სიახლეები

ფერმერებს ძირითადად მოტობლოკების ყიდვა სურთ – რა არის სამინისტროს პასუხი

15.04.2021 • 1898
ფერმერებს ძირითადად მოტობლოკების ყიდვა სურთ – რა არის სამინისტროს პასუხი

„ვფიქრობ, მცირე მექანიზაციის საშუალებების შესყიდვის თანადაფინანსებამ უკვე თავისი როლი შეასრულა და ის აღარ არის აქტუალური. ეს უკვე ვეღარ შეუწყობს ხელს მნიშვნელოვნად რომელიმე დარგის განვითარებას და არ უნდა დაფინანსდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელი. მას ფერმერების დაწერილ პროექტებზე ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ სოფლებში ადამიანების უმრავლესობას ზუსტად მოტობლოკების ყიდვა სურს.

„საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამაზე“ განაცხადების მიღება უკვე დასრულდა და კომისია მუშაობას შეუდგა. ფერმერები ამ კომისიისგან ელიან სატელეფონო შეტყობინებას, გასაუბრების და ადგილზე პროექტის მონიტორინგის შესახებ. კომისიის წევრია კარლო კეკელიძეც. ის ჰყვება, რომ კომისია სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს, რომელი პროექტი გამოეთიშება კონკურსს ტექნიკური ხარვეზის გამო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წელს განცხადებით 2 953-მა ფერმერმა მიმართა, აქედან 2 231 განაცხადი მცირე მექანიზაციის საშუალებების, მოტობლოკების შესყიდვაზეა.

„რატომღაც ასე გაიგეს ფერმერებმა, რომ მოტობლოკებს ვარიგებდით, დიდი ტალღაა მოტობლოკებზე… შესაძლოა, ბევრს ეს არც სჭირდებოდეს მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ მიიჩნევენ, რომ რადგან 80 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, მოდი, მაინც ვიყიდიო. წინმსწრებად არ მინდა რამე ვთქვა, მაგრამ მე პირადად მივიჩნევ, რომ მცირე მექანიზაციის საშუალებების შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაფინანსდეს, თუკი ინოვაციური მიდგომა იქნება და დასაბუთება, როგორ აპირებს ფერმერი ამით მეურნეობის განვითარებას. ვფიქრობ, რომ მხოლოდ კულტივატორის და სათიბის შეძენა აღარ არის აქტუალური…

სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებდა პროგრამას და ვარიგებდით მცირე მექანიზაციის საშუალებებს, დიდი რაოდენობაა უკვე გაცემული,“ – მიიჩნევს კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელი.

კარლო კეკელიძის თქმით, კომისიამ ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს – რა იქნება პრიორიტეტი და რომელ პროექტს მიენიჭოს უპირატესობა. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დაიწერა ინოვაციური პროექტებიც.

„მაგალითად, ქედაში ჭიაყელების წარმოება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის გამოიყენება, ასევე არის პროექტები სამაცივრე მეურნეობებზე, საოჯახო ტიპის მარნების მოწყობაზე….“ – აღნიშნავს კარლო კეკელიძე.

ფერმერების მიერ დამუშავებულ პროექტებს სამინისტროს სპეციალური კომისია შეისწავლის, სადაც 14 კაცია, მათ შორის არიან ხულოსა და შუახევის ლაგების აქტიური მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციებიდან „გაეროს განვითარების პროგრამა“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“. ამ ეტაპზე კომისია განაცხადების ტექნიკურ შესაბამისობას ამოწმებს.

„მაგალითად, არის შემთხვევები, როცა საპროექტო განაცხადში სხვა ფასია მითითებული, ინვოისში – სხვა. როგორც ცნობილია, წელს თავად ფერმერი არჩევს კომპანიას, სადაც მას სასურველი საგნის შეძენა სურს… საბოლოოდ, კომისიამ უნდა იმსჯელოს ტექნიკური ხარვეზი დადგინდეს თუ მეორე ეტაპზეც გადავიდეს ესა თუ ის პროექტი,“ – უთხრა კარლო კეკელიძემ „ბათუმელებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: