მთავარი,სიახლეები

გვაქვს ეჭვი, რომ ბათუმიდან ჩამოსულები წამოაგეს პროვოკაციას – ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილე

15.04.2021 • 2280
გვაქვს ეჭვი, რომ ბათუმიდან ჩამოსულები წამოაგეს პროვოკაციას – ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილე

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ აჭარიდან სოფელ გუმათში, აქციაზე ჩასულ ჯგუფს, რომლის 6 წევრიც დღეს დააკავეს ბათუმში, აქციაზე ყოფნისას ვერ შენიშნეს ვერც აგრესია და ვერც დესტრუქციული ქმედების სურვილი.

როგორც მირზა ნოზაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბათუმიდან ჩამოსული პირების პროვოცირება საგანგებოდ სცადეს ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციის მარგინალიზაციისთვის.

„დაახლოებით 20-მდე კაცი ჩამოვიდა. ჩვენ, როგორც ყველასთან ვაკეთებთ, მივედით, გავესაუბრეთ, გავიგეთ მათი განწყობები, ავუხსენით პროტესტის შინაარსი და შინაგანაწესი და ჩვენ, როგორც ამ აქციაზე პასუხისმგებლებმა, ვერ შევატყვეთ ამ ადამიანებს, რომ ისინი აქ ჩამოსული იყვნენ პროვოკაციისთვის. მათი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ იყო მშვიდობიანი. აქციის მიმდინარეობისას მათთან ერთად იყვნენ პროტესტის მონაწილეები, რომლებიც გზადაგზა აცნობდნენ მათ ჩვენს გეგმებს.

აქცია დაიწყო გუმათში, სადაც დაიწყო ჩვენი დარბევა. ამ დარბევის დროს მათგან ვერ ვნახეთ ვერანაირი პროვოკაციული ქმედება, ჩვენს მოწოდებებს ემორჩილებოდნენ როგორც აქციის სხვა მონაწილეები. მსვლელობა დავიწყეთ გუმათიდან „ენკას“ საწყობის მიმართულებით, მთელი ეს პერიოდი მათი მოქმედებები იყო აბსოლუტურად ჩვენი მოწოდებების შესაბამისი.

ჩვენ ვერ დავინახეთ ამ ადამიანებისგან დესტრუქციული დამოკიდებულება პროტესტის მიმართ. პირიქით, ისინი იყვნენ კონსტრუქციულად განწყობილი. ჩვენმა რამდენიმე აქტივისტმა აღმოაჩინა მათთან საერთო მეგობრობა, ნაცნობობა, რაც კიდევ უფრო იმედისმომცემი იყო, რომ პროცესი მშვიდობიანად განვითარდებოდა და ასეც მოხდა.

აქცია რომ მორჩა, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ, აღგვითქვეს, რომ ყველა აქციაზე ჩამოვიდოდნენ, მხარს დაგვიჭერდნენ და როდესაც წავიდნენ, როგორც ვიცი სახლში დასაბრუნებლად, ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ რაღაც მოხდა. აქცია ამ დროს დასრულებული იყო.

წავიდნენ ჩვენი მონაწილეები, რომ გარკვეულიყვნენ საკითხში და ნახეს საშინელი სცენარი. ჩვენ როგორც ვიცით, ბათუმიდან ჩამოსული ჯგუფის პროვოცირება შეძლო იმ ჯგუფმა, რომელიც, ჩვენი აზრით, წინასწარ არის ჩართული ამ პროცესში. ვერ ვადასტურებთ ამას, არა გვაქვს ამის მტკიცებულებები, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ გამოიწვიეს ბათუმიდან ჩამოსული ჯგუფი თავიანთი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, პროვოკაციაზე წამოაგეს და ამ პროვოკაციას მოჰყვა დაპირისპირება.

ჩვენ ვიხილეთ თვითმხილველები, ვიხილეთ პასიური პოლიცია. მოვუწოდებდით პოლიციას – „ჩაერთეთ, გააზავეთ“ და მათ, აქაც ძნელია რამეს მტკიცება, მაგრამ თითქოს ამ პროცესებს აცალეს განვითარება. ეს არის ჩვენი განცდა. ამას ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩვენი მონაწილეები აზავებდნენ ორივე მხარეს ესკალაციის დროს და პოლიცია მოგვიანებით ჩაერთო.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი  [აჭარიდან ჩამოსულები] წამოაგეს პროვოკაციას, რომ შემდეგ ამით ესარგებლათ ავტორებს მარგინალიზაციის პროპაგანდისა და ეთქვათ, ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს რელიგიური უმცირესობების მიმართ, თუმცა ვადასტურებთ, რომ აქციის წევრებსა და ბათუმიდან ჩამოსულ ჯგუფს შორის აქციაზე იყო სრულიად შეთანხმებული მოქმედება და ჩვენ მათგან ვერანაირი აგრესია და დესტრუქცია ვერ დავინახეთ,“ – გვითხრა მირზა ნოზაძემ.

პოლიციამ დღეს ბათუმში დააკავა ექვსი პირი, მათ შორის ძმები: ფირუზ და რევაზ წულუკიძეები. პოლიციის ვერსიით, მათ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_________________

ფირუზ წულუკიძე ევროპის 2009 წლის ჩემპიონია ჭიდაობაში. იგი რამდენჯერმეა გასამართლებული. სპორტსმენია მისი ძმაც, რევაზ წულუკიძე. ბოლო წლების განმავლობაში წულუკიძეების სახელი უკავშირდება არა ერთ გახმაურებულ ამბავს. მათ შორის, ინცინდენტს ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში 2021 წლის იანვარში, სადაც ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

ფირუზ წულუკიძე ოპოზიციის მიერ გამართულ არა ერთ აქციაში იღებდა მონაწილეობას. მისი განცხადებით, მათ აჭარის მთავრობა წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდა. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

2020 წლის ოქტომბერში, არჩევნების წინ, ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: