სიახლეები

ქალი, რომელსაც სახლი დაეწვა: მესამე თვეა არავინ დამეხმარა

15.04.2021 • 1574
ქალი, რომელსაც სახლი დაეწვა: მესამე თვეა არავინ დამეხმარა

„სახლი როცა დაიწვა, მაშინ თქვეს, 25 ათასი ლარით დაგეხმარებითო. 25 თეთრიც კი არ მიუცია ვინმეს ჩემი შვილებისთვის. მესამე თვეა ღია ცისქვეშ ვართ, პასუხი არსაიდან არ ჩანს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები თამილა ჯოყილაძე. მისი სახლი 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ნათესავთან ცხოვრობს. მას ქირის ფულსაც არ უხდიან.

თამილა ჯოყილაძეს დახმარებაზე უარი ოფიციალურად იმიტომ უთხრეს, რომ ოჯახს სახლი და მიწის ნაკვეთი ბათუმში რეგისტრირებული არ ჰქონდა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თამილა ჯოყილაძის განაცხადზე მუშაობა დასრულებული ამ დრომდე არ აქვს. აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში 24 მარტს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ოჯახის მონაცემებს სწავლობენ, თუმცა დღეს, 15 აპრილს, ვერ გვითხრეს, რას სწავლობენ, რა გაარკვიეს ან ჰქონდეს უნდა თუ არა დახმარების მოლოდინი სახელმწიფოსგან თამილა ჯოყილაძის ოჯახს.

„სახლი ფერფლად იქცა, ვერაფერი გადავარჩინეთ, არ ვიცი, ახლა როგორ ვარსებობთ,“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე. მან ბოლო წერილი აჭარის მთავრობისგან 19 მარტს მიიღო. წერილის მიხედვით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ წერილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნა რეაგირებისთვის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში კი გვიპასუხეს, რომ ბათუმის მერიის შუამდგომლობას ელიან, რომლის შემდეგაც საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიამ 15 მარტს მატერიალურ დახმარებაზე უარი უთხრა თამილა ჯოყილაძეს, დღეს, 15 აპრილს, ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს, რატომ ვერ მიმართეს ამ დრომდე შუამდგომლობით აჭარის მთავრობას, ან აპირებს თუ არა მერია შუამდგომლობით მიმართოს აჭარის მთავრობას. ამ საკითხს ბათუმის მერიის უწყება „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ სწავლობს. სააგენტოს პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ „სააგენტოს 19 აპრილამდე დრო აქვს“.

აქ ვერ დაგვიკონკრეტეს, რას ელოდება სააგენტო და რატომ არ მიმართა ამ დრომდე შუამდგომლობით მთავრობას, როცა საქმე ნახანძრალ და ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახს ეხება.

თამილა ჯოყილაძის ოჯახი არც სოციალურ შემწეობას იღებს. ბავშვებს დახმარების სახით თვეში მხოლოდ 100 ლარი ეძლევათ.

თამილა ჯოყილაძე შვილებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: