მთავარი,სიახლეები

„ვტიროდი და კედლებს ვკოცნიდი“ – ბიჭი, რომელმაც მკითხველის დახმარებით ბინა იყიდა [Video]

07.05.2021
„ვტიროდი და კედლებს ვკოცნიდი“ – ბიჭი, რომელმაც მკითხველის დახმარებით ბინა იყიდა [Video]

28 წლის მამუკა ფოცხორაია მარტვილის ცენტრში ცეკვავდა, დედისთვის აუცილებელი გულის სარქვლის ოპერაციისთვის 2500 ლარი რომ შეეგროვებინა.

მამუკა ცეკვავდა სახლის საყიდლად საჭირო ფულისთვისაც, ამბობდა, რომ ნელ-ნელა და ოდესმე იმედი ჰქონდა, რომ საჭირო თანხას შეაგროვებდა.

„ბათუმელებმა“ მამუკას შესახებ მასალა ერთი თვის წინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა. მკითხველებმა ბიჭს დედისთვის გულის სარქვლის ოპერაციის გასაკეთებლად საჭირო თანხაც შეუგროვეს და შეუგროვეს სახლის საყიდლად საჭირო თანხაც.

მკითხველმა მამუკას 42 ათას ლარზე მეტი გადაურიცხეს.

„ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ერთ-ერთი კლინიკის ექიმები, რომლებიც უსასყიდლოდ გაუკეთებენ მამუკას დედას, ნატო ფოცხორაიას გულის სარქვლის ოპერაციას. ოპერაცია რამდენიმე დღეში უნდა გაკეთდეს.


11 500 დოლარად მამუკამ მარტვილის ცენტრში კეთილმოწყობილი ბინა იყიდა, ავეჯით და ტექნიკით. შეიძინა ახალი, დიდი მუსიკალური ცენტრი, სმარტფონი, ტელევიზორი და სახლისთვის საჭირო წვრილმანი.

„პირველად რომ შემოვედი, დიდი სიხარული და ყველაფერი კარგი ვიგრძენი ამ სახლში. გული ასე – „ბახ – ბუხს“ იძახდა. არ მჯეროდა, რომ ჩემი იყო, ვტიროდი და კედლებს ვკოცნიდი“, – ამბობს მამუკა.

სახლი სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა. აქვს დიდი ეზო და გადაჰყურებს დიდ, გამწვანებულ სივრცეს.

ბაზრობაზე მამუკა ისევ ცეკვავს. ამბობს, რომ ამ საქმეს თავს არ დაანებებს, რადგან სწორედ ცეკვით დაამახსოვრა თავი ადამიანებს.

„ახლაც ვცეკვავ, მაგრამ ეს უკვე სიხარულის ცეკვაა“, – ამბობს მამუკა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: