განათლება,მთავარი,სიახლეები

მაძიებელ მასწავლებელს კოლეგებმა საათები გაუნაწილეს

15.04.2021 • 4394
მაძიებელ მასწავლებელს კოლეგებმა საათები გაუნაწილეს

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თამუნა ლაბაძე საზოგადოებამ თოვლში გადაღებული ცეკვის ვიდეოთი გაიცნო. ის მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფლის, ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. 25 წლის მაძიებელი პედაგოგი ამ სკოლაში დროებით, მისი ერთ-ერთი კოლეგის ადგილზე იყო დასაქმებული. მასწავლებლის დეკრეტული შევებულებიდან დაბრუნების შემდეგ, თამუნა ლაბაძე უმუშევარი დარჩა.

„სკოლა რომ უნდა დამეტოვებინა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, გამომდინარე იქედან, რომ შევეჩვიე ბავშვებს და ორმაგი სიყვარული მქონდა ჩემი სამუშაოს მიმართ. თუმცა ვაცნობიერებდი იმ გარემოებას, რომ ეს იყო დროებითი სამუშაო და ეს ადგილი ჩემი არ იყო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამუნა ლაბაძე.

თუმცა მოხდა ისე, რომ თამუნას სკოლის დატოვება აღარ მოუწია, მას საათები კოლეგებმა უწილადეს.

„როცა სკოლა დავტოვე, რესურსცენტრში დამიბარეს, სადაც მადლობის სიგელი გადმომცეს აქტივობებისთვის და მხარდაჭერაც გამომიცხადეს. მითხრეს, რომ მომდევნო სასწავლო წელს მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ჩემ დასაქმებას. თუმცა ჩვენს სკოლაში გაჩნდა იდეა, იქნებ გავუნაწილოთ საათებიო. თავდაპირველად უარს ვამბობდი, უხერხულად ვგრძნობდი თავს, რადგან საკუთარი ანაზღაურების მოკლების ხარჯზე უნდა დაეთმოთ მასწავლებლებს საათები, მაგრამ როცა შევამჩნიე, რომ ეს შემოთავაზება იყო ძალიან გულწრფელი, დავთანხმდი. სხვა შემთხვევაში, ძალიან რთული იქნებოდა იმ გარემოში ჩემთვის ყოფნა, რადგან ისე შემომხედავდნენ, როგორც მათი საათების მიმთვისებელს“, – ამბობს თამუნა.

დღეს ის ინწკირვეთის სკოლაში დაწყებით კლასებს ბუნებას და ხელოვნებას ასწავლის. ასევე შესაძლებლობა ექნება საბუნებისმეტყველო საგნებში კლასგარეშე აქტივობები ჩაუტაროს ბავშვებს.

„საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, ამიტომ უკვე მაქვს იდეები რა როგორ უნდა გავაკეთო და მინდა ამ ორ თვეში მოვასწრო.

ფიზიკაში ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვიპოვოთ საყრდენი წერტილი და „დავძრათ დედამიწა“, ჩავატაროთ ექსპერიმენტები და შევქმნათ ის გარემო საკლასო ოთახში, რაც მე ვერ ავისრულე ბავშვობაში ლაბორატორიების არქონის გამო“, – ამბობს თამუნა.

მასწავლებლის ახალი სტანდარტის მიხედვით, პედაგოგი ვალდებულია საგნობრივი გამოცდა ჩააბაროს ყველა იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის. ამიტომ თამუნას ვკითხეთ, რომელი საგნების სწავლებას აპირებს სამომავლოდ. გვპასუხობს, რომ ის მხოლოდ ორ საგანში აპირებს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას, დანარჩენ საგნებს კი დროებით ასწავლის.

„მე უკვე დავრეგისტრირდი ზაფხულის გამოცდაზე და ვაპირებ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებას. ქართულის სწავლებასაც ვაპირებ, რადგან მაგისტრატურას ახლა გავდივარ და  აუცილებლად აქაც ავიმაღლებ კვალიფიკაციას.

საკუთარ თავს ამ საგნების სწავლებაში ვხედავ. რა თქმა უნდა, ჩემი სპეციალობით მირჩევნია ვიმუშაო, თუმცა ის ბაზა მაქვს, რომ არც ერთი იმ საგნის მასწავლებელი არ შევარცხვინო, ვინც ეს საათები დამითმო,“- ამბობს თამუნა ლაბაძე.

_____________________

ამავე თემაზე:

ვინ არის მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა – თოვლში ცეკვა მოსწავლეებთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: