განათლება,მთავარი,სიახლეები

ვინ არის მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა – თოვლში ცეკვა მოსწავლეებთან

25.03.2021 • 7390
ვინ არის მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა – თოვლში ცეკვა მოსწავლეებთან

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის ეზოში გადაღებულმა ვიდეომ გუშინ, 24 მარტს ქართული ინტერნეტი მოიცვა. ახალგაზრდა მასწავლებლის მოსწავლეებთან ერთად თოვლში ცეკვის ამსახველი კადრები მალე გახდა ვირუსული.

ეს მასწავლებელი 25 წლის თამუნა ლაბაძეა, მოსწავლეების თხოვნას, დაენახათ მასწავლებელი პირბადის გარეშე, მან ასე უპასუხა – ბავშვები შესვენებაზე სკოლის ეზოში გამოიყვანა და მათთან ერთად იცეკვა.

„მუსიკის ფონზე ვიცეკვეთ. თოვდა, მაგრამ ძალიან იმხიარულეს“, – ამბობს თამუნა.

თამუნა ლაბაძე მაძიებელი მასწავლებელია. იგი ხულოში, სოფელ ჩაოში გაიზარდა, თუმცა ერთადერთი სკოლა, რომელმაც მაძიებელ, ახალგაზრდა მასწავლებელს სკოლის კარი გაუღო, შუახევში ინწკირვეთის საჯარო სკოლაა.

თამუნა ამბობს, რომ ბავშვობიდან სურდა მასწავლებელი გამხდარიყო.

„დედაც პედაგოგია და ბავშვობაში ის იყო ჩემთვის იდეალური მასწავლებელი. ძალიან სახალისო გაკვეთილები ჰქონდა, ყველა გაკვეთილი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. ისე ვსწავლობდით, არც გვჭირდებოდა შეხსენება, რომ გაკვეთილები უნდა გვესწავლა.

„როცა უნივერსიტეტში ჩააბარა დედამ, უკვე სამი შვილი ჰყავდა. 35 წლის იყო და მე მაგ დროს პირველ კლასში ვსწავლობდი. შეძლო წარმატებისთვის მიეღწია და ახლა უკვე წამყვანი მასწავლებელია“, – გვეუბნება თამუნა.

თამუნა ლაბაძე

თამუნა ამბობს, რომ მისთვის მთავარია, როგორ ასწავლის, რა დაამახსოვრდება ბავშვს ხვალ.

„ხშირი იყო შემთხვევები, როცა თავს მახვევდნენ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ მეთოდებს – ახსენი, მოუყევი, შეამოწმე, შეფასება მიეცი, კითხვა დაუსვი – მაგრამ ვერ შევეგუე. მარტო ეს არ არის ჩემთვის მისაღები.

ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკაში სწავლებას. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩავატაროთ ექსპერიმენტები სასწავლო სივრცეში, თუნდაც სახლში და შემდეგ ერთმანეთს აზრი გავუზიაროთ“.

თამუნა ამბობს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის აზრს. მისი თქმით, ბავშვი გაკვეთილზე არა მარტო მსმენელი უნდა იყოს, არამედ საკუთარ აზრსაც თამამად უნდა ამბობდეს.

„საბჭოთა სკოლაში ბავშვის აზრი იგნორირებული იყო. ბავშვს არ ჰქონდა უფლება ეთქვა, რატომ არ ეთანხმებოდა თუნდაც ავტორის მოსაზრებას ან რატომ აკრიტიკებდა პერსონაჟს. მსგავსი მიდგომების ადგილი თანამედროვე სკოლაში არ არის. დღეს ეს ყველაზე მეტად საჭიროა, რომ დამოუკიდებელ ადამიანებად გაიზარდონ ბავშვები.

რაც მთავარია, ისინი გაკვეთილზე სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას და განსხვავებული აზრის მიღებას. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ ჭიქაში ასხია ალუბლის კომპოტი, შეიძლება ყველამ დაინახოს, რომ ჭიქაში მართლაც ასხია წითელი ფერის სითხე, მაგრამ ჩვენ რომ დავარწმუნოთ სხვა, რომ ნამდვილად ალუბლის კომპოტია ჭიქაში, ამისთვის უნდა გვქონდეს არგუმენტები, რადგან გვკითხავენ: რა ვიცით, რომ ალუბალია? ასეთი მაგალითებით ბავშვებს მსჯელობისთვის ვამზადებთ“, – გვეუბნება თამუნა.

თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად

თამუნა ლაბაძის მოსწავლეები

თამუნა ამბობს, რომ არგუმენტირებული მსჯელობის დროს ყველაზე მეტად ადგებათ აქტივობა, რომელსაც ეწოდება „ცხელი სკამი“.

„ამ აქტივობის დროს ვირჩევთ პერსონაჟებს, ვსვამთ სკამზე ავტორს და მას კითხვებს უსვამენ. მაგალითად, „მგელი და კრავის“ დროს გამოვიყენებთ ეს აქტივობა.

ყველა მონაწილე ცდილობს დაიცვას თავისი პერსონაჟის პოზიცია. მაგალითად, ავტორს ვუსვამდით კრიტიკულ შეკითხვებს: „რატომ დაჩაგრე ასე კრავი?“, „რატომ არის მგელი ასეთი დაუნდობელი?“, „რა აგრესია გაქვს დაგროვილი, რომ ასეთ პატარა, უცოდველ კრავს ასეთი ამბები დააწიე?“ და ასე შემდეგ. შემდეგ ავტორი იცავს თავს და იმდენად შედიან როლში, რომ პერსონაჟებს დიდი ძალისხმევა უწევთ, საკუთარი პოზიციები რომ დაიცვან. ეს საკმაოდ საინტერესო და სახალისო პროცესია“, – გვეუბნება თამუნა.

მისი თქმით, მოსწავლეებს მოსწონთ ისეთი გაკვეთილი, სადაც მათ ენიჭებათ წამყვანი როლი. რატომ ვერ ახერხებს ყველა მასწავლებელი ამას? – ამ კითხვას თამუნა ასე პასუხობს:

„თუ ისე გააკეთებ, რომ თუნდაც ერთი მოსწავლისთვის ერთი გაკვეთილი იქნება ნაბიჯი, რომ იპოვოს საკუთარი თავი სასწავლო სივრცეში, უკვე მიღწევაა. მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ვერ ბედავს გადაუხვიოს დადგენილ წესებს, რადგან ხშირია კოლეგების მხრიდან ბულინგიც, განსხვავებული ადამიანები არ უყვართ ზოგადად“.

თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან

თამუნა ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკისაა მასწავლებელი, მთავარია, როგორ მუშაობს ის გაკვეთილებზე.

„უფროსი თაობის მასწავლებლებთან მქონია ურთიერთობა და ახალგაზრდებთანაც. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ორივე კატეგორიას, მაგრამ გააჩნია, ეს დაგროვილი გამოცდილება რაზეა დაფუძნებული. პრინციპზე – „გინდა თუ არა უნდა ისწავლო“, თუ ხალისით სწავლაზე.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის იქნები, მთავარია, როგორ მიაწვდი ბავშვს ცოდნას, რამდენად შეახალისებ გაკვეთილზე ყოფნა. მინახავს 75 წლის მასწავლებელი, რომელიც ცეცხლს ანთებს გაკვეთილზე, რაც შეიძლება მე ვერ გავაკეთო 25 წლის ასაკში“, – ამბობს თამუნა. 

რა არის ის, რაც პედაგოგებს ხელს უშლით სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში? – თამუნა ამბობს, რომ პირადად მას ხელს უშლის დამოკიდებულება, რომ „ახალგაზრდაა და გამოცდილება არ აქვს“.

„სამსახურის დაწყების მხრივ მქონდა პრობლემები, ჯერ ჩაბარებული არ მაქვს მასწავლებლის საგნობრივი გამოცდა და არ ვარ უფროსი მასწავლებელი.

ძალიან უჭირთ ამ მხრივ ახალი კადრების აყვანა, რადგან მაძიებელი ხარ და არ გაქვს სტატუსი. ძალიან ბევრ გასაუბრებაზე ვიყავი და ყველგან დადებითად დამახასიათეს, თუმცა ძალიან ბევრმა სკოლამ გამომიხურა კარი. მეგონა, რომ ჩემი კარიერა იქ დასრულდა. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი. ერთადერთი საჯარო სკოლა აღმოჩნდა, რომელიც მენდო“, – ამბობს თამუნა.

თამუნას სკოლა მცირეკონტინგენტიანია. პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით ინწკირვეთის სკოლაში სულ 16 მოსწავლე სწავლობს, მეშვიდე კლასში კი მოსწავლე საერთოდ არ ჰყავთ.

თამუნას სამი მოსწავლე ჰყავს. ერთი – პირველ კლასში, ორი კი – მეოთხეში. „ეს არ გვიშლის ხელს შევასრულოთ სხვადასხვა  აქტივობა, ხარისხი რაოდენობით არ განისაზღვრება. თუ იხარჯები, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი მოსწავლე გყავს“, – გვეუბნება ის.

თამუნა გვეუბნება, რომ ინწკირვეთი ძალიან ლამაზი და შუახევის ყველაზე მაღალი სოფელია. მთები ქვემოთაა, ჩვენ კი ზემოთო – ამბობს.

გაუმართავი გზა და ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს აიძულებს ქალაქში ეძებონ უკეთესი ცხოვრება.

„სახლები თითქმის დაკეტილია. სკოლის გარდა მოსწავლეებს სხვა გასართობი სივრცე არ აქვთ, ამიტომ არიან კომპიუტერებს მიჯაჭვული. პანდემიამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გააძლიერა“, – ამბობს თამუნა.

მისი თქმით, ალბათ მალე მოვა ის დრო, როცა ეს ბავშვებიც მიატოვებენ სოფელს და ქალაქში წავლენ. „იმას ვცდილობ, რომ როცა ისინი მოხვდებიან იმ სოციუმში, არ დაიჩაგრონ და ისევე ხალისით გაგრძელონ სწავლა, როგორც გუშინ და დღესო“, – გვეუბნება თამუნა.

მოსწავლეები და მშობლები ახალგაზრდა მასწავლებელს ძალიან მიეჩვივნენ, თუმცა შესაძლოა მათ დაშორება მოუხდეთ. თამუნა ამბობს, რომ ამ სკოლაში ერთი-ერთი მასწავლებლის ნაცვლად მუშაობს, რომელიც აპრილის დასაწყისში დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებას აპირებს.

„ვნახოთ რამდენად მოხერხდება ჩემი აქ დარჩება. 1-2 პროექტი კიდევ მაქვს დარჩენილი და წასვლამდე აუცილებლად მოვასწრებ“, – ამბობს თამუნა.

თამუნა ლაბაძის მოსწავლეებს სახალისო გაკვეთილებთან ერთად აუცილებლად მოაგონდებათ ფლეშმობი, რომელიც მათ მარტის თოვლიან დღეს მოაწყვეს სკოლის ეზოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: