მთავარი,სიახლეები

ქარტია შსს-ს მოუწოდებს დაუყონებლივ გამოიძიონ ჟურნალიტებზე ხელშეშლის ფაქტი

07.05.2026
ქარტია შსს-ს მოუწოდებს დაუყონებლივ გამოიძიონ ჟურნალიტებზე ხელშეშლის ფაქტი

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს.

უცნობია, ამ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შსს-ს პრესცენტრიდან.

დღეს, 7 მაისს, სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურში, მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს არიგებდნენ, რასაც იქ მყოფი საჯარო მოხელეებისგან აგრესია მოჰყვა. ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები ამის შემდეგ ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ: „ბათუმელების“ ჟურნალისტს – ლელა დუმბაძეს [რომელიც ასევე არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი] და „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს – სულხან მესხიძეს. მათ საჯარო მოხელეებმა პროფესიულ მოვალეობაში ხელი შეუშალეს.

„მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. იყო მუქარაც და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც. ჟურნალისტები ამ დროს სინდისის პატიმრების მშობლების მოსახლეობასთან შეხვედრას აშუქებდნენ. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს ადგილზე მყოფმა რამდენიმე პირმა აგრესიითა და მუქარით უპასუხა. „ბათუმელების” ინფორმაციით, აგრესიულ პირთა შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ [გენადი] დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილია.

სამწუხაროდ, დღევანდელი შემთხვევა გამონაკლისი არ არის და ტენდენციის ნაწილია – სიძულვილის ენა, რომელიც „ქართული ოცნების“ უმაღლესი ეშელონებიდან ისმის ჟურნალისტების მისამართით და ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი გამოუძიებელი დანაშაულები დაუსჯელობის განცდას აჩენს და ძალადობას ახალისებს, რასაც ასეთ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 170-მდე მსგავსი ხასიათის შემთხვევა აღრიცხა [სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ფიზიკური ძალადობა და დაზიანება].

ქარტია მკაცრად გმობს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი აგრესიის სამიზნე გახდა,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: