როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – აუდიტის შეფასება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასების გამო ბულვარის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნას ამართლებს და ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე აკეთებს აქცენტებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა,  რას წერს და როგორ აფასებს აუდიტის სამსახური თავად ჯაბა ფუტკარაძის უწყების მუშაობს.

სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას არაეფექტურად განკარგავს, ზოგ შემთხვევაში უარგუმენტოდ ამცირებს ქონების საპრივატიზებო საფასურს, ზოგ შემთხვევაში კი ზრდის მას. ფიქსირდება არაერთგვაროვანი მიდგომის მაგალითებიც. აუდიტი ამის საილუსტრაციო მაგალითებსაც აქვეყნებს.

გარდა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, სამინისტრო სრულყოფილად ვერ ახერხებს კომპანიებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს, ასევე შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოების აღრიცხვას.

ფასის შემცირება  შპს „ალიანსისთვის“ – არაერთგვაროვანი მიდგომა

 

აუდიტის თანახმად, ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, დავით აღმაშენებლის გამზირზე # 291-ში მდებარე 26 213 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილი შპს „რანჩომ“ ოფიციალურად დააფიქსირა. კომპანიამ მიწის ნაკვეთი ნორმატიული ღირებულებით 1 კვ.მ − 55 ლარად 2017 წელს მოითხოვა. აჭარის  ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის წინადადება არ მიიღო.

იგივე ნაკვეთის შეძენის სურვილი შპს „ალიანსმა“ გამოთქვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანებით, აუდიტორის მიერ 1 მილიონ 790 760 ლარად შეფასებული ქონების ფასი, 367 260 ლარით შეამცირეს. შესაბამისად, დაადგინეს ახალი ფასი – 1 423 500 ლარი [1 კვ.მ − 54,3 ლარი].

დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ აუქციონის პირობები შპს „ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი წინადადების ანალოგიურია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში, არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმროს, სპა ცენტრის, ბავშვთა გასართობი სივრცის, ღია სპორტული მოედნის და კვების ობიექტების მშენებლობას და ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს. ამასთან, აღნიშნულ პროექტში უნდა განხორციელდეს არანაკლებ 25 000 000 ლარის ინვესტიცია.

2018 წლის 12 მარტს ჩატარებული აუქციონი უკონკურენტო გარემოში წარიმართა და ერთადერთი პრეტენდენტის, შპს „ალიანსის“ გამარჯვებით დასრულდა.  აუქციონი ამავე კომპანიის  შეთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით გამოაცხადეს, რის გამოც აუდიტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა შეიზღუდა კონკურენცია.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ კი, 2018 წლის 12 აპრილს, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოტივით, მოითხოვა ამ ქონების საკადასტრო ერთეულებად დაყოფა და გაყიდვის უფლება. მას ამაზე უარი უთხრეს.

მწვანე კონცხზე ფასდაკლებით გაყიდული ქონება

 

აჭარის მთავრობამ მწვანე კონცხის დასახლებაში, ერთმანეთის მომიჯნავედ  5 საკადასტრო ერთეულზე 7 944 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული 424,3 კვ.მეტრი ორი შენობა, პირდაპირი წესით, 686 382 ლარად გაიყიდა.

2017 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს დაევალა კვების ობიექტების, ღია ტიპის საცურაო აუზისა და საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო სადგურის მშენებლობა.

ამ ნაკვეთებიდან ყველაზე დიდი [6003 კვ.მ.], სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 29 სექტემბრის დასკვნით, 240 120 ლარად აქვს შეფასებული – ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 40 ლარად შეფასდა.

აუდიტორმა გამოარკვია, რომ მითითებული მისამართის მომიჯნავედ არსებული 11 898 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთეული ფართობის ღირებულება, იმავე  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, 2017 წლის იანვარში 109 ლარად არის შეფასებული. ამ შეუსაბამობის მიუხედავად, სამინისტროს არ მოუთხოვია ქონების შეფასების დოკუმენტის გადამოწმება. შედეგად სამინისტრომ ქონება საბაზრო ფასთან მიმართებით, სავარაუდოდ 414 207 ლარით ნაკლებად გაყიდა.

სამინისტროს ბუღალტრულად აღრიცხული არ აქვს პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა

 

აუდიტორმა გამოარკვია, რომ აუდიტის ჩატარების პერიოდში [2017-2018 წლები] პირგასამტეხლოს სახით დარიცხვას და შესაბამის ბუღალტრულ აღრიცხვას ექვემდებარებოდა  59 მილიონ 059 908 ლარი და 39 მილიონ 852 795 აშშ დოლარი.

საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მოტივით, აჭარის  მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, ქონების მყიდველები/მოიჯარეები 48 შემთხვევაში გათავისუფლდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული 22 მილიონ 644,236 ლარისა და 12 მილიონ 792,338 აშშ დოლარის საჯარიმო სანქციისგან იმ პირობით, თუ სრულად შესრულდება ხელშეკრულების პირობები.

ჩატარებული აუდიტის შედეგად დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, 2018 წელს ხელახლა ჩამოწერეს პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 3 234 766 ლარი და 1 098 241 აშშ დოლარი.

კიდევ ერთი დეტალი

 

სამინისტროს შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფაქტობრივი მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება. შედეგად, ვერ ხერხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტების სრული და დროული გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება.

სამინისტროში დანერგილი კონტროლის მექანიზმი, დამოუკიდებელი აუდიტორების ჩართულობას ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგშიც, რომელიც სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს და შესაძლებელია სამინისტროს წარმომადგენლებმა განახორციელონ.

___

ჯაბა ფუტკარაძის კომენტარი ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების შემდეგ. ის საუბრობს, რომ ირაკლი ჯინჭარაძე აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს და არა იმის გამო, რომ ჯინჭარაძემ ხელისუფლების პოლიტიკა საჯაროდ გააკრიტიკა ბულვარში პლაჟების გასხვისების გამო.

14 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ ხანძრის შედეგად – შუახევის მერია

“14 სული დარჩა ხანძრის შედეგად უსახლკაროდ, სამივე ოჯახი ტარიელაძეა… ახლა ვმუშაობთ ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე,” – უთხრა “ბათუმელებს” ომარ ტაკიძემ, ის შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელია.

ხანძარი 5 აპრილს ღამით ხის სახლს გაუჩნდა შუახევის სოფელ ბარათაულში. ხანძრის შედეგად სამი სახლი და დამხმარე ნაგებობები, ასევე 16 სული პირუტყვი დაიწვა.

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ომარ ტაკიძის ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა სოფელ ბარათაულსა და შუახევის ცენტრს შორის მანძილის გათვალისწინებით. მეხანძრეებმა ადგილზე მხოლოდ ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული ძროხა დაიწვა – ადგილობრივი [ვიდეო]

3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული ძროხა დაიწვა – ადგილობრივი [ვიდეო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში 3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული პირუტყვი დაიწვა – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა მოაწოდეს.

მათი თქმით, ხანძრის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.

თვითმხილველების მონათხრობით, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა – თანასოფლელები ხანძრის კერას ვერ უახლოვდებოდნენ, რადგან ცეცხლმოდებულ სახლებში გაზის ბალონები ფეთქდებოდა და გარემო სიცოცხლისთვის საშიში იყო.

შესაბამისად, ვერც პირუტყვის გადარჩენა მოახერხეს.

ჯერჯერობით „ბათუმელებისთვის“ უცნობია, რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ჩვენთვის არც ის არის ცნობილი, იმყოფებიან თუ არა ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები.

რაც შეეხება სახანძროს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ მხოლოდ მას შემდეგ მიაღწიეს სოფლამდე, რაც ცეცხლი მესამე სახლს მოედო. თუმცა ვერც ამ სახლის გადარჩენა მოხერხდა.

___

ქალი, რომელსაც სახლი დაეწვა: მესამე თვეა არავინ დამეხმარა

„სახლი როცა დაიწვა, მაშინ თქვეს, 25 ათასი ლარით დაგეხმარებითო. 25 თეთრიც კი არ მიუცია ვინმეს ჩემი შვილებისთვის. მესამე თვეა ღია ცისქვეშ ვართ, პასუხი არსაიდან არ ჩანს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები თამილა ჯოყილაძე. მისი სახლი 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ნათესავთან ცხოვრობს. მას ქირის ფულსაც არ უხდიან.

თამილა ჯოყილაძეს დახმარებაზე უარი ოფიციალურად იმიტომ უთხრეს, რომ ოჯახს სახლი და მიწის ნაკვეთი ბათუმში რეგისტრირებული არ ჰქონდა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თამილა ჯოყილაძის განაცხადზე მუშაობა დასრულებული ამ დრომდე არ აქვს. აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში 24 მარტს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ოჯახის მონაცემებს სწავლობენ, თუმცა დღეს, 15 აპრილს, ვერ გვითხრეს, რას სწავლობენ, რა გაარკვიეს ან ჰქონდეს უნდა თუ არა დახმარების მოლოდინი სახელმწიფოსგან თამილა ჯოყილაძის ოჯახს.

„სახლი ფერფლად იქცა, ვერაფერი გადავარჩინეთ, არ ვიცი, ახლა როგორ ვარსებობთ,“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე. მან ბოლო წერილი აჭარის მთავრობისგან 19 მარტს მიიღო. წერილის მიხედვით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ წერილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნა რეაგირებისთვის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში კი გვიპასუხეს, რომ ბათუმის მერიის შუამდგომლობას ელიან, რომლის შემდეგაც საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიამ 15 მარტს მატერიალურ დახმარებაზე უარი უთხრა თამილა ჯოყილაძეს, დღეს, 15 აპრილს, ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს, რატომ ვერ მიმართეს ამ დრომდე შუამდგომლობით აჭარის მთავრობას, ან აპირებს თუ არა მერია შუამდგომლობით მიმართოს აჭარის მთავრობას. ამ საკითხს ბათუმის მერიის უწყება „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ სწავლობს. სააგენტოს პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ „სააგენტოს 19 აპრილამდე დრო აქვს“.

აქ ვერ დაგვიკონკრეტეს, რას ელოდება სააგენტო და რატომ არ მიმართა ამ დრომდე შუამდგომლობით მთავრობას, როცა საქმე ნახანძრალ და ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახს ეხება.

თამილა ჯოყილაძის ოჯახი არც სოციალურ შემწეობას იღებს. ბავშვებს დახმარების სახით თვეში მხოლოდ 100 ლარი ეძლევათ.

თამილა ჯოყილაძე შვილებთან ერთად

გვაქვს ეჭვი, რომ ბათუმიდან ჩამოსულები წამოაგეს პროვოკაციას – ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილე

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ აჭარიდან სოფელ გუმათში, აქციაზე ჩასულ ჯგუფს, რომლის 6 წევრიც დღეს დააკავეს ბათუმში, აქციაზე ყოფნისას ვერ შენიშნეს ვერც აგრესია და ვერც დესტრუქციული ქმედების სურვილი.

როგორც მირზა ნოზაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბათუმიდან ჩამოსული პირების პროვოცირება საგანგებოდ სცადეს ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციის მარგინალიზაციისთვის.

„დაახლოებით 20-მდე კაცი ჩამოვიდა. ჩვენ, როგორც ყველასთან ვაკეთებთ, მივედით, გავესაუბრეთ, გავიგეთ მათი განწყობები, ავუხსენით პროტესტის შინაარსი და შინაგანაწესი და ჩვენ, როგორც ამ აქციაზე პასუხისმგებლებმა, ვერ შევატყვეთ ამ ადამიანებს, რომ ისინი აქ ჩამოსული იყვნენ პროვოკაციისთვის. მათი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ იყო მშვიდობიანი. აქციის მიმდინარეობისას მათთან ერთად იყვნენ პროტესტის მონაწილეები, რომლებიც გზადაგზა აცნობდნენ მათ ჩვენს გეგმებს.

აქცია დაიწყო გუმათში, სადაც დაიწყო ჩვენი დარბევა. ამ დარბევის დროს მათგან ვერ ვნახეთ ვერანაირი პროვოკაციული ქმედება, ჩვენს მოწოდებებს ემორჩილებოდნენ როგორც აქციის სხვა მონაწილეები. მსვლელობა დავიწყეთ გუმათიდან „ენკას“ საწყობის მიმართულებით, მთელი ეს პერიოდი მათი მოქმედებები იყო აბსოლუტურად ჩვენი მოწოდებების შესაბამისი.

ჩვენ ვერ დავინახეთ ამ ადამიანებისგან დესტრუქციული დამოკიდებულება პროტესტის მიმართ. პირიქით, ისინი იყვნენ კონსტრუქციულად განწყობილი. ჩვენმა რამდენიმე აქტივისტმა აღმოაჩინა მათთან საერთო მეგობრობა, ნაცნობობა, რაც კიდევ უფრო იმედისმომცემი იყო, რომ პროცესი მშვიდობიანად განვითარდებოდა და ასეც მოხდა.

აქცია რომ მორჩა, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ, აღგვითქვეს, რომ ყველა აქციაზე ჩამოვიდოდნენ, მხარს დაგვიჭერდნენ და როდესაც წავიდნენ, როგორც ვიცი სახლში დასაბრუნებლად, ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ რაღაც მოხდა. აქცია ამ დროს დასრულებული იყო.

წავიდნენ ჩვენი მონაწილეები, რომ გარკვეულიყვნენ საკითხში და ნახეს საშინელი სცენარი. ჩვენ როგორც ვიცით, ბათუმიდან ჩამოსული ჯგუფის პროვოცირება შეძლო იმ ჯგუფმა, რომელიც, ჩვენი აზრით, წინასწარ არის ჩართული ამ პროცესში. ვერ ვადასტურებთ ამას, არა გვაქვს ამის მტკიცებულებები, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ გამოიწვიეს ბათუმიდან ჩამოსული ჯგუფი თავიანთი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, პროვოკაციაზე წამოაგეს და ამ პროვოკაციას მოჰყვა დაპირისპირება.

ჩვენ ვიხილეთ თვითმხილველები, ვიხილეთ პასიური პოლიცია. მოვუწოდებდით პოლიციას – „ჩაერთეთ, გააზავეთ“ და მათ, აქაც ძნელია რამეს მტკიცება, მაგრამ თითქოს ამ პროცესებს აცალეს განვითარება. ეს არის ჩვენი განცდა. ამას ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩვენი მონაწილეები აზავებდნენ ორივე მხარეს ესკალაციის დროს და პოლიცია მოგვიანებით ჩაერთო.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი  [აჭარიდან ჩამოსულები] წამოაგეს პროვოკაციას, რომ შემდეგ ამით ესარგებლათ ავტორებს მარგინალიზაციის პროპაგანდისა და ეთქვათ, ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს რელიგიური უმცირესობების მიმართ, თუმცა ვადასტურებთ, რომ აქციის წევრებსა და ბათუმიდან ჩამოსულ ჯგუფს შორის აქციაზე იყო სრულიად შეთანხმებული მოქმედება და ჩვენ მათგან ვერანაირი აგრესია და დესტრუქცია ვერ დავინახეთ,“ – გვითხრა მირზა ნოზაძემ.

პოლიციამ დღეს ბათუმში დააკავა ექვსი პირი, მათ შორის ძმები: ფირუზ და რევაზ წულუკიძეები. პოლიციის ვერსიით, მათ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_________________

ფირუზ წულუკიძე ევროპის 2009 წლის ჩემპიონია ჭიდაობაში. იგი რამდენჯერმეა გასამართლებული. სპორტსმენია მისი ძმაც, რევაზ წულუკიძე. ბოლო წლების განმავლობაში წულუკიძეების სახელი უკავშირდება არა ერთ გახმაურებულ ამბავს. მათ შორის, ინცინდენტს ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში 2021 წლის იანვარში, სადაც ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

ფირუზ წულუკიძე ოპოზიციის მიერ გამართულ არა ერთ აქციაში იღებდა მონაწილეობას. მისი განცხადებით, მათ აჭარის მთავრობა წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდა. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

2020 წლის ოქტომბერში, არჩევნების წინ, ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს.

 

განაშენიანების გეგმა სრულად არ ჩაგვბარებია – ბულვარის ადმინისტრაცია

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარის განაშენიანების გეგმა გუშინ, 14 აპრილს უნდა ჩაჰბარებოდა. „ბათუმელებმა“ დოკუმენტი ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციამ ის არ მოგვაწოდა. მიზეზი – დოკუმენტი ადმინისტრაციას სრულად არ ჩაჰბარებია.

„დოკუმენტაცია ამ ეტაპისთვის არ არის წარმოდგენილი სრულად“, – მოგვწერეს ბულვარის ადმინისტრაციიდან.

რას ნიშნავს კომპანიას დოკუმენტი სრულად არ წარმოუდგენია, მაშინ, როცა მისი ჩაბარების ვადა რამდენჯერმე გადაწია ბულვარის ადმინისტრაციამ პანდემიის გამო და საბოლოო ვადად 14 აპრილი განსაზღვრა? ბულვარის ადმინისტრაციამ არასრული დოკუმენტი ჩაიბარა და მის ნაწილს ისევ ელის? კომპანიამ შეთანხმებული ვადა დაარღვია? – ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს არც ბულვარის ადმინისტრაციისგან და ვერც კომპანიას დავუკავშირდით.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერს არავინ პასუხობს.

ბულვარის ადმინისტრაციამ დამატებით გვაცნობა, რომ განაშენიანების გეგმა, რომელსაც შპს „ბაუ დიზაინი“ წარადგენს, იქნება პირველადი ვერსია. დოკუმენტი უნდა მიიღოს ინსპექტირების ჯგუფმა, ასევე მოეწყობა საჯარო განხილვები.
საჯარო განხილვების ვალდებულება, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ეკისრება მომწოდებელ კომპანიას.
ბულვარის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე კონკურსი 2019 წელს გამოაცხადეს. დოკუმენტის მოსამზადებლად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიაში სასადილოს გახსნაზე მუშაობს

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიის შენობაში სასადილოს ფუნქციონირების აღდგენაზე მუშაობს, რისთვისაც კვებითი მომსახურების ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ფასების დადგენის შემდეგ კი, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევას გამოაცხადებს. კომპანიასთან, რომლის შეთავაზებასაც საუკეთესოდ მიიჩნევენ, ხელშეკრულებას გააფორმებენ.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ადმინისტრაციულ შენობაში [მისამართი: ქ.თბილისი, პ. ინგოროყვას ქ.N7] სასადილოს მოწყობის მიზნით საუკეთესო შემოთავაზების გამოვლენითა და ხელშეკრულების გაფორმებით… ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის გამოცხადებამდე, კვებითი მომსახურების საბაზრო ფასების დადგენის მიზნით, დაინტერესებულნი ვართ ჩავატაროთ ფასთა კვლევა,“ – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასადილო შენობაში ადრეც ფუნქციონირებდა, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და პანდემიის გამო აღარ გაუგრძელებიათ.

„კვებითი მომსახურება ჩვეულებრივად იყო ადმინისტრაციის შენობაში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში. კოვიდის პირობებში შეწყდა და აღარ გაგვიახლებია. უბრალოდ, შუამავლები ვართ და ვეხმარებით თანამშრომლებს, რომ აქ სასადილო ფუნქციონირებდეს და აქვე შეძლონ საკვების ყიდვა. თან, ჩვენ არ ვანაზღაურებთ ამ თანხას, თანამშრომლები თავიანთი ხარჯით ყიდულობენ საკვებს,“ – გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ „ბოლო 3 წლის განმავლობაში დეკლარირებული კვებითი [მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვებითი მომსახურების სფეროები: რესტორანი, სასადილო, ქეითერინგ სერვისი ან მსგავსი ტიპის ობიექტები/მომსახურება] მომსახურების გაწევის გამოცდილება და არანაკლებ 250 000 ლარის ოდენობით ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“, ინფორმაციის მიღების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ წერილობითი მოთხოვნა.

დაინტერესებულ კომპანიებს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა [ფორმა №4].

„ინტერესთა გამოხატვის წარდგენის ვადაა 2021 წლის 21 აპრილი. დოკუმენტაცია კი გაიცემა საიდუმლო ფორმით წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა“, – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

ფერმერებს ძირითადად მოტობლოკების ყიდვა სურთ – რა არის სამინისტროს პასუხი

„ვფიქრობ, მცირე მექანიზაციის საშუალებების შესყიდვის თანადაფინანსებამ უკვე თავისი როლი შეასრულა და ის აღარ არის აქტუალური. ეს უკვე ვეღარ შეუწყობს ხელს მნიშვნელოვნად რომელიმე დარგის განვითარებას და არ უნდა დაფინანსდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელი. მას ფერმერების დაწერილ პროექტებზე ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ სოფლებში ადამიანების უმრავლესობას ზუსტად მოტობლოკების ყიდვა სურს.

„საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამაზე“ განაცხადების მიღება უკვე დასრულდა და კომისია მუშაობას შეუდგა. ფერმერები ამ კომისიისგან ელიან სატელეფონო შეტყობინებას, გასაუბრების და ადგილზე პროექტის მონიტორინგის შესახებ. კომისიის წევრია კარლო კეკელიძეც. ის ჰყვება, რომ კომისია სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს, რომელი პროექტი გამოეთიშება კონკურსს ტექნიკური ხარვეზის გამო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წელს განცხადებით 2 953-მა ფერმერმა მიმართა, აქედან 2 231 განაცხადი მცირე მექანიზაციის საშუალებების, მოტობლოკების შესყიდვაზეა.

„რატომღაც ასე გაიგეს ფერმერებმა, რომ მოტობლოკებს ვარიგებდით, დიდი ტალღაა მოტობლოკებზე… შესაძლოა, ბევრს ეს არც სჭირდებოდეს მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ მიიჩნევენ, რომ რადგან 80 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, მოდი, მაინც ვიყიდიო. წინმსწრებად არ მინდა რამე ვთქვა, მაგრამ მე პირადად მივიჩნევ, რომ მცირე მექანიზაციის საშუალებების შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაფინანსდეს, თუკი ინოვაციური მიდგომა იქნება და დასაბუთება, როგორ აპირებს ფერმერი ამით მეურნეობის განვითარებას. ვფიქრობ, რომ მხოლოდ კულტივატორის და სათიბის შეძენა აღარ არის აქტუალური…

სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებდა პროგრამას და ვარიგებდით მცირე მექანიზაციის საშუალებებს, დიდი რაოდენობაა უკვე გაცემული,“ – მიიჩნევს კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელი.

კარლო კეკელიძის თქმით, კომისიამ ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს – რა იქნება პრიორიტეტი და რომელ პროექტს მიენიჭოს უპირატესობა. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დაიწერა ინოვაციური პროექტებიც.

„მაგალითად, ქედაში ჭიაყელების წარმოება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის გამოიყენება, ასევე არის პროექტები სამაცივრე მეურნეობებზე, საოჯახო ტიპის მარნების მოწყობაზე….“ – აღნიშნავს კარლო კეკელიძე.

ფერმერების მიერ დამუშავებულ პროექტებს სამინისტროს სპეციალური კომისია შეისწავლის, სადაც 14 კაცია, მათ შორის არიან ხულოსა და შუახევის ლაგების აქტიური მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციებიდან „გაეროს განვითარების პროგრამა“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“. ამ ეტაპზე კომისია განაცხადების ტექნიკურ შესაბამისობას ამოწმებს.

„მაგალითად, არის შემთხვევები, როცა საპროექტო განაცხადში სხვა ფასია მითითებული, ინვოისში – სხვა. როგორც ცნობილია, წელს თავად ფერმერი არჩევს კომპანიას, სადაც მას სასურველი საგნის შეძენა სურს… საბოლოოდ, კომისიამ უნდა იმსჯელოს ტექნიკური ხარვეზი დადგინდეს თუ მეორე ეტაპზეც გადავიდეს ესა თუ ის პროექტი,“ – უთხრა კარლო კეკელიძემ „ბათუმელებს“.

მაძიებელ მასწავლებელს კოლეგებმა საათები გაუნაწილეს

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თამუნა ლაბაძე საზოგადოებამ თოვლში გადაღებული ცეკვის ვიდეოთი გაიცნო. ის მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფლის, ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. 25 წლის მაძიებელი პედაგოგი ამ სკოლაში დროებით, მისი ერთ-ერთი კოლეგის ადგილზე იყო დასაქმებული. მასწავლებლის დეკრეტული შევებულებიდან დაბრუნების შემდეგ, თამუნა ლაბაძე უმუშევარი დარჩა.

„სკოლა რომ უნდა დამეტოვებინა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, გამომდინარე იქედან, რომ შევეჩვიე ბავშვებს და ორმაგი სიყვარული მქონდა ჩემი სამუშაოს მიმართ. თუმცა ვაცნობიერებდი იმ გარემოებას, რომ ეს იყო დროებითი სამუშაო და ეს ადგილი ჩემი არ იყო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამუნა ლაბაძე.

თუმცა მოხდა ისე, რომ თამუნას სკოლის დატოვება აღარ მოუწია, მას საათები კოლეგებმა უწილადეს.

„როცა სკოლა დავტოვე, რესურსცენტრში დამიბარეს, სადაც მადლობის სიგელი გადმომცეს აქტივობებისთვის და მხარდაჭერაც გამომიცხადეს. მითხრეს, რომ მომდევნო სასწავლო წელს მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ჩემ დასაქმებას. თუმცა ჩვენს სკოლაში გაჩნდა იდეა, იქნებ გავუნაწილოთ საათებიო. თავდაპირველად უარს ვამბობდი, უხერხულად ვგრძნობდი თავს, რადგან საკუთარი ანაზღაურების მოკლების ხარჯზე უნდა დაეთმოთ მასწავლებლებს საათები, მაგრამ როცა შევამჩნიე, რომ ეს შემოთავაზება იყო ძალიან გულწრფელი, დავთანხმდი. სხვა შემთხვევაში, ძალიან რთული იქნებოდა იმ გარემოში ჩემთვის ყოფნა, რადგან ისე შემომხედავდნენ, როგორც მათი საათების მიმთვისებელს“, – ამბობს თამუნა.

დღეს ის ინწკირვეთის სკოლაში დაწყებით კლასებს ბუნებას და ხელოვნებას ასწავლის. ასევე შესაძლებლობა ექნება საბუნებისმეტყველო საგნებში კლასგარეშე აქტივობები ჩაუტაროს ბავშვებს.

„საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, ამიტომ უკვე მაქვს იდეები რა როგორ უნდა გავაკეთო და მინდა ამ ორ თვეში მოვასწრო.

ფიზიკაში ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვიპოვოთ საყრდენი წერტილი და „დავძრათ დედამიწა“, ჩავატაროთ ექსპერიმენტები და შევქმნათ ის გარემო საკლასო ოთახში, რაც მე ვერ ავისრულე ბავშვობაში ლაბორატორიების არქონის გამო“, – ამბობს თამუნა.

მასწავლებლის ახალი სტანდარტის მიხედვით, პედაგოგი ვალდებულია საგნობრივი გამოცდა ჩააბაროს ყველა იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის. ამიტომ თამუნას ვკითხეთ, რომელი საგნების სწავლებას აპირებს სამომავლოდ. გვპასუხობს, რომ ის მხოლოდ ორ საგანში აპირებს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას, დანარჩენ საგნებს კი დროებით ასწავლის.

„მე უკვე დავრეგისტრირდი ზაფხულის გამოცდაზე და ვაპირებ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებას. ქართულის სწავლებასაც ვაპირებ, რადგან მაგისტრატურას ახლა გავდივარ და  აუცილებლად აქაც ავიმაღლებ კვალიფიკაციას.

საკუთარ თავს ამ საგნების სწავლებაში ვხედავ. რა თქმა უნდა, ჩემი სპეციალობით მირჩევნია ვიმუშაო, თუმცა ის ბაზა მაქვს, რომ არც ერთი იმ საგნის მასწავლებელი არ შევარცხვინო, ვინც ეს საათები დამითმო,“- ამბობს თამუნა ლაბაძე.

_____________________

ამავე თემაზე:

ვინ არის მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა – თოვლში ცეკვა მოსწავლეებთან

„ჩვენ წინააღმდეგ მზადდება დიდი პროვოკაცია“ – ვარლამ გოლეთიანი

„ახლა აქ მზადდება დიდი პროვოკაცია, ამიტომ რასაც ჩვენ გთხოვთ, უპირობოდ გამოგვყევით“, – მიმართა ვარლამ გოლეთანმა აქციის მონაწილეებს. მან თანამებრძოლებს მოუწოდა ტერიტორია დატოვონ და ქუთაისისკენ დაიძრნენ.

რიონის ხეობის მცველთა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხეობაში თავს იყრიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რამაც შესაძლოა მათ პროტესტს საფრთხე შეუქმნას.

დღეს ხეობაში ჩავიდა ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ქართული მარშიც“, რომელიც ქსენოფობიური რიტორიკით გამოირჩევა.

„ზოგადად, ჩვენ ყველანაირ პოლიტიკურ ჯგუფს თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებულ პერსონებს ვემიჯნებით. მკაფიო ზღვარი გვაქვს და წითელი ხაზი ამ მიმართულებით, რომელიც არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ გადაიკვეთება და არც არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს აქციებზე პარტიული სიმბოლიკებით ან პარტიული მოწოდებებით გამოცხადდეს.

თუ როგორც რიგითი ადამიანი, ამ ფორმატში დადგება, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და ამას ჩვენ მათ ვერ შევუზღუდავთ, მაგრამ აქ სხვა საფრთხეც შეიძლება დადგეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფების კონცენტრაცია ხდება ჩვენთან გუმათში.

პოლიციასაც მივმართეთ, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, მაგრამ განგვიცხადეს, რომ არ აპირებენ არანაირი ზომის მიღებას და შეიძლება დავდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ აი ამ ჯგუფებს შორის დაიძაბოს ურთიერთობა. თუმცა ჩვენ ამ ნაწილშიც ვემიჯნებით მათ. საერთოდ სხვა მხარეს გავდგებით და თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია და ამ შემთხვევაში ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დატოვონ ტერიტორია“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფებთან რიონის ხეობის დამცველებს არანაირი იდეური თანხვედრა არ აქვთ. „არაფერი გვაქვს საერთო, არც იდეურად და მით უმეტეს, საქმიან თანამშრომლობას ვემიჯნებით ყველა ასპექტში“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

XIX საუკუნის იტალიელი ავტორი ქართველებზე: იმდენადვე ამაყები არიან, რამდენადაც უპოვარნი  

„ჯულიო ფერარიოს ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ – ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა გამოსცა. ჯულიო ფერარიო მე-18 საუკუნის ბოლოსა და  მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები მსოფლიო კულტურის ისტორიის მკვლევარი და ენციკლოპედისტია.

მის ნაშრომში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა კავკასიის ხალხთა, მათ შორის, ქართველების დახასიათებას, საცხოვრებელი გარემოს, ზნე-ჩვეულებების, ცხოვრების წესების, ჩაცმულობის აღწერას.

ფერარიომ სავარაუდოდ 1803 წელს დაწერა ნაშრომში საქართველოს შესახებ, რადგან დასძენს, რომ „ეს მიწა-წყალი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სახელოვანმა ხელმწიფე ერეკლემ შექმნა“ და „უკვე ოცი წელია, რაც გრუზიის სახელით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფება“. გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან, 1783 წლიდან 20 წელი სწორედ 1803 წელს იქნებოდა.

ქართულ ენაზე ახლახან გამოცემული პუბლიკაცია ნაწილია ჯულიო ფერარიოს მონუმენტური ნაშრომისა, რომელსაც „ძველი და ახალი წეს-ჩვეულებანი“ ეწოდება.

[ნაშრომი იტალიურიდან ქართულად სალომე კენჭოშვილმა თარგმნა. გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და განმარტებები დაურთო გიორგი სორდიამ]

ნაშრომს ერთვის ჩანახატი ქართველთა გამოსახულებით. ავტორი აღნიშნავს, რომ ნახატი ცნობილი იტალიელი მხატვრის – პელაჯო პელაჯის მიერაა შესრულებული.

ფერარიოს აღწერით ფერად ილუსტრაციაზე გამოსახულია ბამბის ქსოვილების მაღაზია, რომლის წინ მისი ქართველი მეპატრონე ზის და ესაუბრება იმერელ კაცს ქსოვილის ფასზე.

ცნობილი იტალიელი მხატვრის – პელაჯო პელაჯის ფერადი ილუსტრაცია ქართველთა გამოსახულებით

ნაშრომში წერია, რომ ,,ამ შესანიშნავი ჰავის მქონე და ძირითადად ჯანსაღ ქვეყანაში“ უხვადაა ცხენი და რქოსანი პირუტყვი, რაც ზომით და შესახედავად საუკეთესო ევროპულ ჯიშებსაც კი არ ჩამოუვარდება.

ქართველებს ფერარიო გარეგნობის მიხედვით აღწერს როგორც ლამაზ, ტანად და მარჯვე ადამიანებს, რომლებსაც არ აკლიათ მახვილგონიერება. მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობა იმ დროს, როცა ის კავკასიის ხალხთა შესახებ წერს, დაახლოებით სამასი ათასს შეადგენს, მათგან ორი მესამედი მკვიდრი მოსახლეობაა, ასევე მრავლად არიან სომხები და ებრაელები.

წერს, რომ ქართველი ქალები თავიანთი სილამაზით არიან ცნობილები ჩერქეზი ქალების მსგავსად, „თუმცა ნაკლებად თეთრები და ტანწერწეტები არიან“.

დედაქალაქის მოსახლეობა 20 ათასს არ აღემატება ენციკლოპედისტის ცნობით, ქალაქში ოცი ქართული, თვრამეტი – სომხური და ერთიც კათოლიკური ეკლესიაა ამ დროს, ასევე ერთი სპარსული მეჩეთი. ქალაქი ცხინვალი ამ დროისთვის დასახლებულია ებრაელებით, გორი კი – სომხებით.

სანამ სამეფო დინასტია უფლებამოსილებას რუსეთს გადასცემდა, მკვლევარი აღნიშნავს, რომ საქართველოს განმტკიცებასა და განვითარებას ამაოდ ცდილობდა არაერთი „შესანიშნავი ხელმწიფე“.

„თავად-აზნაურები გარკვეულ გადასახადს უხდიდნენ მეფესა და დიდებულებს და თუმც ქოხმახებში ცხოვრობდნენ, იმდენადვე ამაყები იყვნენ, რამდენადაც უპოვარნი და უმეცარნი. ხალხი სრულ მონობაში ცხოვრობდა და მათ პირუტყვივით საჩუქრად და გირაოდ გასცემდნენ და ჰყიდდნენ. ყველა, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ჯარისკაცად ითვლებოდა“, – წერს ჯულიო ფერარიო.

მისივე ცნობით, თითქმის ყველა ქართველ კაცს მოშვებული აქვს წვერ-ულვაში და აცვია ტილოს ან აბრეშუმის შარვალი, წითელი აბრეშუმის ზედა პერანგი და ტარსიკონის ფეხსაცმელი.

ავტორის დაკვირვებით, ქართველები ვერ სარგებლობენ იმ ბუნებრივი სიკეთეებით, რისი გამოყენებაც მათ უკეთ შეუძლიათ:

„ზოგადად, ვერ ვიტყვით, რომ ამ ხალხს დიდად იტაცებდეს მშვიდობიანი საქმიანობა. წესიერად ისიც არ იციან, როგორ ისარგებლონ ამ უაღრესად ნაყოფიერი მიწით, რომელზეც ცხოვრობენ: ვაზი აქ ლამის ყველგან თავისით ხარობს, ხოლო საუკეთესო ხეხილი უხვად მოდის დიდი გარჯის გარეშე.

ვრცელი ტყეები მოსახლეობას მშენებლობისათვის საუკეთესო მერქნით უზრუნველყოფს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ველურებივით უმეტესად მიწურებში ცხოვრობენ ლეკებისა და სხვა მთიელების შემოსევებისგან თავის დასაცავად. თუნდაც ეს ერთი გარემოება ცხადყოფს ამ ქვეყნის სავალალო მდგომარეობას“, – წერს იტალიელი მკვლევარი.

ყმები უპოვარებად არიან მოხსენიებულები იტალიელი ავტორის ნაშრომში, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ და „მეტისმეტად უქნარები“ არიან, მუშაობითა და საქმიანობით რაიმე ქონების შეძენის შესაძლებლობას მოკლებულები. ამუშავებენ მიწის მხოლოდ იმ ნაკვეთს, რაც საკვების უზრუნველსაყოფადაა საკმარისი. პურის ნაცვლად ფეტვისა და ღორის ხორცის სქელი წვნიანით კმაყოფილდებიან და მთელი მათი საკვები ამისგან შედგება.

ასევე ,,ყურძნის ჭაჭისგან საძაგელ სასმელს აკეთებენ. მაგრამ ამ მოჩვენებითი ზომიერების მიუხედავად, თუ ხელსაყრელი შესაძლებლობა მიეცათ, ქართველები უბადლო მსუნაგებად იქცევიან, რასაც თან ერთვის თავხედობა და თავაშვებულობა“, – წერია ნაშრომში.

როგორც იტალიელი ენციკლოპედისტი აღწერს, ქართველებს ვაჭრობა არ უყვართ, არადა ღვინის, აბრეშუმის, ბამბის მერქნისა და ხილის ექსპორტით საქართველოს შეუძლია იყოს მდიდარი და რომ არა სომხები, რომლებიც მაგალითს აძლევენ უსაქმურ ქართველებს, ვაჭრობის საქმე აქ სრულად ჩაკვდებოდაო – წერს ის.

მისივე აღწერით, იმერეთში ვაზის ერთი ძირიც კი უზრუნველყოფს ოჯახს ღვინით, ხოლო მოსახლეობის უმაქნისობის გამო გამოუყენებელი რჩება აქაური მიწისა და კლიმატის მადლი.

გურულებზე ავტორი წერს, რომ მეზობელი ფაშებისაგან აწიოკებულები ვერ სარგებლობენ იმ მრავალგვარი შესაძლებლობით, რასაც მათ ბუნება სთავაზობს.

აღწერს ასევე სამეგრელოსა და სვანეთს, რომლის მოსახლეობაც 5000 კომლამდეა. ბატონისა და ხელმწიფის გარეშე მცხოვრებ სვანებს, ფერარიოს შეფასებით, საფრთხე არ ემუქრებათ.

წითელთავსაფრიანი სვანი ქალები ისე არიან შებურულები, რომ თვალების გარდა არაფერი უჩანთ.

მამაკაცები კი განთქმულები არიან დაუნდობლობით, მათ შიშისმომგვრელი სიმაღლე და შთამბეჭდავი აღნაგობა აქვთ ,,კარგად ფლობენ თოფს და თავიანთი საბადოებიდან მოპოვებული მასალით იკეთებენ თოფის წამალსა და ყოველგვარ იარაღს“.

ფერარიოს ნაშრომი „ძველი და ახალი წეს-ჩვეულებანი“, სადაც კავკასიის შესახებაც წერია, პირველად 1817-1834 წლებში გამოქვეყნდა მილანში და შედგება 21 წიგნისგან.

ნაშრომის ნაწილის ქართულენოვანი თარგმანის შესავალ ნაწილში წერია, რომ გამოცემამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და მე-19 საუკუნეში მალევე განახლებული გამოცემებიც დაიბეჭდა.

წიგნის სრული სახელწოდებაა „ძველი და ახალი წეს-ჩვეულებანი, ანუ ამბავი ყველა ძველი და თანამედროვე ხალხის ხელისუფლების, შეიარაღების, რელიგიის, ხელოსნობის, ცოდნისა და ადათ-წესების შესახებ, ძველი წყაროების მიხედვით და შესაბამისი სურათებით ნაამბობი დოქტორ ჯულიო ფერარიოს მიერ“.

6 წელი მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ქვეითს დაეჯახა და მიატოვა

რუსთავის სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა მძღოლს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისა და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის.

„2020 წლის 28 სექტემბერს, ქ. რუსთავში, გ.დ.-მ, რომელიც „ფორდ მუსტანგის“ მარკის ავტომობილს მართავდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და ქვეით ე.ბ. -ს შეეჯახა.

მიუხედავად იმისა, რომ ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გ.დ.-მ მას დახმარება არ აღმოუჩინა და ავტომობილით მოძრაობა განაგრძო. ე.ბ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა,“ – წერს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გ.დ. 2020 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.დ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„აღარ არის ადგილი“ – ბათუმში კოვიდსასტუმროს ამატებენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ბათუმში კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ ახალი ხელშეკრულება 300 ათას ლარზე 2021 წლის 8 აპრილს გააფორმა.

დოკუმენტების მიხედვით, 8 აპრილითაა დათარიღებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტში გაგზავნილი წერილიც, რომ არსებულ კოვიდსასტუმროში აღარ არის თავისუფალი ადგილი და ვეღარ იღებენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს.

„ვინაიდან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აჭარის რეგიონში კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირებულ პირთა რაოდენობა, მიზანშეწონილია გაიხსნას ახალი საკარანტინე სივრცე. გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნული იყო მინისტრის წერილში.

ტურიზმის დეპარტამენტმა კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა და შეთანხმებისთვის შესყიდვების სააგენტოს 14 აპრილს მიმართა.

„ბოლო ორი კვირის მანძილზე საგრძნობლად იმატა კოვიდინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობამ, რის გამოც საჭირო გახდა სასტუმრო მომსახურების დამატებით შესყიდვა,“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

ხელშეკრულების მიხედვით, დეპარტამენტი კოვიდსასტუმროში პაციენტებს საჭიროების მიხედვით განათავსებს, ხოლო სასტუმროს მესაკუთრეს თანხას ფაქტობრივი მომსახურების შესაბამისად გადაუხდიან. დღიურად ერთ ნომერში დეპარტამენტი 50 ლარს გადაიხდის, ამ თანხაში სამჯერადი კვებაც შედის.

აჭარის ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 2020 წლის აპრილიდან საქართველოსა და აჭარის მთავრობების შესაბამისი განკარგულებებით დაევალა.

15 აპრილის დილის მონაცემებით, აჭარაში 163 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში:

აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა | 15 აპრილი

შეიძლება კოვიდით ინფიცირება ქუჩაში? – რას ამბობენ გერმანელი მეცნიერები

აეროზოლების კვლევის საზოგადოების [GAeF] წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნება კოვიდით მასობრივ ინფიცირებას არ იწვევს.

აეროზოლების კვლევის საზოგადოების მკვლევარებმა 11 აპრილს გაავრცელეს ღია წერილი. მათ გერმანიის მთავრობას მიმართეს და მოუწოდეს, პანდემიის სამართავად არ გამოიყენონ კომენდანტის საათი.

გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიღბის ტარება ქუჩაში და ამავდროულად ნიღბის გარეშე ყავის დალევა კაფეში მეგობრებთან ერთად არ არის ის ზომები, რაც კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტში მათთან მეცნიერების წერილზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სუფთა ჰაერზე კოვიდით ინფიცირება იშვიათად ხდება და საჭირო დისტანციის შენარჩუნების შემთხვევაში ინფიცირების რისკი მინიმალურია.

„თუ შემოვიღებთ აკრძალვას სახლიდან გასვლაზე, ეს იქნება სიგნალი მოსახლეობისთვის, რომ ქუჩაში გასვლა საშიშია. მაგრამ ეს სრულებით არ არის ასე,“ – აცხადებს ფიზიკოსი გერჰარდ შოიხი, რომელიც ადრე GAeF-ს ხელმძღვანელობდა.

მართალია, ქუჩაში კოვიდით ინფიცირების საფრთხე უფრო დაბალია, ვიდრე დახურულ შენობაში, თუმცა მნიშვნელოვანია კორონავირუსის იმ ვარიანტების გათვალისწინება, რომელთაც მუტაცია განიცადეს.

ინფექციის გადაცემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ე.წ. აეროზოლები – სითხის უმცირესი ნაწილაკები, რომლებსაც ინფიცირებული სუნთქვისას გამოყოფს. ექსპერტები ამბობენ, რომ სუფთა ჰაერზე ეს ნაწილაკები უფრო ნაკლებად არიან საშიში, ვიდრე დახურულ შენობაში.

„ეს დაკავშირებულია ჰაერის აქტიურ ცირკულაციასთან“ – განმარტავს „დოიჩე ველესთან“ ნიკო მუტერსი, ბონის უნივერსიტეტის ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

მას ეთანხმება ბირგიტ ვენერიც, ლაიბნიცის ტროპოსფერული კვლევითი  ინსტიტუტის მკვლევარი. მეცნიერის თქმით, სუფთა ჰაერზე სუნთქვისას სითხის ნაწილაკები უფრო სწრაფად შრება.

მიუხედავად ამისა, ქუჩაში კორონავირუსით ინფიცირების რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. ინფიცირება შესაძლებელია, როცა საუბარია განსაზღვრულ ფართობზე ადამიანების დიდ თავშეყრაზე. ასე, რომ სოციალური დისტანციის დაცვა [მეტრ-ნახევარი] სუფთა ჰაერზეც საჭიროა.

„თუ ასე არ ვიზამთ და ვილაპარაკებთ ერთმანეთთან სახის სახესთან ახლოს მიტანით და ხმამაღლა, შეიძლება დავაინფიციროთ თანამოსაუბრე,“ – ამბობს გერმანელი ვირუსოლოგი ალექსანდრ კეკულე.

დასკვნა ასეთია: საჭიროა გადახვევისა და გადაკოცნისგან თავის შეკავება, ხოლო ჩვეულებრივი შეხვედრისას, როცა, მაგალითად, გვერდით ჩაუვლით ადამიანს, ინფიცირების რისკი არ დგება – ამბობს ექსპერტი.

_____________

მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მასალებზე დაყრდნობით.

OoklaÒ – ოკლას გათვლებით სილქნეტის ინტერნეტ სიჩქარე ყველაზე სწრაფია საქართველოში

ყველასათვის ცნობილი Speedtest® აპლიკაციას მომხმარებლებს სთავაზობს Ookla – ოკლა, მსოფლიოში აღიარებული მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების და მონაცემთა ანალიზის კომპანია. Ookla Speedtest აპლიკაციის მეშვეობით სილქნეტი გამოვლინდა, როგორც 2020 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე სწრაფი მობილური ქსელის მომწოდებელი საქართველოში. 

ამერიკული კომპანია Ookla, აწარმოებს ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებას ოკლას სპეციალური აპლიკაციის Speedtest.net მეშვეობით. ამ აპლიკაციით საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად ათობით მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. ოკლას მიერ ხდება მონაცემთა ზუსტი ანალიზი, რომლიც მიხედვითაც დგინდება ქსელის სისწრაფე. მისი მეთოდოლიგია ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით ახდენს მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტ (ფიქსირებული და მობილური)  ქსელების ხარისხს. 

ოკლას მომსახურებით დღესდღეობით ძალიან ბევრი სერვის პროვაიდერი და მობილური ოპერატორი სარგებლობს, მისი პროდუქტები 30 ენაზეა ნათარგმნი და მას იყენებს ათასობით ბიზნეს კომპანია, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, უნივერსიტეტები და კომერციული ორგანიზაციები. 

საქართველოში მობილური ინტერნეტ ქსელის ტესტირება კომპანია ოკლამ გასული წლის მეორე ნახევარში განახორციელა. სიჩქარის ტესტირების ჯილდო – Speedtest Awards ეყრდნობა კონკრეტული პერიოდის ექვთვიანი ტესტირების შეჯამებულ, ეგრეთწოდებულ ჯილდოს პერიოდის შედეგებს, რომლის დროსაც გენერირდება მონაცემები შემდგომი გადამუშავებისა და ანალიზის მიზნით. 

საქართველოში გასული წლის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში ოკლას Speedtest® აპლიკაციით ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ საქართველოში სილქნეტს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი აქვს. 

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბოლო პერიოდის ინტენსიურმა მუშაობამ ჯეოსელის ქსელის გასაუმჯობესებლად დაატკიცა, რომ საუკეთესო ვართ ხარისხისა და სისწრაფის კუთხით. ჩენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლის ნომერ პირველი არჩევანი და სწრედ მომხმარებელზე ზრუნვით არის განპირობებილი, რაც აქამდე გავაკეთეთ.

ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური ბრენდის ოკლას მიერ გაცემული ჯილდო: „ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი საქართველოში, 2020“. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ქსელის გაძლიერებას. ეს მუდმივი პროცესია იმისთვის, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიურ წინსვლას ყოველთვის ავუწყოთ ფეხი და მომხმარებელს საუკეთესო ქსელი შევთავაზოთ“ – სილქნტის კომერციული დირექტორი, ბაჩო ჩინჩალაძე.

“ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლი გამოიყენებს ჩვენს აპლიკაციას ყოველწლიურად ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად.  Ookla ახდენს ტესტირების შედეგების ანალიზს  რათა მიიღოს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის მონაცემების ობიექტური შეფასება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მოხარულები ვართ, განვაცხდოთ, რომ სილქნეტის მობილური ქსელი – ჯეოსელი ყველაზე სწრაფი მობილური ქსელია საქართველოში. ეს ჯილდო ადასტურებს სილქნეტის ქსელის შეუფერხებელ მუშაობას, რაც გამოსცადეს მისმა მომხმარებლებმა გასული წლის მესამე და მეოთხე კვარტლის განმავლობაში“,- განაცხადა კომპანია Ookla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დაუგ სათლსმა.  


* Ookla® of Speedtest Intelligence® Q3–Q4 2020-ის მონაცემების ანალიზის მიხედვით. Ookla – ლიცენზირებული სავაჭრო ნიშანი და უფლებები დაცულია.

ქალების თითქმის ნახევარს არ ეძლევა სექსზე უარის თქმის უფლება – გაერო

57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს უფლება არ აქვს თავად გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა სექსი თავის პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის საფლაგმანო ანგარიშში „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობა“.

პრესრელიზის თანახმად, პირველად ხდება, რომ გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას; ეს გულისხმობს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების ძალაუფლებას ძალადობის ან სხვების გადაწყვეტილებების თავს მოხვევის შიშის გარეშე.

სხეულის ავტონომიის დარღვევის ფორმებში შედის სექსუალური ძალადობა, ბავშვთა/ადრეული ქორწინება, ღირსების გამო მკვლელობა და სხვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია: ქალების მხოლოდ 55 პროცენტია სრულად უფლებამოსილი გააკეთოს არჩევანი ჯანდაცვასა და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით და ასევე შეუძლია, რომ სექსზე თანხმობა ან უარი თქვას.

ამ ქვეყნების მხოლოდ 71 პროცენტში არის გარანტირებული წვდომა დედათა ჯანმრთელობის მომსახურებაზე.

ქვეყნების მხოლოდ 75 პროცენტში არის სამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფილი სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციაზე.

ქვეყნების მხოლოდ 80-მდე პროცენტს აქვს სექსუალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშემწყობი კანონები.

ქვეყნების მხოლოდ 56-მდე პროცენტში არსებობს კანონები და პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ განათლებას ადამიანის სექსუალობის შესახებ.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ქალებს უფრო მეტად აქვთ სხეულზე ავტონომია. თუმცა წილი იმ ქალებისა, რომლებიც არ არიან საკმარისად გაძლიერებული იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ჯანდაცვაზე, კონტრაცეფციაზე და არ აქვთ შესაძლებლობა, განაცხადონ თანხმობა ან უარი სექსზე, კვლავ მაღალია:

19 პროცენტი უკრაინაში, 23 პროცენტი ყირგიზეთში, 31 პროცენტი ალბანეთში და 34 პროცენტი სომხეთში. ტაჯიკეთში ქალების 67 პროცენტს არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე.

ანგარიშში ნათქვამია, როგორ ირღვევა ქალების, მამაკაცების, გოგოებისა და ბიჭების ავტონომია თავიანთ სხეულზე:

  • 20 ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი „მოძალადეზე დაქორწინების შესახებ“, სადაც მამაკაცს შეუძლია სისხლისსამართლებრივ დევნას გაექცეს, თუ ის დაქორწინდება იმ ქალზე ან გოგოზე, რომელიც გააუპატიურა.
  • 43 ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა დაქორწინებულ პირებს შორის გაუპატიურების შესახებ (გაუპატიურება მეუღლის მიერ).
  • 30-ზე მეტ ქვეყანაში შეზღუდულია ქალების უფლება გადაადგილდნენ სახლის გარეთ
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები თითქმის სამჯერ უფრო მეტი ალბათობით შეიძლება დაექვემდებარონ სექსუალურ ძალადობას და ამ თვალსაზრისით, გოგოები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.

„ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქალების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება  იმის შესახებ, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი კავშირი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს. ასობით მილიონ ქალს და გოგონას საკუთარი სხეული თავად არ ეკუთვნის. მათ ცხოვრებას სხვები მართავენ,“ – აღნიშნავს UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი.

_________________

ფოტო: ფრაგმენტი ტაილერ სპენგლერის გრაფიკული ნამუშევრიდან, რომლითაც ანგარიშია ილუსტრირებული. 

სკოლებში სამედიცინო კაბინეტების გახსნა სავალდებულო გახდა – ახალი კანონი

სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, სამედიცინო კაბინეტები 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გაიხსნას, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია – 2022 წლის 15 სექტემბრამდე.

სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ახალი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც 2021 წლის 13 აპრილიდან ამოქმედდა.

ამ კანონით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში, სამედიცინო სივრცის [კაბინეტი/პუნქტი] ფუნქციონირება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს.

სკოლა კი ვალდებულია, „მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარებისთვის უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში სამედიცინო მომსახურების სივრცის [კაბინეტი/პუნქტი] ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.“

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა 2021 წლის 13 ივლისამდე სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი და სკოლებში სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების წესები უნდა დაამტკიცონ.

ამავე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კანონში შესულ ახალ ცვლილებებთან შესაბამისობა.


აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მდგომარეობით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამო, სრულად ონლაინსწავლებაზეა გადასული 10 სკოლა და 21 ცალკეული კლასი.

აჭარაში კოვიდის გამო 10 სკოლა და 21 კლასია ონლაინსწავლებაზე გადასული

 

აჭარაში კოვიდის გამო 10 სკოლა და 21 კლასია ონლაინსწავლებაზე გადასული

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მდგომარეობით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში სრულად ონლაინსწავლებაზეა გადასული 10 სკოლა და 21 ცალკეული კლასი.

გუშინ, 14 აპრილს, აჭარაში 6 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე კოვიდის შემთხვევების გამო.

კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია ორი საბავშვო ბაღი – ერთი ბათუმში და ერთი ქობულეთში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსზე მხოლოდ 24 917 ადამიანია აცრილი.

ბათუმში 20 გრადუსამდე დათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 აპრილს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

დადასტურდა კოვიდის 1030 შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.14-მდე გაიზარდა

Stopcov.ge-ს ცნობით, 15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის  1 030 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 7 პაციენტი გარდაიცვალა.

14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარაში – 103, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 63, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 24სამეგრელო – ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 42მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

ამ ეტაპზე ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 8 921 ადამიანი.  მათგან 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი.

394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანიმათ შორის თბილისში – 7 437 პირიაჭარაში – 2 475, იმერეთში – 1 024.

აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა | 15 აპრილი

15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 350 პაციენტი მკურნალობს და მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარაში თვითიზოლაციაშია 2 475  პირი. 163 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

ბათუმში ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

2021 წლის 14 აპრილს, ბათუმში  საზღვაო საწვრთნლი ცენტრი „ქუალშიფ ჯორჯია“ (QUALSHIP GEORGIA MARITIME TRAINING CENTER) ოფიციალურად გაიხსნა.

„ქუალშიფ ჯორჯია“ ქართველ მეზღვაურებს მაღალი დონის, მოკლევადიან საწვრთნელ კურსებს შესთავაზებს. სასწავლებელი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სიმულატორებით და ტრენაჟორებით და ყველა პირობას ქმნის წვრთნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. „ცენტრში მეზღვაურები პრაქტიკულ ტრენინგებს საგემბანე და სამანქანე განყოფილების ოფიცრები წვრთნას A კლასის ხიდის და ძრავის სიმულატორებზე გაივლიან,“ – აღნიშნა სასწავლებლის ხელმძღვანელმა, სოსლან ჩხაიძემ.  

ცეტრის ხელმძღვანელ პირებს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა საზღვაო სასწავლებლის აღიარების სერტიფიკატი გადასცა და ახალი ტრენინგ-ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საზღვაო სფეროში საქართველოსა და საბერძნეთს ძალიან მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. ეს ძალიან მაღალ დონეზე აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელიც ამის დასტურია, რომლის გახსნაც მნიშვნელოვანია რამოდენიმე თვალსაზრისით: პირველ რიგში, ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ბოლო პერიოდში პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და შესაბამისად მზარდი მოთხოვნაა მოკლევადიან გადამზადების კურსებზეც“. მისი თქმით, „ქუალშიფ ჯორჯია“ მეექვსე საზღვაო საწვრთნელი ცენტრია საქართველოში და ასეთ მაღალ დონეზე აღჭურვილი ტრენინგ-ცენტრის გახსნა, მნიშვნელოვანია ზოგადად საზღვაო სასწავლებლების განვითარებისა და კონკურენციის გაზრდისთვისაც.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოსადმი ბერძნული კომპანიების გაზრდილ ინტერესზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს ქართველ მეზღვაურთა დასაქმებისა და საზღვაო ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად: „ძალიან გვახარებს, რომ ბერძნული საზღვაო კომპანიები ინტერესდებიან ქართველი მეზღვაურებით, საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. გასულ წელს ჩვენი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სწორედ ბერძნულ-ქართული კომპანია – „ელ-ვიქტორი“ იყო. სახელმწიფო საზღვაო დარგის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარს უჭერს საზღვაო ბიზნესების განვითარებას ქვეყანაში და ქართველი მეზღვაურების ღირსეულ დასაქმებას“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი სასწავლებლის ბერძენ მფლობელთან ალექსანდერ გალანაკისთან და მეზღვაურთა წვრთნის ხელმძღვანელ დიმიტრის კალოსაკასთან ერთად დაათვალიერა.

დაკავებულია 6 პირი, მათ შორის არიან ძმები წულუკიძეები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები და, ასევე, ძმები – ირაკლი და გელა ჭელიძეები.

ძმები ჭელიძეები პოლიციამ თავიანთ სახლში დააკავა, ხოლო წულუკიძეები  – ქუჩაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა,“ – წერს შს სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_______________

ფოტოზე: ფირუზ წულუკიძე „რიონის ხეობის დამცველების“ აქციაზე. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ლუკა პერტაია

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი ჩაამტვრიეს

დღეს, 15 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბათუმის ოფისის შუშის კარი ჩამტვრეული დახვდათ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა დაზიანებული ოფისში არსებული ტექნიკა ან წაღებულია თუ არა რაიმე პარტიის ოფისიდან.

ეს  არ არის პირველი შემთხვევა,   ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პარტიის ოფისის კარი ჩამტვრეული ადრეც დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის #187-ე მუხლით, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული.

„ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.

საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა საჯარო შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში [კანონით, მოწევა ასევე აკრძალულია სადარბაზოშიცრადგან სადარბაზო არის მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება ისევე, როგორც ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი და ლიფტი].

ახალი დადგენილება პარლამენტმა სწორედ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე მიიღო 13 აპრილს.

პარლამენტმა კანონის აღსრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ „სანიმუშოა მოსახლეობის ფართო ფენების (მათ შორის, მწეველთა) [ამ კანონისადმი] მხარდაჭერის მაჩვენებელიც. კერძოდ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება, რომ აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერას და მისი განხორციელების გამო კმაყოფილებას საქართველოს მოსახლეობის 86% გამოხატავს.“

პარლამენტში მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ [რომლითაც მთელი რიგი აკრძალვები დაწესდა], „მსოფლიოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ახალი თაობის ერთ-ერთ ეფექტიან კანონადაა აღიარებული; მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის შეზღუდვის მიმართულებებით“.

ამ თემაზე ვრცლად:

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას – ფსიქოლოგის რჩევები

 

ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი

ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიციამ დააკავა

ოჯახის წევრის ინფორმაციით, ბათუმში   გუშინ, 14 აპრილს, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე დააკავეს სამართალდამცველებმა. დააკავეს ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები. ოჯახის ინფორმაციით, მათი დაკავება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობის დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

ძმები ჭელიძეები პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა, ხოლო წულუკიძეები – ქუჩაში.

ძმები წულუკიძეები ჭელიძესთან ერთად იმერეთში აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ელოდება.

საია ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე: ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რასაც საბოლოო შეფასებას მისცემს სასამართლო,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების შესახებ.

ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე, 30 მარტს, ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა პლაჟების კერძოს საკუთრებაში გადაცემა.

ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების მიზეზად აჭარის მთავრობამ აუდიტის დასკვნა დაასახელა, რომელიც 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.

იურისტი პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განკარგულების გამოცემამდე აჭარის მთავრობამ კანონით სავალდებულო მოთხოვნები უგულებელყო, მაგალითად, არ მოუსმენიათ ირაკლი ჯინჭარაძის ახსნა – განმარტება იმ დარღვევებზე, რაც სახელმწიფო აუდიტმა დააფიქსირა.

„აქტის გამოცემა უკვე ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა, მინიმუმ ის, რომ ვიღაც დაჯდა და აუდიტის დასკვნის საფუძველზე ეს აქტი დაწერა… შესაძლოა, მან თქვა, რომ არ სჭირდებოდა ახსნა-განმარტება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის და ამ საქმის გარემოებები არავის გამოუკვლევია.

ეს შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს, რომ ირაკლი ჯინჭარაძე რეალურად თავისი კრიტიკული მოსაზრების გამო დაისაჯა. ამას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით ბაციკაძის განცხადებაც [„ბურდღუ გაყოყოჩდა“ – ასე შეაფასა დავით ბაციკაძემ ირაკლი ჭინჭარაძის გათავისუფლების საკითხი ], რომ რეალურად დასაჯეს ადამიანი.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ირაკლი ჯინჭარაძე დისკრიმინაციის მსხვერპლია,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელისთვის ის ფაქტიც, რომ აუდიტის დასკვნის გამოკვლევით მთავრობა არ დაკავებულა და ამაზე თანამდებობის პირის საჯარო პროტესტის შემდეგ ჰქონდა რეაქცია, აჩვენებს იმას, რომ აჭარის მთავრობის რეაგირების მიზანი დასჯა იყო.

„მაშინვე უნდა მოეხდინათ რეაგირება, როცა ამდენი დრო გავიდა…

ახლა ჩნდება შთაბეჭდილება, რომ დასჯის მიზნით მოახდინეს რეაგირება… გამოსაკვლევია ისიც, ხარვეზები, რაც დაადგინა აუდიტმა დოკუმენტების შედარების შედეგად, მართლაც ტექნიკური ხარვეზი იყო, როგორც ამას ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, თუ სხვა პრობლემა,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს“.

პარლამენტი ავალებს მთავრობას ინტენსიურად იმუშაოს შესაბამის უწყებებთან და დროულად დაასრულოს პროცედურები, „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის“ მისაღებად.

ამასთან, „გამოვლინდა თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას საჭიროებს“.

„გამოვლინდა თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით, ორგანიზებულად რეკლამირების (სუპერმარკეტებში თამბაქოს ნაწარმის კონკრეტული ბრენდების პრომოგოგონების საშუალებით პოპულარიზაციის) ფაქტები, რაც სახელმწიფოს მიერ რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია დარღვევების არეალისა და მასშტაბის გაზრდის წამახალისებელი ფაქტორი გახდეს,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

მთლიანობაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა პარლამენტმა დადებითად შეაფასა.

დადგენილების მიხედვით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონის აღსრულების მდგომარეობა 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა.

ამასთან, „კომიტეტმა შეისწავლა თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგის შედეგები, სავაჭრო ქსელის ანალიზის შედეგები, სავაჭრო ობიექტების შიდა რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები და ტრანსპორტის მონიტორინგის შედეგები“.

ამ შესწავლის შედეგად კი:

  • „გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის (იანვარი-მარტი) მონაცემებთან (წინასწარი მონაცემები) შედარებისას საგულისხმოა სხვადასხვა ნოზოლოგიის (სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების) კლება;
  • გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესიული შემცირებისა და, შესაბამისად, სამართალდარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების გამოძახებათა კლების ტენდენცია;
  • აღმოჩნდა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის მაჩვენებელი მაღალია – 96-98%“.

[yellow_box]ამ თემაზე თამბაქოს რეკლამაზე 8 მლრდ დაიხარჯა, თამბაქოს გამო კი 8 მლნ ადამიანი დავკარგეთ – ჯანმო[/yellow_box]

[toggle title=”პარლამენტის დადგენილება სრულად ნახეთ აქ:“]

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის მარტი−ივნისის პერიოდში შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონში 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანის შემდეგ ამ კანონის აღსრულების მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა. კერძოდ, კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დასახა მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებები. ამასთანავე, ამ კანონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომიტეტმა შეისწავლა თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგის შედეგები, სავაჭრო ქსელის ანალიზის შედეგები, სავაჭრო ობიექტების შიდა რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები და ტრანსპორტის მონიტორინგის შედეგები.

მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად:

ა) გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის (იანვარი−მარტი) მონაცემებთან (წინასწარი მონაცემები) შედარებისას საგულისხმოა სხვადასხვა ნოზოლოგიის (სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების) კლება;

ბ) გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესიული შემცირებისა და, შესაბამისად, სამართალდარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების გამოძახებათა კლების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წლის 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მაჩვენებელი ზეპირი მოსმენის გამართვის დროისთვის (2019 წლის 30 მაისი) 96% იყო, ხოლო ზამთრის პერიოდში, მცირედით გაუარესების გამო − 86-87%;

გ) აღმოჩნდა, რომ სამასპინძლო ბიზნესში შემოსავლებისა და მომხმარებლების რაოდენობათა მნიშვნელოვანი მატების ტემპი შენარჩუნებულია ან გაზრდილია;

დ) გამოიკვეთა, რომ თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს;

ე) გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს;

ვ) 2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის დასაწყისისთვის სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციასთან დაკავშირებულმა დარღვევებმა მნიშვნელოვნად იკლო;

ზ) აღმოჩნდა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის მაჩვენებელი მაღალია – 96–98%;

თ) გამოვლინდა თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით, ორგანიზებულად რეკლამირების (სუპერმარკეტებში თამბაქოს ნაწარმის კონკრეტული ბრენდების პრომოგოგონების საშუალებით პოპულარიზაციის) ფაქტები, რაც სახელმწიფოს მიერ რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია დარღვევების არეალისა და მასშტაბის გაზრდის წამახალისებელი ფაქტორი გახდეს;

ი) გამოვლინდა თამბაქოს ინტერნეტით რეკლამირების (განსაკუთრებით − ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და მათი აქსესუარების სოციალური და სხვა ქსელებით რეკლამირების) და საცალო რეალიზაციის ფაქტები. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთვის ეს ყურადსაღებია, რათა მან საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით ადმინისტრირების გასაძლიერებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშაოს;

კ) გამოვლინდა თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას საჭიროებს;

ლ) გამოიკვეთა, რომ ტელეარხები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანი დანერგვისა და თამბაქოთი გამოწვეული ზიანის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი სოციალური რეკლამის განთავსებაზე ზოგჯერ უარს ამბობენ;

მ) გამოვლინდა, რომ საზოგადოებაში არსებობს თამბაქოსთვის თავის დასანებებლად კონსულტაციების მიღებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მოთხოვნილება, და გამოიკვეთა მისი ზრდის ტენდენცია;

ნ) გამოიკვეთა, რომ აუცილებელია თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის ადმინისტრირების გასაძლიერებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის „თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმთან“ საქართველოს შეერთებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყების საჭიროების შეფასება. ამასთანავე, აუცილებელია თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის, აგრეთვე თამბაქოს ინტერნეტით რეკლამირების (განსაკუთრებით − ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და მათი აქსესუარების სოციალური და სხვა ქსელებით რეკლამირების) და საცალო რეალიზაციის აღკვეთის მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირების ღონისძიებების გაძლიერება და თამბაქოს ნაწარმზე კანონით დადგენილი სამედიცინო გაფრთხილების (მათ შორის, პიქტოგრამის) განთავსების პერიოდში იმპორტიორის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისთვის შემოსავლების სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის უწყებათაშორისი საკომუნიკაციო, საინფორმაციო მექანიზმის/ფორმატის შექმნა;

ო) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ძალისხმევით დანერგეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები. დღევანდელი მდგომარეობით, ამ რეფორმის განხორციელების მაჩვენებელი 96%-ია. ამასთანავე, სანიმუშოა მოსახლეობის ფართო ფენების (მათ შორის, მწეველთა) მხარდაჭერის მაჩვენებელი. კერძოდ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება, რომ აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერას და მისი განხორციელების გამო კმაყოფილებას საქართველოს მოსახლეობის 86% გამოხატავს. ამ საერთო ძალისხმევის შედეგია მსოფლიოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი თაობის ერთ-ერთ ეფექტიან კანონად აღიარება, მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის შეზღუდვის მიმართულებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა დადებითად შეფასდეს.

2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროებისთვის მიწოდება და 1 თვის ვადაში მათ მიერ განხორციელებული სათანადო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება.

3. საქართველოს მთავრობამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტის (საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი) დროულად მიღებისთვის შესაბამის უწყებებთან ინტენსიური კომუნიკაცია განახორციელოს და დაასრულოს აღნიშნული აქტის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

13 აპრილი 2021 წ. N455-IVმს-Xმპ

[/toggle]

 

ამ თემაზე:

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას – ფსიქოლოგის რჩევები

კერძო კომპანიის მადანს შეწირული ქალაქი [ვიდეო]

ზესტაფონის ბაზართან ახლოს კერძო კომპანიამ 11 180 კვ.მეტრი ტერიტორია გადათხარა. ახლა აქ დაახლოებით 3-სართულიანი სახლის სიმაღლის ორმოა ამოთხრილი. არ ვიცით, ამის გამო რა საფრთხე შეექმნა აქ არსებულ შენობებს, სადაც მოქმედი კომერციული ობიექტებია განთავსებული, რადგან ეს საკითხი ჯერ არავის შეუსწავლია. კომპანიას აქ სასარგებლო წიაღისეულის ამოღების უფლება ისე მისცეს, რომ მისი მოპოვების ტექნოლოგიური სქემა არ წარუდგენია. ამ ლიცენზიაში „ოცნების“ შემწირველმა ბიზნესმენმა და მისმა პარტნიორმა მილიონი ლარი გადაიხადეს.

ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი ზესტაფონის  მუნიციპალიტეტისთვის დასაქმების მთავარი ადგილია. აქ ერთ მონაკვეთში, სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ძვირფასი ლითონი სილიკომანგანუმი.

ძვირფასი ლითონის ამოსაღებად კომპანია თვეების განმავლობაში სამუშაოებს აწარმოებდა ისე, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებში ადამიანები მუშაობდნენ. სამთავრობო სტრუქტურებიდან არავის უფიქრია იმაზე, რომ აქ დასაქმებულებისთვის კომპენსაცია თუნდაც იმისთვის გაეთვალისწინებინათ, რომ სამუშაოების წარმოების პერიოდში, როდესაც მათი შენობების ქვეშ „ყველაფერი ზანზარებდა“, დროებით შეჩერების შესაძლებლობა მისცემოდათ.

2020 წლის ოქტომბერში, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ლითონის ქერქული ნარჩენების მოპოვებაზე ლიცენზია საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრომ წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე გასცა.

ლიცენზიის მფლობელ კომპანიას შპს „ემანუკას“ 11 180 კვადრატულ მეტრზე 83 151 ტონა ნედლეულის ამოღების უფლება მოიპოვა და ამოიღო კიდეც. კომპანიას ასევე მისცეს ტერიტორიის 10 მეტრ სიღრმეზე ამოთხრის უფლება – ამ ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიამ 1 მილიონი ლარი გადაიხადა.

ლიცენზიის მოქმედების ვადად ერთი წელი განისაზღვრა, კომპანიას 2021 წლის ოქტომბრამდე აქვს სამუშაოების გაგრძელების ვადა და ვინაიდან ქუჩის მოპირკეთება ჯერ კიდევ არ დაუწყია, სავარაუდოდ ზესტაფონში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მინიმუმ წლის ბოლომდე გადათხრილი იქნება.

„ჭანტურიას ქუჩაზე, რომელიც არის მოქმედი სავაჭრო გზა და ერთადერთი ადგილი ზესტაფონში, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული, შემოსავლის ერთადერთი წყარო მცირე მეწარმეებისთვის არის ეს ქუჩა. ამ ქუჩის ქვეშ არსებული სილიკომანგანუმის მოპოვებისთვის გასცეს ლიცენზია ისე, რომ არავის არ უფიქრია ამ ადამიანებისთვის კომპენსაციის გაცემაზე, ასევე ამ ქუჩის მიმდებარე შენობების კონსტრუქციულ მდგრადობაზე, იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ეს სამუშაოები მათ შეუქმნის. ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებდა ეს ქუჩა პანდემიის პირობებში, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო და ისედაც უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდა ეს ხალხი“, – ამბობს ანა ბიბილაშვილი, არქიტექტორ-ურბანისტი.

ანა ზესტაფონელია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამავე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი „ლელოდან“. წინასაარჩევნოდ მან ქალაქში არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ შესაბამისი დოკუმენტებიც გამოითხოვა და შეისწავლა.

ის, როგორც არქიტექტორ-ურბანისტი, ეჭვქვეშ აყენებს ასევე ამოთხრილი ტერიტორიის შევსების ტექნოლოგიას:

„ეს ორმო შეავსეს ორ დღეში, შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარდა, ამიტომაც ეს ქუჩა ყოველთვის პრობლემური იქნება. ამაზე გადაგებული ასფალტი იქნება დროებითი და ის ერთი წელიც ვერ იმუშავებს. ამ ქუჩის მშენებლობის ნებართვა გასცა ზესტაფონის მერიამ  12 თვის ვადით. ეს არის კატასტროფა ამ ადამიანებისთვის. ანუ აგვისტოსა და სექტემბერში იქ გაუსაძლისი ვითარება იქნება, ამას ემატება სატრანსპორტო კოლაფსი, რაც იქ არის შექმნილი. ადამიანები მუშაობდნენ პირობებში, როდესაც მათი შენობის ქვეშ ყველაფერი ზანზარებდა.“

სალიცენზიო პირობები წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის ბრძანებით განისაზღვრა [ #1166ს] შესაბამისი სამუშაოების დაწყების ნებართვა ზესტაფონის მერისგან კომპანიამ 2021 წლის იანვარში მიიღო. ნებართვის მიხედვით, მერიამ ლიცენზიის მფლობელ კომპანიას სამუშაოების წარმოების უფლება მისცა, ბრძანებაში ჩაიწერა, რომ ეს არის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები.

შპს „ემენუკა“ 2020 წლის ივლისში დააფუძნეს, კომპანიის 50-50 პროცენტს შალვა სირაძე და გიორგი ხუტაშვილი ინაწილებენ.

შალვა სირაძემ 2019 წელს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს კი „ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ასევე 60 000 ლარი. შალვა სირაძე რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და წილების მფლობელია. ის იყო ასევე შპს „აუდორ მედია ჰაუის“ დირექტორი, სადაც მისი პარტნიორი დავით კეზერაშივილიც იყო.

ზესტაფონში კიდევ სამი ქუჩაა გადათხრილი, რაც ადგილობრივების თქმით, გაუსაძლის ვითარებას ქმნის – გადაადგილება უჭირს სასწრაფო დახმარების ჯგუფს როგორც გამოძახების ადგილზე, ასევე გამოძახებიდან საავადმყოფომდე.

YouTube video player

ბათუმის №18 სკოლის მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

დღეს, 14 აპრილს, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორი გვიდასტურებს.

სკოლის დირექტორის, რუსუდან დავითაძის თქმით, მოსწავლე ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მისი კლასი იზოლაციაში გადავიდა.

მოსწავლეს კორონავირუსის ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა ვირუსი.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში კოვიდის დადასტურების მაჩვენებელი ამ დროისთვის უკვე 0,04 პროცენტია, მასწავლებლების კი – 0,03 პროცენტი.

ზანგურს ქალზე ძალადობაში რეჟისორი ელენე მაცხონაშვილიც ადანაშაულებს – რას პასუხობს მსახიობი

რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ამხელს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ელენე მაცხონაშვილის თქმით, მან თავად დაინახა, როგორ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს აუდიტორიაში.

როგორც ელენე მაცხონაშვილი წერს, შემთხვევა წლების წინ მოხდა.

„დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! „დაგმობა“ ცოტაა!“ – წერს ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე.

ბესო ზანგური ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას ჰყავდა მეუღლე – ანა ყაჭეიშვილი და არ ჰყოლია შეყვარებული.

„თუ ანა ყაჭეიშვილს გულისხმობს ელენე მაცხონაშვილი, ჩემს ცოლს, მე რომ ვსწავლობდი, უკვე დამთავრებული ჰქონდა თეატრალური უნივერსიტეტი. თუ ამას წერს ნინუცა მაყაშვილზე, ესეც სისულელეა, რადგან ნინუცამ 8-9 წლის შემდეგ ჩააბარა თეატრალურში – მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე სწავლა. თან ამ დროს ნინუცა იყო ასაკით ძალიან პატარა. ასეთ კომენტარებს სამართლებრივად ვუპასუხებ. ვინ არის ელენე მაცხონაშვილი? რას შეესწრო და ვის შეესწრო წარმოდგენა არ მაქვს”, – ამბობს ბესო ზანგური.

ელენე მაცხონაშვილმა „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ შემთხვევა დაახლოებით 1999-2000 წლებში მოხდა, როცა ბესო ზანგური პირველ კურსზე იყო და ჯერ არ იყო დაქორწინებული ანა ყაჭეიშვილზე. ელენეს თქმით, ის და მისი მეგობარი ბიჭი [რომელსაც იდენტიფიცირება ბესო ზანგურთან მეგობრობის გამო არ სურს] შეესწრნენ როგორ სცემდა ზანგური შეყვარებულს.

„საღამო იყო, რეპეტიციები დამთავრებული იყო, შესაბამისად და აუდიტორიებიც იყო ცარიელი. ერთ-ერთი ასეთი ცარიელი აუდიტორიიდან მე და ჩემს ერთ მეგობარ ბიჭს ხმაური შემოგვესმა და გოგოს ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. ბესოს გამოვგლიჯეთ ეს გოგო და კონფლიქტიც იქ მორჩა. პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, ხომ იცით, ეს რა დროც იყო, პატრულიც კი არ არსებობდა.

მერე ვხედავდით, რომ წყვილმა ურთიერთობა გააგრძელა ჩვეულებრივად. ვერ დაგისახელებთ ვინ შეესწრო ჩემთან ერთად ამ ფაქტს. ეს ბიჭი ბესო ზანგურის მეგობარია და არ სურს გამოჩნდეს. ვერც გოგოს სახელს გეტყვით, ვისაც სცემდა ზანგური, არ ვიცი ის ისურვებდა თუ არა ამის გამხელას“, – გვითხრა ელენე მაცხონაშვილმა.


მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მასზე თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღლე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.

ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნინუცა მაყაშვილი შს სამინისტროში დაიბარეს.

ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს

მივიღებთ არა ფაიზერის, არამედ ასტრაზენეკას 83 000 დოზას მაისის დასაწყისში – სამინისტრო

„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“.

სამინისტროდან თავდაპირველად მიღებულ წერილში ეწერა, რომ „მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინას“.

დამატებით მიღებულ წერილში კი აღნიშნულია, რომ „კორესპონდენციაში ნაცვლად 83000 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინისა, უნდა იყოს მითითებული 83000 დოზა ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინა და წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83000 დოზა ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინას”.

ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილიდან

ამ თემაზე:

რითი განსხვავდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები

8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდი უპრეცენდენტოდ მაღალ დაფინანსებას – 8 მილიონ ლარს მიიღებს ფუნდამენტური კვლევებისთვის.

„დაფინანსება მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისთვის კონკურსია გამოცხადებული, „რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი. კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინტერნაციონალიზაციას“, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

შემზღუდველი საკონკურსო პირობები და არათანაბარი მიდგომა

„ბათუმელები“ გაეცნო 2021 წელს სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც რუსთაველის სამეცნიერო ფონდში, 2017-2019 წლებში, გრანტების გაცემის და სახელშეკრულებო პირობების შესრულებას ეხება.

მაგალითად, სახელმწიფო აუდიტი ამ ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების კონკურსთან დაკავშირებით წერს, რომ 2017-2018 წლებში, ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფისა და ფონდის ხელმძღვანელობის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, დაზუსტების უფლების გარეშე, საგრანტო კონკურსიდან 1 116 855 ლარის ღირებულების შვიდი სამეცნიერო პროექტი მოიხსნა. „მაშინ, როცა სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, ფონდმა საშუალება მისცა კონკურსანტებს დაეზუსტებინათ ხარვეზის მქონე დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აღნიშნულის შედეგად, მონაწილეები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში“.

აუდიტის დასკვნაში  ნათქვამია, რომ ფონდის მიერ შემუშავებული რეგულაციები არ არის შესაბამისობაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან:

„აღნიშნულის შედეგად, მხოლოდ 2018 წელს, ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პირველივე ეტაპიდან მოიხსნა 45 საგრანტო პროექტი“.

შეფასება განსხვავებული საპროექტო დოკუმენტაციით

ამ ნაწილში აუდიტი ამბობს, რომ საგრანტო წინადადებების შესაფასებლად ექსპერტებს წარედგინებათ აპლიკანტის ინგლისურენოვანი ვერსია, ხოლო ხელშეკრულება ფორმდება ქართულ ვერსიაში ჩამოყალიბებული პირობების საფუძველზე.

„ფონდი არ ახორციელებდა საპროექტო დოკუმენტაციის ინგლისური და ქართული ვერსიების შედარებას. შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში პროექტის ინგლისურენოვან ვერსიაში ექსპერტი აფასებდა კვლევის მიზნებს, ამოცანებს, მეთოდოლოგიასა და ინოვაციურობას, რომელზეც შემდგომ, ხელშეკრულების თანახმად, კონკურსანტი არ იღებდა ვალდებულებას“.

აუდიტის მასალების მიხედვით, 2017-2019 წლებში ასეთი 12 შემთხვევა გამოვლინდა, სადაც მნიშვნელოვანი სხვაობები ფიქსირდება პროექტის ქართულ და ინგლისურენოვან ვერსიებს შორის.

ეს „მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შესაძლოა კონკურსიდან მოხსნის საფუძველი გამხდარიყო“, – ამბობს აუდიტი.

სამეცნიერო შეფასება დაუსაბუთებელი ჩარევით

სახელმწიფო აუდიტი ფუნდამენტური კვლევების კონკურსის დროს გამოვლენილ კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს. კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ფონდის არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ კონკურსანტები 2017 წელს ჩატარებულ კონკურსში:

„პროექტების შეფასების შედეგების ხელახლა გადახედვას 192 პროექტის ნაცვლად, დაექვემდებარა მხოლოდ 82 პროექტი, რამაც გავლენა იქონია კონკურსის საბოლოო შედეგებზე“.

გამოყენებითი კვლევების კონკურს

აუდიტმა დარღვევები გამოავლინა ფონდის მიერ ჩატარებულ გამოყენებითი კვლევების კონკურსშიც. კერძოდ, გამოვლინდა ადმინისტრირების ნაკლოვანებები:

„ტექნიკური ექსპერტიზის არასრულყოფილად განხორციელების შედეგად, ფონდის მიერ დაფინანსებულია 1 959 600 ლარის ღირებულების ისეთი პროექტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ გამარჯვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს“.

არაპატენტუნარიანი სამეცნიერო პროექტები

ამავე დასკვნის მიხედვით, გამოყენებითი საგრანტო კვლევების კონკურსის ადმინისტრირებისას არ არის გათვალისწინებული პატენტის ერთადერთი მარეგისტრირებელი ორგანოს, საქპატენტის დასკვნები, კონცეფციის პატენტუნარიანობასთან დაკავშირებით.

„შედეგად, დადგენილი ნორმების მოთხოვნათა უგულებელყოფით დაფინანსდა 2 068 330 ლარის ღირებულების საგრანტო პროექტი“.

საგრანტო პროექტების შესრულება

დარღვევა გამოვლინდა 2017 წელს საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსის დაფინანსების ნაწილშიც, რომელსაც რუსთაველის სამეცნიერო ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებდნენ.

„ფონდმა აიღო ვალდებულება დაეფარა დაფინანსების 50%, რაც ეწინააღმდეგება მინისტრის ბრძანებით დადგენილ ნორმას, რომლის მიხედვით, დაფინანსება უნდა შეადგენდეს 30%-ს. შესაბამისად, ფონდის ხელმძღვანელობამ დაუსაბუთებელად აიღო ვალდებულება, ზედმეტად აენაზღაურებინა გრანტის მიმღები სუბიექტებისთვის 35 334 ლარი,“ – წერია აუდიტის დასკვნაში.

დაუსაბუთებელი სამივლინებო ანაზღაურება

რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა, სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შეუსაბამოდ დააფინანსა სასტუმროსა და დღიური ნორმის ხარჯები, საერთო ღირებულებით – 20 055 ლარი.

აუდიტი ამბობს, რომ მივლინებული პირები იმყოფებოდნენ 30 კმ-მდე მანძილზე, საიდანაც შესაძლებელი იყო სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება. თუმცა, მივლინებული პირები იმავე ადგილას უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი საცხოვრებლით“.

დაუსრულებელი კვლევები

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფონდში აღრიცხულია 8 313 517 ლარის საგრანტო პროექტები, რომლებიც 2010 -2019 წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა „ფონდს არ აქვს შემუშავებული კრიტერიუმები შესრულების ვალდებულების გადავადების შესახებ. შედეგად, ფონდმა დააკმაყოფილა ყველა მიმართვა ვალდებულების გადავადებასთან მიმართებით და არ შეწყვიტა ხელშეკრულება არც ერთ გრანტის მიმღებთან,“ – წერს აუდიტი.

ამავე დასკვნის მიხედვით, ფონდის გადაწყვეტილებები ხელშეკრულების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით არ არის სათანადოდ დასაბუთებული. „საპასუხო წერილებში არ არის ასახული ის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც უარი ეთქვათ განმცხადებლებს ცვლილებებზე.

რიგ შემთხვევებში ცვლილების საფუძველია სამეცნიერო ჯგუფებთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრები ან სატელეფონო საუბრები. შედეგად, ხელშემკვრელ მხარეებთან საკითხების დაზუსტება არათანაბარ პირობებში ხორციელდება,“ – ამბობს აუდიტი.

სამეცნიერო ღირებულების შეფასების უგულებელყოფა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასევე საუბარია იმაზე, რომ 2017-2019 წლებში საგრანტო დაფინანსებისთვის გაწეულია 50 849 179 ლარის საკასო ხარჯი. თუმცა ფონდი „სამეცნიერო ღირებულებისა და ეფექტიანობის შეფასებას არ ახორციელებს“.

ეთანხმება თუ არა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებებს და რა შეიცვალა ფონდში ამ დასკვნების გაცნობის შემდეგ? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ფონდსაც მიმართა. თუმცა ჯერჯერობით ფონდის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სილქფესტი ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს გთავაზობთ

მხოლოდ 15 აპრილს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს სამ სააქციო პაკეტს სთავაზობს.

კომბინაციით *202# აბონენტი 30 დღით გაიაქტიურებს:

[checklist]

15 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 10 ლარად;
3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად;

[/checklist]

ყველაზე მოთხოვნად პირობას – 30 დღიან ულიმიტო ინტერნეტს – მომხმარებელი ჩაირთავს კომბინაციით *019#  – 19 ლარად.

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირები უმაღლესში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტები საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 14 აპრილს, მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტს საქართველოს განათლების სამინისტრომ მიმართა.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამის არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და ამისთვის გადმოდიოდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნდა ჩაირიცხონ და დაფინანსდნენ.

დგებუაძის თქმით, ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის შესახებ დეტალები დაზუსტდება განათლების მინისტრის დადგენილებაში.

მსგავსი ინიციატივა  სამინისტროს პარლამენტში უფრო ადრე ჰქონდა წარდგენილი, თუმცა იქ დაკონკრეტებული იყო მხოლოდ სენსორული დარღვევების მქონე პირები, ინიციატივას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ  ფორმულირება არა მარტო სენსორული დარღვევის მქონე პირებს, არამედ მთლიანად შშმ პირებზე გავრცელდება.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საქმე არ უნდა განიხილონ

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად დაუშვა პარლამენტარების სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. საუბარია პარლამენტის სამ წევრზე, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, მანდატების შეჩერებას ითხოვენ, მაგრამ ამაზე პარლამენტი უარს ამბობს. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით თამარ კორძაიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ მიმართეს.

მოსამართლე ევა გოცირიძე გამონაკლისია. ის მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტარების ეს სარჩელი საერთოდ არ უნდა განიხილოს. მოსამართლე რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, მათ შორის, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკონსტიტუციოს მოუწევს პოლიტიკური დღის წესრიგით მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. ეს კი „მიუღებელია სასამართლოს როლიდან გამომდინარე,“ – აღნიშნავს მოსამართლე ევა გოცირიძე.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული პარლამენტის სადავო დადგენილებები შეაფასოს სამართლებრივი კრიტერიუმებით, რაც შეუძლებელია, ანდა ის შეაფასოს პოლიტიკური კრიტერიუმებით, რაც ასევე შეუძლებელი და მიუღებელია სასამართლოს როლიდან გამომდინარე.

ხსენებული დადგენილებები წმინდა პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებია, მიღებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე, პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი ბოიკოტის საპასუხოდ და წარმოადგენს მიმდინარე პოლიტიკური (სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დაუსრულებელი) პროცესის ნაწილს.

საკონსტიტუციო სასამართლო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ იურიდიული კატეგორიებით შეაფასოს კონსტიტუციურობა ისეთ პოლიტიკურ პროცესში – პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში – მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ისედაც ამოვარდნილია ორდინარული კონსტიტუციური მართლწესრიგიდან.

რადგან ჩემმა კოლეგებმა საქმე მიიღეს არსებითად განსახილველად, მათ არსებითი განხილვის დროს, სავარაუდოდ, მოუწევთ ან საკითხის პოლიტიკური კონტექსტის მთლიანად უგულვებელყოფა და არაორდინარული შემთხვევების ორდინარულ, კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებად მიჩნევა, რაც შეცდომა იქნება, ანდა ნებსით თუ უნებლიედ, პოლიტიკაში შეჭრა და პოლიტიკური კატეგორიებით ოპერირება, რაც ასევე შეცდომა იქნება.

უფრო გონივრული იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს განეხორციელებინა თვითშეზღუდვა საკითხის ბუნების, მისი წმინდა პოლიტიკური ხასიათის გამო და ე.წ. პოლიტიკური საკითხის დოქტრინაზე დაყრდნობით, უარი ეთქვა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში პარლამენტის სადავო დადგენილებების შეფასებაზე და სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილებანი პოლიტიკური ხელისუფლების მიხედულების ფარგლებში დაეტოვებინა,“ – წერს ევა გოცირიძე.

მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიციიდან პარლამენტში შესული დეპუტატების უმრავლესობამ ერთდროულად მოითხოვა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა. „…ამ გზით მიზნად ისახავენ ვადამდელი არჩევნების მიღწევას და ეს ყველაფერი საჯაროდ დეკლარირებული აქვთ,“ – დასძენს მოსამართლე.

მოსამართლე ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტს მსგავს ვითარებაში ფართო დისკრეცია უნდა ჰქონდეს და სასამართლო ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს.

„ვითარების არაორდინარულობა თავისთავად მიუთითებს იმის საჭიროებაზე, რომ პარლამენტს უნდა ჰქონოდა მოქმედების მეტი თავისუფლება და რომ 39-ე მულის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თავისი ვიწრო, ფორმალური, სიტყვასიტყვითი გაგებით განსახილველ შემთხვევებს არ მიემართება.

საქართველოს პარლამენტმა, სავარაუდოდ, სწორედ ზემოთ დასახელებული მიზეზებით, აღწერილ არაორდინარულ ვითარებაში საკუთარ თავს მიანიჭა დისკრეციული თავისუფლება, ემსჯელა 51 პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამართლებულობაზე და უარი თქვა მათი პირადი განცხადებების დაკმაყოფილებაზე,“ – წერს მოსამართლე.

ევა გოცირიძე თავის განსხვავებულ აზრში ასევე ხსნის, თუ როგორ ესმის მას „თავისუფალი მანდატი“.

„საზოგადოდ პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში პიროვნებამ შეიძლება გადაიფიქროს და უარი თქვას მოპოვებულ მანდატზე, თუმცა ეს „უფლება“ „თავისუფალი მანდატის“ პრინციპში კი არ ძევს, არამედ ადამიანის უფლებაში, არ დაკავდეს ისეთი საქმიანობით, რომელიც მის ნება-სურვილს არ შეესაბამება. ამასთან მიმართებაში (როდესაც, ცხადია, საკითხი შეეხება ორდინარულ შემთხვევებს და არა მასობრივ ბოიკოტს), შესაძლებელია, რელევანტური იყოს პიროვნების თავისუფალი განვითარების, პიროვნული ავტონომიურობის, შრომის თავისუფლების, იძულებითი შრომის აკრძალვისა და სხვა საკითხები კონკრეტული ვითარებებისა და გარემოებების გათვალისწინებით.

თუმცა ძალზე არასერიოზული იქნებოდა გვეფიქრა, რომ თავისუფალი მანდატის მფლობელი პარლამენტის წევრი, ვითომდა სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალი მანდატის მფლობელია, თითქოს უფრო მეტად თავისუფალია, უარი თქვას პარლამენტის წევრობაზე, ვიდრე იმპერატიული მანდატის მფლობელი,“ – წერს მოსამართლე ევა გოცირიძე.

Exit mobile version