მთავარი,სიახლეები

ფირუზ წულუკიძე: წულუკიანი ჩვენთან მოლაპარაკებას ცდილობს – საარჩევნოდ ზონდერჯგუფის შექმნის საქმე

20.08.2020 • 2693
ფირუზ წულუკიძე: წულუკიანი ჩვენთან მოლაპარაკებას ცდილობს – საარჩევნოდ ზონდერჯგუფის შექმნის საქმე

“…მე იქ ახლობელს მივაკითხე და გზად შევესწარი ჩხუბს, გაწევ-გამოწევა იყო, დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა… მანქანა გავაჩერე და გავაშველე,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე დავით ნაგერვაძემ. ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და 27 აპრილს ბათუმში მომხდარ ჩხუბს შეესწრო.

საუბარია ბათუმში აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს, ელდარ ანთაძეს და ვაჟა კონცელიძეს [ეს უკანასკნელი გირაოთი გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან] გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს. რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ გვითხრა, რომ მათ იუსტიციის მინისტრმა არაპირდაპირ შესთავაზა ის, რასაც აქამდე თორნიკე რიჟვაძის მამა სთავაზობდა.

“…დაახლოებით 10 დღის წინ თეა წულუკიანი შეხვდა ქუთაისში ჯემალ ჭელიძეს. ის ჩვენი ახლობელია… მას მინისტრმა უთხრა, რომ წინასაარჩევნოდ უნდა დავხმარებოდით და მოლაპარაკება შედგება, ჩვენ მასთან მოლაპარაკებაზე უარი ვთქვით,” – ამბობს ფირუზ წულუკიძე.

ჯემალ ჭელიძე და თეა წულუკიანის უწყების პრესცენტრიც შეხვედრას ქუთაისში ადასტურებენ, თუმცა თეა წულუკიანი საუბარს წულუკიძე-ანთაძის საქმესთან გამორიცხავს.

„მე მას შევხვდი, როგორც ორგანიზაცია შშმ პირთა კავშირის თავმჯდომარე, ჩვენ ვილაპარაკეთ ამ თემის პრობლემებზე… შემდეგ მე თეა წულუკიანს ვესაუბრე ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებით, რომელმაც წლების წინ ბიზნესი წამართვა. ასევე ვისაუბრეთ წულუკიძე-ანთაძის საქმეზე, რაზეც მან თქვა, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის. სხვა დეტალებს ახლა ვერ გეტყვით… ამ შეხვედრას პარლამენტის წევრი, რატი იონათამაშვილიც ესწრებოდა,“ – გვითხრა ჯემალ ჭელიძემ სატელეფონო საუბრის დროს. ის დეტალებზე საუბარს სხვა დროისთვის დაგვპირდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში კი განმარტეს, რომ შეხვედრა ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კუთხით შეცვლილ კანონმდებლობას ეხებოდა და მინისტრი იქ შეკრებილ ადამიანებს მხოლოდ ამ თემაზე ესაუბრა. უწყების პრესცენტრში ხაზი გაუსვეს იმას, რომ თეა წულუკიანს ჯემალ ჭელიძესთან ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და რეზო ანთაძის შესახებ არ უსაუბრია.

_____

წულუკიძე-ანთაძის საქმეზე ბათუმში რეგულარულად იმართება საპროტესტო აქციები. ბრალდებულების ახლობლები მიიჩნევენ, რომ პატიმრობა უკანონოა, რადგან ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დაჭრეს, დაპირისპირებულ მხარეს მყოფი პირებიდან კი არავინ დაუკავებიათ.

საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, ბრალდებულების ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ მოთხოვნისთანავე მთავრობიდან  „სოციალური დახმარება” – 2-2 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/289865/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: