მთავარი,სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიაში სასადილოს გახსნაზე მუშაობს

15.04.2021 • 2132
მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიაში სასადილოს გახსნაზე მუშაობს

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიის შენობაში სასადილოს ფუნქციონირების აღდგენაზე მუშაობს, რისთვისაც კვებითი მომსახურების ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ფასების დადგენის შემდეგ კი, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევას გამოაცხადებს. კომპანიასთან, რომლის შეთავაზებასაც საუკეთესოდ მიიჩნევენ, ხელშეკრულებას გააფორმებენ.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ადმინისტრაციულ შენობაში [მისამართი: ქ.თბილისი, პ. ინგოროყვას ქ.N7] სასადილოს მოწყობის მიზნით საუკეთესო შემოთავაზების გამოვლენითა და ხელშეკრულების გაფორმებით… ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის გამოცხადებამდე, კვებითი მომსახურების საბაზრო ფასების დადგენის მიზნით, დაინტერესებულნი ვართ ჩავატაროთ ფასთა კვლევა,“ – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასადილო შენობაში ადრეც ფუნქციონირებდა, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და პანდემიის გამო აღარ გაუგრძელებიათ.

„კვებითი მომსახურება ჩვეულებრივად იყო ადმინისტრაციის შენობაში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში. კოვიდის პირობებში შეწყდა და აღარ გაგვიახლებია. უბრალოდ, შუამავლები ვართ და ვეხმარებით თანამშრომლებს, რომ აქ სასადილო ფუნქციონირებდეს და აქვე შეძლონ საკვების ყიდვა. თან, ჩვენ არ ვანაზღაურებთ ამ თანხას, თანამშრომლები თავიანთი ხარჯით ყიდულობენ საკვებს,“ – გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ „ბოლო 3 წლის განმავლობაში დეკლარირებული კვებითი [მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვებითი მომსახურების სფეროები: რესტორანი, სასადილო, ქეითერინგ სერვისი ან მსგავსი ტიპის ობიექტები/მომსახურება] მომსახურების გაწევის გამოცდილება და არანაკლებ 250 000 ლარის ოდენობით ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“, ინფორმაციის მიღების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ წერილობითი მოთხოვნა.

დაინტერესებულ კომპანიებს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა [ფორმა №4].

„ინტერესთა გამოხატვის წარდგენის ვადაა 2021 წლის 21 აპრილი. დოკუმენტაცია კი გაიცემა საიდუმლო ფორმით წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა“, – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: