მთავარი,სიახლეები

განაშენიანების გეგმა სრულად არ ჩაგვბარებია – ბულვარის ადმინისტრაცია

15.04.2021 • 1352
განაშენიანების გეგმა სრულად არ ჩაგვბარებია – ბულვარის ადმინისტრაცია

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარის განაშენიანების გეგმა გუშინ, 14 აპრილს უნდა ჩაჰბარებოდა. „ბათუმელებმა“ დოკუმენტი ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციამ ის არ მოგვაწოდა. მიზეზი – დოკუმენტი ადმინისტრაციას სრულად არ ჩაჰბარებია.

„დოკუმენტაცია ამ ეტაპისთვის არ არის წარმოდგენილი სრულად“, – მოგვწერეს ბულვარის ადმინისტრაციიდან.

რას ნიშნავს კომპანიას დოკუმენტი სრულად არ წარმოუდგენია, მაშინ, როცა მისი ჩაბარების ვადა რამდენჯერმე გადაწია ბულვარის ადმინისტრაციამ პანდემიის გამო და საბოლოო ვადად 14 აპრილი განსაზღვრა? ბულვარის ადმინისტრაციამ არასრული დოკუმენტი ჩაიბარა და მის ნაწილს ისევ ელის? კომპანიამ შეთანხმებული ვადა დაარღვია? – ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს არც ბულვარის ადმინისტრაციისგან და ვერც კომპანიას დავუკავშირდით.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერს არავინ პასუხობს.

ბულვარის ადმინისტრაციამ დამატებით გვაცნობა, რომ განაშენიანების გეგმა, რომელსაც შპს „ბაუ დიზაინი“ წარადგენს, იქნება პირველადი ვერსია. დოკუმენტი უნდა მიიღოს ინსპექტირების ჯგუფმა, ასევე მოეწყობა საჯარო განხილვები.
საჯარო განხილვების ვალდებულება, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ეკისრება მომწოდებელ კომპანიას.
ბულვარის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე კონკურსი 2019 წელს გამოაცხადეს. დოკუმენტის მოსამზადებლად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: