მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 15 პირი. დღეს, 5 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
„არ ვცნობ თავს დამნაშავედ“- ერთი და იმავე ფრაზით უპასუხა თხუთმეტივე ბრალდებულმა მოსამართლეს, რომელმაც ბრალის გაცნობის შემდეგ თითოეულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში?
ადვოკატების მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს კავშირს “ქურდულ სამყაროსთან”.
საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი, რომლებიც, ადვოკატების თქმით, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი – თამარ მიქელაძე ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.
შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა გელა გელაძემ 17 მარტს.
„თქვენ ფეხზე იმიტომ ხომ არ დგახართ, რომ ადგილი არ გყოფნით?”- ბრალდებულისთვის გამოყოფილ პატარა სივრცეში გამოკეტილ ბრალდებულებს გახედა მოსამართლემ, ხოლო გადავსებულ დარბაზს მოუწოდა სიმშვიდისკენ.
„არა, ბევრი გვიწევს ჯდომა, გვირჩევნია ვიდგეთ“, – უპასუხა მოსამართლეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა.
პროცესს არ დასწრებია ერთ-ერთი ბრალდებული რეზო მ. მოსამართლემ თქვა, რომ წარმოდგენილი ცნობით, მან ბადრაგირებაზე, ასევე დისტანციურ ჩართვაზე უარი თქვა.
„მე მივიღე მისი წერილი, რომ შიმშილობას აცხადებს“ – აღნიშნა ადვოკატმა პაატა შავაძემ.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და სადავოდ მიჩნევა მოითხოვეს ადვოკატებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე არსებითი განხილვის სხდომაზე მოუსმენს თითოეულ მოწმეს.
ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება არ განიხილება. პროკურორმა თემურ გურამიშვილმა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
„500-500 ლარობით ვალს უხდიდა, ამაზეა საუბარი, ტაქსისტობდა… მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ჩვენება მივცეთ“, – პროკურორს გახედა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის გათავისუფლება 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.
ადვოკატ თენგიზ კახიძის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული კი მეზღვაურია. ადვოკატის თქმით, ის რეისში მიდიოდა და ქურდულ შეკრებას კი არ დაესწრო, არამედ „თავმოყრილ ხალხს“ შეხვდა და დაემშვიდობა.
„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რაიმე ინტერესი ჰქონოდა და დასწრებოდა მსგავს ღონისძიებას“, – განმარტა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაზე“და ბრალდებულის გათავისუფლება 5 ათასი ლარის სანაცვლოდ მოითხოვა.
„რომელი კანონიერი ქურდის დავალებას ასრულებდა? საიდან დგინდება, რომ ქურდული სამყაროს წევრია?“ – აღნიშნა ბრალდებულია გია ლ.-ს ადვოკატმა. მისი თქმით, ფარული ჩანაწერებითაც არ დასტურდება ის, რომ ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.
ამ საქმეზე დაკავებული ბრალდებულების საქმის განხილვა რამდენიმე ნაწილად იმართება, მათ შორის, 30 ბრალდებულის საქმე განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღეს ამ დიდი საქმიდან 15 ბრალდებულის საქმეზე შედგა წინასასამართლო სხდომა.
___
ამ თემაზე:
„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ 30 ბრალდებულს ბათუმში პატიმრობა შეუფარდეს






