მთავარი,სიახლეები

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ გუნდი რეკომენდაციებით დაეხმარება ორგანიზაციებს

29.12.2021 • 1599
„აჭარის რეგიონული ჰაბის“ გუნდი რეკომენდაციებით დაეხმარება ორგანიზაციებს

აჭარის ახალდაარსებული რეგიონული ჰაბის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალდაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, სათემო და საინიციატივო ჯგუფებისთვის, ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო სივრცისა და დროის გამოყოფა, მათი საჭიროებების გამოვლენა, იდეებისა და ინიციატივების იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ დახმარება.

„განვითარების ტალღა“ ქედის მუნიციპალიტეტში ახალდაარსებული ორგანიზაციაა. მისი დამფუძნებელი ილონა შავლიძე გვეუბნება, რომ აჭარის რეგიონული ჰაბის გუნდი მათ ორგანიზაციას პირველივე ნაბიჯებიდან დაეხმარა დასარეგისტრირებლად მომზადებაში, წესდების, დოკუმენტების შემუშავებაში, მიზნების ჩამოყალიბებასა და  გაანალიზებაში:

ილონა შავლიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღის” დამფუძნებელი.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ ვიყავით ქედაში და ვახორციელებდით მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას. ამ პროგრამით მოსახლეობა ირჩევდა და თავად წყვეტდა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო მათ სოფლებში. ჩვენ ვიყავით თემებში კონსულტანტები და ინფორმაციას ვავრცელებდით, ვეხმარებოდით პროექტების წერაში და შემდეგ დაიბადა იდეა, რომ შეგვექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნებოდა ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში, პოლიტიკურ პროცესებში. განსაკუთრებით ქალებს გვსურს დავეხმაროთ ჩაერთონ თვითმმართველობის საკითხებში, ეს არის ძირითადი მიზანი სხვა მიზნებთან ერთად, ჩვენი ორგანიზაციისა“, – ამბობს „განვითარების ტალღის“ დამფუძნებელი, ილონა შავლიძე.

ილონა შავლიძე „აჭარის რეგიონული ჰაბის” გუნდის წევრებთან ერთად

გიორგი ბოლქვაძეც ახლა აფუძნებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას. „აჭარის რეგიონული ჰაბის“ შესახებ გიორგიმ სოციალური ქსელებიდან შეიტყო, დაესწრო სამუშაო შეხვედრებს და მას შემდეგ, რაც ჰაბის შესაძლებლობების შესახებ გაიგო, გადაწყვიტა არასამთავრობო ორგანიზაცია დაეფუძნებინა:

„დიდი ხანია მინდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება, რომელიც ახალგაზრდებს ჩართავს გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად.

ორგანიზაციის წესდება უკვე შევიმუშავეთ ჰაბის დახმარებით. რამდენიმე დღეში ტექნიკურ დეტალებს ვაზუსტებთ და დავარეგისტრირებთ კიდეც იურიდიულად.

გიორგი ბოლქვაძე

ჰაბის კონსულტანტებთან ერთად ახლა სხვადასხვა რეკომენდაციას ვიღებთ.

ტექნოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, გარემოს დაცვა – ეკოლოგიის მიმართულებით. უნივერსიტეტშიც „გრინ ქლაბის“ კლუბი გვქონდა, სადაც უნივერსიტეტებს ვაერთიანებდით, აქტივობებს ვახორციელებდით. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ გარემოსდაცვითი ეკოკლუბი მქონდა და ვორქშოფებით, სემინარებით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე ვმუშაობდით, ვაცნობდით გარემოსდაცვით საკითხებზე სტატისტიკურ და სხვა ტიპის ინფორმაციას, გამოწვევებს და სამომავლო პერსპექტივებს.

ურბანული განვითარება, ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა – ბევრი გამოწვევა აქვთ მსოფლიოში გარემოსდამცველებს და რეგიონისთვისაც ესაა მნიშვნელოვანი. მუნიციპალური დაგეგმარება-განვითარება, სკვერების საჭიროება ქალაქსა და გარეუბნებში, ბევრი საკითხი გვაქვს მონიშნული, რაზეც მუშაობის დაწყებიდანვე გავამახვილებთ ყურადღებას“, – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ საკონსულტაციო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის პირობებში სატელეფონო კავშირით, სოციალური არხებითა და ონლაინპლატფორმებით ხორციელდება.

კონსულტაციებში ჩართული არიან პროექტის გუნდის წევრები, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ და ორგანიზაციის თანამშრომლები.

პროექტი 4 წლის განმავლობაში ხორციელდება: 2021 წლიდან 2024 წლამდე.

სამიზნე ჯგუფებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ითხოვონ საკონსულტაციო დახმარება პროექტის გუნდის წევრებისგან.


ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: