მთავარი,სიახლეები

ბულვარში ვისი კაფეები დაანგრიეს და ვისი დატოვეს, ანუ ვისი ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი

04.04.2026
ბულვარში ვისი კაფეები დაანგრიეს და ვისი დატოვეს, ანუ ვისი ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი

„ბულვარის გენგეგმა არ არის მთელი ქალაქის გენგეგმა, ძალიან მარტივი იქნებოდა მასში შესატანი ცვლილებების საავტორო ჯგუფთან შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, შეიძლებოდა ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება – ესა და ეს გვინდა შევცვალოთო… ვეტყოდით ჩვენს აზრს: მისაღებია, თუ არ არის მისაღები ან როგორ იქნებოდა მისაღები“, – განმარტა ირაკლი ჟვანიამ, ბათუმის ბულვარის გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში. 

ირაკლი ჟვანია არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელია. მას, როგორც ბათუმის „ბულვარის გენგეგმის“ ერთ-ერთ ავტორს ვკითხეთ, რამდენად მისაღებია, როცა გენგეგმას, სპეციალისტების მიერ შექმნილ დოკუმენტს, მუნიციპალიტეტი თვითნებურად ცვლის და ავტორების მოსაზრებით საერთოდ არ ინტერესდება.

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ცვლილებები საკრებულომ 30 მარტს დაამტკიცა.

სხდომაზე განმარტეს, რომ დოკუმენტი მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ცვლილების შეტანის უფლებაც აქვს.

ურბანისტი და არქიტექტორი ირაკლი ჟვანია „ბათუმელებთან“ განმარტავს, რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება სპეციალისტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„საქართველოში ათწლეულებია მთელი პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე მუდმივად იცვლება ის გეგმები, რომლებიც დამუშავებულია პროფესიონალების მიერ. არ ხდება ამ გეგმების სწორი აღსრულება, მუდმივად რაღაც ცვლილებები შეაქვთ. ვიმეორებ, შეიძლება იურიდიულად ჰქონდეთ ამის უფლება, მაგრამ არასწორია.

ქალაქის გენგეგმაც რომ ავიღოთ, ზონების ცვლილება იქნება თუ სხვა, საკრებულოს და მერიის სამსახურებს აქვთ პრეროგატივა, რომ შეცვალონ. ეს გასაგებია, რომ შეიძლება ყველა ცვლილება ავტორთან ვერ გაიარო, მაგრამ ბულვარი არ არის მთელი ქალაქი.“

ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. 27 სექტემბერს ხელშეკრულება „ბაუ დიზაინთან“ გააფორმეს. ამ კომპანიასთან ერთად იმუშავა „ურბიტექტურამ“.

დოკუმენტის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, გენგემა ბულვარის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, ჩატარდა საჯარო განხილვები, რამდენიმე საკითხი კონსულტაციების შემდეგ დააზუსტეს, საბოლოოდ კი ბათუმის საკრებულომ ბულვარის განაშენიანების გეგმა 2022 წელს ხმაურისა და პროტესტის ფონზე დაამტკიცა.

ეს იმის გამო, რომ მის დამტკიცებამდე დოკუმენტში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტის შესახებ არსებული ჩანაწერი ამოიღეს. დოკუმენტში ეწერა, რომ ამბასადორის მშენებარე შენობა ბულვარისთვის შეუსაბამო იყო.

ბულვარის კოლონადები და „ამბასადორი“

ბულვარის დამცველებმა „ამბასადორი ბათუმის“ სასტუმროს მშენებლობა ბულვარში უკანონოდ მიიჩნიეს და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი ძეგლის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის შენობაზე ნებართვის გაცემა არ უშვებს.

სასამართლომ საჩივარი „თაროზე დადო“ და განხილვა დღემდე არ დაუწყია, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კი ნებართვის მოქმედება არ შეაჩერა – ბიზნესს ხელს ვერ შევუშლიო. სხვათა შორის, იგივე პოზიცია ჰქონდა აჭარის განათლების მინისტრს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზემდგომი უწყების ხელმძღვანელს. ამასობაში, „ამბასადორი ბათუმმა“ სასტუმროს მშენებლობა უკვე დაასრულა.

წელს კი, გენგეგმის შეცვლის პარალელურად, როგორც ბათუმის მერია ამბობს, ბულვარს „უსახური და უნებართვო“ ობიექტებისგან ათავისუფლებს აქამდე არსებული კაფეები, კლუბები და ჯიხურები ბულვარის იერ-სახეს არ შეესაბამებაო.

თუმცა, საიჯარო ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას წელსაც ითხოვეს მოიჯარეებმა, მაგრამ მათი ობიექტები უკვე დაანგრიეს [სხვათა შორის, ბევრ მესაკუთრესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებს ვადა დიდი ხნის წინ გავიდა]. საიჯარო ხელშეკრულებების გაგრძელებაზე თანხმობა მხოლოდ „დიდი ფულის ძალის“ მქონე კომპანიებმა მიიღეს – შპს „ამბასადორი ბათუმმა“ და „სან-რემოს“ მფლობელმა კომპანიამ შპს „ხიდი 2006“-მა.

ბულვარის გენგეგმის თანახმად კი, ერთიანი მიდგომა უნდა იყოს კომერციული დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ძველ ბულვარში კაპიტალურ შენობებს ფლობენ.

რეალურად მუშაობს მერია უკვე დამტკიცებულ გენგეგმასთან თანხვედრაში რომ მოიყვანოს ბათუმის ბულვარი, თუ საქმე გვაქვს გავლენების მორიგ გადანაწილებასთან აჭარის ახალი თავმჯდომარისა და ბათუმის ახალი მერის პირობებში? – ეს მალე უფრო კარგად გამოჩნდება. ბულვარში მიწის ნაკვეთების ნაწილი აჭარის მთავრობის ბალანსზეა.

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია გვიხსნის, რომ ბულვარის მიმართ დამოკიდებულება გამოჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბათუმის მერიამ დოკუმენტს სახელი შეუცვალა, საკრებულომ კი ის ახალი სახელით დაამტკიცა:

„განაშენიანების გეგმა არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი. დამტკიცებამდე რამდენიმე თვით ადრე, თუ უშუალოდ დამტკიცების პროცედურის წინ, მას შეუცვალეს სათაური და დაარქვეს განვითარების გეგმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ფაქტობრივად დარღვეულია. ასეთ დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს და ის შესასრულებლად სავალდებულო აღარ არის – სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

ჩვენთან ასეთი რამ თავის დროზე არ ყოფილა შეთანხმებული. პირველივე ცვლილება, რაც დამტკიცებამდე გააკეთა საკრებულომ იყო ის, რომ „ამბასადორზე“ ჩანაწერი ამოიღეს. „ამბასადორი“ ჩვენ გვქონდა მონიშნული, როგორც შეუსაბამო ბულვართან და მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსთან, ეს ამოიღეს.

ამ ორი ცვლილების გამო ჩვენ გამოვთქვით პროტესტი იმით, რომ განხილვაზე მიწვეულები ვიყავით, ვემზადებოდით ჩასასვლელად და აღარ ჩავედით, რადგან ეს ჩვენი დოკუმენტი აღარ არის. ჩვენ ვერ მოვაწერდით ხელს იმას, რომ დოკუმენტს სახელი შეუცვალეს და ამბასადორზე ჩანაწერი ამოიღეს. ამიტომ აღარ მიკვირს, თუ იქ დაუკითხავად რაღაცებს ცვლიან.“ 

ირაკლი ჟვანია – ფოტო „ფეისბუქიდან“

ბოლო ცვლილება ბულვარის განაშენიანების გეგმაში 30 მარტს დაამტკიცა საკრებულომ. ამ ცვლილებით, კაფე „არტ ბულვარი“ – იგივე „ჩაიხანა“ ფასადის ცვლილების ნაცვლად ექვემდებარება დემონტაჟს, როგორც ვიზუალით და ფუნქციით შეუსაბამო ობიექტი. მშენებარე რესტორანი „სან-რემო“ კი ბულვარის განაშენიანების გეგმაში აისახა, როგორც არსებული ობიექტი. გარდა ამისა, „ჰოლანდიური სახლი“ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, ნაცვლად ფასადის ცვლილებისა – გადაწყვიტა ბათუმის მერიამ და საკრებულოც დაეთანხმა.

ამ საკითხის განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ უპასუხა:

„ვეთანხმები ვაჟას, [გულისხმობს ოპოზიციონერ ვაჟა დარჩიას], რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია მიღებული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც საპროექტო იქნება, გენერალური გეგმა თუ რაც იქნება, განიცდის ცვლილებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ქალაქის ტერიტორიაზე უსახური, ვადაგასული ობიექტების დემონტაჟი ხორციელდება. რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის იერ-სახისა და განვითარებისათვის“, – აუხსნა ლევან დავითაძემ საკრებულოს წევრებს.

ლევან დავითაძეს არ უთქვამს, როცა თავად იყო ვიცე-მერი რა გააკეთა იმისთვის, რომ ქალაქში, მით უმეტეს ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარში, უკანონო შენობები არ ყოფილიყო. ის ვიცე-მერად ყოფილმა მერმა – არჩილ ჩიქოვანმა 2021 წელს დანიშნა

რაც შეეხება გონივრულ დასაბუთებას, ლევან დავითაძის განმარტება ასეთია:

„მსგავს ობიექტებს შორის არსებობს სივრცეები, რომლებსაც აქვთ მიმდინარე საიჯარო ხელშეკრულებები და ბათუმის ურბანულ მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ, მათ შორის განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ბათუმში რესტორან სან-რემოს, ჩემს ბავშვობაში, ჩვენი მამების და თითოეული ჩვენგანის მეხსიერებას ალბათ ახსოვს რესტორანი სან-რემო, რომელიც იყო და არის ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.

შესაბამისად, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე დღეს ვმსჯელობთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეყრდნობა გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას და უზრუნველყოფს თანამედროვე მაღალი სტანდარტების ობიექტის შექმნას ქალაქში. ინვესტორი განახორციელებს მინიმუმ 10 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ნიშნავს“, – თქვა ლევან დავითაძემ და ისევ ჩამოთვალა სიკეთეები, რაც „ქალაქმა და ბიუჯეტმა“ უნდა მიიღოს „სან-რემოს“ მშენებარე რესტორნის პროექტიდან.“

ლევან დავითაძე

ლევან დავითაძეს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბიუჯეტის და ქალაქის ქონების, ასევე ქალაქთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მართვა და კონტროლი ევალება. თუმცა, მას კითხვა არ უჩნდება, როგორ მოახერხა ერთმა კომპანიამ საიჯარო ხელშეკრულების 49 წლით მიღება და მეორემ ვერ? ქალაქში სივრცეების გადანაწილებას მხოლოდ „დიდი ფული“ განაპირობებს?

არც იმაზე უჩნდება კითხვა, ბულვარში სასტუმროს აშენების ნებართვა ვინ და როგორ გასცა? ვინ აპატია ამბასადორს არაერთი სანებართვო პირობის დარღვევა?

როცა ლევან დავითაძე ურბანულ მეხსიერებაზე საუბრობს და სან-რემოზე აკეთებს აქცენტს, რა პასუხი აქვს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ურბანულ მეხსიერებას შემორჩა, მაგალითად, კაფე „ტყუპები“ და არა „სან-რემო“? მხოლოდ ლევან დავითაძის ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი, თუ მისი ამომრჩევლისაც?

როცა ამბობს, გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას ვეყრდნობითო, საინტერესოა ასეთი დოკუმენტი არსებობს ბულვართან დაკავშირებით, თუ თავის ხედვას გულისხმობს?

ვაჟა დარჩიას უნდოდა ამ კომენტარის შემდეგ მისთვის კითხვები დაესვა, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე ზედმიწევნით აქტიურად იცავს რეგლამენტს: „ორჯერ უკვე მოგეცი სიტყვა და რეგლამენტს ვერ დავარღვევო“.

იმედია, ის ანალოგიური მონდომებით ეცდება ქალაქის დაცვას  უკანონობისგან, როგორც რეგლამენტის დაცვას ცდილობს.

___

ბევრი ვერსია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს წელს ბულვარში კაფეების და სხვა ობიექტების დაშლა.  აქამდე, საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მოიჯარეები დაცლილ ინფრასტრუქტურაში ტოვებდნენ მეორად სამშენებლო მასალებს და გამოუსადეგარ ნივთებს, რაც შემდეგ სეზონამდე ბულვარის იერ-სახეს ამახინჯებდა. წლობით რჩებოდა კაპიტალური შენობები, ზოგჯერ შემოღობილი პლაჟით ამ შენობების გაგრძელებაზე და მასთან დაკავშირებული ნარჩენებიც.

პრაქტიკა აჩვენებდა იმასაც, რომ ახალ საკურორტო სეზონზე ამ შენობებში იგივე მოიჯარეები ბრუნდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კაფეების ბევრ მესაკუთრესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ვადა დიდი ხანია იყო გასული.

მათ შორის იყვნენ ისინიც, რომელთა წინააღმდეგ ბათუმის მერიამ 2020 წელს, ლაშა კომახიძის მერობის დროს, სამართლებრივი დავა დაიწყო სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერი სარგებლობის მოტივით. დავის პარალელურად მოიჯარეები მუშაობას აგრძელებდნენ.

არ ვიცით, დასრულდა თუ არა ეს დავა, ბათუმის მერიაში ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: