მთავარი,სიახლეები

საია „რივიერა ბათუმის“ პროექტის ნებართვას ასაჩივრებს

09.09.2020 • 2238
საია „რივიერა ბათუმის“ პროექტის ნებართვას ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტზე ნებართვას ასაჩივრებს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ნებართვასთან დაკავშირებულ კონკრეტულ დარღვევებზე იურისტმა გიორგი ანთაძემაც ისაუბრა, უშუალოდ ის მუშაობს ამ საქმეზე.

სულხან სალაძის განმარტებით, საია პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს ნებართვის გამცემს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ  სამინისტრო გააგრძელებს ტრადიციას და დაინტერესებულ მხარეს უპასუხებს, რომ ის არ შეიძლება იყოს დაინტერესებული მხარე, შესაბამისად, ვერ ჩაერთვება ამ პროცესში, მაშინ ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, – განმარტა საიას თავმჯდომარემ.

ამ შემთხვევაში საია სასამართლოში წარმოადგენს როგორც მომჩივანი კერძო პირების, ასევე ორგანიზაცია „ბათომის“ ინტერესებს.

საიას თავმჯდომარის განმარტებით, ეს არ არის საჩივარი, რომელიც მხოლოდ სამართლებრივ ნაწილს მოიცავს და საქმეში წარმოდგენილია ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნა პარალელური სფეროებიდან, როგორიც არის ეკონომიკა, ურბანული მხარე, გეოლოგია და სხვა… ამიტომაც ეს პრეცედენტული მნიშვნელობის დავაა, რომელსაც დღეს, 9 სექტემბერს, იწყებს საია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით.

საია მიიჩნევს, რომ გასული წლის 20 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების დამტკიცებით არ გაითვალისწინა და  დაარღვია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. იურისტის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელთან მიმართებაშიც გადაწყვეტილებას [ნებართვის გაცემის შესახებ] აქვს პრობლემა, არის გარემოს დაცვის კოდექსი, სივრცითი დაგეგმარებისა და არქიტექტურული საქმიანობის კოდექსი, ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილება და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ არავის არ შეუსწავლია და არ არსებობს პროექტთან დაკავშირებული კონკრეტული მტკიცებულებები, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროექტი ქალაქის სანაპირო ზოლზე, ასევე ბათუმის ბულვარზე, ქალაქის ორგანულ განვითარებაზე და სხვა შემდგომ პროცესებზე.

იურისტ გიორგი ანთაძის განმარტებით, როდესაც სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით იწყება ადმინისტრაციული წარმოება, აუცილებელია კერძო ინტერესებთან ერთად, დაცული იყოს საჯარო ინტერესები. ეს გულისხმობს იმგვარ პროექტზე ნებართვის გაცემას, რომელიც არ მიაყენებს ზიანს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ის იქნება თავსებადი უშუალოდ იმ ტერიტორიასთან, რომელშიც იგეგმება მშენებლობის განხორციელება:

„კონკრეტულ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ბათუმი რივიერასთან დაკავშირებით ისეა გაცემული ნებართვა, რომ არ არის გათვალისწინებული მდებარეობა, სადაც ის უნდა აშენებულიყო. კერძოდ, ეს არის ისტორიული ბათუმი. ისტორიული ბათუმის ტერიტორიაზე, პირველ რიგში, განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა საკრებულოს მხრიდან იმგვარად, რომ იქ შესაძლებელი გახდა აშენებულიყო ხუთი ცათამბჯენი და ასევე ლაგუნა. აქ გვაქვს მთელი რიგი დარღვევები“.

საიაში მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა კანონის ჩანაწერები არაკეთილსინდისიერად. მაგალითად, გარემოზე შეფასების ანგარიში მზადდება იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო ტერიტორია აღემატება ათ ჰექტარს.

„ეს მექანიზმი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ათ ჰექტარზე კი არ მოამზადეს დასკვნები, არამედ 9.7 ჰექტარზე წარადგინეს. ასევე უშუალო კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის ნებართვის მიმღებმა წარადგინა“, – განმარტა გიორგი ანთაძემ.

„ბათუმი რივიერამ“ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელსაც დაურთო თავის მიერ დაქირავებული იურიდიული კომპანიის დასკვნა, რომელიც გამორიცხავდა ამ ნებართვის მიღებისას გარემოს დაცვის შეფასების დოკუმენტის მომზადებას.

საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელსაც თავის მხრივ მიმართა ბათუმის მერიამ და ჰკითხა, უნდა ჩაეტარებინა თუ არა სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასება, განმარტა:

„ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე, რომ კანონში არ ჩაიხედა, პირდაპირ თქვა, რომ ის ენდობოდა მშენებლობის განმახორციელებლის იურისტის ჩანაწერს, რომელიც ამბობდა, რომ არ იყო საჭირო ეს. შესაბამისად, სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია, რომ არ იყო საჭირო გარემოს დაცვის შეფასების მომზადება“.

ბრიფინგზე კიდევ რამდენიმე დარღვევაზე გაამახვილეს ყურადღება.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ე.წ. ჭაჭის თაუერის  მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი თაუერის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ.

2020 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „ბათუმი რივიერას“ მიმართვის საფუძველზე, მრავალფუნქციური, მაღალსართულიანი შენობის გარდა ხელოვნური ლაგუნას მოწყობის პროექტიც შეითანხმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: