მთავარი,სიახლეები

„ცხარე კურცხლით ვტირით ლეღვას ნახევარი“ – რას ჰყვებიან მეთხილეები „ოცნების“ მიერ სუბსიდიის გაუქმებაზე

05.05.2026
„ცხარე კურცხლით ვტირით ლეღვას ნახევარი“ – რას ჰყვებიან მეთხილეები „ოცნების“ მიერ სუბსიდიის გაუქმებაზე

„ყოველწლიურად 2 ტონა თხილს ვკრეფდით, შარშან ნახევარი ტონა იყო, წელს საერთოდ აღარ იქნება საერთოდ… განსაკუთრებით ბოლო 2 წელია ახალი დაავადება უტევს თხილის ბაღებს, ახლა გვჭირდებოდა ზუსტად დახმარება, სუბსიდია და პატრონი, მაგრამ გლეხობისკენ არავინ იყურება,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები ალიოშა სალუქვაძე.

მეთხილეები არამარტო ქობულეთში დარდობენ თხილის ბაღების მასობრივად განადგურებას. ამას წელს ისიც დაემატა, რომ მეთხილეებს ბიუჯეტიდან სუბსიდიასაც აღარ მისცემენ. ამ სუბსიდიით ახერხებდნენ წინა წლებში მეთხილეები საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას.

რა ხდება ახლა?

„პირველი შეწამვლა დაგვიანებულია უკვე, მაგრამ აღარ შეგვიწამლია, სადაა მაგის საშუალება?“ – გვიყვება ალიოშა სალუქვაძე და დასძენს, დაახლოებით 200 ძირი თხილი გამიხმა, რაც გადარჩა იმის შეწამვლას კიდევ მინიმუმ 500 ლარი სჭირდებოდაო.

„თხილია აქ ჩვენი მთავარი შემოსავალი, მეტი რა მოდის აქ? ხმება და პატრონი არ გვყავს… წინა წლებში რაც მიგვითითეს სპეციალისტებმა [სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა], ის წამლები ვიყიდეთ აგრომაღაზიაში. დავწამლეთ და დახმა.

ახალ ნერგებს ვრგავ, წლები უნდა დაველოდოთ გაზრდას, რა ვქნათ აბა?“ – ამბობს ალიოშა სალუქვაძე.

„მარტო მე კი არა, ლეღვას ნახევარი ცხარე კურცხლით ვტირით –  თხილი ნახევარზე მეტი გამხმარია უკვე, ნახევარში აწი გახმება ალბათ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ოლეგ ანანიძე. – „გუშინ შემოვიარე ჩემი ბაღი და 1500 ძირიდან 50 გადარჩენილა. წინა წლებში ორ-ნახევარ ტონა თხილს ვკრეფდი სეზონზე. მდიდარი არასდროს არ ვყოფილვარ ამით, მაგრამ ჩემი შემოსავალი ეს იყო, ახლა რა უნდა ვქნა, არ ვიცი“.

ოლეგ ანანიძე არ მალავს ბრაზს სუბსიდიის გაუქმებაზე.

„ახალი ბაღი უნდა გავაშენო, შემოვღობო, შეწამვლა დასჭირდება ბაღს, მოვლა, ახლა მინდა პირიქით ხელშეწყობა და დახმარება, გავიგე, სუბსიდია აღარ იქნებაო. გლეხის ასე მიტოვება, გლეხი კაცის ასე გამწარება შეიძლება?“ – გვითხრა ოლეგ ანანიძემ.

სუბსიდიას მეთხილეებს აღარ აძლევენ იმიტომ, რომ წელს არჩევნები აღარაა? – ვეკითხებით მეთხილეს.

„თევზმა რა თქვა, ხომ იცით? ბევრ რამეს ვერ ვიტყვი მეო… ამაშია ზუსტად საქმე. გეთანხმებით,“ – დასძინა ოლეგ ანანიძემ.

ქობულეთელი მეთხილეები ამბობენ, რომ ვერ იღებენ ვერანაირ სარგებელს რომელიმე სხვა პროგრამებიდან, რაც სოფლის სამინისტროს განმარტებით ფერმერების, მათ შორის, მეთხილეების მხარდასაჭერად არსებობს, ხოლო სუბსიდიით თხილის ბაღებს შესაბამისი პრეპარატებით წამლავდნენ და ბაღში აზოტი მაინც შეჰქონდათ.

ქობულეთში გვითხრეს ისიც, რომ საეჭვოა იმ სპეციალისტების კვალიფიკაცია, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰყავს დაქირავებული ექსტენციის პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა ითვალისწინებს ადგილზე ფერმერისთვის კვალიფიციური რჩევების მიწოდებას.

„ჩართულები არიან კი, მაგრამ რომ არ იყვნენ ჩართული, უკეთესი იქნებოდა. მოვა ერთი სპეციალისტი, ეტყვი, რასაც აკეთებ და უიმე, დაგიღუპია ბაღიო, მერე სხვა მოვა და სხვა რამეს გეტყვის.

ჩვენი სამუშაო ახლა ისაა, რომ განადგურებულ ბაღში გამხმარ ხეებს ვჩეხავთ, ვწმენდთ ბაღს, რომ ბარდმა არ შეჭამოს. ამ დროს შეიძლება დაგაჯარიმონ კიდეც, თუ ბაღში დაფოცხილ ტოტებს ერთად თავი მოუყარე და ცეცხლი გაუკიდე. ჩემი მეზობელი მასე დააჯარიმეს,“ – გვითხრა ოლეგ ანანიძემ.

„თხილის ფასი განახევრდა,“ – ამბობს ბადრი ლორჩოშვილი. იგი სენაკში იბარებს სეზონზე თხილს და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. თხილის ექსპორტიორის თქმით, ახლა საუკეთესო თხილის ფასი უკვე 10-12 ლარიდან 5-6 ლარზე ჩამოვიდა, რადგან წინა სეზონისგან განსხვავებით წელს თურქეთში თხილის კარგი მოსავალია და ევროპაშიც შოკოლადის მწარმოებლები თხილის ახალ სეზონს ელიან.

„ეს დაავადება ყველგან გავრცელდა, რაც ჩვენთანაა, მაგრამ თურქეთში კარგად იციან, როგორ მოუარონ თხილს…. გარდა ამისა, ჩილე კიდევ უფრო მეტ მოსავალს იღებს და უფრო მარტივად მოჰყავს თხილი, ვიდრე ჩვენ. ამიტომაც, თხილის ფასის მატებას არ უნდა ველოდეთ,“ – ამბობს ბადრი ლორჩოშვილი.

„რადგან თხილის ბაღები მასობრივად დაავადდა, ხოლო სუბსიდია მთავრობამ გააუქმა, რას სთავაზობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეთხილეებს? – შეკითხვას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ უპასუხეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში კი, პოზიცია წერილობით მოგვაწოდეს. სამინისტროში რომელიმე პასუხისმგებელ პირთან გასაუბრება არ ისურვეს, რომელსაც ამ თემაზე რამდენიმე შეკითხვას დავუსვამდით.

აი, რა მოგვწერეს სამინისტროდან:

„აჭარის რეგიონში მეთხილეობის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მეთხილე ფერმერებს შეუძლიათ თანადაფინანსებით შეიძინონ, როგორც თხილის ნერგები, ასევე ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომელიც საჭიროა ბაღის მოვლა-მოყვანისათვის .კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ ფერმერი გააშენებს ბაღს 1000 კვ. მეტრ ფართობზე, შეუძლია თანადაფინანსებით (70%) შეიძინოს, როგორც ნერგები, ასევე მინერალური სასუქები (NPK), წვეთოვანი სარწყავი სისტემა და შესასხურებელი აპარატი. ხოლო 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი გაშენებული ბაღის შემთხვევაში, შესაძლებელია შეიძინოს ნიადაგის დამამუშავებელი, მრავალფუნქციური მოწყობილობები.

რაც შეეხება 5 ათასი კვადრატული ან მეტ ფართობზე გაშენებულ ბაღს, თანადაფინანსებით შესაძლებელია შეძენილი იქნას, როგორც თხილის საკრეფი, ასევე სარჩევი და სატეხი დანადგარ მოწყობილობები,“ – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრიდან.

ამ ნაწილში მეთხილეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მეთხილეების ნაწილი ვერ ერთვება მსგავს პროგრამაში იმის გამოც, რომ მიწის ნაკვეთები დანაწევრებულია და ერთიანად არ აქვთ, ვთქვათ 2500 კვ. მეტრი.

თხილის ბაღებში გავრცელებულ დაავადებას რაც შეეხება, სამინისტროს პრესცენტრიდან ეს ინფორმაცია მოგვწერეს:

„თხილის კულტურაში გავრცელებული მავნებელ-დაავადების ფონზე წამლობითი ღონისძიებების ეფექტურად ჩატარების ნაწილში, სამინისტრო მეთხილე ფერმერებს უსასყიდლოდ სთავაზობს ექსტენციონისტების მომსახურებას, რომლებიც წლის განმავლობაში აწვდიან მათ აგროტექნოლოგიური ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით შესაბამის პრაქტიკულ ცოდნას და მუდმივ კომუნიკაციაში არიან ფერმერებთან.

დამატებით, მიმდინარე წელს მეთხილე ფერმერთათვის სამინისტრო განახორციელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო-საკონსულტაციო კურსს, რომლის ფარგლებშიც მოწვეული იქნება მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტი.

პარალელურად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მართავს სამუშაო შეხვედრებს მეთხილე ფერმერებთან იმ გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მიზნად ისახავს თხილის კულტურის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ეფექტურ მართვას,“ – აღნიშნულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

___

ამ თემაზე:

თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: