მთავარი,სიახლეები

„სპეცოპერაციის დროს ბებიაჩემი დაჭრეს“ – დაკავებების სერია ხელვაჩაურში

17.03.2026
„სპეცოპერაციის დროს ბებიაჩემი დაჭრეს“ – დაკავებების სერია ხელვაჩაურში

17 მარტს, გვიან ღამით ხელვაჩაურში მიმდინარე სპეცოპერაციისას, ოჯახის წევრის ცნობით, 75 წლის ქალი დაჭრეს.

როგორც დაჭრილი ქალის შვილიშვილი, ნია მიქელაძე „ბათუმელებს“ უყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სპეცრაზმი ბიძამისის დაკავებას ცდილობდა.

„დაახლოებით 15-20 ფორმიანი შემოვარდა, ჩამოლეწეს ფანჯრები. ჩემებს ეძინათ. ბებიაჩემს ფეხში ესროლეს და დაჭრეს, ბიძაჩემი დააკავეს. არ ვიცით მიზეზი, რატომ დაიჭირეს, არავინ არაფერი გვითხრა.

ნიღბებით და ავტომატებით იყვნენ ყველანი შეიარაღებული, სპეცრაზმი იყო. ძალიან ბევრია დაკავებული. ზუსტი ოდენობა არ ვიცი. ჩვენ გვაინტერესებს ბებიაჩემის ამბავი, რატომ ესროლეს, რატომ დაჭრეს და ვითხოვთ ამაზე პასუხს.

საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჯერ არ ვიცით, როგორია მისი მდგომარეობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნია მიქელაძემ.

17 მარტს გამთენიისას სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რომელშიც შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა“.

ამ დრომდე, [17 მარტი, 10:30 საათი] შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

„ბათუმელები“ შსს-ს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება:

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, „ბათუმელებთან“ ოფიციალური კომენტარი გააკეთა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა, სადაც სპეცოპერაციისას დაშავებული ქალია გადაყვანილი.

„კლინიკაში შემოიყვანილია ქალი, უმნიშვნელო დაზიანებებით, ნაკაწრებით. გაეწია სამედიცინო დახმარება. დაზიანებული ჰქონდა ფეხი, მაგრამ დაჭრილი არ არის. მალე გაეწერება კლინიკიდან,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საავადმყოფოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: