მთავარი,სიახლეები

მდინარაძისთვის შექმნილი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – „გამჭვირვალობა“

08.05.2026
მდინარაძისთვის შექმნილი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძისთვის შექმნილი ახალი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და  კანონიერების პრინციპს.

ანალიზის მიხედვით, რომელიც „გამჭვირვალობამ“ დღეს, 8 მაისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ცვლილებები აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც იქმნება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, შეუსაბამოა კანონიერების პრინციპთან. მეტიც, იგი არსებითად ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს“ – აცხადებს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია ანალიზში მიმოიხილავს კანონში – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილ ცვლილებებს და ამ საკანონმდებლო  ცვლილების საფუძველზე 2026 წლის 30 აპრილს „ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლითაც განისაზღვრა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები – სწორედ ამ თანამდებობაზე დანიშნეს მამუკა მდინარაძე.

ანალიზის საფუძველზე, „გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივით შექმნილი ახალი სახელმწიფო უწყება ნაწილობრივ იმ ფუნქციების დუბლირებას განახორციელებს, რომლებიც პროკურატურას გააჩნია.

„შესაბამისად, საქართველოში დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაშია ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ორგანული კანონის დებულებებთან“ – ვკითხულობთ ანალიზში. 

ამავე დროს, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ  საკანონმდებლო ცვლილებები სხვა მხრივაც არის წინააღმდეგობაში კანონიერების პრინციპთან, კერძოდ – „კანონიერების პრინციპი მოითხოვდა, რომ ეს ე.წ. „მაკოორდინირებელი ორგანო“ შექმნილიყო, მისი ფუნქციები და მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის წესი სპეციალური კანონის საფუძველზე განსაზღვრულიყო და არა მთავრობის კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე“ და ანალიზში უთითებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებთან შეუსაბამობას.

„გამჭვირვალობა“ ხაზგასმით წერს, რომ კანონიერებისა და საკანონმდებლო აქტების იერარქიულობის პრინციპები არა მხოლოდ ორგანული კანონის და კანონების მიმართ ირღვევა, არამედ, კონსტიტუციასთან მიმართებითაც.

„განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცვლილებების შეუსაბამობა კონსტიტუციასთან, როდესაც საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლებას. დღემდე საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში ან რაიმე სხვა ოფიციალურ დოკუმენტში არ ყოფილა ასე დაუფარავად გაცხადებული, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო რაიმე სახის „კომუნიკაციას“  შეიძლება ახორციელებდეს სასამართლო ხელისუფლებასთან, მის რომელიმე ინსტიტუტთან, ან მოსამართლესთან, რომელიც დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას.

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი კრძალავს, სხვებთან ერთად, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის კომუნიკაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს ან რომელიც მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაა.

მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში ასეთი არასათანადო კომუნიკაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია“ – წერს ორგანიზაცია. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: