„იძულებული გავხდი 1 წლის შვილი დამეტოვებინა“ – ემიგრანტი დედა პოლონეთიდან

„ემიგრაციაში დავკარგე ჩემი საუკეთესო წლები. დავკარგე იმის შესაძლებლობა, დამენახა, როგორ იზრდებოდა ჩემი შვილი. ყველაფერი დავკარგე…“ – გვითხრა თამუნა ზაზაშვილმა, ბათუმელმა ემიგრანტმა ქალმა.

თამუნა 20 წლის ახალგაზრდა დედა იყო, როცა იძულებული გახდა 1 წლის და 3 თვის შვილი დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო. წავიდა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, უნდოდა მის შვილს არაფერი დაჰკლებოდა და ეს შეძლო, მაგრამ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მას, როგორც დედას, დააკლდა ბედნიერება, დაენახა, როგორ ამბობდა მისი შვილი პირველ სიტყვებს, როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს.

თამუნა ახლა 31 წლისაა. 11 წლის განმავლობაში მან 2 წელი გაატარა საქართველოში და ერთი წლის წინ ისევ წავიდა ემიგრაციაში – ამჯერად პოლონეთში, მეუღლესთან ერთად.

მოუსმინეთ თამუნას: 

  • „ემიგრაციაში მიდიხარ, როცა სხვა გზა არ გაქვს“ 

ემიგრაციაში წასვლა – ეს არის გამოუვალი მდგომარეობა. ბოლო გადაწყვეტილება, როცა მეტი გზა არ გაქვს ადამიანს.

პირველად წავედი 20 წლის ასაკში, დავტოვე 1 წლისა და 3 თვის ბავშვი, 6 წელი ვიმყოფებოდი თურქეთის რესპუბლიკაში, ორ მოხუცთან ვმუშაობდი.

6-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. დაბრუნების შემდეგ მალევე დაიწყო პანდემია, ისევ დავრჩით არაფრის გარეშე. ის დანაზოგიც, რაც გაგვაჩნდა, ამოვწურეთ, რადგან ოჯახი, ბავშვი, მშობლები, რეალური პრობლემები, რაც ყველას შეექმნა იმ პერიოდში, ჩვენც გვქონდა.

დავრჩით გამოუვალ მდგომარეობაში, იძულებული გავხდი ბანკის ვალი აგვეღო და წამოვსულიყავით პოლონეთში, მოგვეძებნა სამსახური და თავი გადაგვერჩინა.

ემიგრაციაში წამოსვლის ერთადერთი მიზეზი, რაც თითქმის 99 პროცენტს აქვს, არის მატერიალური პრობლემები, მხოლოდ ეს. ჩვენს უკან არის ოჯახები, არის შვილები, მშობლები, არის უამრავი პრობლემა.

როცა ხედავ, რომ სამშობლოში არანაირი გასაქანი არ გაქვს და შენ შვილს რომ რაღაც აკლდეს და მშიერი იყოს, იმის ყურებას კიდევ საკუთარ თავს დებ მსხვერპლად. თითქმის მთელი ახალგაზრდობა ემიგრაცია მაქვს გატარებული, ჩემოდანზე მაქვს ნაცხოვრები ეს წლები.

  • „თვითმფრინავზე ავდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა“ 

წამოსვლის დღე ემიგრაციაში ყველასთვის ჯოჯოხეთია. ყველა ემიგრანტი ქალი საზღვრის გადაკვეთის დღეს თვალცრემლიანია. იგლეჯ შვილს, ტოვებ ყველაფერს და მიდიხარ სადღაც, გაურკვევლობაში, სადაც წარმოდგენა არ გაქვს, რა დაგხვდება.

თვითმფრინავში ყველაზე ბოლოს მგონი მე ავედი. ნახევარი საათი დამჭირდა ალბათ. ფეხები უკან-უკან მრჩებოდა. ერთი პროცენტი რომ მქონოდა იმის შანსი, მე საქართველოში ვნახავდი სამსახურს, რომ ოჯახში რაღაც შემეტანა, აღარასოდეს გადავდგამდი ამ ნაბიჯს.

ამ გადაწყვეტილების მიღება ყველას უჭირს, ეს არავისთვის არ არის ადვილი. წლების შემდეგ ბრუნდები სამშობლოში, მობრუნდები და ისევ წასასვლელი ხარ. მეტი გამოსავალი არ გაქვს. ელემენტარული, პურის ყიდვის საშუალება რომ აღარ გაქვს, ისეა ყველაფერი ჩვენს სამშობლოში. ხმის ამოღების უფლებაც არ გაქვს, რომ შენი აზრი დააფიქსირო, რადგან ეს ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს.

ჩემი შვილი ახლა, 19 იანვარს 13 წლის გახდება. 1 წლის და 3 თვის იყო, სულ პირველად რომ დავტოვე. არც მისი პირველი ნაბიჯები არ მინახავს, არც მისი პირველი სიტყვა არ გამიგონია, ისე დაიწყო საუბარი, მე არ ვყოფილვარ მის გვერდით.

ორი წელი – 2019 და 2020 წლები მომეცა ჩემს შვილის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა.

31 წლის მანძილზე, თუ არ ჩავთვლით ბავშვობის წლებს, ალბათ ყველაზე ბედნიერი 2 წელი იყო, მიუხედავად იმ გასაჭირისა, რაც საქართველოში იყო პანდემიის პერიოდში. ჩემი შვილის სურნელი… ეს ყველაზე ბედნიერი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში.

ახლა არის ბებიასთან და ბაბუასთან. ეს ძალიან დიდი იმედია, იმის არ მეშინია, რომ არავინ არ შეხედავს. იმედიანად მყავს დატოვებული. ვიცი, რომ ჩემი მშობლები არანაირ ყურადღებას არ მოაკლებენ.

  • „დღეში 12 საათს ვმუშაობთ, ფეხზე დამდგარი“ 

თითქმის ერთი წელია პოლონეთში ვართ მე და ჩემი მეუღლე. ჯერ ვარშავაში ვცხოვრობდით, შემდეგ ქალაქ პოზნანში გადმოვედით.

ყველაზე რთულია პირველი დღეები, როცა არაფერი არ იცი, ჩამოდიხარ, ეძებ სამსახურს, შეიძლება ქუჩაში დარჩე, არავის არ აინტერესებ.

აქ ვმუშაობ ქსელურ საცხობში, სადაც ცხვება ტკბილეული და ამარაგებს სუპერმარკეტების ქსელს. პირობებზე რა გითხრათ, ჩამოსული ხარ, ემიგრანტი ხარ, თუ სადმე რთული სამუშაო, ყველაფერი ჩვენი, ემიგრანტების გასაკეთებელია. ყველაფერი უნდა შეძლო, ყველაფერი უნდა გააკეთო.

ვმუშაობთ 12-საათიანი გრაფიკით. დილის 5-ის ნახევარზე ვდგებით, 6 საათზე უკვე იწყება ჩვენი ცვლა, დილის ექვსიდან საღამოს 6 საათამდე ვმუშაობთ, მხოლოდ ნახევარი საათი გვაქვს შესვენება დღეში ერთხელ. არ გვაქვს ტელეფონის გამოყენების საშუალება და იმ ნახევარსაათიან შესვენებას თუ არ ჩავთვლით, 12 საათის განმავლობაში ფეხზე ვდგავართ.

აქ ვცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში, გვაქვს ჩვენი საძინებელი, სხვა დანარჩენი საერთოა.

ხელფასის აღება და გადასარიცხ პუნქტში ან ბანკში მისვლა ერთია. ხალხი გელოდება, რომელიც შენს იმედზეა.

სამსახური, სახლი, მოწესრიგება, დაძინება – ძირითადად ესაა ჩვენი ყოველდღიურობა, ყოველ დღე ერთი და იგივე. 12-საათიანი მუშაობის შემდეგ არა მგონია ვინმეს გართობის ან რაიმეს სურვილი ჰქონდეს. სურვილიც რომ გქონდეს, ვერ მისცემ საკუთარ თავს უფლებას.

ინტერნეტი გვაქვს სახლში და იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრები შორიდან მაინც დავინახოთ. დამერწმუნეთ, ესეც დიდი ბედნიერებაა. იყო დრო, როცა ემიგრაციაში პირველად წავედი, კვირაში ერთხელ შემეძლო გამოვსულიყავი და დამერეკა, დასვენების დღეს. დღეს ის ბედნიერება მაინც მაქვს, რომ სამსახურის შემდეგ შემიძლია დავრეკო და ჩემი შვილი დავინახო.

კვირაში შეიძლება დავისვენო ერთი დღე, შეიძლება საერთოდ არ დავისვენო. აქ დღიურია ანაზღაურება, იმის მიხედვით გიხდიან, რამდენ საათს და რამდენ დღეს იმუშავებ. ამიტომ ნაკლებად აძლევს თავს ვინმე იმის უფლებას, რომ დღე ტყუილად გაატაროს.

ხელფასიდან ვიტოვებთ იმ თანხას, რაც გვჭირდება საკვებად. ეს არის და ეს.

ემიგრაციაში წამოსვლამდე საქართველოში ორ კაზინოში ვმუშაობდი. მაშინ ის ხელფასი სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო, მყავდა საუკეთესო კოლექტივი, კმაყოფილი ვიყავი ჩემი სამსახურით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც 12 საათს ვმუშაობდი. მაგრამ საქართველოში 12 საათი სხვაა, აქ ისე გავა 12 საათი, რომ შეიძლება ქართველთან შეხება არც მქონდეს.

  • „ემიგრაციაში ყოფნით მე ჩემი ოჯახი გადავარჩინე“

ემიგრაციაში ყოფნით, შემიძლია ვთქვა, რომ მე გადავარჩინე ჩემი ოჯახი. შეიძლება ვერ გავაძლიერე ისე, რაღაც მნიშვნელოვანი ვერ შევიძინე, მაგრამ იმის მაინც არ მეშინოდა, რომ ჩემს შვილს საკვები არ ექნებოდა.

რომ ვთქვა, კონკრეტულად კიდევ რამდენ ხანს გავჩერდები ემიგრაციაში, არ მაქვს ეს პასუხი. ყოველ დღე იმას ვფიქრობ და იმაზე ვოცნებობ, რომ ბილეთი ავიღოთ და უკან დავბრუნდეთ. ყველას ნატვრა ეს არის.

რომ შევძლოთ დაბრუნება, ელემენტარული პირობები, სამსახური გვჭირდება. 30 წელს გადასცილდები, 31, 32… უკვე თითქმის ყველგან უარს გეუბნებიან, „ასაკი 30 წლამდე“, – ასეა მითითებული ნორმალური ვაკანსიების 90 პროცენტში.

საქართველოში ჩვენ მხოლოდ სამუშაო ადგილი გვჭირდება. ნახევარი საქართველოს ქალები, ყველაზე ძლიერი ქალები, სხვა ქვეყანას, სხვის შვილებს ვახმართ ჩვენს ჯანმრთელობას და ჩვენს შესაძლებლობებს. სხვა ქვეყანა იყენებს ჩვენს რესურსებს, ჩვენს გონებას.

ჩემთვის საქართველოს ჰაერის ჩასუნთქვა ახლა ყველაფერს უდრის. 10 წლის სიცოცხლის გახანგრძლივებას უდრის, თუნდაც „ბერეგზე“ გავლა, თევზის სუნი…

ყველაფერი მენატრება, ყველაფერი.

__________________________________________________________

გამოიყვანთ თუ ვერა უცხოეთიდან შემოტანილ მანქანებს? -პორტში გაფიცვა გრძელდება

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში შეხვედრა გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის დასრულდა. გაფიცულების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში გაფიცვა გაგრძელდება.

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის 120 თანამშრომლიდან 80-მდე თანამშრომელი გაფიცულია. ისინი ითხოვენ ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას და შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვას.

გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე შრომის ანაზღაურების 50 %-ით გაზრდა.

რაც შეეხება ტერმინალიდან ავტომანქანების გაყვანას – ნავსადგურის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ამირან მიქელაძის განმარტებით, დღეს მსუბუქი ავტომანქანების გაყვანის პრობლემა არ შეიქმნება, რადგან გაფიცვის დაწყებამდე გახსნეს კონტეინერი, ხოლო ხვალიდან პორტიდან ავტომანქანების გაყვანა შეუძლებელი იქნება.

„ჩვენ წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში ადმინისტრაცია, გაფიცვა ნებისმიერი დასაქმებულის უფლებაა,“ – დასძენს ამირან მიქელაძე.

„გაფიცვა არის ფორსმაჟორი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას არავინ აიღებს და შესაბამის ნაბიჯებს არ გადავდგამთ,“ – ამბობს ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი.

რა იქნება „შესაბამისი ნაბიჯები“ და ვინ გადაიხდის ჯარიმებს, როცა მესაკუთრეს ავტომანქანა ტერმინალიდან ვერ გაჰყავს? – ტერმინალის მმართველმა დირექტორმა გვითხრა, რომ ის კომენტარს არ გააკეთებს.

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და ქობულეთის სოფლებში დენი რამდენიმე საათით გაითიშება

28 დეკემბერს, დღის 12:00 საათიდან ამავე დღის 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება:

  • ბათუმში: გენერალ ა.აბაშიძის, ინასარიძის, კობალაძის, ტ.აბუსერიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
  • ქობულეთში კი, 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხუცუბანს, სამებას, კვირიკეს, ჭახათს, ქაქუთსა და მიმდებარე სოფლებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება: „აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში“.

 

 

მე-19 საუკუნის შენობა ხულოში ძეგლის სტატუსის გარეშე – რესურსცენტრი ხიმშიაშვილების სახლში

„დაბა ხულოში, საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარე სახლი, მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ააშენა ახმედ ბეგმა. ახმედ ბეგი ცნობილი ისტორიული პირის, სელიმ ხიმშიაშვილის ვაჟი იყო, რომელიც მამის სიკვდილით დასჯის შემდეგ ძმასთან ერთად გაიქცა და თავი გურიას შეაფარა. 

1815 წლის შემდეგ ახმედ ბეგი ისევ აჭარაში დაბრუნდა, ჯერ სოფელ ნიგაზეულში, სადაც მათი რეზიდენცია და სამემკვიდრეო ადგილია, მოგვიანებით კი – ხულოში, დღევანდელი დაბის ტერიტორიაზე, სადაც ააშენა საგვარეულო  სასახლე“,  – გვიყვება გოდერძი ბოლქვაძე. 

გოდერძი შუა საუკუნეების მკვლევარი და ისტორიის დოქტორანტია, ასწავლის სამოქალაქო განათლებას თბილისის თავისუფალ სკოლაში და პარალელურად ისტორიულ შენობებსა და მათ შესახებ მკვლევრებისა და მოგზაურების ჩანაწერებს სწავლობს.

გოდერძი ბოლქვაძის თქმით, „უნდა არსებობდეს არაერთი წყარო, მათ შორის, ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, 1919 წელს და წესით, ეს ფოტოები უნდა ასახავდეს ერთსართულიან ქვით ნაშენ შენობას დაახლოებით იმ სახით, როგორიც დღეს აქვს. 

ვფიქრობ, შესაბამისი გამოკვლევებისა და არქივში მოძიების შემთხვევაში აღმოჩნდება მასალები, რომლებიც ნათლად დაგვანახებს ამ შენობის პირვანდელი ექსტერიერის და ინტერიერის სახეს, რაც გაამარტივებს შენობის რესტავრირების პროცესს“. 

ისტორიკოსის  შეფასებით, აჭარაში არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლი, რომელთაც ოფიციალური სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვთ მინიჭებული. შესაბამისად, სახელმწიფო მათ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს. 

„ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ახმედ ბეგის სახლი დაბა ხულოში, სადაც ახლა ხულოს რესურსცენტრია განთავსებული.

სამწუხაროდ, რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირებამ ახმედ ბეგის სასახლის პირვანდელი სახე შეიწირა – შენობა 1829 წელს რუსებმა დაწვეს (გენერალ ოსტენსაკენის მეთაურობით). 

ისტორიკოსების თქმით, ხულოს რესურსცენტრი განთავსებულია ისტრიულ შენობაში, რომელიც ხიმშიაშვილებს ეკუთვნოდათ

გადამწვარ სასახლეს გარკვეული პერიოდის შემდეგ უბრუნდება და აღადგენს ახმედ ბეგის  შვილიშვილი. ის საკმაოდ მაღალ, ქვით ნაგებ ერთსართულიან, აივნებიან  შენობას აშენებს.  

ამ სახლის ისტორია ისევ დრამატულად ვითარდება საქართველოსა გასაბჭოების შემდეგაც – კომუნისტები შევიდნენ ხულოშიც და არსებული ხიმშიაშვილების სასახლე, რომელიც იმ ხანად ერთადერთი მყარი ქვის შენობა იყო, ადმინისტრაციულ შენობად გადააკეთეს, დააშენეს მეორე სართული და ცვლილებები შეიტანეს როგორც ინტერიერში, ასევე  ექსტერიერშიც.

ბუნებრივია, ბეგის სახლს არ ჰქონდა მხოლოდ საცხოვრებლის დატვირთვა. სასახლე ასრულებდა  სამართლებრივი სივრცის ფუნქციას, მართვის საკითხების აღსრულებას და ა.შ. ანუ ადმინისტრაციული შენობის ფუნქცია ამ სახლს ნაწილობრივ ისედაც ჰქონდა“, – ამბობს გოდერძი ბოლქვაძე. 

გოდერძი ბოლქვაძე: „შენობა, რომელშიც დღეს რესურსცენტრია განთავსებული ნამდვილად ეკუთვნოდათ ხიმშიაშვილებს. ამ საკითხზე მოგვეპოვება ისტორიული წყაროები – დიმიტრი ბაქრაძის „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში” [დ. ბაქრაძემ 1878 წელს იმოგზაურა აჭარაში], თედო სახოკიას “მოგზაურობა აჭარაში” და სხვა“.

გოდერძი წუხს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნიშნების მქონე თითქმის ორსაუკუნოვან შენობას, რომელიც  დაბა ხულოში დგას, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ შესაბამისი უწყებები.

ისტორიკოსის თქმით, ბევრი მეთოდით სცადეს პასუხისმგებელი პირებისთვის, მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის, აჭარის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისთვის, ინფორმაციის მიწოდება, თუმცა მათი დაინტერესება ვერ მოახერხეს. გოდერძის იმედი აქვს, რომ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების შემთხვევაში, ამ შენობას ბოლოს და ბოლოს მიანიჭებენ ძეგლის სტატუსს.

„ვისურვებდი, რომ ბეგის სახლად წოდებულ შენობას რესტავრაცია ჩაუტარდეს, განახლდეს და იქ რაიმე კულტურული სივრცე მოეწყოს, თუნდაც მუზეუმი. ვფიქრობ, შენობის რესტავრირება ხულოს კულტურულ ისტორიას გაამრავალფეროვნებს და მოიზიდავს ტურისტს“.

გოდერძი ბოლქვაძე

კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე თითქმის ორსაუკუნოვან შენობის ბედი გოდერძის გარდა სხვა აქტივისტებსაც აწუხებთ. სწორედ ამიტომ თანამოაზრეებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ხიმშიაშვილების საგვარეულო შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

საინიციატივო ჯგუფის კდევ ერთი წევრი, ზაზა მიქელაძე ამბობს, რომ ამ შენობის ბედის მიმართ ინტერესი დღითი დღე მატულობს. „საინიციატივო ჯგუფში საწყის ეტაპზე მხოლოდ სამი ადამიანი ვიყავით: მე, გოდერძი ბოლქვაძე და გიორგი რიჟვაძე, თუმცა ადამიანებს სურთ შემოუერთდნენ საინიციატივო ჯგუფს და თანდათან ვიზრდებით.  

პირველ ეტაპზე საინიციატივო ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნებით დავიწყეთ, რათა საზოგადოების პოზიცია მოგვესმინა. 

შემდეგი ეტაპი ოფიციალურ უწყებებთან კომუნიკაცია, კონსულტაციების გავლა და  საკითხის ადვოკატირებაა. 

ამ საკითხზე,  როგორც მოქალაქეებმა, ასევე პასუხისმგებელმა უწყებებმა, მიზანმიმართული პროცესები უნდა წარვმართოთ საჭირო შედეგის მისაღწევად.  

მნიშვნელოვანია, როგორც ხიმშიაშვილების საგვარეულო სასახლის, ასევე ხულოში არსებული ხიმშიაშვილების სასაფლაოს რესტავრირება. ვფიქრობ, ორივე მათგანი მნიშვნელოვანი ძეგლია და აუცილებელია შევამჩნიოთ, დავაფასოთ და შევინარჩუნოთ“, – ამბობს „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელი.

___ 

მე-20 საუკუნის დასაწყისში გაზეთ „საქართველოში“ აპოლონ წულაძე აქვეყნებს სტატიას, სადაც ამ სიტყვებით აღწერს ბეგის სახლს: „უახლოვდები აჭარის მძლეთა-მძლის ჯემალ ბეგ ხიმშიაშვილ-აჭარელის დიდებულ სასახლეს, ევროპულ გეგმაზე აგებულს, თლილი ქვის შენობას, ალებასტრით შელესილს“.

ეს ამ სახლის ზოგადი დახასიათება.

ჯემალ ბეგი ახმედ ბეგის შვილიშვილია. სტატიის ავტორი სახლს ჯემალ ბეგის კუთვნილებად იქიდან გამომდინარე მოიხსენიებს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლის განახლებაში ჯემალ ბეგს დიდი წვლილი მიუძღოდა.

ხულოს რესურსცენტრის შენობა – სახლს ერთი სართული საბჭოთა ეპოქაში დააშენეს.

ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმში ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული 60 წლამდე კაცია. ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ისრაელმა Pfizer-ს კოვიდის ახალი პრეპარატი შეუკვეთა

ისრაელმა  კომპანია „პფაიზერს“ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის – „პაქსლოვიდის“ 100 000 აბი შეუკვეთა  მოქალაქეებისთვის 12 წლიდან, რომლებიც მძიმე დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხის ცნობით,  ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეუთანხმდა Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას სატელეფონო საუბრისას, თუმცა კომპანიისგან დასტური მყისვე არ მიუღია.

„პფაიზერის“ კლინიკური გამოკვლევების მიხედვით, „პაქსლოვიდი“ თითქმის 90%-ით ეფექტური იყო მძიმე დაავადებების მქონე პირებთან ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილებისთვის.

ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტიანობას კოვიდის ახალი შტამის, „ომიკრონის“ წინააღმდეგაც. 

ამავე თემაზე: 

„ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდის ახალი პრეპარატი 89%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში 80 თანამშრომელი გაიფიცა

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ.

„ტერმინალში მუშაობა შეჩერებულია, 120 თანამშრომლიდან 80 გაფიცულია,“ – ამბობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი ამირან მიქელაძე.

ამ ეტაპზე გაფიცულ თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

„ყველაფერი კარგად დასრულდება, სხვა კომენტარს არ გავაკეთებ,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის მმართველმა დირექტორმა, ნიკოლოზ გოგოლმა. მან ასევე გვითხრა, რომ შეხვედრის დასრულებას უნდა დაველოდოთ.

გაფიცულები შრომითი  უფლებების დაცვას ითხოვენ: ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას და შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვას.

გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე შრომის ანაზღაურების 50 %-ით გაზრდა. 

ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაფიცვამდე ტერმინალის თანამშრომლებმა მედიაცია სცადეს, რაც უშედეგოდ დასრულდა, ხოლო შემდეგ გაფიცვის შესახებ გააფრთხილეს ნავსადგურის ადმინისტრაცია.

„თითქოს კანონს არ არღვევენ, რადგან ჯამში 40 საათს არ აჭარბებს სამუშაო საათები, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა, მაგალითად, ერთი კაცის მუშაობა ამწესთან, რომელიც გადაბმულად სამი ღამე მუშაობს? დარღვეულია კანონის მოთხოვნა იმ ნაწილშიც, რომ წინასწარ უნდა გააფრთხილონ ადამიანები, როცა მათ ღამის ცვლაში მუშაობა უწევთ.

ბიულეტენზე ანაზღაურებენ მხოლოდ 15 სამუშაო დღეს, რაც კანონის დარღვევაა. დანარჩენ დღეებს კი შვებულებაში უთვლიან, იმის მიუხედავად, თუ რას ჩაწერს ბიულეტენში ექიმი.

შრომის ინსპექციამაც დაადგინა დარღვევები, მაგრამ სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ პროცესი გააჭიანურონ,“ – ამბობს ამირან მიქელაძე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი.

 

10 წლიდან ვმუშაობ, ავად ვარ და ვერც ატესტატი ავიღე – 15 წლის შოთას ისტორია

შოთა ბოლქვაძე 15 წლისაა. სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა მუშაობა დაიწყო – საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა. მერე ავად გახდა და სკოლაში ვეღარ შეძლო სიარული. შოთა მეზღვაურობაზე ოცნებობს, თუმცა ატესტატი არ აქვს.

შოთას ოჯახში მასთან ერთად კიდევ ათი ადამიანი ცხოვრობს – შოთას მშობლები, ბებია-ბაბუა, მისი და-ძმები და 3 წლის დისშვილი. ყველაზე პატარა შოთას 6 თვის ძმაა. შოთას სკოლაში სწავლის პარალელურად ფიზიკური მუშაობა სიღარიბის გამო უწევდა. „ათი წლიდან ვმუშაობ“, – გვეუბნება ის.

„მამაჩემი წყლის მოხელეა და ხშირად დავყვებოდი სამუშაოზე. წყლის მილების ტარება, გადატანა-მიწოდება მიწევდა ხოლმე. ზოგჯერ კაფელზეც ვმუშაობდით. გააჩნია, სად გამოჩნდებოდა სამუშაო.

სეზონურ სამუშაოებზეც მიწევდა შრომა, მანდარინის კრეფაზე დავდიოდით“, – ამბობს შოთა.

შოთა პატარა დისშვილს თხილს უტეხს

საუბარში გვერთვება შოთას დედა – ინგა, რომელიც ამბობს, რომ შოთა საოჯახო საქმეებშიც ეხმარება.

„ფაქტობრივად, პატარა და-ძმები მისი გაზრდილია. როცა სამუშაოზე გავდიოდი, ბავშვებს მას ვუტოვებდი, შემდეგ კი მამას გაჰყვებოდა.

მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს, კაფელზე მუშაობს, მანდარინს კრეფს. არადა, მისი დატვირთვა არ შეიძლება“, – გვეუბნება ინგა, შოთას დედა.

  • „არავინ მომიკითხა სკოლიდან“

შოთას მეცხრე კლასი არ დაუსრულებია. ერთი წლის წინ თავი ცუდად იგრძნო, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნეფრიტის დიაგნოზი დაუსვეს. კლინიკაში რამდენიმე კვირა დაჰყო, შემდეგ კი მკურნალობა სახლში გააგრძელა.

ავადმყოფობის გამო სკოლაში ვერ იარა და სასწავლო პროგრამასაც ჩამორჩა.

„როცა ავად იყო, არავინ მოიკითხა, არც დირექტორმა, არც დამრიგებელმა, როცა მომჯობინდა და მივედით სკოლაში, კლასში ჩავტოვებთო – გვითხრეს. ამის გამო საერთოდ აღარ ისურვა სწავლის გაგრძელება. სხვა კლასელებთან ერთად არ დავჯდებიო“, – ამბობს დედა.

„არავის დაურეკავს და უკითხავს, როგორ ხარ, აპირებ თუ არა სწავლას, როგორ აპირებ ცხოვრებას… ვიცი, რომ ზოგ სკოლაში დირექტორი კითხულობს ბავშვებს, ზოგან – დამრიგებელი ან მანდატური. მე არავის მოვუკითხივარ. არც თანაკლასელებს. ხანდახან ქუჩაში თუ გადავეყრებით, ეგ არის“, – გვეუბნება შოთა.

შოთა ბოლქვაძე, 15 წლის

მისი თქმით, სასკოლო გარემო მაინც და მაინც არც ადრე ყოფილა მის მიმართ მეგობრული. „ყველა თავისთვის იყო, არავის არავინ აინტერესებდა“, – გვეუბნება ის.

მეგობრები ძირითადად იმ უბანში ჰყავს, სადაც ცხოვრობს. ისინი სკოლაში დადიან და შოთაზეც შესტკივათ გული. „კარგი იქნება, შენც რომ იარო ჩვენთან ერთად, ატესტატსაც აიღებდი და ისწავლიდიო – მეუბნებიან“.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, საბაზო განათლება ბავშვისთვის სავალდებულოა. შოთას შემთხვევაში კი, ეს უფლება დაირღვა. მან ვერ მოახერხა საბაზო საფეხურის დასრულება, შესაბამისად, ვერც ატესტატი აიღო, ამიტომ ვერც პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას.

„ამის გამო ძალიან მწყდება გული, რადგან მეზღვაურობა მინდა და სწავლის გაგრძელებას ვერ ვახერხებ. იქნებ ჩემი ცხოვრებაც შეცვლილიყო და ჩემი ოჯახის წევრებისაც“, – გვეუბნება შოთა.

მალე შოთას გამოკვლევები უწევს, გულზეც უნდა გადავუღოთო, – ამბობს დედა, თუმცა ოჯახს ფინანსების პრობლემა აქვს.

„ვნახოთ, რა იქნება“, – გვეუბნება დედა.

  • უსახლკაროდ – 6 შვილით, უშუქო სახლში

სიღარიბის გამო შოთას ბევრ სურვილზე უწევს უარის თქმა.

15 წლის ბიჭს ბავშვობიდან უწევდა თავის და-ძმაზე ზრუნვა და ახლაც მათზე ფიქრობს. როცა ვკითხეთ – რის შეძენას ისურვებდა, მაშინაც კი თავისი და-ძმა გაახსენდა. „კარგი იქნება, მათთვის კარგი ჩასაცმელი რომ მეყიდა… ჩემთვისაც. რამე ისეთი, როგორც სხვა ჩემს თანატოლებს აქვთ“, – ამბობს შოთა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ არც საკუთარი ბინა აქვთ.

შოთას და მის და-ძმებს სახლი არ აქვთ, 10-სულიანი ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს.

„ექვსი შვილი მყავს, პატარა 6 თვისაა. ადრე ქედაში, სოფელ კვაშტაში ვცხოვრობდით, მაგრამ მეწყერმა დაგვიზიანა კარმიდამო. შემდეგ ჩელტაში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში შევსახლდით. ფართობი საკუთრებაში არ გვაქვს, ამიტომ არც შუქის გაყვანის უფლებას გვაძლევენ. ხან ვისგან გამოგვყავდა და ხან ვისგან. ახლაც ჩახსნილი გვაქვს შუქი.

ამ ზამთარში ბავშვებს იქ ვერ გავაჩერებდი, ამიტომ ბათუმში გადმოვედით. ეს სახლი ჩემმა ძმამ იქირავა, დროებით აქ ვართ“, – გვეუბნება ინგა.

ქალი გვიყვება, რომ ბინის თხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

ოჯახში ყველაზე პატარა 6 თვისაა.

„ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობაა. ათას ლარამდე ვიღებთ, მაგრამ ათი ადამიანი ვცხოვრობთ ოჯახში. პატარა ბავშვებს მეტი სჭირდებათ.

ბავშვებმა სწავლა ვერ მოახერხეს. ჩემი ერთი გოგონა 16 წლის იყო, როცა დაქორწინდა. არ ვიყავი ნაადრევი ქორწინების მომხრე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. შემდეგ მალე დაშორდა მეუღლეს და ახლა ისიც თავის 3 წლის შვილთან ერთად ჩვენთან ცხოვრობს.

დედის თქმით, შოთა პატარაობიდან ზრუნავდა თავის და-ძმაზე

უფროსი გოგოც ადრე დაქორწინდა და ისიც დაშორდა. ძალიან განიცადა და ამის გამო ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სახელმწიფო, ფაქტობრივად, ვერ მეხმარება, რადგან ჩემი შვილი ექიმთან არ მიდის კონსულტაციაზე, მე კი უფლება არ მაქვს რამე ვაიძულო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მინდა დავეხმარო, არ მინდა ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს“, – გვეუბნება ინგა.

ოჯახური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელება ვერც ლუკამ შეძლო. მეცხრე კლასი არც მას დაუსრულებია, ამიტომ ვერც ის ახერხებს პროფესიული განათლების მიღებას. ლუკა 17 წლისაა და მიკროავტობუსების გამცილებლად მუშაობს. სკოლაში, ჯერჯერობით, მხოლოდ მათი ერთი ძმა – ბექა დადის.

„ძალიან მინდა, რომ სწავლა დაასრულოს. აეროპორტში უნდა მუშაობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო. ლუკაზე და შოთაზეც ძალიან ვდარდობ, რადგან ატესტატები არ აქვთ, გოგოებს საბაზო განათლება მაინც აქვთ.

გული მტკივა, რადგან სიღარიბის გამო შვილები მეჩაგრება“, – გვეუბნება ბავშვების დედა, ინგა.

__________________________

მკითხველთა თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.

შოთა ბოლქვაძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

სს საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულება: ქველმოქმედება – შოთა ბოლქვაძის მხარდაჭერა

 

ფოთის ყოფილ მერს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქრთამის აღებაზე

პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა სამსახურებრივი მფარველობისა და სამუშაოების შესრულებამდე თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის – შპს „პირამიდა ფ.რ. ფილიალის“ წარმომადგენლისგან ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხა – 30 000 ლარი აიღო.

ასევე, ფოთის მერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს დაეხმარა თაღლითური გზით დაუფლებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 439 892.46 ლარს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს, ფოთის მერსა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგვიანებით, ფოთის მერი აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს შეუთანხმდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 30 000 ლარი აიღო.

აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელმა ფოთის მერთან შეთანხმებით, ეტაპობრივად დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების შესახებ. ფოთის მერმა კი, მის დაქვემდებარებაში მყოფ რამოდენიმე თანამდებობის პირს და თანამშრომელს აღნიშნული ყალბი აქტების ხელმოწერებით დადასტურება დაავალა,“ – წერს პროკურატურა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ფოთის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის II ნაწილით (ქრთამის მოთხოვნა და აღება), 25, 180-ე მუხლის III ნაწილით (თაღლითობაში დახმარება), 210-ე მუხლის II ნაწილით (ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა – 40 000 ლარი და 3 წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

ამავე განაჩენით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ათი პირი, მათ შორის – ფოთის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო, ოთხმა ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

____________

ფოტოზე: ირაკლი კაკულია, ფოთის ყოფილი მერი

ბათუმში კოვიდზე 36 ბავშვი მკურნალობს

ბათუმში, იაშვილის კლინიკაში, 27 დეკემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსზე სხვადასხვა ასაკის 36 ბავშვი მკურნალობს.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„დაახლოებით 40-მდე მერყეობს პაციენტების რაოდენობა. ძირითადად 15 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ახალშობილთა რეანიმაციაში გვყავს 6 ბავშვი, აქედან 4 ახალშობილია,“ – გვითხრეს კლინიკაში.

კორონავირუსის რომელი შტამი ფიგურირებს ბავშვებში? – კლინიკაში ამბობენ, რომ ამის შესახებ მათ ინფორაცია არ აქვთ.

 

ვინ არის და რა ქონებას ფლობს პროფესიით ფინანსისტი ჯანდაცვის ახალი მინისტრი

27 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაასახელა.

42 წლის ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის სექტორში არასდროს უმუშავია, იგი პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. მისი წარდგენისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში“.

ზურაბ აზარაშვილი აქამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მისი კარიერა საჯარო სამსახურში 2020 წელს დაიწყო, როცა აზარაშვილი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ გენერალურ დირექტორად დანიშნეს. აზარაშვილი ასევე იყო „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი, 2014-2020 წლებში – „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორი, 2013 – 2014 – „კორ სტანდარტ ბანკის“ ოპერაციების დირექტორი.

2003-2008 წლებში ზურაბ აზარაშვილი მუშაობდა „ქართუ ბანკში“, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის.

2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, აზარაშვილის შემოსავალი 2020 წელს, როგორც „დელტას“ გენერალური დირექტორის 58 362 ლარი იყო, როგორც „თბილავიამშენის“ დირექტორის – 46 199 ლარი [ამ კომპანიაში აზარაშვილი 2020 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა].

2020 წელს აზარაშვილმა, როგორც „ტერაბანკის“ კომერციულმა დირექტორმა, ყველაზე დიდი ოფიციალური შემოსავალი „ტერა ბანკისგან“ მიიღო – 174 870 ლარი სამ თვეში [2020 წლის პირველი იანვრიდან 11 მარტამდე პერიოდში].

ჯანდაცვის ახალ მინისტრს 2020 წელსაც აქვს შევსებული დეკლარაცია, თუმცა დეკლარაციაში არ არის ასახული 2019 წლის შემოსავლები.

ზურაბ აზარაშვილი ფლობს 500 კ.ვმ მიწის ნაკვეთსა და 123 კ.ვმ  სახლს თბილისში, ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩაზე, ასევე, მისი შვილი, 20 წლის მარიამ აზარაშვილი, ფლობს 133 კვ.მ ბინას ნუცუბიძეზე.

ჯანდაცვის ახალ მინისტრს ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.

ნაძვის ხე ვანდალურად დააზიანეს – მერია

ბათუმის ცენტრალურ ნაძვის ხეზე განათებების ნაწილი დაზიანდა. მერიაში განაცხადეს, რომ განათებები ვანდალურად დააზიანეს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაუფრთხილდნენ ქალაქის საკუთრებას.

„ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის განათებებისა და მორთულობები ვანდალურად დააზიანეს. ნაძვის ხის დაზიანებული მონაკვეთი უკვე აღდგენილია. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ქალაქის საკუთრებასა და მორთულობებს, რომელიც ქმნის სადღესასწაულო განწყობას“-ამბობს მერია.

ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთო. წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის და ქალაქის განათებებისთვის ბიუჯეტიდან 700 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.

71 გარდაცვლილი და კოვიდის 986 ახალი შემთხვევა – 27 დეკემბერი

27 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 71 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარაში – 95, იმერეთში – 118, ქვემო ქართლში – 30, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 54, კახეთში -52, მცხეთა-მთიანეთში -20, სამცხე-ჯავახეთში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -5.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების ინფიცირების 26 689 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 3-6 იანვარს – მთავრობის დადგენილება

2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები, ასევე 8 და 9 იანვარი, მთავრობის დადგენილებით უქმე დღეებადაა გამოცხადებული, თუმცა იქვე განსაზღვრულია, თუ ვისზე არ გავრცელდება ეს დადგენილება საჯარო დაწესებულებებში.

დადგენილების მიხედვით, საჯარო დაწესებულება [ადმინისტრაციული ორგანო] თავად განსაზღვრავს იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში იმუშავებენ, მიუხედავად უქმე დღეებისა.

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

აღნიშნული დადგენილება ასევე არ ვრცელდება:

[crosslist]

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

[/crosslist]

პირველი იანრიდან 10 იანვრამდე საჯარო დაწესებულებებისთვის უქმე დღეების გამოცხადების შესახებ, 22 დეკემბერს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მთავრობამ კი, შესაბამისი დადგენილება 24 დეკემბერს მიიღო.

 

რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

საქართველომ რუსეთიდან წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში. ვინაიდან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოხმარება იზრდება, ადგილობრივი გამომუშავება კი შემცირებულია, შესაბამისად, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.

ქართული მხარე იმპორტის გაზრდას აფხაზეთს უკავშირებს, აფხაზეთში კი, დენის მოხმარების ზრდის მიზეზად მაინინგს ასახელებენ და მიწოდებაში მაინც შეზღუდვებია.

ე.წ. მაინინგი სახელდება მესტიაში დენის შეზღუდვის მიზეზადაც, რის გამოც დენი მუნიციპალიტეტს დღეს შეზღუდვით მიეწოდება.

2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით რუსეთიდან უკვე შესყიდულია 1.108 მილიარდი კილოვატსაათი ენერგია, მაშინ როცა, მაგალითად, პანდემიის [2020] და არაპანდემიის [2019] წლებში, ამავე ქვეყნიდან შესყიდული იყო, შესაბამისად, 570.6 მილიონი და 524.5 მილიონი კვტსთ.

ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან 2021 წელს საგრძნობლად გაიზარდა:

რუსეთისგან შესყიდული ელექტროენერგია წლების მიხედვით / წყარო: ესკო / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ხომ არ ხდება საქართველოს ენერგეტიკული თვალსაზრისით ისევ ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებული, თუნდაც ისეთ პერიოდში, როცა ადგილობრივი დენის გამომუშავება მინიმუმამდე დადის, მაგალითად, ზამთარში? – მით უმეტეს, წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის 61.6% რუსეთიდანაა.

წყარო: ესკო

ესკოს ძირითადი ფუნქცია საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვაა [მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზითაც].

„არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც ჩვენ შემოგვაქვს ელექტროენერგია. ამჯერად არის რუსეთის კომპანია, იმიტომ, რომ ელექტროენერგიის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში დადო ყველაზე დაბალი ფასი. მომწოდებელი კი ირჩევა მხოლოდ და მხოლოდ ფასის გამო“, – გვითხრეს ესკოში.

ესკოში ასევე გვითხრეს, რომ „ამ ეტაპზე უფრო მეტად მოხმარება გაზრდილია ძირითადად აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა რატომ და რა მიზეზით, ეს ესკოს დასათვლელი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვართ შემსრულებელი ინსტრუმენტი. გვეტყვიან აქ საჭიროა ენერგია მიგვაქვს… რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპით ხდება აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოთ“.

რაც შეეხება ზოგადად იმპორტის ზრდას, ესკოში ამბობენ, რომ „გაზრდილია მოხმარება და შესაბამისად იმპორტი, მით უმეტეს ზამთრის თვეებში. ზაფხულის თვეებში კი ეს სტატისტიკა ასე არ არის და იმპორტი გაცილებით ნაკლებია, ან საერთოდ არ არის და ელექტროენერგია გაგვაქვს ექსპორტზე.“

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდასთან დაკავშირებით ისევ ესკოს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2021 წლის 11 თვეში 1,8 მილიარდი კვტსთ-ით მეტი ელექტროენერგიაა მოხმარებული, ვიდრე 2019 წლის იგივე პერიოდში.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2019-2021 წლებში საქართველოში ექსპლუატაციაში გაეშვა 18 ჰიდრო და 1 თბოსადგური [„გარდაბნის თბოსადგური 2“].

აქვე საინტერესოა ის, რომ ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, „ესკო არ მონაწილეობს ინვესტორთან გასაფორმებელ მემორანდუმში ფასის და შესასყიდი პერიოდის განსაზღვრის პროცესში. იგი მთავრობასა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმებით, მემორანდუმებში ასახული პირობების გათვალისწინებით ინვესტორთან აფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას“.

რამდენი ნებართვა გაიცა საქართველოში ჰესების მშენებლობაზე 2012 წლიდან დღემდე და რამდენ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს 2012 წლის შემდეგ აშენებული ჰესები ჯამურად? ასევე რამდენი განაცხადია შესული სამინისტროში ჰესის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით და რა მემორანდუმებია გაფორმებული? – ამ კითხვებზე პასუხი ეკონომიკის სამინისტრომ „ბათუმელებს“, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწოდა.

სამინისტროსთვის კითხვები რუსეთიდან დენის იმპორტის გაზრდასთან და აფხაზეთისთვის მიწოდებასთან დაკავშირებითაც გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხები ამ დრომდე არც ამ კითხვებზე მიგვიღია.

დენის მოხმარება საქართველოში [ესკოს მონაცემებით]:

  • 2021 წელი [იანვარი-ნოემბერი] – 13 777.7 მლნ. კვტსთ
  • 2020 წელი – 12 412.6 მლნ. კვტსთ
  • 2019 წელი – 13 147.2 მლნ. კვტსთ
  • 2018 წელი – 13 186.5 მლნ. კვტსთ

ესკოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ყველა ძირითადი ინფორმაცია მათ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება, თუმცა ამ გვერდზე ჯერ გამოქვეყნებული არ არის კომპანიის 2020 წლის წლიური ანგარიში.

ესკოს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველებში ელექტროენერგიის იმპორტიორთა წილი ნახევარზე მეტი, 53 პროცენტი იყო.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველების რაოდენობრივი მაჩვენებლები
და მათი წილობრივი მონაწილეობა 2019 წლისათვის:

წყარო: ესკო [2019 წელს საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მთლიანი საბითუმო ვაჭრობის 21,7 პროცენტს  შეადგენდა]
ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, ესკოს შემოსავალმა 2020 წელს 648.8 მილიონი ლარი შეადგინა, წლის მოგებამ კი – 3.9 მილიონი ლარი. აუდიტის მიხედვით, კოვიდპანდემიას  არანაირი არსებითი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ესკოს მუშაობაზე.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის „საკრედიტო რისკი არსებობს აფხაზეთში მოხმარებული საბალანსო ელექტროენერგიის დავალიანებაზეც… აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰესების მიერ. იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან მომდევნო საანგარიშო პერიოდში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად… აღნიშნული ჰესების ვალდებულებაა მიაწოდოს აფხაზეთს ელექტროენერგია უსასყიდლოდ და ესკო საბალანსო ელექტროენერგიის დაბრუნების დროს, აწვდის შიდა მომხმარებლებს ამ ელექტროენერგიას ბაზრის წესების მოთხოვნით, არსებული საშუალო შეწონილი ფასით“.

ვინაიდან 2021 წლის თებერვალ-აპრილში ენგურჰესი გაჩერებული იყო, ესკო აფხაზეთს რუსეთში ნაყიდ დენს აწვდიდა.

ენგურის გაჩერებამდე, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ნეტგაზეთთან ამბობდა, რომ ენგურის გაჩერების პერიოდში აფხაზეთისთვის საჭირო იქნებოდა დაახლოებით 450 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია. თუმცა, ესკომ, მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, ორჯერ მეტი – 909.1 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია იყიდა რუსეთში და მიაწოდა აფხაზეთს.

ესკომ რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა მაისის შემდეგაც გააგრძელა, თუმცა ეს დენი აფხაზეთისთვის არ მიუწოდებია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, ესკომ რუსეთიდან 71.92 მილიონი კვტსთ, ხოლო აზერბაიჯანიდან – 29.57 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია შეისყიდა.

როცა ესკო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას აფხაზეთისთვის მიწოდებას უკავშირებს, აფხაზეთში ენერგოდეფიციტია. დენის მიწოდებაში დაწესებული შეზღუდვების გამო კი, ადამიანებს დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად გათბობის გარეშე, სიცივეში უწევთ ცხოვრება.

[toggle title=”ენერგოკრიზისი და მაინინგი – რა ხდება აფხაზეთში, ნახეთ აქ:“]

აფხაზეთში 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, გაცილებით მეტია. მიზეზი კრიპტოვალუტის მოპოვებაა, რაშიც ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „აიდიგლარას“ ხელმძღვანელმა, გარი კოკაიამ განაცხადა, რომ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლები ჯერ კიდევ შეზღუდვების დაწესებამდე შეხვდნენ მოსახლეობას და გააფრთხილეს, რომ თითოეულ ოჯახს მაინინგის ხუთ აპარატზე მეტის დადგმის უფლებას არ მისცემდნენ და მცირე კრიპტოფერმებს პრობლემა არ შეექმნებოდათ.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება მაინინგის ლეგალიზებაზე საუბრობდა, ყველამ, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, კრიპტოვალუტის მოპოვების დანადგარები შეიძინა.

აფხაზეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, მაშინ 60 ათასი აპარატი იყო აფხაზეთში შემოტანილი. თუმცა, სანამ მათი მფლობელები საჭირო ნებართვებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მოპოვებას ცდილობდნენ, აფხაზეთში მაინინგი აიკრძალა.

კოკაია აცხადებს, რომ თავიდანვე ნათელი იყო, აფხაზურ “კრიპტოსამოთხეს” მომავალი არ აქვს, რადგანაც 60- წლიანი ექსპლუატაციის მქონე ენერეგოსადენები ელექტროენერგიის დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებდა. საბოლოოდ, ადამიანები დარჩნენ ვალებითა და აკრძალული აპარატურით. შესაბამისად, დაიწყეს არალეგალური საქმიანობა.

მიმდინარე წლის დეკემბერში აფხაზეთმა კვლავ სთხოვა რუსეთს ელექტროენერგიით დახმარება.

[/toggle]

რუსეთიდან დენის იმპორტის გაზრდასთან დაკავშირებით კომენტარის მიღება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში [სემეკი] ვცადეთ. აქ გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი [ესკო] ფლობს და უმჯობესია კომენტარისთვის მას მივმართოთ.

ესკოში „ბათუმელებს“ ოფიციალურ კომენტარზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ესკო არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და არ აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და კომენტარის გაკეთების ვალდებულება [ესკო სააქციო საზოგადოებაა და მისი აქციები სრულად ეკუთვნის საქართველოს მთავრობას].

ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, ესკომ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მიმდინარე წლის მაისში, ახალი სააქციო საზოგადოების [„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“] წესდება დაამტკიცეს. ენერგეტიკის სექტორში ახალი წესები 2022 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

ახალი წესების ამოქმედებით კი, 2022 წლის იანვრიდან, ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლებიც უნდა გამოჩნდნენ, ვინაიდან სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ელექტროენერგეტიკული ბირჟის [ბაზრის] გახსნა.

ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა და მომხმარებლისთვის მისი მიწოდების უფლება კი, წესით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება, ვინც მანამდე სემეკში თავისუფალ მიმწოდებლებად დარეგისტრირდება.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, როდის დაიწყება ნარჩენების მიღება?

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან დასრულებულია და ნარჩენების მიღება 2022 წლის ივნისში უნდა დაიწყოს. მანამდე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ ნაგავსაყარისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს.

ახალი ნაგავსაყარის ამუშავების პარალელურად დაიწყება ბათუმისა [ადლიაში] და ქობულეთის [ორი] არსებული ნაგავსაყარების დახურვის სამუშაოები, რასაც ასევე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ შეასრულებს.

ახალი ნაგავსაყარის ექსპლუატაციის ვადა, რომელიც 35 წელზეა გათვლილი, შესაძლოა ცოტათი შემცირდეს, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც ნაგავსაყარზე დაამოტაჟებენ დანადგარს, რომელიც ადგილზე მისაღები ნარჩენების რაოდენობას გაზრდის.

საქმე იმაშია, რომ ვიდრე ნაგავსაყარი აშენდებოდა, აჭარაში ნარჩენების შეგროვების არეალიც გაიზარდა და, შესაბამისად, ნარჩენების ოდენობაც.

ახალი ნაგავსაყარის ტერიტორია ცეცხლაურში

ახალ ნაგავსაყარს,თავდაპირველი გათვლებით, წლის განმავლობაში 75 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენები უნდა მიეღო. დღეს კი, ეს რაოდენობა 120 ათას ტონამდეა გაზრდილი, ამიტომ საპროექტო გათვლები კეთდება ისე, რომ ნაგავსაყარმა წელიწადში 150 ათას ტონამდე ნარჩენი მიიღოს.

ახალი ნაგავსაყარის ტერიტორია /ნაგავსაყართან მისასვლელი გზის ორივე მხარეს, და შიგა თავისუფალ ტერიტორიებზე 7 000 ძირზე მეტი წიწვოვანი ხე-მცენარეები გააშენეს/ ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

„აჭარის ნაჩენების მართვის კომპანიის“ სკრინინგის ანგარიშიდან:

ახალ ნაგავსაყარზე მოხდება ნარჩენების დახარისხება. ამასთან, სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსებისთვის იქნება სპეციალური კონტეინერი. საშიში ნარჩენები ზემოთაღნიშნულ კონტეინერში განთავსდება დროებით და დაგროვების შესამაბისად, ის სათანადო გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით, გაუვნებლობის მიზნით, გადაეცემა სპეციალური ნებართვის მქონე ორგანიზაციებს.

ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონისათვის შეთავაზებულია გაზის ელექტროენერგიად გარდაქმნა, სისტემაში გაზის ძრავების დამატებით, რაც უკვე მოწყობილია ადგილზე.

ნაგავსაყრელის გაზის მთლიანი რაოდენობა სრული ციკლის დროს დაახლოებით 700 მილიონ მ/კუბია. ნარჩენებისგან აირების გამოყოფის სრული პერიოდი კი შეფასდა 70 წლით.

დოკუმენტის მიხედვით, გაზის დამჭერი მილების დაინსტალირება ნარჩენების ფენებში უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ რაც დაგროვდება ნარჩენების საკმარისი რაოდენობა შუალედური გადაფარვისათვის – ოპერირების დაწყებიდან 2-3 წლის შემდეგ.

„საწყის ეტაპზე აირი აუცილებლად უნდა შეგროვდეს და დაიწვას. გაზის რაოდენობის მატებასთან ერთად კი, ის შეიძლება მიეწოდოს ნაგავსაყრელის ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს და/ან ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან, გაზი შესაძლოა გამოყენებული იქნას ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მიმდებარე მოსახლეობის მომარაგების მიზნით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება არსებულ ნაგავსაყარს ბათუმის ადლიის დასახლებაში, სერიოზული პრობლემაა გამონაჟონისა და ნაგავსაყრელის აირების შემკრები და გამწმენდი სისტემების არ არსებობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, ხორციელდება პროექტი, ბათუმის ნაგავსაყრელის სათანადოდ დახურვისა და ტერიტორიის აღდგენის კუთხით.

ახალი ნაგავსაყარის ტერიტორია / ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე რამდენიმე წელია მიმდინარეობს მუშაობა. ბოლო ინფორმაციით მშენებლობა გასულ, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო:

ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა.

ამავე თემაზე ვრცლად, ბათუმელების არქივიდან:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

 

საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა – ასეთი ჩანაწერი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ორი დღის წინ, 24 დეკემბერს გაჩნდა.

პარლამენტმა შესაბამისი კანონი 2021 წლის 15 დეკემბერს მიიღო.

ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემაზე საუბარი 2020 წელს დაიწყო და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებიც იმავე წელს დაამტკიცა. ცვლილება, ცალკეულ ეკლესია-მონასტერთან, თითოეულ შემთხვევაში, არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის გადაცემას ითვალისწინებდა.

კანონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო – მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეიძლებოდა ტყეების გადაცემა მხოლოდ იმ ეკლესია-მონასტრებთან, რომლებიც 2010 წლის აგვისტომდე ფუნქციონირებდნენ [„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ეწერა, რომ შეიძლებოდა „ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობების“ გადაცემა. ეს კანონი კი სწორედ 2010 წლის 9 აგვისტოს ამოქმედდა].

ორი დღის წინ შესული ცვლილებით, გაიზარდა იმ ეკლესია-მონასტრების რაოდენობა, რომელთა მიმდებარე ტყეები შესაძლოა გადაეცეს მართლმადიდებელ ეკლესიას: ახლა შესაძლებელია 2021 წლამდე არსებული ყველა-ეკლესია მონასტრის მიმდებარე ტყეები გადაეცეს საპატრიარქოს.

კანონში ცვლილება რომ არ შეეტანათ, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ვერ მოხერხდებოდა ტყის ფართობების გადაცემა იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომლებიც 2010 წლის შემდეგ ამოქმედდა.

სწორედ ეს ჩანაწერი „გაასწორა“ პარლამენტმა 2021 წლის 15 დეკემბერს. ამიტომ, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით, უკვე შესაძლებელია:

„ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს 2021 წლამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების [უბნების – ავტ.] საზღვრები.“.

ამავე კანონით, სახელმწიფო ქონების [ამ შემთხვევაში ტყის – ავტ.] შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაც – სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში. ქონების პირდაპირი მიყიდვის გადაწყვეტილებას კი, საქართველოს მთავრობა იღებს.

ამავე თემაზე:

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

ხელვაჩაურის მერის ხელფასიც გაიზარდა და 5060 ლარი იქნება

2022 წლის იანვრიდან ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაზრდილ ხელფასს, 5 060 ლარს აიღებს. აქამდე მერის ხელფასი 3 500 ლარი იყო.

გაზრდილ ხელფასებს აიღებენ მერის მოადგილეებიც. პირველი მოადგილის ხელფასი, 2 200 ლარის ნაცვლად, 3 850 ლარი იქნება, ხოლო მერის მოადგილის – 3 520 ლარი, 1800 ლარის ნაცვლად.

ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით, ხელფასები ეზრდებათ მერიაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს.

მაგალითად:

მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი 2022 წლის იანვრიდან იქნება 1 650 ლარი [1 500 ლარის ნაცვლად], ხოლო მოადგილის – 1 540 ლარი [1 400 ლარის ნაცვლად];

მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი იანვრიდან 1 320 ლარს მიიღებს, უფროსი სპეციალისტი კი – 880 ლარს.

გაიზარდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში მერის წარმომადგენელთა ხელფასებიც. წარმომადგენლის ხელფასები დღეს 900 და 700 ლარითაა განსაზღვრული, იანვრიდან კი ეს თანხა შესაბამისად 990 და 770 ლარი იქნება.

2022 წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ხელვაჩაურის საკრებულოშიც.

მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იქნება 4 510 ლარი [3 500 ლარის ნაცვლად. პირველი მოადგილის ხელფასი – 3 410 ლარი, ხოლო მოადგილეების – 2 970 ლარი [2 200 ლარის ნაცვლად]:

ხელფასები ხელვაჩაურის საკრებულოში / წყარო: საკრებულოს დადგენილება

ხულოს სოფლებში თოვლისგან გზები ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გზები თოვლისგან გაწმენდილი არ არის.

ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია, თუმცა დარჩენილია ზოგიერთი სოფლის შიდა გზები.

„ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს სოფლის გზების გაწმენდაზე. ხვალ, 27 დეკემბრის დღის ბოლომდე, სოფლების შიდა გზები [ყველა უბნის ჩათვლით] იქნება გაწმენდილი. ამ დროისთვის მოგვარებულია ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც“ – გვითხრეს მერიაში.

აჭარის მაღალმთიანეთში მეორე დღეა აღარ თოვს. სინოპტიკოსების ცნობით, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნებული იქნება მინიმუმ მომდევნო 2-3 დღეს.

ხულო, სოფელი ქედლები / 26.12.2021

სამთო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა მუშაობა დაიწყეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა – მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს – აცხადებს შსს.

პატრულები სამთო-სათხილამურო კურორტზე / შსს-ს ფოტოები

სამინისტროს ინფორმაციით, „მათთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.

მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის [თეთნულდი, ჰაწვალი], და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ.

მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.“

სამთხო-სათხილამურო კურორტებზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება – აცხადებს შსს.

გუშინ, 25 დეკემბერს, აჭარაში, კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა:

რა ღირს კურორტ „გოდერძიზე“ დასვენება – სეზონი გაიხსნა

ორშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 დეკემბრის 21 საათიდან 27დეკემბერი 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ-ში;

26-27 დეკემბერს, ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა კარგი; ტალღის სიმაღლე 5-10 დმ.(3 ბალი). ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო 2 დღეს, 28 და 29 დეკემბერს ბათუმში, ასევე აჭარის სანაპირო და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

მთავარი ფოტო: ბათუმი / 25.12.2021 / პირსი, რომელიც შტორმმა ნაწილობრივ დაანგრია.

 

 

კორონავირუსით 69 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1661 ახალი შემთხვევა – 26 დეკემბერი

26 დეკემბრის დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 69 ადამიანი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 1 661 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 421 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 320 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 661 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  924 368-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.21%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 881 863.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 56, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 28 967 საიდანაც:

• 5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 119, აჭარაში – 535, იმერეთში – 999.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 245 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 125, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 პირი,  მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 34.
• 920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 592 – თბილისში, 211- აჭარაში.
• 22 926 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 410  ადამიანი.

ამავე თემაზე:

ჯანმო: 2022 წელს პანდემია უნდა დასრულდეს

ბათუმში ნაძვის ხე აანთეს – Live

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აანთეს.

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს 20 დეკემბერს დაიწყება და 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებებზე, რომლებიც ევროპის მოედანზე იმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან 433 400 ლარი დაიხარჯება.

31 დეკემბერს გაიმართება გალაკონცერტი.

არ მახსოვს ჩემი შვილებისთვის სათამაშოები მეყიდოს – ემიგრანტი ნატოს ისტორია

2021 წლის ზაფხულში 43 წლის ნატო დავითაძემ ჩანთა ჩაალაგა და იტალიაში წავიდა, ემიგრაციაში. ბათუმში დატოვა 3 შვილი, ქმარი და პატარა, ნაქირავები ბინა კერძო სახლის პირველ სართულზე, სადაც ნატომ და მისმა ქმარმა, რეზომ, შვილები გაზარდეს.

ნატო უკეთესი მომავლის იმედით წავიდა – უნდა, რომ მის ოჯახს საკუთარი ბინა ჰქონდეს, უნდა, რომ არ ეშინოდეს, შვილისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წამლის ფული ექნება თუ არა.

წავიდა ბანკიდან გამოტანილი სესხით, უკვე 5 თვეა იტალიაშია და მხოლოდ ერთი თვის წინ დაიწყო მუშაობა. ჯერ სესხს იხდის.

ჩემს შვილებთან თოვლის ბაბუა არასდროს მოსულა ახალ წელსო – გვითხრა ნატომ. წელს პირველად ნატო საახალწლოდ შვილებისთვის საჩუქრის ყიდვას შეძლებს.

„ასე გავხდი ემიგრანტი დედა“ – მოუსმინეთ ნატოს ისტორიას 

  • „მინდა, ბავშვებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ“ 

2021 წლის ივლისში გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობარმა წამოვსულიყავით იტალიაში. ისიც ქირით ცხოვრობს. გამოვიტანეთ ბანკიდან სესხი. 21 ივლისს წამოვედი და გავხდი ემიგრანტი დედა.

ბათუმში 12 წელია ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ორივე ვმუშაობდით, მე და ჩემი ქმარი, მაგრამ შესაძლებლობა არ იყო, რომ ჩვენი გამომუშავებული თანხით გვეყიდა ბინა.

ამდენი მშენებლობა მიდის ბათუმში, დავიჯერო არავის არ შეუძლია იმ ადამიანების დახმარება ბინის ყიდვისას, რომლებიც იძულებული არიან ემიგრაციაში წავიდნენ და შვილები დატოვონ? დაგვიდგეს ვიღაც გვერდით, რომ შევძლოთ ნაწილ-ნაწილ გადახდა. 

დღეში 5 ლარზე ვმუშაობდი, მერე 10 ლარზე ავიდა და ისიც ყოველ დღე ვერ ვახერხებდი მუშაობას შვილის ჯანმრთელობის გამო.

12 წელი რომ ქირას გადაიხდი… რით უნდა გვეყიდა ბინა? პანდემიის დროს კოვიდი დამემართა, სამსახურიც დავკარგე, ჩემი ქმარი მუშაობდა, მაგრამ აღარ იყო საკმარისი.

ნამდვილად არ იყო საქართველოში იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი შრომით ბინა გვეყიდა.

ჩემი ერთი შვილი 14 წლისაა, მისი დიაგნოზი ეპილეფსიური დაავადებაა. წამალი თუ არ დალია, ცუდად გახდება, ერთი დღეც არ უნდა ჩააგდოს.

ბავშვები გავზარდე წვალებით, ნაქირავებ ბინაში. როცა ბავშვი ხილს მოგთხოვს და ვერ უყიდი, საჭმელს მოგთხოვს, რაც მას უნდა და ვერ უყიდი…

არ მახსოვს ჩემი შვილებისთვის სათამაშოები მეყიდოს. არ მახსოვს ჩემი შვილებისთვის რამე მეყიდა ახალ წელს და გამეხარებინა. არასდროს ჩემს შვილებთან თოვლის ბაბუა არ მისულა. ყველა ახალ წელს უფალს მხოლოდ იმას ვთხოვდი, ოღონდ ჯანმრთელად მყავდეს ჩემი შვილები, მეტი არაფერი არ მინდა-მეთქი.

ვფიქრობ, ამ ახალ წელს მოვახერხებ ბავშვების გახარებას.

აი, ამიტომ წამოვედი. ჩემი ქმარი ბავშვებს მიხედავს, წამლის და ბინის ფულს როგორღაც გადაიხდის, მე ავაგროვებ, რომ ბინა ვიყიდო და თავშესაფარი გვქონდეს.

სახლს უვლის ჩემი უფროსი შვილი, რომელიც 18 წლისაა. ხშირად ვურეკავ, ვეკონტაქტები მესენჯერით, ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი მინდა ვიცოდე, ვინ სად არის, ვინ რას აკეთებს და გადის ასე დრო.

  • „არ შემიძლია, ვერ მოვყვები წამოსვლის დღეზე“ 

სამი შვილის დატოვება და აქ წამოსვლა ჩემთვის იყო ძალიან დიდი ტრაგედია. ძალიან ცუდად ვიყავი დასაწყისში, ჭამაც არ შემეძლო. დღესაც მიჭირს ბავშვების გარეშე, მაგრამ რას ვიზამ. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ჭერი გვქონდეს და ბავშვის წამლის ფული მაინც მქონდეს.

მახსოვს ის დღე, როცა წამოვედი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიტყვი… არ მინდა, ის დღე გავიხსენო, ძალიან მძიმე იყო. როცა მოდიხარ, ბავშვებს ტოვებ და ხედავ, როგორ ტირიან ბავშვები… ძალიან მძიმე თემაა ეს ჩემთვის, ენით აღუწერელი. ვერაფერს ვერ ვიტყვი.

  • „ჯერ ვალები უნდა გადავიხადო“ 

ჩემი ქმრის წამოსვლა ემიგრაციაში არ განგვიხილავს. ხელი გადაიჭრა „რადიალით“ და რამდენიმე თვე ვერ მუშაობდა. თან ნაცნობი კაცი ემიგრაციაში არავინ გვყავდა. მეც მეგობართან ერთად წამოვედი, ნაცნობი გოგო გვყავდა, მარტო ვერ გავბედავდი წამოსვლას.

ერთი თვეა, რაც ვმუშაობ აქ, მოხუც ქალთან. კვირაში სამჯერ, 3-3 საათი ვისვენებ.

ვალები მაქვს ჯერ, 3000 ლარი გამოვიტანე ბანკიდან, რომ წამოვსულიყავი. ნაწილ-ნაწილ უნდა ვაგროვო. ბავშვის პენსიიდან ვიხდი მაგ ბანკის ვალსაც ჯერჯერობით. სამი თვე დამჭირდება ბანკის დასაფარად და მარტიდან დავიწყებ დაგროვებას ბინისთვის.

იმედია გამიმართლებს.

  • „ყველაფერს გადავლახავ, ყველაფერს შევძლებ“

ახლა ბათუმში რომ სახლი მქონდეს, დაუფიქრებლად, წუთებში ავიღებდი ჩემოდანს და წავიდოდი. მაგრამ უკან რომ არაფრის იმედი არა მაქვს… ყველაფერს გადავლახავ და თავშესაფარი მექნება ჩემი შრომით.

ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ვიცი. ამაზე არც ვფიქრობ, იმიტომ, რომ როცა ვიფიქრე, მივხვდი, 2-3 წელი წელი მაინც დასჭირდება… იმასაც ვაცნობიერებ, რომ შვილებს ვერ ვნახავ.

ერთ წელში რომ ვერ ვიყიდი ბინას, ფაქტია. ამას დრო უნდა. ყველაფერს შევძლებ.

ყველაზე ძნელი ის არის, რომ მენატრება ჩემი შვილები, ენით ვერ აღვწერ, ისე მენატრება.

რა ღირს კურორტ „გოდერძიზე“ დასვენება – სეზონი გაიხსნა

დღეს 25 დეკემბერს კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც „გოდერძის“ დირექტორი მალხაზ მახარაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კურორტზე სათხილამურო ბილიკები და საბაგირო გამართულია. „სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. მაშველებს ჩაუტარდა ტრენინგებიც. კოვიდის საფრთხეებიდან გამომდინარე ადგილზე სამედიცინო პუნქტიც მუშაობს, რეანიმობილი, ექთანი და მძღოლიც ადგილზეა“ – ამბობს მალხაზ მახარაძე.

მისი თქმით, საბაგიროზე და სასტუროში კოვიდპასპორტის გარეშე დამსვენებელი ვერ შევა.

„გოდერძიზე“ სათხილამური ბილიკები „სანტა კლაუსებმა“ დატესტეს.

რაც შეეხება სასტუმროებისა და კოტეჯების ფასებს, კოტეჯებში ფასები 100 ლარიდან იწყება, სასტუმროებში კი 200 დოლარიდან.

მაგალითად, სასტუმრო „ამბასადორში“ თუ გადაწყვეტთ გაჩერებას, ფეისბუკზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სასტუმროში 29 დეკემბრის ჩათვლით, სამი ღამე 2 ადამიანზე, 200 დოლარი ღირს. ახალი წლის დღეებში შესაძლოა ფასები უფრო მაღალი იყოს.

სასტუმროში დასვენების ფასები 200 დოლარიდან იწყება.

რაც შეეხება გადაადგილებას, ამ დროისთვის „გოდერძიზე“ თოვლის საფარი ერთ მეტრზე მაღალია. გადაადგილება კი მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.

„დანისპარაულამდე შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამოსვლა, იქედან კი სხვა ტრანპორტით შეუძლიათ იმგზავრონ ვიზიტორებმა, დაუმატებენ 2 ლარს და ამოიყვანენ კურორტამდე. ბათუმიდან მგზავრობა 10 ლარი ღირს“-ამბობს მალხაზ მახარაძე.

გაეცით იმ რუსული კომპანიების სია, რომლებიც ტენდერებს იგებენ – სასამართლოს დავალება სააგენტოს

უზენაესმა სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს დაავალა, გასცეს რუსეთში დაფუძნებული იმ  კომპანიის მონაცემები, რომლებიც საქართველოში ტენდერებს იგებენ. რუსული კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე „ბათუმელებს“ უარი სააგენტომ 2019 წელს უთხრა. სასამართლოში „ბათუმელების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

„მოგვაწოდეთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, სახელისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, რომლებმაც 2018 წელს, ასევე 2019 წლის 9 აგვისტომდე გაიმარჯვეს სახელმწიფო ტენდერებში. ასევე 2019 წლის სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშში აღნიშნული 163 არარეზიდენტი კომპანიის სია, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან რუსეთის ფედერაციაში“, – კონკრეტულად ამ ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა „ბათუმელები“ შესყიდვების სააგენტოსგან, რაზედაც სააგენტომ უარი განაცხადა.

„ბათუმელები“ იძულებული გახდა ინფორმაციის მისაღებად სასამართლოსთვის მიემართა.

შესყიდვების სააგენტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის აპრილის თვეში დაავალა გაეცა „ბათუმელებისთვის“ მოთხოვნილი ინფორმაცია. სასამართლო გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში.

უზენაესმა სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, შესყიდვების სააგენტოს სარჩელი დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა სასამართლოს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება.

შესაბამისად, შესყიდვების სააგენტო ვალდებულია, „ბათუმელებს“ აღნიშნული ინფორმაცია მოაწოდოს.

კიდევ ერთი დეტალი, 2019 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სააგენტოსგან ვერ მივიღეთ, ადმინისტრაციული საჩივრით 2019 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრს მივმართეთ, რომელმაც საჩივარი რეაგირებისთვის ისევ შესყიდვების სააგენტოს დაუბრუნა.

შესყიდვების სააგენტოსგან კი, „ბათუმელებმა“ იგივე შინაარსის პასუხი მიიღო, რაც მანამდე, ანუ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

კანონით სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, თუმცა, „ბათუმელებისთვის“ ჯერჯერობით უცნობია, მოაწვდის თუ არა შესყიდვების სააგენტო რუსეთში დაფუძნებული იმ კომპანიების მონაცემებს, რომლებიც საქართველოში იმარჯვებენ ტენდერებში.

ამ თემაზე:

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5 და 4 წელი მიუსაჯეს – შუაღამით დასრულებული სხდომა

დღეს, 25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს კი 4 წელი. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის ცოლმა, ნარი ფუტკარაძემ დაუდასტურა.

„გუშინ მთელი დღე სხდომა მიდიოდა. ბოლოს, ღამის 11 საათზე მოსამართლემ თქვა, რომ გადიოდა სათათბიროდ. გავიდა და აღარ დაბრუნდა დარბაზში. მერე თანაშემწემ გვითხრა, რომ ბიჭები მიჰყავდათ დაწესებულებაში, თქვენც წადი სახლებში და შემდეგი სხდომა როდესაც იქნება გაგაგებინებთო. დღეს ჩანიშნა ონლაინ და გამოაცხადა გადაწყვეტილება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნარი ფუტკარაძემ.

ნარი ფუტკარაძე ხულოს საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან. ის ამბობს, რომ მოსამართლემ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. „ყველამ იცით, რა გავლენებიც ჰქონდათ ბიჭებს. ასევე ისიც, რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ვართ. სწორედ მაგიტომ დასაჯეს“, – ამბობს დაკავებულის მეუღლე.

„საერთოდ არაფრის გამო ძმებს წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5-4 წელი პატიმრობა შეეფარდათ. ეს ადამიანები ოპოზიციის მხარდაჭერის გამო დასაჯეს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე, ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან.

___

გამოძიების ვერსიით, ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე, სულ 7 პირი, რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდებულები კი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.

ძმები – წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიციამ 14 აპრილის ღამეს დააკავეს, ხოლო ელდარ ანთაძე – 23 აპრილს. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით – მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება.

ამ საქმეში დაზარალებულების – „უძლიერესი კაცების“ ფედერაციის 3 სპორტსმენის, ასევე ქუთაისის მერიის დაცვის 2 თანამშრომლის ჩვენებები თითქმის იდენტურია. მათი თქმით, წულუკიძეები და ჭელიძეები რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ უნდა მისულიყვნენ, რადგან რეალურად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და „ქულების დაწერა სურდათ“.

„უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის“ წარმომადგენლებმა გამომძიებლებს ასევე უთხრეს, რომ წულუკიძეები და ჭელიძეები წარსულში, ზოგადად, შეურაცხყოფდნენ ქრისტიანობას და კათალიკოს-პატრიარქს.

ამონარიდი „უძლიერესი კაცების“ ფედერაციის ხელმძღვანელის, ავთანდილ ახვლედიანის ჩვენებიდან: „აქციის მონაწილეებს შორის დავინახე ჩემი ნაცნობი ძმები – ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები, გელა და ირაკლი ჭელიძეები, რომლებიც არიან მოჭიდავეები და აჭარელი მუსლიმები. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ასევე თორნიკეს, თამაზის, გელას და ირაკლი ჭელიძეებს ვიცნობ სპორტიდან. ისინი პროფესიონალი მოჭიდავეები არიან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ძმები ფირუზი და რეზო წულუკიძეები მხარს უჭერენ საქართველოში მეჩეთების აგებას და ლანძღავენ როგორც ჩვენს პატრიარქს, ასევე ჩვენს რელიგიას…“

დაკავებულები, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის ტყული და ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც სასამართლო პროცესზე ნეიტრალურმა მოწმეებმა, ანუ ქუთაისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა დაადასტურეს.

ძმებ წულუკიძეებს ღია კონფლიქტი აქვთ აჭარის მთავრობს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ოჯახთან.

____

საქმის დეტალები

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

სოფელ ქობულეთში 2 სახლი დაიწვა

სოფელ ქობულეთში 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ორივე სახლი ჯინჭარაძეებს ეკუთვნოდათ. სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა.

როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, წინასწარი ინფორმიით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახი ნათესავის სახლში აფარებს თავს.

„თუ ხანძრის შედეგად სრულად არის ქონება განადგურებული, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობა გამოუყოფს თანხას დაზარალებულებს 15 ათასი ლარის ოდენობით და თუ ნაწილობრივ არის განადგურებული, მაშინ 10 ათას ლარს მიიღებს დაზარალებული ოჯახი. სანამ  საკითხს შეისწავლიან, მანამდე ჯინჭარაძეების ოჯახს ქირით გაიყვანს მერია“-გვეუბნებიან ქობულეთის მერიაში.

ხანძრის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

აჭარაში კოვიდით 4 ადამიანი გარდაიცვალა – 25 დეკემბერი

აჭარაში კორონავირუსისგან 4 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში კოვიდზე 513 ადამიანი მკურნალობს. კოვიდსასტუმროში 233 პირი იმყოფება, ონლაინკლიკებში კი 1331 პირი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა 286 197-ია. აქედან ორი დოზით 128 866 პირია აცრილი, ბუსტერ დოზით კი 3 808 პირი.

 

შუახევის სოფლებს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტში კი უკვე მეოთხე დღეა გათიშულია დენი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა  დაბას და მიმდებარე სოფლებს.

„დილიდან კომპანიის ტექნიკური სამსახური გასულია აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად“-გვეუბნებიან ენერგო კომპანიაში.

უშუქობის გამო სოფელ ჭვანაში ელექტროგენერატორზე მიერთებული ტელეფონები/ფოტო „ბათუმელებს“ მოაწოდეს ჭვანიდან.

მოსახლეობა უშუქობის გამო ვერ მუხტავს ტელეფონებს, რის გამოც შეფერხებულია კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან.

4 ადამიანს საავადმყოფოში გადასაყვანად დახმარება დასჭირდა – დიდთოვლობა ხულოში

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხულოში. ამ დროისთვის გასაწმენდია ცენტრალური გზა თხილვანას მიმართულებით.

„ნალექი დიდი იყო, ამიტომ დილიდანვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება სასოფლო გზებს, მათი გაწმენდაც დაწყებულია და ეტაპობრივად გაიწმინდება. ამ დროისთვის გზებზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ გადაადგილება.“ – გვეუბნებიან საგზაო დეპარტამენტში.

ამავე უწყების ინფორმაციით, უგზოობის გამო, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ამიტომ პაციენტების გარკვეულ მანძილზე ჩამოყვანა ადამიანებს ხელით უწევთ.

„ოთხმა ადამიანმა მოგვმართა დასახმარებლად და გუშინ გადმოვიყვანეთ ჩვენი ტექნიკით“-გვეუბნებიან საგზაო დეპარტამენტში.

აჭარის მაღლმთიანეთში ერთ მეტრამდე თოვლია.

30 ფოტოხაფანგი ხულოსა და შუახევის ტყეებში – რას აკვირდება „აჭარისწყალი ჯორჯია”

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას”- მიერ დაქირავებული ექსპერთა ჯგუფი 2013 წლიდან ინტერნსიურად აკვირდება შუახევი ჰესის პროექტის არეალის ბიომრავალფეროვნებას. მსხვილ ძუძუმწოვრებზე მონიტორინგის წარმოების მიზნით შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპანიამ განათავსა 30 ფოტოხაფანგი.

ფოტო „აჭარისწყალი ჯორჯიას” ფოტოხაფანგიდან
ფოტო „აჭარისწყალი ჯორჯიას” ფოტოხაფანგიდან

საქმე იმაშია, რომ მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგის პროცესში აქტიურად გამოიყენება ფოტოხაფანგები. შედეგებს კი აფასებენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს დამატებითი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები.

ზოოლოგი ჯიმშერ მამუჭაძე ექსპერთთაგან ერთ-ერთია, ვინც ფოტოხაფანგებს მონიტორინგს უწევს და გადაღებულ შედეგებს აკვირდება.

სპეციალისტებმა თავდაპირველად ტერიტორია შეისწავლეს, თუ სად განეთავებინათ 30 ფოტოხაფანგი ხულოსა და შუახევში:

„სისტემატურად მივდივართ, ფოტოხაფანგების გამართულობას ვამოწმებთ და მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეგვაქვს. ფოტოხაფანგი არამარტო იღებს კადრებს, არამედ მიგვანიშნებს, რომელ საათზე და დღის რომელ მონაკვეთში რა ცხოველმა გაიარა.

სწორედ ფოტოხაფანგით დავადგინეთ ცხოველთა კონკრეტული სახეობის რა სიმჭიდროვე გვაქვს კონკრეტულ ტერიტორიაზე ყველაზე უფრო გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვარი, მაგალითად, ხულოსა და შუახევში ტურაა. შველიც საკმაო რაოდენობითაა. შედარებით ნაკლები და იშვიათია ფოცხვერი”, – ამბობს ზოოლოგი ჯიმშერ მამუჭაძე.

ფოცხვერი „აჭარიწყალი ჯორჯიას“ ფოტოხაფანგში
ფოცხვერი „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფოტოხაფანგში

მისივე თქმით, ცხოველის დღიური გადაადგილების მანძილით ხდება მოდელირება და ითვლება, რამდენია  კონკრეტული სახეობის ცხოველთა გავრცელების სიმჭიდროვე ერთ ჰექტარზე.

ფოტოხაფანგებით მეცნიერებს აჭარის რეგიონში მსხვილი ძუძუმწოვრების, კერძოდ, შვლის, დათვის,მელას, ტურის, ფოცხვერის და სხვათა შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.

როგორც ჯიმშერ მამუჭაძე გვეუბნება, ფოცხვერის შესწავლა და მასზე დაკვირვება დიდი ფუფუნებაა, რადგან  ფრთხილი ცხოველია და შესაძლებელია ისე ბინადრობდეს, მისი კვალიც კი ვერ იპოვოს ვერავინ:

„ადგილობრივ მცხოვრებლებს რომ ვეუბნებოდით ფოცხვერის შესახებ, ძალიან უკვირდათ. არ იცოდნენ საერთოდ, რომ ეს ცხოველი აქ ბინადრობს. ველზე სამეცნიერო მუშაობის 15- წლიანი გამოცდილება მაქვს და მეც სულ ერთადერთხელ მყავს ფოცხვერი ნანახი.

რამდენიმე ფოცხვერია დაფიქსირებული ჩვენი ფოტოხაფანგების მიერ. როგორც ადამიანებს გვაქვს ჩვენი გარკვეული, ინდივიდუალური სივრცე, ცხოველებსაც აქვთ ასე მონიშნული საკუთარი სამყოფელი, მაგალითად, კონკრეტული ცხოველები შემოსაზღვრავენ ხოლმე საცხოვრებელ ტერიტორიას და ეს მათი სამფლობელოა. ხშირად კონფლიქტი წარმოიშობა სხვა ცხოველებს შორის, თუ სხვა რომელიმე ცხოველი მათ საცხოვრებელ არეალში თუ ტერიტორიაზე შეიჭრა.

ფოცხვერი და არა მარტო ფოცხვერი, ჩვენთან მობინადრე ცხოველები ზოგადად არ არიან საშიში და კონფლიქტური ცხოველები, სხვადასხვა ცხოველებს შორის კონფლიქტის მაგალითები არსებობს, მაგრამ ადამიანებთან მიმართებაში სტატისტიკა საკმაოდ იშვიათია.

ფოტო „აჭარისწყალი ჯორჯიას” ფოტოხაფანგიდან
ფოტო „აჭარისწყალი ჯორჯიას” ფოტოხაფანგიდან

მგელს უფრო სეზონურობა ახასიათებს, ზაფხულში იალაღებზე მიდის და ნაკლებად გვხვდება, ზამთარში დაბლა ჩამოდის. გვაქვს ისეთი სახეობებიც, რაც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი: ფოცხვერი, დათვი და კავკასიური ციყვი მაგალითად.

საკვლევ ტერიტორიაზე ტურა, შველი, დათვი, მელა, ღორი, მგელი და კვერნა მრავლად გვყავს”, – ამბობს ჯიმშერ მამუჭაძე.

ცხოველები ბილიკებით სიარულს არჩევენ, მათაც დაბრკოლებების გადალახვის გარეშე ურჩევნიათ გადაადგილება ადამიანის მსგავსად. ამიტომ, სპეციალისტებმა ფოტოხაფანგები ბილიკებთან ახლოს, სხვადასხვა ადგილას განათავსეს.

 

 

ფოტო „აჭარისწყალი ჯორჯიას” ფოტოხაფანგიდან
ფოტო „აჭარისწყალი ჯორჯიას” ფოტოხაფანგიდან
ფოტო „აჭარისწყალი ჯორჯიას” ფოტოხაფანგიდან
ფოტო „აჭარისწყალი ჯორჯიას” ფოტოხაფანგიდან

37 მილიონი ლარის ნარკოტიკები გავანადგურეთ – შსს

შსს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული, 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს.

მათ შორის 23 კილო და 759 გრამი „ჰეროინი“, 12 127 ტაბლეტი „სუბოტექსი“, 9 კგ კოკაინი.

შსს ინფორმაციით, ასევე განადგურდა 1 ტონა კანაფი და „მარიხუანა“ და 300-იდან 1000 ტაბლეტამდე სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები.

„ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს. პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ“ – აცხადებს შსს.

„ეს ცემამდე დაწერეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – კითხვა მე-6 განყოფილების პოლიციელებს

„ეს არაა ნორმალური, ხალხო, ამას არ შევეგუებით,“ – მიმართა სასამართლოს სხდომის დროს ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელს მოქალაქე გიორგი არობელიძემ. მისი თქმით, მასზე და კიდევ ორ პირზე 18 დეკემბერს ღამით პოლიციის შენობაში ფიზიკურად იძალადეს. დაკავებულებიდან ორი – გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები არიან.

ეს უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როცა მოქალაქეები ჰყვებიან, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში როგორ სცემეს, მაგალითად, ნეკნი ჩაუმტვრიეს, რაც შემდეგ ექსპერტიზითაც დადასტურდა, მაგრამ ამის გამო არავინ დასჯილა. დღემდე ბათუმის მე-6 განყოფილებაში მომხდარი არცერთი შემთხვევის, რომელიც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამატებას ეხებოდა, გამოძიება არ დასრულებულა.

ბოლო ინციდენტი ბარის – „ადგილი“ წინ 18 დეკემბერს მოხდა. ეს ბარი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაცაა. აქ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ პოლიციელებმა გიორგი ლორია დააკავეს.

„ვიდრე პოლიციელები მოვიდოდნენ, დავინახე, რომ გიორგი ძირს ეგდო, მას სცემდნენ,“ – 18 დეკემბრის შემთხვევის გახსენება დაიწყო გიორგი არობელიძემ. ის და მისი ორი მეგობარი კონფლიქტს ბართან გარეთ, ტროტუარზე შეესწრნენ. – „ვერ გავიგე, პოლიციელებმა რატომ დააკავეს ის კაცი, რომელსაც მანამდე ურტყამდნენ, პოლიციელებმა გიორგის ხელები გადაუგრიხეს და მიათრევდნენ. მე დავსვი კითხვა: რატომ აკავებთ?

ეს ამბავი აქ არ მთავრდება, ქალბატონო მოსამართლევ. მეც დამაკავეს და პოლიციის განყოფილებაში შეგვიყვანეს. გიორგის პოლიციის განყოფილებაში უკვე პოლიციელები ურტყამდნენ გამეტებით, ვერ გავიგე, რატომ… მე, უბრალოდ, არ მეგონა, რომ 2021 წელს ასეთი სანახაობის მომსწრე გავხდებოდი აქვე, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე.

პოლიციელებმა გიორგის ცემა განაგრძეს და მეც მცემეს,“ – აღნიშნა გიორგი არობელიძემ.

გიორგი არობელიძის შემდეგ დააკავეს ჟურნალისტი რატი რატიანიც. ის პოლიციელებს სთხოვდა ეჩვენებინათ მისი დაკავებული მეგობარი, ან ტელეფონით გასაუბრების საშუალება მიეცათ. რამდენიმე წუთში რატი რატიანიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. რატი რატიანი ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში ისიც სცემეს. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

რატი რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ჯერ მოსამართლე ირმა ტოგონიძეს არ დაუწყია. დღეს, 24 დეკემბერს, მოსამართლემ იმ პოლიციელის ჩვენება მოისმინა, რომელმაც გიორგი ლორია და გიორგი არობელიძე დააკავა და დაკავების ოქმები გააფორმა. ამ ორ პირს შსს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. პოლიციის ვერსიით, გიორგი ლორია და გიორგი არობელიძეც გინებით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო შემდეგ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.

„ვადასტურებ“ – მხოლოდ ეს სიტყვა უთხრა მოსამართლეს გიორგი ლორიამ, რომელიც თავდაპირველად დააკავეს პოლიციელებმა ბარ „ადგილთან“. გიორგი ლორიას ადვოკატმა კი დასძინა, რომ წვრილმან ხულიგნობას გიორგი ლორია ადასტურებს, ხოლო წინააღმდეგობის გაწევას არა.

 

„მას ნამდვილად ჰქონდა დაზიანებები, ეს აღენიშნებოდა სახისა და მუცლის არეში,“ – გიორგი ლორიას გახედა მე-6 განყოფილების პოლიციელმა გიორგი ქარცივაძემ. ეს ის პოლიციელია, რომელმაც გიორგი ლორია და შემდეგ უკვე გიორგი არობელიძე დააკავა და დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება მისცა სასამართლოს.

პოლიციელის თქმით, გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით, სადაც დაზარალებული დიდი ალბათობით თავად გიორგი ლორია იქნება, თუმცა ამ საქმეზე ჯერ ბრალი არავის აქვს წარდგენილი.

„მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ ეს შემთხვევა მოხდა 18 დეკემბერს, ექსპერტიზაზე კი, გიორგი ლორია გაიყვანეს დღეს, 24 დეკემბერს, ერთი კვირის შემდეგ, რა გამოძიებაზეა საუბარი?“ – იკითხა ადვოკატმა შაქრო პაპიძემ, რომელიც გიორგი ლორიას ინტერესებს იცავს.

„მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, საერთოდ არაფერი მახსოვს, ნასვამი ვიყავი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ლორიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

„როცა 5 – 7 ადამიანი ურტყამს ადამიანს, ეგ უბრალოდ ადამიანობაზე უარის თქმაა, ეგ რაა საერთოდ, თქვენ მინდა გკითხოთ,“ – პოლიციელებს მიაჩერდა გიორგი არობელიძე.

„გთხოვთ, საქმესთან დაკავშირებით ისაუბროთ,“ – მოქალაქის შეჩერება სცადა პოლიციელმა სოსო გოგიტიძემ. დაძაბულობის განმუხტვა იქვე მოსამართელემ სცადა.

„მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს. უნდა მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, თუ პოლიციელებმა გადაამატეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას,“ – აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

პოლიციელები სოსო გოგიტიძე და თეა ლაღაძე

„მან გამოიჩინა მოქალაქებრივი შეგნება, რადგან შეესწრო უსამართლობას და ძალადობას,“ – თქვა ადვოკატმა გურამ იმნაძემ, რომელიც „სოციალური სამართალიანობის ცენტრის“ იურისტია და გიორგი არობელიძის ინტერესებს იცავს სასამართლოში. მან ყურადღება გაამახვილა იმ ვიდეოცანაწერზე, რომელიც პოლიციამ წარმოადგინა და სადაც ადვოკატის მტკიცებით პოლიციელთა ვერსიის საპირისპირო სიმართლე ჩანს, რომ გიორგი არობელიძე პოლიციელებს არ აგინებს და დაკავების დროს არც წინააღმდეგობას უწევს.

მოსამართლეს ჯერ ეს ვიდეო ჩანაწერი არ უნახავს.

„გარეპერიმეტზეც არის ვიდეო გადაღება, გაქვთ სამხრე კამერები, ერთი ჩანაწერი, ან აუდიოფაილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ, ან ერთი მოწმე, რომელიც იტყვის, რომ ვიგინებოდი?“ – იკითხა გიორგი არობელიძემ.

„თქვენ თქვით, რომ მიათრევდნენ გიორგი ლორიას პოლიციელებიო. რატომ იყო ასე?“ – გიორგი არობელიძეს მიუბრუნდა მე-6 განყოფილების პოლიციელი სოსო გოგიტიძე.

„მეც ამის გამო აღვშფოთდი, არ ვიცი, რატომ მიათრევდით?“ – კითხვა დაუბრუნა პოლიციელს მოქალაქემ.

„თქვენი აზრით, ამ დროს რა უნდა ექნა პოლიციელს?“ – დისკუსიაში კიდევ ერთი პოლიციელი ჩაერთო – თეა ლაღიძე. ის სასამართლო სხდომაზე შსს-ს პოზიციებს გამოხატავდა.

„ეს არაადეკვატური კითხვაა,“ – ბრაზი დაეტყო მოსამართლესაც, – „მოქალაქეს რატომ სთხოვთ, რა უნდა ექნა პოლიციელს?“

„პოლიციელს არ უნდა აღეკვეთა სამართალდარღვევა?“ – თეა ლაღიძის მორიგ კითხვასაც მოსამართლემ უპასუხა მხოლოდ.

„ეს რიტორიკული კითხვაა,“ – საქმის მასალებს ჩახედა ისევ მოსამართლემ და როცა იგრძნო, პოლიციელები ისევ მოქალაქისგან ითხოვდნენ პასუხს, პოლიციელის ქცევა რა უნდა იყოს კონფლიქტის დროს, თქვა:

„პოლიციელმა რა უნდა გააკეთოს, ეს წერია კანონში „პოლიციის შესახებ“, – კატეგორიულობა დაეტყო მოსამართლე ირმა ტოგონიძეს.

„კიდევ ერთი დეტალი მაინტერესებს,“ – მოწმე პოლიციელს, გიორგი ქარცივაძეს მიმართა ბოლო კითხვით გიორგი არობელიძემ, – „პოლიციის განყოფილების დერეფნის ბოლოს რომ მდივანი დგას, ხვდება ვიდეომონიტორინგის ზონაში?“

„ეს რა კავშირშია ახლა ამ საქმესთან?“ – კითხვა გააპროტესტა შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღიძემ.

„რა კავშირშია და შუაში გამხიეს მაქ პოლიციელებმა,“ – გაცხარდა გიორგი არობელიძე და ითხოვა ის მაინც ეთქვათ, რატომ არ დაალაპარაკეს ვინმეს დილის 6 საათამდე, ან რატომ არ განუმარტეს უფლებები.

„აგერაა თქვენი დაკავების ოქმი, აქ წერია ყველაფერი,“ – ფურცლები ააფრიალა მე-6 განყოფილების პოლიციელმა, სოსო გოგიტიძემ.

„ეს ცემამდე შეადგინეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – პოლიციელს სიტყვა აღარ დაასრულებია გიორგი არობელიძემ.

„ბორკილების დადების დროს გაგაცანით უფლებები… ტელეფონს კი ყველას ვართმევთ,“ – აღნიშნა პოლიციელმა გიორგი ქარცივაძემ. მისი თქმით, დაკავების ოქმის შედგენას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა. ამ პოლიციელსაც გაუჭირდა ეთქვა ის, რომ გიორგი არობელიძემ მას, ან სხვა პოლიციელებს ქუჩაში აგინა.

„გითხარით ქუჩაში, რომ პოლიციელები ვართ, არ შეგვიშალოთ ხელი. დაიწყო კითხვები: რატომ აკავებთ, რისთვის აკავებთ? რაღაც ინტერპრეტაციები, ხან კანონს აგინებდა, ხანს ქვეყანას, იქ ქალიც იყო, კაციც იყო…“ – ადვოკატებს მიმართა მოწმე პოლიციელმა.

გიორგი ქარცივაძე – ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელი

„რატომ არ ჩაწერეთ ეს ოქმში? ვალდებული ხართ, რომ ეს ოქმშიც ჩაგეწერათ, თუ მერე გაგახსენდათ?“ – პოლიციელი უხერხულ მდგომარეობაში ამ კითხვით მარიამ პატარიძემ ჩააყენა. ისიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტია.

„ჩემი ვალდებულება არ არის დაკავების A პუნქტიდან B პუნქტამდე ყველაფერი აღვწერო. განგრძობადი იყო ეს,“ – გამოსავალი იპოვა პოლიციელმა. მან ვერ თქვა, რა იყო პოლიციელის კონკრეტული და კანონიერი მოთხოვნა, რასაც გიორგი არობელიძე არ დაემორჩილა. პოლიციელის თქმით, მოქალაქე გიორგი არობელიძე მათ წინ „გადაუდგა,“ როცა მანამდე რამდენიმე წუთით ადრე დაკავებული გიორგი ლორია პოლიციის განყოფილებაში უნდა შეეყვანათ.

„რატომ დააკავეთ გიორგი ლორია, როცა დაინახეთ, რომ დაზიანებები ჰქონდა მას და კონფლიქტში რამდენიმე პირი იყო ჩართული?“ – პოლიციელებს ეს კითხვაც დაუსვა ადვოკატმა გურამ იმნაძემ.

„ბარის მესაკუთრემ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია, რომ გიორგი ლორიამ დაიწყო კონფლიქტი ბარში… ვინც ჩანდა ყველაზე აქტიური, როცა ადგილზე მივედით, მისი განრიდება მოხდა… დანარჩენს გაარკვევს გამოძიება,“ – აღნიშნა პოლიცილემა თეა ლაღაძემ.

შემდეგ სხდომაზე სხვა მოწმეები მისცემენ ჩვენებას სასამართლოს. ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ აქვს დასრულებული გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო შემთხვევაში, თუმცა ამ უწყებაში გვითხრეს, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამ პოლიციელებიდან იყო თუ არა რომელიმე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა? – ვკითხეთ გიორგი არობელიძეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, პოლიციელები ძალადობის დროს ისე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, რომ მათი ამოცნობა უჭირს.

გიორგი არობელიძის და გიორგი ლორიას სასამართლო სხდომა გადაიდო

ამ თემაზე:

კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ

„მიწა წამართვეს, ნარგავები დამიაზიანეს“ – მოქალაქე ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინააღმდეგ

სოსო ქათამაძე ქობულეთში, სოფელ გვარაში ცხოვრობს და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში 4 ჰ მიწის ნაკვეთს ფლობს. უფრო ზუსტად, 39 294. კვ.მეტრი მიწა შპს „ბუნების ნობათი 2008“-ის საკუთრებაა, რომელიც სოსო ქათამაძის შვილებს აქვთ დაფუძნებული.

ქათამაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მის კუთვნილ მიწაზე ბუნებრივი აირის მილები გაიყვანა, კომპენსაცია კი არ გადაუხადა.

8-წლიანი დავა საკუთრების დარღვეული უფლებისთვის

როგორც სოსო ქათამაძე ამბობს, 8 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორიის სანაცვლოდ, სადაც გაზის მილები გაიყვანეს, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კომპენსაციის სახით 4 ათასი ლარი შესთავაზა.

„მხოლოდ თხილის ნარგავების საფასური დაიანგარიშეს. მიწას რაც შეეხება, სიმინდი დათესეო – საკუთრებაში დამიტოვეს, მაგრამ სარგებლობის უფლება შემიზღუდეს. ამ მიზეზით მიწის კომპენსაციის გადახდაზე უარი მითხრეს. ეს არაადეკვატური საფასური იყო. ამის გამო ოჯახმა კორპორაციას საკუთარ მიწის ნაკვეთზე გაზის მილების გაყვანაზე უარი ვუთხარით“, – აცხადებს სოსო ქათამაძე.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. სარჩელში წერდა, რომ ეს იყო სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, შესაბამისად, ქათამაძე ვალდებული იყო, მათი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ კორპორაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა და მიწის მესაკუთრესთან შეთანხმება ურჩია.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე კაპიტალური ფერმის შენობა-ნაგებობა მიდგას, სადაც 45-მდე სული საქონელი მყავდა. 2012 წელს, როცა მინი-ქარხანა შევიძინე, ბრუცელოზის მიზეზით საქონელი გამაწყვეტინეს.

3 500 მეტრზე თხილისა და კაკლის ნარგავები მაქვს გაშენებული, საიდანაც რამდენიმე ტონა მოსავალს ვიღებდი. 2014 წელს მოვიდა ნავთობისა და გაზის კორპორაცია და მითხრა, სახელმწიფო პროგრამაა და გაზსადენი უნდა გავიყვანოთო. 160 მეტრის სიგრძის მილზეა საუბარი. ვუთხარი – კი ბატონო, მაგრამ მითვისებული მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია უნდა გადამიხადოთ-მეთქი. 4 ათასი ლარი შემომთავაზეს, რაზეც უარი განვაცხადე,“ – ამბობს სოსო ქათამაძე.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება კორპორაციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც გადაწყვეტილება კორპორაციის სასარგებლოდ გამოიტანეს.

„სასამართლომ კომპანიას უთხრა, რომ რადგან სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, შეუძლია გაიყვანოს მილები და ამის შემდეგ გადამიხადოს კომპენსაცია. წარმოუდგენელი ამბავია,“ – ამბობს სოსო ქათამაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერად ქათამაძემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმაც სააპელაციოს პოზიცია გაიზიარა.

სოსო ქათამაძის საქმის ადვოკატი, ტოგო ჭელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაციამ არასწორი სამართლებრივი გზით მოინდომა სხვისი საკუთრების მითვისება.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გქონდეთ მიწა და მე ეს მიწა შუაზე გაგიჭრათ, რის გამოც მიწა კარგავს ფასს. კორპორაციამ შემოიტანა სარჩელი და მოითხოვა ქათამაძის მიწის გავლით, მილსადენთან მისასვლელი აუცილებელი გზა.

კომპენსაციამდე საქმე არც მისულა, რადგან მესაკუთრე არ იყო თანახმა მის საკუთრებაზე მილების გაყვანის და ჯერ მხოლოდ ამაზე მიმდინარეობდა დავა. თანხმობის შემთხვევაში უნდა გვემსჯელა კომპენსაციაზე, თუმცა ეს შეთანხმება არ შემდგარა მიწის მესაკუთრესა და კორპორაციას შორის,“ – ამბობს ადვოკატი.

„არ მინდა ვთქვა, რომ სასამართლო მოისყიდეს, ან გავლენა იქონიეს მასზე, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ არ იყო არგუმენტირებული,“ – ამბობს ადვოკატი ტოგო ჭელიძე. – „ჩვენ პირველ ინსტანციაში კორპორაციას მოვუგეთ დავა, თუმცა აპელაციაში რაღაც გავლენები იქონიეს“.

ამის შემდეგ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ქათამაძეს ქობულეთის სასამართლოშიც უჩივლა. საქმე მაგისტრმა მოსამართლემ ვიოლეტა ფორჩხიძემ განიხილა და კორპორაციის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. „მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის და გზის გაყვანის უფლება აქვსო, განაცხადა მოსამართლემ. წარმოგიდგენიათ? კერძო საკუთრებაზე თქვა სახელმწიფოსიაო,“ – ამბობს ქათამაძე. მან ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.

კერძო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კორპორაციამ შპს „ბუნების ნობათი 2008“-ს 97 ათასი ლარი უნდა აუნაზღაუროს

კორპორაცია ამჯერად აღარ დაელოდა სააპელაციოს პასუხს და ტექნიკა ქათამაძის მიწაზე შეიყვანა. ქათამაძემ კორპორაციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიცია ჩადგა.

„2019 წლის მაისში მომადგნენ ტექნიკით, გზა უნდა გავიყვანოთო. ატყდა ერთი ამბავი. მოვიდა მაშინდელი ქობულეთის მერი მირიან ქათამაძეც. 200 პოლიციელი დამაყენეს თავს. გიორგი მაღალდაძე იყო მაშინ პოლიციის უფროსი და იმანაც მთხოვა, გაატარეო, მაგრამ მაინც უარი ვუთხარი. კორპორაცია დამემუქრა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო.

ბოლოს მერის კაბინეტში შევიკრიბეთ. 40 კაცი იყო, მეხვეწებოდნენ, გაატარე ტექნიკაო.

მირიან ქათამაძემ მითხრა, ჩემი მოგვარე ხარ და მე მდებენ ბრალს, შენ მფარველობ და ჩვენ არ გვეხმარებიო. გაატარე და მე გაძლევ პირობას, რომ რაც გეკუთვნის, იმ კომპენსაციას გადაგიხდიანო. მოკლედ, იმდენი მეხვეწნენ, რომ მეც მომერიდა და დავთანხმდი. თუმცა ვნანობ, რომ წერილობით დასტური არ მოვთხოვე მათ.

იმ დროს საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ზურაბ პატარაძეც იყო ჩამოსული ქობულეთში, ისიც შემხვდა, მასაც ვთხოვე დახმარება. თორნიკე რიჟვაძეც დამპირდა დახმარებას, მაგრამ არჩევნების შემდეგ, არავინ მომხედა. 40 კაცის წინაშე დამპირდნენ და მომატყუეს,“- ამბობს სოსო ქათამაძე.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ქათამაძის მიწის ნაკვეთზე გაზსადენის სამუშაოები 22 მაისს დაიწყო და ათ დღეში დაასრულა. რამდენიმე დღეში ქათამაძემ სააპელაციო სასამართლოდან მიიღო შეტყობინება, სადაც ქობულეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული, ამჯერად სააპელაციომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა.

„თქვენ მართლები ხართ, უკანონოდ გაჰყავთ გაზსადენიო და ფორჩხიძის განაჩენი გააუქმა. თუმცა რაღა აზრი ჰქონდა, სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდა კორპორაციას,“ – გვეუბნება სოსო ქათამაძე.

მან დაზიანებული ქონების ექსპერტიზა ერთ-ერთ კერძო კომპანიას ჩაატარებინა, რომელმაც კომპანიისგან მიყენებული ზარალი 97 ათას ლარად შეაფასა.

„კორპორაციას გავუგზავნეთ ეს დასკვნა, მაგრამ თანხის გადახდაზე უარი გვითხრა. სამხარაულის ექსპერტმა რაც დაწერა, იმას გადავიხდითო. 4 ათას ლარზეა საუბარი“, – ამბობს ქათამაძე.

სამხარაულის დასკვნას არც ადვოკატი იზიარებს. „წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გქონდეთ მიწის ნაკვეთი და შუაში გაზის მილი ჩაგიმარხონ. სადაც ვერც კაპიტალურ შენობას ააშენებ, ვერც გაყიდი და ვერც მრავალწლიან ნარგავებს დარგავ, ფაქტობრივად, დაიკარგა მიწის ღირებულება. 4 ათასი ლარი კი ნამდვილად სასაცილო თანხაა კომპენსაციისთვის,“ – ამბობს ტოგო ჭელიძე.

მისი თქმით, სახელმწიფომ ამ მოქმედებით დაარღვია სოსო ქათამაძის საკუთრების უფლება.

„200 ძირი თხილი გამინადგურეს, 150 ძირი ჩანდლერის ჯიშის ნიგვზები მქონდა და ისიც მოთხრილია. თითო ტონა თხილს ვკრეფდი იმ ადგილას, სადაც მილი გაიყვანეს.

ამის გარდა, შეზღუდვებიც მაქვს დაწესებული – სახლს ვერ ავაშენებ მიწაზე, რომ მინდოდეს, მძიმე ტრაქტორის გადატარება არ შეიძლება, სათბურს ვერ ავაშენებ, მრავალწლიან კულტურებს ვერ დავრგავ, ვერაფერს გავაკეთებ,“ – ამბობს ქათამაძე.

„ბათუმელები“  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ ვერ  შეუთანხმდნენ სოსო ქათამაძის ოჯახს და რაზე დაყრდნობით შესთავაზეს მას დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ 4 800 ლარი?

კორპორაციაში გვითხრეს, რომ პასუხს წერილობით გაგვცემდნენ.

წერილობით პასუხში კორპორაცია ამბობს: „ბუნების ნობათი 2008“-ს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „კორპორაციისათვის სერვიტუტის უფლების მინიჭების სანაცვლოდ შევთავაზეთ კომპენსაცია, რომლის ოდენობაც გამოანგარიშებულ იქნა ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე. თუმცა როგორც კომპენსაციის შეთავაზებულ ოდენობაზე ,,ბუნების ნობათი 2008“-მ უარი განაცხადა“.

მათი განცხადებით, კორპორაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას შპს ,,ბუნების ნობათი 2008“-სთვის გადაეხადა მის მიერ მოთხოვნილი თანხა – „ვინაიდან ,,ბუნების ნობათი 2008“ კორპორაციისაგან ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თანხის გადახდას“. კორპორაციას წერილში არ დაუკონკრეტებია, რა თანხას ითხოვს მიწის მესაკუთრე.

კორპორაცია ასევე გვწერს, რომ მას შემდეგ, რაც მაღალი წნევის გაზის მილი გაიყვანეს, „მიწის ნაკვეთს ფუნქციური დანიშნულება არ დაუკარგავს და მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ისევ არის შესაძლებელი“, რაზეც  სოსო ქათამაძე ამბობს, რომ კომპანია იტყუება და ზემოთ ნახსენებ შეზღუდვებზე საუბრობს.

კორპორაციის ინფორმაციით, ერთადერთი შეზღუდვა მიწის ნაკვეთზე თხილის კულტურასთან მიმართებით არის ის, რომ „თხილის დარგვა მხოლოდ გაზსადენის თავზე არ შეიძლება, რასაც რეალურად შეზღუდვას ვერც დავარქმევთ.

ხოლო იმ ნერგებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობის დროს დაზიანდა, ვაპირებდით კომპენსაციის გადახდას, რაზეც მეპატრონემ უარი განაცხადა,“ – მოგვწერეს  ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან. კორპორაცია კომპენსაციის თანხას არც ამ შემთხვევაში ასახელებენ.

„გათხარეს, წავიდნენ და ახლა ფეხებზე მიკიდებენ, – მიწვევენ, რომ რამე დანაშაული ჩავიდინო, რადგან სამართლებრივად ვიბრძვი და ყურადღებას არ მაქცევენ. მივაყენებ ტრაქტორს და ამოვყრი იმ მილებს,“ – ამბობს სოსო ქათამაძე.

ქალი, რომელსაც საზღვარზე სიგარეტები გადაჰქონდა – მცივა და მშია I VIDEO

62 წლის ლეილა ვარშანიძე ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, საკუთარი სახლი არ აქვს. ახლა მძიმედ ავადმყოფი მარტოდმარტო ცდილობს გაუმკლავდეს სოციალურ გაჭირვებას, სიცივეს და საჭირო წამლების მაღალ ფასს.

სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ. ახლა ესეც აღარ შეუძლია. ამიტომ იძულებულია 50-ლარიანი სოციალური დახმარება და 170 ლარი პენსია წამალზე, საკვებსა და სხვა საჭიროებებზე გადაანაწილოს.

„სეზონურად დავდიოდი სამუშაოდ თურქეთში.

წლების წინ, თურქეთ-საქართველოს საზღვარი რომ გაიხსნა, ნათესავებმა დამირეკეს ბორჩხიდან (ქალაქი თურქეთში). ჯერ წავედი, მოვინახულე, მერე სამუშაო გამოჩნდა. ხალხი გადამყავდა და თხილს ვკრეფდით. ტომრებსაც კი ვათრევდი.

მერე უნიეში (ქალაქი თურქეთში) გამოჩნდა სამუშაო და იქ დავიწყე სიარული. მერე თხილზე მუშაობა ვეღარ შევძელი, ხერხემალი გამრუდებული მქონდა. ამიტომ მზარეულად დავიწყე მუშაობა. ერთი გოგო მუშაობდა ჩემთან ერთად. მეხმარებოდა. ხან ხახვს გამირჩევდა, ხან ჭურჭელს მირეცხავდა,“ – იხსენებს ლეილა.

მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა შეერყა, გადაწყვიტა სიგარეტების გადამტანად ემუშავა. „სიგარეტების გადამტანი“ არაოფიციალური სამუშაოა. ამ სამუშაოთი ათობით მოქალაქეა დაკავებული თურქეთ-საქართველოს საზღვარზე. საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალურად თურქეთში თვეში სამი ბლოკი სიგარეტის გადატანა შეუძლიათ. ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები კი გაცილებით მეტის გადატანას ახერხებენ.

„ჯგუფი ვმუშაობდით სიგარეტებზე. ერთი „მარშუტკა“ დავდიოდით.  გამთენიას 4 საათზე მივდიოდით საქართველოდან და მეორე დღეს ვბრუნდებოდით. ათი ლარის გამო. თუ დანიშნულების ადგილამდე ჩავყვებოდით და ჩავიტანდით, 13-15 ლარს გვაძლევდნენ.

ვისკოჩავდი ზურგზე 7-8 ბლოკ სიგარეტს ამ ხნის ქალი და ისე ჩამქონდა. ერთხელ პოლიციამ დაგვიჭირა, ორი დღე თურქეთში დაკავებული ვიყავი,“ – იხსენებს ლეილა და ტირის.

ლეილა ბოლო ერთი წელია ვეღარ მუშაობს, რადგან ჯანმრთელობა შეერყა. შაქრიანი დიაბეტი აქვს.

„კოვიდი რომ გადავიტანე, პასპორტის ასაღებად ვიყავი მისული იუსტიციის სახლში. იქ გავითიშე. გონება დავკარგე. მიპატრონეს და ტაქსით გამომიშვეს სახლში“, – ამბობს ლეილა.

მის სახლში, რომელიც თუნუქის ფურცლებისგან შეჭედილი ქოხია, წყალი ჩადის. არ აქვს შეშა გასათბობად და არც ფული, რომ შეშა იყიდოს.

„მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ სანამ ვმუშაობდი, არავისთვის მითხოვია დახმარება. ახლა მიჭირს. 5 კილო ფქვილი მოგვიტანეს დახმარება. ამ ფქვილს ჭიქით ვანაწილებ, ვაცხობ პურს და იმას ვჭამ. წამლები მჭირდება, მაგრამ წამლების საყიდელი თანხაც აღარ დამრჩა,“ – ამბობს ლეილა.

___

Exit mobile version