მთავარი,სიახლეები

კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა – მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან

30.12.2021 • 11362
კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა – მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან

9 დეკემბერს სოფელ ჭარნალში კაცმა ცოლ და 20 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ოჯახის წევრებისა და ნათესავების თქმით, კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჯანდაცვის შესაბამის სერვისებს ვერ იღებდა.

ოჯახის წევრები საუბრობენ დილემაზე, რომელსაც სახელმწიფო ვერ წყვეტს, პრობლემებს ვერც პაციენტის ოჯახის წევრები უმკლავდებიან.

  • იმ საავადმყოფოს ბრალია, რა წამალი მისცეს არავინ იცის

ალექსანდრე საგინაძე იმ კაცის ბიძაა, ვისი ცხოვრების ტრაგედიაც დიდი ალბათობით ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმართავმა სისტემამ განაპირობა.

ალექსანდრე მიიჩნევს, რომ ჭარნალში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო და ის კლინიკაა, სადაც პაციენტი აღრიცხვაზე იმყოფებოდა, თუმცა მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.

„რატომ არ დააწვინეს და არ უმკურნალეს სათანადოდ? სწორედ აქედან იწყება პრობლემა. სახელმწიფოს და საავადმყოფოს პასუხისმგებლობას ვხედავ. ბევრი არ აღიარებს პრობლემას, ესირცხვება მკურნალობა და ექიმთან მისვლა, არ იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. შემდეგ კი აი ასეთი შედეგი დგება, რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა“, – ამბობს ალექსანდრე საგინაძე.

მისი თქმით, დისშვილს ფსიქიკური პრობლემაზე მასთან არ უსაუბრია.

„ვატყობდი, რომ ძალიან შეიცვალა. გულჩათხრობილი იყო, მიწაზე იყო თუ ცაში ვერ გაიგებდი. ჩემთანაც შემოივლიდა ხოლმე, ას სიტყვაში ერთ სიტყვას გეტყოდა. ვამჩნევდი, რომ ყველაფერი კარგად ვერ ჰქონდა“, – ამბობს ალექსანდრე საგინაძე.

მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში, თუმცა სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს არც პაციენტებს და არც სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

„ჩვენ ხელოვნურად ვკლავთ ხალხს, ვერ ვუყურებთ, არ ვუყურებთ. არ ვეხმარებით მათ. აგერ, გავიდა რამდენიმე დღე და კაცმა ორსული ცოლი მოკლა. ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია, ამას სახელმწიფომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს? ხვალ აქ მოხდა, ზეგ იქ და ვხოცოთ მაშინ ადამიანები.

აბა რისთვის არის ექიმი. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო არ ზრუნავს“, – გვეუბნება ის.

ჭარნალის ტრაგედიის ამბავზე „ბათუმელები“ სხვა ადამიანებსაც ესაუბრა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ დაღუპული კაცი „რაღაც წამლებს სვამდა“, თუმცა იყო თუ არა მისი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმე, არ იციან. „სხვის ოჯახში რა ხდება, ჩვენ არ ვიცით“, – გვეუბნებიან ისინი.

მამის მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ ლევანი მშრომელი ადამიანი იყო, ოჯახშიც ხშირად სტუმრობდა, თუმცა მამის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე მას არასდროს უსაუბრია.

„შვილი იყო შრომისმოყვარე ბიჭი, მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ, სახლსაც აწყობდნენ, შეყვარებული ჰყავდა და ცოლის მოყვანას აპირებდა. სხვას ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი შიგნით ოჯახში რა ხდებოდა“, – ამბობს ის.

გარდაცვლილი კაცის სიძეც ადასტურებს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და სამი წელი კლინიკაშიც კი დადიოდა.

„ბოლო დროს თითქოს უკეთესად იყო, კაი სიტყვა ჰქონდა და კაი პასუხი. ვიცი, რომ დაჰყავდათ კლინიკაში, გამოუწერდნენ წამლებს და მოდიოდა“, – გვეუბნება ის.

ჩვენ ვესაუბრეთ გარდაცვლილი კაცის ქალიშვილსაც, რომელიც იმ ტრაგიკულ დღეს სახლში იმყოფებოდა და ბებიასთან ერთად სახლიდან გამოსვლა მოასწრო. საგინაძის შვილი ამბობს, რომ მამა წამლებს (დამამშვიდებლებს) იღებდა, თუმცა ბოლო პერიოდში აღარ მკურნალობდა.

  • ძალიან მინდა ვინმე დამეხმაროს, რომ ჩემი შვილი ისევ ისეთი გახდეს, როგორც 18 წლამდე იყო

ვინ არის პასუხისმგებელი, თუ პაციენტი საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს ან სხვა ადამიანებისთვის იქცევა საფრთხედ? – ეს კითხვები სახელმწიფოსთან აქვს 22 წლის გოგოს დედას, რომლის შვილსაც ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ქალის თქმით, ის შვილთან დაკავშირებით გამოსავალს ვერ ხედავს და პრობლემის მოგვარებაში არც სახელმწიფო ეხმარება.

„საუკეთესო შვილი იყო, მაგრამ 18 წლის იყო, როცა ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. 4 წელია ასე გრძელდება. თუ გაბრაზდა, ცდილობს გიკბინოს ან რაიმე ზიანი მოგაყენოს. თუ ეს ვერ გააკეთა, ნერვებისგან გონებას კარგავს, თუ არ გაითიშა, მაშინ თავის თავს აყენებს ზიანს და შემდეგ სასწრაფო დახმარება გვჭირდება“, – ამბობს დედა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 14.9 პროცენტს, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები დაუდგინდა პირველადი დიაგნოზით.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების 2019 წელს დაფიქსირდა – 19.9 პროცენტი, უმნიშვნელოდ არის შემცირებული გასულ წელს, წინა წლებში კი ეს მაჩვენებელი 5.8-სა და 7.5 -ს შორის მერყეობდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება.

მისი თქმით, შვილი მკურნალობაზე უარს ამბობს, მათ კი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

„ერთხელ იძულებით დავაპირეთ კლინიკაში მიყვანა და პოლიცია გამოიძახა, შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა, ძალადობენო. ერთ დღეს, როცა სახლში არ ვიყავი, რაღაც მედიკამენტები მიიღო თვითნებურად და ისევ სასწრაფო გამოვიძახე.

მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ორი კვირა გაჩერდა, შემდეგ კი ძალიან ტიროდა, წამიყვანეთ სახლში და ვიმკურნალებო და წამოვიყვანე.

ხელწერილი დამაწერინეს, მე ავიღებ პასუხისმგებლობას-მეთქი, მაგრამ ახლა ვატყობ, რომ დანიშნული მედიკამენტები უკვე აღარ მოქმედებს, ექიმს ველაპარაკე და მითხრა, რომ დოზები შესაცვლელია, მაგრამ ექიმთან მისვლაზე უარს ამბობს. ექიმი მეუბნება, თავისი ნებით თუ არ მოვიდა, ისე აზრი აქვს მკურნალობასო.

ვატყობ, რომ სჭირდება მკურნალობა, ვეღარ იძინებს, სულ შფოთავს, მთელი ღამეები ან ტელეფონშია, ან დადის. წინააღმდეგობას ვერ იტანს, მაშინვე აგრესიული ხდება. სახლში ყველა ვცდილობთ ანგარიში გავუწიოთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება არ მოუთმინონ. ორ წყალს შუა ვარ, აქეთ ეს, იქეთ სხვა შვილები. ვთქვათ არ ვარ სახლში, იჩხუბეს და დალია ისევ წამლები, რამე რომ დაემართოს ვინ იქნება პასუხისმგებელი?“- გვეუბნება დედა.

ინგა ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ ნაწილში კანონმდებლობა უნდა დახვეწოს.

„მე დედა ვარ, მაგრამ არ მაქვს უფლება რაიმე შევცვალო.ძალადობის მომხრე არც მე ვარ რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვქნა, ჩემი შვილია და ძალიან განვიცდი, როგორ დავეხმარო? აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, გამოსავალს ვერ ვხედავ, როცა შვილი მკურნალობაზე უარს მეუბნება. ერთადერთი, ისევ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ამ პრობლემაზე.

ძალიან მინდა ვინმე დამეხმაროს, რომ ჩემი შვილი ისევ ისეთი გახდეს, როგორც 18 წლამდე იყო. ყველაზე კარგი შვილი იყო, ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას“, – ამბობს დედა.

ოლგა კალინა

  • „მე თავად ვიყავი პაციენტი“ – ოლგა კალინა სისტემის გაუმართაობაზე

ოლგა კალინას თავად აქვს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის გამოცდილება და ახლა ის აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობის პროცესში.

ოლგა კალინა გვესაუბრება სისტემის გაუმართაობაზე, იმაზე, თუ რა განაპირობებს პაციენტების უნდობლობას, როგორც სისტემის, ასევე ოჯახის წევრების მიმართ.

„მე თავად ვიყავი პაციენტი, მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი მაქვს და თავად გავიარე სტაციონარიც, ამბულატორიული მკურნალობაც.

ჩვენს კანონში არანებაყოფლობითი მკურნალობის ზომები არის ჩადებული, თუმცა ხელს არ უწყობს არც პაციენტის და არც ოჯახის წევრების ინფორმირებულობას და გაძლიერებას.

ძალით წამლების დალევის თვალსაზრისით რეგულაციის პრობლემა არ არის კანონში. თუ პაციენტი საფრთხეს უქმნის თავის თავს, შეუძლია მშობელს დარეკოს სასწრაფოში, პოლიციაში, გადაიყვანენ პაციენტს და მიაღებინებენ წამალს.

პაციენტსაც აქვს უფლება გამოიძახოს პოლიცია თუ ფიქრობს, რომ მისი უფლება ირღვევა და მშობელსაც შეუძლია მიმართოს ექიმს“, – გვეუბნება ოლგა.

მისი თქმით, პაციენტის აგრესია ყოველთვის არ არის დაკავშირებული მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან. უფრო ხშირად ეს არის პირადი ურთიერთობის პრობლემა და ამ ფონზეა ძალადობის გამოვლინებები.

„სტატისტიკურად, 5 პროცენტია დაახლოებით აგრესიული, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

მაგალითად, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი თუ იძალადებს ოჯახში, იძულებითი მკურნალობის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების შემთხვევაში, მკურნალობა არანებაყოფლობითია.

თუ ასეთი ადამიანი დაიწყებს მუქარას, ან დააზიანებს ქონებას, შეუძლია გამოიძახონ პატრული და მოათავსებენ ფსიქიატრიულში. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ძალადობენ ჩვენზე, ვიდრე სხვა ჯგუფებზე და ეს გაუმართლებელია, რადგან წესით, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებლები სტატისტიკურად უფრო აგრესიულები არიან. ჩვენ უფრო ხშირად ვხდებით ძალადობის მსხვერპლი. მათ შორის ნათესავების მხრიდან, რომლებიც იყენებენ ჩვენს ქონებას, პენსიას, გვაგზავნიან სტაციონარებში და შემდეგ უკან არ გვაბრუნებენ“, – ამბობს ოლგა.

მისი თქმით, როცა ადამიანი ფსიქიკურად მოწყვლადია, ხშირად ხდება ის როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რადგან არავინ უჯერებს მათ.

ოლგას აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ მიდგომას, რადგან კონტაქტი უჭირს ორივე მხარეს. ამ ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით კი სერვისები არ არსებობს.

„უშუალოდ ოჯახთან კონტაქტზე და ურთიერთობებზეა აქ საუბარი, რადგან ორივე მხარეს აქვს პრეტენზიები და ამ ფონზე იზრდება უნდობლობა.

ხშირად ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ პაციენტი დალევს წამალს და ყველა პრობლემა მოგვარდება. ეს ასე არ მოხდება. პრეტენზიები – რატომ მომათავსე ვთქვათ სტაციონარში, რატომ მომატყუე, რატომ იძალადე ჩემზე, რატომ მომეცი ეს წამალი ჩუმად – ფსიქიკური პრობლემებიდან არ გამომდინარეობს. ეს არის პიროვნების ობიექტური პრეტენზიები, რომელზე მუშაობაც საჭიროა. მათ შორის კრიზისულ გეგმებზე – რა ვქნათ ვთქვათ, თუ ცუდად გახდები, რა უნდა გავაკეთოთ, აი ამ თემების მოფიქრებაა მნიშვნელოვანი, რაც დღეს არ ხდება.

მაგალითად, როდესაც ადამიანი არის ცუდად, ნათესავებს აქვთ მოლოდინი, რომ თუ ჩააბარებენ ექიმს, ადამიანს ეს პრეტენზიები აღარ ექნება. შესაძლოა ადამიანი არასწორ აქცენტებს აკეთებს, არასწორი ინტერპრეტაციით აქვს რაღაც დამახსოვრებული და თუ ამაზე არ მუშაობ, მერე იწყება უარესი პრობლემები. როცა ორივე მხარეს აქვს შიში, ეს კონფლიქტს კიდევ უფრო აფართოებს“, – ამბობს ოლგა კალინა.

ნდობა და მდგომარეობიდან გამოსვლის გზების ერთად მოფიქრება – ეს არის გზა კრიზისის დასაძლევად. ოლგას თქმით, უნდა გაეცეს პასუხები კითხვებს, თუ საიდან დაიწყო ამ ადამიანის ფსიქიკური პრობლემები, რა აწუხებს ადამიანს, რა არის უშუალოდ პრობლემის შინაარსი.

„ოჯახის წევრებს ხშირად არ ჰყოფნით კომპეტენცია ამ ურთიერთობის დასალაგებლად. ამიტომ არის საჭირო მედიატორი, რადგან ხშირად იმდენად დიდია კონფლიქტი და უნდობლობა, რომ მედიატორის გარეშე შეუძლებელია ამ ურთიერთობის ხელახლა აგება. მედიატორი კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ორივე მხარეს“, – ამბობს ოლგა.

მეორე ვარიანტია ოჯახის კონსულტანტი, რომელიც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე იმუშავებს, არამედ იმ სოციალურ წრეებთან, რომელიც იმსჯელებს რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„როცა პაციენტი კარგად არის ინფორმირებული, მას აღარ აქვს შიშები ჩარევების მიმართ და უფრო მეტად აკონტროლებს საკუთარ თავს. იცის, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ჰქონდეს პრობლემა, მაგრამ ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც არ გამოიყენებენ ძალადობრივ მეთოდებს.

ამ შემთხვევაშიც (ჭარნალის ამბავი), როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სანამ ადამიანი არ ძალადობს სხვებზე, სანამ ჯერ კიდევ არ არის აგრესიული, საჭიროა დროული განათლება სერვისებში და დროული მხარდაჭერა პროფესიონალების იქნება ეს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი თუ სხვა“, – ამბობს ოლგა კალინა.

რაც შეეხება სისტემის მიმართ უნდობლობას, ოლგა ამბობს, რომ ამის უფლება პაციენტს აქვს, რადგან თავის დროზე თავადაც უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე და წამოვიდა კლინიკიდან.

„თუ დავრჩებოდი ექიმების ნებაზე, დღემდე ვიქნებოდი დამოკიდებული მედიკამენტებზე და დანგრეული მექნებოდა ჯანმრთელობა. წამლების კურსის შეწყვეტა იყო ჩემი გადაწყვეტილება. ამ მედიკამენტების მიღება არ არის მსუბუქი, მას აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები და წლების მანძილზე მათი მიღება, იწვევს სომატური პრობლემების გაუარესებას.

ღვიძლი, კუჭი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კონცენტრაცია, მეხსიერება, ეს ყველაფერი უარესდება. შეიძლება განვითარდეს დიაბეტი, წონის მატება, პოტენციის დაქვეითება, ემოციების გაქრობა. როდესაც არ გრძნობს ადამიანი არც სიყვარულს, არც სიხარულს, უბრალოდ დადის ქუჩებში. მაშინ, რაში სჭირდება ეს სტაბილური მდგომარეობა?

როდესაც ადამიანი  ამ გვერდით ეფექტებს გრძნობს, რა თქმა უნდა, ამცირებს მედიკამენტების მიღებას ან თავს ანებებს. ოჯახებშიც არ არის სათანადოდ გააზრებული, რა არის უშუალოდ სიმპტომი და რა წამლების ეფექტი.

თუ რიტორიკა მუდმივად იქნება ასეთი, რომ „შენ ავადმყოფი ხარ და უნდა დალიო წამალი“, მაგრამ რა ფასად გიჯდება ეს, არავინ ფიქრობს, ადამიანი საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩება. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ადამიანები გადადიან პროტესტის რეჟიმში“, – ამბობს ოლგა.

რა არის ამოცანა? – ადამიანმა თავად უნდა გაიაზროს, რომ აქვს გარკვეული პრობლემა და სწორედ ეს ამოცანა გულისხმობს ხარისხს. „როცა ადამიანზე კი არ ძალადობენ, არამედ ადამიანი გადაჰყავთ აქტიურ პოზიციაზე და თავად იაზრებს პრობლემას“, – ამბობს ოლგა. ეს ყველაფერი კი მოითხოვს ფულს, რომელიც ოლგას თქმით, ბიუჯეტში საკმარისად არ არის.

„წლების მანძილზე ფსიქიატრია იყო ძალიან დანგრეული, ადამიანები შეურაცხმყოფელ პირობებში იყვნენ საავადმყოფოებში, ახლა ვითომ პირობები იცვლება, მაგრამ შინაარსობრივად სისტემა მაინც იგივე რჩება – ფარმაკოლოგიური მკურნალობა, ძალადობა და ასე შემდეგ. ყურადღება არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, პროფესიონალების სიმწირეა სფეროში.

განსაკუთრებით ფსიქოლოგების, სოცმუშაკების, ისეთი რგოლის, ვინც პასუხისმგებელია ფსიქო-სოციალურ კომპონენტებზე.

ფსიქიატრები და ფარმაკოლოგი – ეგ არის მინიმუმი, რაც სისტემაშია და ზოგჯერ ესეც არ არის. წამლები ავიღოთ თუნდაც, შეიძლება ესეც იყოს პრობლემა. სომატურ ჯანმრთელობას თუ შევადარებთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება არის ძალიან დაბალი. სანამ კრიზისში არ ჩავარდები, სისტემა არ გხედავს. და ეს არის პრობლემა. პრევენცია ფაქტობრივად არ ხდება მსგავსი მდგომარეობის. საბოლოო ჯამში უფრო ძვირი ჯდება ამ ყველაფრის მოგვარება“, – ამბობს ოლგა.

მთავრობა მუშაობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმაზე. როგორც ოლგა გვეუბნება, სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის დროს თავადაც იყო ჩართული. მისი თქმით, ბავშვთა ფსიქიატრიული მკურნალობის მიმართულებით სერვისები გარკვეულწილად უმჯობესდება, მაგალითად შემოდის ბავშვთა ფსიქიატრი, ექთანი, მეტნაკლებად დაფარულია დეინსტიტუციონალიზმის თემაც, თუმცა როგორც ოლგა გვეუბნება, სისტემის სუსტ მხარედ რჩება პაციენტისა და ოჯახის წევრების ინფორმირების, ნდობის და ურთიერთობების მოგვარების საკითხები.

„კომუნიკაციის პრობლემას ვერც ეს სამოქმედო გეგმა მოაგვარებს, რადგან ეს არის ის ეტაპი, რომელიც რესურსებს მოითხოვს და საკმაოდ დიდია ამ რესურსების ჩამონათვალი“, – ამბობს ოლგა.

მისი თქმით, თუ დაინერგება მონიტორინგის სისტემა და პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ საჩივრების დაწერის და შემდეგ ამაზე იქნება რეაგირება, შესაძლოა ამ ყველაფერმა უკეთ გამოაჩინოს პრობლემები და მათი მოგვარების გზაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: