ოჯახის 14 წლის წევრის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ახმეტაში კაცი დააკავეს

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების და მუქარის ბრალდებით, ახმეტაში კაცი დააკავეს.

შს სამინისტროს თანახმად, „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ პირთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 126 -ე, 11 პრიმა 151 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების გამო

17 მარტს 93 წლის ასაკში საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე.

კათალიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონში დაკრძალავენ.

სიონის ტაძარში დაკრძალული არიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V.

პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, რელიგიური კონფესიები და მაღალი თანამდებობის პირები.

  • სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სამძიმარი

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„არმენპრესის“ ცნობით, წმინდა ეჩმიაძინის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია:

„უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური. მისი მწყემსმთავრობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებითა და გააქტიურებით. რთულ პერიოდში ნეტარხსენებული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით უძღოდა თავის მორწმუნე სამწყსოს და ურყევად ინარჩუნებდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას.

ყოვლისშემძლე უფლის ნუგეშს ვთხოვ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს. ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს მისი მორწმუნე შვილების გულებში და შთაგონების წყაროდ იქცეს მომავალი თაობებისთვის“.

  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მთელი ცხოვრებისეული თავდადება და სულიერი მსახურება ქართველი ხალხის წინაშე ფასდაუდებელია და დიდხანს გვემახსოვრება“, — წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

  • საქართველოში იტალიის საელჩოს სამძიმარი

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,“ – წერს საელჩო.

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის წერილი

“ილია მეორე აღარ არის – ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა. ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.
ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა,” – წერს სააკაშვილი.

  • მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილის სამძიმრის წერილი
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს, თუმცა ილია მეორეს სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენიებს.
ილია მეორეს სრული ტიტულია: სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ს სრული ტიტულით არასდროს იხსენიებდა.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კირილმა ახსენა მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის ტიტული, თუმცა გამოტოვა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.
  • საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილი:

„გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო!

რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული.

მთელი თქვენი მოღვაწეობა სამ უმთავრეს მიზანს მიუძღვენით. პირველი, ცხადია, იყო ღმერთის მსახურება და სულიერების აღდგენა ქვეყანაში, სადაც საბჭოთა 70-წლიანმა მმართველობამ ქრისტიანობის ამოძირკვა სცადა და ნაწილობრივ შეძლო კიდეც. თქვენ აღადგინეთ საქართველოს ეკლესია არა მხოლოდ ტაძრებითა და წირვებით, არამედ რწმენითა და სულიერი სიმტკიცით.

მეორე თქვენი ურყევი მიზანი იყო საზოგადოების ერთობა, რადგან კარგად იცოდით, რომ ამ ქვეყნის ყველა მტერი, სწორედ ერთობის დაშლას, შიდა დაპირისპირებასა და ერის შინაგან დასუსტებას, თუ არა, გატეხვას ისახავდა მიზნად.

მესამე მიზანი თქვენს ღრმა პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ შეგნებაზე მეტყველებს. თქვენი აღსაყდრების პირველივე დღეებიდან იზრუნეთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა საზღვარზე ამოქმედებულიყო ქართული მონასტრები, ვით სულიერი დარაჯები. იქ, სადაც დღემდე სახელმწიფომ ვერ შეძლო აღიარებული და დაცული საზღვრების გამყარება, თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა და ამით გააგრძელეთ საქართველოს ეკლესიის საუკუნოვანი მისია – სახელმწიფო ერთობისა და დამოუკიდებლობის დაცვა,“ – წერს ზურაბიშვილი.

  • საქართველოში ჩეხეთის საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს,“ – წერს ჩეხეთის საელჩო.

  • ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილი

„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.

მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • პოლონეთის საელჩო საქართველოში

“პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.
მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,” – წერია სამძიმრის წერილში.

  • ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილი

„უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.

რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.

საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს,“ – ნათქვამია წერილში.

  • იაპონიის საელჩო საქართველოში 

„იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა“, – წერს იაპონიის საელჩო.

  • საქართველოში ირანის ელჩის სამძიმარი

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი; პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გარდამავალი პერიოდის რთულ წლებში, სიბრძნითა და მოთმინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შენარჩუნებაში“, — წერს ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი.

  • დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

“დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,” – წერს საელჩო.

საქართველოში შვედეთის საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, – წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში აშშ-ს საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,“ – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს წერილში.

  • საქართველოში საფრანგეთის საელჩოს სამძიმარი

„საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.

როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.

მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას“, – წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა,“- წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმარი

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.

ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • საქართველოში ისრაელის საელჩოს სამძიმარი

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.

ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმარი

„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  ილია II გარდაცვალების გამო.

მისი მრავალწლიანი მსახურება – რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში – განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს,“ – წერია სამძიმრის წერილში.

  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამძიმარი

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლისა და იმ სულიერი ლიდერის გარდაცვალების შესახებ, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიეძღვნა.

მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მოღვაწეობის განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის სულიერ ორიენტირად რჩებოდა; იგი ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განსამტკიცებლად, ქრისტიანული ტრადიციების დასაცავად და სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ საზოგადოების სულიერად აღსადგენად. ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის მხარდაჭერა, რომელიც მან გამოხატა უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას განიცდის.

პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი ადამიანი შთააგონა, დაეხმარა მათ განსაცდელის დაძლევაში და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ პერიოდებში, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების დროს.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღოლი დაკარგეს, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც იგი არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჭეშმარიტი სულიერი მამა იყო.

ვლოცულობთ, რათა მამაზეციერმა თავისი მსახური ზეციურ სავანეში მიიღოს.

უფალმა გაანათლოს ახლადშესვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სული თავის სასუფეველში და ნუგეში, მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე მიჰმადლოს ყველას, ვინც ამ დანაკლისს გლოვობს.

საუკუნო იყოს მისი ხსენება!“

პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული, სამშენებლო პროცესები ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია

დღეს, 18 მარტს, ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური აფიქსირებს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული.

რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ ანალოგიურ ავტომატურ სადგურს, ის ამ დროისთვის გათიშულია.

„ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემებთან წვდომა… ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე სააგენტოს მიერ მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების მიხედვით:

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

ბათუმი / 18.03.2026 / დღეს ბათუმში ზოგან მსუბუქი ნისლიცაა

 

კრასნოდარში კორპუსებს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს, დაიღუპა 1 ადამიანი

რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, რომლებიც ავრცელებენ  ფოტო და ვიდეომასალას, კრასნოდარში ერთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონები მაღალსართულიან შენობებს დაესხნენ თავს.

18 მარტის ღამეს, მას შემდეგ, რაც კრასნოდარის პრიკუბანსკის რაიონში მაღალსართულიან შენობას დრონი დაესხა თავს, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია კრასნოდარის მერმა, ევგენი ნაუმოვმაც დაადასტურა.

გუბერნატორ კონდრატიევის თქმით კი, დრონები სამ შენობას დაეჯახა: ერთმა ხანძარი გამოიწვია, რომელიც ჩააქრეს. კიდევ ერთი დრონი შენობას ხანძრის გამოწვევის გარეშე დაეჯახა, ხოლო მესამეში „ფრაგმენტები აივანზე იპოვეს“.

ქალაქის მერი მშობლებს ურჩევს, დღეს ბავშვები სკოლებში არ გაუშვან.

ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ ქალაქის დასაცავად მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„მისი უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას“ – აშშ-ს საელჩო პატრიარქის გარდაცვალებაზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო სამძიმრის ტექსტს აქვეყნებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა,“ – წერს აშშ-ს საელჩო.

17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე.

გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 282 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 786 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 229 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 38 506 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 688 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 333 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 184 333 ერთეული [+1 189]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 83 974 ერთეული [+230]
  • სპეცტექნიკა – 4 091 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრასნოდარში კორპუსებს უკრაინული დრონები დაესხა თავს, დაიღუპა 1 ადამიანი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი ედგა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (1917 წ.) შემდეგ, ილია მეორე ყველაზე დიდ ხანს იყო საპატრიარქო ტახტზე.

ნეტგაზეთი გთავაზობთ ილია მეორის ბიოგრაფიას, რომელიც მომზადებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილი და ნატალია კობაიძე. მას სახელი ირაკლი მამამ მეფე ერეკლე II–ის პატივსაცემად დაარქვა.

გიორგი შიოლაშვილის ოჯახი სნოში ცხოვრობდა, თუმცა ბოლშევიკების დროს, 1927 წელს ოჯახი დროებით საცხოვრებლად ვლადიკავკაზში (ძაუგში) გადაიყვანა, სადაც შეიძინა სახლი. ამ ქალაქში XIX საუკუნის II ნახევრიდან არსებობდა მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან.

ილია მეორე მრავალრიცხოვან ოჯახში გაიზარდა, ჰყავდა ძმები: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო.

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“, – ასე იხსენებდა ილია მეორე ბავშვობის პერიოდს.

„ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა–ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე“,- იხსენებდა ილია მეორე.

1941 წელს, როდესაც ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, გიორგი შიოლაშვილმა ოჯახი შექმნილ საფრთხეს განარიდა და მშობლიურ სნოში ჩამოიყვანა.

ომის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა სწავლა განაგრძო ვლადიკავკაზის 22-ე სკოლაში, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლის გაგრძელება მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გადაწყვიტა.

1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს გადაწყვიტა უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში,  ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად ილია უწოდა.

18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს კი პატრიარქ მელქისედეკ III-ის წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა.

თავად  ილია მეორე ასე იხსენებდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:

„ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“.

ილია მეორის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „1960 წლის 19 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ აღყვანილ ვიყავი იღუმენის ხარისხში, 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის პატივში“.

1963 წლის 23 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II-ის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სინოდის სხდომა, რომელმაც ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია შემოქმედელ ეპისკოპოსად გამოარჩია.

ეპისკოპოსი ილია დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მასვე დაევალა 1963 წლიდან მცხეთის სამოძღვრო კურსების ხელმძღვანელობა.

1978 წლის 16 თებერვალს ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ იგი თავის საპატიო წევრად აირჩია. პატრიარქი მოსკოვში ვიზიტისას აუცილებლად სტუმრობს ხოლმე ზაგორსკის აკადემიას.

1963–1967 წლებში მეუფე ილია მოღვაწეობდა შემოქმედის ეპარქიაში, ხოლო 1967 წლის 1 სექტემბრიდან  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა–კურთხევით, ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.

„საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია ერთ–ერთი ყველაზე რთული ეპარქია იყო. XIX საუკუნეში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის ეკლესიური ინტერესების განმტკიცებას. დაიწყო ეპარქიიდან ქართველი სასულიერო პირების გამოძევება და მათი რუსებით ჩანაცვლების პროცესი[…]

ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ მოახერხა მრევლის შემოკრება. თუ მის მღვდელმთავრობამდე მხოლოდ 2 ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ეპარქიაში, 1975 წელს ისინი უკვე თორმეტნი გახდნენ. ეს იყო მეუფე ილიას შორს გამიზნული პოლიტიკა, ასეთ ვითარებაში აფხაზი სეპარატისტები ვერ მოახერხებდნენ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში თავისი მიზნების განხორციელებას“, – ვკითხულობთ ილია მეორის ბიოგრაფიაში, რომელიც საპატრიარქოს გვერდზეა გამოქვეყნებული.

1969 წლის 17 მაისს პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის მან მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

1977 წელს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს

დღეს, 17 მარტს, აქციის მონაწილეებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ქუჩა დაახლოებით 20 წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კორპუსების დაუსრულებელ მშენებლობებს აპროტესტებენ და დავის გადაწყვეტისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

ორსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, დაზარალებულებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვა სამართალდარღვევაა და შესაბამის ზომებს მიმართავენ.

„ახლა გავხდით დამნაშავე?“ – უთხრეს პოლიციელებს საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა.

ბათუმში სხვადასხვა კომპანიისგან დაზარალდნენ მოქალაქეები. ისტორიები ერთმანეთს ჰგავს: წლების წინ ქალაქში ბინის აშენების იმედად ფული გადაიხადეს, მშენებლობა კი არ სრულდება, ან მშენებელი აღარ გამოდის კონტაქტზე. დაზარალებულები პერიოდულად მართავენ ბათუმში საპროტესტო აქციებს.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეები კონკრეტულად დაუსრულებელ მშენებლობას აპროტესტებდნენ ბაგრატიონის 113-ში.

„ამდენი ხანია ვმართავთ აქციებს და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს: სად ვართ, როგორ ვცხოვრობთ,“ – გვიყვება მაგული შარაძე. 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მას ბაგრატიონის 113-ში უნდა ჩაჰბარებოდა ბინა ორ წელიწადში. კორპუსი ვერ აშენდა, ბინები კი, ახალ მესაკუთრეებზე გაიყიდა.

სასამართლოში წავედი, მაგრამ ვინ იცის, როდის დასრულდება დავა? ბინის ღირებულების დაახლოებით მესამედი გადახდილი მაქვს… ინვესტორი რამდენჯერმე შეიცვალა, ახლა ერთმანეთში ჩხუბობენ. ვითხოვთ, მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა.

ქუჩა მას შემდეგ გადავკეტეთ, როცა დღესაც ყურადღება არავინ მოგვაქცია. სულხან თამაზაშვილთან ვითხოვდით შეხვედრას. 2 საათი ვიდექით აჭარის მთავრობის სახლთან. ქუჩა რომ გადავკეტეთ, მერე გამოვიდა წარმომადგენელი,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

სამოქალაქო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე განმარტავს, რატომ არის ვალდებული მერია და მთავრობა მსგავს დავებში ჩაერიოს:

„აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა დღეს თქვა, განცხადებით მოგვმართეთო. წლებია ინფორმირებულია ყველა უწყება, თუმცა მოქალაქეებმა წარმომადგენელს უთხრეს, რომ მიმართავენ წერილობით და პასუხს დაელოდებიან. სხვადასხვა კომპანიის დაზარალებულები აპირებენ შეკავშირებას და ისე გამართავენ მასშტაბურ აქციას, თუ შედეგი არ დადგება…

როდესაც სისტემა არ მუშაობს, ზარალს ყოველთვის მოქალაქე იღებს. სანამ ეს არ შეიცვლება, დაუმთავრებელი მშენებლობები გაგრძელდება. ზედამხედველობის მექანიზმი ფაქტობრივად არ მუშაობს – მუნიციპალური ინსპექცია რეაგირებს უკვე მაშინ, როცა პრობლემა კრიტიკულ ფაზაშია – და არა მაშინ, როცა მისი პრევენცია შესაძლებელია.

ნებართვების გაცემის შემდეგ კონტროლი სუსტდება. სამშენებლო ნებართვის მიღება არ ნიშნავს, რომ პროექტი რეალურად დასრულდება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შემდგომი კონტროლი მინიმალურია. რისკები სრულად გადატანილია მოქალაქეზე და ხელშეკრულებებში პრაქტიკულად არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეს დაიცავს, ხოლო კომპანიების ფინანსური პასუხისმგებლობა ხშირად ფორმალურია. პოლიტიკური და არაფორმალური გავლენების ეჭვი მოქალაქეებში არსებობს განცდა, რომ გარკვეული პროექტები „დაცულია“, რაც აჩენს კითხვებს ზედამხედველობის მიუკერძოებლობაზე.

პასუხისმგებლობა უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ხელისუფლების დონეზე. დაუმთავრებელი კორპუსები ქმნის საფრთხეს ადამიანებისთვის ანტისანიტარულ გარემოს, ასევე კრიმინალის პოტენციურ კერებს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ამ თემაზე:

მშენებარე ბინის მესაკუთრეები მერს დახმარებას სთხოვენ – აქცია ბათუმის მერიასთან

 

ქვაფენილების აყრის გამო ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა გადაიკეტა

ბათუმში ქვაფენილის აყრა და, შესაბამისად, სხვადასხვა ქუჩის ჩაკეტვა გრძელდება.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, 18 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის გამზირიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. თუმცა 26 მაისის ქუჩაზე მოძრაობა დღეს, 17 მარტს უკვე შეზღუდულია [აბაშიძე-კლდიაშვილის მონაკვეთში.

ბათუმი, 26 მაისის ქუჩა – მემედ აბაშიძის გამზირის კვეთიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით / 17.03.2026

„შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“, – წერს ბათუმის მერია.

ბათუმი, 26 მაისის ქუჩა – დავით კლდიაშვილის კვეთიდან აბაშიძის გამზირის მიმართულებით / 17.03.2026

ბათუმში 15 ქვაფენილიანი ქუჩის [ქუჩების მონაკვეთების] რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2025 წელს ტენდერი 6 432 351 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა – 5 649 994 ლარზე.

აღნიშნული 15 ქუჩის ჩამონათვალში 26 მაისის ქუჩაცაა, თუმცა, ბათუმის მერიამ ამ ჩამონათვალს ჯერ კლარა ცეტკინის, შემდეგ კი მემედ აბაშიძის გამზირიც ისე დაამატა, რომ ამ ორი ქუჩის სარეაბილიტაციოდ თანხა არც ბიუჯეტშია გაწერილი და არც ცალკე ტენდერია გამოცხადებული.

ბათუმის მერია მეორე დღეა არ პასუხობს კითხვაზე, თუ რა სახსრებით და როგორ ფინანსდება სამუშაოები ცეტკინის ქუჩაზე და აბაშიძის გამზირზე. აბაშიძის გამზირზე სამუშაოებს „ბონდი-2009“ ასრულებს, რაც კომპანიაში დაგვიდასტურეს. თუმცა რის საფუძველზე და რა სახსრებით – ეს ინფორმაცია არც ამ კომპანიაში მოგვაწოდეს.

___

ამ თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

 

 

 

„ოცნებამ“ ილიაუნში საქართველოს თანამედროვე ისტორიის პროგრამა დახურა – რას ამბობს ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტში არსებული ისტორიის 4 პროგრამიდან, სწორედ თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას აუქმებს.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას ბექა კობახიძე და უცხოელი მკვლევარი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობენ.

პროგრამის დახურვაზე ბექა კობახიძემ პოსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვაქვს ისტორიის ოთხი პროგრამა: საბაკალავრო ზოგადი ისტორია, სამაგისტრო შუა საუკუნეების კვლევები, სამაგისტრო თანამედროვე საქართველოს ისტორია და სადოქტორო ზოგადი ისტორია.

ამ ოთხიდან მხოლოდ თანამედროვე საქართველოს ისტორიას, ანუ XIX-XX საუკუნეების კვლევას ხურავენ, ისევე როგორც საბჭოთა კგბ-ს და კომპარტიის არქივები დახურეს. კიდევ კარგი, ის სამი ძალიან კარგი პროგრამა რჩება. ამათ ხელში ესეც გასაკვირია“, – წერს ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძე აღნიშნული პროგრამის გაუქმების უკან რუსულ ინტერესებს ხედავს.

„მინდა ავხსნა, რატომ ხურავენ მიზანმიმართულად სწორედ იმ პროგრამას, რომელსაც მე და პროფესორი სტივენ ჯონსი ვხელმძღვანელობთ.

ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპი“ არაფერ შუაშია. ეს პრინციპი მხოლოდ XIX-XX საუკუნეების ისტორიაზე მუშაობს? რასაკვირველია – არა.

ორი ფაქტორია აქ:

უკვე ბევრი დავწერე და ვილაპარაკე ამაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალდებულება ისტორიული ნარატივი რუსების მოთხოვნებთან მოიყვანოს შესაბამისობაში. რუსებს არასდროს დაუშლიათ შუა საუკუნეები – ოსმალებთან, ყიზილბაშებთან და არაბებთან ომები გვეკვლია. უფრო კი – პირიქით. პრობლემა მე-19-20 საუკუნეებია.

2021 წელს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, გაიმეორეს რუსული და საბჭოთა ისტორიოგრაფიის სიყალბე, რომ 16 თებერვალს დაიწყო ომი და არა 12 თებერვალს, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. შეგახსენებთ, რუსული და საბჭოთა ისტორიოგრაფიები ამტკიცებენ, რომ 12 თებერვალს ლორეში დაიწყო მშრომელთა აჯანყება, რომელსაც სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველები და 16 თებერვალს წითელი არმია იძულებული გახდა მშრომელთა დასახმარებლად ჩართულიყო ბრძოლაში. 2021 წლის 25 თებერვალს, მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა, სწორედ ეს დაწერა ოფიციალურ განცხადებაში.

2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯარო რეპორტი გამოაქვეყნა, სადაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მტრულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დახურა კგბ-ს და კომპარტიის არქივები.

რადგან არქივები აღარ იყო, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ზეპირ ისტორიებზე გადაერთო“, – ამბობს ბექა კობახიძე.

მისი თქმით, საბჭოთა საქართველოს შესახებ ზეპირი ისტორიების მოგროვების პროექტი, ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ეს პროექტი საქართველოს განათლების სამინისტრომ დაბლოკა.

„ჰარვარდის ქართულ პროგრამას განათლების სამინისტრო აფინანსებდა და ხელშეკრულების მიხედვით, სამწუხაროდ  ჰქონდათ მათ ამის უფლება. მაშინდელმა მინისტრმა ჩხენკელმა, დაურეკა ჰარვარდში ქართული პროგრამის დირექტორს სტივენ ჯონსს და სთხოვა თავი დაენებებინათ პოლიტიკურად სენსიტიური ისტორიული საკითხებისთვის და ეკვლიათ კულტურა. აი ისე, როგორც საბჭოთა დროს იყო, ცეკვა, სიმღერა, ღვინო და ფეხბურთი, მაგრამ პოლიტიკა – ნურას უკაცრავად!

წელს, ოკუპაციის დღეებში მოიმართა უპრეცედენტო კამპანია პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ: მარო მაყაშვილის სურათების ორგანიზებული დაჰაჰავება, მაროს სიკვდილში საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, კედლებზე მაროს გრაფიტების წაშლა, მთაწმინდიდან კვინიტაძის „დაგორებისკენ“ მოწოდება და მრავალი სხვა.

1981 წელს, საქართველოს „გასაბჭოების“ 60 წლისთავზე, როდესაც შევარდნაძემ კომპარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ “საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის” და 1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავზე, დიდი კამპანიები გაიმართა მონუმენტების აღმართვით და ერეკლეს წინა პლანზე წამოწევით, როგორც პრორუსი მეფისა.

ეს კამპანია საქართველოში 2024-2025 წლებში განმეორდა.

2026 წელს გვეცნობა, რომ ისტორიის სწავლება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთადერთი წიგნიდან მოხდება. ვიცით ამ წიგნს ვინ დაწერს და იმის წარმოდგენაც არ არის რთული, ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, რა ეწერება შიგნით.

2026 წელს კი, როგორც ამ პროცესის ნაწილი, დახურეს ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პროფესორები ასწავლიან და ჩვენმა სტუდენტებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს“, – წერს ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძე თავის პოსტში იხსენებს 2024 წლის 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც „ოცნების“ მიტინგზე, სადაც მან რუსული ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ 2003 წელს „უცხო ძალებმა მოაწყეს საქართველოში რევოლუცია“ და შემდეგ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიეს.

„არც წულუკიანის კომისიის დასკვნა უნდა დავივიწყოთ, რომელმაც ქართული მხარე გაასამართლა ომის დაწყებისთვის, საოკუპაციო ხაზზე საგუშაგოს აღმართვისთვის და რისთვის აღარ.

აქ პერსონალური ფაქტორიც არ უნდა გამოგვრჩეს: 2024 წელს თბილისში ჩამოსული იყო პროფესორი სტივენ ჯონსი, რომელსაც მაშინდელი განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა ჰარვარდში ქართული პროგრამის აქტივობების შესახებ. მე მაშინ ჰარვარდში ვიყავი. მინისტრმა არაფერი იცოდა ქართული პროგრამის შესახებ, სამაგიეროდ მაგიდაზე ედო ჩემი ფეისბუქ პოსტების ამობეჭდილი კრებული, საკვანძო ფრაზები მარკერით ყვითლად გახაზული. ეს ჩვენი მოწინააღმდეგეა და რა უნდა ამას ჰარვარდში? პასუხს სთხოვდა პროფესორ ჯონსს.

ოცი წუთი ულაპარაკია ჩემზე. მერე უთქვამს, რომ ჩაეხსენი ილიაუნის და თსუ-სთან ითანამშრომლეო. ორი წელია ვიცი და ამ ამბებზე არაფერი მითქვამს, მაგრამ უკვე აღარაფერია დასამალი.

ქვეყნის განათლების მინისტრს, რომელსაც ასეულობით დანგრეული სკოლა ებარა, ჩემი პოსტებისთვის ეცალა. ამასთან, უტაქტობა და ველურობაა, როცა თავს უფლებას აძლევ ჰარვარდიდან ჩამოსულ პროფესორს უთხრა პოლიტიკური პრეფერენციები გამოამჟღავნოს აკადემიური გადაწყვეტილების მიღებისას.

და აი, წელს ჰარვარდის ქართულმა პროგრამამ განათლების სამინისტროსგან მიიღო ოფიციალური წერილი, სადაც წერია, რომ დაფინანსება არ გაგრძელდება, მათ შორის იმიტომ, რომ პროგრამის დირექტორმა (ანუ სტივენ ჯონსმა) არ დაიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და გვაკრიტიკებდაო.

ილიაუნიში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას მე და სტივენი ერთად ვხელმძღვანელობთ. ესე იგი დასახურები კი არა დასახვრეტები ვართ.

თუმცა, მხოლოდ ისტორიით ნუ შემოვფარგლავთ ამათ მავნებლობას. საბჭოთა დროს უკიდურესი ცენზურის ქვეშ იყვნენ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ნარატივსა და იდეოლოგიას“, – წერს ბექა კობახიძე.

მისი თქმით, ე.წ „რეფორმის“ გამო, ილიაუნიში ერთმანეთზე უკეთესი პროგრამები დახურეს: ანთროპოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ფილოსოფიის პროგრამები, პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები და მრავალი სხვა.

„რუსეთთან სინქრონიზაციაში მოსასვლელად ილიაუნის საუკეთესო პროგრამები იხურება, მაგრამ, ამის პარალელურად, საქართველოში აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ერთგულ კადრებს უზრდის ტერორისტულ სახელმწიფოს და რომლებიც ირანის საელჩოსთან დგანან ბანერებით – „ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!“

ისე არ მინდა მოვკვდე, რაც ზემოთ დავწერე ყველაფერი საგამოძიებო ფაილებად არ გადაიქცეს“, – წერს ბექა კობახიძე.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის დახურვას გვიდასტურებს ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძეც.

„კითხვაზე – „რა ტიპის განათლება გვჭირდება”? სინამდვილეში ვსვამთ კითხვას: „რა ტიპის საზოგადოება გვინდა საქართველოში“? თუ უმაღლეს განათლებას მხოლოდ შრომის ბაზრის ვიწრო, მოკლევადიან მოთხოვნებს მოვარგებთ, ჩვენ ვირჩევთ საზოგადოებას, რომელიც მხოლოდ რეაგირებს არსებულ ეკონომიკურ სტრუქტურაზე და არა ისეთს, რომელიც თავად ქმნის ახალ შესაძლებლობებს – ცოდნის ეკონომიკას. ასეთ დროს განათლება ხდება მომსახურე მექანიზმი და არა განვითარების მამოძრავებელი ძალა.

ამ კონტექსტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის პროგრამის შენარჩუნება სცილდება აკადემიურ ჩარჩოებს. ეს არის ჩვენი აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო გამოჩენილი მეცნიერების მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩვენი ეროვნული მეხსიერების გამორკვევისა და გაძლიერებისთვის. XIX-XX საუკუნეები არის პერიოდი, როდესაც ძლიერდება ჩვენი ევროპული იდენტობა და ყალიბდება სახელმწიფოებრიობის საფუძველი.

ამიტომ, ჩვენი ვალია დავიცვათ მეცნიერებისა და აკადემიური თავისუფლება, რადგან ისტორიის გარეშე არ არსებობს მომავლის ორიენტირი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთვან დარახველიძე.

მისი თქმით, აკადემიური, სრულად აკრედიტებული პროგრამების ბედი არ უნდა წყდებოდეს უნივერსიტეტების, აკადემიური საზოგადოების გარეშე, „მით უმეტეს შრომის ბაზრის ვიწრო ინტერესების გათვალისწინებით, ტექნოკრატიული პრინციპებით ან პოლიტიკური მიზანშეწონილობით“.

72 დაკავებულს რა კავშირი აქვს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან – გამოძიების ვერსია

პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ 77 პირს წარუდგინეს ბრალი, მათ შორის, ხუთს დაუსწრებლად.

პროკურატურის ვერსიით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ისე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 17 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [„ქურდული სამყაროს“ წევრობა], 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით [„კანონიერი ქურდობა“], 223 სეკუნდა მუხლით [„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა]; 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით [„კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა], 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით [„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ჯერ არ გამართულა.

ერთ-ერთი ბრალდებულის დედა, თამარ მიქელაძე ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს მას სპეცრაზმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ შემთხვევაზე ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.

„საპოლიციო ღონისძიების დროს მოქმედებაზე უნდა გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განცხადება და ქალი გაწერილია სახლში“, – განაცხადა დღეს, 17 მარტს „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა, გეკა გელაძემ.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – ესეც გეკა გელაძემ განაცხადა.

____

„ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“ – გეკა გელაძე სპეცოპერაციაზე

ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებულები ივანიშვილს მიმართავენ

საქართველოს ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორების ასოციაცია ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

ავტომფლობელები, ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებული ადამიანები ივანიშვილს სთხოვენ ხელი შეუწყოს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც იქნებიან სახელმწიფოს, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლები და შემუშავდეს გონივრული, გარდამავალი პერიოდის რეგულაცია.

ავტოიმპორტის სექტორში დასაქმებულთა მოთხოვნაა, აქცენტი გაკეთდეს რეალურ ეკოლოგიურ კრიტერიუმებზე (ემისიები, ტექნიკური მდგომარეობა) და არა მხოლოდ მაღალ გადასახადებზე.

„ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინიციატივები, რომლებიც 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტს შეეხებოდა, შეიცვალა სხვა მიდგომით – განბაჟების ტარიფის მკვეთრი ზრდით. დაინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ახალი ტარიფი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება აქამდე არსებულ განაკვეთებს.

ფორმალურად ამას შეიძლება არ ერქვას „აკრძალვა“, მაგრამ პრაქტიკაში მსგავსი შედეგი გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ შეძლებს ასეთი თანხის გადახდას, როცა მანქანის ღირებულება უტოლდება და აღემატება განბაჟების ღირებულებას.

საზოგადოებისთვის დღემდე არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი ანალიზი, განხორციელების დეტალური მოდელი, გარდამავალი პერიოდი და ის მექანიზმები, რომლითაც შეფასდება, რეალურად რა შედეგს მოიტანს ეს ცვლილება, როგორც ეკოლოგიურად, ისე ეკონომიკურად.

ასეთ პირობებში არსებობს მაღალი რისკი, რომ გადაწყვეტილება გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას შიდა ბაზარზე, გაართულებს ავტოპარკის განახლებას და გაზრდის სოციალურ წნეხს.

ვფიქრობთ, რომ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ფინანსური ბერკეტით, განსაკუთრებით ამ მასშტაბის ტარიფის ზრდით, ზედმეტად გამარტივებული და მძიმე ტვირთია მოქალაქეებისთვის.

გარემოზე გავლენას განსაზღვრავს არა მხოლოდ ავტომობილის ასაკი ან გადასახადის ოდენობა, არამედ ემისიის სტანდარტი (Euro), ტექნიკური მდგომარეობა და კონტროლის რეალური აღსრულება.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის პირობებში ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება ავტოპარკის განახლება კიდევ უფრო გადადოს და ძველი, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები უფრო დიდხანს დატოვოს გზებზე, რაც ეკოლოგიურ მიზანსაც დააზიანებს.

გარდა ამისა, მეორადი ავტომობილების სექტორი მხოლოდ იმპორტიორების ბიზნესი არ არის, ეს არის ათასობით ოჯახის შემოსავალი და ფართო ეკონომიკური ჯაჭვი: პორტები, ლოგისტიკა, სერვისი, ავტონაწილები, საბაჟო პროცედურები და ფინანსური მომსახურებები. ტარიფის ასეთი მკვეთრი ზრდა, გარდამავალი პერიოდისა და წინასწარი შეფასების გარეშე, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს სექტორის აქტივობა და გაზარდოს სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოს ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ სექტორში სხვადასხვა შეხედულების მოქალაქეები, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც, არიან დასაქმებულები. ისინი წლებია შრომობენ, იხდიან გადასახადებს, საკუთარ ოჯახებს ამ საქმიანობით არჩენენ და ცვლილებები მათზეც აისახება.

სექტორში დასაქმებულები ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ ხელი შეუწყოს ღია პროცესის დაწყებას.

„შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სექტორის მონაწილეობით; საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ცვლილების მიზნებზე, მექანიზმებსა და ვადებზე; ხოლო რეგულაცია დაეფუძნოს რეალურ ეკოლოგიურ ეფექტს: ემისიის სტანდარტს, ტექნიკური კონტროლის გამკაცრებას და გონივრულ გარდამავალ პერიოდს, რათა არ მივიღოთ რეგულაცია, რომელიც ფორმალურად არ კრძალავს, მაგრამ რეალურად მოქალაქეების უმრავლესობას არჩევანს უსპობს,“ – ნათქვამია მიმართვაში.

12 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეიცვალა გადაწყვეტილება და საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება. თუმცა ამავე განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ 5.6-ჯერ გაძვირდება 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება.

ამავე თემაზე:

„ყაზახები და ყირგიზები იხეირებენ. ზეიმი აქვთ, რადგან ჩვენ ამ წრიდან ჩაგვხსნეს“ – ავტოიმპორტიორი

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურს – კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალს – საქართველო წელს 21-30 მარტს, უმასპინძლებს.

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის გასაძლიერებლად და ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად თიბისი, ტრადიციულად, ჩვენს ქვეყანაში „კანის ლომების“ მხარდამჭერი და კონკურსში მარკეტერის კატეგორიის წარმდგენია.

ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა შემოქმედებითი პროფესიონალების აღმოჩენა და მათთვის საერთაშორისო სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობაა.

კონკურსი ხუთ კატეგორიაში – Print, Film, Digital, Marketer, PR ჩატარდება და განკუთვნილია, როგორც კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული შემოქმედებითი გუნდებისთვის.

გამარჯვებული გუნდები, საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შემოქმედებით ფესტივალზე იასპარეზებენ.

შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის წელს, კვლავ გაიცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო.

თიბისი ათწლეულებია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება, აძლიერებს მათ თვითდაჯერებას და ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ბრენდი თავად ქმნის და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ახალ თაობას საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს და მათი პროფესიული განვითარების გაღრმავებას ემსახურება.

„კურსებში დამეწყრილ ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია, სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას“

„მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა“ – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ტყიბულში, სოფელ კურსებში განვითარებულ პროცესებზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში იყოს დაცული, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ შრეს მოიცავს: პრევენცია, რეაგირება და კომპენსაცია. შესაბამისად, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შედეგად ეკოლოგიური კატასტროფების რისკის მინიმუმამდე დაყვანა, მეორე მხრივ, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი და მხარდაჭერა.

აღნიშნული ვალდებულებები გამომდინარეობს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციიდან, არამედ საერთაშორისო დოკუმენტებიდანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სხვა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ეს შემთხვევა ქვეყანაში არსებული თემატური პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

„ამ შემთხვევაში, პრევენციულმა პოლიტიკამ ვერ/არ იმუშავა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათი გადარჩენა მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ უმოკლეს პერიოდში ერთმანეთის გაფრთხილება მოახერხეს.

სოფელში მეწყრის საშიშროებაზე წლების (მაგ. 2019, 2020, 2021, 2023 და 2024 წლების პროგნოზის დოკუმენტები) განმავლობაში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი წერდა. საყურადღებოა, რომ სააგენტოს 2025 წლის პროგნოზის დოკუმენტში სოფელი გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულ ობიექტთა სიაში არ შედიოდა.

ზოგადად, პრევენციული პოლიტიკის უკიდურესმა ხარვეზიანობამ საქართველოს ასეულობით მოქალაქე მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დააყენა. ადრეული გაფრთხილების სისტემისა და მყისიერი ევაკუაციის გეგმების არარსებობამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანიც გამოიწვია. ამ მიმართულებით არსებულ ჩავარდნებზე ხაზს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სახალხო დამცველი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური უსვამენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მექანიზმების არარსებობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია. დოკუმენტმა ასევე გამოავლინა ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩავარდნები, მაგალითად:

ინტეგრირებული ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განსაზღვრავდა ამ სისტემის შემადგენელი სუბიექტების ფუნქციებსა და მაკოორდინირებელ უწყებას;

  • ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე, ასევე, გარემოსდაცვითი კატასტროფების პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებ(ებ)ის არარსებობა;
  • ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზის არარსებობა;
  • ცენტრალიზებული საკომუნიკაციო სისტემისა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებამდე ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების მიღწევის გამართული და საიმედო პროცესების არარსებობა;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტების უმეტესობა პრევენციული ფუნქციის შესრულებას ვერ ახერხებს ან ძირითადად ერთჯერადი ღონისძიებებით შემოიფარგლება.

„ამ მხრივ, გამონაკლისს არც ტყიბულის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პრევენციაზე ხარჯები ნათლად არ არის გათვალისწინებული.

მხოლოდ ერთი წინადადებაა ნახსენები ქვეპროგრამის – „გზების მიმდინარე შეკეთება”, ფარგლებში (“სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარება), რომლის ფორმულირებიდანაც კონკრეტული ღონისძიებების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

პრევენციასთან ერთად, პრობლემურია რეაგირებითი პოლიტიკის მიმართულებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახები სასტუმროში იმყოფებიან, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გრძელვადიანად სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას.

მათ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფელში დაბრუნებას ვერ შეძლებენ. ადგილობრივები საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ მათი ქირით გაყვანაზე დაიწყო საუბარი. როგორც წესი, ბინის ქირის ოდენობა ეკომიგრანტებისთვის თვეში მაქსიმუმ 300 ლარია და ისიც 3 თვით გაიცემა; თუმცა, ერთ-ერთი ადგილობრივის მიხედვით, საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულები 6-12 თვის ვადით იქნებიან ქირით უზრუნველყოფილნი, რომლის ოდენობაც ოჯახის სულადობის მიხედვით დაითვლება.

2026 წლის თებერვლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 20.3% საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო დაახლოებით 58 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

არსებული სამართლებრივი ჩარჩო ეკომიგრანტებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას ითვალისწინებს, თუმცა, თითოეული სახლის შესაძენად მაქსიმუმ 30 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრისისა და საკარმიდამო ნაკვეთის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სოფლის მოსახლეობა გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე საცხოვრებელია. ადგილობრივები კარგავენ მიწის ნაკვეთებს, წლობით ნაშრომ კარ-მიდამოს, თავიანთ ცხოვრების წესს, წინაპრების სასაფლაოებს. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, არ დატოვოს სოფელი კურსების მოსახლეობა ადეკვატური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე.

„ამასთან, გაითვალისწინოს ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ის სამომავლო საფრთხეებიც, რომლის წინაშეც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ყოველდღიურად დგას.

მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადებში შეფასდეს სოფელ კურსებში მიმდინარე მეწყრული პროცესების მასშტაბი, გამომწვევი მიზეზები და სამომავლო რისკები და გატარდეს სრულყოფილი ღონისძიებები მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

ამასთან, არსებითია, რომ მოსახლეობის კომპენსირებისა და მოკლე თუ გრძელვადიანი განსახლების პროცესები იყოს სამართლიანი და სრულად შეესაბამებოდეს დანაკარგის ოდენობასა და მათ მოწყვლადობას“.

_________

მთავარი ფოტო: მეწყერი სოფელ კურსებში/ფოტო: „მთის ამბები“.

__________

ამ თემაზე:

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

 

„ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“ – გეკა გელაძე სპეცოპერაციაზე

შსს ამბობს, რომ წუხელ, 17 მარტს ღამით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად 72 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ქალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით.

„კიდევ 5 პირს კი ბრალი წარედგინა. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად. მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს“, – ამბობს გეკა გელაძე.

„ქართული ოცნების“ შს მინისტრის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და კანონიერი ქურდობა“.

„ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, აღნიშნული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ ქურდული გადაწყვეტილებები.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – ამბობს გეკა გელაძე.

მისი განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის, პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას მისი ოჯახის წევრი, 68 წლის ქალი ფეხში დაჭრეს.

თუმცა, გეკა გელაძე ქალის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ – „საპოლიციო ღონისძიების დროს მოქმედებაზე უნდა გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განცხადება და ქალი გაწერილია სახლში“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

გეკა გელაძეს არ უხსენებია ექსპერტიზის ჩატარება და არც გამოძიების დაწყების შესახებ უთქვამს არაფერი, თუმცა თამარ მიქელაძის ოჯახი დილიდან სწორედ ამას ითხოვს – ექსპერტიზის ჩატარებას და გამოძიების დაწყებას.

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ

თიბისი მომხმარებლებს მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ,  შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი გაზაფხულის პერიოდში.  ამჯერად ბანკმა  გზავნილების განაღდების 1 თვიანი კამპანია დაიწყო.

16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი  მობაილბანკში და მიიღე შესაძლებლობა, ერთგულ ყულაბაში დასაჩუქრდე 500 ლარით ან სუპერ პრიზით- 5 000 ლარით.

ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდებიან ის მომხმარებლები, რომლებიც აქციის პერიოდში (1 6 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500  განაღდებას შეასრულებენ. სუპერ პრიზით- 5000 ლარით კი, მომხმარებელი, რომელიც 16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა უნდა გაანაღდონ მინიმუმ 100 ლარი, დოლარი, ევრო ან ფუნტი.

500 ლარით დაჯილდოებულები გამოვლინდებიან ყოველდღე და თანხა ერთგულ ყულაბაში გზავნილის განაღდებიდან 5 სამუშაო დღეში დაერიცხებათ.  სუპერ პრიზის მფლობელი კი, შეთავაზების დასრულებისთანავე, არაუგვიანეს 20 აპრილისა.

თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.

გათამაშების დამატებითი პირობების სანახავად გადადით ბმულზე.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია – განახლებადი

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე დღეს, 17 მარტს, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ის კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

  • 18:08

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესებაზე.

„გამოვხატავ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა – რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში – უმნიშვნელოვანესია“, – ნათქვამია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

  • 18:05

კავკასიის მედიცინის ცენტრთან, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II მკურნალობს, ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო მივიდა.

„მე ვიყავი შიგნით, რადგან მინდოდა, რომ იყოს ნიშანი, რომ ჩვენი ეკლესია დღეს აქ არის და ლოცულობს. პატრიარქი ხშირად იყო ჩვენთან ერთად, მახსოვს, როცა მოვიდა პაპი, რამდენი საუბარი გვქონდა მასთან… ამ დღეებში, ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ სულიერად ერთად”, – განაცხადა ეპისკოპოსმა ჯუზეპემ.

  • 17:53

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმები ჩაერთვებიან. დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესახებ მკურნალმა ექიმებმა უთხრეს სასულიერო პირებს.

“ელოდებიან ძალიან გავლენიან ექიმს, ან ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან” – დეკანოზი თათარაშვილი პატრიარქზე

  • 17:45

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პატრიარქს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„არ დამავიწყდება 18 წლის უკან, როგორ მოვიდა პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოს პალატაში ჩემს სანახავად. მინდა ვუსურვო უფლის ნებით დროული გამოჯანმრთელება“, – წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

  • 17:05

ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, რომელიც პატრიარქ ილია მეორის მკურნალობისთვის მიწვეული კონსილიუმის შემადგენლობაში იყო, აცხადებს, რომ ვითარება რთულია.

„დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. რთულია ვითარება. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია. სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი.

კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება. დანარჩენი უკვე დროის საკითხია. კონსილიუმის შედეგად მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ასე რომ, ოპტიმალურია გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.

ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა ამ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

  • 16:20

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად “კავკასიის მედიცინის ცენტრში” მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” და “გახარია საქართველოსთვის” წევრები.

  • 15:21

განცხადება გაავრცელა პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.

„მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ პატრიარქს. ღმერთი შეეწიოს ამ რთულ დღეებში“, – დაწერა მან.

  • 14:54

განცხადება გაავრცელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პატრიარქს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რამაც მთელი ქვეყანა უკიდურესად აგვაღელვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პატრიარქს სწრაფ გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

  • 14:35

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა გადაყვანილი, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მივიდნენ.

  • 14:30

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად კავკასიის მედიცინის ცენტრში კახა კალაძე მივიდა.

  • 14:19

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ემოციურია. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ღმერთმა მისცეს მას ძალა და ჯანმრთელობა“, – წერს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

  • 13:50

„კავკასიის სამედიცინო ცენტრში“, სადაც პატრიარქი ილია მეორეა მოთავსებული, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მივიდნენ.

„მოვედით იმის გასაგებად რა მდგომარეობა იყო. უწმინდესსა და უნეტარესს, ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ იქნება“, – თქვა ტატა ხვედელიანმა, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • 13:22

„უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისათვის”, – მიხეილ სარჯველაძე ილია მეორეს მდგომარეობის შესახებ.

  • 13:00

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენს პატრიარქს,“ – დაწერა მან ფეისბუქზე.

  • 12:53

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.

„ვწუხვარ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი X-ზე.

  • 12:40

პატრიარქის მდგომარეობის შესდახებ პირველი კომენტარი გააკეთა მეუფე დიმიტრიმ  [შიოლაშვილმა], პატრიარქის ძმისშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხე, ხომ არ იგეგმება პატრიარქის საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

„მე არ ვიცი. კონსილიუმია შეკრებილი. გამოვლენ ისინი და მოგახსენებენ,“ – თქვა მეუფე დიმიტრიმ.

  • 12:22

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა მოსაყდრე შიომ. მისი კომენტარი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ასეც იქნება. გვჯერა ასე იქნება ღვთის შეწევნით.

გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის,“ – თქვა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

"მოვუწოდებ ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ვილოცოთ მისი უწმინდესობის ჯანმრთელობისთვის"- მეუფე

  • 12:14

„რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიდის და იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს,”- თქვა მიხეილ ყაველაშვილმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას.

  • 11:50

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად კავკასიის სამედიცინო ცენტრში მივიდა მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და თიკა რუხაძე. კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები და ბიზნესმენები.

  •  11:06

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად კლინიკაში მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

ლევან იოსელიანი პატრიარქის მდგომარეობის შესახებ

  • 10:30 საათი

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროება სისხლდენის კუპირებისთვის ანუ შეჩერებისთვის.

ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილურება,“ – თქვა სოფიო ასპანიძემ, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა.

ექიმის თქმით, ილია მეორე სისხლდენით საავადმყოფოში 03:00 საათზე გადაიყვანეს.

„ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.“- სოფიო ასპანიძე

  • 10:00 საათი

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც ღამით კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გადაიყვანეს, სასულიერო პირები იკრიბებიან.

როგორც ამბობენ, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა პრობლემური, თუმცა სტაბილურია.

დამატებით ინფორმაციას პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი 11:00  საათისთვის მოგვაწვდის.

„იმედი ვიქონიოთ, რომ კარგად იქნება, ყველამ ვილოცოთ“-ილია II-ის მდგომარეობა პრობლემური და სტაბილურია

  • 9:30 საათი

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ახალციხის ტბაზე „ოცნების“ შემწირველს მშენებლობის უფლება მისცეს – „კორპუსის ეზოდ გადაიქცევა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ახალციხეში, რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში, მერიამ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ოცნების“ მსხვილ შემომწირველს მისცა. მან „ოცნებას“ 160 000 ლარი შეწირა.

ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ გადაიქცევა.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იმედა მუმლაძე და იაკობ კუბლაშვილი „ქართული ოცნების” შემწირველები არიან.

„იმედა მუმლაძემ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 2025 წელს 10,000 ლარი შეიტანა. იაკობ კუბლაშვილმა 2023-2024 წლებში მმართველ პარტიას 120 000 ლარი შეწირა.

„ქართული ოცნების“ შემწირველია მისი მამაც, იური კუბლაშვილი, რომელმაც 2021 წელს 30,000 ლარი გაიღო. იური კუბლაშვილის კუთვნილმა შპს „ახალციხის შპალ-საჟღენთმა ქარხანამ“ 2012-2023 წლებში 36 მოგებული სახელმწიფო ტენდერით 3,062,274 ლარი მიიღო. ძირითადი შემსყიდველი სატყეო სააგენტო იყო“, – ამბობს „გამჭვირვალობა-საქართველო“.

მათივე ინფორმაციით, ახალციხის ტბა ქალაქის მთავარი დასავენებელი ადგილია, თუმცა რეკრეაციული ზონის სტატუსი არ აქვს, რადგან მუნიციპალიტეტმა განაშენიანების გენერალური გეგმა დღემდე არ შექმნა.

„მიუხედავად ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახალციხის ტბას რეკრეაციულ ზონას უწოდებს და მხოლოდ 2021 წელს, მისი რეაბილიტაციისთვის 2 მლნ-მდე ლარი დახარჯა.

2021 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი მერის, ირაკლი ლაზარაშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მისი მერობის პერიოდში ქალაქს განაშენიანების გეგმა ექნებოდა. 2023 წელს, როცა გენგეგმაზე მუშაობა დაიწყო, მან თქვა, რომ „ერთ-ერთი ცუდი რაც შეიძლება იყოს, ეს არის უაზრო განაშენიანება საქართველოს მასშტაბით, კორპუსების და ეზოების სიმახინჯეები. ჩვენ მუდმივად ვართ იმ ბრძოლაში, რომ ქალაქის ცენტრში არ მივიღოთ მაღალი კორპუსები, რაც ერთხელ უკვე მივიღეთ“.

ირაკლი ლაზარაშვილმა მერობის ვადის ამოწურვამდე, 2025 წელს, გენგეგმის შემუშავება ვერ მოასწრო, თუმცა მოასწრო  რეკრეაციულ ზონაში, 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა“, – წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.

მათი შეფასებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იმედა მუმლაძემ სახელმწიფოსგან სარგებელი მიიღო. 2020 წელს, მისმა კომპანიამ, შპს „ატლანტ ოილმა“ ახალციხის საკრებულოს ყოფილ თანამდებობის პირთან, მამუკა მიქელაძესთან ერთად ქალაქის შესასვლელში ბენზინგასამართი სადგური, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე, უნებართვოდ ააშენა.

მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა, მერიაში განაცხადეს, რომ კომპანია უნებართვო მშენებლობისთვის დააჯარიმეს, თუმცა, ქონების სააგენტომ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობი, რაზეც უკვე შენობა ედგათ, აუქციონზე გამოიტანა და იმედა მუმლაძეს მიჰყიდა. ამჟამად, ეს კომპანია, მხოლოდ მას ეკუთვნის“.

TI-ის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გადაწყვეტილებების მიღებისას არ ითვალიწინებენ საზოგადოების ინტერესებს და ნებართვის გაცემის პროცესში არ გამორიცხავენ კორუფციის შესაძლო რისკებს.

„მიუკერძოებელ და ობიექტურ საგამოძიებო ორგანოებს უკვე უნდა გამოეძიებინათ ახალციხის ტბის პირას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის კანონიერების ფაქტი“, – ამბობს TI.

ძმები წულუკიძეები დააკავეს

ბათუმში სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა.

„რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო.

აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნარი ფუტკარაძემ.

ნარი ფუტკარაძის ინფორმაციით, ორივე ძმა თბილისში გადაიყვანეს.

რეზო და ფირუზ წულუკიძეები 2024 წლის 23 ნოემბერს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

რეზო და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ძმები წულუკიძეები 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.

პროკურატურა მათ რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობაში სდებდა ბრალს. ამ საქმეზე ჯამში 7 პირი იყო დაკავებული. ბრალდებულები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.

აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, უწყების გენერალურმა ინსპექციამ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 1981 წელს დაბადებულმა კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითებას, რომლებიც რეალურად აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდნენ.

შედეგად, ბრძანებებში მითითებულ პირებს, პერიოდულად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“, – წერს შსს.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარლო ურუშაძე ბრალდებულის სახით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ასევე დააკავეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი – ქრთამის აღების ფაქტზე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1982 წელს დაბადებულმა იაკობ კაცაძემ შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში  სხვადასხვა პირის უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-იდან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს შსს.

კარლო ურუშაძეს 2020 წელს „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ მეორე ხარისხის მედალი გადასცეს.

„სპეცოპერაციის დროს ბებიაჩემი დაჭრეს“ – დაკავებების სერია ხელვაჩაურში

17 მარტს, გვიან ღამით ხელვაჩაურში მიმდინარე სპეცოპერაციისას, ოჯახის წევრის ცნობით, 75 წლის ქალი დაჭრეს.

როგორც დაჭრილი ქალის შვილიშვილი, ნია მიქელაძე „ბათუმელებს“ უყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სპეცრაზმი ბიძამისის დაკავებას ცდილობდა.

„დაახლოებით 15-20 ფორმიანი შემოვარდა, ჩამოლეწეს ფანჯრები. ჩემებს ეძინათ. ბებიაჩემს ფეხში ესროლეს და დაჭრეს, ბიძაჩემი დააკავეს. არ ვიცით მიზეზი, რატომ დაიჭირეს, არავინ არაფერი გვითხრა.

ნიღბებით და ავტომატებით იყვნენ ყველანი შეიარაღებული, სპეცრაზმი იყო. ძალიან ბევრია დაკავებული. ზუსტი ოდენობა არ ვიცი. ჩვენ გვაინტერესებს ბებიაჩემის ამბავი, რატომ ესროლეს, რატომ დაჭრეს და ვითხოვთ ამაზე პასუხს.

საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჯერ არ ვიცით, როგორია მისი მდგომარეობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნია მიქელაძემ.

17 მარტს გამთენიისას სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რომელშიც შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა“.

ამ დრომდე, [17 მარტი, 10:30 საათი] შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

„ბათუმელები“ შსს-ს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება:

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, „ბათუმელებთან“ ოფიციალური კომენტარი გააკეთა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა, სადაც სპეცოპერაციისას დაშავებული ქალია გადაყვანილი.

„კლინიკაში შემოიყვანილია ქალი, უმნიშვნელო დაზიანებებით, ნაკაწრებით. გაეწია სამედიცინო დახმარება. დაზიანებული ჰქონდა ფეხი, მაგრამ დაჭრილი არ არის. მალე გაეწერება კლინიკიდან,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საავადმყოფოში.

სპეცოპერაცია ხელვაჩაურში - დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 280 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 783 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 218 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 38 477 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 688 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 333 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 183 144 ერთეული [+1 991]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 83 744 ერთეული [+120]
  • სპეცტექნიკა – 4 091 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტშია გაწერილი და არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ფიქსირდება ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ გამზირი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს, ადგილზე სამუშაოებს კერძო კომპანია „ბონდი-2009“ აწარმოებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება – რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები და რა სახსრებით ფინანსდება.

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები და, შესაბამისად, საჭირო თანხაც ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე არც ტენდერია გამოცხადებული.

მემედ აბაშიძის გამზირი არც იმ 15 ქუჩის ჩამონათვალშია, სადაც არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტობეტონის საფარის დაგება ადრე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბონდი-2009“ კი მემედ აბაშიძის გამზირზეც მუშაობს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე აწარმოებენ სამუშაოებს, თუმცა კომპანიაში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დავკავშირებოდით.

რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები მემედ აბაშიძის გამზირზე? იყო თუ არა გამოცხადებული ტენდერი? რომელი კომპანია მუშაობს? – ამ შეკითხვებზე პასუხებს „ბათუმელები“ მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუმცა პასუხები ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 16.03.2026

ბათუმში ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს 2025 წელს ტენდერი 6 432 351 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

მერიის სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 5 649 994 ლარია.

„სამუშაოს შესრულების ვადა: 2027 წლის 31 მაისის ჩათვლით,“ – წერია ხელშეკრულებაში.

სამუშაოების დაწყებაზე ბათუმის მერიამ განაცხადება, 2026 წლის 14 თებერვალს გაავრცელა, რომ „ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება და არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ჩანაცვლდება.“

ტენდერის მიხედვით, ქვაფენილი 15 ქუჩაზე [ან ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე] უნდა აეყარათ, თუმცა 14 თებერვლის განცხადებაში უკვე 16 ქუჩა დაასახელეს [დაამატეს კლარა ცეტკინის ქუჩა, რომელიც ტენდერში არ ფიგურირებდა]. მემედ აბაშიძის გამზირი არც ამ განცხადებაში ყოფილა ნახსენები.

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრის დაწყების შესახებ მერიამ განცხადება 2026 წლის 14 მარტს გაავრცელა.

ამ განცხადების მიხედვით, „სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში“.

თუმცა, გამზირზე მოძრაობა ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის მონაკვეთშიც 16 მარტს ისე შეიზღუდა, რომ მერიას ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 16.03.2026

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ამ თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის თანახმად მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ყველაზე მეტი თანხა, 132.51 მილიონი დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა, 162.81 მილიონი აშშ დოლარი კი – დანარჩენი ქვეყნებიდან.

ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველი ხუთეული ასეთია: – აშშ (54.34 მლნ აშშ დოლარი), იტალია (52.85 მლნ აშშ დოლარი), რუსეთის ფედერაცია (36.02 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (25.36 მლნ აშშ დოლარი) და გერმანია (24.39 მლნ აშშ დოლარი).

„2026 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ  295.32 მლნ აშშ დოლარი (792 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.1 %-ით (43 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025  წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა,“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ეროვნული ბაკის ცნობით, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33 მლნ აშშ დოლარი (88.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის თებერვლის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.8% მეტია.

კრემლი არ აკეთებს კომენტარს მოჯთაბა ხამენეის მოსკოვში გადაყვანაზე – რუსული მედია

კრემლი არ აკეთებს კომენტარს ქუვეითური გამოცემა Al Jarida-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირანის ახალი ლიდერი მოსკოვში მკურნალობს.

გუშინ ქუვეითურმა გამოცემა Al Jarida-მ, ირანის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი 12 მარტს რუსული სამხედრო თვითმფრინავით საიდუმლოდ გადაიყვანეს მოსკოვში.

სავარაუდოდ, ხამენეის მოსკოვში „წარმატებული ოპერაცია“ ჩაუტარეს რუსმა და ირანელმა ექიმებმა ერთობლივად და ამჟამად მკურნალობას აგრძელებს კერძო კლინიკაში, რომელიც პუტინის ერთ-ერთ საპრეზიდენტო რეზიდენციასთან ფუნქციონირებს.

Al Jarida-ს“ წყარო ამტკიცებს, რომ პუტინმა პირადად შესთავაზა მოჯთაბა ხამენეის რუსეთში მკურნალობა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, როცა მასთან ამ საკითხს განიხილავდა.

დღეს პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, უარი თქვა Al Jarida-ს რეპორტაჟზე კომენტარის გაკეთებაზე. „ჩვენ ასეთ რეპორტაჟებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, – თქვა მან.

12 მარტს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, მაგრამ „თავს კარგად გრძნობს“. მანამდე ისრაელის Channel 12-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხამენეი ფეხში დაიჭრა საჰაერო დარტყმის შემდეგ, „როცა მისი მოკვლა სცადეს“.

323 დღე მივლინებაში – „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლების რეკორდი: დახარჯეს 1.3 მილიონი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2022-2023 წლებში, 13-მა სახელმწიფო უწყებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებში 12 მლნ 168 918 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან.

აქედან, ყველაზე მეტი თანხა – 1 მლნ 324 666 ლარი, „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ დახარჯა.

როგორც სახელმწიფო აუდიტი ამბობს, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები „არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ იმყოფებოდნენ მივლინებებში.

ეს გამოიხატება იმაში, რომ მივლინებაში გატარებული დღეების ჯამური რაოდენობა საგრძნობლად აღემატება წლის განმავლობაში არსებული სამუშაო დღეების რაოდენობასაც კი.

„მაგალითად, 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელმა 310-323 დღე მივლინებაში გაატარა. რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამუშაო დღეების რაოდენობას. წელიწადში 248 დღე ითვლება სამუშაო დღედ.

მაღალი ინტენსივობის მივლინებები აჩენს კითხვებს მივლინებების საჭიროების დასაბუთებასა და ამ პირების ძირითადი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, – წერს აუდიტი.

13 საჯარო უწყების მიერ ქვეყნის გარეთ მივლინებაში დახარჯული თანხები 2022-2023 წელს.
გრაფიკა: აუდიტის სახელმწიფო სამსახური.

სახელმწიფო აუდიტის ამავე ანალიზის მიხედვით, 2022-2023 წლებში ამ 13 საჯარო უწყებაში სხვა ნაკლოვანებებიც გამოვლინდა, როგორც ავიაბილეთების შესყიდვის, ასევე სასტუმროში განთავსების მხრივ. როგორც აუდიტი წერს, ამ მიმართულებით აღნიშნულ საჯარო უწყებებს რაიმე მარეგულირებელი ჩარჩო დადგენილი არ აქვთ.

„შედეგად, საჯარო უწყებებს არ გააჩნიათ მკაფიო საორიენტაციო სტანდარტები განთავსების ხარჯების გონივრული ფარგლების განსაზღვრისთვის, რაც ზრდის საჯარო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს“, – ამბობს აუდიტი.

  • ნაკლოვანებები ავიაბილეთების შესყიდვის პროცესში

აუდიტის ანალიზმა აჩვენა, რომ საჯარო სექტორში საზღვარგარეთ მივლინებისთვის ავიაბილეთების შესყიდვის დროსაც არასისტემური მიდგომები არსებობს, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური განკარგვის შესაძლებლობას წარმოშობს.

„ავიაბილეთების ღირებულებამ სამივლინებო ხარჯების 42.8% შეადგინა, რაც ნათლად მიუთითებს ავიაბილეთების მნიშვნელოვან წილზე საერთაშორისო მივლინებების მთლიან დანახარჯებში.

ავიაბილეთების შესყიდვის დროს ბილეთის ღირებულებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც პირდაპირ უკავშირდება ავიაკომპანიების ფასწარმოქმნის პოლიტიკას. მათ შორის მნიშვნელოვანია: ფრენამდე რამდენი დღით ადრე ხდება ბილეთის შესყიდვა – ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორია. ავიაკომპანიები ახორციელებენ სარეალიზაციო ავიაბილეთების რანჟირებას კლასების მიხედვით და როგორც წესი, ფრენამდე ახლო პერიოდში, ფასდაკლებულ კლასს მიკუთვნებული ბილეთები ან აღარ არის, ან/და დეფიციტურია“, – წერს აუდიტი.

  • ნაკლოვანებები მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმების გაცემისას

აუდიტი წერს, რომ რიგ შემთხვევებში, სამივლინებო განაცხადებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება მომწვევი მხარის მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგს, „რაც შესაბამის უწყებებში კონტროლის მექანიზმების არასაკმარისი ეფექტურობის ფონზე, იწვევს სადღეღამისო ნორმების გაზრდილი მოცულობით გაცემას, რაც ზრდის საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური ხარჯვის რისკს“.

აუდიტს, მივლინებებთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს მაგალითად, რომელიც შესაძლოა გაზიარებული იყოს საქართველოს შემთხვევაშიც.

„აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილში წარმატებით არის დანერგილი მკაფიო რეგულაციები სასტუმროს ღირებულებასთან მიმართებით. უმეტეს შემთხვევაში, გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს ფიქსირებული ლიმიტები/ჭერი დღე-ღამეზე (Per Diem for Accommodation), რაც გულისხმობს მაქსიმალური დასაშვები თანხის დაწესებას სასტუმროში ერთ  დღე-ღამეზე.

ეს ლიმიტები ხშირად დიფერენცირებულია ქალაქებისა და რეგიონების სპეციფიკის მიხედვით, რიგ შემთხვევებში გათვალისწინებულია თანამდებობის რანგზე დაფუძნებული ლიმიტებიც.

საქართველოში კი, მივლინებების ფარგლებში სასტუმროში განთავსების ხარჯებთან მიმართებით მსგავსი ნორმატიული რეგულაცია არ არსებობს“, – ამბობს აუდიტი.

ზემოაღნიშნული მონაცემები, 13 საჯარო უწყების მონიტორინგის ანალიზს ასახავს. თუმცა, ამავე წყაროს ინფორმაციით, 2022-2023 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მონიტორინგის მიხედვით, მივლინებებში მთლიანობაში 159 მლნ 297 822 ლარია დახარჯული ბიუჯეტიდან.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში წერია:

„საჯარო მოსამსახურე ვალდებულია რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად“, რის საწინააღმდეგო სურათსაც იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აღნიშნული ანალიზი.

_____________

მთავარი ფოტო: „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და მისი მოადგილე თამთა ყველაიძე საფრანგეთში გამოფენაზე 2026 წელს.

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

„მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 242 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 78 332  ლარი შეადგინა,“ – წერს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, „კანონდამრღვევი საქართველოს   მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 8 215 ლარით დაჯარიმდა.“

აჭარის კულტურის სამინისტროს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის დანიშვნა აუკრძალეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის კულტურის სამინისტროს აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალი დირექტორის დანიშვნა აუკრძალა.

ინფორმაციას ამის შესახებ, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) „მართლმსაჯულების სამსახური“ ავრცელებს.

სწორედ ამ ორგანიზაციას მიმართა საკუთარი უფლებების დასაცავად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ყოფილმა დირექტორმა თამარ მესხიძემ.

როგორც უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, მათ „გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ კი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამ გადაწყვეტილებით, აჭარის კულტურის სამინისტრო ახალ დირექტორს სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ დანიშნავს.

აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე თანამდებობიდან 27 თებერვალს გაათავისუფლეს.

ის ამ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა.

დირექტორის გათავისუფლების ბრძანება აჭარის კულტურის სამინისტრომ გამოსცა.

თამარ მესხიძემ „ბათუმელებთან“ გათავისუფლების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია.

„მიუხედავად დირექტორის ჯეროვანი და წარმატებული საქმიანობისა – აჭარის კულტურის მინისტრის მიერ იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან (მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით), ხოლო მის ადგილზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა გათავისუფლებულის მოადგილე, რომელიც თითქოსდა აპროტესტებდა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

განთავისუფლებულმა დირექტორმა დახმარებისთვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) „მართლმსაჯულების სამსახურს“ მომართა, რომელმაც  თავის მხვრივ  „გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა შუამდგომლობის დასაბუთება და აჭარის კულტურის სამინისტროს დავის დასრულებამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის (გარდა მოვალეობის შემსრულებლისა) დანიშვნა აეკრძალა,“ – ნათქვამია უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი (ICFRP) წერს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით პრეცედენტული და იმავდროულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამავე თემაზე:

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მარტის 21 საათიდან 17 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა ღამით 4 ბალი, დღისით 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 18 და 19 მარტს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 279 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 781 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 24 215 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 38 457 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 687 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 333 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 181 153 ერთეული [+1 883]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 83 624 ერთეული [+111]
  • სპეცტექნიკა – 4 091 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ახლოს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული კაცია.

დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შემთხვევა დღეს, 15 მარტს მოხდა. ავარიის გამო ცენტრალურ გზაზე გრძელი საცობი წარმოიშვა და გადაადგილება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ირანის ახალი ლიდერი მოსკოვშია, მას ოპერაცია ჩაუტარეს და პუტინის რეზიდენციაში მკურნალობს – მედია

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციაში. ამის შესახებ AJ Jariba იუწყება ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაჭრილ ხამენეის ოპერაცია დასჭირდა. იგი მოსკოვში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანეს მკაცრად გასაიდუმლოებული პირობებით.

წყაროს თქმით, ხამენეიმ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა და ახლა მკურნალობს კერძო კლინიკაში, რომელიც პუტინის ერთ-ერთ საპრეზიდენტო რეზიდენციასთან ფუნქციონირებს.

მისი თქმით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ ირანის ახალ უზენაეს ლიდერს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია კარგად აღჭურვილ კლინიკაში და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც საომარი მოქმედებების პირობებში ირანში შეუძლებელია.

ამასთან, წყარომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურები შიშობდნენ ხამენეის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვაზე. სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი მკურნალობა რუსეთში.

გამოცემის ინფორმაციით, პუტინმა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას თავად შესთავაზა ხამენეის რუსეთში გადაყვანა. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს წინადადება განიხილეს და საბოლოოდ დასთანხმდნენ.

წყაროს თქმით, ხუთშაბათს, საღამოს ხამენეი მოსკოვში ჩაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარებას რუსი და ირანელი ექიმები უწევდნენ.

6 აპრილის ჩათვლით, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება.

16 მარტის ჩათვლით მოძრაობა შეზღუდულია გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უკავშირდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც. ასევე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში.

„შეზღუდვა უკავშირდება მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში. პროექტის ფარგლებში არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება ასფალტის საფარით და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა“ – ამბობს მერია.

მათი ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის 6 აპრილს უნდა დასრულდეს.

_______________

მთავარი ფოტო: ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა/ფოტო: ბათუმელები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 279 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 781 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 213 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 38 438 ერთეული [+17]
  • MLRS – 1 686 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 332 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 179 270 ერთეული [+1 984]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+65]
  • გემი/ნავი – 31 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 83 513 ერთეული [+110]
  • სპეცტექნიკა – 4 089 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

11 წელი მიუსაჯეს 68 წლის უკრაინელ ქალს, რომელიც რუსულ პენსიას უკრაინის არმიას ურიცხავდა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

100 მილიონი ლიტრის ბაზარს ვკარგავთ, დღეს რომ გავაუქმოთ პლასტმასის ბოთლები – ლუდის მწარმოებელი

„პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში ამის აკრძალვის. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა მდგომარეობა გვექნება“, – ამბობს ბიზნესმენი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე ესაუბრა.

2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

„ბათუმელებმა“ ბიზნესმენ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორია.

  • ბატონო ნიკოლოზ, კონკრეტულად რომ გვითხრათ, პლასტმასის ბოთლის აკრძალვა, როგორ აისახება საბოლოო პროდუქტის ფასზე, რამდენით გაძვირდება უალკოჰოლო სასმელი, ან ლუდი, მაგალითად? 

ავიღოთ ლუდის ინდუსტრია: ლუდის ინდუსტრიაში 40 მილიონი ლიტრი, რაც ბაზრის დაახლოებით 30%-ს შეესაბამება, არის შუშის შეფუთვაში: შუშა, ქილა და კასრები. დანარჩენი 70%, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ ლიტრს შეესაბამება, არის პლასტმასის ბოთლებში. ანუ, პლასტმასის ბოთლები თუ ჩანაცვლდება შუშის ბოთლებით, ჯერ ერთი საკითხია: ეს შესაძლებლობა რამდენად არსებობს ზოგადად, რასაც გრძელი ვადა სჭირდება და რამდენიმე წელიწადი.

დღეს მაღაზიაში რომ ხედავთ შუშის ბოთლს, პლასტმასის აკრძალვის შემდეგ, შუშის ფასი არ გაიზრდება – შეიძლება ოდნავ გაიზარდოს, იმიტომ, რომ მოთხოვნა უფრო მეტი იქნება და მიწოდება შეიზღუდება, თუმცა ეს ჩანაცვლდება იმპორტით.

თუმცა ლუდის ინდუსტრიაში ორი კატეგორიის ფასია: ერთი არის ეკონომიური შეფუთვა, ანუ ორლიტრანახევრიანი, ორლიტრიანი და ასე შემდეგ. ერთ ლიტრზე გადათვლით, ეს გაცილებით იაფია და დაახლოებით 50-70%-ით იაფია, ვიდრე იგივე ერთ ლიტრზე – შუშასა და ქილაში. ანუ ეს ეკონომიური შეფუთვა აღარ იქნება. იქნება ტრადიციული შეფუთვა შუშის და ქილის სახით და იგივე ფასი იქნება, რაც იქნება 50-70%-ით უფრო მეტი.

  • „ოცნების“ ახალი გადაწყვეტილებით, ეკონომიკური შეფუთვა აღარ დაგვხვდება დახლებზე, მაგრამ შუშის ბოთლებში ლუდის ფასი იგივე დარჩება? 

რა თქმა უნდა, თუმცა კორექტირება მოხდება. წარმოიდგინეთ, იდეალურ შემთხვევაში, პლასტმასის ბოთლი აღარ არის და დავუშვათ, ყველაფერი ჩავანაცვლეთ შუშის ბოთლით ან ქილით. შესაბამისად, პლასტმასის ფასი აღარ იქნება და იქნება შუშის ფასი, რომელიც გვაქვს დღეს ბაზარზე. 40 მილიონი ლიტრი ლუდის ინდუსტრიაში იყიდება შუშასა და ქილაში, რასაც გაცილებით მაღალი ფასი აქვს.

 

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

შუშის ბოთლში შეფუთვა თუ ღირს ერთ ლიტრზე დაახლოებით, 7 ლარი, იგივე ერთი ლიტრი პლასტმასის ბოთლში ღირს 5 ლარი. განსხვავება არის დაახლოებით 50%.

ლუდის ინდუსტრიაში ჩვენი პრობლემა ფასის გაზრდა კი არ არის, ჩვენი პრობლემა არის ის, რომ საწარმოო შესაძლებლობები არ არსებობს ქვეყანაში.

ლუდის ინდუსტრიისთვის კარგი მომენტია, რომ პლასტმასის ბოთლი არ არსებობდეს – ჩვენი სპეციფიკური მდგომარეობის გამო გაჩნდა პლასტმასის ბოთლი ინდუსტრიაში. თუ ჩვენ ყველა ერთად დავდებთ გეგმას, 4 წლის განმავლობაში შეგვიძლია მთლიანად ამოვიღოთ პლასტმასის ბოთლი უმტკივნეულოდ, მაგრამ დღესვე რომ გავაუქმოთ, მაგალითად, 100 მილიონი ლიტრის ბაზარს ვკარგავთ და მას ერთი წლის განმავლობაში ვერანაირად ვერ ჩავანაცვლებთ. ეს ვერც ორი წლის განმავლობაში მოხდება.

ამ დროს გაჩნდება საქართველოში, ქართულ ლუდის ინდუსტრიაში გეპი [დანაკლისი].

  • ლუდის დეფიციტი გვექნება? 

დეფიციტი იდეაში არ იქნება – ის ჩანაცვლდება იმპორტით, მაგრამ ჩვენთან იმპორტით შემოვა – ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან – დაბალფასიანი პროდუქცია, იმიტომ, რომ იმასაც უნდა უღირდეს იმპორტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი გაფუჭდება.

დაბალი ხარისხის ლუდი შემოვა, რომ ეს ნიშა დაიკავოს და ფასი იგივე ან, ვთქვათ, პლასტმასის ბოთლის ფასთან მიახლოებული დაჯდეს 1 ლიტრზე გადათვლით.

  • მინის ბოთლის მასობრივი წარმოება პრობლემაა მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, თუ მინის შესყიდვაც პრობლემაა?

ერთიც და მეორეც პრობლემაა. დღეს, თქვენთან საუბრის შემდეგ რომ გავაფორმო ხელშეკრულება მოწოდებაზე, წელიწადნახევარი-ორი წელი ისე დამჭირდება, როგორც არაფერი: ხაზის ჩამოტანა, დამონტაჟება, გაშვება და ასე შემდეგ. ეს ორი წელი იქნება პრაქტიკულად სიცარიელე ბაზარზე, რომელიც დიდი ალბათობით იმპორტირებული პროდუქტით შეივსება.

  • რა ხდება არაალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში – აქ რა მოხდება? 

პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში ამის აკრძალვის. შესაბამისად, ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით რა მდგომარეობა გვექნება. ზოგადად გაყიდვების, ასე ვთქვათ, წყლების და მინერალური წყლების, ლიმონათის 80% არის პეტის ბოთლში [პლასტმასის ბოთლი]. მას ბერანაირად ვერ ჩაანაცვლებ.

წარმოიდგინეთ, როდესაც ყველა შეფუთვა იქნება ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი, ჯერ ამდენი რაოდენობაც არ არის და ვერც იქნება. ამდენი ხაზი არ არსებობს.

ფასი რომ წარმოვიდგინოთ: ჩვენი ლიმონათი, მაგალითად, შუშის ბოთლი დაახლოებით 70%-ით უფრო ძვირია, ვიდრე პლასტმასის ბოთლში იგივე რაოდენობა…

თუ ასეთი მოცემულობა გვექნება, რომ ინდუსტრიები შემცირდება, იმიტომ რომ საწარმოო საშუალებები, გადაიარაღება, გადაწყობა გასაკეთებელია, ყველაფერ ამას ემატება ის, რომ ამის თანხა არავის არ აქვს: მე მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გავითვალისწინო, მაგალითად, ახალი ხაზი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ახალი ხაზის გათვალისწინება დამჭირდება. იქიდან დამჭირდება წელიწად-ნახევარი იმისათვის, რომ ახალი ხაზები დავამონტაჟო, დაახლოებით, ასეთ რეჟიმში გადავალთ.

ამ ტიპის აკრძალვები არსად არ არსებობს. თუმცა რაც არსებობს, ყველაზე კარგი გამოსავალი არის სეპარირებული შეგროვების, ანუ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამუშავება. დიდი ალბათობით ეს იქნება ჩვენი ალტერნატიული შეთავაზება.

  • როგორც გავიგე, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს, როგორც დეფიციტს, ასევე ფასის მატებას უალკოჰოლო სასმელების შემთხვევაში დაახლოებით 70 %-ით? 

ინდუსტრია ამბობს, რომ ეს ფასი სავარაუდოდ გაორმაგდება.

როდესაც საუბრობთ ფასების მატებაზე, ფასები არ გაიზრდება იმაზე უფრო მეტად, ვიდრე დღეს გვაქვს შუშის ბოთლში, ანუ შუშის ბოთლის ფასი იგივე იქნება – იმას არ მოემატება ფასი. უბრალოდ, ეკონომიური შეფუთვა გაქრება ბაზრიდან.

შეიძლება, ვინმე შემოგვიტრიალდეს და თქვას: იცით რა, ფასი არ გაიზრდება. მართლაც, შუშის ბოთლი რაც ღირდა, პირობითად, 2 ლარი, ისევ 2 ლარი იქნება. სამაგიეროდ, აღარ არსებობს ეკონომიური შეფუთვა, რომელიც დღეს გაყიდვების 80%-ია.

აქ ზოგადად ბაზრის შემცირებაა პრობლემა, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოების შემცირებაა პრობლემა. წარმოების შემცირება ასევე მუშახელის შემცირებას, შესაბამისად ეკონომიკური ეფექტის შემცირებას იწვევს, გადასახადის შემცირებას და ასე შემდეგ.

ეს არის ის ნეგატიური ეფექტები, რასაც მივიღებთ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლით.

  • გასაგებია თქვენთვის, რა განზრახვით მიიღო ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება? 

არ ვიცი, ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი. ცხადია, ეს არის ეკოლოგიაზე ზრუნვა, თუმცა არაპირდაპირ თუ ჩვენ შევხედავთ, 20-ჯერ მეტი ლოჯისტიკის პირობებში უფრო მეტი გამონაბოლქვი იქნება ქვეყანაში, უფრო მეტი CO2 იქნება, უფრო მეტი ენერგიის მოხმარება. წარმოიდგინეთ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩავანაცვლებთ ყველაფერს შუშით, დღეს თუ 20 000 ტონა პეტს ვიყენებთ, მერე ნახევარი მილიონი ტონა შუშა უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება, ვიზუალური ეფექტი აღარ იყოს, ასე ვთქვათ, დაბინძურების, თუმცა სხვა ტიპის არავიზუალური ეფექტი იქნება დაბინძურების.

ასეთი ტოტალური აკრძალვა არსად არ არის, მაგრამ არის საუკეთესო მოდელები – წარმოების გაფართოებული ვალდებულება. ამაზე უკეთესი არავის მოუგონია.

___

„ყველაფერი გაძვირდება, რაც ბოთლში ისხმება – წყალი იქნება, ბორჯომი თუ ლუდი“: რას გამოიწვევს პლასტმასის აკრძალვა

11 წელი მიუსაჯეს 68 წლის უკრაინელ ქალს, რომელიც რუსულ პენსიას უკრაინის არმიას ურიცხავდა

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მასობრივად აპატიმრებს პენსიონერებს. ბოლო ერთ თვეში, მხოლოდ ზაპოროჟიეს ოლქში, ოთხი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

68 წლის პენსიონერმა გალინა ბეხტერმა, რომელიც ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, ოკუპაციის შემდეგ აიღო რუსული პასპორტი. რუსეთის პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის ივლისს, მან უკრაინული ბანკის მეშვეობით, 1240 რუბლი გადარიცხა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ფონდში.

ქალი 2025 წლის მაისში ფსბ-მ დააკავა. პენსიონერმა დანაშაული აღიარა. მას 11 წელი მიუსაჯეს 1240 რუბლის გამო და სასჯელს კოლონიაში მოიხდის. ის სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს.

68 წლის ქალი პატიმრობას თავს მხოლოდ  79 წლის ასაკში დააღწევს.

გამოძიების ვერსიით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკუთარ უკრაინულ პენსიას კიდევ ერთი პენსიონერი, სვეტლანა ლოი ურიცხავდა. ქალი 69 წლის არის. მას 15 წელი მიუსაჯეს.

ერთ-ერთ პენსიონერს, 67 წლის ნატალია კოზლოვას კი 9 წელი მიუსაჯეს ტერორიზმის დაფინანსების მუხლით.

გამოძიების ვერსიით, 70 წლის ნიკოლაი ტიმკოვმა უკრაინის არმიას 6365 რუბლი გადაურიცხა, რის გამოც ის 10 წლით გაამწესეს კოლონიაში. ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მცხოვრებ კაცს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ამიტომ სამშობლოს ღალატით ბრალი ვერ წაუყენეს.

თუმცა მსგავსი შემთხვევებისთვის რუსეთმა 2024 წლის ბოლოს ახალი მუხლი შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში – „მოწინააღმდეგის დახმარება“. ნიკოლაი ტიმკოვი სწორედ ამ მუხლით გაასამართლეს.

Exit mobile version