სად ისწავლიან მოსწავლეები, რომელთა სკოლაც დაიწვა

15 თებერვალს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში სკოლა დაიწვა. ხის, ერთსართულიან შენობას ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა და შენობა მეხანძრეების მისვლამდე დაიწვა.

ამ სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. სკოლის დირექტორი, შორენა მამულაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უკვე გამოიძებნა საგაკვეთილო პროცესისთვის შესაფერისი ფართობი ძველ სკოლასთან ახლოს და სწავლა იმ შენობაში ხვალვე განახლდება. ამ დროისთვის შენობას საგაკვეთილო პროცესისთვის ამზადებენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კი სოფელს ახალ სკოლას დაჰპირდა. რიჟვაძე გუშინ იმყოფებოდა კალოთაში. მან განაცხადა, რომ გაიცა შესაბამისი დავალება, უახლოეს დღეებში მოხდება პროექტირება და მალე სოფელს ახალი სკოლა ექნება.

____________

ფოტოზე: სოფელი კალოთა. ფოტო სოფლის ფეისბუქგვერდიდან

საქართველოში კოვიდის 740 ახალი შემთხვევაა, 14 პაციენტი გარდაიცვალა

16 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 20 549  კვლევა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 3 831 ადამიანი. აქედან 1 848  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 395 მძიმე პაციენტია.

15 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.6%, ბოლო 14 დღის განმავლობაში იყო – 2.9%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 2.4%.

ამ ეტაპისთვის საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარაში – 32, იმერეთში – 138, ქვემო ქართლში – 25, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 41, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 16 თებერვალი

16 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან აჭარაში 60 პირი გამოჯანმრთელდა.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 152 პაციენტი, მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 4 პაციენტი.

აჭარაში კოვიდსასტუმროებში 104 ადამიანი იმყოფება.

ბათუმში მოსალოდნელია თოვა | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 16 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 17 თებერვლის 21 საათამდე,  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – ნალექი, სანაპირო რაიონებში ძირითადად წვიმის სახით.

აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით და ღამით: 3-8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 გრადუსი სითბო – 2 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 18-19 თებერვალს, მოსალოდნელია დროგამოშვებით  თოვა, მთაში – ზვავსაშიშროება.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 19-22 თებერვალს ღამის  საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა  დაწევამ სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია გამოიწვიოს ციტრუსოვანი კულტურების, განსაკუთრებით ლიმონის დაზიანება.

________________

ფოტოზე: თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ბათუმში 1 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ის ჯერ არ გაუთავისუფლებიათ

დღეს  ბათუმში პოლიციელებმა აქციის ერთი მონაწილე რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის მცდელობის დროს  დააკავეს.

საუბარია საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბათუმში დღეს, 15 თებერვალს, გაიმართა. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს წარმოადგენდნენ, მათ შორის, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ადამიანებს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვენ შეხვედრას.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატიდან უთხრეს, რომ თორნიკე რიჟვაძეს შეხვდებოდნენ, ოღონდ მედიის გარეშე. აჭარის მთავრობის სახლი აქციის ხუთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა – მათ თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად რამაზ ჯინჭარაძე შეხვდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვისთან კომუნიკაციის პრობლემაც, აქციის მონაწილეების თქმით, არასდროს ჰქონიათ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით.

ამ დრომდე არსებობდა პრაქტიკა, როცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს პოლიცია ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებდა, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. დაკავებული „ალტერნატივას“ აქტივისტია.

ხულოში, სოფელ კალოთაში, სკოლა დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კალოთაში, სკოლა დაიწვა.

ერთსართულიან, ხის შენობას ცეცხლი დღეს, 15 თებერვალს, საღამოს გაუჩნდა, სკოლის შენობა უკვე დაიწვა, თუმცა, როგორც სოფელში გვითხრეს, სახანძრო ჯერ ადგილზე არ მისულა.

„დღეს საღამოს სკოლის ჭერში შენიშნეს ცეცხლი, სადაც კაბელი გადიოდა. სამი საცხოვრებელი სახლია ახლოს, ერთს თითქმის გაეკიდა, მოსახლეობამ გადაარჩინა,“ – გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიხაძირის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ ხალვაშმა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მეზობლად მდებარე სახლებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კალოთას სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილედ მურთაზ დევაძე დანიშნეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორს ახალი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე მურთაზ დევაძე დანიშნეს. მანამდე ამ თანამდებობაზე აბდულ კახიძე მუშაობდა. როგორც აკადემიის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

აბდულ კახიძეს ვკითხეთ, რა მიზეზით დატოვა  თანამდებობა, რაზეც მან გვიპასუხა:  „რვა წელია ამ თანამდებობაზე ვარ და ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. განცხადება ორი კვირის წინ დავწერე, დღეს კი დამიკმაყოფილეს“.

აბდულ კახიძე აკადემიაში მხოლოდ პროფესორის თანამდებობას შეინარჩუნებს.

რაც შეეხება ახალ მოადგილეს, მურთაზ დევაძე ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს ხელმძღვანელობდა. 2018 წელს საქართველოს ლოცმანთა ასოციაციის წევრი და თავმჯდომარე იყო, ასევე წილები აქვს რამდენიმე კომპანიაში.

მურთაზ დევაძე „ქართული ოცნების“ შემწირველთა სიაშიცაა. მან ორჯერ შეწირა ფულადი თანხა მმართველ პარტიას, 45  ათასი ლარი 2020 წლის 25 აგვისტოს და 50 ლარი 2019 წლის დეკემბერში.

შვებულებაშია საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე. აკადემიაში გვითხრეს, რომ „რექტორი კუთვნილ შვებულებაშია“.

საზღვაო აკადემიის რექტორს სულ 3 მოადგილე ჰყავს, ამ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ ერთს – აბდულ კახიძეს შეეხო.

„15 ქართველი პოეტი ქალი“ – კრებული 8 მარტიდან გაიყიდება პარიზში

„მე ბევრი ვარ. თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი“/„Je suis nombreuses. Quinze poètes   géorgiennes“ – ასე ეწოდება ბაჩანა ჩაბრაძის მიერ ფრანგულად თარგმნილ ანთოლოგიას, რომელშიც 15 თანამედროვე ქართველი პოეტი ქალის ლექსებია შესული.

ანთოლოგიის სათაური რუსუდან კაიშაურის ლექსიდანაა, რომლითაც იხსნება კრებული.

ანთოლოგიაში შევიდა ლია სტურუას, მაია სარიშვილის, ელა გოჩიაშვილის, რუსუდან კაიშაურის, დიანა ანფიმიადის, ეკა ქევანიშვილის, ლია ლიქოკელის, ლელა ცუცქირიძის, ირმა შიოლაშვილის, კატო ჯავახიშვილის, ლელა სამნიაშვილის, მარიამ წიკლაურის, ნატო ინგოროყვას, ნინო სადღობელაშვილისა და თეა თოფურიას ლექსები.

კრებული ფრანგულ ენაზე მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების” ხელშეწყობით ითარგმნა. გამოსცა გამომცემლობამ L’Inventaire. პარიზის წიგნის მაღაზიებში ქართველი პოეტი ქალების ანთოლოგია 8 მარტიდან გამოჩნდება.

წიგნის ყდაზე ფრანგული გამომცემლობის ანოტაციაა დატანილი, რომლის ქართული თარგმანიც ასეთია:

„ისინი თხუთმეტნი არიან, თხუთმეტი ქალი, დაბადებული პატარა საქართველოში, არც ისე კარგად ცნობილ, მაგრამ უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაში.

ისინი არიან ჟურნალისტები, მწერლები, მასწავლებლები, მთარგმნელები, მხატვრები, დრამატურგები და წარმოადგენენ მრავალ თაობას (ყველაზე ასაკოვანი 1939 წელს არის დაბადებული, ყველაზე ახალგაზრდა კი – 1986 წელს). რამდენიმე მათგანი პროზაული ტექსტებით, წერილებითა და ესეებითაცაა ცნობილი.

მათი ლექსები მათ ცხოვრებას ეძღვნება, მათ ქვეყანას, მათ ზღვას და მთებს, უნივერსალურ მითებს, რომლებიც ხშირად მათთან განუყრელ კავშირშია: განა საქართველოში არ გვეგულება ოქროს საწმისი?! ეს ავტორები წერენ ომზეც, ჭრილობებზეც, ცრემლებზეც, სიკვდილზეც, მაგრამ ასევე ნუგეშზე, “გიჟებსა” და “ნორმალურებზე”, სიჩუმის ხმაზე, სიყვარულსა და მის არარსებობაზე. და თუ საქართველო ასე შორს გვეჩვენება, სამაგიეროდ, იგი ოდნავადაც არ არის მოწყვეტილი (პირიქით) ევროპულსა და ანტიკურ კულტურას, რაც მუდმივად გამოსჭვივის ამ კრებულის ლექსებიდან. ცხადია, ჩვენი პოეტები სიტყვებზე ლაპარაკობენ, უპირველესად სიტყვებზე, სიტყვათა გამოძახილზე, ყველა სიტყვაზე, „ნაპოვნსა თუ დაკარგულზე,”- წერია ანოტაციაში.

როგორც მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე ამბობს, ეს არის ქართული პოეზიის პირველი ფრანგული გამოცემა, რომელიც მხოლოდ ქალებს ეთმობა.

„ფრანგულ ენაზე არსებობს ტატიანა ავალიანისა და სერჟ წულაძის მიერ თარგმნილი, 1979 და 1982 წელს გამოცემული ქართული პოეზიის ანთოლოგიები, ავტორთა უმრავლესობა მამაკაცია. ფრანგულად თარგმნილი ქართული პოეზიის სხვა, პერსონალური კრებულების ავტორებიც მამაკაცები არიან. ეს კრებული კი ამ დანაკლისს შეავსებს და ექსკლუზიურად თანამედროვე ქართველ პოეტ ქალებს გააცნობს ფრანგ მკითხველს”, – ამბობს ბაჩანა ჩაბრაძე. ის დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და არაერთი ნაწარმოების ავტორი და მთარგმნელია. 2011 წლიდან მუშაობს პარიზის დეკარტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

2015 წელს გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანების კრებული “ფრანგული შანსონი”, რომელშიც შესულია ჟორჟ ბრასენსის, ლეო ფერეს, ჟაკ ბრელის, სერჟ გენსბურის და ბორის ვიანის კულტად ქცეული სიმღერების ტექსტები.

მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს – აქციის მონაწილე

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. ისინი ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ.

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინფორმაციას დაკავებულების შესახებ აზუსტებენ.

დღეს 16:00 საათიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის მთავრობის სახლთან. აქციაზე მონაწილეები სხვადასხვა სოციალური მოთხოვნებით არიან შეკრებილი, რომლებიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებიან როგორც უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული მოქალაქეები, ასევე „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი და ითხოვენ, რომ მთავრობამ ასეთი ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს.

აქციაზე არიან ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ პანდემიამდე და საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ საარსებო წყარო დაკარგეს.

აქციის მონაწილეები დღეს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას პირდაპირ ეთერში ითხოვდნენ კამერების თანდასწრებით: „გვატყუებენ, ამიტომ არ გვჯერა მათი. მოვითხოვთ, რომ ლაივში შეგვხდეს,“ – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. იხილეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა საპროტესტო აქციიდან.

ბათუმში აქციის მონაწილეები რუსთაველის ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ | LIVE

დღეს, 15 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებს სხვადასხვა სოციალური მოთხოვნები აქვთ.

აქციის მონაწილეები რუსთაველის ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ტროტუარზე გადაყვანას ცდილობს.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა უნდოდათ ჟურნალისტების თანდასწრებით, თუმცა რიჟვაძე მათ არ შეხვდა.

აქციაში მონაწილეობენ მოქალაქეები „ოცნების ქალაქიდან“, რომლებიც აცხადებენ, რომ ის კორპუსები, რომლებსაც მთავრობა აშენებს, საკმარისი არ არის სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახის დასაკმაყოფილებლად; ასევე: თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვის შედეგად უმუშევრად დარჩენილები; თვითდასაქმებულები, რომელთაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ თავშესაფარი არ აქვთ.

14 წლის გოგოს საქმეზე ბაბუა მუქარის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 15 თებერვალს, ქობულეთში, სოფელ ქაქუთში ტრაგიკულად დაღუპული 14 წლის მოზარდის ნინი ცეცხლაძის ბაბუა დააკავეს.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი – 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა,“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს გარდაცვლილი. შსს-ს ინფორმაციით, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამ ბრალდებით პოლიციამ გოგონას გარდაცვალების შემდეგ 23 წლის ნიკა ტაკიძე დააკავა.

სხვადასხვა წყაროს მხრიდან ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ 14 წლის გოგო შესაძლოა ოჯახის წევრების, კერძოდ კი, ბაბუას და ბიძების მხრიდან იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც.

_____________

ამავე თემაზე:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

დაიწყო სილქნეტის ” 7X მეტი ინტერნეტ პაკეტების “ აქცია

15 თებერვლიდანსმარტფონით მოსარგებლე აბონენტები, სპეციალური პირობით, 30 დღით  გაიაქტიურებენ „ 7X მეტ ინტერნეტ პაკეტებს.

თითოეული აბონენტი ერთ ინდივიდუალურ შეთავაზებას მიიღებს.  მომხმარებელს პირობის გადამოწმება შეეძლება კომბინაციით *007#.

აქცია 7-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტის, გიგაბიტ LTE-ის,  კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს.

რა არის გიგაბიტ LTE

გიგაბიტ LTE ტექნოლოგიას შვიდჯერ სწრაფი სიჩქარე გააჩნიავიდრე სტანდარტულ 4G მობილურ ინტერნეტს. სილქნეტის გიგაბიტ LTE ტექნოლოგიის უპირატესობით მილიონობით მომხმარებელი სარგებლობსთბილისის გარდა აღნიშნული ტექნოლოგია დანერგილია რეგიონებში:აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელოზემო სვანეთი, ქართლი, კახეთი, სამცხეჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთამთიანეთი.   

ამ ტექნოლოგიით მომხმარებელი შეძლებს ონლაინ რეჟიმში უყუროს HD და 4K ხარისხის ვიდეოებს, მაღალი გარჩევადობით, წყვეტის გარეშე ითამაშოს უახლესი ონლაინ თამაშები და ძალიან სწრაფად ჩამოტვირთოს დიდი მოცულობის ფაილები (4K ხარისხის ფილმები და თამაშები). 

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას კამერების თანდასწრებით“ – აქცია მთავრობის სახლთან | LIVE

დღეს, 15 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფია შეკრებილი.

აქციას მართავენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ის კორპუსები, რომლებსაც მთავრობა აშენებს ბიუჯეტიდან, საკმარისი არ არის სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახის დასაკმაყოფილებლად.

აქციაზე იმყოფებიან თვითდასაქმებულებიც, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვის გამო უმუშევარი დარჩნენ.

„გონიოში სამი საცხოვრებელი სახლია დანგრევის პირას, არ გვაქვს სახსრები, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, დაგვპირდნენ 3-3 ათას ლარს, თუმცა ეს თანხა სახურავსაც კი ვერ იყიდის, სახლში, როგორც გარეთ, ისე წვიმს. ვიბრძოლებთ, რომ მივაღწიოთ სამართალს,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„თვითდასაქმებულებისთვის ყველანაირი საარსებო წყარო გადაკეტილია, ამიტომ ვართ აქ გამოსული. ჩვენ თორნიკე რიჟვაძესთან ვითხოვთ შეხვედრას, ოღონდ მედიის გარეშე არ ვაპირებთ მასთან შეხვედრას, რადგან არ გააკეთა ის, რაც შეგვპირდა. ახლა ვითხოვთ, რომ კამერების წინ დაფიქსირდეს მისი ყველა სიტყვა,“ – ამბობს აქციის მონაწილე მადონა შაინიძე.

აქციაზე ისმის მოთხოვნა, მთავრობამ უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი გამოუყოს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან მედიის თანდასწრებით შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობა ყოველ შეხვედრაზე იტყუება, ამიტომ ითხოვენ ისინი ამ შეხვედრის ლაივში გადაცემას.

„ყველა შეხვედრაზე გვატყუებს, არ გვჯერა მათი. ჩაირთოს ლაივი, რომ ყველამ დაინახოს მათი დაპირება,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ  თორნიკე რიჟვაძე თანახმაა შეხვდეს აქციის მონაწილეებს, თუმცა ისინი მედიის გარეშე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის წინააღმდეგი არიან.

საბოლოოდ, აქციის მონაწილეები და მთავრობა შეთანხმდა იმაზე, რომ შეხვედრა ლაივით გადაიცემა, ოღონდ არა მედიის თანდასწრებით, არამედ ლაივს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩართავს.

ამ წუთებში [16:22 სთ] საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ მიმდინარეობს.

ინტერვიუ 14 წლის ნინის სოცმუშაკთან, რომელიც მას პოლიციაში გამოკითხვაზე ახლდა

14 წლის ნინისთან სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი მუშაობდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოცმუშაკია. ის  ნინის ბოლოს 4 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში შეხვდა, 10 თებერვალს კი 14 წლის ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.

„4 თებერვალს არ იყო მოღუშული, მოწყენილი, არანაირი ისეთი ნიშნები არ ჰქონდა, რაც მატრამვირებელ მომენტზე მაფიქრებინებდა. ვინც მუშაობს სოციალურ თემებზე, მან იცის, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს მსგავსი ქეისების მართვა, და როგორი მტკივნეული… რომ არ ვსაუბრობ ემოციაზე და არ ვიმართლებ თავს, ეს არ ნიშნავს, რომ გულგრილი ვარ და არ მტკივა“, – ამბობს თამარ ღუნაშვილი.

„ბათუმელები“ ესაუბრა სოციალურ მუშაკს, რომელიც 14 წლის ნინისთან მუშაობდა. ნინის დაღუპვის შემდეგ ეს სოცმუშაკის პირველი ინტერვიუა.

  • ქალბატონო თამარ, რა ახალი გარემოებაა თქვენთვის ცნობილი ნინის საქმესთან დაკავშირებით? მედიაში გაჟღერდა, თუმცა ეს არ დაუდასტურებია შსს-ს, რომ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნები. საუბარია ექსპერტიზაზე, რომელსაც 14 წლის მოზარდი ელოდა და 2 თვის განმავლობაში ვერ დადგინდა სიმართლე. 

პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვხატო ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. ბოლო დღეებში ბევრი ცილისმწამებლური და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, რასაც ვგმობ და ყველას მოვუწოდებ მეტი სიფრთხილისკენ. ასევე მინდა მივმართო მშობლებს, რომ შეცდომები ჯერ საკუთარ თავში ვეძიოთ და მერე სხვასთან.

თქვეს ისიც, რომ თითქოს ჩემი ნათესავია ბრალდებულის ოჯახი და ინტერესი მქონდა. ვიტყვი, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან ვარ და აქ ახლო ნათესავები საერთოდ არ მყავს.

რაც შეეხება საქმეს, ჩემთვის ადრე და ახლაც არ არის ცნობილი გამოძიების დეტალები. ჩემს სამსახურში არც იურისტია ქობულეთში. ვიცოდი, რომ გამოძიება იყო დაწყებული 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

მე ვესწრებოდი ნინის გამოკითხვებს, როგორც საპროცესო წარმომადგენელი. ნინი ჩემთან ერთად აძლევდა ჩვენებას გამომძიებელს. გამოკითხვას სხვა არავინ არ დასწრებია.

მე ჩავერთე ამ საქმეში 10 დეკემბრიდან, როცა შსს-მ ოფიციალურად მოგვმართა საპროცესო წარმომადგენლობის თხოვნით. ნინის პოლიციის განყოფილებაში შევხვდი 10 დეკემბერს, თუმცა მანამდეც ვიცნობდი, რადგან ჩვენ მასზე მზრუნველობა გვქონდა დანიშნული. მას მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედა კი საქართველოში არ იმყოფებოდა ბოლო 11 წელია.

  • რა უთხრა ნინიმ გამომძიებელს, რის თქმა შეგიძლიათ? 

ნინი ამბობდა, რომ 2020 წლის ივნისში გაიცნო ბიჭი, რომელსაც ნოემბერში შეხვდა… პერსონალური მონაცემების გამო არ შემიძლია სრულად აღვწერო, თუმცა გეტყვით, რომ ნინი მშვიდად ჰყვებოდა ამ ბიჭთან მიმოწერის დეტალებს, რას ჰპირდებოდა ის, შემდეგ როგორ ვეღარ ახერხებდა კონტაქტს და როგორ იგრძნო თავი მოტყუებულად. ნინი ამბობდა, რომ ამ ბიჭთან ერთად ოჯახის შექმნა სურდა, ეს დაპირება მიიღო და შემდეგ მოატყუეს. ნინის პოზიცია იყო ბიჭის დასჯა. მისივე თქმით, მას 4 დეკემბრის შემდეგ არავითარი კავშირი ბრალდებულთან აღარ ჰქონია.

ნინის ამ აღწერის დროს არ უხსენებია ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა. გარეგნულად მას არ ეტყობოდა არანაირი ფიზიკური ძალადობის კვალი. მე ვაკვირდებოდი მის საუბარს. ნინის არ ეტყობოდა შფოთვა, ტირილის მცდელობა, ღელვა, ქაოსური საუბარი, ან სხვა რაიმე ისეთი ფაქტორი, რასაც საგანგაშოდ მივიჩნევდი. ჩვენების მიცემის შემდეგ მე ცალკე ვესაუბრე ნინის და კონკრეტული სერვისები შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა.

  • კონკრეტულად რა შესთავაზეთ ნინის? 

შევთავაზე ფსიქოლოგთან შეხვედრა, ასევე სხვა ოჯახში მინდობით გადაყვანა, თუკი ოჯახში კარგად არ გრძნობდა თავს, მაგრამ ნინის არ სურდა სხვაგან წასვლა, ფსიქოლოგზეც უარი მითხრა.

  • არ გამორკვეულა ნინიზე რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა? იმუშავეთ ამის დადგენაზე? 

მე ნინის არაერთხელ დავუსვი შეკითხვა ოჯახის წევრებზე, რას ეუბნებოდნენ ისინი, ვესაუბრე ოჯახის სხვა წევრებს და მის მზრუნველსაც [მზრუნველობა სამართლებრივად არასრულწლოვანზე მის დას ჰქონდა]. არ დამინახავს რაიმე რისკი, რაც მაფიქრებინებდა, რომ ნინი იყო ან გახდებოდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი… იყო თუ არა რაიმე სახის ძალადობა, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივა იყო.

  • 10 დეკემბრიდან 10 თებერვლამდე რამდენჯერ შეხვდით ნინის და სად? 

ამ პერიოდში მე ოთხჯერ ვიყავი ნინისთან ოჯახში, ხოლო ორჯერ პოლიციის განყოფილებაში შევხვდი.

4 თებერვალს ის ისევ გამოკითხეს დამატებით, რადგან გამოძიებას ჰქონდა კითხვა ფეხის არეში სისხლჩაქცევაზე. ნინიმ გამომძიებელს უთხრა, რომ საწოლს მიარტყა ფეხი.

იყო სხვა დეტალებიც, რაზეც პერსონალური მონაცემების გამო ვერ ვისაუბრებ.

  • ესაუბრებოდით თუ არა ბაბუას, რომელმაც ნინის გარდაცვალების შემდეგ თქვა თავისი დანაშაული გამოისყიდაო. ამ დამოკიდებულებამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ნინიზე იძალადებდნენ ოჯახშიც. 

ბაბუას ჩემთან ვიზიტის დროს არ დაუფიქსირებია მსგავსი მოსაზრება, არ ჰქონია ისეთი ქცევა, რაც მაფიქრებინებდა ძალადობაზე. ის წუხდა ამ მდგომარეობის გამო და ამას გამოხატავდა.

ჩვენ მას [ბაბუას] ვუთხარით, რომ ნინის მოკიდებოდა სიფრთხილით და არ უნდა შეეხსენებინა მისთვის ტრავმა. ვთხოვეთ, რომ არ ესაუბრათ ამაზე. ბაბუას და ოჯახის წევრებს ასევე ვთხოვეთ, რომ ნინის მიმართ განსაკუთრებული თანადგომა გამოეხატათ. ჩავთვალე, რომ ბაბუამ ადეკვატურად აღიქვა ჩვენი მოთხოვნები.

როცა ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, მსგავს შემთხვევებში, შესაძლოა მოზარდი სრულად ან პირდაპირ არ მოგიყვეს ძალადობის შესახებ, მაგრამ რაღაც მინიშნება უნდა არსებობდეს მცირედი ვინმესგან მაინც. არც სკოლას შეუტყობინებია ჩვენთვის, რომ ნინიზე ძალადობდნენ.

  • რაც შეეხება ნინის დედას – მან ჟურნალისტებს მიაწოდა მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ ის სოციალურ მუშაკს სთხოვს დახმარებას. ნინის დედის მტკიცებით, თქვენი სამსახური პრობლემას ყურადღებას არ აქცევდა. 

არ ვიცი, ვისთან იყო ეს მიმოწერა, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, შესაძლოა, ყველაფერი არ გახსოვდეს, რასაც მესინჯერში გწერენ. გამოძიება დაადგენს ამასაც, რა დროს შედგა ეს მიმოწერა და ვისსა და ვის შორის… მე ის ვიცი, რომ არათუ ეს ბოლო ორი თვე, ორი წლის განმავლობაში დედას ჩემთან კონტაქტი არ ჰქონია. მე არ ვიცოდი, რა ფორმით დავკავშირებოდი დედას.

ნინის უნდოდა დედასთან თურქეთში წასვლა, მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო დედის საქართველოში ჩამოსვლა. ნინიმ მითხრა, რომ ამის შესახებ დედას მესინჯერში მისწერა, თუმცა მე ის არ დამკავშირებია.

ნინი უკავშირდებოდა დედას. როგორც ვიცი, დედას არ უცდია შვილთან კომუნიკაცია.

  • ნინის დედის მტკიცებით, მას უზღუდავდნენ შვილებთან კომუნიკაციას და ჩამორთმეული ჰქონდა დედობის უფლება. რა იცით ამაზე?

დედობის უფლება მას ჩამორთმეული არ ჰქონდა, ეს არასწორი ინფორმაციაა. მას შეზღუდული ჰქონდა მხოლოდ წარმომადგენლობა, რომლის აღდგენა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, თუკი ის საქართველოში დაბრუნდებოდა. არავის ჰქონდა უფლება, მისთვის შვილების ნახვის უფლება შეეზღუდა, მაგრამ 11 წელი ის ფიზიკურად საქართველოში არ ჩამოსულა.

ამ დროს მე არ ვმუშაობდი სოცმუშაკად, ეს სასამართლო პროცესი [მშობლის უფლების შეზღუდვა წარმომადგენლობით ნაწილში] 2011 წელს გაიმართა. დეტალები არ ვიცი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლო ორი თვე ელოდა დედის პასუხს, რაც არ დაფიქსირებულა. სოციალური სამსახურისთვის დედას ასევე არ მოუმართავს იმაზე, რომ ვინმე უზღუდავდა შვილებთან ურთიერთობას.

იმისთვის, რომ ნინი წასულიყო თურქეთში, პროცედურულად საჭირო იყო დედის აქ ჩამოსვლა. რატომ ვერ ახერხებდა ამას ნინის დედა, არ ვიცი.

  • არ ფიქრობთ, რომ ეს არის თქვენი რგოლის ჩართულობის სისუსტე, რადგან ორის თვის განმავლობაში ვერ მოახერხეთ უშუალოდ დედასთან დაკავშირება და მისი კონკრეტული პოზიციის გაგება? 

ყველა ქეისზე თანაბრად ვერ გადაანაწილებ ყურადღებას, რადგან რესურსი მცირეა, მსგავსი ქეისი კი, დაახლოებით 200-ია.

ძირითადად ყურადღება გადასულია იმ ქეისებზე, როცა მოზარდი მინდობით აღზრდაშია გადაყვანილი, ასე მასშტაბურად მუშაობას ყველა ქეისზე სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ. მინდობით აღზრდის საქმე ამჟამად ქობულეთში არის 80.

  • ეს ალბათ აჩვენებს ამ სისტემის გაძლიერების ნაცვლად დასუსტებასაც – სამი სოცმუშაკი იყო ქობულეთში, ახლა კი მარტო მუშაობთ. 

სისტემაში რომ საჭიროა მეტი სოცმუშაკი, ამას ყველა ადასტურებს და აღიარებს.

  • რამდენად გქონდათ გადაადგილების პრობლემა, მით უფრო პანდემიის პირობებში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობდა, ხოლო სოცმუშაკებს აჭარის რეგიონში მხოლოდ ერთი ავტომანქანა გემსახურებათ? 

ძირითადად, როცა 112-ზე შედის მსგავსი შეტყობინებები, ჩვენ საპატრულო პოლიციას მივყვებით. სხვა შემთხვევაში კი, თუ გადაუდებელი საქმეა, ვიძახებ ავტომანქანას ბათუმიდან…

ფაქტია, რომ  მიწევს დიდი ინტერვალებით ოჯახებში მისვლა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რამე გამოგეპაროს, გამოგრჩეს. ძირითადად, ვცდილობ, რომ ვიყო ყველასთან ღია და ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას ვტოვებ ოჯახებში, სადაც ვიზიტი მაქვს.

  • განიხილეთ პროფესიულად ნინის შემთხვევა? ანუ რა სჭირდებოდა მოზარდს რეალურად, ეს რომ დადგენილიყო. 

მე პერიოდულად ვხდებოდი ნინის და ვაფასებდი მდგომარეობას, ასევე შევაფასე ოჯახი, გადასული ვიყავი დასკვნით ნაწილზე, რომლის შეფასებაც უნდა მომხდარიყო რეგიონულ საბჭოზე, სადაც განისაზღვრებოდა ინდივიდუალური გეგმა. საბჭო იყო დაგეგმილი თებერვალში, სადაც უნდა შემდგარიყო მსჯელობა, მაგრამ ამასობაში ბავშვი გამომეცალა ხელიდან…

  • ანუ დაგვიანდა რეაგირება? 

ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. შესაძლოა, ფსიქოლოგი ჩართულიყო, სერვისებიც მიგვეწოდებინა, მაგრამ მაინც იგივე ტრაგიკული შედეგი დამდგარიყო, მაგრამ, ბუნებრივია, დროულად უნდა მოხდეს პრევენციისთვის ყველაფრის გაკეთება…

გარკვეულწილად პანდემიის გამო არსებული შეზღუდვებიც აისახა ჩვენს სამუშაო გარემოზე.

  • ქობულეთში რომ გყოლოდათ ფსიქოლოგი და მინიმუმ მასთან ერთად გემუშავათ, ეს უფრო ხომ არ გამოაჩენდა რისკებს? 

ბუნებრივია, რაც უფრო მეტი სერვისია ადგილზე, უკეთესია. ჩვენს სამსახურში აჭარის რეგიონში მხოლოდ ორი ფსიქოლოგი მუშაობს. ისინი ბათუმში არიან.

  • ნინის საქმის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, შესაბამისი სერვისებით გაძლიერება ვერ მოხერხდაო. რა სერვისი უნდა ყოფილიყო ნინის შემთხვევაში? 

ამ შემთხვევაში ნამდვილად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დახმარება. ზოგადად, არსებული სერვისები უნდა გაძლიერდეს, ყველა აღიარებს ამას.

_____________

ფოტოზე: თამარ ღუნაშვილი, სოციალური მუშაკი. ფოტო: კადრი გადაცემიდან „ათვლის კუთხე“

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

ქობულეთის მერია არარსებულ დოკუმენტებს სწავლობს – დააჯარიმებენ საკრებულოს თავმჯდომარეს?

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკანონო მშენებლობებისთვის არ დაუჯარიმებია.

დავით მჭედლიშვილმა უნებართვოდ ააშენა, მოაპირკეთა და ექსპლუატაციაში გაუშვა სამსართულიანი სასტუმრო, ასევე დააშენა და მასშტაბი გაუზარდა კიდევ ერთ შენობას – ამის შესახებ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში უკვე იციან, თუმცა კანონდარღვევის გამო საქმის წარმოება ჯერ არ დაუწყიათ.

ხომ არ გვაქვს საქმე შერჩევით მიდგომასთან  და მერს საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყება, რაც მინიმუმ მისი დაჯარიმებით დასრულდება, უხერხულობას უქმნის? – ამაზე დღეს თავად ქობულეთის მერისთვის, მირიან ქათამაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუმცა ამ დრომდე ის ტელეფონს არ პასუხობს.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახური ჯერ დოკუმენტებს გაეცნობა.

მას შემდეგ, რაც დავინტერესდით, რა დოკუმენტებს უნდა გაეცნოს სამსახური, როცა ასეთი დოკუმენტები ფაქტობრივად არ არსებობს,  რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ ორივე მშენებლობა უნებართვოდ აწარმოა და მის წინააღმდეგ არანაირი საქმის წარმოება დაწყებული არ ყოფილა, მერიაში დაზუსტება სცადეს:

„მიმდინარეობს შესწავლა-დამუშავება და დამატებითი დოკუმენტაციების მოძიება. თუ გამოიკვეთება შესაბამისი საფუძველი, გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა“.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა ქობულეთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, უკანონოდ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 1560,5 კვ.მეტრი სასტუმრო შენობა. მან, ასევე, უკანონოდ დააშენა და გაზარდა კიდევ ერთი შენობის მასშტაბი. 2021 წლისთვის დავით მჭედლიშვილის ოჯახის სასტუმრო და საცხოვრებელმა ფართობმა 4583 კვადრატულ მეტრს მიაღწია.

კანონი ქობულეთში უკანონო მშენებლობისთვის სამართალდამრღვევის მინიმუმ 4000 ლარით  დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

 

სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრად ისევ შოთა გუჯაბიძე წარუდგინეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრობის კანდიდატად ისევ შოთა გუჯაბიძე წარადგინეს.

ძეგლების საბჭოში  შოთა გუჯაბიძეს  რეკომენდაციას უწევენ: საერთაშორისო ორგანიზაცია “ICOMOS საქართველო”, “ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი”, “ტფილისის ჰამქარი” და საზოგადოება “ბათომი”.

შოთა გუჯაბიძე ამავე საბჭოდან სააგენტოს დირექტორმა საბჭოს დისკრედიტაციის ბრალდებით დაითხოვა.  გარდა ამ გადაწყვეტილებისა,  2021 წლის 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მასთან არსებული სათათბირო ორგანოს საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესი შეცვლა.

გადაწყვეტილება ამ წესის ცვლილებების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა მიიღო.

ახალი წესის მიხედვით, ერთი კვოტა საბჭოში კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით, კანდიდატის წარსადგენად  სააგენტოს ხელმძღვანელმა საზოგადოება  „ბათომს“ მიმართა.

შოთა გუჯაბიძე ამავე საბჭოს წევრი იყო 2021 წლის 22 იანვრამდე.  ზაურ ახვლედიანმა გუჯაბიძე საბჭოდან მას შემდეგ გარიცხა, რაც მან ბათუმის ბულვარში, 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და სააგენტოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს  დაუპირისპირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ  შოთა გუჯაბიძეს საბჭოს წევრის სტატუსი სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა გუჯაბიძის მხრიდან სააგენტოს „მიზანმიმართულ დისკრედიტაციად“ შეაფასა.  ზაურ ახვლედიანის ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასაჩივრებს.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, როგორც ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის შესახებ ცოდნის გავრცელება და მისი პოპულარიზაციაა. ეს სწორედ ის სფეროა, რასაც ემსახურება შოთა გუჯაბიძე მთელი თავისი მოღვაწეობით. აქვე დავძენთ, რომ პრინციპულად არასწორად მიგვაჩნია თქვენ მიერ კულტურული მემკვიდრეობის დარგის სფეროს დავიწროება და სათათბირო ორგანოში მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის [არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი] ნიშნით პიროვნებების შერჩევა, თუკი მათ მანამდე არაფერი გაუკეთებიათ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და შესაბამისად, არც საზოგადოების ნდობა გააჩნიათ. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საბჭოს წევრებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მანდატს ყველაზე ღირსეულად სწორედ შოთა გუჯაბიძე შეასრულებს,” – წერია მიმართვაში.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო აჭარის მასშტაბით ყველა იმ მშენებლობის დასაშვებობაზე მსჯელობს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება. კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ აქტუალური ამ ნაწილში ბათუმში არსებული ძეგლებია, „სადაც წლებია მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დანგრევა, შეუსაბამო პროექტების მიიღება და კანონის უგულებელყოფა.“

კანონით, საბჭო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ყალიბდება, უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალებისგან და გადაწყვეტილებებს პროფესიონალიზმის, კანონისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით უნდა იღებდნენ. სწორედ ამ საბჭოს წევრების გადაწყვეტილებაზე იყო და არის დამოკიდებული, მაგალითად, ბულვარში აშენდებოდა თუ არა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ან გაიცემოდა თუ არა 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა,” – მიიჩნევენ ძეგლების დამცველები.

თანამედროვე ქართული თეატრების მართვის მოდელი პოსტსაბჭოურია | კვლევა

ქართული თეატრის ელექტრონული არქივის „შემოქმედებითი საქართველოს“ და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა ქართული თეატრების კვლევა, რომელიც 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს.

კვლევის მიზანია აჩვენოს ქართული თეატრების შემოქმედებითი ინდუსტრიების კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალის, არსებული მდგომარეობის, რესურსებისა და გამოწვევების შესწავლა შავი ზღვის აუზის სათეატრო ქალაქების მაგალითზე.

  • განსხვავებები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მაგალითზე

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების თეატრების მოდელი, ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული თეატრის მართვის მოდელის იდენტურია, „რასაც ვერ ვტყვით, მაგალითად, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მაგალითზე, რადგან სტამბოლის, ტრაპიზონის, ვარნის, ბურგასისა და კონტანცის თეატრები და სათეატრო ფესტივალები მძლავრი შემოქმედებითი ინდუსტრიები არიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში.

მიუხედავად იმისა, რომ თეატრების დიდი უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თითოეული შემოქმედებითი ინდუსტრია ცდილობს მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას. შემუშავებული აქვთ გარკვეული პოლიტიკა, რომელიც თეატრს და ფესტივალს აქცევს არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ კომერციულ ინსტიტუტად, რომელიც ერთდროულად ემსახურება ტურიზმის, სულიერი კულტურის, ფასეულობებისა და ღირებულებების განვითარებას, საზოგადოებრივი აზრის შექმნას და ცნობიერების ამაღლებას,“- ნათქვამია კვლევაში.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ  უცხოური თეატრები, მათ შორის, საოპეროც, ორიენტირებულნი არიან ფართო სპექტრის მაყურებლის მოზიდვაზე, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი მოზარდებს უკავია.

„ერთი მხრივ, მოზარდებისთვის შექმნილი პროდუქტი კარგად იყიდება, ხოლო მეორე მხრივ, საბავშვო რეპერტუარი მომავალში მაყურებლის სტაბილურობის გარანტიაა. თეატრები ამ გზით ახერხებენ მაყურებლის მუდმივად შენარჩუნებას. გარდა ამისა, უცხოურ თეატრებს აქვთ შემოსვლის წყაროების გაზრდის ისეთი პრაქტიკული საშუალებები დანერგილი, რაც ქართული თეატრისთვის თითქმის უცხოა,“- წერია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და ქალაქების თეატრები მულტიფუნქციური და მრავალმიმართულებიანი ინდუსტრიები არიან. ბილეთებისა და არენდის გაქირავების გარდა ისინი მაყურებელს სთავაზობენ სხვადასხვა სერვისს, მათ შორის – მუზეუმს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფოიეს ღონისძიებებისთვის, კოსტიუმების გაქირავების სერვისს, ყვავილებისა და წიგნების მაღაზიებს, რესტორნებისა და კაფეების ფართო სპექტრს, სივრცეს კერძო სადღესასწაულო და საჯარო კულტურული ღონისძიებებისთვის.  შავი ზღვის აუზის ქვეყნებში თეატრები მრავალფუნქციური ინდუსტრიაა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ თეატრებზე.

კვლევა შეეხო თეატრების რეპერტუარსაც, სადაც ნათქვამია, რომ „ფოთისა და ბათუმის თეატრების რეპერტუარი არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით“, რაც გულისხმობს სხვადასხვა ფორმის, სახეობის პროდუქტის შექმნას, რომელიც გათვლილი იქნება მიზნობრივი აუდიტორიისთვის. „მიზნობრივი აუდიტორია კი არის: ბავშვები, მოზარდები, ტურისტები, ადგილობრივი მაყურებელი“.

ბათუმისა და ფოთის თეატრები საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობენ საერთაშორისო ფესტივალებთან, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე პრობლემები აქვთ რადგან, „გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა დარბაზების 30%-ს ვერ ფარავს. ამის მიზეზი, როგორც ირკვევა, პროდუქტის ერთფეროვნებაცაა“.

  • თეატრი და სახელმწიფო პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის განათლებისა და კულტურის საინისტროს გააჩნია გარკვეული პოლიტიკა და სტრატეგია, კვლევამ აჩვენა, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებისთვის.

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი მიღებული აქვს ბათუმის მერიასაც, რომელიც 2019-2021 წლებზეა გაწერილი,

„თუმცა 2018-2020 წლებში მერიამ მხოლოდ 3 პროექტი დააფინანსა მიზერული თანხით. ეს ფაქტი, დაფინანსების პოლიტიკა, მიუთითებს კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის ფორმალურ მნიშვნელობაზე, ვინაიდან სტრატეგიის დოკუმენტში გაწერილი მიზნები სათეატრო ხელოვნების მიმართულებით შესრულებული არ არის,“- ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევაში საუბარია იმაზე, რომ ბათუმისგან განსხვავებით, მაგალითად, ფოთის მერიას ფორმალურადაც კი არ აქვს სტრატეგიის დოკუმენტი მიღებული და სათეატრო ხელოვნების მიმართულებით მხოლოდ ერთ პროექტს – რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს აფინანსებს.

კვლევამ აჩვენა, რომ სათეატრო ფესტივალები არ არიან ორიენტირებული კომერციალიზაციაზე, რადგან დასწრება ყველა ფესტივალზე თავისუფალია:

„სამაგიეროდ, წარმატება შეინიშნება ინტერნაციონალიზაციაში, ვინაიდან იზრდება ფესტივალებში ჩართული უცხოური დასების რიცხვი, თუმცა ინტერნაციონალიზაციის პროცესი პირდაპირ კავშირშია ფესტივალის ბიუჯეტთან“.

ფესტივალების დაფინანსების კლებასთან ერთად იკლებს უცხოური დასების მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში:

„ეს ტენდენცია რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ინტერნაციონალიზაციის პროცესში შეინიშნება, რასაც ვერ ვიტყვით ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის შემთხვევაში, რადგანაც 2018-2019 წლებში ფესტივალის საერთო ბიუჯეტი 40 000 ლარს შეადგენდა და მასში 4 უცხოელი მონაწილეობდა, ხოლო 2020 წელს, როცა ფესტივალის ბიუჯეტი ფაქტობრივად განახევრდა, მონაწილე უცხოელი არტისტების რიცხვი 2-ჯერ გაიზარდა.

ვფიქრობთ, ამის მიზეზი პანდემიაა, რომელმაც დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანა შემოქმედებითი ინდუსტრიები, საშუალება მისცა ფესტივალს მინიმალური ფინანსური რესურსით მეტი უცხოელის ჩასართავად ფესტივალში“.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018-2020 წლებში შავიზღვისპირა ქალაქების თეატრების დაფინანსება აჭარის რეგიონის მაგალითზე ცვალებადია. ამ წლებში ბათუმის დრამატული თეატრის ბიუჯეტში მატებაა ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსებისა და ჩატარების ხარჯზე, ხოლო 2020 წელს – კლება, რაც პანდემიით არის გამოწვეული. „ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაგალითზე კი აღნიშნულ წლებში სამინისტროს მიერ თეატრის დაფინანსება იკლებს.

იგივე ტენდენცია იკვეთება ფოთის დრამატული თეატრის მაგალითზეც.

შავიზღვისპირა სამ თეატრს შორის ფოთის დრამატული თეატრი ლიდერია ადგილობრივ გრანტების მობილიზებაში.  2018-2020 წლებში ფოთის დრამატულმა თეატრმა 85 000 ლარის მოპოვება შეძლო ადგილობრივი გრანტების სახით, ბათუმის ორივე თეატრის მიერ მოპოვებული გრანტების ციფრი კი 0.00 ლარია.“

  • გასტროლები და საერთაშორისო ურთიერთობები უცხოეთში

კვლევის მიხედვით, ფოთისა და ბათუმის დრამატული თეატრები ამ მხრივ ლიდერები არიან, ვინაიდან ფოთის თეატრმა 2018-2020 წლებში 17 საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა (მათ შორის, 11 – უცხოეთში, ხოლო 6 – საქართველოში), ბათუმის დრამატულმა თეატრმა 2018-2020 წლებში მონაწილეობა მიიღო 8 საერთაშორისო ფესტივალში, მათგან 3 უცხოეთში, ხოლო 5 – საქართველოში. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა კი ბოლო 3 წლის განმავლობაში 3 საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათგან ორი ადგილობრივი ფესტივალია, ხოლო 1 უცხოური (უკრაინა).

ქართული თეატრების კვლევის პროექტში ჩართული იყვნენ საერთაშორისო კონსულტანტები ბრიტანეთიდან: ტომ ფლემინგი და თრეისი გრეგორი, მათთან თანამშრომლობით მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი. „საერთაშორისო გამოცდილება და ექსპერტთა მოსაზრებები გახდება ერთგვარი მეგზური არა მხოლოდ ფოთისა და ბათუმის, არამედ ზოგადად საქართველოში არსებული საშემსრულებლო ხელოვნების სექტორისთვის,“- ნათქვამია დასკვნაში.

კვლევაში მონაწილეობდა შავიზღვისპირა ქალაქების თეატრები: ბათუმის დრამატული; თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა, ასევე ფოთის დრამატული თეატრები. კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო შავი ზღვის აუზის სათეატრო ქალაქების მაგალითზე თეატრების გამოცდილების გაცნობა.

_________________

ფოტოზე: ბათუმის დრამატული თეატრი

„ამაზე მსჯელობა არ არის“ – მინისტრი კომენდანტის საათის გაუქმებაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე არ მსჯელობს, რომელიც მოქალაქეებს 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებას უზღუდავს.

მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებამდე ან მოხსნამდე მთავრობამ უნდა იმსჯელოს იმ ბიზნესების აღდგენაზე, რომლებიც ამ დრომდე ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას. მათ შორის თურნავამ სპორტული დარბაზები და საბავშვო ბაღები დაასახელა:

„ერთ-ერთი ყველაზე წონადი ნაბიჯი, რომელიც განვახორციელეთ, როდესაც დავაწესეთ ნოემბრის დასაწყისში წერტილოვანი შეზღუდვები, იყო გადაადგილების შეზღუდვა. მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს. სწორედ ამ ზომის გამო დღეს ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე.

ეს ცალსახად იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც ცალსახად სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის საქართველოშიც, მოგვცა პოზიტიური შედეგი. მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის.

ჩვენ ახლა ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, რადგან დარჩა ჯერ კიდევ ბიზნესები, სადაც არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა და ვერ გავხსენით ჯერჯერობით საბავშვო ბაღები, ფიტნესინდუსტრია, სპორტული ობიექტები. ალბათ პირველ რიგში ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ხოლო ღამის საათებში შეზღუდვებს უფრო გვიან მოვიტოვებთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება 26 ნოემბრიდან შეზღუდულია.

გერმანიაში დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა ვებგვერდი ხარვეზით მუშაობს

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა და რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა პირველ დღესვე დარეგისტრირების არა ერთ მსურველს შეექმნა პრობლემა ვებგვერდზე რეგისტრაციისას.

დასაქმების ხელშეწყობის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ხარვეზის მიზეზი ვიზიტორების დიდი რაოდენობაა.

„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო სარეგისტრაციო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს.

აღნიშნული ხარვეზი დღის განმავლობაში გამოსწორდება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის,“ – აღნიშნულია დასაქმების ხელშეწყობის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18-დან 60 წლამდე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკურად ჯანმრთელი;
  • უნდა ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 -10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის შემდეგ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/518796/

პარლამენტის უარს მანდატის გაუქმებაზე კორძაია საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

„რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელსაც მანდატის გაუქმებაზე უარი უთხრა პარლამენტმა, ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და პარლამენტის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვს. ის ამ მიზნით სპეციალურად ჩამოვიდა ბათუმში. 8 თებერვალს იმავე  მოთხოვნით საკონსტიტუციოს მიმართა ზურაბ ჯაფარიძემაც.

თამარ კორძაია პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის პროპორციული სიით მოხვდა.

იმის გამო, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, თამარ კორძაიამ და კიდევ 50-მა დეპუტატმა მიმართეს პარლამენტს თავიანთი მანდატების გაუქმების მოთხოვნით. პარლამენტმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თამარ კორძაია აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ამით კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი. „ქართული ოცნება“ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის არღვევს ყველა კანონს. ეს არის თვითნებობის და უკანონობის კასკადი“, – თქვა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან თამარ კორძაიამ.

კორძაიას თქმით, „ჩემს უფლებას როცა ლახავს პარლამენტი, თუ ის არ დავიცავი ყველა სამართლებრივი მექანიზმით, როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბრო? როგორ შევძლებ სხვა ადამიანების უფლებების დაცვას“.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ გასულ კვირას თქვა, რომ პარტიის წევრები მზად არიან, პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს. საარჩევნო ბარიერის დასაწევად კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, შემდეგ კი მანდატების გაუქმებაზე განცხადებას ისევ დაწერენ.

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ბლოკის წევრ რესპუბლიკელებს მხოლოდ ორი მანდატი ჰქონდათ – თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძეს.

საქართველოს პარლამენტში სულ 150 დეპუტატია. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ჰყავს 90 დეპუტატი. ამ დროისთვის ოპოზიციიდან პარლამენტში მუშაობაზე თანახმაა „მოქალაქეები“ [2 წევრი], „ევროპელი სოციალისტები“ [4 წევრი]. გარდა ამისა, „გირჩი“ [3 წევრი] აცხადებს, რომ პარლამენტში იმუშავებს თუ „ქართული ოცნება“ უბარიერო საარჩევნო კოდექსის მიღებას დათანხმდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციიდან 20-მდე დეპუტატს სურს პარლამენტში მუშაობა, მაგრამ ისინი რადიკალური ოპოზიციის ზეწოლით ვერ ბედავენ პარლამენტში შესვლას.

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელს კოვიდი დაუდასტურდა

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში კორონავირუსი პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაგვიდასტურეს. სკოლის დირექტორის განცხადებით, მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები და კლასი სავარაუდოდ დისტანციურ სწავლებაზე გადავა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში აჭარაში კორონავირუსის სულ 6 შემთხვევაა მოსწავლეებში დადასტურებული, პედაგოგებში კი – ორი შემთხვევა. „რისკების შეფასებით, 3 კლასი გადაყვანილია ონლაინსწავლებაზე, დანარჩენ შემთხვევებში კლასები აგრძელებენ პირისპირ სწავლებას,“- გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელს და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. მათგან კოვიდი დაუდასტურდა 0,5 პროცენტს. დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებული მასწავლებელი, მასთან  შეთანხმებით, საგანს დისტანციურ ფორმატში ასწავლის.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

დადასტურდა კოვიდის 165 ახალი შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

15 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 9 197  კვლევა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი. 

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 3 601 ადამიანი. აქედან 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 425 მძიმე პაციენტია.

14 თებერვლის მონაცემებით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 2.5%.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 724 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 6 752 პირი, აჭარაში – 597, იმერეთში – 1 287.

აჭარაში კოვიდის ახალი 10 შემთხვევა დადასტურდა | 15 თებერვალი

15 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 166 პაციენტი, მათგან 39 მძიმე პაციენტია, 5 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

აჭარაში კოვიდსასტუმროებში 104 ადამიანი იმყოფება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 15 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 16 თებერვლის 21 საათამდე,  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა.

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში თოვა და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 –2 გრადუსი ყინვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, კვირის ბოლოს აჭარაში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.

ბათუმში ქალს მოტოციკლი დაეჯახა

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, ქვეით ქალს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველის თქმით, დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

მოტოციკლის მძღოლი კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წაიყვანა.

გუშინ, 13 თებერვალს, ბათუმში ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა:

შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ე.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1974 წელს დაბადებული ვ.ლ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო,“ – აცხადებს შსს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს – შსს

15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქცია იგეგმება

ხვალ, 15 თებერვალს, აჭარის  მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი აპირებს აქციაზე მისვლას და თავიანთი პრობლემების მოგვარების მოთხოვნას.  აქციის ინიციატორის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „აქციაზე მისვლას აპირებენ ის მოქალაქეები, ვინც აჭარაში ავტობანის თუ ჰესების  მშენებლობის გამო დაზარალდნენ. ასევე იპოთეკით დაზარალებულები, ვისაც სესხი ჰქონდა და პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, თვითდასაქმებულები, რომლებმაც მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარი მიიღეს ხელისუფლებისგან. აქციაზე იქნებიან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებიც“.

თამაზ ბაკურიძის თქმით, დღემდე არ არის განსაზღვრული თუ ვინ მიიღებს კონკრეტულად ბინას მშენებარე კორპუსებში: „ოცნების ქალაქში” მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს სამომავლოდ ბინის გადაცემაზე საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმებას ინდივიდუალურად“.

აჭარის მთავრობის სახლთან ხულოდან, სოფელ  წაბლანიდან აქციის გასამართად ჩამოსვლას აპირებენ წაბლანელებიც. სოფლის მცხოვრებლებმა  დღეს, 14 თებერვალს, საპროტესტო აქცია სოფელში გამართეს. წაბლანელები აპროტესტებენ უწყლობას და მთავრობის მიერ  დაპირების შეუსრულებლობას.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჰესის მშენებლობის გამო სოფელი წაბლანა და წაბლიანი წყლის გარეშე დარჩა. ამას გარდა, წაბლანელების თქმით,  მთავრობამ  მოატყუა სტიქიით დაზარალებულები და დაარღვია მათთვის მიცემული პირობა.  წაბლანელები ამბობენ, რომ სტიქიით დაზარალებულებს მთავრობა დაჰპირდა ბინებს, რომელიც იქნებოდა თეთრი კარკასით. თუმცა საბოლოოდ შავი კარკასით გადასცა.

„ამ პრობლემების შესახებ ხელისუფლებამ იცის, თუმცა, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არ მოდის პირისპირ სასაუბროდ. ჩვენ გვაინტერესებს პასუხი – მოგვარდება თუ არა ეს პრობლემები,“ – ამბობდნენ დღეს აქციაზე შეკრებილები.

მთავარი ფოტო: აქცია წაბლანაში/14.02.2021

ამავე თემაზე:

რა უნდა გააკეთოს აჭარის მთავრობამ წაბლანელებისთვის – EMC-ის რეკომენდაცია

ოცნების ქალაქში ხანძარია

ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში ხანძარია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ამ დროისთვის [18:25 სთ.] ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.

ხანძარი ოცნების ქალაქში / 14.02.2020

 

 

ანზორ ლაზიშვილი აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პროტესტის ფონზე გახდა

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ ანზორ ლაზიშვილი გახდა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად ანზორ ლაზიშვილმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, კენჭისყრაში, 34 დელეგატიდან მონაწილეობდა 30 დელეგატი და მათგან 26-მა ლაზიშვილს დაუჭირა  მხარი.
ანზორ ლაზიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დელეგატების დაკომპლექტების წესი მას არ შეუცვლია და ეს წესი მოქმედებს 2012 წლიდან.
უკმაყოფილო სპორტსმენები აცხადებენ, რომ აპირებენ შეხვდნენ ანზორ ლაზიშვილს და მოსთხოვონ თანამდებობის დატოვება. პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ არავითარი პრობლემა არ აქვს სპორტსმენებთან, „მაგრამ იქ არიან ვიღაცები, რომლებმაც შეიძლება რაღაც წამოიძახონ“. ამიტომ პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად დღეს არ შეხვდება სპორტსმენებს. „ხვალე-ზეგე შევხვდები აუცილებლად. ცალკე შევხვდები“.

ანზორ ლაზიშვილი მიიჩნევს, რომ მისი კონკურენტი მევლუდ წულუკიძე „ნათესაური მხარდაჭერით მოქმედებს“.

„387 ათასი ლარია ჩემ დროს გამოყოფილი და მთლიანად მათ მოიხმარეს. პირადად მოზიდული მაქვს 72 ათასი ლარი სახელმწიფო სტრუქტურებიდან და 82 ათას ლარზე მეტი ჩემი ინიციატივით. ყველგან ვეხმარებოდი… უმადურობამ ანგელოზი ეშმაკად აქცია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ანზორ ლაზიშვილმა.

უკმაყოფილო სპორტსმენებს შორის არის მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისევ ანზორ ლაზიშვილი იქნება ფედერაციის პრეზიდენტი, ისინი აჭარის სახელით აღარ იასპარეზებენ. იგივე განაცხადა კიდევ ერთმა ჩემპიონმა შმაგი ბოლქვაძემაც.

მსოფლიოს ჩემპიონები – რამაზ ზოიძე და შმაგი ბოლქვაძე

„ჩვენი კანდიდატი წარვადგინეთ. დაახლოებით 8 წელი იყო ლაზიშვილი ფედერაციის პრეზიდენტი. უკმაყოფილო ვართ ბიჭები. გვინდოდა, რომ ცვლილებები მომხდარიყო, უკეთესობისკენ წავსულიყავით, მაგრამ არ გვაძლევენ ამის შანსს. ამის გამო ავდგებით და აჭარის სახელით აღარ მივიღებთ მონაწილეობას… ჩვენი სიტყვა არ გაითვალისწინეს“.

სპორტსმენების თქმით, დაახლოებით 200 მოჭიდავე დატოვებს აჭარის ჭიდაობის ფედერაციას.

___

მთავარი ფოტო: ანზორ ლაზიშვილი

დაძაბულობა აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე

დაძაბულობა აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დაძაბულ ვითარებაში დაიწყო. ერთმანეთს ორი კანდიდატი უპირისპირდება – მოქმედი პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი და ხულოს სასპორტო სკოლის მოქმედი დირექტორი მევლუდ წულუკიძე. შესაძლოა არჩევნები ჩაიშალოს, რადგან მევლუდ წულუკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვორუმი არ შედგა, რადგან მისმა მომხრე დელეგატებმა დატოვეს კენჭისყრა.

ცნობილმა სპორტსმენმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ თქვა, რომ ის ცვლილებებს უჭერს მხარს. შმაგი ბოლქვაძე ხულოს სასპორტო სკოლის აღზრდილია. ის მსოფლიო ჩემპიონია და აცხადებს, რომ სპორტსმენებს ხშირად ელემენტარული ინვენტარიც კი არ აქვთ.

„მსოფლიოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, ევროპის პრიზიორები, ვისზეც დგას დღეს ჭიდაობა აჭარაში, ყველა ვითხოვთ, რომ ბატონი ანზორ ლაზიშვილი შეიცვალოს“, – აცხადებს მინდია წულუკიძე, ევროპის ჩემპიონი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში.

მინდია წულუკიძემ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ იღებენ სპორტსმენები, ფედერაციას კი ის ხალხი ჰყავს დელეგატების შემადგენლობაში, ვისაც უნდობლობას უცხადებენ. „ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ანუ დელეგატები მოიქცნენ სწორად“, – უთხრა სპორტსმენმა ჟურნალისტებს.

თუმცა გამარჯვების იმედი აქვს ანზორ ლაზიშვილს. ის ფიქრობს, რომ აჭარის ჭიდაობის ფედერაცია ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ქვეყანაში. ანზორ ლაზიშვილის თქმით, კონკურენტს მობილიზებული ჰყავს მხარდამჭერები, მათ შორის არასპორტსმენები.

აქამდე უკვე იყო მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. უცნობია, რამდენი დელეგატი იმყოფება აქ. კენჭისყრის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა.

ხალხმრავლობა აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფოტო / მანანა ქველიაშვილი
აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფოტო / მანანა ქველიაშვილი

 

__

მთავარი ფოტო ანზორ ლაზიშვილი და მევლუდ წულუკიძე

ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი

ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული პროექტებით აშენდება. პირობის მიხედვით, 2021 წელს ანაზღაურდება არაუმეტეს 2 926 998 ლარი, დანარჩენი კი – 2022 წელს. ამასთან, „შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 2021 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებ“.

მერიის სამმართველოს ვკითხეთ, თუ რატომ მიიჩნია პრიორიტეტად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გზების გაკეთება, თანაც სხვა ორგანიზაციის დაკვეთით მომზადებული პროექტით? – კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ პროექტი „მსჯელობის საფუძველზე“ გადაეცათ.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადავეცით ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სამრეწველო ზონის მიმდებარედ [მახოს ხიდი-გონიოს ხიდის გზისა და „გეზ”-ის მიმდებარედ] მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“, – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტიდან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული გზების მოწყობის მიზანი სამრეწველო ზონის განვითარებაა.

ადგილი [შემოსაზღვრულია წითლად], სადაც მერია გზების გაკეთებას გეგმავს
ადგილობრივი მნიშვნელობის გზის – მახოს ხიდი-გონიოს ხიდისა და  გეზის მიმდებარედ, მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებზე მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 1-ლი დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დამთავრდეს.

მერია ახალი ქუჩების გაკეთებას „ქალაქის ცალკეულ უბნებში გზებისა და ქუჩების სრული რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში გეგმავს. პროექტში აღნიშნულია, რომ „საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია კომპლექსური ღონისძიებაა, რომელიც განხორციელდება უპირატესად იმ უბნებში, სადაც დასრულდა მიწისქვეშა კომუნაკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები“. თუმცა აეროპორტის დასახლებაში მიწისქვეშა სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის და არც ისაა ცნობილი, თუ როდის დაიწყება შემოერთებულ ტერიტორიაზე კომუნალური სისტემების მოწყობა.

იმ გზების [რომელიც მერიამ ახლა უნდა ააშენოს] მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები ძირითადად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე რამდენიმე კერძო კომპანიის საკუთრებაშია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, ამ ადგილებში მიწის ნაკვეთებს პირობიანი აუქციონით ასხვისებს. ამ თემაზე: ადლია-კახაბერში მიწის 9 ნაკვეთი პირობიან აუქციონზე იყიდება.

ამავე ტერიტორიაზე აჭარის გზების დეპარტამენტმა მდინარე ჭოროხის გასწვრივ – გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე მონაკვეთში – ახალი გზის [ე.წ. ჭოროხის გზის] მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტში 8 მილიონზე მეტი ლარი იყო გამოყოფილი. აღნიშნული გზის მშენებლობა კი ამ დრომდე არ არის დამთავრებული.

„ველოდებით მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის დასრულებას [საუბარია მახოს ხიდის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე – ავტ.], რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი [გზის მშენებლობის დასრულებაზე]“, – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა გაგრძელდეს ბათუმის შემოვლითი გზა – ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან სარფამდე მონაკვეთში. ახალი მაგისტრალის ზუსტ მარშრუტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დრომდე არ ასაჯაროებს. აჭარის დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ ახალი მაგისტრალი და მშენებარე ქუჩები აქ ერთმანეთს არ გადაკვეთს.

წითელი ხაზით აღნიშნულია ის მონაკვეთები, სადაც ბათუმის მერიამ ქუჩები უნდა ააშენოს, რისთვისაც 18 მილიონია გაწერილი ქალაქის ბიუჯეტში

ბათუმის მერია ქალაქის სამრეწველო ზონასთან წელს მხოლოდ ერთი ქუჩის კეთილმოწყობას გეგმავს. ფრიდონ ხალვაშის გამზირის მე-9 შესახვევის 497 მეტრი სიგრძის მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტში წელს 100 ათას 521 ლარია გათვალისწინებული.

ამავე თემაზე:

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

რომელ რეგიონში რამდენი ადამიანი დაიღუპა კოვიდით? – NCDC მონაცემებს არ ასაჯაროებს

დღეს, 14 თებერვალს, ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. იმავე ცენტრის დღეის მონაცემებით, კორონავირუსმა საქართველოში მთლიანობაში 3 352 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა არ არის ცნობილი ყველაზე უფრო ქვეყნის რომელი რეგიონი დააზარალა ვირუსმა.

იქედან გამომდინარე, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ავრცელებს ინფორმაციას რეგიონების მიხედვით დაღუპულების რაოდენობის შესახებ, „ბათუმელებმა“ უწყებიდან ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა.

ცენტრს წერილობით ვკითხეთ, „დღემდე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად საქართველოში, რეგიონების მიხედვით: იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში“.

ორი კვირის შემდეგ უწყების მაღალი თანამდებობის პირის, ლალი ებანოიძის ხელმოწერილი წერილით შეგვატყობინეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ მივიღებდით.

„გაცნობებთ, რომ საქართველოში Covid-19 ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა (აგრეგირებული მონაცემები) თავსდება ცენტრის ვებგვერდზე, ფეისბუქსა და ტვიტერზე. ასევე, Covid-19 სიკვდილიანობის ზოგადი მიმოხილვა აღწერილია ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ხუთივე გადახედვაში, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.ncdc.ge.

ყველა მიზეზით, მათ შორის Covid-19-ით გამოწვეული გარდაცვალების ანალიზი ქვეყნდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ინსტიტუციის მიღებული კალენდრის შესაბამისად 30 ივნისს და აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება მათ ოფიციალურ ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 30 ივნისის შემდეგ, განმცხადებლის მოთხოვნის მიხედვით მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – წერია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

„ბათუმელებისთვის“ არ არის ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მართლა არ აწარმოებს სტატისტიკას კოვიდით დაღუპული ადამიანების შესახებ რეგიონების მიხედვით, თუ უბრალოდ ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებს.

დადასტურებით იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ამ უწყებას არც ერთ ზემოთ მითითებულ მისამართზე გამოქვეყნებული არ აქვს და ამის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

შესაბამისად, „ბათუმელები“ დღეს, 14 თებერვალს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, რომ უწყებამ მგოვაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

___

ცნობილია, რომ ვირუსი გასული წელს, ზაფხულის მიწურულს აჭარაში აფეთქდა. შემდეგ ის გავრცელდა მთელ ქვეყანაში. ასევე ცნობილია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში [მხოლოდ აჭარაში] კოვიდით გარდაცვალების მონაცემებს აქვეყნებდა, თუმცა მოგვიანებით ზემდგომმა სამინისტრომ მას ამის გაკეთება აუკრძალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას რამდენი ადამიანი დაინფიცირდა რეგიონების მიხედვით. ამ ეტაპზე ვირუსი ყველაზე მეტად თბილისში ცირკულირებს.

სკოლაში დაბრუნების პროცედურები კოვიდის გადატანის შემდეგ – ახალი რეკომენდაციები

მოსწავლის, მასწავლებლის ან/და თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ახალი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ 11 თებერვალს დაამტკიცა.

ამ რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, „სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იმავე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე“.

იმ პირებთან, ვისაც კოვიდი დაუდასტურდება, მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობას ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები დააზუსტებენ.

დაავადების გადატანის შემდეგ კი მოსწავლე, მასწავლებელი ან თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ „გამოჯანმრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია“.

სკოლის მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის, თანამშრომლისთვის კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, საზოგადიებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან იდენტიფიცირებულ შემთხვევაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლის ადმინისტრაცია განსაზღვრავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს და უზრუნველყოფს, რომ სამსახურში არ გამოცხადდნენ COVID-19-ით დაავადებულ პირთან/პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პერსონალი.

კონტაქტების მოსაძიელბლად კი, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს „კონტაქტირებული პირის“ განმარტებით, რომელიც ამავე რეკომენდაციებშია მოცემული. ამ განმარტებით:

მაღალი რისკის კონტაქტი არის პირი, რომელსაც:

  • ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით;
  • ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი კოვიდის დადასტურებულ შემთხვევასთან;
  • ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი კოვიდის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან [მაგ: შეხველება],
  • რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა [მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო /შეხვედრების ოთახი და ა.შ.] კოვიდის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.

დაბალი რისკის კონტაქტი კი არის პირი, რომელსაც:

  • ჰქონდა პირდაპირი შეხება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით;
  • იმყოფებოდა კოვიდით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით;

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის [ან კარანტინის] რეჟიმს; დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე); ამასთან, არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.

 

[toggle title=”რეკომენდაციები მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის COVID19-ით ინფიცირების შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, სრულად ნახეთ აქ:“]

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურის ვალდებულებები:

  • აწვდის ინფორმაციას შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევის (მოსწავლე/მასწავლებელი/სკოლის თანამშრომელი) შესახებ;
  • გასცემს სამოქმედო რეკომენდაციებს წინამდებარე დოკუმენტში გაწერილი განსხვავებული შემთხვევების დროს;
  • COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოკვლეული ინფორმაციის მიწოდებიდან 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს კონტაქტირებულთა რისკების შეფასებას, განუსაზღვრავს მათ თვითიზოლაციის/კარანტინის ვადებს და აღნიშნულის თაობაზე ახდენს სკოლის დირექციის ინფორმირებას, ხოლო არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში უგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას წერილობითი სახით, ელ-ფოსტის საშუალებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები:

სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, საზოგადიებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან იდენტიფიცირებულ შემთხვევაზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლის ადმინისტრაცია:

  • განსაზღვრავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს მოსწავლეებს/მასწავლებლებს/თანამშრომლებს შორის და უზრუნველყოფს, რომ სამსახურში არ გამოცხადდნენ:

ა) COVID-19-ით დაავადებულ პირთან/პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პერსონალი;

ბ) კონტაქტების მოსაძიელბლად ხელმძღვანელობს „კონტაქტირებული პირის“ განმარტებით (იხ.  ცხრილი 1);

გ) მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის ძირითადად თანაკლასელებს, რომლებიც გაკვეთილის მსვლელობისას 1 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ. ცალკეულ შემთხვევებში, სკოლის თანამშრომლებს:

გ.ა)  მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად  ჩათვლის იმ თანაკლასელებს, რომელთაც არ ეკეთათ ან არასათანადოდ ეკეთათ პირბადე, მიუხედავად ინფიცირებულის მიერ პირბადის ტარებისა.

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან, კონტაქტირებულთა თვითიზოლაციის/კარანტინის ვადების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რესურს-ცენტრთან თანამშრომლობით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით;
  • მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ:
  • გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ) გაკვეთილების ჩატარებისას, კონკრეტული კლასის მოსწავლეები კონტაქტირებულად ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მასწავლებელი მოძრაობდა კლასში და არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას თითოეული მოსწავლის მიმართ;

ბ) მასწავლებელს არასწორად ეკეთა ან საერთოდ არ ეკეთა პირბადე.

  • მოსწავლეთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;
  • კონტაქტირებულად ჩაითვლებიან მასწავლებლები/თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;
  • სკოლის სხვა თანამშრომლების (მანდატური, დარაჯი, ექიმი, დამლაგებელი და სხვ.) დაინფიცირების შემთხვევაშიც, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები უზრუნველყოფენ მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების იდენტიფიცირებას და მათი თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას.

 ცხრილი 1.  კონტაქტების კლასიფიკაცია ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე

მაღალი რისკის კონტაქტი (ახლო ექსპოზიცია)       დაბალი რისკის კონტაქტი
პირი, რომელსაც:

·         ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით;

·         ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან;

·         ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ის  შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: შეხველება)

რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო /შეხვედრების ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში;

პირი, რომელსაც:

·         ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით;

·         იმყოფებოდა COVID-19 ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით;

 

  • მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს;
  • დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე);
  • არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.

სასწავლო პროცესში ხელახალი ჩართვის /სკოლაში დაბრუნების პროცედურები:

  • დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანმრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია;
  • მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;
  • სკოლის მასწავლებლების/თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში ‒ ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ, თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი მასწავლებლისთვის/ თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილზე წარსადგენად დროებითი შრომისუუნარობის ტოლფასი ცნობა გაიცემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ეპიდემიოლოგის მიერ დადასტურების შემდეგ;
  • ინფიცირებულთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი მასწავლებლის/თანამშრომლის თვითიზოლაციის/კარანტინის დამადასტურებელ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი, დადგენილი წესით უგზავნის ჯანდაცვის სამინისტროს;
  • ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი (მასწავლებელი/თანამშრომელი), რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილი აქვს თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმი, აგზავნის შეტყობინებას მისამართზე ‒ info@moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროს „კონტაქტის“ ინტერნეტ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად და „ტექსტის“ ველში უთითებს იზოლაციის დამადასტურებელი ცნობის მიღების საშუალებას (ელ-ფოსტა, საქართველოს ფოსტა, ხელზე გატანა);
  • თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი პირი ზემოაღნიშნულ მისამართზე (info@moh.gov.ge) აგზავნის ასევე სათანადოდ შევსებულ „განაცხადის ფორმას“, რომელსაც მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროდან.

[/toggle]

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ტესტი 46 300 მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 0.5%-ს დაუდადსტურდა.

2021 წლის 10 თებერვლიდან სკოლებში მეხუთე კლასიდან ზემოთ ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ამასთან, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს უფლება აქვს სკოლაში პირბადის გარეშე იყოს:

სსმ მოსწავლეს უფლება აქვს სკოლაში პირბადის გარეშე იყოს – სამინისტრო

ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

ბათუმში 13 თებერვალს ქვეითებზე ავტომანქანის დაჯახების 2 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბათუმში მომხდარ ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად, აქედან 45 ქვეითი იყო.

ამ თემაზე:

შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

 

ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  14 თებერვლის 21 საათიდან 15 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა; მთებში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო
  • მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე ღამით 13-18დმ (4ბალი), დღისით 7-12დმ(2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

მომდევნო ორ დღეს, 16 და 17 თებერვალს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა და ზვავსაშიშროება.

რის აღრიცხვას ითხოვენ ყოველთვიურად დამსაქმებლებისგან – ახალი ვალდებულება ბიზნესს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო დროის აღრიცხვის წესი და შესაბამისი ფორმა დაამტკიცა. ბრძანების მიხედვით, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა არის დასაქმებულთა სამუშაო დროის [ნამუშევარი საათების] აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს  წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ.

სამუშაო დროის აღრიცხვა, ახალი წესის შესაბამისად, სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი დამსაქმებლისთვის [იქნება ეს ფიზიკური ან იურიდიული პირი თუ პირთა გაერთიანება].

დამსაქმებლებმა დასაქმებულთა ნამუშევარი საათების აღრიცხვა 2021 წლის 1-ლი მარტიდან უნდა დაიწყონ.

ახალი წესის მიხედვით:

  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა.
  • ცვლაში მუშაობისას, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას თან უნდა დაერთოს დამსაქმებლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამტკიცებული ცვლის განრიგი. თუ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცვლის განრიგმა განიცადა ცვლილება, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას, ცვლის განრიგთან ერთად დაერთვის ცვლილების ამსახველი დოკუმენტი.

ამასთან:

  • დამსაქმებელი ვალდებულია აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.
  • დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს  მის მიერ  ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა.
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შევსებული და ხელმოწერილი 1 წლის განმავლობაში ინახება დამსაქმებელთან ან მის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/პირთან.

 

[toggle title=”რა მონაცემების მითითებაა სავალდებულო სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში, ნახეთ აქ:“]

მუხლი 5

1. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას მიეთითება:

ა) გრაფაში „ორგანიზაციის დასახელება“– ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება;

ბ) გრაფაში „სტრუქტურული ერთეული“ – ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ქვედანაყოფის, როგორიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) გრაფაში „შედგენის თარიღი“ – პასუხისმგებელი პირის მიერ სამუშაო დროის აღიცხვის ფორმის შედგენის თარიღი;

დ) გრაფაში „საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე)“  საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები;

ე) გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) გრაფაში 1 – რიგითი ნომერი;

ზ) გრაფაში 2 – დასაქმებულის გვარი, სახელი, თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია);

თ) გრაფაში 3 – პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) გრაფებში 4 და 6 – საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად თვის პირველ და მეორე ნახევარში;

კ) გრაფებში  5 და 7 – შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი;

ლ) გრაფაში 8 – თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა;

მ) გრაფაში 9 – თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ნ) გრაფაში 10 – თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ო) გრაფაში 11 – თვის განმავლობაში ღამით (22.00-დან 6.00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

პ) გრაფაში 12 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ჟ) გრაფაში 13 – თვის განმავლობაში სხვა 10-12 გრაფებისგან განსხვავებული, მათ შორის დისტანციურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

რ) გრაფაში 14 – თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი;

ს) გრაფაში 15 – თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი;

ტ) გრაფაში 16 – ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი;

უ) გრაფაში 17 – თვის განმავლობაში სხვა 14-16 გრაფებისგან განსხვავებული გაცდენილი დღეების/საათების ჯამური რაოდენობა;

ფ) გრაფაში 18 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა;

ქ) გრაფაში „პასუხისმგებელი პირი“ – დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა;

ღ) გრაფაში „ორგანიზაციის/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი“ – ორგანიზაციის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი.

2. იმ შეთხვევაში, თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შევსებაზე პასუხისმგებელი პირი ერთი და იგივე პირია, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა დასტურდება ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

3. ერთი და იმავე დასაქმებულის მიერ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ან ამ ორგანიზაციის/დაწესებულების ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში ორ სხვადასხვა თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) დასაქმების შემთხვევაში (შეთავსებით სამუშაო), სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე თითოეულ თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) ნამუშევარი საათების გათვალისწინებით.

4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები:

ა) „გ“ – გაცდენა;

ბ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი;

გ) „შ“ – ანაზღაურებადი შვებულება;

დ) „უხ/შ“ – შვებულება ანაზღაურების გარეშე;

ე) „X“ – დასვენების და უქმე დღეები.

 

წყარო: მინისტრის ბრძანება.

[/toggle]

Exit mobile version