მთავარი,სიახლეები

ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით I VIDEO

16.12.2021 •
ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით I VIDEO

ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში.

ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“.

„ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: ხომ კარგად იქნები დედა? ცერა თითით მიგვანიშნა, კარგად ვარო. საუბარი უჭირდა, ვერც კი დაგველაპარაკა,“- ჰყვებიან ბიჭები.

ცივ, პატარა ქოხში ახლა მხოლოდ გარდაცვლილი მშობლების ფოტოები ხვდებათ. მარტოდ დარჩენილი ბავშვები დროებით დედის ძმამ შეიფარა.

კახას და ანრის დედა კოვიდით გარდაიცვალა

ახლა სოფელ ახალშენში, „ოცნების ქალაქიდან“ საკმაოდ შორს ცხოვრობენ. ამიტომ სკოლაში მისასვლელად ერთი კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით, შემდეგ კი ავტობუსით მგზავრობენ.

დედის გარდაცვალების გამო ბავშვებს სოციალური შემწეობაც შეუჩერდათ. ასეთია კანონი, როცა ოჯახში რაიმე ცვლილებაა, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას აჩერებს. მინიმუმ სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა მიზერული სახელმწიფო დახმარება – 100 ლარი ისევ მიიღონ.

კახა და ანრი ბერიძეებს „ოცნების ქალაქში“ აქვთ ქოხი, რომელშიც წვიმა ჩადის

„100 ლარი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, არაფერში გყოფნის, მაგრამ რას ვიზამთ. საკვები სასადილოდან მოგვაქვს, ბიძაც გვეხმარება.

როცა დედა ცოცხალი იყო, ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, უმამობას არასდროს გვაგრძნობინებდა. გვიჭირდა, მაგრამ ყოველთვის მოჰქონდა რაღაც ჩვენთვის,“ – ამბობს კახა.

როცა ბავშვებს სოციალური სასადილოს საკვები არ მოსწონდათ, დედა ცდილობდა სუნელებით შეეზავებინა. „თითქმის თავიდან ამზადებდა ყველაფერს,“ – გვეუბნება ანრი.

ანრისა და კახას თქმით, დედას ძალიან უნდოდა მათ კარგი განათლება მიეღოთ. „როცა დისტანციურად ვსწავლობდით, ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ არ გაგვეცდინა გაკვეთილები. საავადმყოფოდანაც კი ამას გვთხოვდა,“ – ამბობენ ბავშვები.

კახა გვეუბნება, რომ ადრე უფრო კარგად სწავლობდა, ახლა კი მათემატიკასა და ქართულში დახმარება სჭირდება. „ჩამოვრჩი ინგლისურშიც, მაგრამ ვიმუშავებ, ორმაგად ვიმუშავებ და დავაგროვებ ფულს, რომ მოვემზადო. ვფიქრობ, დავძლევ ჩამორჩენას,“ – გვეუბნება ის.

„კახას კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა უნდა, ამიტომ აპირებდა კომპიუტერის ყიდვას, თუმცა ფული არ გვეყო,“ – გვეუბნება კახას 11 წლის ძმა, ანრი.

„ფულს ვაგროვებდი, დედაც მეუბნებოდა, დაგიმატებო, მაგრამ მაინც ვერ ვიყიდე, ძვირია,“ – გვეუბნება კახა. დედის გარდაცვალებამდე ბიძასთან ერთად მუშაობდა, ტვირთს ვეზიდებოდითო. ფიქრობს, რომ მუშაობა მომავალშიც მოუწევს, სწავლის ფული რომ შეაგროვოს. „დედის ოცნება იყო, რომ გვესწავლა, ამიტომ მინდა ჩავაბარო,“ – ამბობს ისევ კახა. ახლა ის მეათე კლასშია და ფიქრობს, რომ ეროვნულ გამოცდებამდე როგორმე მოასწროს მომზადება.

ანრი და კახა „ოცნების ქალაქში“

შვილებისთვის კარგი განათლების მიცემის გარდა დედის ოცნება ანრისთვის და კახასთვის პატარა, მყუდრო ბინაც იყო. როცა მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო, ბიჭებს და დედას იმედი გაუჩნდათ.

„ბავშვივით უხაროდა დედას ეს ამბავი, ამბობდა, გავთბებით მაინცო. ცდილობდა, რაღაც ახალი ნივთებიც შეეძინა, ახალ ბინაში გადავიტანთო… მაგრამ ვეღარ მოასწრო,“ – გვეუბნება კახა.

მოზარდები იმედოვნებენ, რომ კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს და ბინის გარეშე არ დარჩებიან. „თუ ბინის გარეშე დაგვტოვებენ, ეს არ იქნება სამართლიანი,“ – გვეუბნებიან ბიჭები.

„როცა შეშა არ გვაქვს, საწოლებში ვწვებით და ისე ვთბებით“, – ამბობენ მოზარდები

მოზარდების თქმით, პატარა ქოხში სულ სციოდათ, როცა შეშა არ გვქონდა, საწოლებში ვწვებოდით და ისე ვთბებოდითო. ძველ ოთახში წვიმაც შემოდიოდა და ყველაფერს ასველებდა. „დედაც ცივდებოდა ხოლმე, სუნთქვის პრობლემები გაუჩნდა, ანრისაც სულ სციოდა,“ – გვეუბნება კახა.

11 წლის ანრი მეზღვაურობას აპირებს. მოგზაურობა მინდა და ამიტომ მომწონს ეს პროფესიაო. კახა კი ამბობს, რომ აღარ ოცნებობს, მაგრამ დედაზე სულ ფიქრობს. „ნეტა, ცოცხალი იყოს-მეთქი, ამაზე ვფიქრობ,“ – გვეუბნება ბიჭი.

ბიჭების პატარა ქოხი კეთილმოუწყობელია, არც ტელევიზორი მუშაობს. მოძველებულ ავეჯს დედის ამოქარგული ფერადი ფარდაგები მალავს. მოზარდებს წიგნების ნაკლებობაც აქვთ სახლში. ძირითადად სასკოლო სახელმძღვანელოებს კითხულობენ.

„ვეფხისტყაოსანი“ მჭირდება და ყიდვას ვაპირებ. ბოლოს „ჰარი პოტერი“ წავიკითხე, კარგი იყო, მომეწონა. სხვა წიგნებიც თუ მექნება, წავიკითხავ ალბათ,“ – გვეუბნება კახა.

ბიჭები ამბობენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ თითქმის აღარ თამაშობენ: „ზოგჯერ ტელეფონში ვთამაშობთ და ასე გაგვყავს დრო.“

დანარჩენ დროს კი გაკვეთილების მომზადებას უთმობენ, რადგან დედის ბოლო სურვილის ასრულებაზე ფიქრობენ.

________________________

მკითხველთა თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.

კახა და ანრი ბერიძეების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

სს საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულება: ქველმოქმედება – კახა და ანრის მხარდაჭერა

________________________________

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: