მეცნიერების სტატიებს სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე.
დარწმუნებული ვართ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროფესორ მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თაოსნობით, სხვა მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად, კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს ქართული კონსტიტუციონალიზმის სკოლის აღორძინებაში.
დღეს, 2 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები გამოეხმაურნენ.
პარლამენტის ტრიბუნიდან ნამახვანი ჰესის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაისმა, რაც 28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად.
დღეს პარლამენტარები ამბობდნენ, რომ მოსახლეობასა და მთავრობას შორის სწორი კომუნიკაცია არ არის და არაინფორმირებულია ხალხი, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
ქუთაისის მაჟორიტარმა, ზაზა ლომინაძემ კი დასაქმების ნაწილს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კომპანიამ საკმარისი ადგილობრივები არ დაასაქმა.
„მინდა გამოვეხმაურო 28 თებერვალს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ჩატარებულ აქციას და კიდევ ერთხელ მოვუწოდო დეპუტატებს და თქვენც ბატონო თავმჯდომარე, აუცილებელია არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ დღეს ვხედავთ სიტუაციას, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აიტაცეს ეს თემა და აპროტესტებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც საქართველოში ხდება, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის. ვიყოთ ჩართული ამ თემაში ჩვენ, პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა.
მოვიწვიოთ დამატებით ჩვენთან, ტელევიზიაში, პრესა, რომ მაქსიმალური ინფორმირებულობა გვქონდეს საქართველოს მოსახლეობაში.
შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა უმნიშვნელოვანეს ჰესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, ნამახვანის მშენებლობას.
ასევე მოუწოდოთ იქ ხელმძღვანელობას, ვისაც გაუფორმეთ ხელშეკრულება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის დასაქმება იქ.
დღევანდელი ინფორმაციით, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველა პირობა შესრულებული მათი მხრიდან, ამიტომ გთხოვთ, რომ დეპუტატებსაც და თქვენც მხარი დაუჭიროთ ამ შეხვედრას, რაც ფართო მასშტაბით გადაიცემა პირდაპირი ეთერით და გაგრძელდება ეს თემა სხვადასხვა ტელევიზიებში,“ – თქვა ზაზა ლომინაძემ თავის გამოსვლაში.
ზაზა ლომინაძეს დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც.
„მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინისტრის უნდა მოვუსმინოთ. თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება, შეგვიძლია პლენარულ ან საკომიტეტო ფორმატში მოვუსმინოთ სწორედ სხვა პროფილის მინისტრებს, მთავრობას ზუსტად ამ თემაზე და არა მართლწესრიგის საკითხებზე, რაც შეიძლება მომდევნო კვირისთვის გადაიდოს,“ – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
განცხადება გააკეთა პარლამერნტარმა ბექა ოდიშარიამ და ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი მანაც „კომუნიკაციურ პრობლემად“ შეაფასა.
„არ დავიწყებ ნამახვანი ჰესთან წარმოშობილ კომუნიკაციურ პრობლემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრების გაზიარებას. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ მხარს ვუჭერ თითოეულ აქ დარბაზში მყოფ კოლეგას, რომელმაც განაცხადა, რომ მეტი კომუნიკაცია, ახსნა-განმარტება, მეტი ურთიერთობა ადამიანური იმ ადამიანებთან… საქართველო ყველას გვეკუთვნის, მაგრამ იმ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ის განსაკუთრებით ეკუთვნით და, შესაბამისად, ვიდრე არ ვიქნებით ჩვენ ერთმანეთის წინაშე პირნათელნი და ვიდრე კითხვები არ იქნება მოხსნილი, ცხადია ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი პოლიტიკა, იმ ხელწერით, როგორიც გვქონდა აქამდე ადამიანებთან დამოკიდებულებაში.
ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ სულაც არ გვეთაკილება, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაცას ხალხის ხმას ვუსმენთ, რაღაცას ხალხის კარნახით ვაკეთებთ და პირიქით არ ვუჯინიანდებით ჩვენს მოქალაქეებს,“ – თქვა ბექა ოდიშარიამ.
აჭარის განათლების სამინისტროსთან დღეს, 2 მარტს, შეიკრიბნენ ბათუმის ბულვარის დამცველები, რომლებიც აპროტესტებენ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას.
ისინი აჭარის განათლების მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართავენ, ბათილად ცნოს ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან შენობაზე გაცემული ნებართვის კანონიერება და შეაჩეროს მშენებლობა.
ნახეთ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:
„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. სააგენტო აჭარის განათლების სამინისტროს სსიპ-ია, სწორედ ამიტომ სთხოვენ აქციის მონაწილეები აჭარის განათლების მინისტრს ბათილად ცნოს სააგენტოს გადაწყვეტილება.
ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს.
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა იუწყება, რომ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინეს გ.ხ.-ს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აწამა მეუღლე, რადგან მიიჩნია, რომ მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხის დამოუკიდებლად განკარგვის უფლება.
„გ.ხ. მეუღლეს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა.
გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა,“ – წერს პროკურატურა.
უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, მეუღლის მშობლებსა და ძმას, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე.
გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11′-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.