„ოცნების“ პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ 80-მა პროფესორ-მასწავლებელმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პროფესორები „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში მიღებულ ახალ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ:
„გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საბჭოთა საქართველოშიც, ყველა უნივერსიტეტს სახელმწიფო ცენტრალიზებულად მართავდა, სწავლება და კვლევა მკაცრ იდეოლოგიურ კონტროლს ექვემდებარებოდა. ძალიან შეურაცხმყოფელი და აბსოლუტურად გაუმართლებელია [მით უფრო, არსებული კონსტიტუციური გარანტიების პირობებში], რომ თვისებრივად იმავე ტენდენციის რეანიმაციის მომსწრენი ვხდებით დღეს, რაც ძირს უთხრის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ნაშენებ მიღწევებს უმაღლესი განათლების სფეროში და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით აცილებს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა.
თუ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, პარლამენტს უმაღლესი განათლების სფეროში მიღებული ახალი კანონების შეცვლა მოუწევს.
გასაჩივრებულია რამდენიმე სამართლებრივი ნორმა, მათ შორის, მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭება და „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც მას აქვს.
შედეგად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უპირობოდ შეზღუდა ვალდებულებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში“.
პროფესორების აზრით, „ოცნების“ ახალი კანონები არღვევს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, რომელიც ამბობს: „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“.
„მოსარჩელეებს მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები უშუალოდ ვრცელდება ჩვენზე და არღვევს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ავტონომიას და უნივერსიტეტის პროფესორების – თითოეული ჩვენგანის აკადემიურ თავისუფლებას,“ – წერია სარჩელში.
სარჩელში ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად მოუწევს აკადემიური თავისუფლების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიის კონსტიტუციური გარანტიის არსის, მნიშვნელობის და ფარგლების განმარტება, შესაბამისი სტანდარტების დადგენა. აღნიშნული ნორმის მიზნობრივი სიცოცხლისუნარიანობისთვის ადეკვატური, სწორი კონსტიტუციური საფუძვლების შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს აკადემიურ თავისუფლებაზე „ძალადობის“ მდიდარი გამოცდილება.
„უნივერსიტეტი, როგორც იდეა, არის თავისუფლების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, პლურალიზმის, ტოლერანტობის კერა. ეს არ არის ადგილი მხოლოდ კონკრეტული ცოდნის შექმნის, გავრცელების თუ სწავლისთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, არის ღირებულებებზე დაფუძნებული ცოცხალი ორგანიზმი, სივრცე, სადაც შესაძლებელია თავისუფლების თავისუფალი გააზრება.
განათლების ფუნქცია არის არა მხოლოდ არსებული ცოდნის შენარჩუნება, დაცვა და თაობებისთვის სწავლება/გადაცემა [რაც, უდავოდ, მნიშვნელოვანია], არამედ მისი ეჭვის ქვეშ დაყენება, კამათის, დისკუსიის, ანალიზის, კრიტიკის საგნად გადაქცევა და ამ გზით განვითარება.
ამ თვალსაზრისით, საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში „სვიზი ნიუ ჰემფშირის წინააღმდეგ“ განაცხადა: „უნივერსიტეტის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ის გარემო, რომელიც ყველაზე მეტად ხელს უწყობს აზროვნებას, ექსპერიმენტსა და შემოქმედებას“. ეს არის/უნდა იყოს ადგილი, რომელიც ასაზრდოებს თავისუფალ, თვითრეალიზებად, პროგრესირებად და კონკურენტუნარიან პიროვნებებს.
მიუხედავად იმისა, რომ განათლება რეგულირებადი სფეროა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ სათანადო ხარისხის უზრუნველმყოფელი სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება, დაუშვებელია, თუნდაც ამ მიზანზე ორიენტირებით, სახელმწიფომ ცალმხრივად გადაწყვიტოს უნივერსიტეტის ფუნქციონირების მიზანი, არსი და ფარგლები. თუ სახელმწიფოს შეეძლება თავად განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის შინაარსი და მისი რეალიზაციის ფორმები, ადმინისტრაციის სტრუქტურა, პერსონალური შემადგენლობა, სტუდენტთა კონტინგენტი, ფინანსების განკარგვის ამოცანები და გზები, შესაბამისად, შეეძლება ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ფუნდამენტურად შეცვალოს/დაავიწროოს უნივერსიტეტის პროფილი, დამოუკიდებლად გააუქმოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, შედეგად, თვისობრივად შეცვალოს უნივერსიტეტის მიზანი, დიაპაზონი, ამოცანები, განვითარების პერსპექტივები, განსაზღვროს აკადემიური პერსონალის ბედი, ჩამოართვას/გაუყიდოს ქონება [განკუთვნილი მიზნობრივად საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის თუ კვლევებისთვის], რაც ფაქტობრივად თავისთავად იწვევს უნივერსიტეტის იდენტობის, თვითმყოფადობის გაუქმებას და უკეთეს შემთხვევაში გადააქცევს ვიწროპროფილურ, არაკონკურენტუნარიან, მისი მიზნების შესაბამისად ვერგანვითარებად დაწესებულებად, მაშინ სიტყვა „ავტონომია“ ფორმალურადაც გამოიფიტება მისი შინაარსისგან. ასეთი დაშვების პირობებში, კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ბუტაფორიად გადაიქცევა და გაუგებარს გახდის, საერთოდ რა საფრთხეებისგან იცავს ის უნივერსიტეტს,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.
პროფესორი სარჩელში ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ე.წ. რეფორმების სამთავრობო კომისიაში არ იყვნენ სათანადო კომპეტენციის მქონე პირები.
„კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს/დაწესებულებებს, ექსპერტებს, სამუშაო ჯგუფს, შესაბამისად, პროექტი არ ეფუძნება მათთან კონსულტაციებს, მათ შეფასებებს, დასკვნებს.
როგორც ცნობილია, კონცეფციის განხილვა მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის უნივერსიტეტების რექტორებთან სამი დახურული შეხვედრით შემოიფარგლა [რაც თავისთავად გამორიცხავს აკადემიური საზოგადოების – სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის – არსებით ჩართულობასა და მსჯელობას უმაღლესი განათლების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით].
ეს შეხვედრები იყო სიმბოლური ხასიათის – შეხვედრები შეხვედრებისთვის, რათა ფორმალურად შეექმნათ პროცესის გამჭვირვალობის იმიტაცია. ისინი ძირითადად დაეთმო რექტორებისთვის კონცეფციის თაობაზე იგივე ინფორმაციის მიწოდებას, რაც საჯაროდ გაკეთდა კონცეფციის პრეზენტაციისას, მათი ფაქტის წინაშე დაყენებას. ეს არ იყო სამუშაო შეხვედრები, სადაც ვინმეს აინტერესებდა კონცეფციის კრიტიკული ანალიზის მოსმენა, პრობლემებზე ფოკუსირებული დისკუსია და, მით უფრო, კონტრარგუმენტების გაზიარება.
მეტიც, მიუხედავად საჯარო დაპირებისა, რომ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მიზნის ფარგლებში თავად უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით გადაწყდებოდა რომელი ფაკულტეტი რომელ უნივერსიტეტში დარჩებოდა, საჯარო განცხადებიდან 3 დღეში განათლების მინისტრმა გამოაცხადა, რომ, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი იქნებოდა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლას, აფხაზეთის უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე მომდევნო წლიდან მიღება აღარ განხორციელდებოდა…
ბუნებრივია, ასეთმა მიდგომამ კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა ეჭვი, რომ ფაკულტეტების/სკოლების „გადანაწილების“/გაუქმების საკითხი უკვე ისედაც გადაწყვეტილი იყო [კონცეფციაზე მუშაობის დაწყებამდეც] და არავინ აპირებდა უშუალოდ უნივერსიტეტებთან შესაბამისი კონსულტაციების გზით საკითხის გადაწყვეტას,“ – აღნიშნულია სარჩელში.
ამ თემაზე:
20-მდე ასოციაცია მოითხოვს, შეჩერდეს ილიუნის პროგრამების შეკვეცა-გაუქმების პროცესი




