მთავარი,სიახლეები

მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება

30.12.2021 • 9202
მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს  – კანონი იცვლება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს. 2022 წლის ივლისიდან უკვე მთავარი მშობლის ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება და არა ის, რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ გაჩნდა თუ არა ბავშვი.

სასამართლომ უნდა შეაფასოს, ოფიციალური ქორწინების და ბავშვისთვის ორივე მშობლის არსებობის მიუხედავად, არის თუ არა ერთ-ერთი მშობელი მარტოხელა.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით კი, „მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.“

სარჩელის ავტორი სამი ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი იყო, ხოლო მოპასუხე – პარლამენტი, რომელმაც საქმის განხილვის დროს დაადასტურა, რომ კანონის ეს ჩანაწერი მართლაც პრობლემურია.

მაგალითად, მოსარჩელე ირმა გ. ფაქტობრივად მარტოხელა დედაა, ვისი ყოფილი ქმარიც სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტსაც კი არ იხდის.

„კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელია და აღსრულების ეროვნული ბიურო ვერაფერს აკეთებს, რადგან ვერ ხერხდება ალიმენტდაკისრებული პირის ფინანსების, ქონების მოძიება,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში. ირმას მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვს, რადგან იგი განქორწინებულია.

მეორე მოსარჩელე ელგა მ-ა. ისიც ფაქტობრივად მარტოხელა დედაა. ელგამ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი და ბავშვის სააქტო ჩანაწერში არ ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები.

„ელგა და მისი შვილი მუდმივად იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ყოფილი პარტნიორის მხრიდან, რომელიც მათი თანასოფლელია. იგი მუდმივად ავრცელებდა სოფელში ცრუ ინფორმაციას და ლახავდა ელგას პატივსა და ღირსებას, თითქოს ბავშვის მამა სხვა ადამიანი იყო. მსგავსი ინფორმაციები ბავშვზეც უარყოფითად აისახებოდა.

ელგამ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და ბიოლოგიური ანალიზის მეშვეობით დაედგინა მამობა. მას შემდეგ, რაც მამა ოფიციალურად დადგინდა და ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემები ჩაიწერა, ელგამ შეძლო ყოფილი პარტნიორისთვის დაემტკიცებინა სიმართლე, თუმცა ახლა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სტატუსი.

სასამართლოსთვის მიმართვამდე და ახლაც არაფერი შეცვლილა ელგას და მისი შვილის ცხოვრებაში, გარდა სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების დაფიქსირებისა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

არც ელგას მიანიჭეს მარტოხელა დედის სტატუსი, რადგან ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები.

სარჩელის ავტორი იყო მარტოხელა მამაც  – ლერი თ. მას ორი შვილი ჰყავს და გორში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში ბავშვების დედას სასამართლოს მიერ აქვს შეზღუდული მშობლის უფლება.

„მიუხედავად იმისა, რომ ლერი თ. ნამდვილად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნას და მუნიციპალიტეტს აქვს სპეციალური პროგრამა მარტოხელა მშობლებისთვის, სამოქალაქო კოდექსი ბოჭავს მარტოხელა მამებს მიიღონ სტატუსი და ისარგებლონ მასთან დაკავშირებული სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიებით, რადგან კრიტერიუმები არ არის ობიექტური და სწორად მორგებული მარტოხელა მამებზეც,“ – აღნიშნულია სარჩელში.

„ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომელიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად მსგავსი საჭიროებები გააჩნიათ. შესაბამისად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა შესაბამისი სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან სრულად გამორიცხვით, სადავო რეგულირება ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ. ამასთან, დიფერენცირებას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი,“ – მიიჩნევდნენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები.

საქართველოს პარლამენტის პოზიცია იყო ეს:

„სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ მას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული სტატუსის მიღების შესაძლებლობას ყველა იმ პირის მიერ, რომლებიც რეალურად ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის მარტოხელა მშობლებად უნდა ითვლებოდნენ,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. სასამართლოს პოზიციით, დასახელებულ კატეგორიებს მიკუთვნებული პირები არსებითად მსგავსი საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა საჯარო ინტერესი, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას გაამართლებდა.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/226588/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: