Batumelebi | „არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი „არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი

დადუ კარა 25 წლის ტრანსგენდერი ქალია. ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას, მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სექსსამუშაოში ჩართვა მოუწია. დადუ ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და ის მძლავრი ტრანსფობიური განწყობებია, რომლის გამოც  ქვეყანაში გენდერულად არაკომფორმულ ადამიანებს არც ადეკვატური სამუშაოს და არც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ.

  • დადუ, როგორ მოხვდი სექსსამუშაოში და რამდენად საფრთხისშემცველი საქმეა ეს?

სექსსამუშაოში დაახლოებით 2-3 წელია, რაც ჩართული ვარ. ეს არის საქართველოში ჩემი ერთადერთი შემოსავალი, რომ  თავი ვირჩინო, გადავიხადო ქირა, კომუნალურები და მივხედო საკუთარ თავს. ერთადერთი სამუშაო საქართველოში ჩემთვის არის სექსმუშაკობა… რატომღაც ასეა საქართველოში – თუ ხარ ტრანსი, უნდა იყო სექსმუშაკი, მეძავი.

იქამდე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ვმუშაობდი კლინიკაში თარჯიმნად. ერთ დღეს გადავწყვიტე გარკვეული მიზეზების გამო დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანაში სხვანაირი სიტუაცია დამხვდებოდა, სულ სხვანაირი ჩანდა ყველაფერი, მაგრამ რომ ჩამოვედი და შევხედე, სულ სხვა ვითარება დამხვდა. ვერც სამსახური ვიშოვე, ვერც ვერაფერი გავაკეთე და გადავწყვიტე ჩავრთულიყავი სექსსამუშაოში.

პირველ რიგში, როცა არ გინდა და იმ საქმეს აკეთებ, ეს ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიურად, ისტრესები, ყოველ დღე იმის მოლოდინში ხარ, რომ ვიღაც შემოგივა კლიენტის სახით, მოგკლავს, ყელს გამოგჭრის, დაგჩეხავს. ძალიან საშიშია, როცა ტრანსგენდერი ქალი სექსსამუშაოშია ჩართული ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს, უფლებები არ არსებობს.

  • რატომ რჩება სექსსამუშაო ტრანსგენდერი ქალებისთვის თავის რჩენის ალტერნატივად?

ჩვენ დავიბადეთ ჩვეულებრივ ადამიანებად, ისევე როგორც თქვენ თითოეული, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩვენ თვითონ შევცვალეთ, ვცხოვრობთ ისე [ქალად], როგორადაც ვგრძნობთ თავს. ამასთან, გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი სირთულე, თუნდაც სწავლა. არავის უნდა დღეს სექსმუშაკად მუშაობა და… სექსმუშაკობა ზოგადად ძალიან მძიმე თემაა და მით უმეტეს ტრანსგენდერი ქალისთვის.

ჩვენც გვინდა სწავლა-განათლება, უნივერსიტეტში სიარული, მეგობრებთან ერთად ქუჩაში სეირნობა, გართობა, გვინდა გვყავდეს ოჯახები, საყვარელი ადამიანები, მაგრამ ეს არა, არ მოხდა, ვერ მოხდა და ვერც მოხდება მგონი.

ელემენტარული, ის უნდა შეეძლოს სახელმწიფოს, რომ ტრანსგენდერი ქალებისთვის, მით უმეტეს არასრულწლოვანი ტრანსგენდერებისთვის, ჰქონდეს თავშესაფარი. ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მიიღონ სწავლა-განათლება. მე უცხო ენები ვიცი, მაგრამ ვერსად სამსახური ვერ ვნახე, რადგან ტრანსგენდერი ქალი ვარ.

მუშაობა მინდა, სწავლა მინდა, განათლება მინდა, მშვიდი ძილი მინდა… არ მიხარია სექსმუშაკობა, ძალიან დამთრგუნველია ჩემთვის, მით უმეტეს, იმ თაობისთვის, რომელიც მოდის, ჩვენ უკვე დიდები ვართ არასრულწლოვნებთან შედარებით. ჩვენ უნდა მივცეთ მათ მაგალითი, მაგრამ ჩვენ ერთადერთ მაგალითს ვაძლევთ – წავიდეთ რომელიღაცა  ქვეყანაში, ჩავბარდეთ, იქ ვისწავლოთ, იქ ჩამოვყალიბდეთ პიროვნებებად, გარკვეული პერიოდის მერე ჩამოვიდეთ საქართველოში, ვიცხოვროთ და გამოვადგეთ ჩვენ ქვეყანას. ამას ვერ ახერხებენ სრულწლოვნები იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არ აქვთ შესაბამისი ხელშეწყობა, არც თავშესაფარი აქვთ სახლიდან წამოსულებს, ვერც საკვებით უზრუნველყოფენ, ვერც ტანსაცმლით… დამოკიდებულები ვართ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. რთული სიტუაციაა.

  • პანდემია როგორ აისახა ტრანსგენდერ თემზე?

ძალიან შეიცვალა და გართულდა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი კი არა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება. პანდემიამდე ვმუშაობდით, შემოსავალი მილიონები არ გვქონდა, მაგრამ არსებობას ვახერხებდით, ქირას ვიხდიდით. პანდემიის პირველ წელს ძალიან გაგვიჭირდა, კომენდანტის საათის დროს ღამით ვერც გავდიოდით. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და დღემდე რთულად გავდივართ ამ პერიოდს. პანდემიაში რომ ჩაიკეტა ყველაფერი, ხალხი უფრო აგრესიული გახდა, უფრო დაიძაბა სიტუაცია, ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა როგორიც არის, კი ხედავთ.

საქართველოში ჩვენი ცხოვრება და არსებობა ისეც შოკისმომგვრელია, მაგრამ პანდემიის შემდეგ საერთოდ ჩავიკეტეთ. ერთი პერიოდი პურის ფულიც არ გვქონდა, მათხოვრებად ვიყავით ქცეული, მაგრამ სამათხოვროდაც ვერ გახვიდოდი – ჩვენი სიცოცხლე/ცხოვრება, ზოგადად, ძალიან დიდ საფრთხეს, რისკს მოიცავს. ჩვენი არასამთავრობოები, ჩვენი ორგანიზაციები წვალობდნენ, პოულობდნენ დონორებს და ზოგჯერ ქირით, ზოგჯერ ჰუმანიტარული დახმარებით, ეს პანდემია ასე გაჭირვებით გადავიტანეთ. მხოლოდ მე არა, ყველა ტრანსგენდერმა.

  • სახელმწიფოს ანტიკრიზისულ გეგმაში რამდენად აისახა ლგბტქი+ თემის საჭიროებები?

სწორედ ამ კრიზისში, თებერვლის თვეში, თბილისში, წერეთლის ქუჩაზე, თვითმკვლელობა ვცადე. მაგ დროს დამიკავშირდა [გიორგი] გახარია, ლელა აქიაშვილსაც შევხვდით ზუმში და დაგვპირდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები. საუბარია დაახლოებით 50 ტრანსგენდერ ქალზე, საიდანაც დაახლოებით 20 სექსმუშაკია. გადაწყვიტეს, რომ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ სახელმწიფოს ეს დაპირება დარჩა დაპირებად. არანაირი დახმარება არ გვქონია. ორი თვე ქალბატონი ლელა მეხმარებოდა რაღაც თანხით, ქირა რომ გადამეხადა და საკვები შემეძინა. შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა და დავრჩით ისევ ჰაერში.

  • რა შეიცვალა 2021 წლის 5 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა”პრაიდის” მოწინააღმდეგე ნაციონალისტურმა ძალებმა ჰომოფობიური აქცია გამართეს, სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს?

გახშირდა ჩვენზე თავდასხმები, უფრო მეტ აგრესიაზე გადმოვიდნენ. ეტყობა ახალისებს ვიღაცა, ეუბნება ვიღაც “კრიშა”, რომ ასე უნდა მოიქცნენ, რომ დაგვჩაგრონ, მოგვკლან, ჩაგვაძაღლონ, როგორც მოკლეს სულ ახლახან თბილისში, მასაჟის სალონში, ტრანსგენდერი ქალი.

რაღაც დაჯგუფებასავით შეიქმნა. მობილიზაცია იყო გარკვეული პერიოდი. დაახლოებით 15 დღე არ ვმუშაობდით არავინ, ტელეფონებიც გათიშული გვქონდა უსაფრთხოების გამო. ჩვენ გაფრთხილებული გვყავდა უახლოესი პოლიციის განყოფილებები, სამართალდამცველები – რამე თუ მოხდა, ყურადღებით იყავითო, რომ მალე მოსულიყო ეკიპაჟები.

დღემდე ასე გრძელდება, დაგვდევენ, გვკლავენ იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ქალები ვართ. ჩვენ სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალები, რა საიტებითაც ვმუშაობდით მაგ პერიოდში, ყველა დაიბლოკა, დღემდე ასეა. არის გარკვეული საიტები, რომლებითაც ვმუშაობთ, მაგრამ ისინიც იბლოკება პერიოდულად.

როცა რეკავს კლიენტი, გეკითხება სულ სხვა დეტალებს. როცა ესენი რეკავენ, პირდაპირ გეკითხებიან მისამართს, სადარბაზოს, სართულს და კარის ნომერს, გითიშავენ და ისევ გირეკავენ სხვა ნომრიდან, ეს არ არის კლიენტი, ეს არის საფრთხის შემცველი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს სად ცხოვრობ. იყო ასეთი შემთხვევები, ქვევით იდგნენ და გველოდებოდნენ ჩვენ სასტუმროდან როდის გავიდოდით, ან მაღაზიაში ჩავიდოდით. სწორედ ამ აქციების შემდეგ გახშირდა ასეთი სახლში შემოვარდნები. მე კარებს მიმტვრევდნენ და სანამ დაცვა ამოვიდა, ცოტა აკლდა, აივანზე ჩავიკეტე კარი და დაცვის ამოსვლამდე კინაღამ შემოამტვრიეს კარი. ზუსტად აქციიდან მეოთხე დღეს. აქ მოხდა ეს, ბათუმში.

ყველასთან დაცვა არ არის სამწუხაროდ. იყო თბილისში შემთხვევა, როცა შეუვარდნენ ტრანსგოგოებს, თავდაცვის მიზნით მეორე გოგომ დაარტყა თავდამსხმელს, დაჭრეს ერთი ტრანსი გოგო ამ აქციების შემდეგ. და არ მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი დასჯა, რომ ამ ხალხს ჩვენი თემის მიმართ შეეწყვიტა აგრესია. პირიქით წაახალისეს. გვკლავენ იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ქალები ვართ, ასე არ შეიძლება ადამიანის მოკვლა, გვკლავენ – პასუხს არ აგებენ! გვკლავენ – პასუხს არ აგებენ! სანამდე უნდა მოგვკლან, რატომ?

რა დახმარებას უნდა ველოდო, როცა სახელმწიფო და ხელისუფლება, თუნდაც ივნისის მოვლენების შემდეგ, პირიქით, ახალისებს იმას, რომ ჩვენ გვცემონ, მოგვკლან, დაგვაშინონ. ასე არ უნდა იყოს. საქართველოში ხელისუფლება, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი ქალი პრეზიდენტია, ქალია, უნდა გვედგეს მხარში, რაღაცა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ ჩვენ ვიღაცამ არ მოგვკლას და ქუჩაში გასვლის არ გვეშინოდეს.

  • ბოლო პერიოდში ბევრი ლგბტქ+ ადამიანი ტოვებს ქვეყანას, რას უკავშირდება ეს?

ჩვენ არავის ვეჭრებით და არავის ვუვარდებით სახლში, არავის არაფერს ვართმევთ, ვცხოვრობთ ჩვენთვის. სახელმწიფოსთვის ჩვენ გინდ ვიყოთ, გინდ – არა. ჩვენ ვართ ზედმეტი თავის ტკივილი საქართველოს სახელმწიფოსთვის. მეტი არაფერი. ვისაც წასვლა შეეძლო, იყიდეს ბილეთები და გაფრინდნენ, ვისაც არ შეგვიძლია ველოდებით ყოველ დღე სიკვდილს ქუჩაში. მეც მინდა წასვლა, უბრალოდ, ვერ მოვაგროვე თანხა, რომ ვიყიდო ბილეთი, გავფრინდე იმ ქვეყანაში და ჩავბარდე.

რატომ უნდა წავიდე სხვა ქვეყანაში, როცა ჩემს სახლში მინდა, ჩემს საქართველოში მინდა ცხოვრება, რატომ ვერ უნდა ვიცხოვრო, რის გამო?

სახელმწიფო ახალისებს ჰომოფობებს და მხარს უჭერს  იმისთვის, რომ გაგვანადგურონ. რისი იმედი მაქვს? ავაგროვო ბილეთის ფული, დავტოვო ეს ჯოჯოხეთი და გავქრე აქედან. მეცოდება ის არასრულწლოვანი ტრანსგენდერი გოგოები, ქალები, რომელთაც არ შეუძლიათ წასვლა, ვისაც ლუკმა არ აქვს სახლში და მშიერი ზის. ქვეყანას უჭირს, ბევრი მშიერია, ბავშვები მშიერია, სანამ სახელმწიფო არ დალაგდება, მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება. ინგრევა ქვეყანა, ერთმანეთის გატანა არ ვიცით. მე აქციებზეც დავდივარ, ვიყავი და კიდევ წავალ, ჩემ ნაცვლად არავინ წავა, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, როგორც უნდათ, ისე მიიღონ, დამცინონ და რაც უნდათ, ის თქვან.

  • ჯანდაცვის სერვისები რამდენად ხელმისაწვდომია?

სახელმწიფო არ გვეხმარება, ავად რომ გავხდე და გამოვიძახო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაგვიყვანენ რომელიღაც საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, თუ არ შეგხვდა ჰომოფობი პერსონალი, ჰომოფობი ექიმი… უნდა იყო მადლობელი, რომ არ გაგლანძღონ – კაცი ხარ თუ ქალიო. გვაქვს ისეთივე სახელმწიფო დაზღვევა, როგორიც ყველას. ისიც არ ფარავს ნორმალურად არაფერს და გიწევს ძალიან დიდი თანხის გადახდა. რომც ვკვდებოდე, მაინც ვერ დავუძახებ სასწრაფოს – არ მაქვს მაგის საშუალება, რომ საავადმყოფოში დავწვე, ოპერაცია გავიკეთო ან რაღაც.

ზოგადად ჩვენ, კონკრეტულ ჯგუფს, გვეხმარებიან ორგანიზაციები სპეციალური პროგრამებით – უფასო ტესტებით აივ-ზე, ჰეპატიტებზე, და ა.შ. თავდაცვის საშუალებებით გვამარაგებენ… შეიძლება უხეშად გამოჩნდეს, მაგრამ რატომ ვამბობ, იცით? აღარ გვინდა ჩვენ სექსმუშაკობა, როცა გშია და ამ საშუალებებს გაძლევენ, რას ნიშნავს – აჰა, მიდი და იშოვე ფული ხომ? იცით რა, არ გვინდა ჩვენ ამდენი კონდომები, ჩვენ გვინდა ცხოვრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან