ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში ეკომიგრანტები 30 000, ხოლო ხანძრით დაზარალებულები 20 000 ლარს მიიღებენ

03.01.2022 • 12455
აჭარაში ეკომიგრანტები 30 000, ხოლო ხანძრით დაზარალებულები 20 000 ლარს მიიღებენ

აჭარაში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესასყიდად, ასევე ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობა 2022 წლის იანვრიდან 5-5 ათასი ლარით გაიზარდა.

შესაბამისად:

  • სტიქიით  დაზარალებული [ეკომიგრანტი] ოჯახი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიიღებს მაქსიმუმ 30 ათას ლარს, ნაცვლად 25 ათასი ლარისა;
  • ხოლო ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა, მიიღებს 20 ათას ლარს, ნაცვლად 15 ათასი ლარისა.

აჭარის მთავრობის ახალი დადგენილებით, ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების გასაყიდი ფასი აღემატება 30 ათას ლარს, სურვილისა და გამყიდველთან შეთანხმების შესაბამისად, ეკომიგრანტს შეუძლია თავად დაფაროს დარჩენილი სხვაობა.

ხანძრის [ან ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის] შედეგად დაზარალებულ ოჯახებს კი ფინანსური დახმარება გაეწევათ შემდეგი წესით:

  • საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 20 000 ლარის ოდენობით [აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას];
  • საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში კი, რომელიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100%, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა [ნაცვლად 10 000 ლარისა]“.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 3 080 000 ლარია გაწერილი.

აქედან, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებისთვის – 3 მილიონი ლარი; შესასყიდი სახლების ექსპერტიზისთვის – 69,5 ათასი ლარი; სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისთვის – 10,5 ათასი ლარი.

აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ წელს „100 ეკომიგრანტი ოჯახი იქნება საცხოვრებლით უზრუნველყოფილი“.

ამავე კანონის მიხედვით, „სახელმწიფოს მიერ ასობით ეკომიგრანტ ოჯახთა დაკმაყოფილების მიუხედავად, დაზარალებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მაინც არ მცირდება, ვინაიდან სტიქიური პროცესები უკონტროლოა და ყოველი უხვი ნალექის მოსვლის დროს აქტიურდება.“ ამასთან, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტების) ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში“ კი, მუდმივად ხდება ახალი განაცხადების შევსება.“

„მიმდინარე ეტაპზე 450-მდე განაცხადია განსახილველი, რომელთა დაზარალება დადასტურებულია შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, ხოლო შესწავლასა და დაზარალების კატეგორიის მინიჭებას ითხოვს დამატებით 50-მდე ბენეფიციარი. ამდენად, ამ მიმართულებით მყარი სტატისტიკა არ შეიძლება გვქონდეს.

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ეკომიგრანტები, რომლებსაც შუამდგომლობს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები, როგორც მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რომლებიც 2010 წლის 1-ლი იანვრიდან, შუამდგომლობის აღძვრამდე უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია აჭარის ბიუჯეტის შესახებ კანონში, რომელიც უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: