მთავარი,სიახლეები

„ეს ადასტურებს, რომ რუსეთი უძლურია“ – რას აჩვენებს აჟიოტაჟი რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტზე

06.05.2026
„ეს ადასტურებს, რომ რუსეთი უძლურია“ – რას აჩვენებს აჟიოტაჟი რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტზე

„ეს უძლურების ნიშანი უფრო არის, ვიდრე ძალის, როდესაც რუსეთი მედიით ასეთ განცხადებებს აკეთებს. სხვა ვეღარაფერს დიდად ვეღარ აკეთებენ,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტებზე ატეხილ აჟიოტაჟზე ვესაუბრეთ.

„დასავლეთის კავკასიური ცირკი“, მაგალითად, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რაშა თუდეი“ – რას აჩვენებს რუსეთის რეაქცია ფაშინიანის წარმატებულ სვლებზე ევროკავშირისკენ?

„თუ რუსეთის გუბერნიის სტატუსი არ გაგაჩნია, შენ ანტირუსულ საქმიანობას ეწევი, ეს არის დღევანდელი კრემლის ლოგიკა. კრემლი არ ეგუება არც მეგობარს, არც მოკავშირეს, არც მეზობელს. კრემლისთვის არსებობს მხოლოდ სრული მორჩილება და სომხეთმა ეს კარგად ნახა – რუსეთი დამოუკიდებლობის დღიდან პრაქტიკულად სომხურ სახელმწიფოებრიობას ებრძოდა და მიიყვანა იმ კატასტროფამდე, სადაც მიიყვანა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს რჩება მხოლოდ ორი გავლენის სფერო: ბელარუსი და საქართველო,“ – გვიყვება გიორგი ტუმასიანი.

„ბათუმელებმა“ გიორგი ტუმასიანთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და პოლიტიკური ინიციატივის „ჯერ საქართველო“ წევრი:

  • ბატონო გიორგი, რუსულ მედიაში აქტიურად ეხმაურებიან ევროპის ლიდერების მიერ ერევანში გაკეთებულ განცხადებებს. „დასავლეთის კავკასიური ცირკი“, მაგალითად, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რაშა თუდეი“, თქვენთვის რას აჩვენებს ეს აქტიურობა? 

რუსეთის სახელმწიფო მედიამ და პროპაგანდისტებმა სომხეთში მიმდინარე პროცესს დიდი ყურადღება დაუთმეს, ასევე დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ხშირად აფასებს ხოლმე ასეთ აქტებს არაფორმალურად. ვნახეთ, რომ მან რუსოფობი უწოდა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ზელენსკისთან ინგლისურად საუბრის გამო. მარგარიტა სიმონიანი კი, საუბრობს რუსი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე სომხეთში. ესეც საგულისხმოა.

რუსულ მედიაში ძირითადი აქცენტები იყო წინასაარჩევნო კამპანიაზე და იმაზე, რომ აი, ფაშინიანს ეხმარებიან. საუბარია, ძირითადად, ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის, მაკრონის ვიზიტზე – მუქარანარევი, შეურაცხმყოფელი.

ვხვდებით რუსეთის მედიაში ასევე საქართველოს მაგალითის შეხსენებას, რომ აგერ საქართველომ თავის დროზე რა გააკეთეს და ახლა სწორ გზას დაუბრუნდა. ახლა სომხეთი იმავეს იმეორებსო.

  • ეს ისტერიკაა, როცა არაფრის შეცვლა არ შეუძლია რუსეთს და კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაში, თუ ჩანს, რომ რუსეთი აქტიურდება სომხეთში წინასაარჩევნოდ? 

რუსული მედია არის რუსეთის სახელმწიფო სისტემის გაგრძელება. ეს არ არის ცალკე სფერო. სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია საკითხის მოგვარება, მედიით წივილ-კივილის ატეხა არ უნდა სჭირდებოდეს.

ეს პრაქტიკულად ადასტურებს, რომ რუსეთი უძლურია და მხოლოდ შეუძლია ისეთი მუქარები გააჟღეროს, რომელიც რეალურად საკმაოდ მავნეა თავად რუსეთის გავლენებისთვის, მაგალითად, თუ ეკონომიკურ სანქციებს გამოიყენებს, ამას ექნება უზარმაზარი ანტირუსული რეაქცია საზოგადოებაში.

ეს უძლურების ნიშანი უფროა, ვიდრე ძალის, როდესაც რუსეთი მედიით ასეთ განცხადებებს აკეთებს. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღიად გამოხატავენ კმაყოფილებას საქართველოში შედეგებით. შესაბამისად, მოქალაქეები საქართველოში უნდა დაფიქრდნენ ამაზე: რას ნიშნავს, როცა რუსეთი კმაყოფილია ჩვენი რეალობით?

გიორგი ტუმასიანი

  • რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია ის, რომ „მოძმე სომხეთში“ ანტირუსულ კურსს აძლიერებს ევროპა. „შეკრებამ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს და მის სტუმრებს პოლიტიკური პოზირების შესაძლებლობა მისცა, ასევე ყურადღება გადაიტანეს იმ გლობალური კრიზისიდან, რომელშიც ისინი ჩაეფლნენ“ – ეს ციტატაა „რაშა თუდეიზე“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში. როგორ მუშაობს ამჯერად რუსული პროპაგანდა? 

რუსები წინასაარჩევნოდ ცდილობენ ფაშინიანისგან მტრის ხატი შექმნან, აჩვენონ, რომ ის დასავლეთის აგენტია და ეს კავშირი ნეგატიურ კონტექსტში აჩვენონ. ასევეა სპეკულაციები აზერბაიჯანთან დაკავშირებით, შერიგების პროცესზე.

  • როგორ მუშაობს რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილები სომხეთში, თქვენ რას გვეტყვით? 

რუსული მედიის ნაწილი შეზღუდულია სომხეთში, იგივე იუთუბარხები, რომელიც საკმაოდ პოპულარულია სომხეთში…

სომხეთში რუსული პროპაგანდას მაინც ძირითადად აწარმოებენ სომხური გვარის მქონე ადამიანები, მაგალითად, მარგარიტა სიმონიანი, არამ გაბრიელიანოვი, მიკა ბადალიანი… ახლახან მიკა ბადალიანი წერდა, სომხეთი მეორე ფრონტს ხსნის რუსეთის წინააღმდეგ და ომი არ ასცდებაო. გაუგებარია: ჯერ პირველი ფრონტი რომელია და ვისთან? სომხეთს რუსეთთან საზღვარი არ აქვს, აზერბაიჯანთან ომი არ იგეგმება, პირიქით, ყველაფერი კარგადაა. რუსეთი აპირებს ომის გაჩაღებას სომხეთის წინააღმდეგ?

მოკლედ, სომხური გვარის მქონე ადამიანების მეშვეობით ცდილობენ, ფეისბუქში, თუ ტელეგრამში აუდიტორიაზე იმუშაონ.

ოპოზიციონერმა სამველ კარაპეტიანმა, მაგალითად, თქვა ისიც, რომ ბათუმი სააკაშვილის მმართველობის გამო გახდა თურქულ-აზერბაიჯანული ქალაქი. ეს მაგალითი მოიყვანეს იმის საჩვენებლად, თითქოს, აი, რა შედეგი მოჰყვება ფაშინიანის პოლიტიკას. თუ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ლარსზე რიგები აღარ იქნებაო – ესეც თქვა და სამიტი გეოპოლიტიკურ ბალანსს არღვევს რეგიონშიო: აშკარად იგულისხმა, რომ რუსეთის და ირანის ინტერესების წინააღმდეგია ეს ყველაფერი.

  • რუსი პროპაგანდისტები ერევნის ევროპულ სამიტზე საუბრის დროს ხშირად მიუთითებენ, რომ გიუმრიში, სადაც გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩასული, რუსული ბაზაა ამ დრომდე. ამით ცდილობს რუსეთი, რომ შეაშინოს სომხეთი პროვოკაციის მოწყობით, თუ ეს, უბრალოდ, რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია?

დაშინებაც ჰიბრიდული ომის ნაწილია. პროვოკაციის მოწყობაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა.

გუშინდელი ღონისძიება გიუმრიში კიდევ ერთი დასტურია, რომ ის არანაირი განსაკუთრებული ქალაქი არ არის – სხვანაირი სომხები იქ არ ცხოვრობენ, შესაბამისად, ნებისმიერი სპეკულაცია ამ კუთხით მხოლოდ მანიპულაციაა.

ასევე ვფიქრობ, რომ სომხეთის ხელისუფლება სათანადო ყურადღებას აქცევს რუსულ სამხედრო ობიექტებს. ვიცით – რუსეთს შეუძლია ჩაატაროს ე.წ. სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ დაიცვას რუსი მოქალაქეები.

  • ფიქრობთ, რომ რეალურია პროვოკაციის საფრთხე სომხეთში, აქვს ამაზე მკაფიო პასუხი სომხეთის მთავრობას? 

სომხეთში მუშაობენ პრევენციაზე, რომელიც საჯარო ვერ იქნება. ვფიქრობ, სომხეთის ხელისუფლება მიმართავს სათანადო ხერხებს, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი პროვოკაცია. ბოლო პერიოდია სომხეთი არ მიესალმება სომხეთში რუსული ძალების როტაციის ან მათი რაოდენობის გაზრდას.

საჭიროებას ვეღარ ხედავს სომხეთი, რომ რუსი სამხედროების რაოდენობა რაიმე ფორმით გაიზარდოს.

  • რუსულ მედიაში ასევე ახსენებენ ფრაზებს, რომ სომხეთში საქმე გვაქვს „ანტირუსულ ავანტიურასთან“, „სომხეთი მოძმე ხალხია, რომელსაც რუსეთისთვის არასოდეს უღალატია,“ მაგრამ „ურსულები სომხეთში ჩავიდნენ ფაშინიანის მხარდასაჭერად, რომელმაც ღიად ანტირუსული კურსი აირჩია“… რას აკეთებს ფაშინიანი რეალურად – რამაც გააღიზიანა რუსეთი? 

ეს არის სუვერენიტეტი და მრავალვექტორული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც მეტწილად პროდასავლურია – ადამიანის უფლებების კონტექსტში, დემოკრატიაში სომხეთის ხედვა ემთხვევა ევროპის და ამერიკის ხედვას. ეს არ არის ანტირუსული პოლიტიკა და ფაშინიანს ეს არაერთხელ უთქვამს.

ეს რეაქციები კიდევ ერთი დასტურია, რომ თუ რუსეთის გუბერნიის სტატუსი არ გაგაჩნია, ანტირუსულ საქმიანობას ეწევი. ეს არის დღევანდელი კრემლის ლოგიკა. კრემლი არ ეგუება არც მეგობარს, არც მოკავშირეს, არც მეზობელს. კრემლისთვის არსებობს მხოლოდ სრული მორჩილება და სომხეთმა ეს კარგად ნახა – რუსეთი, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის დღიდან სომხურ სახელმწიფოებრიობას ებრძოდა და მიიყვანა იმ კატასტროფამდე, სადაც მიიყვანა. მიიყვანა, მათ შორის, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ კატასტროფამდე.

რუსეთი იგივე შეცდომებს იმეორებს და სომხეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ ნაბიჯებს მიიჩნევს ანტირუსულ ნაბიჯებად. ამ ლოგიკით გამოდის, რომ სომხეთის სახელმწიფოს არსებობა ანტირუსულია. მათი აგენტები პირდაპირ ამბობენ, რომ უნდა შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში.

  • ორნიშნა ციფრსაც არ აღწევს ფაშინიანის რეიტინგიო, ამასაც ხშირად აღნიშნავენ რუსულ მედიაში. 

ეს სრული სიცრუეა და მანიპულაცია. ფაშინიანს 60 %-ის ფარგლებში აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და ამას IRI-ის ბოლო კვლევაც აჩვენებს.

  • რუსული მედია სომხებს ახსენებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას, სომხურ კონიაკს ევროკავშირის ქვეყნებში ვერ გაყიდით და რეცესია გექნებათო… 

რუსეთს, როგორც ევრაზიული კავშირის წევრს, არ აქვს უფლება, სომხეთს აკრძალვები დაუწესოს, მაგრამ სავარაუდოდ ამას მაინც გააკეთებს.

რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი ღიად იმუქრება სწორედ ეკონომიკური ომით რუსეთთან: თუ ვიქნებით ხელისუფლებაში პრობლემები არ იქნება ზემო ლარსზეო. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემის წყარო და მისი მოგვარებაც ერთი და იგივე ადგილია.

სომხეთის საზოგადოებას ესმის, რომ ეს არის ფასი, რომლის გადახდა უწევთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ელოდებიან თურქეთთან საზღვრის გახსნის, რადგან საქართველოს იმედი არა აქვთ. იციან, რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლებაა, რომელიც ერთ წელზე მეტია ხელოვნურად პრობლემებს უქმნის სომხეთის ეკონომიკას და მანამდე უკვე ფრანგული იარაღის ტრანზიტის მიმართულებითაც აკრძალვა დააწესა…

თავის დროზე ქართული ღვინოც არსად იყიდებოდა დიდად, ვიდრე რუსეთმა არ აკრძალა. მერე უფრო მეტი ძალისხმევა ვნახეთ დასავლეთისკენ, ასე რომ, სომხეთიც გააჩენს ახალ კავშირებს. ეკონომიკური დივერსიფიკაცია სომხეთისთვის სტრატეგიული ამოცანაა.

  • კიდევ რა რესურსი აქვს რუსეთს იმისთვის, რომ სომხეთს ევროინტეგრაციაში ხელი შეუშალოს? 

ძირითადი მაინც ეკონომიკური ბერკეტებია, ასევე, შიდა აგენტურის მეშვეობით წინასაარჩევნოდ მუშაობენ. რუსეთის სამხედრო ბაზა, რა თქმა უნდა, პროვოკაციის შესაძლო წყაროა. კიბერთავდასხმები არ არის გამორიცხული.

ხვალ დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია სომხეთში. ეს ერთი თვე იქნება ყველაზე ცხელი. ყველაფერს ამ თვეში ველოდებით. არჩევნების დღეს კი, ერთ-ერთ სცენარად, მაგალითად, სავარაუდოდ, განიხილება კიბერთავდასხმა.

  • თქვენი აზრით, რუსეთი კარგავს სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენას? 

მნიშვნელოვნად კარგავს. ეს არჩევნები კი უკვე საბოლოოდ განსაზღვრავს ბევრ რამეს სომხეთში. აზერბაიჯანიც ასევე სომხეთზეა დამოკიდებული მნიშვნელოვნად. სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია გადიან რუსეთის გავლენიდან. ასევე, გასულია რუსული გავლენიდან მოლდოვა და უკრაინა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს რჩება მხოლოდ ორი გავლენის სფერო: ბელარუსი და საქართველო. ჩვენ ვნახეთ, რომ ტიხანოვსკაიაც [ბელარუსიელი აქტივისტი] იყო ამ სამიტზე ერევანში, მაგრამ ვიცით, რა რეალობაცაა შექმნილი ბელარუსში. ამიტომაც, საქართველოში საზოგადოების სიფხიზლე, რეალობის სწორად აღქმა და, რა თქმა უნდა, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: