მთავარი,სიახლეები

„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა

24.03.2021 • 1918
„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა

„მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ჩემი ხის სახლი მთლიანად დაიწვა, ფერფლად იქცა ყველაფერი, ვერაფერი გადავარჩინეთ…“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე, რომლის სახლიც წელს, 7 თებერვალს დაიწვა.

თამილა ჯოყილაძე ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მულის ოჯახში ცხოვრობს. მას არც ქირის ფულს უხდიან და კომპენსაციაზეც უარს ეუბნებიან, რადგან სახლი, სადაც ოჯახი 6 წელი ცხოვრობდა, მისი კერძო საკუთრება არ იყო.

თამილა ჯოყილაძემ და ვიტალი ხინკილაძემ ერთსართულიანი ხის სახლი ახალსოფელში იმ მიწის ნაკვეთზე ააშენეს, სადაც თამილა ჯოყილაძის თქმით, მისი დედ-მამის ოჯახს ჩაის პლანტაცია ჰქონდა გაშენებული. ეს ადგილი ბათუმს ეკუთვნის.

„დაახლოებით დღის სამ საათზე გაჩნდა ხანძარი, მეზობელთან ვიყავი ამ დროს ბავშვებთან ერთად,“ – იხსენებს თამილა ჯოყილაძე 7 თებერვალს სახლში გაჩენილი ხანძრის ამბავს, – „მანამდე მეზობელმა დამირეკა, ბავშვს დღეობა აქვს და გადმოდითო… ჩემი ქმარი ამ დროს სამძიმარზე იყო წასული.

დღეობიდან როცა ვბრუნდებოდით უკან, გამოვიხედე და კვამლი ასდიოდა ჩემს სახლს, იქვე ჩავიკეცე და მეტი აღარაფერი მახსოვს, ახლაც ვერ ვიხსენებ… მითხრეს, რომ თურმე აალებულ სახლშიც შევსულვარ და იქიდან ძალით გამომიყვანეს. ეტყობა, იმის აზრიც აღარ მქონდა, რამეზე დამევლო ხელი და გამომეტანა.

ნახანძრალი ახალსოფელში

ფერფლად იქცა ყველაფერი: ჩვენი ნივთები, ბავშვების წიგნები, რვეულები, ავეჯი, ყველაფერი… ფერფლად იქცა მერიიდან მიღებული თანხმობაც, რომ აბონენტად დავრეგისტრირებულიყავი. მანამდე მეზობლის შუქით ვსარგებლობდით და იმ დღეებში არჩილ ჩიქოვანმა მოგვწერა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აბონენტადო.

ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენს გაუჩნდა. ასე გვითხრეს გამომძიებლებმაც, ექსპერტიზით დადასტურდაო… გამოძიება, როგორც ვიცი, დასრულდა.

სახანძრო როცა მოვიდა, სახლი უკვე ნახევრად დამწვარი იყო, მეზობლებმა დარეკეს სახანძროშიც. ჩემ მისვლამდეც დაუნახავთ მეზობლებს, მაგრამ სახლში შესვლის შეეშინდათ, რადგან იქ გაზის ბალონიც მედგა… ჩემი ქმარი მერე მოვიდა. რომ გამოუხედავს შორიდან, ვიღაცის სახლი იწვისო და გამოიქცა, კვამლი ჩანდა, რა იცოდა, თუ ეს მისი სახლის კვამლი იყო,“ – გვიყვება თამილა ჯოყილაძე. 

ხანძრისგან დაზარალებული ოჯახიდან ერთი ბავშვი უკვე სკოლაში დადის, მეორე – საბავშვო ბაღში. მათთვის ტანსაცმელი მეზობლებს და ახლობლებს შეუგროვებიათ.

„მხოლოდ ბავშვების საკვებზე ვიღებთ სოციალურ დახმარებას – თვეში 100 ლარს. სხვა დახმარება არ გვაქვს და არც არაფერი მიგვიღია,“ – დასძინა თამილა ჯოყილაძემ „ბათუმელებთან“.

თამილა ჯოყილაძე შვილებთან ერთად

დაზარალებულმა ოჯახმა ბათუმის მერიისგან უარი მატერიალური დახმარებაზე 15 მარტს, ოფიციალური წერილით მიიღო.

„მატერიალური დახმარების თანხა შესაძლებელია გაიცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირზე. ვინაიდან თქვენი რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს ხელვაჩაური, სოფელი ზედა თხილნარი, თქვენ უარი გეთქვათ ფინანსური დახმარების გაწევაზე“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც ოჯახმა ბათუმის მერიისგან მიიღო.

ზედა თხილნარში თამილა ჯოყილაძე ქმართან – ვიტალი ხინკილაძესთან ერთად არის რეგისტრირებული. ვიტალის მამისეულ სახლში მისი ძმის ოჯახი ცხოვრობს.

თამილა ჯოყილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ერთად თხილნარში არასდროს უცხოვრიათ:

„2011 წელს დავოჯახდით და მაშინ მამაჩემის ახლობელმა შეგვიშვა თავის სახლში, ისევ ახალსოფელში იყო ეს სახლი… დაახლოებით ერთ წელიწადში დედაჩემთან გადავედით საცხოვრებლად, რადგან მამა გარდამეცვალა, ძმა ჯარში იყო, დედა მარტო იყო და იქ ვცხოვრობდით. ჩემი დედ-მამის სახლიც ახალსოფელშია, მაგრამ შორსაა იმ სახლიდან, რომელიც დამეწვა…

მერე ჩემი ძმა დაბრუნდა, იმას თავისი ცოლ-შვილი ჰყავს და ჩვენ ავაშენეთ ცალკე ეს ხის სახლი იქ, სადაც ჩემებს ჩაის პლანტაცია ჰქონდათ“.

მიწის საკუთრების აღიარების თხოვნით თამილა ჯოყილაძეს ბათუმის საკუთრების აღიარების კომისიისთვის წლების წინ მიუმართავს, თუმცა ქალის თქმით, კომისიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

დაზარალებულ ოჯახს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს ხელვაჩაურის მერიაშიც, რადგან სახლი ბათუმის ტერიტორიაზე დაიწვა.

ამის შემდეგ ოჯახს აჭარის მთავრობისთვის მიუმართავს. აჭარის მთავრობას წერილი ჯანდაცვის სამინისტროში გადაუმისამართებია, საიდანაც ოჯახმა პასუხი გუშინ, 23 მარტს მიიღო.

„თხილნარში მისულა ფოსტით წერილი, გუშინ წამიკითხეს ტელეფონით, არ გეკუთვნით დახმარებაო, თხილნარის მცხოვრებლები ხართო…“, – ნერვიულობისგან ხმა უკანკალებს თამილა ჯოყილაძეს.

აჭარის მთავრობის პრესცენტრშიც ადასტურებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, რომელიც ახლა მერიის პასუხს ელოდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერიისგან დაზარალებულმა ოჯახმა უკვე მიიღო უარი მატერიალურ დახმარებაზე, ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საქმისწარმოება ხელახლა დაიწყო მას შემდეგ, როცა ჯანდაცვის სამინისტრომ 19 მარტს მიმართა ბათუმის მერიას. მერიის პრესცენტრში ვერ დაგვიკონკრეტეს, რა საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს ამჯერად საქმისწარმოება.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმისწარმოება ასევე არ დაუსრულებია საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელიც თამილა ჯოყილაძის და ვიტალი ხინკილაძისთვის მიწის საკუთრების აღიარების საკითხს განიხილავს. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო რეესტრმა სპორადული რეგისტრაციის პირობებში გასული წლის აგვისტოში მიმართა ბათუმის მერიას შესაბამისი წერილით.

ხანძრის შედეგი ახალსოფელში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: