მთავარი,სიახლეები

გიორგი კირთაძე შიმშილობის მე-8 დღეს: „სააკაშვილს წამებით კლავენ, ეს გვეხება ყველას“

30.12.2021
გიორგი კირთაძე შიმშილობის მე-8 დღეს: „სააკაშვილს წამებით კლავენ, ეს გვეხება ყველას“

„ეს არაა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ეს გვეხება ყველას,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, რომელიც მე-8 დღეა შიმშილობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობა პარტიის ლიდერებმა და მხარდაჭერებმა 22 დეკემბერს დაიწყეს.

ბათუმიდან ამ ეტაპზე შიმშილობის აქციაში 8 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრები და გიორგი კირთაძე, რომელიც ბათუმის მერობის კანდიდატი იყო ოპოზიციური ერთობიდან. კიდევ სამმა ადამიანმა ბათუმიდან შიმშილობა წინა დღეებში შეწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო.

„ახალი წლის დღეებშიც განვაგრძობთ შიმშილობას, არა მგონია, საზეიმოდ გვქონდეს საქმე და საცივში თავის ჩასაყოფად. რეალურად, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, რადგან ერთი ექიმიც ვერ მოიძებნა, რომელიც იტყოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა. ფაქტია, რომ მას წამებით კლავენ… ჩვენ გვექნება უარესი ვითარება, ვიდრე ახლა გვაქვს და ეს უნდა გაიგოს ყველამ,“ – ამბობს გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“.

 

მოშიმშილეები ბათუმიდან

მიხეილ სააკაშვილი გუშინ ღამით გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის დაწესებულებაში გადაიყვანეს ისე, რომ ამის შესახებ არც მისმა ადვოკატებმა იცოდნენ.

გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ შიმშილობის აქცია არათუ უნდა შეწყდეს, არამედ პარალელურ რეჟიმში, სხვა სახის აქტივობაც დაიგეგმოს.

„უნდა მივაღწიოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას… შიმშილობა აუცილებლად გამოიწვევს შედეგს, რადგან თავგანწირვა, როგორც წესი, შედეგს იღებს,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კირთაძის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ამ ეტაპზე თავს შეუძლოდ არ გრძნობენ.

30 დეკემბრის მდგომარეობით ბათუმიდან შიმშილობენ: ბათუმის საკრებულოს წევრები: ლაშა კილაბერია, ნატო ნაცარაშვილი და ეკა ზარია, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში, ასევე ლევან გორგილაძე, ანზორ მარკოიძე და ავთანდილ სურმანიძე.

მთავარი ფოტო: ბათუმელი მოშიმშილეები კარავში, ისინი უკვე მეათე დღეა შიმშილობენ.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: მანანა ილურიძე [არ შიმშილობს], ლევან გორგილაძე, მამუკა ჯევაიში [ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი], ნატო ნაცარაშვილი [ბათუმის საკრებულოს წევრი] გიორგი კირთაძე [ბათუმის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან], გივი ნახუცრიშვილი [არ შიმშილობს] ეკა ზარია [ბათუმის საკრებულოს წევრი].

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: