მთავარი,სიახლეები

„ერთმანეთი გვჭირდება“ – რა სურთ სარფსა და ქემალფაშაში

29.07.2021 • 43638
„ერთმანეთი გვჭირდება“ – რა სურთ სარფსა და ქემალფაშაში

„თუ ქართველები არ ჩამოვლენ, ეკონომიკური პრობლემები იქნება,“ „აქაურობამ მნიშვნელობა დაკარგა, ადამიანები არ გადმოდიან“, „ვაჭრობა რომ ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს, PCR ტესტი უნდა გააუქმონ“, „ასეთი ღარიბი ქვეყნის მმართველებმა რომ მოსახლეობის მდგომარეობა არ იციან, ძალიან უცნაურია ჩემთვის. ზაფხულის ბოლოს თუ საქართველო წესიერ ნაბიჯს არ გადადგამს, ქემალფაშაში არავინ აღარ დარჩება“, – ეს ქემალფაშაში მდებარე მაღაზიების მეპატრონეების განწყობებია.

პანდემიის დაწყებამდე 2000-მდე ადამიანი ყოველდღიურად კვეთდა თურქეთ-საქართველოს საზღვარს და ქემალფაშაში მიდიოდა სამუშაოდ. ქემალფაშა პატარა ქალაქია თურქეთის მხარეს, საქართველოს საზღვრის ახლოს. 2008 წელს აქ ტანსაცმლისა და ტექსტილის ბაზრობა გაიხსნა. იმის გამო, რომ ბაზრობის ძირითადი კლიენტები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, თურქ მესაკუთრეებს მაღაზიაში ქართველები ჰყავდათ დასაქმებულები. ბაზრობაზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1000 ლარი იყო.

პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავისუფალი მიმოსვლა შეუძლებელი იყო.

2021 წლის ივნისიდან საზღვარი ღიაა, თუმცა ქართული მხარის მიერ დაწესებული ბარიერების გამო, ცოტა ხალხი კვეთს მას.

ორჯერ ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთი PCR ტესტის გარეშე უშვებს. საქართველოში დაბრუნებულებს კი, იმის მიუხედავად, რომ ვაქცინირებულები არიან, უწევთ PCR ტესტის წარდგენა, რომელიც თურქეთში დაახლოებით 250 ლირა ღირს. ტესტის არ ქონის შემთხვევაში მოქალაქე ვალდებულია 8 დღიან იზოლაციაში წავიდეს.

ქემალფაშა

პანდემიის კვალი საზღვრის გადაკვეთისთანავე იგრძნობა. პანდემიამდე საბაჟოს შენობის წინ ათობით მიკროავტობუსი იდგა, რომელთა მძღოლებიც ქართულ-თურქულად გთავაზობდნენ ქემალფაშაში წასვლას. ლოდინის დრო მაქსიმუმ 5 წუთი იყო.

ახლა საზღვრის თურქულ მხარეს აღარც ბევრი ხალხია და აღარც ქემალფაშაში მიმავალი მიკროავტობუსების რიგი დგას. ბაზრობაზე მოსახვედრად ან ტაქსით უნდა წახვიდე ან საპორტო ქალაქ ხოფისკენ მიმავალ სამარშრუტო მიკროავტობუსს უნდა გაჰყვეთ, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დადის.

ქემალფაშაში ჩასულს, პირველი რაც თვალში გხვდება, ეს დაკეტილი მაღაზიებია. ცენტრალური გზის პირას ადრე ტექსტილი და ფერადი ტანსაცმელი იყო გამოფენილი, ახლა ყველა ჟალუზი დაკეტილია.

ქემალფაშაში მაღაზიების უმრავლესობა დაკეტილია

„თუ ქართველები არ ჩამოვლენ, ეკონომიკური პრობლემები იქნება,“ – ამბობს ესქი მეჯითი, ღუმელიდან ხაჭაპურს იღებს და აგრძელებს – „ნახეთ, ხაჭაპური გავაკეთე, მაგრამ კლიენტები არაა. თურქები არიან მხოლოდ. საზღვარი თუ გაიხსნება, ძველებურად მიმოსვლა აღდგება, ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენ იქით წავალთ, ისინი აქეთ გადმოვლენ, ხალხი ამოძრავდება“.

ესქის ქემალფაშაში პატარა კაფე აქვს. პანდემიამდე სავსე იყო საქართველოდან გადმოსული ხალხითო, ამბობს. მის კაფეში დასაქმებულებიც ქართველები არიან. მათ შორისაა გივი კრავიშვილი.

„ეს ორი წელია, ქართველები რომ ვეღარ შემოდიან ქემალფაშას ძალიან გაუჭირდა. იქით ქართველებს უჭირთ. თან საქართველოში გადასვლა ძვირია. ქართველებს კიდევ ფული არ აქვთ. ამათ ჩაის საკრეფად ხალხი სჭირდებათ, იძულებული არიან თვითონ იმუშაონ. ვინც გადმოვიდა საქართველოდან, ყველა დასაქმდა,“ – ამბობს გივი.

ესქი და მისი ქართველი თანამშრომლები კაფეს ერთადერთი კლიენტისთვის შეკვეთის მზადების დროს

გივი ქემალფაშაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მამა, გივი კრავიშვილი მშენებლობაზე მუშაობს. დედა, ნათია ჩუბინიძე პანდემიამდე სასადილოში მუშაობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ახლა მუშაობას ვერ ახერხებს. რამდენიმე წელია საქართველოში არ ყოფილა. ოჯახმა მთელი პანდემიის პერიოდი ქემალფაშაში გაატარა.

„პანდემიამ ეკონომიკურად იმოქმედა. ყველას გაუჭირდა. ჩემი მეუღლე მუშაობდა მშენებლობაზე და პირადად მე ეს გაჭირვება დიდად არ მიგრძვნია, მაგრამ აქაურ ქართველობას ძალიან გაუჭირდა. კრიზისი იყო. უმუშევრობა. ყველაფერი ჩაიკეტა – ჩაიხანები, ლოკანტები, კავეები (სათამაშო სახლები).

მეშინოდა კორონასი. ძალიან მეშინოდა. გარეთ არ გამოვდიოდი. ოჯახის წევრები რომ გამოდიდნენ გარეთ მაგის მეშინოდა. ვარიგებდი და წესების დაცვას ვთხოვდი,“ – იხსენებს ნათია ჩუბინიძე. ნათიას მეუღლე შეზღუდვების პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ პანდემიამ ყველას და ყველაფერს დაამჩნია კვალი.

„პანდემიის დასაწყისი რთული იყო. პოლიცია გვიშლიდა გარეთ გამოსვლას – აფთიაქში და საკვებზე შეგვეძლო მხოლოდ გამოსვლა. თუმცა მე არ შემხებია  – მშენებლებზე არ იყო შეზღუდვები. 18 წლამდე ბავშვი და 60 წელს გადაცილებული კაცი გარეთ ვერ გამოვიდოდა. საჭმელზეც უშლიდნენ ჩემს ბავშვს გასვლას. მე რომ ვმუშაობდი, ბავშვი უნდა გასულიყო საჭმლის საყიდლად და უშლიდნენ. მე არ გამჭირვებია. სულ ვმუშაობდი. ეგ კი არა შაბათ-კვირას აკრძალული იყო მუშაობა და მაინც გავდიოდი და ვმუშაობდი. მშენებლობაზე აგური, სილა ამაქვს.

ადგილობრივებს გაუჭირდათ. ჩაის კრეფა პირველი სეზონი ძალიან გაუჭირდათ [თურქებს]. ერთი თვეა სეზონი და თვენახევარი კრეფდნენ. 1,20 ლირა იყო ერთი კილო ჩაის მოკრეფა. „ამდენ თანხას ვიხდიდით თურმე ჩაის კრეფაშიო, ამბობდნენ“. მთავრობა რა თანხასაც აძლევდათ, მთლიანად პატრონის ჯიბეში წავიდა. მესამე სეზონზე უკვე მოწვევები გაკეთდა და ქართველები გადმოვიდნენ სამუშაოდ,“ – იხსენებს გელა კრავიშვილი.

მაღაზიებისგან განსხვავებით კაფეები ღია, მაგრამ ცარიელი

ჯემალ შავაძე ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ცხოვრობს. ათი წელია თურქეთში დადის სამუშაოდ. ქემალფაშაში მუზაფერ ალფერის კაფეში ვხვდებით. მუზაფერის კაფეც, სხვა კაფეების მსგავსად სულს ღაფავს. ის ამბობს, რომ ქართველებსაც სჭირდებათ ქემალფაშას ბაზრობა და თურქებსაც.

„ჩვენთან წამალი იაფია, თქვენთან ძვირი. ჩვენთან ტანსაცმელი იაფია, თქვენთან ძვირი. უთხარით მთავრობას, რომ საზღვარი გახსნას,“ – ამბობს მუზაფერი.

ჯემალ შავაძე საზღვრის ჩაკეტვის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ეკონომიკური გავლენა, რომელიც ამ ჩაკეტვამ მოიტანა, მთელ დასავლეთ საქართველოს ეხება.

„საზღვრის ჩაკეტვამ ჩემზე კი არა მთელს ბათუმზე და მთელს დასავლეთ საქართველოზე იმოქმედა ძალიან ცუდად. თურქეთის გარეშე არანაირი სამუშაო არაა საქართველოში. გინდა არ გინდა ჩვენი ხალხი (ვინც ზესტაფონს აქეთ ცხოვრობს), უნდა გადმოვიდეს თურქეთში და იმუშაოს აქ.

ათი წელია თურქეთში დავდივარ და აქედან ვარჩენ ოჯახს. საქართველოში არაფერი არაა. განუკითხაობაა და რაფერც ბიძინას უნდა ისე მართავს ყველაფერს.

საზღვარი რომ ჩაიკეტა, აქედან გამოგვიგზავნეს მოწვევა და გადმოვედით. ბევრი ვერ გადმოვიდა. რამდენია იცით დარჩენილი, რომ ვერ გადმოდის აქეთ?

ღია საზღვარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. საღამოს გადახვალ სახლში, დილას გადმოხვალ. სამი თვეა აქ ვარ. მენატრება ჩემი ოჯახი. შვილები, შვილიშვილები, ჩემი ეზო, მაგრამ ვერ გადავდივარ. დღეები მეკარგება. ყველაზე მაგარია ჩემს სახლში რომ გადავალ და დილას გადმოვალ – ამას ნიშნავს ღია საზღვარი,“ – ამბობს ჯემალ შავაძე.

მუზაფერ ალფერი და ჯემალ შავაძე

ჯემალი ამბობს, რომ ყველაზე მეტად პანდემიის პირველი თვეები გაუჭირდა, როცა სამსახურის გარეშე და უფულოდ დარჩა.

„ბათუმში არანაირი სამუშაო აღარ იყო. აქეთ ვერ გადმოვდიოდით. როცა თურქეთმა მოწვევების გაკეთება დაიწყო და  სამუშაოდ გადმოვედით, ცოტა ხელი მოვიბრუნეთ.

ზოგი ჩაიზე მუშაობს აქ. აქ ისეთი ხალხიცაა, ისე მძიმედ მუშაობენ, რა ვიცი, შეგეცოდება. ზოგს არც შეუძლია მუშაობა, მაგრამ გინდა არ გინდა უნდა იშრომოს, ორი ლუკმა პური რომ წაიღოს. ზოგს ეს თურქი ხალხი პატიობენ – ეხმარებიან რამდენს.

ჩაიში ყველა მეორე ქართველია. საღამოობით, ჩაიდან რომ მოდიან ქემალფაშაში ისეთი სიტუაციაა, ბათუმი გეგონება.

მაღაზიებშია ოღონდ ცოტა ხალხი. აგერ-იგერაა ღია. უმეტესობა დაკეტილია. საზღვარი რომ არაა ღია და ვერ გადმოდის ჩვენი ხალხი, მაგიტომაა მაღაზიები დაკეტილი. რომ გაიხსნა მაღაზიები, იქითაც ხელს მოიბრუნებს ხალხი და აქეთაც,“ – ამბობს ჯემალი.

თემელჯან იაზიჯი ქემალფაშაში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელია. საბავშვო ტანსაცმელს ყიდის.

ერთ წელზე მეტია იმ იმედით აღებს ყოველ დილით მაღაზიას, რომ ვინმე შევა და რამეს იყიდის. მისი საქონელი, ისევე სხვა ასობით მაღაზიის საქონელიც ქართული ბაზრისთვისაა გათვლილი, ქართველების მსყიდველუნარიანობაზე მორგებული – იაფი. ქემალფაშაში დაახლოებით 600 მაღაზიაა, რომელიც ტანსაცმლით და ტექსტილით ვაჭრობს. ამ მაღაზიებიდან ახლა ათი თუ იქნება ღია. უმრავლესობას დაკეტილია.

„საბაჟოზე ტესტს ითხოვენ, რაც 80-90 ლარია, დაახლოებით 250 ლირამდე გამოდის. ვინც გადმოდის თუ ბევრ რამეს იყიდის, შეიძლება აწყობდეს. აქ ყველა საჭირო ნივთების შესაძენად გადმოდიოდა. ამისთვის 250-300 ლირა ტესტის საფასურის გადახდა ძალიან დიდი თანხაა. აქაურობამ მნიშვნელობა დაკარგა და ადამიანები არ გადმოდიან. ახლა ორ ქვეყანას შორის როგორ მოგვარდება ეს საკითხი არ ვიცით, მაგრამ ტესტირების საკითხის მოხსნას ვითხოვთ. რაც შეიძლება მალე უნდა მოიხსნას, რომ ვაჭრობა თავდაპირველ მდგომარეობაზე დაბრუნდეს,“ – ამბობს თემელჯან იაზიჯი.

იაშარ ალთუნქაიას ქემალფაშაში ფეხსაცმლის მაღაზია აქვს. მისი თქმით, საზღვარი რომ გახსნილი იყოს, ახლა მის მაღაზიაში გაუყიდავი ფეხსაცმელების გროვა არ იქნებოდა

ჯანან და ჰატიჯე ავშარებს ქემალფაშაში სამი მაღაზია აქვთ. მხოლოდ ერთ მაღაზიაში ჰყავთ ქართველი გამყიდველი. დანარჩენი მაღაზიები ნახევარად დაკეტილი აქვთ. თუ კლიენტი გამოჩნდა, აღებენ.

„რაც სარფის გამშვები პუნქტი კოვიდის გამო დაიკეტა, სერიოზულ სირთულეებს წავაწყდით როგორც მცირე ბიზნესი, ისე ქართველი თანამშრომლები. ჩვენი კლიენტები ქართველები არიან. იმ ბარიერებმა, რაც საქართველომ დაუწესა საკუთარ მოქალაქეებს, ჩვენი რეგიონი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ჯერ თქვეს, რომ რომ 2 დოზით აცრილებს გადმოსვლა შეეძლოთ, მაგრამ ეს ასე არაა, PCR ტესტი გჭირდება. თურქეთის მოქალაქეებსაც, ვისაც 2 აცრა აქვს გაკეთებული, საზღვარზე ტესტს სთხოვენ. ეს მაშინ, როცა ფრენის დროს PCR ტესტი არ გჭირდება. ამის ლოგიკას ვერ ვხდები. კოვიდი მხოლოდ სახმელეთო გზით ვრცელდება? თვითმფრინავში არა? სისულელე მგონია. ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ველაპარაკები ჩემს თანამშრომლებს საქართველოდან. პურის ფული არ აქვთ. ჩვენ მართლა ძალიან ვწუხვართ ამის გამო. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე გამოსავალს იპოვის. ჩვენმა მთავრობამ ამ საკითხზე ძალიან კარგი გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ საქართველოს მთავრობის გამოცხადებულ რეგულაციებსა და შესრულებულებს შორის ბევრი უზუსტობებია. ჩვენზე მეტად მათი მოქალაქეები არიან რთულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენზეც დიდი გავლენა აქვს,“ – ამბობს ჯანან ავშარი.

ჯანან და ჰატიჯე ავშარები საკუთარ მაღაზიაში

ჰატიჯე ავშარი პანდემიის ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ გავლენებზე საუბრობს.

„2020 წლის 15 მარტს უცებ დაიკეტა საზღვარი. არავინ ელოდა ამას. წინასწარ რომ გვცოდნოდა, სახელმწიფოებს წინასწარ საჭირო ინფორმაცია რომ მიეწოდებინა, შეიძლება რაღაც ზომებს მივიღებდით. ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაკეტვა აქაური მცირე ბიზნესი და ჩვენი თანამშრომლებიც დააზარალა. უამრავი ადამიანი, რომელიც ქემალფაშაში მუშაობდა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქაური მაღაზიის მეპატრონეები მათ რაც შეეძლოთ დაეხმარნენ, როცა საქართველოში უშვებდნენ. მაგრამ წელიწად ნახევარია დაკეტილია აქაურობა. ახლა ჩვენც ცუდ მდგომარეობაში ვართ. ეს პერიოდი თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს მთავრობამ თუ არ მიიღო უფრო მოქნილი გადაწყვეტილება, ორჯერ აცრილებს თურქეთში გადმოსვლის უფლება თუ არ მისცა, უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნება ყველას. აქაური მცირე ბიზნესი ასე კიდე რამდენ ხანს გაუძლებს? ყველაფერს აქვს ლიმიტი. 2 წელი სრულდება, ამ წელსაც დაველოდებით, მაგრამ მომდევნო წლებისთვის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემთ [თანამშრომლებს]“, –  ამბობს ჰატიჯე.

ჰატიჯე ხსნის, რომ ყველა მაღაზიის მეპატრონე ცდილობს თავიანთ ქართველ თანამშრომლებს სამსახური შეუნარჩუნონ, თუმცა ეკონომიკური სიტუაცია იმდენად რთულდება, არ იცის რამდენ ხანს შეძლებენ ამას. ჰატიჯეს თქმით, შეეცადნენ ახალ რეალობას მორგებოდნენ, Whatsapp-ით დაიწყეს საქონლის გაყიდვა, თუმცა ეს მთლად ეფექტური გზა არ აღმოჩნდა.

„ქართველებს უყვართ გაისინჯონ ტანსაცმელი და ისე იყიდონ, რაც სწორია. Whatsapp-ით პროდუქტის ფერს ვერ აღიქვამენ, ხარისხს ვერ ხვდებიან, კომუნიკაცია უფრო რთულია. თან აქვე 15 წუთიან გზაზე, დაკეტილი საზღვრის გამო Whatsapp-ით  პროდუქტის ყიდვა ცუდია. ახლა ტურიზმის სეზონის დასრულებას ველოდებით, სეზონის გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლა დაუშვა. მაგრამ სეზონის დამთავრებისას თუ ორივე მთავრობამ რამე ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს… ანუ ჩვენი მოთხოვნა თურქეთის მთავრობისგან ისაა, რომ შეხვდნენ უფლებამოსილ პირებს საქართველოდან და იმსჯელონ, როგორ შეუძლიათ ამ მდგომარეობის გამოსწორება. ტესტთან დაკავშირებით, აცრასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეუძლიათ ერთობლივად. ორივე ქვეყნისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დროულად მიიღონ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და ჩვენ არ ვიძახით – მერე რა რომ კოვიდია, გაიხსნას საზღვრები იმისათვის, რომ ჩვენ ვაჭრობა გვქონდეს. უბრალოდ, საქართველომ საკუთარ მოქალაქეების აცრაზე იზრუნოს. ყველაზე მინიმუმ ზამთრიდან რეგულაციების შემსუბუქებას ვისურვებდით. ტესტის საფასური მართლა ძალიან ბევრია, როგორ უნდა გადაიხადონ საქართველოს მოქალაქეებმა ის თანხები და თურქეთში გადმოვიდნენ?  80 ლარი უნდა გადაიხადოს და დაბრუნებისას, 72 საათის მერე ისევ ტესტი უნდა გაიკეთოს – 160 ლარი გამოვიდა. ამ თანხის გადახდა საქართველოში ადამიანებს არ შეუძლიათ. 2 წელია სამსახური არ აქვთ, არაფერს არ აწარმოებენ. სხედან სახლებში, რაც ჰქონდათ ისიც დახარჯეს. იმავეს თქმა, თურქეთისთვისაც შეგვიძლია. ყველაფერს საზღვარი აქვს მართლა,“ – ამბობს ჰატიჯე ავშარი.

ჰატიჯეს თქმით, ისიც და სხვა მაღაზიების მეპატრონეებიც ძალიან ცდილობენ ბიზნესი შეინარჩუნონ, თუმცა ეს უფრო და უფრო ჭირს.

„აქაურ მცირე ბიზნესებს ამ ყველაფრის შენარჩუნების ძალა ეწურებათ. 2 წელია ველოდებით, ზაფხულის ბოლომდეც დაველოდებით, მერე საქონელს ავიღებთ და სხვაგან წავალთ, სადაც გაყიდვას შევძლებთ. მე 12 წელია აქ ვცხოვრობ, მართლა ძალიან გვიყვარს ქართველები, ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ. ქართველებთან ძალიან სასიამოვნოა ვაჭრობა. გვინდა არც ჩვენ არ დავრჩეთ ამ სიამოვნების გარეშე და არც ქართველებმა დაკარგონ ეს შესაძლებლობა,“ – ამბობს ჰატიჯე.

“მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია. ქართველები თუ გადმოვლენ, სარფის საბაჟო თუ გაიხსნება, ვივაჭრებთ, თორემ აქ არაფერია. ასე ვსხედვართ საღამომდე. აღარ არის სამუშაო,” – ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეები ქემალფაშადან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: