„ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახი გამდიდრებას განაგრძობს. მისი შვილის კომპანიამ, სახელმწიფო ტენდერებით 10 მლნ ლარი მოიგო“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] კვლევაში, რომელიც დღეს, 6 მაისს გამოქვეყნდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს „ექსპერტ ჰაუსმა“ 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10 446 411 ლარი მიიღო.
„ამ ხნის განმავლობაში მან 24 ტენდერში გაიმარჯვა და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ბოლო, 990 000 ლარის ღირებულების ტენდერი კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტისგან 2026 წლის აპრილში მიიღო“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ შპს „ექსპერტ ჰაუსის“ ძირითადი საქმიანობაა ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასევე სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს.
„სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული რომელიმე კომპანია მოიგებს სამშენებლო ტენდერს და მის მიერ გაწეული სამუშაოს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და დაუდასტურებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს გიორგი ჯაფარიძის კომპანია “ექსპერტ ჰაუსი“ – წერს „გამჭვირვალობა საქართველო“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „ექსპერტ ჰაუსი“ 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, გიორგი ჯაფარიძე მის 43% წილს ფლობს, 5% წილის მფლობელია მურად ჯობავა, 20% წილს ირაკლი ქელბაქიანი ფლობს, 32% წილის მფლობელი და დირექტორი კი კახაბერ გამისონიაა.
აღსანიშნავია, რომ „ექსპერტ ჰაუსის” 43% წილს წარსულში ვიქტორ ჯაფარიძის უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე ფლობდა, რომელმაც ეს წილი თავის ძმას 2023 წლის მარტში 300,000 ლარად მიჰყიდა.
„ექსპერტ ჰაუსთან“ დაკავშირებული პირები ფიქსირდებიან პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც: კახაბერ გამისონიამ 2014 წელს 15,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”, მურად ჯობავამ კი 2014-2017 წლებში 47,000 ლარი შესწირა ამავე პარტიას“- ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები და „ექსპერტ ჰაუსის“ პირდაპირი კავშირები „ქართულ ოცნებასთან“ აჩენს ეჭვებს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, „რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს“.
__________________________
ფოტო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“






