„კოორდინირებული შეტევაა ევროკავშირის ელჩზე. სტრატეგიულად ორი ძირითადი ილეთია გამოყენებული: ვითომ, რას წარმოადგენს ასეთს ეს ელჩი, რა უფლებით ლაპარაკობს ასე და თუ ჩვენზე, მთავრობაზე, რაღაცას ამბობს, ესე იგი საქართველოს უბედავს.
ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩი პრაქტიკულად არის ძალიან დიდი ძალა – ისინი აშშ-ს და ევროკავშირის სახელით ლაპარაკობენ“, – ამბობს პოლიტოლოგი, ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.
რატომ ესხმის თავს „ოცნება“ რეგულარულად საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კახა გოგოლიშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, „ოცნების“ მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთის მიყოლებით თავს ესხმიან ევროკავშირის ელჩს, ბოლოს ისიც თქვეს, ვინ არის ევროკავშირის ელჩი, რომ ვერ დავიბაროთო. რას ემსახურება ამ ტონით ელჩზე საუბარი?
დაძაბული არიან, იციან, რომ სათქმელი ძალიან ბევრია.
ჯერ ერთი, არ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს. საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული გარკვეული ვალდებულებები – უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები და, ასევე, ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული ვალდებულებები.
თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ვალდებულებები პოლიტიკური ხასიათისაა, ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ინსტიტუციური ხასიათის ვალდებულებებია.
გასაგებია, როცა არ ასრულებ დავალებებს, ისე იქცევი, მაგალითად, როგორც სკოლის მოწაფე, რომელიც, რაც უფრო ცუდად სწავლობს, მით უფრო მეტად აბრალებს ყველაფერს მასწავლებელს, ცდილობს მის დისკრედიტაციას.
ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ საქართველოში სწორედ ასეთი ამბავი ხდება.
ელჩი არის ევროკავშირის წარმომადგენელი. თუ საქართველო რაღაცას არღვევს – გნებავთ ევროპულ კონვენციებს, ადამიანის უფლებებს ან დემოკრატიულ პრინციპებს, ეს უნდა დააფიქსიროს და მოახსენოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ინსტიტუტებს.
ელჩი არის სწორედ ის პერსონა, რომელიც დგას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც უტიფრად ამტკიცებს, გინდა თუ არა, ჩვენ ყველაზე კარგები, ყველაზე ძლიერები ვართო.
ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ევროკავშირის დისკრედიტაციას და არა მარტო ევროკავშირის წარმომადგენლის, ელჩის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისას, იმ ქვეყნებისას, რომლებიც ყველაზე აქტიურები არიან და შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით საუბრობენ.

კახა გოგოლაშვილი
რას ემსახურება, ვისზეა ეს კრიტიკა გათვლილი? – თავისთავად, ევროკავშირში ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს. ეს კრიტიკა ძირითადად გამიზნულია ადგილობრივი მოხმარებისთვის საქართველოში, გათვლილია სეგმენტზე, რომელსაც არ აქვს ზუსტი წარმოდგენა, ან საკმარისი განათლება, ან ინტერესი, რომ იცოდეს სიმართლე.
არ უნდა იფიქროს ამ ხალხმა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცას მართლა არასწორად აკეთებს ევროკავშირთან. ამის ისეთ ჭრილში წარმოაჩენენ, თითქოს ევროკავშირის მოთხოვნებს მთლიანად ვასრულებთ, მაგრამ ევროკავშირის მმართველობაში – ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოში, ევროპარლამენტში არის ცუდი ხალხი.
ალბათ საერთაშორისო დონეზე ეს არ არის სერიოზული, მაგრამ ქვეყნის შიგნით რაღაც მიზანს აღწევენ.
ეს ისწავლეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან, მათ შორის რუსეთისგან, სადაც პუტინი ქვეყნის შიგნით ზუსტად ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ მას მსოფლიოში არავინ ეთანხმება. თუმცა ამ პროპაგანდის მოსახლეობის ნაწილი იზიარებს.
- ანუ, ისევ ცდილობენ ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ მათ უნდათ ევროპა, მაგრამ ცუდი ხალხი მოვიდა მმართველობაში და ამიტომ არ გამოდის ინტეგრაცია?
დარწმუნება არ არის ზუსტი სიტყვა. ეს დარწმუნებაც არ აინტერესებთ, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ამაში ვინმე დაარწმუნო. როგორ შეიძლება ყველა ცუდი იყოს?!
დარწმუნებას სჭირდება რაღაც ლოგიკა, თანმიმდევრულობა, არგუმენტები, მაგრამ ესენი არგუმენტებს არ მიმართავენ. არის ინსტრუქციები, რომელსაც აწვდიან თავის ამომრჩეველს, რომ ევროკავშირში არიან ცუდები და როცა შეიცვლებიან, მაშინ შევალთ ევროკავშირში.
ისეთი საუბარიც მესმის, რომ თითქოს ევროკავშირი ადგას დეგრადაციის გზას და იქ კარგი ხალხი არასდროს მოვა, სულ უფრო უკან წავა მისი საქმე, როგორც ეკონომიკურად ისე პოლიტიკურად, ანუ ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს ხალხი იმ აზრს, რომ შეიძლება საერთოდ არ გვაწყობდეს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა. გვაწყობს ვაჭრობა, მაგრამ არა გაწევრიანება, რადგან რაღაც ვალდებულებებს გვაკისრებენ, რომელიც ჩვენს ხასიათში არ შედის.
- ამის ნაწილი იყო როცა იძახდნენ, ვინ არის ასეთი ევროკავშირის ელჩი რომ ვერ დავიბაროთ? – არაერთმა გააკეთა „ოცნებიდან“ ამ შინაარსის განცხადება ერთმანეთის მიყოლებით.
დიახ, კოორდინირებული შეტევაა ელჩზე. სტრატეგიულად ორი ძირითადი ილეთია გამოყენებული: რატომ გვიბედავს ამდენს და თუ ჩვენ მთავრობაზე რაღაცას ამბობს, ესე იგი საქართველოს უბედავს. დისკრედიტაცია ხდება მისი მნიშვნელობის.
ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩი პრაქტიკულად ძალიან დიდი ძალაა – ისინი ამერიკის და ევროკავშირის სახელით ლაპარაკობენ. ეს ორი უდიდესი დიპლომატიური პოზიციაა, რაც საქართველოში შეიძლება არსებობდეს. ამერიკამ საერთოდ გაიწვია, როგორც ხედავთ, თავისი ელჩი.
თითქოს, რასაც ლაპარაკობს ელჩი ჰერჩინსკი, ყველაფერი ძალიან აღმაშფოთებელია. მაგრამ მე ასეთი ვერაფერი ვიპოვე – ვერცერთი ნათქვამი ან უკულტურო, ან აღმაშფოთებელი, ან უსამართლო, საქართველოს მიმართ კი არა, იმ ხელისუფლების მიმართაც, რომელიც ნახევრად არის აღიარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. აი, მათ მიმართაც უპატივისცემლობა არ გამოუვლენია არასდროს.
ბოლოს, რაზეც ძალიან აღშფოთდა ყველა ერთად ელჩ ჰერჩინსკიზე, იყო ის, რომ საქართველოსთვის ორი გზა არისო – ან ნათელი მომავალი, ან შეიძლება დაუბრუნდეს ბნელ პერიოდსო. დემოკრატიის უკუსვლა ხომ ხდება, ამას გაუსვა ელჩმა ხაზი.
„ოცნების“ წარმომადგენლები კი, როცა ყველა ერთად და ერთი შემართებით ლაპარაკობს, ეს, უბრალოდ, ილეთია პროპაგანდაში.
მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძლება მოხვდეს ამ ჰიპნოზის ქვეშ, როცა ერთი და იმავე რაღაცას იმეორებს არა ერთი კაცი, არამედ მეორე, მესამე, მეოთხე… ჰალსტუხიანი ხალხი გამოდის, ზოგი პარლამენტში, აღშფოთებული სახეებით ლაპარაკობენ, ვითომ მართლა ძალიან შეწუხდნენ იმის გამო, რომ ასეთი უსამართლო რაღაცები მოხდა. ამას ჰქვია დაგეგმილი საინფორმაციო შეტევა.
ეს საინფორმაციო-პოლიტიკური შეტევა ემსახურება იმას, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გააჩინონ სკეფსისი ევროკავშირის მიმართ. მაგრამ ბევრია განათლებული – ხალხი კითხულობს, მოგზაურობს, ხედავენ როგორი ცხოვრებაა, ადამიანებზე როგორ ზრუნავენ, როგორ იცავენ მის უფლებებს.
ეს სჭირდებათ იმათთვის, ვინც „ოცნებას“ აძლევს ხმას, მათზე ზეგავლენისთვის.
არა მგონია, თუნდაც „ოცნებაში“ ბევრი იყოს ისეთი, ვისაც არ უნდოდა ევროკავშირი. უბრალოდ, „ოცნებაში“ ძალიან ხისტი იერარქიაა – ზემოდან რა სიგნალიც მოდის, ისე უნდა ილაპარაკოს ყველამ. დისციპლინის ნებისმიერ დამრღვევს კი სამაგალითოდ სჯიან.
მეორე მხრივ არის პრივილეგიებიც – მაღალი ხელფასები დაუნიშნეს, როგორც პარლამენტის წევრებს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომუშავე ხალხს. ხელფასების გარდა „ოცნების“ მხარდამჭერს ყოველთვის აქვს მეტი შესაძლებლობა – ტენდერი იქნება თუ სამუშაოს ეძებს, მისთვის უფრო გახსნილია ნებისმიერი სახელმწიფო უწყება.
მე არ ვიტყოდი, რომ ამ ხალხს არ უნდა საქართველო იხილოს ევროკავშირში, მაგრამ მათ ურჩევნიათ დღევანდელი კვერცხი, ხვალინდელი ქათამს – დღეს მათ აქვთ ხელფასი, შემოსავალი, პრივილეგიები და მათ ეუბნებიან, რომ ხვალ არ ვიცი შენ სად გავარდები, ამიტომ მოდი, რასაც გეტყვი ის შეასრულე.
ვიღაცას აწყობს „ოცნების“ელიტაში, რომ საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას ყველასთვის. ეს არ აწყობთ პრივილეგირებულ წრეებს საქართველოში. მათ ურჩევნიათ კანონი იყოს სხვებისთვის.
თუმცა, არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ მთლიანი შემადგენლობა, ისინიც კი, ვინც პარლამენტში შეიძლება ძალიან აქტიურად გამოდიან და ისე იქცევიან თითქოს საკუთარ აზრებს აფრქვევენ… მგონია, რომ მათი უმეტესობა მაინც მისცემდა ხმას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
- ახლა კობახიძე 2024 წლის ნოემბერში, გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ამბობს – მე ეს არ მითქვამს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავწევრიანდეთო. ეს რას ნიშნავს?
ძველ საბერძნეთში იყო რიტორიკულ ფილოსოფიური მიმდინარეობა – სოფისტიკა. ჭეშმარიტებას სოფისტი არასდროს არ ეძებდა. ეს კარგად არის პლატონის დიალოგებში აღწერილი. მთავარი იყო ნებისმიერ დავაში არგუმენტებით მოეგო. ეძებდა ისეთი ტიპის არგუმენტებს, რომელზეც მოწინააღმდეგე პასუხებს ვერ პოულობდა, ყოველ შემთხვევაში – სწრაფად.
საბოლოო ჯამში, სოფისტი აუცილებლად გამოვლინდება, თუ მეცნიერულად ვიღაც დაჯდება და ყველაფერს გაანალიზებს – მის ნათქვამში სად არის ტყუილი, სად არის გადახვევა, სად არის გამოყენებული ილეთები. კობახიძის საუბარი და არა მარტო მისი, სოფისტების სკოლას მაგონებს. ისინი ცდილობენ ყოველგვარი ჭეშმარიტების იგნორირებით ამტკიცონ რაღაც.
ნებისმიერი იდეა, რომელიც ძალიან არადამაჯერებელია, ცდილობენ დამაჯერებლად წარმოაჩინონ. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ აქვთ გათვლა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, მათ აქვთ გათვლა მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც მათი მხარდამჭერია.
კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ 2028 წლამდე უარს ვამბობთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე. შემდე თქვა – არანაირ პირობებს არ მივიღებთ 2028 წლამდეო. როცა კანდიდატის სტატუსს იღებს ქვეყანა, ეს სტატუსი არის როგორც, მაგალითად, უნივერსიტეტში მიღება – ჩაბარების შემდეგ უნდა ისწავლო და ჩააბარო გამოცდები ყოველ სემესტრში, სხვადასხვა საგანში, სხვადასხვა მიმართულებით. ზუსტად ასეა.
როცა ევროკავშირი გეუბნება, რომ რეფორმები გაქვს გასატარებელი და შენ ამას ატარებ, მოლაპარაკებების დროს თუ თქვეს, რომ ეს არასწორად გააკეთე, შენ უნდა დაუმტკიცო, რომ სწორად გააკეთე. ანუ მოლაპარაკება პრაქტიკულად კონსულტაციების პროცესია. მოლაპარაკების ყველა თავი სრულდება იმით, რომ მიდიან შეთანხმებამდე და ქვეყანას გადმოაქვს ევროკავშირის ნორმები თავის კანონმდებლობაში, ანუ მუშაობს, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
თუ ამ პროცესზე უარს ამბობ, ეს ნიშნავს, რომ უარს ამბობ ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ადამიანს როცა მიიღებენ სასწავლებელში და ის 2028 წლამდე უარს ამბობს ყველანაირი გამოცდის ჩაბარებაზე, რეფერატების და სხვადასხვა სახის დავალების შესრულებაზე, რა ჰქვია ამას – გაგრიცხავენ, ხომ?!
შეიძლება არც გაგრიცხონ, მაგრამ არც გადაგიყვანონ ერთი კურსიდან მეორეზე. ამ შემთხვევაში ვაჩერებთ სწავლას თუ ვაგრძელებთ? – არ ვაბარებთ არცერთ გამოცდას, არ დავდივართ პრაქტიკულ გაკვეთილებზე, ლექციებზე და ამ დროს ვამბობთ რომ არა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას.
ხშირად გამიგია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ასოცირების შეთანხმება არ შეგვიჩერებია და ასოცირების შეთანხმება ხომ ევროინტეგრაციაა?! კი, ასოცირების შეთანხმება არის ევროინტეგრაციის გარკვეული ფორმა და ჩვენ იქ ვართ გაყინული. მაგრამ ასოცირების შეთანხმების ნორმებსაც ვარღვევთ. ის, რაც გააკეთა კობახიძემ, ამას ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება.
დიახ, კობახიძემ ზუსტად ეს გააკეთა. ამას წყალი არ გაუვა.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ოცნების“ მთავრობა თავად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირმა თვითონ გადადგას უფრო ხისტი ნაბიჯები და გაწყვიტოს ჩვენთან ურთიერთობა?
მგონი მოსწონთ აზერბაიჯანის მდგომარეობა, მაგალითად, თანამშრომლობა ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე. უნდათ ერთმმართველი, ავტორიტარული მოდელის განვითარება საქართველოში. ეს შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციასთან და პროცესი ჩერდება მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზეც კი.
„ოცნებას“ უნდა, რომ საქართველო დარჩეს ავტორიტარულ სახელმწიფოდ, ამიტომ იღებენ ამდენ კანონს, რის მიხედვითაც ადამიანს არ აქვს ხმის ამოღების, არც ფეისბუქპოსტის დაწერის უფლება.
ამას ჰქვია ლეგალური ავტორიტარიზმი, რის ჩამოყალიბებაც სურთ, მაგრამ ეს შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.
ეკონომიკური ურთიერთობა შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ არ გამოვა ინტეგრაცია, ანუ ჩვენ ევროკავშირში ვერ მოვახერხებთ ვერც გაწევრიანებას და ვერც სხვანაირად დაახლოებას.
მაგრამ არც ერთ ქვეყანაში, რომელმაც ევროინტეგრაციაზე უარი თქვა, მაგალითად, აზერბაიჯანში ან ბელარუსში, 80 – 85% არ იყო ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი. ბელარუსში მაქსიმუმ იყო 40-45%, აზერბაიჯანში, ალბათ, 20% იყო მოსახლეობის, ჩვენთან კი 85 პროცენტს უნდა ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ამიტომ, ამათთვის უფრო რთული ამოცანაა შესასრულებელი.
ამათ შეიძლება საერთოდ გააჩერონ ეს საკითხი, მაგრამ ისე უნდა მოახერხონ, რომ ხალხმა თვითონ თქვას უარი – უნდა გაიზარდოს ამ ადამიანების რაოდენობა. ამიტომაც შეჰყავთ შეცდომაში – ისე, როგორც ბავშვს ატყუებს. ფილმი იყო „თოლია“, ვითომ ემზადებოდა გმირი, კონსერვატორიაში უნდოდა ჩაბარება, სინამდვილეში კი შეყვარებულთან დადიოდა. ზუსტად ასეა.
ანუ მოსახლეობას უნდა უთხრან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ გავწევრიანდეთ და როცა საქართველო ჩაიჭრება გამოცდაზე, ევროკომისიას აბრალებენ ან მის ელჩს. პრინციპში მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მოქმედებენ – ნელ-ნელა აჩვევენ, რომ ევროკავშირი ცუდია, არაფერი კარგი იქ არ მოგველის.
მე არა მგონია წარმატებით დასრულდეს მათი ეს მცდელობა.
- ზელენსკიმ ერევანში ხელი ჩამოართვა მის დასანქცირებულ კობახიძეს. ეს რას ნიშნავს?
დიახ, ხელის ჩამორთმევა ევროპული, კულტურული ჟესტია. ხელს ართმევენ ერთმანეთს ირანის და ისრაელის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე რომ სხდებიან. ეტიკეტია, რომელსაც ყველა ასრულებს დიპლომატიურ ველზე. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან რთული საქმეს მოკიდეს ხელი.
ბევრი მთავრობა იყო ისეთი, რომელსაც არ სურდა რეფორმების გატარება. ბევრი ქვეყნის მაგალითია… უნგრეთს სულ ახლახან ჰყავდა ისეთი მთავრობა, რომელიც ევროკავშირს ანგრევდა შიგნიდან – ეს მაგალითები არსებობს, მაგრამ ვერცერთი წარმატებით ვერ დასრულდა და ყველა დანებდა.
საქართველოში უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირში გაწევრიანებას. მსგავსი მხარდაჭერა არ ჰქონდა არც ერთ სხვა ქვეყანაში – ბალტიის ქვეყნებში იყო 90%-მდე, მაგრამ ბალკანეთში არცერთ ქვეყანაში არ არის ამხელა მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი დაუმარცხებელია საბოლოო ჯამში, ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან რთულ ამოცანას მოჰკიდეს ხელი თანაც არ აქვთ კარგი გეგმა – არ იციან როგორ მოიქცნენ, იბნევიან, უხერხულობა ექმნებათ.
[კობახიძე] ბრაზობს, ასეთ შეხვედრებზე თუ არ ეპატიჟებიან, მაგრამ თუ დაპატიჟეს, იქ უხერხულად გრძნობს თავს. არავის მასთან საქმეზე ლაპარაკი არ უნდა. მაქსიმუმ ხელი ჩამოართვან. იმიტომ კი არა, რომ სძულთ, უბრალოდ არ იციან რაზე ელაპარაკონ.






