აჭარაში ეკომიგრანტები 30 000, ხოლო ხანძრით დაზარალებულები 20 000 ლარს მიიღებენ

აჭარაში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესასყიდად, ასევე ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობა 2022 წლის იანვრიდან 5-5 ათასი ლარით გაიზარდა.

შესაბამისად:

  • სტიქიით  დაზარალებული [ეკომიგრანტი] ოჯახი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიიღებს მაქსიმუმ 30 ათას ლარს, ნაცვლად 25 ათასი ლარისა;
  • ხოლო ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა, მიიღებს 20 ათას ლარს, ნაცვლად 15 ათასი ლარისა.

აჭარის მთავრობის ახალი დადგენილებით, ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების გასაყიდი ფასი აღემატება 30 ათას ლარს, სურვილისა და გამყიდველთან შეთანხმების შესაბამისად, ეკომიგრანტს შეუძლია თავად დაფაროს დარჩენილი სხვაობა.

ხანძრის [ან ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის] შედეგად დაზარალებულ ოჯახებს კი ფინანსური დახმარება გაეწევათ შემდეგი წესით:

  • საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 20 000 ლარის ოდენობით [აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას];
  • საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში კი, რომელიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100%, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა [ნაცვლად 10 000 ლარისა]“.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 3 080 000 ლარია გაწერილი.

აქედან, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებისთვის – 3 მილიონი ლარი; შესასყიდი სახლების ექსპერტიზისთვის – 69,5 ათასი ლარი; სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისთვის – 10,5 ათასი ლარი.

აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ წელს „100 ეკომიგრანტი ოჯახი იქნება საცხოვრებლით უზრუნველყოფილი“.

ამავე კანონის მიხედვით, „სახელმწიფოს მიერ ასობით ეკომიგრანტ ოჯახთა დაკმაყოფილების მიუხედავად, დაზარალებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მაინც არ მცირდება, ვინაიდან სტიქიური პროცესები უკონტროლოა და ყოველი უხვი ნალექის მოსვლის დროს აქტიურდება.“ ამასთან, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტების) ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში“ კი, მუდმივად ხდება ახალი განაცხადების შევსება.“

„მიმდინარე ეტაპზე 450-მდე განაცხადია განსახილველი, რომელთა დაზარალება დადასტურებულია შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, ხოლო შესწავლასა და დაზარალების კატეგორიის მინიჭებას ითხოვს დამატებით 50-მდე ბენეფიციარი. ამდენად, ამ მიმართულებით მყარი სტატისტიკა არ შეიძლება გვქონდეს.

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ეკომიგრანტები, რომლებსაც შუამდგომლობს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები, როგორც მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რომლებიც 2010 წლის 1-ლი იანვრიდან, შუამდგომლობის აღძვრამდე უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია აჭარის ბიუჯეტის შესახებ კანონში, რომელიც უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.

ჩაკეტილი გზები და გამორთული ელექტროენერგია – ვითარება აჭარის მთის სოფლებში

მაღალმთიან აჭარაში ინტენსიური თოვა 2 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. დღეს, 3 იანვარს, თოვა შეწყდა, თუმცა დიდთოვლობის გამო სოფლების უმრავლესობაში შეფერხებულია გადაადგილება და ელექტრო ენერგიის მიწოდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარის მთაში თოვა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან განახლდება. წინასწარი პროგნოზით, აჭარაში 5 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს.  

მუნიციპალიტეტის სოფლები მოწყვეტილია დაბას. ხულოს მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში გზებს ინტენსიურად წმენდენ. 

“ხულოში 14 სპეციალური ტექნიკა მუშაობს. გუშინ ღამით დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები. იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები”, – ამბობენ ხულოს მერიის პრესსამსახურში. 

სოფლის შიდა გზები არ არის გაწმენდილი შუახევის მუნიციპალიტეტშიც. “შუახევში ყველა მიმართულებით იწმინდება გზები, როგორც ადმინისტრაციული, ასევე  სოფლებთან დამაკავშირებელი. მუშაობს 13 ერთეული ტექნიკა, ტექნიკის რაოდენობა გაიზრდება საჭიროებისამებრ. ამ ეტაპზე ძირითადად ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება“, – გვითხრეს შუახევის მერიის პრესსამსახური. 

ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის თქმით, ქედაში მუშაობს შვიდი ერთეული სპეციალური ტექნიკა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ მუნიციპალიტეტში გადაადგილება შესაძლებელია როგორც ადმინისტრაციულ ცენტრში, ისე სოფლებიდან დაბასთან დამაკავშირებელი გზები. 

ქედაში, შუახევსა და ხულოში – გაწმენდილ მონაკვეთებში გადაადგილებაა შესაძლებელი მაღალი გამავლობის ავტომობილებით. 

ხულოში ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მაღალი ზონის ადმინისტრაციულ ერთეულებს. “ენერგო პრო-ჯორჯიას” პრესსამსახურის თქმით, დაზიანებულია 

მაღალი ძაბვის სადენები და მიმდინარეობს მუშაობა ავარიების აღმოსაფხვრელად. პრესსამსახურის თქმით, ეტაპობრივად ურთავენ აბონენტებს ელექტროენერგიას. 

“შუახევში ელექტროენერგია არ მიეწოდებათ ჭვანისა და დღვანის ადმინისტრაციულ 

ერთეულებს, ასევე სოფლებს, კოლოტაურსა და ნამონასტრევს, აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება ყველა მიმართულებით”, – ამბობენ “ენერგო პრო-ჯორჯიას” პრესსამსახურში”. 

იგივე წყაროს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელ კოლოტაურში“. 

ვაკანსიები პედაგოგების პოზიციაზე ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგის პოზიციაზე არაერთი მიმდინარე ვაკანსიაა გამოცხადებული. ამჟამად ბათუმის სკოლებში 30 მასწავლებელს ეძებენ, თუმცა მონაცემები იცვლება.

ქალაქის მასშტაბით ყველაზე მეტ ახალ ვაკანსიას ამჯერად მეცხრე საჯარო სკოლა აცხადებს.

გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით, ბათუმის მე-9 საჯარო სკოლა 5 მასწავლებელს ეძებს, ვაკანსიის განაცხადის შევსების ვადად კი 6 იანვარია გაწერილი. 

გამოცხადებული ვაკანსიების საბოლოო ვადა ძირითადად 4 იანვრიდან 13 იანვრამდეა განსაზღვრული.

ბათუმის მე-9 საჯარო სკოლა
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი;
  • სპეციალური მასწავლებელი;
  • უცხოური ენა (რუსული);
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი;
  • დაწყებითის მასწავლებელი.
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა
  • დაწყებითის მასწავლებელი [ 2 ვაკანსია].
ბათუმის მე-17 საჯარო სკოლა
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი;
  • დაწყებითის მასწავლებელი [3 ვაკანსია].
ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა
  • დაწყებითის მასწავლებელი [2 ვაკანსია].
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი;
  • დაწყებითის მასწავლებელი.
ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა
  • საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება;
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
ბათუმის მე-2, 22-ე, მე-14 და 30-ე  საჯარო სკოლები
  • დაწყებითის მასწავლებელი.
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი;
  • სკოლის ექიმი.
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლა
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
შპს ბათუმის მომავლის სკოლა
  • ფიზიკა.

მიწის რეგისტრაცია იანვრიდან ფასიანი გახდა

მოქალაქეების მიერ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ფასიანი გახდა. ამასთან, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე წარდგენილ განცხადებებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება უსასყიდლოდ [საზღაურის გარეშე].

მიწის რეგისტრაცია საქართველოში ორი წესით მიმდინარეობს. სისტემური და სპორადული წესით.

[highlight color=”green”]სისტემური წესით[/highlight] მიწის რეგისტრაციის ადგილებს იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრავს და ამ ადგილებში კერძო ნაკვეთების რეგისტრაცია მოქალაქეებისთვისაც უფასოა;

[highlight color=”red”]სპორადული წესით[/highlight] მიწის რეგისტრაციის დროს კი, მოქალაქე თავად აკეთებს საკადასტრო ნახაზს, რაც ფასიანია და შესაბამის დოკუმენტებთან ერთად წარადგენს საჯარო რეესტრში. ამის შემდეგ ყველა პროცედურა, მიწის რეგისტრაციის ჩათვლით, მოქალაქეებისთვის იყო უფასო.

რა ეღირება მიწის რეგისტრაცია ახალი წლიდან? – საჯარო რეესტრის მიერ მიწის ნაკვეთზე სპორადული წესით საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური მთავრობას ჯერ არ დაუდგენია, თუმცა, როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხეს, იანვიდან, თუ  განსხვავებული ფასები არ იქნა დადგენილი, მიწის [როგორც ქონების] საკუთრებაში რეგისტრაცია 4 სამუშაო დღეში 50 ლარი ეღირება.

საჯარო რეესტრში დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან მიწის შემთხვევაში იმოქმედებს თუ არა რეგისტრაცია დაჩქარებული წესით [შესაბამისად საფასურიც – 1 სამუშაო დღეში – 150 ლარი, იმავე დღეს რეგისტრაცია კი – 200 ლარი], ვინაიდან, „მიწის რეგისტრაციისას საჭიროა საარქივო დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რაც დაჩქარებული წესით, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს.“

„ვინაიდან მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს, მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაცია მაინც უფასო იქნება. მაგრამ, თუ კონკრეტულ რაიონში არ არის დაწყებული სისტემური რეგისტრაცია, მოქალაქე არ დაელოდება და მოგვმართავს რეგისტრაციისთვის, მისთვის მიწის რეგისტრაცია ფასიანი იქნება. მოქალაქე გადაიხდის მხოლოდ რეგისტრაციის საფასურს, ხოლო არქივში და სხვა უწყებებში დოკუმენტების მოძიება ამ შემთხვევაშიც იქნება უფასო“ – გვითხრეს საჯარო რეესტრში.

მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალებს იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს.

 

 

ბავშვთან ერთად მსუბუქ ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა აიკრძალა

2022 წლის იანვრიდან, მსუბუქ ავტომანქანაში, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება, სიგარეტის მოწევა აკრძალულია.

შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მოწევა უკვე აკრძალულია „ავტოსატრანსპორტო საშუალებაში [ავტომობილში] მასში არასრულწლოვანის ყოფნისას“.

თამბაქოს მოწევა 2022 წლის იანვრიდან აკრძალულია ტქსშიც:

[red_box]პარლამენტმა ტაქსებში მოწევა აკრძალა[/red_box]

შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, ტერმინი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი – შემდეგნაირად განისაზღვრა: „ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, ტაქსი, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, საბაგირო ტრანსპორტი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად“.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც

ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი

კოვიდის 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი – 3 იანვარი

3 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 37 ადამიანი გარდაიცვალა.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 938 583, ბოლო 24 საათში – 943
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 902 948, ბოლო 24 საათში – 2 789
  • მათ შორის გარდაცვლილი სულ – 13 942, ბოლო 24 საათში – 37

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 413, PCR ტესტით – 7 619

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,27%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,77%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა – 91, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 15, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი – 6.

  • დღეის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 4 446 პაციენტი; მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 039, აჭარაში – 487, იმერეთში – 822.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 137 პირი, მათ შორის, თბილისში – 543, აჭარაში – 118, იმერეთში – 300.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი,  მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 34, იმერეთში – 29

კოვიდსასტუმროში კი, ქვეყნის მასშტაბით, 833 პაციენტი მკურნალობს.

ბათუმში ერთი კვირა იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში კვირის ბოლომდე ძირითადად წვიმიანი ამინდი იქნება.

იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 8 გრადუსი
  • ღამით: 6 – 8 გრადუსი

გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში იწვიმებს 8 იანვრის ჩათვლით.

საქართველოში ომიკრონის 144 შემთხვევაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 144 შემთხვევა.

საქართველოში კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა. ათ დღეში, ომიკრონის შემთხვევები ორიდან 144-მდე გაიზარდა.

ჯანმოს წინასწარი მონაცემებით, დელტა ვარიანტთან შედარებით ომიკრონით ინფიცირება ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, რადგან იგი უფრო გადამდებია და მეტი ადამიანის ინფიცირებას იწვევს, ეს გამოიწვევს უკვე გადატვირთული ჯანდაცვის სისტემებზე დამატებით ზეწოლას და ადამიანები ვერ მიიღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.

დადასტურდა კოვიდის 796 ახალი შემთხვევა, 45 პაციენტი გარდაიცვალა

2 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 796 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 13 441 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 45 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

1 იანვრის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5,92%, ბოლო 14 დღის – 5,49%, ბოლო 7 დღის – 5,67%.

გასულ 24 საათში აჭარაში კოვიდის 66 ახალი შემთხვევაა.

70 000 ლარის წიგნები, თქვენი საჩუქარი აჭარის მთის სოფლებს – “მოგზაური ბიბლიოთეკა” წელს აჯამებს

ძვირფასო მხარდამჭერებო, აჭარის 29 მაღალმთიან სოფელში თქვენი საჩუქრები უკვე მიიღეს: “მოგზაურმა ბიბლიოთეკამ” 2021 წელს, თქვენი დახმარებით, მაღალმთიანი აჭარის 17 სასოფლო და 12 სასკოლო ბიბლიოთეკა განაახლა. საერთო ჯამში, 70 000-ზე მეტი ლარის წიგნი დავასაწყობეთ, აქედან 50 000-მდე ლარის ღირებულების წიგნმა უკვე მიაღწია მკითხველამდე.

ერთ-ერთი სოფლის სკოლაში, წიგნადი ფონდის განახლებასთან ერთად, დირექციის ინიციატივით საბიბლიოთეკო სივრცეც შეიცვალა – გარემონტდა და გაფართოვდა.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ არის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტი.

მადლობას გიხდით, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეთ.

 

“მოგზაური ბიბლიოთეკა” 2021 წელს აჯამებს. ნახეთ ანგარიში და თვალი გადაავლეთ ბიბლიოთეკის მოგზაურობას – ფოტოებს, ვიდეოებს, ამბებს, რომლებიც აქამდე დაგვიგროვდა და გეგმებს, რომლებითაც 2022 წელს ვეგებებით.

მაღალმთიანი სოფლებისთვის წიგნების შესაძენად ფინანსების მობილიზება შესაძლებელი გახდა ორგანიზაციებისა და კერძო პირების მონაწილეობით. “ორბელიანი მეტის” პლატფორმაზე ჩვენს ფანდრაიზერზე 8,967 ლარი შეგროვდა. დამატებით, თავად „ორბელიანი მეტისგან“ გრანტის სახით 4 000 ლარი მივიღეთ.

“მოგზაური ბიბლიოთეკის” მულტიფუნქციური მანქანა, რომელიც უკვე იყო ორ ექსპედიციაში, იაპონელი ხალხის საჩუქარია. იაპონიის საელჩომ საქართველოში მისი შეძენის, გამართვისა და ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვისთვის 72 000 აშშ დოლარი გამოყო. სხვა ხარჯი თანადაფინანსებით დაიფარა და სულ 25 563.88 ლარი შეადგინა.

„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში „აჭარის რეგიონულმა ჰაბმა“ 11 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის გასაახლებლად 10 275.4 ლარი გამოყო. ეს თანამშრომლობა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჩართულობით გახდა შესაძლებელი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 65 სოფლისა და ბუქმობილში მოქმედი ბიბლიოთეკისთვის 47 357.64 ლარის ღირებულების წიგნები გადმოგვცა.

“წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუამ” მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის 1 802.05 ლარის ღირებულების წიგნები გამოყო.

“წიგნები ბათუმში”, “დიოგენე”, “პალიტრა L” , “გამომცემლობა ბაკურ სულაკაური”, “ქარჩხაძის გამომცემლობა”, “ზოლიანი კატა”, “მელანი” – ის გამომცემლობებია, რომლებმაც წიგნები ფასდაკლებით მოგვაწოდეს, ხოლო გარკვეული რაოდენობა საჩუქრად გადმოგვცეს ბუქმობილის ბიბლიოთეკისთვის.

წიგნები მივიღეთ კერძო პირებისა და სხვა ორგანიზაციებისგანაც.

მაღალმთიანი სოფლებისთვის წიგნების შესაძენად საჭირო თანხის შეგროვება მხარდამჭერთა წერილების სერიის ფონზე მიმდინარეობდა.

კამპანიის ფარგლებში წიგნებსა და მათ მნიშვნელობაზე 60 მოსაზრება დაიწერა.

წერილებს/მოსაზრებებს წერდნენ ქართველი და უცხოელი მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, მენეჯერები, პროფესორები, იურისტები, მწერლები, აქტივისტები…

“მოგზაური ბიბლიოთეკის” მხარდამჭერთა წრე საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია.

ვიდეოჩანაწერები გამოგვიგზავნეს სოფლად მცხოვრებმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც.

ჩვენი ბიბლიოთეკა როდესაც არ მოგზაურობს, სტუმრებს მასპინძლობს.

მხარდამჭერებს შეუძლიათ გვესტუმრონ, ბუქმობილი დაათვალიერონ, გეგმებზე გვესაუბრონ და ნახატები, წერილები და კეთილი სურვილები გაგვატანონ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში.

ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ არაერთ სტუმარს, მათ შორის ყველაზე მხიარული პირველკლასელების ვიზიტი აღმოჩნდა. პატარებმა თანატოლებისთვის წიგნები მოიტანეს და საყვარელი სათამაშოები დახატეს.

ამ სტუმრობის შესახებ უფრო მეტი გაიგეთ ვიდეოდან.

ზოგიერთ სასოფლო ბიბლიოთეკაში წიგნების მიღებას თან ახლდა მცირე ლოჯისტიკური სირთულეები. მაგალითად, რამდენიმე ბიბლიოთეკაში არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა ახალი წიგნების განსათავსებლად ან ბიბლიოთეკა ელოდებოდა სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გადასვლას, რომელსაც ჯერ კიდევ არემონტებდნენ ან არ იყო გახსნილი.

ამ და სხვა მიზეზების გამო ექსპედიციები დაგეგმილზე გვიან დავიწყეთ.

პირველი ვიზიტი 23 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში შედგა, 24 ნოემბერს კი სოფელ ღორჯომს ვესტუმრეთ.

2022 წლიდან მოგზაურობა მაღალმთიან სოფლებში უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

იანვრის მეორე ნახევარში უკვე დაგეგმილია ათი სოფლის მონახულება. ინფორმაცია ჩვენი მოგზაურობის შესახებ კვლავაც გამოქვეყნდება “მოგზაური ბიბლიოთეკის”, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ფეისბუქგვერდებზე.

მომავალი წლიდან “მოგზაური ბიბლიოთეკა” შემოგთავაზებთ კონკურსს ბიბლიოთეკების, ბიბლიოთეკარებისა და მკითხველებისთვის. პირობა მარტივია, მკითხველებს შეეძლებათ დაწერონ წერილი/მოსაზრება მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე და გამოგვიგზავნონ “მოგზაური ბიბლიოთეკის” ელექტრონულ ფოსტაზე. შერჩეული წერილები გამოქვეყნდება “ბათუმელების” ვებგვერდზე, საუკეთესოთა ავტორები კი დასაჩუქრდებიან. ასევე, დასაჩუქრდებიან ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები, რომელთა მკითხველებისგანაც ყველაზე მეტი საინტერესო წერილი გამოქვეყნდება.

ამ აქტივობით შევეცდებით, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ კითხვის პოპულარიზებას, მეორე მხრივ კი, ბიბლიოთეკარებისთვის, რომლებსაც ძალიან მცირე რესურსები და დაბალი ანაზღაურება აქვთ, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.

კონკურსის ეს ფორმატი აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მათთვის მნიშვნელოვანი ამბები, “ბათუმელების” ვებგვერდის მეშვეობით, უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ.

პროექტის დაწყებიდან დღემდე “მოგზაურ ბიბლიოთეკას” აქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ორგანიზაციასა და ბიზნესთან, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

მალე დონაციის მსურველებს “თეგეტა მოტორსის” ონლაინპლატფორმაზე – “იზრუნე” შეეძლებათ საკუთარი წვლილის შეტანა განათლებაზე წვდომის გაზრდაში.

გვჯერა, 2022 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერსა და პარტნიორთან ერთად შევძლებთ ხელშესახები და რეალური ცვლილებების დაწყებას განათლებისთვის, უკეთესი მომავლისთვის.

მკითხველმა 55 000 ლარი გადმოურიცხა ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით

ძმებს – ანრი და კახა ბერიძეებს „ბათუმელების“ მკითხველმა 31 დეკემბრის მდგომარეობით 55 262 ლარი გადმოურიცხა. თანხის გადმორიცხვა ისევ გრძელდება.

ამ თემაზე: ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით

ძმების დასახმარებლად 2200-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც.

არის ასობით შემთხვევა, როცა ადამიანებმა გადმორიცხეს 3 ლარი, 1 ლარი. გვყავს სოლიდური შემომწირველებიც – ვინც 2000, 1000, 600, 500, 100 ლარი გაიღო მოზარდების მხარდასაჭერად.

„ბათუმელები“ კონსულტაციებს გადის კვალიფიციურ ორგანიზაციებთან, თუ როგორ შეიძლება სწორად და მიზანმიმართულად მოხმარდეს აღნიშნული თანხა ანრის და კახას, რომლებიც არასრულწლოვნები არიან და თანხას თავად ვერ განკარგავენ.

ბავშვები ამბობენ, რომ მათი სურვილი ბინის შეძენაა.

რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული თანხის განკარგვასთან დაკავშირებით, ამის შესახებ „ბათუმელები“ ინფორმაციას მოკლე ხანში გამოაქვეყნებს.

ანრი და კახა კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს, იყო: „კარგად ისწავლეთ“.

ბიჭებს სწავლისთვის შესაფერისი პირობები არ ჰქონდათ, ქოხში, რომელიც „ოცნების ქალაქში“ აქვთ და სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, წყალი ჩამოდიოდა და იყო სიცივე. არც წიგნები ჰქონდათ და არც კომპიუტერი. კახას თქმით,ის  ბიძასთან ერთად მუშაობდა და კომპიუტერისთვის ფულს აგროვებდა, მაგრამ მაინც ვერ შეაგროვა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, კახას და ანრის ბინა გადაეცემათ „ოცნების ქალაქში“. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქ მცხოვრებთათვის კორპუსები უკვე შენდება. მშენებლობა სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულისთვის დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ გადასცემენ ძმებს ბინას.

მანამდე ბიჭები ბიძასთან ცხოვრობენ სოფელ ახალშენში. სასამართლომ მათზე მეურვეობა კი დეიდას მიანიჭა.

გარდა შემოსული თანხისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ სტატიის მკითხველები თავისი ინიციატივითაც დაეხმარნენ კახას და ანრის, თანხით, საკვები პროდუქტითა და ტკბილეულით. ერთ-ერთი კერძო პირის გადაწყვეტილებით, ის მზად არის დააფინანსოს ბიჭების რეპეტიტორთან მეცადინეობის ხარჯები სამ საგანში – ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში. ბიჭების ბიცოლას თქმით, პედაგოგების მოძებნას ახალი წლის შემდეგ აპირებენ.

ბიჭების ბიცოლას თქმით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მათთან მივიდნენ კერძო პირებიც, რომლებმაც თქვეს, რომ ბავშვების ახალ ბინაში [ბინის გადაცემის შემდეგ] ავეჯს შეიტანენ. თუმცა ამ კერძო პირების ჩართულობის შესახებ „ბათუმელები“ გადამოწმებულ ინფორმაციას არ ფლობს.

 

შუახევი ჰესის თანამშრომლების 98% საქართველოს მოქალაქეა [ვიდეო]

„ჩვენ, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დიდმა ინვესტორებმა, უზრუნველვყავით, რომ შუახევი ჰესი მთლიანად მართონ საქართველოს მოქალაქეებმა – ადგილობრივებმა, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას არამარტო ქართველ ინჟინრებს ტექნიკური კუთხით, ასევე სოციალური და გარემოს მიმართულებით. მათ შორის არიან წარმატებული ქალები. კომპანიის 98%-ს შეადგენენ ქართველი ინჟინრები და სხვა თანამშრომლები“ – აცხადებს რაკეშ ნაიკი, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.

ნახეთ სრული ვიდეო:

YouTube video player

მერია: ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებულებს ავარიული სახლების პროგრამაში ჩავრთავთ

შემოვლითი გზის მშენებლობის გამო დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სახლები დაებზარათ, მერია ავარიული სახლების პროგრამაში ჩართავს. ამის შესახებ ლევან დავითაძემ დღეს, 31 დეკემბერს, უთხრა „ბათუმელებს“.

მოსახლეობა კი აცხადებს, რომ დაპირება ბევრჯერ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ.

ვიცე-მერის ინფორმაციით, მერიამ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სახლების მდგრადობა შეისწავლა და ოჯახები გაიყვანა იმ სახლებიდან, რომელთა მდგომარეობაც საფრთხის შემცველი იყო:

„სხვა ოჯახებს ამ მომენტისთვის საფრთხე არ ემუქრებათ. სამომავლოდ მათზე პასუხისმგებლობა აიღო მერიამ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება მათი ბინებით უზრუნველყოფას, ამაზე საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ამ რვა ოჯახზეც,“- ამბობს ლევან დავითაძე.

მერიის ავარიული სახლების პროგრამის ბიუჯეტი 80 მილიონი ლარია, მათ შორის, 20 მილიონი ლარი მომავალ წელს უნდა დაიხარჯოს.  ამ 20 მილიონიდან 2 მილიონ ლარს მერია ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში ბინების დაქირავებისთვის, 18 მილიონი კი ახალი ბინების ასაშენებლად უნდა დაიხარჯოს.

„ყველა ლოკაციას სხვადასხვა პრობლემა აქვს, ეს საბჭოსთვის დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა, მშენებლობის ნაწილშიც არის ბევრი მიმართულება, ამიტომ დეტალებზე მოგვიანებით გახდება თქვენთვის ცნობილი,“ – გვითხრა ლევან დავითაძემ.

მისივე თქმით საბჭო ამ ეტაპზე  კრიტერიუმების შემუშავება-დაზუსტებაზე მუშაობს, კრიტერიუმები კი საექსპერტო დასკვნების შესაბამისად განისაზღვრება.

ამავე თემაზე: 

„ჩვენი სახლები დაზიანდა“ – აქცია ავტობანის მშენებლობის წინააღმდეგ მახვილაურში

„ჩვენი სახლები დაზიანდა“ – აქცია ავტობანის მშენებლობის წინააღმდეგ მახვილაურში

„ბურღი არ დავინახო ჩართული, პრობლემებს შეგიქმნით,“ –  დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, ბურღვის გამო, სახლები დაებზარათ. მათი ინფორმაციით, დაბზარულია 5 კორპუსის კედლები, რაც 130 ბინას აერთიანებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მერიის წარმომადგენლებისგან არაერთი დაპირება მოისმინეს, რომ პრობლემით დაინტერესდებიან, თუმცა უშედეგოდ.  მათივე ინფორმაციით, მერიამ ამ დასახლებიდან ნაქირავებ ბინაში გადაიყვანა  მხოლოდ რვა ოჯახი, თუმცა განუსაზღვრელი ვადით ნაქირავებ ბინაში ცხოვრება არც მათ არ სურთ.

„არ გვინდა ნაქირავები ბინა, თუ ეს სახლები გამაგრებას არ ექვემდებარება, დაგვაკმაყოფილონ,“ – აცხადებს მოსახლეობა.

მოსახლეობის პროტესტის ფონზე შეჩერებული სამუშაოები მშენებელმა კომპანიამ დღეს, 31 დეკემბერს, განაახლა.

ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა 2022 წლის ბოლომდე გადაიწია.  გზის მშენებლობისთვის 2021 წელს 80 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში 55 მილიონი ლარი გაითვალისწინეს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ჯამში 429 მილიონ 740 ათასი ლარი დაიხარჯება [აქედან, 2019 წელს დაიხარჯა 241 მილიონ 740 ათასი ლარი, 2020 წელს კი – 53 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს]. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება.

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმსა და თბილისში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1-ლი იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

პირველ იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

2-4 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ბათუმში პირველ იანვარს, გამთენიისას, წვიმაა მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდი ბათუმში იანვრის პირველ დღეებში შენარჩუნდება.

თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0-2, ხოლო დღის საათებში +8, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

„ბათუმელების“ 12 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

ამ სტატიებს 2021 წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა „ბათუმელებზე“. წელს batumelebi.ge-ს მკითხველები არაერთი სტატიის გმირს დაეხმარნენ, რიცხავდნენ თანხას, აწვდიდნენ საკვებ პროდუქტსა და ტანსაცმელს, ერთ-ერთი სტატიის გმირმა მკითხველების გადარიცხული თანხით ბინის შეძენაც კი შეძლო.

„ბათუმელები“ ტრადიციულად, წლის ყველაზე ხშირად წაკითხულ სტატიებს გაგაცნობთ.

ლაგოდეხის ნაკრძალში გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს მგელი ჯიხვს, „ბათუმელების“ მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. სტატიაში ფოტოგრაფი და ველური ბუნების მკვლევარი ნიკა ქერდიყოშვილი ჰყვება, როგორ გადაიღო უნიკალური კადრები.

სტატია 5 ძმის და 1 დის შესახებ, რომლებიც იმერეთიდან, ზედა ბაღდათიდან არიან.

მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გაჭირდა მდინარე ბახვისწყლიდან სამაშველო მანქანის ამოყვანა.

28 წლის მამუკა ფოცხორაია მარტვილის ცენტრში ცეკვავდა, დედისთვის აუცილებელი გულის სარქვლის ოპერაციისა და სახლისთვის თანხა რომ შეეგროვებინა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელების“ მკითხველმა მამუკას 42 ათასზე მეტი ლარი  გადაურიცხა და მან ბინა იყიდა.

ახალგაზრდა ქალის, 4 შვილის დედის ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო.

თურქეთის მოქალაქის მკვლელობის საქმე, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა.

8 ოქტომბერს, ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსთან, 29 საათის განმავლობაში „ბათუმის წყლის თანამშრომელი“ მაშველად იქცა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა.

ბათუმელი ტაქსის მძღოლის, ელენე მჟავანაძის ისტორია, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა.

33 წლის ემიგრანტი ქალის ისტორია, რომელიც ოჯახის დასახმარებლად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

ბინის გაქირავებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოქალაქემ სასამართლოს მიმართა.

სტატია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ცრუ წარმოდგენებზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბევრი მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

რეპორტაჟი საქართველოს საზღვართან ახლო მდებარე ქალაქიდან, ქემალფაშადან, რომელიც ათასობით საქართველოსა და თურქეთის მოქალაქისთვის სამუშაო და სავაჭრო ადგილი იყო პანდემიამდე.

 

2021 წელი „დაგისთან“ ერთად: მშენებლობა 16 რეგიონში, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და ისტორიული პროექტები

2021 წელიც სულ მალე დასრულდება. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ ერთად შევძელით ისტორიული პროექტების დასრულება და ახალი, ინოვაციური მშენებლობების დაწყება. თუმცა, სანამ მათ მიმოხილვაზე გადავალთ, გვინდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო კომპანია „დაგის“ თანამშრომლების 96% სრულიად ვაქცინირებულია. ჩვენ გვჯერა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ჩვენ ვუფრთხულდებით ყველაზე ძვირფასს – ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

 

ჩვენ ვზრუნავთ ქალაქის იერსახეზე

2021 წელს, ჩვენ დავასრულეთ ვაკის პარკის რეაბილიტაცია. ეს ისტორილი საკრეაციო ზონა, უკვე მრავალი ათწლეულია სხვადასხვა თაობის ადამიანების დაუვიწყარ მოგონებებს აერთიანებს. ქალაქის ყველაზე ცნობილი პარკის მშენებლობა, 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის ძირითადი 200 ჰექტარი გამოიყო. 

პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ფურნიტურა, საფეხმავლო და ველობილიკეები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები და ცხოველთა სასეირნო მოედანი; ცენტრალური ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დაირგო სხვადასხვა სახე 5 673 ძირი ბუჩქი და 1 338 ძირი ხე.

ასევე, განვაახლეთ დედაენისა და 9 მარტის ბაღები და ქალაქს უნიკალური კონცეფციის სარეკრეაციო ზონები შევთავაზეთ. აღსანიშავია, რომ 2022 წლისთვის დასრულდება ვარკეთილის პარკის რეაბილიტაციაც და ქალაქს, კიდევ ერთი განსაკუთრებული სივრცე შეემატება! ჩვენ გვიხარია, რომ თბილისის იერსახე ყოველდღიურად უმჯობესდება და ლამაზდება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ!

განათლება ჩვენი პრიორიტეტია

უკვე მრავალი წელია, რაც სამშენებლო კომპანია „დაგი“ აქტიურადაა ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო პროექტების შესრულებაში. 2021 წელს დავასრულეთ მარნეულის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა. 150 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, აქვს თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყო სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი.

ამ დრომდე გრძელდება თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯების მშენებლობა ხაშურში, წყალტუბოსა და ბორჯომში. ამ რეგიონებს სულ მალე შეემატებათ თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები. გრძელდება 86-ე საჯარო სკოლის პროექტიც. 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე დიზაინის შენობა, სრულიად აღიჭურვება უახლესი ინვენტარითა და ტექნოლოგიებით. პროექტის დასრულება 2022 წლის იანვრისთვის იგეგმება. ასევე, 2022 წელს დასრულდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის II კორპუსების რეაბილიტაცია. 

ისტორიული პროექტები ჩვენი სიამაყეა

კიდევ ერთი ისტორიული პროექტი, რომელიც 2021 წელს დავასრულეთ, ესაა ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაცია. ჭიათურის საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციის ბოლო ეტაპის სამუშაოს დასრულების შედეგად, სრულად აღდა საბაგიროს ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი სამგზავრო მიმართულება, რომელთა საერთო სიგრძე 3428 მეტრია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ისტორიულ პროექტს, ესაა პირველი არხის ახალი შენობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას N31-ში დაახლოებით ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა მაუწყებელმა საზოგადოებას შესთავაზაპირველად ქართულ რეალობაში, შენობის დიზაინი და ვიზუალი ფეისბუქის საშუალებით შეირჩა. პროექტი 2022 წელს დასრულდება!

ასევე 2021 წელს, ჩვენ დავიწყეთ უნიკალური პროექტი – რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაცია. პროექტის სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრის მომსახურებაა. იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,5 მეტრი. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. ცნობილი საბაგირო გზა პირველად 1959 წლის 1 მაისს ამუშავდა და 1990 წლის 1 ივნისამდე ფუნქციონირებდა. სულ მალე, თბილისს კვლავ დაამშვენებს ისტორიული საბაგირო. 

მასშტაბური პროექტები საქართველოს 16 ქალაქში

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს 16 ქალაქში: ქუთაისში, ვანში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ხონში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, ახმეტაში, მარტვილში, აბაშაში, სენაკში, ჩხოროწყუში, ფოთსა და ზუგდიდში. 

მასშტაბური პროგრამის მიზანი, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რეგიონების სრული განახლებაა. პროექტის პირველი ეტაპი, 2022 წელს დასრულდება. 

ასევე, გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ, რომ 2022 წელს დასრულდება ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობაც, რომელსაც ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. პროექტის მიმდინარეობაში აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები. 

მოუთმენლად ველოდებით ახალ, 2022 წელს და გვჯერა, რომ ერთად, ჩვენი ქვეყანა, კიდევ უფრო უკეთესი გახდება!

„ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი“ – სააკაშვილის საახალწლო მილოცვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თავისი და სოფო ნიჟარაძის შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და ახალ წელს ულოცავს ქვეყანას.

„მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე! სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მომავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო.

…  პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი.

დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება “მთავარი არხის” საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით.

და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ.“

სქრინი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სააკაშვილი საუბრობს, რომ ლიზა იასკოსთან ახალი ოჯახი აქვს.

„მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ერთად ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ცოლმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ იასკოსა და სააკაშვილის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.

„ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი – სრულიად მიუღებელი“ – განაცხადა მაშინ სანდრა რულოვსმა.

 

დადასტურდა კოვიდის 2251 ახალი შემთხვევა, 42 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2251 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 38 802 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

30 დეკემბრის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,28%.

დღეს და ხვალ ღამის კლუბებს საახალწლო წვეულებების გამართვის ნებართვა მისცეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მისცეს.

ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით.

  • ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები
  • პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი
  • აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა

კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა – მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან

9 დეკემბერს სოფელ ჭარნალში კაცმა ცოლ და 20 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ოჯახის წევრებისა და ნათესავების თქმით, კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჯანდაცვის შესაბამის სერვისებს ვერ იღებდა.

ოჯახის წევრები საუბრობენ დილემაზე, რომელსაც სახელმწიფო ვერ წყვეტს, პრობლემებს ვერც პაციენტის ოჯახის წევრები უმკლავდებიან.

  • იმ საავადმყოფოს ბრალია, რა წამალი მისცეს არავინ იცის

ალექსანდრე საგინაძე იმ კაცის ბიძაა, ვისი ცხოვრების ტრაგედიაც დიდი ალბათობით ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმართავმა სისტემამ განაპირობა.

ალექსანდრე მიიჩნევს, რომ ჭარნალში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო და ის კლინიკაა, სადაც პაციენტი აღრიცხვაზე იმყოფებოდა, თუმცა მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.

„რატომ არ დააწვინეს და არ უმკურნალეს სათანადოდ? სწორედ აქედან იწყება პრობლემა. სახელმწიფოს და საავადმყოფოს პასუხისმგებლობას ვხედავ. ბევრი არ აღიარებს პრობლემას, ესირცხვება მკურნალობა და ექიმთან მისვლა, არ იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. შემდეგ კი აი ასეთი შედეგი დგება, რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა“, – ამბობს ალექსანდრე საგინაძე.

მისი თქმით, დისშვილს ფსიქიკური პრობლემაზე მასთან არ უსაუბრია.

„ვატყობდი, რომ ძალიან შეიცვალა. გულჩათხრობილი იყო, მიწაზე იყო თუ ცაში ვერ გაიგებდი. ჩემთანაც შემოივლიდა ხოლმე, ას სიტყვაში ერთ სიტყვას გეტყოდა. ვამჩნევდი, რომ ყველაფერი კარგად ვერ ჰქონდა“, – ამბობს ალექსანდრე საგინაძე.

მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში, თუმცა სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს არც პაციენტებს და არც სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

„ჩვენ ხელოვნურად ვკლავთ ხალხს, ვერ ვუყურებთ, არ ვუყურებთ. არ ვეხმარებით მათ. აგერ, გავიდა რამდენიმე დღე და კაცმა ორსული ცოლი მოკლა. ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია, ამას სახელმწიფომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს? ხვალ აქ მოხდა, ზეგ იქ და ვხოცოთ მაშინ ადამიანები.

აბა რისთვის არის ექიმი. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო არ ზრუნავს“, – გვეუბნება ის.

ჭარნალის ტრაგედიის ამბავზე „ბათუმელები“ სხვა ადამიანებსაც ესაუბრა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ დაღუპული კაცი „რაღაც წამლებს სვამდა“, თუმცა იყო თუ არა მისი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმე, არ იციან. „სხვის ოჯახში რა ხდება, ჩვენ არ ვიცით“, – გვეუბნებიან ისინი.

მამის მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ ლევანი მშრომელი ადამიანი იყო, ოჯახშიც ხშირად სტუმრობდა, თუმცა მამის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე მას არასდროს უსაუბრია.

„შვილი იყო შრომისმოყვარე ბიჭი, მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ, სახლსაც აწყობდნენ, შეყვარებული ჰყავდა და ცოლის მოყვანას აპირებდა. სხვას ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი შიგნით ოჯახში რა ხდებოდა“, – ამბობს ის.

გარდაცვლილი კაცის სიძეც ადასტურებს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და სამი წელი კლინიკაშიც კი დადიოდა.

„ბოლო დროს თითქოს უკეთესად იყო, კაი სიტყვა ჰქონდა და კაი პასუხი. ვიცი, რომ დაჰყავდათ კლინიკაში, გამოუწერდნენ წამლებს და მოდიოდა“, – გვეუბნება ის.

ჩვენ ვესაუბრეთ გარდაცვლილი კაცის ქალიშვილსაც, რომელიც იმ ტრაგიკულ დღეს სახლში იმყოფებოდა და ბებიასთან ერთად სახლიდან გამოსვლა მოასწრო. საგინაძის შვილი ამბობს, რომ მამა წამლებს (დამამშვიდებლებს) იღებდა, თუმცა ბოლო პერიოდში აღარ მკურნალობდა.

  • ძალიან მინდა ვინმე დამეხმაროს, რომ ჩემი შვილი ისევ ისეთი გახდეს, როგორც 18 წლამდე იყო

ვინ არის პასუხისმგებელი, თუ პაციენტი საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს ან სხვა ადამიანებისთვის იქცევა საფრთხედ? – ეს კითხვები სახელმწიფოსთან აქვს 22 წლის გოგოს დედას, რომლის შვილსაც ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ქალის თქმით, ის შვილთან დაკავშირებით გამოსავალს ვერ ხედავს და პრობლემის მოგვარებაში არც სახელმწიფო ეხმარება.

„საუკეთესო შვილი იყო, მაგრამ 18 წლის იყო, როცა ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. 4 წელია ასე გრძელდება. თუ გაბრაზდა, ცდილობს გიკბინოს ან რაიმე ზიანი მოგაყენოს. თუ ეს ვერ გააკეთა, ნერვებისგან გონებას კარგავს, თუ არ გაითიშა, მაშინ თავის თავს აყენებს ზიანს და შემდეგ სასწრაფო დახმარება გვჭირდება“, – ამბობს დედა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 14.9 პროცენტს, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები დაუდგინდა პირველადი დიაგნოზით.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების 2019 წელს დაფიქსირდა – 19.9 პროცენტი, უმნიშვნელოდ არის შემცირებული გასულ წელს, წინა წლებში კი ეს მაჩვენებელი 5.8-სა და 7.5 -ს შორის მერყეობდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება.

მისი თქმით, შვილი მკურნალობაზე უარს ამბობს, მათ კი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

„ერთხელ იძულებით დავაპირეთ კლინიკაში მიყვანა და პოლიცია გამოიძახა, შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა, ძალადობენო. ერთ დღეს, როცა სახლში არ ვიყავი, რაღაც მედიკამენტები მიიღო თვითნებურად და ისევ სასწრაფო გამოვიძახე.

მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ორი კვირა გაჩერდა, შემდეგ კი ძალიან ტიროდა, წამიყვანეთ სახლში და ვიმკურნალებო და წამოვიყვანე.

ხელწერილი დამაწერინეს, მე ავიღებ პასუხისმგებლობას-მეთქი, მაგრამ ახლა ვატყობ, რომ დანიშნული მედიკამენტები უკვე აღარ მოქმედებს, ექიმს ველაპარაკე და მითხრა, რომ დოზები შესაცვლელია, მაგრამ ექიმთან მისვლაზე უარს ამბობს. ექიმი მეუბნება, თავისი ნებით თუ არ მოვიდა, ისე აზრი აქვს მკურნალობასო.

ვატყობ, რომ სჭირდება მკურნალობა, ვეღარ იძინებს, სულ შფოთავს, მთელი ღამეები ან ტელეფონშია, ან დადის. წინააღმდეგობას ვერ იტანს, მაშინვე აგრესიული ხდება. სახლში ყველა ვცდილობთ ანგარიში გავუწიოთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება არ მოუთმინონ. ორ წყალს შუა ვარ, აქეთ ეს, იქეთ სხვა შვილები. ვთქვათ არ ვარ სახლში, იჩხუბეს და დალია ისევ წამლები, რამე რომ დაემართოს ვინ იქნება პასუხისმგებელი?“- გვეუბნება დედა.

ინგა ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ ნაწილში კანონმდებლობა უნდა დახვეწოს.

„მე დედა ვარ, მაგრამ არ მაქვს უფლება რაიმე შევცვალო.ძალადობის მომხრე არც მე ვარ რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვქნა, ჩემი შვილია და ძალიან განვიცდი, როგორ დავეხმარო? აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, გამოსავალს ვერ ვხედავ, როცა შვილი მკურნალობაზე უარს მეუბნება. ერთადერთი, ისევ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ამ პრობლემაზე.

ძალიან მინდა ვინმე დამეხმაროს, რომ ჩემი შვილი ისევ ისეთი გახდეს, როგორც 18 წლამდე იყო. ყველაზე კარგი შვილი იყო, ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას“, – ამბობს დედა.

ოლგა კალინა
  • „მე თავად ვიყავი პაციენტი“ – ოლგა კალინა სისტემის გაუმართაობაზე

ოლგა კალინას თავად აქვს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის გამოცდილება და ახლა ის აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობის პროცესში.

ოლგა კალინა გვესაუბრება სისტემის გაუმართაობაზე, იმაზე, თუ რა განაპირობებს პაციენტების უნდობლობას, როგორც სისტემის, ასევე ოჯახის წევრების მიმართ.

„მე თავად ვიყავი პაციენტი, მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი მაქვს და თავად გავიარე სტაციონარიც, ამბულატორიული მკურნალობაც.

ჩვენს კანონში არანებაყოფლობითი მკურნალობის ზომები არის ჩადებული, თუმცა ხელს არ უწყობს არც პაციენტის და არც ოჯახის წევრების ინფორმირებულობას და გაძლიერებას.

ძალით წამლების დალევის თვალსაზრისით რეგულაციის პრობლემა არ არის კანონში. თუ პაციენტი საფრთხეს უქმნის თავის თავს, შეუძლია მშობელს დარეკოს სასწრაფოში, პოლიციაში, გადაიყვანენ პაციენტს და მიაღებინებენ წამალს.

პაციენტსაც აქვს უფლება გამოიძახოს პოლიცია თუ ფიქრობს, რომ მისი უფლება ირღვევა და მშობელსაც შეუძლია მიმართოს ექიმს“, – გვეუბნება ოლგა.

მისი თქმით, პაციენტის აგრესია ყოველთვის არ არის დაკავშირებული მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან. უფრო ხშირად ეს არის პირადი ურთიერთობის პრობლემა და ამ ფონზეა ძალადობის გამოვლინებები.

„სტატისტიკურად, 5 პროცენტია დაახლოებით აგრესიული, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

მაგალითად, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი თუ იძალადებს ოჯახში, იძულებითი მკურნალობის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების შემთხვევაში, მკურნალობა არანებაყოფლობითია.

თუ ასეთი ადამიანი დაიწყებს მუქარას, ან დააზიანებს ქონებას, შეუძლია გამოიძახონ პატრული და მოათავსებენ ფსიქიატრიულში. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ძალადობენ ჩვენზე, ვიდრე სხვა ჯგუფებზე და ეს გაუმართლებელია, რადგან წესით, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებლები სტატისტიკურად უფრო აგრესიულები არიან. ჩვენ უფრო ხშირად ვხდებით ძალადობის მსხვერპლი. მათ შორის ნათესავების მხრიდან, რომლებიც იყენებენ ჩვენს ქონებას, პენსიას, გვაგზავნიან სტაციონარებში და შემდეგ უკან არ გვაბრუნებენ“, – ამბობს ოლგა.

მისი თქმით, როცა ადამიანი ფსიქიკურად მოწყვლადია, ხშირად ხდება ის როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რადგან არავინ უჯერებს მათ.

ოლგას აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ მიდგომას, რადგან კონტაქტი უჭირს ორივე მხარეს. ამ ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით კი სერვისები არ არსებობს.

„უშუალოდ ოჯახთან კონტაქტზე და ურთიერთობებზეა აქ საუბარი, რადგან ორივე მხარეს აქვს პრეტენზიები და ამ ფონზე იზრდება უნდობლობა.

ხშირად ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ პაციენტი დალევს წამალს და ყველა პრობლემა მოგვარდება. ეს ასე არ მოხდება. პრეტენზიები – რატომ მომათავსე ვთქვათ სტაციონარში, რატომ მომატყუე, რატომ იძალადე ჩემზე, რატომ მომეცი ეს წამალი ჩუმად – ფსიქიკური პრობლემებიდან არ გამომდინარეობს. ეს არის პიროვნების ობიექტური პრეტენზიები, რომელზე მუშაობაც საჭიროა. მათ შორის კრიზისულ გეგმებზე – რა ვქნათ ვთქვათ, თუ ცუდად გახდები, რა უნდა გავაკეთოთ, აი ამ თემების მოფიქრებაა მნიშვნელოვანი, რაც დღეს არ ხდება.

მაგალითად, როდესაც ადამიანი არის ცუდად, ნათესავებს აქვთ მოლოდინი, რომ თუ ჩააბარებენ ექიმს, ადამიანს ეს პრეტენზიები აღარ ექნება. შესაძლოა ადამიანი არასწორ აქცენტებს აკეთებს, არასწორი ინტერპრეტაციით აქვს რაღაც დამახსოვრებული და თუ ამაზე არ მუშაობ, მერე იწყება უარესი პრობლემები. როცა ორივე მხარეს აქვს შიში, ეს კონფლიქტს კიდევ უფრო აფართოებს“, – ამბობს ოლგა კალინა.

ნდობა და მდგომარეობიდან გამოსვლის გზების ერთად მოფიქრება – ეს არის გზა კრიზისის დასაძლევად. ოლგას თქმით, უნდა გაეცეს პასუხები კითხვებს, თუ საიდან დაიწყო ამ ადამიანის ფსიქიკური პრობლემები, რა აწუხებს ადამიანს, რა არის უშუალოდ პრობლემის შინაარსი.

„ოჯახის წევრებს ხშირად არ ჰყოფნით კომპეტენცია ამ ურთიერთობის დასალაგებლად. ამიტომ არის საჭირო მედიატორი, რადგან ხშირად იმდენად დიდია კონფლიქტი და უნდობლობა, რომ მედიატორის გარეშე შეუძლებელია ამ ურთიერთობის ხელახლა აგება. მედიატორი კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ორივე მხარეს“, – ამბობს ოლგა.

მეორე ვარიანტია ოჯახის კონსულტანტი, რომელიც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე იმუშავებს, არამედ იმ სოციალურ წრეებთან, რომელიც იმსჯელებს რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„როცა პაციენტი კარგად არის ინფორმირებული, მას აღარ აქვს შიშები ჩარევების მიმართ და უფრო მეტად აკონტროლებს საკუთარ თავს. იცის, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ჰქონდეს პრობლემა, მაგრამ ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც არ გამოიყენებენ ძალადობრივ მეთოდებს.

ამ შემთხვევაშიც (ჭარნალის ამბავი), როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სანამ ადამიანი არ ძალადობს სხვებზე, სანამ ჯერ კიდევ არ არის აგრესიული, საჭიროა დროული განათლება სერვისებში და დროული მხარდაჭერა პროფესიონალების იქნება ეს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი თუ სხვა“, – ამბობს ოლგა კალინა.

რაც შეეხება სისტემის მიმართ უნდობლობას, ოლგა ამბობს, რომ ამის უფლება პაციენტს აქვს, რადგან თავის დროზე თავადაც უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე და წამოვიდა კლინიკიდან.

„თუ დავრჩებოდი ექიმების ნებაზე, დღემდე ვიქნებოდი დამოკიდებული მედიკამენტებზე და დანგრეული მექნებოდა ჯანმრთელობა. წამლების კურსის შეწყვეტა იყო ჩემი გადაწყვეტილება. ამ მედიკამენტების მიღება არ არის მსუბუქი, მას აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები და წლების მანძილზე მათი მიღება, იწვევს სომატური პრობლემების გაუარესებას.

ღვიძლი, კუჭი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კონცენტრაცია, მეხსიერება, ეს ყველაფერი უარესდება. შეიძლება განვითარდეს დიაბეტი, წონის მატება, პოტენციის დაქვეითება, ემოციების გაქრობა. როდესაც არ გრძნობს ადამიანი არც სიყვარულს, არც სიხარულს, უბრალოდ დადის ქუჩებში. მაშინ, რაში სჭირდება ეს სტაბილური მდგომარეობა?

როდესაც ადამიანი  ამ გვერდით ეფექტებს გრძნობს, რა თქმა უნდა, ამცირებს მედიკამენტების მიღებას ან თავს ანებებს. ოჯახებშიც არ არის სათანადოდ გააზრებული, რა არის უშუალოდ სიმპტომი და რა წამლების ეფექტი.

თუ რიტორიკა მუდმივად იქნება ასეთი, რომ „შენ ავადმყოფი ხარ და უნდა დალიო წამალი“, მაგრამ რა ფასად გიჯდება ეს, არავინ ფიქრობს, ადამიანი საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩება. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ადამიანები გადადიან პროტესტის რეჟიმში“, – ამბობს ოლგა.

რა არის ამოცანა? – ადამიანმა თავად უნდა გაიაზროს, რომ აქვს გარკვეული პრობლემა და სწორედ ეს ამოცანა გულისხმობს ხარისხს. „როცა ადამიანზე კი არ ძალადობენ, არამედ ადამიანი გადაჰყავთ აქტიურ პოზიციაზე და თავად იაზრებს პრობლემას“, – ამბობს ოლგა. ეს ყველაფერი კი მოითხოვს ფულს, რომელიც ოლგას თქმით, ბიუჯეტში საკმარისად არ არის.

„წლების მანძილზე ფსიქიატრია იყო ძალიან დანგრეული, ადამიანები შეურაცხმყოფელ პირობებში იყვნენ საავადმყოფოებში, ახლა ვითომ პირობები იცვლება, მაგრამ შინაარსობრივად სისტემა მაინც იგივე რჩება – ფარმაკოლოგიური მკურნალობა, ძალადობა და ასე შემდეგ. ყურადღება არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, პროფესიონალების სიმწირეა სფეროში.

განსაკუთრებით ფსიქოლოგების, სოცმუშაკების, ისეთი რგოლის, ვინც პასუხისმგებელია ფსიქო-სოციალურ კომპონენტებზე.

ფსიქიატრები და ფარმაკოლოგი – ეგ არის მინიმუმი, რაც სისტემაშია და ზოგჯერ ესეც არ არის. წამლები ავიღოთ თუნდაც, შეიძლება ესეც იყოს პრობლემა. სომატურ ჯანმრთელობას თუ შევადარებთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება არის ძალიან დაბალი. სანამ კრიზისში არ ჩავარდები, სისტემა არ გხედავს. და ეს არის პრობლემა. პრევენცია ფაქტობრივად არ ხდება მსგავსი მდგომარეობის. საბოლოო ჯამში უფრო ძვირი ჯდება ამ ყველაფრის მოგვარება“, – ამბობს ოლგა.

მთავრობა მუშაობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმაზე. როგორც ოლგა გვეუბნება, სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის დროს თავადაც იყო ჩართული. მისი თქმით, ბავშვთა ფსიქიატრიული მკურნალობის მიმართულებით სერვისები გარკვეულწილად უმჯობესდება, მაგალითად შემოდის ბავშვთა ფსიქიატრი, ექთანი, მეტნაკლებად დაფარულია დეინსტიტუციონალიზმის თემაც, თუმცა როგორც ოლგა გვეუბნება, სისტემის სუსტ მხარედ რჩება პაციენტისა და ოჯახის წევრების ინფორმირების, ნდობის და ურთიერთობების მოგვარების საკითხები.

„კომუნიკაციის პრობლემას ვერც ეს სამოქმედო გეგმა მოაგვარებს, რადგან ეს არის ის ეტაპი, რომელიც რესურსებს მოითხოვს და საკმაოდ დიდია ამ რესურსების ჩამონათვალი“, – ამბობს ოლგა.

მისი თქმით, თუ დაინერგება მონიტორინგის სისტემა და პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ საჩივრების დაწერის და შემდეგ ამაზე იქნება რეაგირება, შესაძლოა ამ ყველაფერმა უკეთ გამოაჩინოს პრობლემები და მათი მოგვარების გზაც.

12 ყველაზე პოპულარული ვიდეო „ბათუმელებზე“ 2021 წელს

2021 წელს „ბათუმელებმა“ ასობით ვიდეო და პირდაპირი ჩართვა მოამზადა, მკითხველს გააცნო ბევრი საინტერესო ამბავი და მოვლენა, როგორც აჭარაში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან. წლის ბოლოს, ტრადიციულად, გთავაზობთ თვალი გადაავლოთ „ბათუმელების“ მიერ მომზადებულ იმ ვიდეოებს, რომლებიც წელს ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა.

1. ქორწილი სეფაში – გაუქმებული ტრადიცია, რომელიც აღდგა 

ვიდეო ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორჯომშია გადაღებული, სადაც კორონავირუსის პანდემიამ ქორწილის სეფაში გადახდის ტრადიცია გააცოცხლა. ვიდეოში ნახავთ, როგორ ემზადებიან ღორჯომში ქორწილისთვის, რომელშიც ყველა თაობა მონაწილეობს.

2. ვერასოდეს გაივლი და ვერც შვილს გააჩენ – 24 წლის შშმ ქალის 

24 წლის მეგი გონჩაროვა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემლის ტრავმა მიიღო. ტრავიდან 5 თვის შემდეგ მეგი დაფეხმძიმდა და უკვე პატარა ლილე ჰყავს.

  3. 23 წლის ტრანსგენდერი ქალი ბათუმიდან 

23 წლის ტრანსგენდერი ქალის, ეკას ისტორია, რომელიც იძულებული გახდა სახლიდან 15 წლის ასაკში წასულიყო. ეკა მიმართავს იმ მშობლებს, რომელთა შვილები ახლა საჭიროებენ მათ თანადგომას. ვიდეო მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

4. მამუკას ცეკვა დედისთვის 

28 წლის მამუკა ფოცხორიას ისტორია, რომელიც მარტვილში ცეკვით ცდილობდა დედისთვის ოპერაციისთვის და ბინის საყიდლად ფულის შეგროვებას. ვიდეოს და სტატიას „ბათუმელების“ მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მკითხველებმა 42 ათასზე მეტი ლარი გადაურიცხეს, რითაც მამუკამ მარტვილში ბინა შეიძინა.

5. 13 წლის ანეტას ცხოვრება ეტლით 

ბათუმელი ანეტა ტაკიძე 2 წელია ეტლით მოსარგებლეა. ვიდეოში ანეტა ჰყვება, რომ დიდხანს არ უნდოდა სახლიდან გასვლა, თუმცა ახლა მზად არის სხვებს დაეხმაროს და უკვე ფარიკაობასაც სწავლობს.

6. სახლში დაბრუნება 2-ჯერ სცადა – ახლა ისევ ემიგრაციაში მიდის

ლიანა თანიაშვილის ისტორია, რომელიც 21-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ იძულებული გახდა ისევ ემიგრაციაში წასვლაზე ეფიქრა, რადგან საქართველოში სამსახური და თავისი ადგილი ვერ იპოვა.

7. რძალი და დედამთილი, რომლებიც 15-17 წლის ასაკში დაქორწინდნენ

ქალები მაღალმთიანი აჭარიდან, რომლებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, თავიანთ გამოცდილებაზე ჰყვებიან.

8. შორენას შვილს ლეიკემია დაუდგინდა

ბათუმელი შორენა მეხეშიძის და მისი შვილის ბრძოლა მძიმე სენის წინააღმდეგ სიღარიბეში.

9. აგვისტოს ომის ვეტერანი ნაგავსაყარზე ცხოვრობს

ვიდეო აგვისტოს ომის ვეტერანზე, ჯემალ ბერიძეზე, რომელიც ნაგავსაყარზე ცხოვრობს და მუშაობს და ასე არჩენს ცოლ-შვილსა და ავადმყოფ დედას. ვიდეო ნაწილია „ბათუმელების“ დოკუმენტური ფილმისა – „ჩვენი მისამართია ნაგავსაყარი“.

10. ქმარმა დანით 54 ჭრილობა მომაყენა – 4 შვილის დედა 

ახალგაზრდა ქალის, 4 შვილის დედის, ირმა შამოიანის ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი იყო.

11. ტრანსგენდერი ქალი: რატომ უნდა წავიდე სხვაგან, საქართველოში მინდა ვიყო 

25 წლის ტრანსგენდერი ქალი, დუდუ კარა საუბრობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინირებული ჯგუფის, ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე.

12. საწოლს მიჯაჭვული კაცის და მეეზოვე ქალის ამბავი

ამბავი ბათუმში მცხოვრებ ოჯახზე, რომელიც უკიდურეს სიღარიბესთან და მძიმე ავადმყოფობასთან გამკლავებას ცდილობს.

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით  6-8 ათასია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება.

საქართველო / წყარო: NCDC

NCDC: 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 8024 ადამიანი, მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეას, ბრონქის, ფილტვის (15%) და სარძევე ჯირკვლის კიბოზე (10%) მოდის.

საქართველოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა ლოკალიზაციის კიბოს ინციდენტობა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში, ნაკლებია ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით და უახლოვდება დსთ-ს საშუალო მაჩვენებელს. ამასთანავე, საქართველოში კიბოს ინციდენტობა  100 000 მოსახლეზე 188.8-დან 257.1-მდე მერყეობს, რაც ჯანმოს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს რუკაზე, საქართველოს კიბოთი ავადობის საშუალოზე მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებში აქცევს მსოფლიოს მასშტაბით.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კიბოს შემთხვევათა ზრდა გამოწვეულია როგორც გარემოს, ისე ცხოვრების არაჯანსაღ წესთან დაკავშირებული ფაქტორების კომბინაციით, ასევე სკრინინგისა და დიაგნოსტიკის თავისებურებებით. 

მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ცნობით, შემთხვევათა დაახლოებით ერთ მესამედში კიბოთი გამოწვეული სიკვდილი განპირობებულია რისკის ხუთი ძირითადი ფაქტორით, რაც ქცევას და კვებით რაციონს უკავშირდება. ეს არის:

  • სხეულის მასის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი [ჭარბი წონა]
  • ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების დაბალი დონე
  • ფიზიკური აქტივობის არარსებობა
  • ალკოჰოლისა
  • და თამბაქოს მოხმარება

რაც შეეხება გარე აგენტებს, ესენია: 

  • ფიზიკური კანცეროგენები – ულტრაიისფერი და მაიონებელი გამოსხივება
  • ქიმიური კანცეროგენები – აზბესტი, თამბაქოს კვამლის კომპონენტები, აფლატოქსინი (კვების დამაბინძურებელი) და დარიშხანი (სასმელი წყლის დამაბინძურებელი)
  • ბიოლოგიური კანცეროგენები – გარკვეული ვირუსების, ბაქტერიების ან პარაზიტების ინფექციები    

საქართველოში კიბოთი ავადობის ახალი შემთხვევები ზოგიერთ რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მაღალია, მაგალითად, იმერეთსა და აჭარაში.

ინფოგრაფიკა მოიცავს 2021 წლის წინასწარ მონაცემებს / წყარო NCDC
ინფოგრაფიკა არ მოიცავს დედაქალაქში გამოვლენილ შემთხვევებს / წყარო NCDC

2020 წელს ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 54% აღირიცხა ქალებში, 46% – კაცებში.

ახალი შემთხვევების 68% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან (30-70 წელი) ასაკობრივ ჯგუფში; შემთხვევათა 28% – 70 წლის და უფროს ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე და 15-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე მოდის ახალი შემთხვევების 1%.

რეპროდუქციული ასაკის (15-49 წელი) ქალებში რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 24%.

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობის ტვირთში გარე დამაბინძურებლების როლი სათანადოდ გამოკვლეული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ტონა აზბესტის პროდუქცია შემოდის. აზბესტის გამოყენება ამ დროისთვის 50-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული.  საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ აზბესტის ბოჭკოს შემოტანა იკრძალება. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 106 700 აშშ დოლარის ღირებულების აზბესტის შემცველი პროდუქცია შემოვიდა. ვრცლად →

ამავე თემაზე: კიბოს გამომწვევი ნივთიერება, რის გამოც ქართული თხილის პარტია ევროკავშირიდან მოაბრუნე

NCDC: სამი ყველაზე მაღალი ავადობის კიბო ქალებში: სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი და კოლორექტუმი.

სამი ყველაზე მაღალი ავადობის კიბო კაცებში: წინამდებარე ჯირკვალი, ტრაქეა, ბრონქი, ფილტვი და კოლორექტუმი.

ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც.

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად, ოფიციალური მონაცემებით, 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, სკრინინგპროგრამის მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება.

2020 წელს დაავადების I და II სტადიაზე ორივე სქესობრივ ჯგუფში რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 41.6%; III და IV სტადიებზე – 41.4%, დანარჩენ შემთხვევებში სტადია არ იყო იდენტიფიცირებული.

ონკოლოგი თემურ გოგიტიძე ამბობს, რომ ეროვნული სკრინინგის პროგრამას დახვეწა სჭირდება.

„სკრინინგი მოიცავს ძალიან ცოტა რაოდენობის ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკას. საჭიროა, რომ ადრეული დიაგნოსტიკის  მეთოდების ორგანიზება მოხდეს საოჯახო მედიცინის ფარგლებში, ოჯახის ექიმებს უნდა ჰქონდეთ საშუალება და ცოდნა იმისთვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს, დაგეგმონ სწორად დიაგნოსტიკა, ჩაიტარონ კვლევები, დროულად მიმართონ სპეციალისტს და არ დაიკარგონ თვეები და წლები რაღაცის დიაგნოსტიკაში. 

რთულია ცვლილებები სახელმწიფო მანქანაში, მაგრამ ნელ-ნელა განახლებაა საჭიროა. იმავე მეთოდებით მუშაობა, რაც გვქონდა 15 წლის წინ, როცა იწყებოდა სკრინინგის პროგრამა, ნამდვილად არ  ქმნის არანაირ საფუძველს იმისათვის, რომ მივიჩნიოთ თითქოს რაღაცას კარგად ვაკეთებთ.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, არის უკვე არსებული და გამოცდილი პროგრამების ინტეგრირება საქართველოში. მაგალითად, ევროპაში ფარისებრსა და პროსტატაზე არ არის რეკომენდებული სკრინინგი PSA საშუალებით [კიბოს სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა], რადგან ამას მოჰყვება ძალიან მაღალი დიაგნოსტიკური შეცდომები და, ასევე, იმ შემთხვევების გამოვლენა, რომელთაც მკურნალობაც კი არ სჭირდება.

რატომღაც ისე მოხდა, რომ სკრინინგის პროგრამის დიზაინის ნაწილი არ დაემთხვა საერთაშორისო სტანდარტებს, ცოტა მოგვიანებით იყო შემოღებული ის, რაც მაგალითად, აშშ-ში უკვე აღარ იყო აქტუალური,“  – ამბობს თემურ გოგიტიძე.

თემურ გოგიტიძე

გარდა ამისა, ონკოლოგების შეფასებით, სკრინინგის პროგრამაში მოსახლეობის მიმართვიანობის გასაზრდელად საჭიროა ისეთი  ეფექტური გზების გამოყენება, როგორიცაა შესაბამისი ასაკის/რისკჯგუფის მოქალაქეებამდე ინდივიდუალური შეტყობინებების მეთოდი.

„სკრინინგი ჩვენთან არსებობს, მაგრამ ეს არ არის დაგეგმილი სკრინინგი.

მაგალითად, ინგლისში არსებობს სპეციალური რეესტრი, სადაც აღწერილია მოქალაქის ასაკი. როცა ადამიანი ხდება, დავუშვათ, 40 წლის, მას ოჯახის ექიმისგან მიდის წერილი, თქვენ უკვე გეკუთვნით ამ წლის განმავლობაში სკრინინგი. უნდა ითვლებოდეს  იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ამ წლის განმავლობაში, მაგალითად, ბათუმში შეუსრულდათ 40 წელი და უნდა მოვიდნენ გამოკვლევაზე, წლის ბოლოს კი უნდა კონტროლდებოდეს/ითვლებოდეს, მოვიდნენ თუ არა ეს პირები სკრინინგზე.

გამოძახების სისტემა უნდა არსებობდეს თავისი აღრიცხვიანობით. საქართველოში ხდება მხოლოდ თავისით მოსული ადამიანების დიაგნოსტიკა, ძუძუზე, საშვილოსნოზე, ნაწლავსა და პროსტატაზე. ეს  4 მიმართულებაა ძირითადად,” – ამბობს თემურ გოგიტიძე.

ონკოლოგი ასევე ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის – რაც კიბოს პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება – პროპაგანდა ძალიან სუსტია:

„ჩვენთან ეს უნდა იყოს გაათმაგებული, ვიდრე ბევრ ევროპის ქვეყანაშია. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან ასეთი საკითხების ძალიან ეფექტური პროპაგანდის მაგალითია ღვედის გაკეთების კამპანია. ვიცით, ადრე ღვედს არავინ იკეთებდა და ამ საკითხების წამოწევითა თუ მკაცრი კონტროლით ეს ცნობიერება შეიცვალა.

ცხოვრების ჯანსაღ წესთან, რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმი ვერ იმუშავებს, მაგრამ მანამ, სანამ ამაში სახელმწიფო და მედია ძალიან აქტიურად არ ჩაებმება, პრობლემა თავისით არ მოგვარდება.

ჯანსაღი ცხოვრების უფრო აქტიური პროპაგანდა ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუნდაც ბაღებსა და სკოლებში ისეთი პროგრამების ინტეგრირების ფორმით, რომლებიც ბავშვობიდან მიაჩვევდა ადამიანებს  ჯანსაღ ქცევებს“. 

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს 5 მოადგილე დაუნიშნეს – ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ 16-წევრიან ფრაქციას 1 თავმჯდომარე და 5 მოადგილე მართავს. ხუთივე მოადგილე საკრებულოს თანამდებობის პირია. აქამდე ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავდა. ფრაქციაში მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადია.

საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 2000 ლარით განსაზღვრეს.

რაც შეეხება  საკრებულოს რიგით წევრებს, ისინი მხოლოდ უფლებამოსილების განხორციელების ხარჯს იღებენ და არა ხელფასს. უფლებამოსილების ხარჯი ყოველთვიურად 600 ლარია. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს ეს თანხა ჯერ არ აუღიათ.

„ოცნების“ ფრაქციას ბათუმის საკრებულოში თენგიზ აფხაზავა ხელმძღვანელობს. მისი მოადგილეები არიან: ზურა ნაკაიძე [ის წინა მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო], გოჩა მგელაძე [წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა], ნერიმან ცინცაძე [წინა მოწვევის საკრებულოში რიგითი წევრი იყო], მინდია გოგუაძე – [ახალი საკრებულოს წევრი] და რიჩარდ სირაბიძე [ახალი საკრებულოს წევრი და „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე].

ფრაქციების თავმჯდომარის ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 2000 ლარით განსაზღვრეს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი ხუთი მოადგილის ხელფასებზე ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 12 900 ლარი დაიხარჯება.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თანამდებობის პირებმა ერთი თვის ხელფასები უკვე აიღეს.

გარდა ამისა, ფრაქციას ეკუთვნის სახელმწიფო ავტომანქანა, მძღოლის მომსახურება, საწვავი, სატელეფონო და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯი.

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას ფრაქციები ჯერ არ შეუქმნია. შესაბამისად, მათ ხელფასები არ აუღიათ და არც ის არის ცნობილი, რამდენ ფრაქციას შექმნიან.

ბათუმის საკრებულოში სულ 5 კომისია უნდა იყოს. იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულო ფაქტობრივად არ მუშაობს, კომისიების თავმჯდომარეები ჯერ არ აურჩევიათ. კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 2900 ლარია.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. ოპოზიციამ უკვე ორჯერ სცადა სხდომის გამართვა, თუმცა „ქართული ოცნება“ არ გამოცხადდა. შესაბამისად, სხდომა ორივეჯერ ჩაიშალა.

თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე ჰყავდეს, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

გარდა ამისა, საკრებულოში ირჩევენ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, კომისიის თავმჯდომარეებს.

მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს. 2022 წლის ივლისიდან უკვე მთავარი მშობლის ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება და არა ის, რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ გაჩნდა თუ არა ბავშვი.

სასამართლომ უნდა შეაფასოს, ოფიციალური ქორწინების და ბავშვისთვის ორივე მშობლის არსებობის მიუხედავად, არის თუ არა ერთ-ერთი მშობელი მარტოხელა.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით კი, „მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.“

სარჩელის ავტორი სამი ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი იყო, ხოლო მოპასუხე – პარლამენტი, რომელმაც საქმის განხილვის დროს დაადასტურა, რომ კანონის ეს ჩანაწერი მართლაც პრობლემურია.

მაგალითად, მოსარჩელე ირმა გ. ფაქტობრივად მარტოხელა დედაა, ვისი ყოფილი ქმარიც სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტსაც კი არ იხდის.

„კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელია და აღსრულების ეროვნული ბიურო ვერაფერს აკეთებს, რადგან ვერ ხერხდება ალიმენტდაკისრებული პირის ფინანსების, ქონების მოძიება,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში. ირმას მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვს, რადგან იგი განქორწინებულია.

მეორე მოსარჩელე ელგა მ-ა. ისიც ფაქტობრივად მარტოხელა დედაა. ელგამ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი და ბავშვის სააქტო ჩანაწერში არ ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები.

„ელგა და მისი შვილი მუდმივად იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ყოფილი პარტნიორის მხრიდან, რომელიც მათი თანასოფლელია. იგი მუდმივად ავრცელებდა სოფელში ცრუ ინფორმაციას და ლახავდა ელგას პატივსა და ღირსებას, თითქოს ბავშვის მამა სხვა ადამიანი იყო. მსგავსი ინფორმაციები ბავშვზეც უარყოფითად აისახებოდა.

ელგამ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და ბიოლოგიური ანალიზის მეშვეობით დაედგინა მამობა. მას შემდეგ, რაც მამა ოფიციალურად დადგინდა და ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემები ჩაიწერა, ელგამ შეძლო ყოფილი პარტნიორისთვის დაემტკიცებინა სიმართლე, თუმცა ახლა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სტატუსი.

სასამართლოსთვის მიმართვამდე და ახლაც არაფერი შეცვლილა ელგას და მისი შვილის ცხოვრებაში, გარდა სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების დაფიქსირებისა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

არც ელგას მიანიჭეს მარტოხელა დედის სტატუსი, რადგან ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები.

სარჩელის ავტორი იყო მარტოხელა მამაც  – ლერი თ. მას ორი შვილი ჰყავს და გორში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში ბავშვების დედას სასამართლოს მიერ აქვს შეზღუდული მშობლის უფლება.

„მიუხედავად იმისა, რომ ლერი თ. ნამდვილად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნას და მუნიციპალიტეტს აქვს სპეციალური პროგრამა მარტოხელა მშობლებისთვის, სამოქალაქო კოდექსი ბოჭავს მარტოხელა მამებს მიიღონ სტატუსი და ისარგებლონ მასთან დაკავშირებული სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიებით, რადგან კრიტერიუმები არ არის ობიექტური და სწორად მორგებული მარტოხელა მამებზეც,“ – აღნიშნულია სარჩელში.

„ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომელიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად მსგავსი საჭიროებები გააჩნიათ. შესაბამისად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა შესაბამისი სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან სრულად გამორიცხვით, სადავო რეგულირება ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ. ამასთან, დიფერენცირებას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი,“ – მიიჩნევდნენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები.

საქართველოს პარლამენტის პოზიცია იყო ეს:

„სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ მას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული სტატუსის მიღების შესაძლებლობას ყველა იმ პირის მიერ, რომლებიც რეალურად ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის მარტოხელა მშობლებად უნდა ითვლებოდნენ,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. სასამართლოს პოზიციით, დასახელებულ კატეგორიებს მიკუთვნებული პირები არსებითად მსგავსი საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა საჯარო ინტერესი, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას გაამართლებდა.
ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/226588/

ზამთრის ღამე აჭარის სოფელში | ფოტორეპორტაჟი

ხულოს სოფლები განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, თოვლიან ღამეს.

დათოვლილი ნაძვები, ხის სახლები, შეშის ღუმელი, ყვითელი შუქი ფანჯრებში, გატკეპნილი თოვლიანი ბილიკები და ზამთრის სასიამოვნო სუსხი.

ფოტოები სოფელ დიდაჭარაში გადაიღო ავთო შერვაშიძემ. 

ზამთრის ღამე სოფელ დიდაჭარაში. ავთო შერვაშიძის ფოტო
ზამთრის ღამე სოფელ დიდაჭარაში. ავთო შერვაშიძის ფოტო
ზამთრის ღამე სოფელ დიდაჭარაში. ავთო შერვაშიძის ფოტო
ზამთრის ღამე სოფელ დიდაჭარაში. ავთო შერვაშიძის ფოტო
ზამთრის ღამე სოფელ დიდაჭარაში. ავთო შერვაშიძის ფოტო
ზამთრის ღამე სოფელ დიდაჭარაში. ავთო შერვაშიძის ფოტო

„არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი

დადუ კარა 25 წლის ტრანსგენდერი ქალია. ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას, მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სექსსამუშაოში ჩართვა მოუწია. დადუ ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და ის მძლავრი ტრანსფობიური განწყობებია, რომლის გამოც  ქვეყანაში გენდერულად არაკომფორმულ ადამიანებს არც ადეკვატური სამუშაოს და არც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ.

  • დადუ, როგორ მოხვდი სექსსამუშაოში და რამდენად საფრთხისშემცველი საქმეა ეს?

სექსსამუშაოში დაახლოებით 2-3 წელია, რაც ჩართული ვარ. ეს არის საქართველოში ჩემი ერთადერთი შემოსავალი, რომ  თავი ვირჩინო, გადავიხადო ქირა, კომუნალურები და მივხედო საკუთარ თავს. ერთადერთი სამუშაო საქართველოში ჩემთვის არის სექსმუშაკობა… რატომღაც ასეა საქართველოში – თუ ხარ ტრანსი, უნდა იყო სექსმუშაკი, მეძავი.

იქამდე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ვმუშაობდი კლინიკაში თარჯიმნად. ერთ დღეს გადავწყვიტე გარკვეული მიზეზების გამო დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანაში სხვანაირი სიტუაცია დამხვდებოდა, სულ სხვანაირი ჩანდა ყველაფერი, მაგრამ რომ ჩამოვედი და შევხედე, სულ სხვა ვითარება დამხვდა. ვერც სამსახური ვიშოვე, ვერც ვერაფერი გავაკეთე და გადავწყვიტე ჩავრთულიყავი სექსსამუშაოში.

პირველ რიგში, როცა არ გინდა და იმ საქმეს აკეთებ, ეს ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიურად, ისტრესები, ყოველ დღე იმის მოლოდინში ხარ, რომ ვიღაც შემოგივა კლიენტის სახით, მოგკლავს, ყელს გამოგჭრის, დაგჩეხავს. ძალიან საშიშია, როცა ტრანსგენდერი ქალი სექსსამუშაოშია ჩართული ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს, უფლებები არ არსებობს.

  • რატომ რჩება სექსსამუშაო ტრანსგენდერი ქალებისთვის თავის რჩენის ალტერნატივად?

ჩვენ დავიბადეთ ჩვეულებრივ ადამიანებად, ისევე როგორც თქვენ თითოეული, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩვენ თვითონ შევცვალეთ, ვცხოვრობთ ისე [ქალად], როგორადაც ვგრძნობთ თავს. ამასთან, გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი სირთულე, თუნდაც სწავლა. არავის უნდა დღეს სექსმუშაკად მუშაობა და… სექსმუშაკობა ზოგადად ძალიან მძიმე თემაა და მით უმეტეს ტრანსგენდერი ქალისთვის.

ჩვენც გვინდა სწავლა-განათლება, უნივერსიტეტში სიარული, მეგობრებთან ერთად ქუჩაში სეირნობა, გართობა, გვინდა გვყავდეს ოჯახები, საყვარელი ადამიანები, მაგრამ ეს არა, არ მოხდა, ვერ მოხდა და ვერც მოხდება მგონი.

ელემენტარული, ის უნდა შეეძლოს სახელმწიფოს, რომ ტრანსგენდერი ქალებისთვის, მით უმეტეს არასრულწლოვანი ტრანსგენდერებისთვის, ჰქონდეს თავშესაფარი. ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მიიღონ სწავლა-განათლება. მე უცხო ენები ვიცი, მაგრამ ვერსად სამსახური ვერ ვნახე, რადგან ტრანსგენდერი ქალი ვარ.

მუშაობა მინდა, სწავლა მინდა, განათლება მინდა, მშვიდი ძილი მინდა… არ მიხარია სექსმუშაკობა, ძალიან დამთრგუნველია ჩემთვის, მით უმეტეს, იმ თაობისთვის, რომელიც მოდის, ჩვენ უკვე დიდები ვართ არასრულწლოვნებთან შედარებით. ჩვენ უნდა მივცეთ მათ მაგალითი, მაგრამ ჩვენ ერთადერთ მაგალითს ვაძლევთ – წავიდეთ რომელიღაცა  ქვეყანაში, ჩავბარდეთ, იქ ვისწავლოთ, იქ ჩამოვყალიბდეთ პიროვნებებად, გარკვეული პერიოდის მერე ჩამოვიდეთ საქართველოში, ვიცხოვროთ და გამოვადგეთ ჩვენ ქვეყანას. ამას ვერ ახერხებენ სრულწლოვნები იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არ აქვთ შესაბამისი ხელშეწყობა, არც თავშესაფარი აქვთ სახლიდან წამოსულებს, ვერც საკვებით უზრუნველყოფენ, ვერც ტანსაცმლით… დამოკიდებულები ვართ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. რთული სიტუაციაა.

  • პანდემია როგორ აისახა ტრანსგენდერ თემზე?

ძალიან შეიცვალა და გართულდა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი კი არა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება. პანდემიამდე ვმუშაობდით, შემოსავალი მილიონები არ გვქონდა, მაგრამ არსებობას ვახერხებდით, ქირას ვიხდიდით. პანდემიის პირველ წელს ძალიან გაგვიჭირდა, კომენდანტის საათის დროს ღამით ვერც გავდიოდით. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და დღემდე რთულად გავდივართ ამ პერიოდს. პანდემიაში რომ ჩაიკეტა ყველაფერი, ხალხი უფრო აგრესიული გახდა, უფრო დაიძაბა სიტუაცია, ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა როგორიც არის, კი ხედავთ.

საქართველოში ჩვენი ცხოვრება და არსებობა ისეც შოკისმომგვრელია, მაგრამ პანდემიის შემდეგ საერთოდ ჩავიკეტეთ. ერთი პერიოდი პურის ფულიც არ გვქონდა, მათხოვრებად ვიყავით ქცეული, მაგრამ სამათხოვროდაც ვერ გახვიდოდი – ჩვენი სიცოცხლე/ცხოვრება, ზოგადად, ძალიან დიდ საფრთხეს, რისკს მოიცავს. ჩვენი არასამთავრობოები, ჩვენი ორგანიზაციები წვალობდნენ, პოულობდნენ დონორებს და ზოგჯერ ქირით, ზოგჯერ ჰუმანიტარული დახმარებით, ეს პანდემია ასე გაჭირვებით გადავიტანეთ. მხოლოდ მე არა, ყველა ტრანსგენდერმა.

  • სახელმწიფოს ანტიკრიზისულ გეგმაში რამდენად აისახა ლგბტქი+ თემის საჭიროებები?

სწორედ ამ კრიზისში, თებერვლის თვეში, თბილისში, წერეთლის ქუჩაზე, თვითმკვლელობა ვცადე. მაგ დროს დამიკავშირდა [გიორგი] გახარია, ლელა აქიაშვილსაც შევხვდით ზუმში და დაგვპირდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები. საუბარია დაახლოებით 50 ტრანსგენდერ ქალზე, საიდანაც დაახლოებით 20 სექსმუშაკია. გადაწყვიტეს, რომ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ სახელმწიფოს ეს დაპირება დარჩა დაპირებად. არანაირი დახმარება არ გვქონია. ორი თვე ქალბატონი ლელა მეხმარებოდა რაღაც თანხით, ქირა რომ გადამეხადა და საკვები შემეძინა. შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა და დავრჩით ისევ ჰაერში.

  • რა შეიცვალა 2021 წლის 5 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა”პრაიდის” მოწინააღმდეგე ნაციონალისტურმა ძალებმა ჰომოფობიური აქცია გამართეს, სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს?

გახშირდა ჩვენზე თავდასხმები, უფრო მეტ აგრესიაზე გადმოვიდნენ. ეტყობა ახალისებს ვიღაცა, ეუბნება ვიღაც “კრიშა”, რომ ასე უნდა მოიქცნენ, რომ დაგვჩაგრონ, მოგვკლან, ჩაგვაძაღლონ, როგორც მოკლეს სულ ახლახან თბილისში, მასაჟის სალონში, ტრანსგენდერი ქალი.

რაღაც დაჯგუფებასავით შეიქმნა. მობილიზაცია იყო გარკვეული პერიოდი. დაახლოებით 15 დღე არ ვმუშაობდით არავინ, ტელეფონებიც გათიშული გვქონდა უსაფრთხოების გამო. ჩვენ გაფრთხილებული გვყავდა უახლოესი პოლიციის განყოფილებები, სამართალდამცველები – რამე თუ მოხდა, ყურადღებით იყავითო, რომ მალე მოსულიყო ეკიპაჟები.

დღემდე ასე გრძელდება, დაგვდევენ, გვკლავენ იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ქალები ვართ. ჩვენ სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალები, რა საიტებითაც ვმუშაობდით მაგ პერიოდში, ყველა დაიბლოკა, დღემდე ასეა. არის გარკვეული საიტები, რომლებითაც ვმუშაობთ, მაგრამ ისინიც იბლოკება პერიოდულად.

როცა რეკავს კლიენტი, გეკითხება სულ სხვა დეტალებს. როცა ესენი რეკავენ, პირდაპირ გეკითხებიან მისამართს, სადარბაზოს, სართულს და კარის ნომერს, გითიშავენ და ისევ გირეკავენ სხვა ნომრიდან, ეს არ არის კლიენტი, ეს არის საფრთხის შემცველი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს სად ცხოვრობ. იყო ასეთი შემთხვევები, ქვევით იდგნენ და გველოდებოდნენ ჩვენ სასტუმროდან როდის გავიდოდით, ან მაღაზიაში ჩავიდოდით. სწორედ ამ აქციების შემდეგ გახშირდა ასეთი სახლში შემოვარდნები. მე კარებს მიმტვრევდნენ და სანამ დაცვა ამოვიდა, ცოტა აკლდა, აივანზე ჩავიკეტე კარი და დაცვის ამოსვლამდე კინაღამ შემოამტვრიეს კარი. ზუსტად აქციიდან მეოთხე დღეს. აქ მოხდა ეს, ბათუმში.

ყველასთან დაცვა არ არის სამწუხაროდ. იყო თბილისში შემთხვევა, როცა შეუვარდნენ ტრანსგოგოებს, თავდაცვის მიზნით მეორე გოგომ დაარტყა თავდამსხმელს, დაჭრეს ერთი ტრანსი გოგო ამ აქციების შემდეგ. და არ მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი დასჯა, რომ ამ ხალხს ჩვენი თემის მიმართ შეეწყვიტა აგრესია. პირიქით წაახალისეს. გვკლავენ იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ქალები ვართ, ასე არ შეიძლება ადამიანის მოკვლა, გვკლავენ – პასუხს არ აგებენ! გვკლავენ – პასუხს არ აგებენ! სანამდე უნდა მოგვკლან, რატომ?

რა დახმარებას უნდა ველოდო, როცა სახელმწიფო და ხელისუფლება, თუნდაც ივნისის მოვლენების შემდეგ, პირიქით, ახალისებს იმას, რომ ჩვენ გვცემონ, მოგვკლან, დაგვაშინონ. ასე არ უნდა იყოს. საქართველოში ხელისუფლება, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი ქალი პრეზიდენტია, ქალია, უნდა გვედგეს მხარში, რაღაცა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ ჩვენ ვიღაცამ არ მოგვკლას და ქუჩაში გასვლის არ გვეშინოდეს.

  • ბოლო პერიოდში ბევრი ლგბტქ+ ადამიანი ტოვებს ქვეყანას, რას უკავშირდება ეს?

ჩვენ არავის ვეჭრებით და არავის ვუვარდებით სახლში, არავის არაფერს ვართმევთ, ვცხოვრობთ ჩვენთვის. სახელმწიფოსთვის ჩვენ გინდ ვიყოთ, გინდ – არა. ჩვენ ვართ ზედმეტი თავის ტკივილი საქართველოს სახელმწიფოსთვის. მეტი არაფერი. ვისაც წასვლა შეეძლო, იყიდეს ბილეთები და გაფრინდნენ, ვისაც არ შეგვიძლია ველოდებით ყოველ დღე სიკვდილს ქუჩაში. მეც მინდა წასვლა, უბრალოდ, ვერ მოვაგროვე თანხა, რომ ვიყიდო ბილეთი, გავფრინდე იმ ქვეყანაში და ჩავბარდე.

რატომ უნდა წავიდე სხვა ქვეყანაში, როცა ჩემს სახლში მინდა, ჩემს საქართველოში მინდა ცხოვრება, რატომ ვერ უნდა ვიცხოვრო, რის გამო?

სახელმწიფო ახალისებს ჰომოფობებს და მხარს უჭერს  იმისთვის, რომ გაგვანადგურონ. რისი იმედი მაქვს? ავაგროვო ბილეთის ფული, დავტოვო ეს ჯოჯოხეთი და გავქრე აქედან. მეცოდება ის არასრულწლოვანი ტრანსგენდერი გოგოები, ქალები, რომელთაც არ შეუძლიათ წასვლა, ვისაც ლუკმა არ აქვს სახლში და მშიერი ზის. ქვეყანას უჭირს, ბევრი მშიერია, ბავშვები მშიერია, სანამ სახელმწიფო არ დალაგდება, მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება. ინგრევა ქვეყანა, ერთმანეთის გატანა არ ვიცით. მე აქციებზეც დავდივარ, ვიყავი და კიდევ წავალ, ჩემ ნაცვლად არავინ წავა, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, როგორც უნდათ, ისე მიიღონ, დამცინონ და რაც უნდათ, ის თქვან.

  • ჯანდაცვის სერვისები რამდენად ხელმისაწვდომია?

სახელმწიფო არ გვეხმარება, ავად რომ გავხდე და გამოვიძახო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაგვიყვანენ რომელიღაც საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, თუ არ შეგხვდა ჰომოფობი პერსონალი, ჰომოფობი ექიმი… უნდა იყო მადლობელი, რომ არ გაგლანძღონ – კაცი ხარ თუ ქალიო. გვაქვს ისეთივე სახელმწიფო დაზღვევა, როგორიც ყველას. ისიც არ ფარავს ნორმალურად არაფერს და გიწევს ძალიან დიდი თანხის გადახდა. რომც ვკვდებოდე, მაინც ვერ დავუძახებ სასწრაფოს – არ მაქვს მაგის საშუალება, რომ საავადმყოფოში დავწვე, ოპერაცია გავიკეთო ან რაღაც.

ზოგადად ჩვენ, კონკრეტულ ჯგუფს, გვეხმარებიან ორგანიზაციები სპეციალური პროგრამებით – უფასო ტესტებით აივ-ზე, ჰეპატიტებზე, და ა.შ. თავდაცვის საშუალებებით გვამარაგებენ… შეიძლება უხეშად გამოჩნდეს, მაგრამ რატომ ვამბობ, იცით? აღარ გვინდა ჩვენ სექსმუშაკობა, როცა გშია და ამ საშუალებებს გაძლევენ, რას ნიშნავს – აჰა, მიდი და იშოვე ფული ხომ? იცით რა, არ გვინდა ჩვენ ამდენი კონდომები, ჩვენ გვინდა ცხოვრება.

ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ – ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ არ შედგა

„ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ. მართლა გეუბნებით, მძიმე დღეები ექნება მერს, საკრებულოს წევრებსაც და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ მძიმე მდგომარეობაში ხალხის ხარჯზე თქვეფენ ბიუჯეტს“,  – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. კვორუმი არ შედგა. შესაბამისად, სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა.

დღეს, 30 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს აპარატმა სხდომა ენმ-ს წარმომადგენლების მოთხოვნით ჩანიშნა.

სხდომის დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასა და წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა.

სხდომის ჩატარების მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ სხდომაზე ისევ არ მივიდნენ, ასევე არ გამოცხადდა გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ირაკლი თავდგირიძე.

შესაბამისად, კვორუმი არ შედგა.

სხდომის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ რეზო ხარაზმა თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ხელფასებზე, რომლებიც საკრებულოს თანამდებობის პირებს დაენიშნათ.

მართალია, საკრებულოს თანამდებობები ჯერ ისევ ვაკანტურია, თუმცა „ოცნებამ“ ფრაქცია საკრებულოს პირველივე სხდომაზე დაარეგისტრირა.

რეზო ხარაზის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა ხელფასის სახით 12 000 ლარი მიიღეს.

„ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ და მისმა ხუთმა მოადგილემ აიღეს 12 000 ლარი, მაგალითად, ბატონმა [თენგიზ] აფხაზავამ აიღო 2900 ლარი, მისმა მოადგილეებმა  – 2000. ეს ნიშნავს, რომ მათ ფეხებზე ჰკიდიათ ვინ სად როდის გაატარებს ახალ წელს, ვინ რას  გააკეთებს ამ ქალაქში, გაიზრდება თუ არა მგზავრობის ტარიფი…“

დღეს სხდომას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ასე თუ გავაგრძელეთ საგანმანათლებლო სივრცეში სიარული, შედეგი ალბათ ის იქნება, რომ ბოლოს დიპლომებს მივიღებთ“, – ასეთი იყო აკაკი გვიანიძის შეფასება დღეს. ის „გახარია საქართველოსთვის“ წევრია [იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი რემონტდება, ბათუმის საკრებულოს წევრები სხდომების ჩასატარებლად ხელოვნების უნივერსიტეტში იკრიბებიან].

თვითმმართველობის კოდექსით საკრებულოს სხდომა თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიმართოს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სხდომის ჩანიშვნას უახლოეს მომავალში „ოცნება“ მოითხოვს:

„ჩვენ მათ ჩანიშნულ სხდომაზეც მივალთ და დავახურავთ თავზე – ამ ქალაქში ბიუჯეტის ქურდობას არავის არ ვაპატიებთ. თუ მაგარი ბიჭები არიან, ჩანიშნონ სხდომა, მივალთ და ვიტყვით, რომ ისინი არიან ბიუჯეტის ქურდები. ეს ქალაქი არ არის ამ საკრებულოს ღირსი, ან უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ან უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნორმალურად ვმართოთ ეს ქალაქი.“

საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციას თენგიზ აფხაზავა ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის გაბათილების მოთხოვნა დესტრუქციული ქმედებაა, ამიტომაც საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ სხდომაზე არ მივიდნენ:

„თვითონაც იციან, რომ ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ბათილად ცნობა ავტომატურად გამოიწვევს კრიზისს. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც მოწადინებულია, რომ ქალაქში კრიზისი შეიქმნას. მით უმეტეს, ეს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 100 მილიონით გაზრდილია. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევის საკითხს, პირველივე სხდომაზე ჩვენ ვთხოვეთ არ დაეტოვებინათ სხდომა და დაგვეწყო მოლაპარაკებები, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ თქვენთან მოლაპარაკებებზე არ დავჯდებიო, ასევე „ლელომ“. გვინდოდა გაგვევლო თავმჯდომარის არჩევის, მოადგილეების, კვოტირების საკითხები იმ პროპორციით, რა მანდატებითაც ვართ წარმოდგენილები. შეიძლება ვერც შევთანხმებულიყავით, მაგრამ საზოგადოება დაინახავდა, ვის რა პოზიცია ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ჩავნიშნავთ სხდომას …“

ბათუმის 35-წევრიან  საკრებულოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიითი შემადგენლობიდან 12 წევრის შეყვანა შეძლო. გარდა ამისა, ოპოზიციის კანდიდატებმა ბათუმში სამი მაჟორიტარული ოლქი მოიგეს. ამ მონაცემების შესაბამისად, საკრებულოში ენმ-ს 15 წევრი უნდა შეეყვანა, თუმცა ერთ-ერთი მაჟორიტარი, ნუგზარ ფუტკარაძე, მოულოდნელად გარდაიცვალა.

სიითი შემადგენლობიდან ბათუმის საკრებულოში შევიდა „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი – ირაკლი კუპრაძე, ოპოზიცია მას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც მოიაზრებდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდებოდა. გახარიას პარტიამ საკრებულოში 3 წევრი შეიყვანა, მაგრამ მოგვიანებით ირაკლი თავდგირიძემ ეს პარტია დატოვა და დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს.

„ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ეყოლება – 12 სიით გასული და ოთხიც მაჟორიტარი.

 

ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია – რა ღირს ზამთრის კურორტებზე დასვენება

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები გაიხსნა. თოვლის მოყვარულებს საახალწლო არდადეგების ზამთრის კურორტებზე გატარება უკვე  შეუძლიათ. 

„25 დეკემბერს გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის სათხილამურო კურორტები. ყველა საბაგირო ჩართულია და მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში.

მესტიის კურორტი, არასტაბილური დენის გამო, 28 დეკემბერს გაიხსნა, ჰაწვალისა და თეთნულდის არეალები ახლა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს,“ – გვითხრეს მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურში. 

აქვე გვითხრეს, რომ ჯერ არ გახსნილა კურორტი ბაკურიანში, რადგან საკმარისი თოვლი არ არის.

„ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა სრულყოფილად ფუნქციონირებს, მაგრამ ხელოვნურ თოვლს შესაბამისი ტემპერატურა და ყინვა სჭირდება. 

პრაქტიკულად ყოველ ღამეა ჩართული ბაკურიანში გათოვლიანების სისტემა, სამწუხაროდ, დღის განმავლობაში პლუს ტემპერატურა და მზე არ იძლევა თოვლის შენარჩუნების საშუალებას, ღამით დაგროვილი თოვლი დღის განმავლობაში დნება”,  – გვითხრეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში. 

ამინდის პროგნოზის თანახმად, ბაკურიანში თოვლს პირველი იანვრის ღამეს ელიან. meteo.gov.ge-ს ცნობით, ინტენსიური თოვა აქ მოსალოდნელია 3 იანვარს. 

რაც შეეხება ფასებს, ბაკურიანში, რომელიც საქართველოს ყველაზე განვითარებული ზამთრის კურორტია, არჩევანი დიდია. 

მაგალითად, ბაკურიანში, booking.com-ზე 4 ვარსკვლავით შეფასებულ სასტუმროებში, ორადგილიან ნომერში, ერთი დღე-ღამის ყველაზე მაღალი ფასი ორ სტუმარზე 670 ლარია. 

300-400 ლარი ღირს სამვარსკვლავიან სასტუმროში ორადგილიანი ნომერი ერთი დღე-ღამით. თუმცა არის უფრო იაფი სასტუმროებიც, სადაც ორ ადამიანს ერთი დღე-ღამის გატარება 250-140 ლარი დაუჯდება. 

ბევრად უფრო იაფია საოჯახო სასტუმროები ბაკურიანში. აქ ოთახის ერთი ღამით ქირაობის ფასი, ერთი ადამიანისთვის, კვების გარეშე, 20 ლარიდან  იწყება, ხოლო ოთახის  ქირაობა კვებასთან ერთად დღეში დაახლოებით 50-55 ლარი ღირს. 

ერთ-ერთი კოტეჯის მეპატრონე ბაკურიანიდან „ბათუმელებთან “ამბობს, რომ ახალი წლის დღეებში კოტეჯებს შედარებით ძვირად აქირავებენ. ფასები იკლებს იანვრის ბოლოს და თებერვლის თვეში. კოტეჯების ფასი საშუალოდ 200-900 ლარია, კოტეჯის ზომისა და დამსვენებელთა რაოდენობის მიხედვით.  

თოვლს ელიან პირველი იანვრიდან მესტიაშიც. არჩევანი აქაც არის – სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები.  

ერთი დღე-ღამის ფასი ორი ადამიანებისთვის მესტიის სასტუმროებში საშუალოდ 120-200 ლარია. 

ერთი დღე-ღამით 15-20 ადამიანზე გათვლილი კოტეჯების ფასი კი მესტიაში 250 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, ერთი სტუმრისთვის ღამისთევის ფასი მესტიაში 25 ლარიდან იწყება კვების გარეშე.

გუდაურში, საქართველოს ერთ-ერთ პოპულარულ სამთო კურორტზე, booking.com-ის მონაცემების თანახმად, სასტუმროების ნაწილი ახალი წლის შემდგომ დღეებში უკვე დაჯავშნილია. სასტუმროების საშუალო ფასი ორი ადამიანისთვის დღე-ღამეში 100-დან 800-მდე ლარია, სასტუმროს ვარსკვლავებისა და სერვისების შესაბამისად. 

აქ კოტეჯების ფასი 200-დან 1000-მდე ლარია. რაც შეეხება საოჯახო სასტუმროების ფასს, მსგავსად სხვა კურორტებისა, აქ ერთ ადამიანზე საოჯახო სასტუმროს ფასები 20-25 ლარიდან იწყება და 60-მდე ლარს აღწევს. 

უკვე უხვი თოვლია აჭარაში, კურორტ გოდერძიზე. აქ სტანდარტული ორადგილიანი ნომრის ფასი სასტუმროში დღე-ღამეში 230 ლარიდან იწყება და 280 ლარამდე მერყეობს. 

კურორტ გოდერძიზე დასვენების მსურველებს ბევრად უფრო იაფად შეუძლიათ ღამე კურორტიდან სამ კილომეტრში მდებარე სოფლის საოჯახო სასტუმროში გაატარონ, სოფელ დანისპარაულში. 

„დანისპარაულის საოჯახო სასტუმროებში დარჩენა საშუალოდ 25  ლარიდან იწყება და 60 ლარამდეა. 

საოჯახო სასტუმროებში ერთი ღამით დარჩენა 30 ლარი  ღირს კვების გარეშე, ხოლო ორჯერადი კვებით – 50 ლარი. 

ტურისტთა რაოდენობამ იკლო, წელს ძალიან ცუდი გზებია, გზის სარემონტო სამუშაოების გამო. ახლა არ მყავს დამსვენებლები. რეკავენ, მაგრამ არ ჯავშნიან“, – გვითხრა ვახტანგ გელაძემ, დანისპარაულში საოჯახო სასტუმრო „ნიკის“ მეპატრონემ. 

ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე 109 კილომეტრი უნდა გაიარო. კურორტი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და მისი მაქსიმალური სიმაღლე 2366 მეტრია. 

 

გიორგი კირთაძე შიმშილობის მე-8 დღეს: „სააკაშვილს წამებით კლავენ, ეს გვეხება ყველას“

„ეს არაა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ეს გვეხება ყველას,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, რომელიც მე-8 დღეა შიმშილობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობა პარტიის ლიდერებმა და მხარდაჭერებმა 22 დეკემბერს დაიწყეს.

ბათუმიდან ამ ეტაპზე შიმშილობის აქციაში 8 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრები და გიორგი კირთაძე, რომელიც ბათუმის მერობის კანდიდატი იყო ოპოზიციური ერთობიდან. კიდევ სამმა ადამიანმა ბათუმიდან შიმშილობა წინა დღეებში შეწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო.

„ახალი წლის დღეებშიც განვაგრძობთ შიმშილობას, არა მგონია, საზეიმოდ გვქონდეს საქმე და საცივში თავის ჩასაყოფად. რეალურად, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, რადგან ერთი ექიმიც ვერ მოიძებნა, რომელიც იტყოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა. ფაქტია, რომ მას წამებით კლავენ… ჩვენ გვექნება უარესი ვითარება, ვიდრე ახლა გვაქვს და ეს უნდა გაიგოს ყველამ,“ – ამბობს გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“.

 

მოშიმშილეები ბათუმიდან

მიხეილ სააკაშვილი გუშინ ღამით გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის დაწესებულებაში გადაიყვანეს ისე, რომ ამის შესახებ არც მისმა ადვოკატებმა იცოდნენ.

გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ შიმშილობის აქცია არათუ უნდა შეწყდეს, არამედ პარალელურ რეჟიმში, სხვა სახის აქტივობაც დაიგეგმოს.

„უნდა მივაღწიოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას… შიმშილობა აუცილებლად გამოიწვევს შედეგს, რადგან თავგანწირვა, როგორც წესი, შედეგს იღებს,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კირთაძის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ამ ეტაპზე თავს შეუძლოდ არ გრძნობენ.

30 დეკემბრის მდგომარეობით ბათუმიდან შიმშილობენ: ბათუმის საკრებულოს წევრები: ლაშა კილაბერია, ნატო ნაცარაშვილი და ეკა ზარია, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში, ასევე ლევან გორგილაძე, ანზორ მარკოიძე და ავთანდილ სურმანიძე.

მთავარი ფოტო: ბათუმელი მოშიმშილეები კარავში, ისინი უკვე მეათე დღეა შიმშილობენ.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: მანანა ილურიძე [არ შიმშილობს], ლევან გორგილაძე, მამუკა ჯევაიში [ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი], ნატო ნაცარაშვილი [ბათუმის საკრებულოს წევრი] გიორგი კირთაძე [ბათუმის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან], გივი ნახუცრიშვილი [არ შიმშილობს] ეკა ზარია [ბათუმის საკრებულოს წევრი].

 

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 დეკემბრის 21 საათიდან 31 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 2022 წელი აჭარაში წვიმიანი ამინდით დაიწყება, პირველ-2 იანვარს ბათუმში და აჭარის მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.

51 გარდაცვლილი და კოვიდის 2097 ახალი შემთხვევა – 30 დეკემბერი

30 დეკემბრის მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2097 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 51 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარაში – 222, იმერეთში – 309, ქვემო ქართლში – 114, შიდა ქართლში – 97, გურიაში – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 140, კახეთში –135, მცხეთა-მთიანეთში –49, სამცხე-ჯავახეთში – 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -22.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 25 793 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.57% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.15%.

ქობულეთში საპატრულო ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირის გზაზე, საპატრულო ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა.

თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილიდან პატრულის ორი თანამშრომელი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა წაიყვანა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებს ქვემო კიდურების მოტეხილობა დაუფიქსირდათ, ისინი „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

როდის დაიწყება ბინების გაცემა „ოცნების ქალაქში“

ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლოდ ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, აგვისტოში დაჰპირდნენ, თუმცა ამ დროისთვის კორპუსების მშენებლობა არ არის დასრულებული.

„მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება ბინების გადაცემას, კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყება ბინების გადაცემაც“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

კორპუსებს კომპანია „დაგი“ აშენებს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება 38 620 856 ლარზე აქვს გაფორმებული.

„როგორც იცით, ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა თითქმის დასრულების ეტაპზეა. პანდემიის პირობებში მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება ნამდვილად ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, საკმაოდ ბევრჯერ შევფერხდით, სწორედ ამიტომ მივმართეთ დამკვეთ კომპანიას ვადის ორი-სამი თვით გადაწევის თხოვნით. შესაბამისად, დასრულების ვადა [2022 წლის] გაზაფხულამდე გადაიწევს.“ – მოგვწერეს მშენებელი კომპანიიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით, „დაგისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან გადახდილია 21 226 270 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 55%].

ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსები / 28.12.2021
ოცნების ქალაქი / 28.12.2021

მოქალაქეებს აქვთ კითხვა, რამდენად ხარისხიანად შენდება და რამდენად უსაფრთხოა ერთ-ერთი მშენებარე კორპუსი, რომლის კედელი გამრუდებულია [რაც ფოტოზეც შესამჩნევია]:

„ამას კონსტრუქციულ ნაწილთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ აქვს და გავლენას არ ახდენს შენობის მდგრადობასა და მზიდუნარიანობაზე,“ – გვითხრეს მშენებელ კომპანია „დაგში“ / ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსი / 28.12.2021

კომპანია „დაგში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხარვეზი, რაც ვიზუალურადაც შესამჩნევია, „არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს კონსტრუქციული ნაწილისთვის და შენობის მდგრადობისთვის,“ რის შესახებაც არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებიც.

პროექტის მენეჯერის, თენგო ჩიკვაიძის განმარტებით, „რაც შეეხება ფოტოს, სადაც ჩანს ფასადის მინაშენის ნაწილის ხარვეზი, მოგახსენებთ, რომ ამას კონსტრუქციულ ნაწილთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ აქვს და გავლენას არ ახდენს შენობის მდგრადობასა და მზიდუნარიანობაზე. ამას ადასტურებს შესაბამისი დასკვნები უსაფრთხოებისა და სიმყარის შესახებ, რომელიც მშენებლობის კონკრეტული ნაწილების დასრულებისას, ყველა ეტაპზე კეთდება. ეს დასკვნები საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ spa.ge-ზე. ვიზუალურად ეს ხარვეზი გამოსწორდება ფასადის როგორც შიდა, ისე გარე მოპირკეთების, შეფუთვის დროს.“

„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის გარკვეული ნაწილი 2021 წლის თებერვალში ჩამოიშალა. მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მხოლოდ ეს მოგვწერეს: „ე.წ. ოცნების ქალაქში, კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“.

ოცნების ქალაქი / 28.12.2021

აჭარის მთავრობას თავის პროგრამაში ადრე აღნიშნული ჰქონდა, რომ „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებდა [პირველი ეტაპი], ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს [მეორე ეტაპი].

მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის სოციალური სახლების მშენებლობა ორეტაპიანია და 2025 წელს მთლიანად უნდა დასრულდეს. პროგრამისთვის 2022-2024 წლებში აჭარის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

ოცნების ქალაქი / 28.12.2021

„ოცნების ქალაქი“ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარეობს. აქვე შენდება ახალი კორპუსებიც.

ამ ადგილის [140 551 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიის] განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცალკე ხელშეკრულება შპს „ნიუ სითი დეველოფმენთთან“ აქვს გაფორმებული 991 200 ლარზე.

ხელშეკრულება 2021 წლის 17 სექტემბერსაა გაფორმებული, დოკუმენტაცია კი 2022 წლის 26 მაისამდე უნდა მომზადდეს.

ამავე თემაზე:

„ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებაზე დოკუმენტებს სამინისტრო ხელახლა განიხილავს

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ გუნდი რეკომენდაციებით დაეხმარება ორგანიზაციებს

აჭარის ახალდაარსებული რეგიონული ჰაბის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალდაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, სათემო და საინიციატივო ჯგუფებისთვის, ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო სივრცისა და დროის გამოყოფა, მათი საჭიროებების გამოვლენა, იდეებისა და ინიციატივების იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ დახმარება.

„განვითარების ტალღა“ ქედის მუნიციპალიტეტში ახალდაარსებული ორგანიზაციაა. მისი დამფუძნებელი ილონა შავლიძე გვეუბნება, რომ აჭარის რეგიონული ჰაბის გუნდი მათ ორგანიზაციას პირველივე ნაბიჯებიდან დაეხმარა დასარეგისტრირებლად მომზადებაში, წესდების, დოკუმენტების შემუშავებაში, მიზნების ჩამოყალიბებასა და  გაანალიზებაში:

ილონა შავლიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღის” დამფუძნებელი.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ ვიყავით ქედაში და ვახორციელებდით მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას. ამ პროგრამით მოსახლეობა ირჩევდა და თავად წყვეტდა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო მათ სოფლებში. ჩვენ ვიყავით თემებში კონსულტანტები და ინფორმაციას ვავრცელებდით, ვეხმარებოდით პროექტების წერაში და შემდეგ დაიბადა იდეა, რომ შეგვექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნებოდა ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში, პოლიტიკურ პროცესებში. განსაკუთრებით ქალებს გვსურს დავეხმაროთ ჩაერთონ თვითმმართველობის საკითხებში, ეს არის ძირითადი მიზანი სხვა მიზნებთან ერთად, ჩვენი ორგანიზაციისა“, – ამბობს „განვითარების ტალღის“ დამფუძნებელი, ილონა შავლიძე.

ილონა შავლიძე „აჭარის რეგიონული ჰაბის” გუნდის წევრებთან ერთად

გიორგი ბოლქვაძეც ახლა აფუძნებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას. „აჭარის რეგიონული ჰაბის“ შესახებ გიორგიმ სოციალური ქსელებიდან შეიტყო, დაესწრო სამუშაო შეხვედრებს და მას შემდეგ, რაც ჰაბის შესაძლებლობების შესახებ გაიგო, გადაწყვიტა არასამთავრობო ორგანიზაცია დაეფუძნებინა:

„დიდი ხანია მინდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება, რომელიც ახალგაზრდებს ჩართავს გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად.

ორგანიზაციის წესდება უკვე შევიმუშავეთ ჰაბის დახმარებით. რამდენიმე დღეში ტექნიკურ დეტალებს ვაზუსტებთ და დავარეგისტრირებთ კიდეც იურიდიულად.

გიორგი ბოლქვაძე

ჰაბის კონსულტანტებთან ერთად ახლა სხვადასხვა რეკომენდაციას ვიღებთ.

ტექნოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, გარემოს დაცვა – ეკოლოგიის მიმართულებით. უნივერსიტეტშიც „გრინ ქლაბის“ კლუბი გვქონდა, სადაც უნივერსიტეტებს ვაერთიანებდით, აქტივობებს ვახორციელებდით. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ გარემოსდაცვითი ეკოკლუბი მქონდა და ვორქშოფებით, სემინარებით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე ვმუშაობდით, ვაცნობდით გარემოსდაცვით საკითხებზე სტატისტიკურ და სხვა ტიპის ინფორმაციას, გამოწვევებს და სამომავლო პერსპექტივებს.

ურბანული განვითარება, ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა – ბევრი გამოწვევა აქვთ მსოფლიოში გარემოსდამცველებს და რეგიონისთვისაც ესაა მნიშვნელოვანი. მუნიციპალური დაგეგმარება-განვითარება, სკვერების საჭიროება ქალაქსა და გარეუბნებში, ბევრი საკითხი გვაქვს მონიშნული, რაზეც მუშაობის დაწყებიდანვე გავამახვილებთ ყურადღებას“, – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ საკონსულტაციო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის პირობებში სატელეფონო კავშირით, სოციალური არხებითა და ონლაინპლატფორმებით ხორციელდება.

კონსულტაციებში ჩართული არიან პროექტის გუნდის წევრები, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ და ორგანიზაციის თანამშრომლები.

პროექტი 4 წლის განმავლობაში ხორციელდება: 2021 წლიდან 2024 წლამდე.

სამიზნე ჯგუფებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ითხოვონ საკონსულტაციო დახმარება პროექტის გუნდის წევრებისგან.


ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

რას და როგორ ედავება მერია მეტრო ჰოლდინგს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ „მეტრო ტერმინალს“, რომელიც გოგოლის #11 ბ-ში უკანონოდ აშენებდა, მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლომ მიიღო.

ინსპექცია განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა სააღსრულებო ფურცელი მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ეს დადგენილება მუნიციპალურმა ინსპექციამ აღსრულების ბიუროს 17 დეკემბერს გადაუგზავნა.

ინსპექციის ინფორმაციით: „ასევე შესაბამისი მასალები გადაგზავნილია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის გამო.“ 

გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე დადგენილება მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის პირველ ივნისს გამოსცა. კომპანიამ ეს სასამართლოში იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მიწის ნაკვეთი გოგოლის 11 ბ-ში, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სხვა კომპანიას – „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის და „მეტრო ტერმინალს“ ამ საქმესთან  შეხება არ აქვს.

„მეტრო ტერმინალის“ ეს განცხადება დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერითაც – მიწის ნაკვეთი გოგოლის #11 ბ-ში ნამდვილად „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის და არა „მეტრო ტერმინალს“.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ „მეტრო ტერმინალი“ [პირველი ივნისიდან დღემდე] უნებართვო მშენებლობისთვის 6000 ლარით, მშენებლობის შეუჩერებლობის გამო კი 39-ჯერ 5000 ლარით დააჯარიმა. ეს, ჯამში, 201 000 ლარია.

კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში მოითხოვა მერიის მიერ გამოცემული დადგენილებების გაბათილება იმავე მოტივით, რომ კომპანიას ამ მშენებლობასთან შეხება არ ჰქონდა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიამ ასევე სთხოვა სასამართლოს მუნიციპალური ინსპექციის იმ დადგენილებების გაუქმება, რომლის მიხედვითაც მშენებლობა უნდა შეჩერდეს – ასევე მერიას რომ აღარ ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს დაკისრებული საჯარიმო თანხის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 16 აგვისტოს განჩინებით, კომპანია „მეტრო ტერმინალის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა მშენებლების შეჩერების ნაწილში.

მთელ ამ პროცეში კითხვებს იწვევდა ისიც, რომ მუნიციპალური ინსპექცია, მიუხედავად აღიარებისა, რომ მიწის ნაკვეთი „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის, მაინც „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებდა.

ინსპექციამ აღარა, რომ დაჯარიმების აქტებში მისამართად გოგოლის 11-ს [შესაბამის საკადასტრო კოდს] უთითებდა, შემდეგ კი შეცვალა მხოლოდ მისამართი, მიუთითა 11ბ და შესაბამისი კოდი, თუმცა დაჯარიმების აქტებს ისევ „მეტრო ტერმინალს“ უგზავნიდა.

მუნიციპალური ინსპექცია დღეს, 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისევ „მეტრო ტერმინალზე“ მიუთითებს:

ქუთაისი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მეტრო ტერმინალს“ უნებართვოდ მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა.

რატომ ისევ „მეტრო ტერმინალი“?

მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსი, ირაკლი მოქია განმარტავს, რომ „მეტრო ტერმინალი“ იდენტიფიცირებულია, როგორც მშენებელი კომპანია. ის ამბობს, რომ 2021 წლის პირველ ივლისს, როცა ინსპექციამ გოგოლის #11-ში უკანონო მშენებლობა დააფიქსირა, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში ამ მისამართზე მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადიც კი არ იყო შესული [ეს მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება]. ასეთ შემთხვევაში ინსპექცია ვალდებულია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით.

ირაკლი მოქიას თქმით, გოგოლის #11-ში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ზეპირ მოსმენაზე „მეტრო ტერმინალის“ თანამშრომლები გამოცხადდნენ. მათ დაადასტურეს, რომ მშენებლობის პროცესში ისინი არიან ჩართულები.

„მათ წარვუდგინეთ საქმის მასალები და არ გამოუთქვამთ პრეტენზია, რაც მოსმენის ოქმშია დაფიქსირებული. ხაზგასმით ვამბობ, რომ ვსაუბრობ „მეტრო ტერმინალის“ იურისტებზე… თუ ვერ ხდება მშენებელი კომპანიის იდენტიფიცირება, საქმის წარმოება იწყება მესაკუთრის მიმართ. ამ შემთხვევაში, რადგან „მეტრო ტერმინალის“ წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კომპანიის მინდობილობა, გამოცხადდნენ მოსმენაზე და დამრღვევის იდენტიფიცირება მოხდა. შესაბამისად, დაჯარიმდა „მეტრო ტერმინალი“.

როდესაც მშენებლობის შეუჩერებლობის გამო დავაჯარიმეთ, ისევ „მეტრო ტერმინალის“ წარმომადგენლები მოვიდნენ ინსპექციაში. გვარწმუნებდნენ, მხოლოდ იმის გამო გავაგრძელეთ მშენებლობა, რომ დასაწყობება მიმდინარეობდაო. ეს მტკიცებულება აღმოჩნდა სასამართლოსთვის“, – განმარტავს ირაკლი მოქია.

კითხვაზე, რატომ არ ჩართო მუნიციპალურმა ინსპექციამ „მეტრო მოლ ოფ აჭარა“ საქმის წარმოებაში თავიდანვე, როგორც მესაკუთრე, ირაკლი მოქია პასუხობს, რომ მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი გამოვლენილი იყო. იგივე არგუმენტი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აჯარიმებდა მუნიციპალური ინსპექცია „მეტრო ტერმინალს“ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მერიას მისამართი და კოდი დაჯარიმების აქტებში არასწორად ჰქონდა მითითებული.

რაც შეეხება ჯარიმებს, ინსპექციის ინფორმაციით, ჯარიმების საკითხზე დავა სასამართლოში გრძელდება.

Exit mobile version